Sunday, February 11, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 126)

126.
ყველა თავისთვის ჩაფიქრებული იჯდა. უხმოდ ისადილეს. თუმცა, მანამდე ბევრ რამეზეც ისაუბრეს და ახლა თითქოს, სალაპარაკო შემოელიათო, ისე მდუმარედ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. 
დუმილიც ალბათ დიდხანს გასტანდა, ისევ ხანუმას რომ არ ამოეღო ხმა. 
- აბა! ახლა ყავას რომელი მოუმზადებს ბებერ ძაღლს?
ბიჭები, ორივე ერთდროულად წამოდგა, მაგრამ ფიფო, იონამ შეაჩერა და ღიმილით მიმართა: 
- მე მოვამზადებ, შენ მაინც სასჯელი ახალი მოხდილი გაქვს და ახლა დასვენება უფრო გესაჭიროება!
ფიფოს გაეცინა, მაგრამ მაინც წამოდგა და ჭურჭელს წამოავლო ხელი. 
- იყოს, მე მივხედავ. - ახლა ხანუმამ შეაჩერა. - შენ გგონია, ორი თეფშის გარეცხვა აღარ შემიძლია? 
- და რატომ რეცხავ ხელით? - გაიკვირვა ფიფომ. - ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ხომ მოგიტანა ნათლიაჩემმა? 
- რა ვიცი, მე მაგის ვერაფერი გავიგე. - თავი გააქნია ხანუმამ. - მართლა ორი თეფშის გულისთვის ვარახრახო და დენიც ზედმეტად დავწვა? 
- ალბათ, ვერ ჩართე. - ჩაეღიმა ფიფოს. - ჰოდა, აგერ იონა მიგიხედავს მაგ საქმეს. შეაგროვე დღის განმავლობაში და ჩაართვევინე. ტყუილად ნუ იწვალებ და რაც შეეხება შუქის ფულს, წინასწარ ჩაგირიცხე, სამი თვე თავისუფლად გეყოფა. 
- შენ რათ ჩამირიცხე? - თითქოს, იწყინა კიდეც მოხუცმა. 
- აბა, მდგმური რომ მოგიყვანე, ქირას გადახდა ხომ უნდა? - თვალი ჩაუკრა ფიფომ იონას. 
- მალე დავიწყებ მეც მუშაობას და... - მორიდებით დაიწყო იონამ. 
- შენ ჯერ უნდა ისწავლო! - მკაცრად შეუტია ხანუმამ. 
- სად უნდა დაიწყო? - ახლა ფიფომ შეუტია. - ხომ აგიყვანე სამსახურში ფარულ აგენტად? ჰოდა, თვის ბოლოც მალე მოვა და მიიღებ შენს წილ ხელფასს! 
- არა, იყოს, რა ხელფასი? - წამოწითლდა იონა. 
- როცა გაძლევენ, უნდა აიღო! - ღიმილით მიმართა აჭარხლებულ ბიჭს ხანუმამ. 
- ასეთი იოლი სამსახური? - კვლავ უხერხულობას გრძნობდა ახალგაზრდა ფსიქოლოგი. - სამსახური კი არა, ჩემთვის მართლაც სამეცნიერო დაკვირვებაა ასეთ ბავშვთან ურთიერთობა. 
- და სწორედაც, რომ ეგ მინდა! - არ შეეპუა ფიფო. - იმ ოჯახში მისასვლელი პირი მინდა გქონდეს და გინდა ბავშვს დააკვირდი და გინდა დედას. თუმცა, მამის დაკვირვებაა ჩვენთვის აქტუალური. 
- თუ მოვიხელთე მამაც. - მიუგო იონამ. - არ დავზოგავ. 
- ჰმ. - ჩაეღიმა ხანუმას. 
- როგორც მითხრეს. - ფიფომ ყავის ფინჯანი, გვერდით გადადო. - ჯერ სულ სხვა ალიბი იქმნებოდა, მაგრამ მერე უეცრად, ის წურბელა ჩაერია და სულ სხვა მხარეს შეატრიალა ყველაფერი. 
- და მანამდე რა? მართლა არ გქონდა ალიბი? - გაკვირვებით იკითხა იონამ. 
- ალიბი, როგორც ასეთი, ნამდვილად მქონდა. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავამტკიცებდი, თუ ის ქალიც იტყოდა, კიო, ჩემთან ერთად იყოვოო! 
- და ეთქვა, მერე? - გაიკვირვა იონამ. - რატომ არ უნდა ეთქვა?
- ვერ იტყოდა და იმიტომ! - ჩაეღიმა ფიფოს. 
- რატომ, ვითომ? - კვლავ გაკვირვებული მიაჩერდა ბიჭი ფიფოს. 
- შე, მართლა ჭუკო! - გაეცინა ხანუმას. - ვეღარ უნდა მიხვდე, რომ გათხოვილ ქალთან გააბა რომანი?!
იონამ გაკვირვებით გადახედა ფიფოს. 
- ჰოდა, ასეე! - განაგრძო ფიფომ. - ჯერ სხვა ტიპის ალიბი იქმნებოდა, მაგრამ მერე... 
- და ის რა ალიბი იყო ასეთი, რომ შენი ეჭვმიტანილის ჩარევამ გადაფარა? - ჰკითხა ხანუმამ.
- ერთ მეგობარ გოგოს უნდოდა დამხმარებოდა. - მიუგო ფიფომ. - მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ იმ გოგოს ტყუილად ჩარევა აღარც გახდა საჭირო. 
- და შემთხვევით. - ხანუმამ თვალები მოწკურა. - იმ გოგოს გულისთვის ხომ არ ჩაერია, ეგ შენი მიზანში ამოღებული კრიმინალი? 
ფიფო გაფითრდა. 
- ჰმ, მაგის თქმა გინდოდა და ბოლოდან დაიწყე? - მიუხვდა ხანუმა. 
- უბრალოდ, აღარ მინდა იმ გოგოსთან ურთიერთობის გაფუჭება. - თავი გააქნია ფიფომ. - თანაც, უკვე მეორედ ხდება ასე და... 
- მოიცა, მოიცა! - ხანუმა ახლა უფრო გამომწვევად ჩააშტერდა ფიფოს. - ესე იგი, შენ და იმას, ერთი გოგო?
ფიფომ თავი დაუქნია და მუშტები ისე შეკრა, ვითომ ვინმეს ცემას აპირებდა. 
- ჰაჰა! - ძლივს მოიბრუნა სული ხანუმამა. - აი, თურმე, რა ყოფილა? ეჰ, ხედავ შენ? საქმე არა მარტო შენს გამოძიებაში, არამედ ცალკე კიდევ აქ პირადი ინტერესები იჩენს თურმე თავს და აი სწორედ, ამიტომაც შენი არაადეკვატური ქმედებები გღუპავს შენ! ეჭვი! ეჭვი გიხრავს სულს! 
- მერე, თუ ასე მოგწონს ის გოგო, რაღას ელოდები? - ისევ ჩაერია იონა. 
ფიფომ თავი გააქნია. 
- ჰო, მართლა რას ელოდები? - ჩაეკითხა ხანუმა. - თუ იმ გოგოს არ უნდიხარ, ეგ უკვე სულ სხვა საქმეა.
- მეც ვერ გავიგე, რაა. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. 
- და რა ვერ გაიგე? - კვლავ ჩაეძია ხანუმა. - იმას შენ თუ ვერ ხვდები, გოგოს უყვარხარ თუ არა, მაშინ კარგად გქონია საქმე. 
- რა ვიცი. - თავი გაანია ფიფომ. - ხან ისეა და ხან ასეა! 
- და ეს ხან ისეა და ხან ასეა, ეგ როგორ გავიგოთ? - მკაცრად ჩაეკითხა ხანუმა. - რა? იმასთანაც აქვს რომანი გაბმული და შენთანაც? 
- არა, არა! - შეიცხადა ფიფომ, თუმცა ყოველთვის ეს ეჭვი უღრღნიდა გულს. - მე ცოლობა შევთავაზე. უარს ნამდვილად არ მეუბნება. უბრალოდ, ქალური პრანჭიაობით ჯერ მაინც თავს იკავებს თითქოს. - ფიფო მიმის გამოექომაგა. - მოსაფიქრებელი დროც ზომაზე მეტი მივეცი. 
- ჰმ, და ზომას რას ეძახი? - ჩაეცინა ხანუმას. 
- უკვე ორ თვეზე მეტია ფიქრობს და რა ვიცი? - დაბნეულად მიუგო ფიფიმ. 
- ეგ უკვე ძალიან ბევრია. - იონამ ფიფოს მალულად გახედა. - და თუ მართლა სხვა უყვარს, ან იმას რატომ არ მიყვება? ან შენ რატომ შეგითანხმდა? ხომ შეეძლო ეთქვა, რომ არაფერსაც არ მოვიფიქრებ! არ მინდა და მორჩა! 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- თუ კი ფიქრობს და თანაც უკვე ამდენი ხანი. - განაგრძო იონამ. - ესე იგი, არჩევანს აკეთებს. 
ფიფო საშინლად მოიღუშა და კვლავ არაფერი უპასუხა.
- და მაინც, ორი თვე, ცოტა არ არის. - კვლავ განაგრძო იონამ. - ერთმა, მეორე არ უნდა შეცვალოს, შენ უნდა იყო შენ! და არა ის, ან მისი შემცვლელი!
- არა, ცოტა სხვანაირად არის საქმე. - ადუდღუნდა ფიფო. თუმცა, რა უნდა ეთქვა, არც კი იცოდა.
- სხვანაირად, როგორ? - ახლა ხანუმა ჩაეძია. - მე მაინც არ მესმის რაა, მერე რა რომ გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც, როგორ უნდა მირჩევნოდეს მკვლელი, გარეწარი, ნორმალურ წესიერ ადამიანს?! თანაც, ასეთი კარგი ოჯახი, მშობლები, ასეთი გავლენიანი წრე, შესახედად მშვენიერი ვაჟკაცი.
- არ იცის. 
- რა არ იცის? - ხანუმამ უცნაურად გახედა. 
- არ იცის, რომ სწორედ ეგ არის ჩემი ეჭვმიტანილი. - სასოწარკვეთილი ხმით მიუგო ფიფომ. - არც კი იცის, რომ მკვლელთან მეგობრობს! 
- თან მეგობრობს? შენ სულ გაგიჟდი?! ამას გასწავლიდი მთელი ცხოვრება?! შენ! ვალდებული ხარ დაიცვა სამართალი! დაიცვა ხალხი! და შენ თვითონ? - ხანუმამ ფიფოს სახეში ჩახედა. - გოგო, რომელიც შენ მოგწონს მკვლელის ხახაში აგდებ და თანაც ისე, რომ არც აფრთხილებ! - წამოენთო ხანუმა. - ახლა მაინცდამაინც, მკვლელიაო ეგ კი არ უნდა უთხრა, მაგრამ სხვანაირად უნდა გამოგლიჯო კლანჭებიდან, ისე რომ თავად შეაქციოს ზურგი! 
- თავიდანვე არ დავაშინე, ახლა კი არ მინდა, რომ... რაღაც... - ენის ბორძიკით მიუგო ფიფომ. - რამე თუ წამოსცდა, მერე... 
- და იმ გოგოს რაღა უნდა წამოსცდეს? - წამოენთო ხანუმა. - იმაზე მეტი რაღა უნდა გაიგოს შენმა ეჭვმიტანილმა? 
ფიფომ ვერაფერი უპასუხა. 
- ციხეში ჩაგაყუდა და მერე ისევ თვითონ გამოგიშვა! - განაგრძო ხანუმამ. - ნუთუ, ვერ ხვდები, რომ ყველაფერი, ძალიან კარგად იცის შენზე?! 
- ჰო, ეგ კი ვიცი. - წაიდუდღუნა ფიფომ. 
- და თუ ადრე არა, ახლა უკვე პირადად გებრძვის! შენ კი? დაგიღია პირი და ერთი უბრალო გოგოს დაცვაც არ შეგიძლია! თან იმ გოგოსი, ვინც გიყვარს! ფუ, რა მხდალი და ლაჩარივით იქცევი, არ გიცნობდე მაინც! - ხანუმამ ფიფო მიწასთან გაასწორა. 
ფიფო მოღუშული იჯდა, ხმას ვეღარ იღებდა და ვერც თვალს უსწორებდა ხანუმას. მართალი იყო, ეს მოხუცი ქალი. მართლაც, თუ ასე უყვარდა ეს გოგო, ან ამდენ ხანს რას აფიქრებინებდა, ან საერთოდ მოშორებოდა და ისე, შორიდან მაინც დაეცვა, როგორც მეგობარი. 

 *** 
- ისე, ჰო! თუ გინდა უთხარი მიმის. - დაიწყო მხატვარმა. - მაგრამ მერე რა რეაქცია ექნება? პიპას რომ უთხრას მერე? 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- იცი, ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება. - განაგრძო მხატვარმა. - იქნებ, სულ სხვა ტიპია და შენ გგონია... 
- კი, ბატონო! მაჩვენეთ მერე ის სხვა, ვისთანაც ყველა გზა მიდის და ახლა ის მეყოლება ამოჩემებული! - წამოენთო ფიფო.
- ნუ მაშინ უთხარი მიმის! 
- რა უნდა მითხრას? - მიმის წკრიალა ხმამ ფიფოს ღიმილი მოჰგვარა. 
- აი, შენც მოხვედი და გაზაფხულიც შემოვიდააა!!! - ყურებამდე გაიკრიჭა მხატვარი. - თუმცა, მალე ზამთარი დადგება. 
- და მაინც, რა უნდა მითხრას და ვინ? - ღიმილით გადახედა მიმიმ ფიფოს. 
- ჰო, მიდი უთხარი, ბარემ! - შეაგულიანა მხატვარმა. 
პასუხად ფიფომ ამოიხვნეშა. 
- ბიჭებო, რა ხდება? აღარ მეტყვით? 
- დღეს სამშაბათია და კვირას, ან შენ გადმოხვალ ჩემთან, ან მე გადმოვალ შენთან! - ტყვიასავით მიაყარა ფიფომ. 
- არა, ისე მართლა რამდენს ფიქრობ? - ჩაერია მხატვარი. - თუ არ გინდა, კი არავინ გაძალებს, მაგრამ... 
- მაგრამ რა?! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თავისუფლება მინდა?! - წამოჭარხლდა მიმი. 
- და რატომ გგონია, რომ რამეთი შეგზღუდავ? - არ ჩამორჩა ფიფოც. 
- გოგო, პირიქით, უნდა იყოს! აქეთ უნდა ჩალიჩობდე, რომ როგორმე... - მხატვარმა ირონიით შეხედა მიმის. 
- რას ვჩალიჩობდე? არავისთან შეტენვას არ ვაპირებ! ბავშვი ჩემია და როგორც მინდა, ისე გავზრდი! - იწყინა მიმი. 
- მე მართლა არაფერს გაძალებ და ისევ ბავშვის საკეთილდღეოდ... - დაიწყო ფიფომ და გაჩუმდა. 
- იმდენი საშუალება მაინც მაქვს, რომ ჩემს შვილს, არაფერი მოაკლდეს! - მიმი არ ცხრებოდა. 
- მიმი. - დაბალი ხმით დაიწყო მხატვარმა. - მარტო ფულში არ არის საქმე, შენ ახლა ვერ ხვდები და ბავშვისთვის ორივე მშობელი, იცი რამდენს ნიშნავს? ჰო, აი, რომ იცოდე... 
- კარგი, მორჩი! მე ვიტყვი! - ფიფომ მხატვარს სიტყვა შუაზე გააწყვეტინა. - მოდი ასე მოვიქცეთ! - ფიფო მიმისკენ შებრუნდა და თვალებში ჩახედა. - სანამ ბავშვი დაიბადება, ერთ სახლში ვიცხოვროთ. ისე, უბრალოდ, ერთ ჭერ ქვეშ და არა ერთ ოთახში. მოდი ჯერ დავიწყოთ ერთად ცხოვრება და თუ არაფერი გამოგვივა, ბავშვის მამად ყოველთვის დავრჩები, რაც არ უნდა მოხდეს, მინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს! 
მიმი ჩაფიქრდა. თვალებიც აევსო. როგორ უანგაროდ სთავაზობდა ფიფო ნამდვილ მეგობრობას და მართლა, რაღაც უცდიდა? 
- გინდა ჩემთან და გინდა შენთან ვიცხოვროთ. - განაგრძო ფიფომ. - თუ გინდა ცალკე ვიქირაოთ! 
- არა, მასე არ გამოვა. - ჩაერია მხატვარი. - ერთმანეთის სახლებში არ გამოვა ისე, რომ ცალ-ცალკე ოთახებში დაიძინოთ. 
- მაშინ, ვიქირაოთ ცალკე ბინა. - კვლავ შესთავაზა ფიფომ. 
მიმიმ მხრები აიჩეჩა. სახეზე კმაყოფილება გამოეხატა, აშკარად მოსწონდა ფიფოს წინადადება. სახლში დედის წუწუნის მოსმენაც, უკვე რაღაცნაირად აუტანელიც ხდებოდა და თანაც, ყოველდღე ერთი და იგივე. 
და ვის ელოდა? 
იმას, ვინც საბოლოოდ შეაქცია ზურგი? 
იმას, ვინც უამრავი არგუმენტი მოუყვანა, თუ რატომ არ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო და საერთოდ, რას უწუნებდა ფიფოს? 
თუ მართლა არაფერი გამოვიდოდა, არც ზედმეტად შეაწუხებდნენ ერთმანეთს. 
- ჰოდა, რაღას ფიქრობთ ამდენს?! - კვლავ ჩაერია მხატვარი. - ერთ ქეიფს ხომ დაგვპირდა შენი ნათლია და ბარემ ესეც მივაყოლოთ და ორი გამოგვივა! 
მიმი უკვე ყურებამდე იღიმოდა. პიპას ლოდინს მართლა აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, თუ არც არაფერს შეჰპირებია და პირიქით, ყოველ შეხვედრაზე იმას უმტკიცებდა, რომ მეტი აღარასდროს შევხვდეთო.
და მართლაც რას უწუნებდა ფიფოს? არც არაფერს! 
და რატომაც არა, იცხოვრონ ერთად და თუ ვერ შეეწყობიან, არც არავინ გააჩერებს ძალით. 
- დედაჩემი მარტო გაძლებს მერე? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მიმიმ. - არადა, ამ ეტაპზე, მართლა ცალკე მირჩევნია. 
- მაშინ სადმე ახლოს, შენს უბანთან? - შესთავაზა ფიფომ. - გინდა, ერთად ვნახოთ ბინები? 
- მოკლედ, შენ მიდი ნელა-ნელა ბარგი ჩაალაგე და მე და ფიფო ვნახავთ რამე ბინას. 
- რამე და რაღაც ბინა, არ მინდა! - თავი გააქნია მიმიმ. - კარგი ბინა უნდა იყოს, ნათელი და სუფთა და ნახევარ ქირას, მე ვიხდი! 
- აბა ეგ რა გამოვიდა? - იწყინა ფიფომ. 
- მაშინ, საერთოდ არ მინდა არაფერი! - გაჯიუტდა გოგო. 
მიმიმ მშვენივრად იცოდა ფიფოს ფინანსური მდგომარეობა. მშობლები პენსიაზე და მხოლოდ თვითონ არჩენდა ოჯახს. მართალია, ფიფოს, როგორც ერთ-ერთ წამყვან დეტექტივს, არც თუ ისე პატარა შემოსავალი ჰქონდა და არც ამდენად უჭირდა, მაგრამ მიმის ფინანსურ მდგომარეობასთან, ფიფოს ხელფასი, ახლოსაც ვერ მოვიდოდა. 
- კარგი, მაგაზე მერე ისაუბრეთ! ჯერ ისეთი სახლი შევარჩიოთ, მიმის რომ მოეწონება და მეც დაგეხმარებით მოძებნაში. - გაიკრიჭა მხატვარი. 
ფიფო სიხარულისგან დაფრინავდა. მთელი კვირა ბინებს არჩევდნენ. ბევრი დაიწუნეს, ბევრიც მოეწონათ, მაგრამ მაინც ვერაფერი შეარჩიეს, სანამ იმ ბინას არ მიადგნენ, რომლის ერთ-ერთი აივანიც პიპას კორპუსს გადაჰყურებდა. 
საქმე კიდევ იმაში იყო, რომ ეს ახალი ბინა, მიმის სახლთან, არცთუ ისე შორს იყო. სამაგიეროდ, პიპას კორპუსთან ძალიან იყო ახლოს. 
თავიდან ფიფომ თავი შეიკავა, მაგრამ რადგან მიმის ბინა ასე ძალიან მოეწონა და თანაც, დედასთანაც ახლოს იქნებოდა, ფიფოს უარი აღარ უთქვას და იმავე დღესვე შეუდგენენ გადმობარგებას. 
ფიფომ ის ოთახი დაიკავა, რომელიც პიპას მხარეს იყო და შედარებით უფრო დიდი ოთახი კი, ვითომდა მიმის დაუთმო. 
მიმი ვერაფერს ხვდებოდა, ან იქნებ, არც აქცევდა ყურადღებას. რადგან ამ სახლს შესასვლელი, სულ სხვა მხრიდან ჰქონდა და იქნებ, ზუსტად ვერც კი მიხვდა, რომ პიპას მეზობლად მოუწევდა ცხოვრება.
 LEX. 2017 წლის 9 ნოემბერი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment