123.
პიპას, მიმის დანახვაზე ისე გულიანად გაეცინა, რომ იქაურობის ყურადღებაც კი მიიპყრო, რაც ისედაც არ აკლდა.
რადგან ფიფოს, მიმის გვერდში ამოდგომა, ასე ძლიერ სჭირდებოდა, მიმიმ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და დასახმარებლად, პირდაპირ პიპას უნივერსიტეტში მიადგა. მიმიმ კითხვა-კითხვით მიაგნო, საკმაოდ ცნობილი და დამსახურებული პროფესორის კაბინეტს და გზადაგზა, უამრავი შურით სასვე თვალიც მიჰყვებოდა თან. გაკვირვებულნი, დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ ამ მათთვის სრულიად, უცხო ახალგაზრდა ლამაზ, მომხიბვლელ ქალს, რომლის დანახვაზეც პიპამ ემოციების დაფარვაც კი ვერ შესძლო.
საქმე კი, იმაშიც იყო, რომ ბატონ პროფესორს საკმაოდ ცივი და შეუვალი რეპუტაციით ცნობილს, უამრავი თანამშრომელი, თუ სტუდენტი ეხვეოდა გარს და არავის იკარებდა ახლოს და მაინც, ყველა დიდი ინტერესით კვდებოდა, რომ გაეგო, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ახალგაზრდა ნიჭიერი და საკმაოდ სიმპათიური მამაკაცის რჩეული.
საწინააღმდეგო სქესი პიპას მიმართ, ყველგან და ყოველთვის იჩენდა ინტერესს. თვითონ კი, ფიფოსგან განსხვავებით, რომანტიკულ ლაბირინთებში არასდროს ეხვეოდა. ახლოს არავის უშვებდა და ყოველთვის, მხოლოდ ზედაპირული და არაფრის მომცემი ურთიერთობებით იფარგლებოდა.
მიმისთან კი, სულ სხვანაირად გამოვიდა. სწორედ მიმის გამო იგრძნო სინანული ჩადენილი დანაშაულებების გამო, მაგრამ უკან დასახევი გზა, მისთვის უკვე აღარ არსებობდა. ნანობდა, საშინლად ნანობდა, მაგრამ გაჩერება აღარ ეწერა.
მდუმარედ შეჰყურებდა მიმის. როგორ არ ესაუბრა, საიდან არ მოუარა, მაგრამ ეს გოგო მაინც როგორ ვერ შორდებოდა, ამიტომაც იყო მის დანახვაზე, სხვა დროს თუ ბრაზდებოდა, ახლა სასაცილოდაც არ ეყო. იქნებ, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც მისი დანახვა, მაგრამ ამის აღიარებაც არ უნდოდა.
მონუსხულივით შეჰყურებდა გოგოს, რომელიც ისეთი ემოციით საუბრობდა და ისეთი სასოწარკვეთა ჰქონდა გამოხატული სახეზე, რომ პიპა ღიმილს ძლივს იკავებდა.
- შენ გეცინება და მე კი, აღარ ვიცი რა ვქნა, ისე განვიცდი. - აწუწუნდა მიმი.
- და რა განერვიულებს, მერე?
პიპას ასეთ დამცინავ ტონზე მიმი უფრო აენთო:
- შენ რომ დაგჭირდეს დახმარება, რა? არ უნდა დაგეხმარო?
პიპას ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინა.
- რა ვთქვი ასეთი სასაცილო? - ისევ გაწიწმატდა მიმი.
- შენ თვითონ ხარ სასაცილო. სასაცილო და საყვარელი. - პიპა ისევ ღიმილით შეჰყურებდა.
მიმი დაიბნა. ვერაფერს მიხვდა. ხან ეს კაცი მკაცრი, ცივი და უგულო იყო, ხან კი საოცრად თბილი და მოსიყვარულე.
- და შენ რა ინფორმაცია გაქვს? - ინტერესით ჩაეკიკთხა პიპა. - რა ჩაიდინა ასეთი, რომ დააკავეს?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს!
- აუჰ! აბა მასე, როგორ შეიძლება? - პიპას ხმა გაუმკაცრდა. - იქნებ, მკვლელს აფარებ ხელს და თანაც, ტყუილ ალიბსაც უქმნი?
- არა! რას ამბობ! ფიფო მკვლელი, არ არის! - გაბრაზდა მიმი.
- შენ რა იცი? - პიპას ისევ გაეცინა. - შეიძლება, შენი უახლოესი მეგობარი, საშიში დამნაშავეც იყოს, სულ გვერდით გედგას და ვერც ხვდებოდე, თუ როგორი ბოროტი კრიმინალი შეიძლება იყოს.
- არა! არ არსებობს! - წამოენთო მიმი. - ფიფოსგან მაგას, ვერ წარმოვიდგენ! ვერც წარმოვიდგენ და არც დავიჯერებ!
- აბა, ჩემზე დაიჯერებ? - ყურებამდე გაუღიმა პიპამ.
- არა, შენ რა შუაში ხარ? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თანაც, ის დეტექტივია! თავად იძიებს და აბა მკვლელი, როგორ იქნება?
- ჰმ! მკვლელი, პროფესია არ არის! - ჩაეცინა პიპას და მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - მკვლელობა, ქმედებაა! და პროფესიას, არ განსაზღვრავს!
მიმიმ ხმა ვერ ამოიღო. პიპა უცნაურად იქცეოდა. ასეთი მხიარული და გულღია არასდროს უნახავს, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო.
„რა უცნაურია, თან მაგდებს, ნახვასაც კი მიშლის და თანაც, აშკარად თვალებით მჭამს და უკვე აღარც ფარავს.“
- ესე იგი. - დინჯი ხმით დაიწყო პიპამ. - შენ გინდა თქვა, რომ იმ პერიოდში, მასთან ერთად იყავი და არა ჩემთან, ჩემს სახლში?
- კი, მასე. - თვალები დახარა მიმიმ. უკვე ვეღარ უძლებდა პიპას ვნებიან მზერას. - შენ თუ არ იტყვი, რომ ერთად ვიყავით... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- აჰა. გასაგებია! - პიპას ხმაში ისევ ირონია იგრძნობოდა. - და მე რომ ვთქვა, მიმი ჩემთან იყოო, მაშინ?
- მაშინ გამოვა, რომ ვერ დავეხმარები. - მიმიმ ამოიხვნეშა.
- აჰა! - პიპას ისევ გაეცინა და წამოდგა. - ახლა ლექცია მაქვს და შენ სად გნახო?
მიმის თვალები გაუბრწყინდა, დაბნეულად აიჩეჩა მხრები.
- გინდა, დარჩი აქ და დამელოდე? - თბილი ხავერდოვანი ხმით შესთავაზა პიპამ.
მიმის სიხარულისგან ენა დაება. ძლივს დაუქნია თავი.
- მხოლოდ, არაფერი გააფუჭო. - პიპამ ირონიული სახით დაუქნია თითი.
მიმი ახლა უბედნიერესი იყო. პიპას საწერ მაგიდასთან მოკალათდა და იქაურობის ფერებასა და თვალიერებას მოჰყვა. როგორ გაიხარა, როცა უჯრაში, მისთვის კარგად ნაცნობი, ის მოძველებული ტელეფონი აღმოაჩინა, სადაც მხოლოდ, მარტო მიმისთან შემოსული და გასული ზარები და მიმის მესიჯები იყო შემონახული. მიმიმ პიპას მხოლოდ ეს ნომერი იცოდა. სხვა არც მიმის მოუთხოვია და რატომღაც, არც პიპას გასჩენია სურვილი.
„იქნებ გულის სიღრმეში, მაინც აქვს ჩემს მიმართ გრძნობა და ამიტომ ინახავს ჩვენს ძველ წერილებს?“
სიხარულით კითხულობდა ძველ მესიჯებს, ის დრო აგონდებოდა და როცა მართლა ამ თუ იმ წერილს წერდა, მაშინ რას წარმოიდგენდა, თუ ოდესმე პიპასგან შვილი ეყოლებოდა, მაგრამ...
მიმიმ ამოიოხრა.
უეცრად კარი გაიღო და პიპაც საქმიანი, სერიოზული სახით შემოიჭრა:
- აბა, წავედით!
- სად მივდივართ? - გაიკვირვა მიმიმ.
- წავიდეთ, შენს მეგობარს დავეხმაროთ! რა? არ გინდა?
- კი, მაგრამ მე... - მიმი დაიბნა.
- მეც ვიტყვი, რომ ჩვენთან ერთად იყო! ასე უმჯობესია, უკვე ორი სერიოზული მოწმე ეყოლება! თანაც, სრულიად ფხიზლები! ერთი მთვრალი მხატვარი, თუ არ გამოდგება, ჩვენ ორი ფხიზელნი, ხომ მაინც დავადასტურებთ?
- მერე დაგვიჯერებენ? – მიმის სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა. - იქნებ, ჩვენც ვსვამდით მაგ დროს?
- არ ვსვამ! - მტკიცე ხმით მიუგო პიპამ. - ძალიან იშვიათად! ათასში ერთხელ და არც უაზროდ ვთვრები.
- მართლა? - მიმი თან გაოგნებული იყო და თან უზომოდ გახარებული პიპას ასეთი თანადგომით.
- ჰო, მართლა! - თავი დაუქნია პიპამ. - მართლაც, არავის არასდროს ვუნახივარ უგონოდ მთვრალი და სრულიად თავისუფლად შეიძლება ამის გადამოწმებაც!
- ჰო, ისე არც მე ვსვამ. - გაეღიმა მიმის.
- ჰოდა, აბა წავედით მაშინ! - მიუგო პიპამ. - დავეხმაროთ შენს მეგობარს!
თავიდან პიპა, სიხარულით ცას ეწია, ფიფოს დაკავების ამბავი, რომ გაიგო, მაგრამ მერე მოიღუშა, რადგანაც ახლა, დამხმარე ძალად, მიმი გამოეკვეტა. ეს კი უკვე აღარ აწყობდა. სრულიად ურევდა მის გეგმებს და არანაირად აღარ უნდოდა მიმის ამ ამბებში გარევა.
პიპა დიდი ხანია ინახავდა ფიფოს ანაბეჭდებს. ჯერ კიდევ, მიმის გაცნობამდე ჰქონდა ჩაფიქრებული. დიდი ხანია ელოდა ხელსაყრელ მომენტს და ამ ლოდინში, ერთი პერიოდი, თითქოს მიავიწყდა კიდეც. ახლა კი მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით, სასურველ სიტუაციაში აღმოჩნდა და ისარგებლა კიდეც, უკან აღარ დაიხია. რის მიღწევა უნდოდა ამით? ისედაც ცხადი იყო, ადრე თუ გვიან, ფიფო მაინც დაიძვრენდა თავს, მაგრამ ამით უფრო გაამწარებდა, უფრო ძლიერ პირად მტრად გაიხდიდა და უფრო გაუმძაფრებდა ფიფოს სურვილს, რომ მთელი ძალებით ენადირა პიპაზე და მაშინ უფრო საინტერესო და ფათერაკებით სავსე გახდებოდა პიპას ცხოვრება და იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ვინმეს მაინც საბოლოოდ გაეჩერებინა იგი. თავად პიპა კი, უკვე ვეღარ ჩერდებოდა. საშინლად მობეზრდა, ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, ეზიზღებოდა და სძულდა კიდევაც თავისი ჩადენილი სისაძაგლე, მაგრამ უკან ვეღარ იხევდა. ან კი უკვე, უკან დახევასაც, რაღა აზრი ჰქონდა?
ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც ჩაიფიქრა და თავს ამაყადაც გრძნობდა და როცა მიმი, სასოწარკვეთილი ხმით უყვებოდა სიცილს ძლივს იკავებდა. წარმოიდგინა კიდევაც, ფიფოს რა სახე ექნებოდა და რა თქმა უნდა, მშვენივრადაც მიხვდებოდა, ვისი მოწყობილიც იყო ეს ყველაფერი და სწორედაც ეს ართობდა პიპას, მაგრამ ახლა მიმი გამოეჩხირა დამცველად. ჯერ გაბრაზდა მიმიზე. საშინლად გაბრაზდა, მაგრამ მერე მშვენიერი იდეა მოუვიდა. თავად დაეხმარებოდა და დაიხსნიდა, ასე უფრო გამწარდებოდა და საბოლოოდ გააშმაგებდა ფიფოს და თანაც, ხმასაც ვერ ამოიღებდა. მშვენიერი იყო და ამან უფრო მეტად გაართო და გაახალისა პიპა.
ამიტომაც იყო, სიცილის ძლივს იკავებდა და სულ მომღიმარი სახით შეჰყურებდა გაოგნებულ მიმის.
ნათლიას ძალიან მოეწონა პიპა. გარდა ფიზიკური შეხედულებისა, მისი დინჯი, დალაგებული და კარგად გააზრებული საუბარი, საერთო ხიბლს იწვევდა. პიპამ იმდენი შესძლო, რომ ყველა დაარწმუნა, რომ მიმი საერთოდ არ გამოჩენილიყო და მხოლოდ თვითონ და შესაძლოა, მხატვარიც იქნებოდა ფიფოს ალიბი, მაგრამ ნათლიას ამ დროს, ახალი შეტყობინება მოუვიდა, რამაც ასე კარგად დაწყობილი ალიბი, ცოტა არ იყოს შეარყია, თუმცა...
პიპას ამაზეც ჩაეღიმა, აქაც შეეცადა გამოსავლის პოვნას. მერე მიმის, კიდევ ერთი ფინჯანი ყავის მომზადებაც სთხოვა.
გავიდა თუ არა მიმი, პიპამ რაც შეიძლება დაბალი ხმით დაიწყო:
- ის ქუჩები მაინტერესებს, სადაც ფიფო, ასე ვთქვათ, საეჭვოდ მოძრაობდა.
ნათლიამ დაუსახელა.
„საინტერესოაა...“
ჩაფიქრდა პიპა.
„ჩემი, და მიმის, საცხოვრებელი უბნებია...“
ყველაფერი ცხადი იყო. ფიფო მიმის უთვალთვალებდა, რომელიც სწორედ იმ დროს, პიპასთან ერთად იყო.
- სამწუხაროდ, ფიფოს მანქანის ეს მოძრაობა, შედარებით გვიან ფიქსირდება. - ნათლიამ ამოიხვნეშა. - და დანაშაულის ჩადენის დროს კი, მისი მანქანა არსად ჩანს, თითქოს სპეციალურად დაიმალა! აი, ამაშია საქმე!
- ვაა, ის დრო მაინც, რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, მკვლელობის მომენტი, მაშინ უფრო მაგარი ალიბი იქნებოდა. - თავი გააქნია მხატვარმა.
მკვლელობის მომენტში, ფიფოს მანქანა, იმ ძველი უბნის თეატრის უკანა ეზოში იყო გაჩერებული, სადაც კამერები გარეთ ქუჩაზეც კი არ იყო დაყენებული, რადგან იმ ეზომდე მისასვლელი ჩასახვევი, ვიწრო და პატარა ჩიხით მთავრდებოდა. ამიტომაც ფიფოს მანქანა, ყველაზე კარგად პიპასა და მიმის სახლებთან იყო დაფიქსირებული, მაგრამ ბევრად უფრო გვიან.
- ისე, მაგის გამოსწორებაც არც იმდენად რთულია, ორიგინალ ფოტოსთან წვდომა, თუ იქნება შესაძლებელი. - პიპამ ნათლიას გახედა.
- და როგორ გამოვა? - დაინტერესდა ნათლია.
- ძალიან ადვილად! - მიუგო პიპამ. - კომპიუტერის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეიძლება საათის გადაკეთება და საერთოდ, ყველაფრის შეცვლა, მაგრამ თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი, მხოლოდ მაშინ შესაძლებელია დაამტკიცონ, რომ ფოტომასალა, შესწორებულია.
- მდაა... - ამოიხვნეშა ნათლიამ. - ფოტოზე წვდომა კი არის შესაძლებელი, მაგრამ აი მართლაც, რომ ეჭვი შეიტანონ და ვიდეო ჩანაწერით გადაამოწმონ, მერე?
- არც ვიდეო ჩანაწერის გადასწორებაა, რთული! - დინჯად მიუგო პიპამ და თან გულში ჩაეღიმა. მშვენიერი იყო. ფიფოს სული, ახლა მის ხელთ იყო. - თუმცა, შედარებით ცოტა მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელია!
- და რამდენ დღეს? - იკითხა მხატვარმა.
- არა, რა დღეს? - თავი გააქნია პიპამ. - სავარაუდოდ ერთი-ორი საათი, შეიძლება სამიც! ნუ, გააჩნია მასალას. შეიძლება, მართლაც რამდენიმე დღეც იყოს საჭირო, მაგრამ ფიფოს შემთხვევაში, რამდენიმე საათიც კი ბევრია.
ნათლია სიხარულით წამოფრინდა.
- თუმცა. - დაუმატა პიპამ. - მაგის შემოწმებაც არის შესაძლებელი, მხოლოდ პროფესიონალი და გამოცდილი...
- ჰოდა, სანამ მაგას გაარკვევენ, ჯერ მანამდე, ერთი ის ბიჭი გამოვაგდოთ გარეთ! - დაიგრუხუნა ნათლიამ.
- რაც შემიძლია გავაკეთებ! - ბედნიერი სახით წარმოსთქვა პიპამ.
- ესე იგი, რა მოვიტანო? - მიმართა პიპას ნათლიამ. - ჩანაწერი საკმარისი იქნება?
- დიახ, საკმარისი იქნება! - მიუგო პიპამ.
- და აუცილებლად ორიგინალი უნდა იყოს! - ჩაურთო მხატვარმა. - ყურადღებაც უნდა მიექცეს იმასაც, რომ სხვა ასლიც არ იყოს სადმე, თუნდაც ფოტოს სახით.
- ოჰ! კაი ერთი. - გამოაჯავრა ნათლიამ. - კომპეტენტურ მუშაობას და ოპერატიულად მოქმედებას გვასწავლით, ყმაწვილო?
ყველას გაეცინა.
- ჩანაწერს კი მივხედავ, მაგრამ მაგისთვის კარგად გამართული კომპიუტერი იქნება საჭირო, რომელსაც აქ, რაღაც ვერ ვხედავ. - პიპამ თვალი მოავლო ოთახს.
- მაქვს! - წამოხტა მხატვარი და თავისი ლურჯი ლეპტოპი გამოაძვრინა.
პიპა ჩართვისთანავე დაიჯღანა.
- უჰ! სანამ ამას მოვიყვან მწყობრში, ისე როგორც მე მაწყობს, სულ მცირე ორი საათი მაინც დასჭირდება, შეიძლება მეტიც, მერე პროგრამის ინსტალაცია, და თანაც, მხოლოდ ძველი ვერსია თუ წავა აქ და შეიძლება არც გამოვიდეს, ისე როგორც ჩვენ გვაწყობს, ცალკე კიდევ სამუშაოს შესრულებაც საკმაო დროსაც წაგვართმევს, რადგან აპარატურაა მოძველებული და ამასთანავე გაუმართავობით, ასე ვთქვათ, გაცვეთილი.
- ახლავე ვიყიდი საუკეთესოს! მითხარი აბა, რომელი მოდელი წავა? - მიმართა ნათლიამ პიპას.
პიპა წუთით ჩაფიქრდა:
- ესე იგი, სანამ წახვალთ, აარჩევთ და შეიძენთ, მინიმუმ ნახევარი საათი, ორმოცი წუთი მაინც დასჭირდება აქამდე მოღწევას და შეიძლება უფრო მეტიც! მერე პროგრამის ინსტალირება და მერე მუშაობა და თანაც, ის ჩანაწერიც მოსატანია.
- აბა რა ვქნათ? - გაიკვირვა ნათლიამ. - დრო, ახლა მართლაც ძალიან ცოტა გვრჩება. ცოტა ხნით, არ გამოვაჩენინებ იმ ჩანაწერს, მაგრამ რამდენი ხანი?
- რამდენ ხანში შეგიძლიათ ჩანაწერის მოტანა? - ჰკითხა პიპამ.
- სულ რაღაც, ოც წუთში შემიძლია მოვიტანო. მაქსიმუმ ოცდაათი!
- კეთილი. მოიტანეთ, გელოდებით!
- და კომპიუტერი რომ არ ვარგა? - გაიკვირვა მხატვარმა.
- ჩემსას მოვიტან, თუ მიმი მანქანას მათხოვებს. - პიპამ აქამდე გატრუნულ მიმის, ღიმილით გადახედა. - და დროსაც მოვიგებთ!
ნათლიას ძალიან მოეწონა ეს ახალგაზრდა, სხარტად მოაზროვნე კაცი. საქებარი იყო, მეგობრის დასახმარებლად ასეთ აქტიურობას, რომ იჩენდა და თანაც, ასეთი თავგამოდებით.
„თუ მიმის წინაშე იწონებს თავს?“
ფიქრობდა ნათლია.
„ჰმ, მაინც კარგია, ფიფოს ასეთი მშვენიერი მეგობრები, რომ ჰყავს, მაგრამ ეს გოგო, ორმაგ თამაშს თამაშობს და ორივეს უბნევს გზა-კვალს?
ფიფოს სიყვარულში მოქიშპე გამოუჩნდა, რომელიც მართლაც კეთილსინდისიერი კაცი აღმოჩნდა და მიუხედავად ყველაფრისა, ასე გულით ეხმარება მეტოქეს.“
პიპაც ცალკე ბედნიერად გრძნობდა თავს. ჯერ ის, რომ ფიფოს ბოღმისგან ხეთქავდა და მერე ყველაზე მთავარი. ისეთი ჩანაწერი ჩაუვარდა ხელში, რომ ახლა უფრო ზუსტად განსაზღვრავდა, როგორ და რა კუთხით ჰქონდა ჩვენება ქუჩის კამერებს და მშვენიერი იყო.
ფიფო თავს ისედაც დაიძვრენდა და ცოტა ხანს კიდევ ეყურყუტა საკანში, არაფერი მოუვიდოდა. სამაგიეროდ, მერე უფრო ძლიერად გადაეკიდებოდა, მართლაც რომ მეტოქეს, უფრო საინტერესო იქნებოდა მათი ბრძოლა და სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, მაგრამ პიპა უკან აღარ იხევდა და ამით რის მიღწევა უნდოდა, ამაზე უკვე აღარც ფიქრობდა.
ყველაფერი ისე დაეწყო, როგორც პიპამ თავიდან ჩაიფიქრა. ფიფო სწორედ იმ დანაშაულისთვის დააკავეს, რომელსაც თავად იძიებდა, შესანიშნავი იყო! მით უმეტეს, თუ მშვენივრადაც ხვდებოდა, ეს ყველაფერი ვისი გაჩალიჩებულიც იყო. ამიტომაც სწორედ იმ საღამოს მიწურულს ესტუმრა ფიფოს, მიზეზი კი, მისი დაკავებული სტუდენტი იყო, ბოლოს ისიც კი ჩააწვეთა, არც კი ვიცნობ მაგ სტუდენტსო...
და მართლაც, რომ პიპას სცენარით დაწყობილი სპექტაკლი, ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მას აწყობდა, მაგრამ ფინალი, თუ ასე ბევრად უკეთ და მის სასარგებლოდ შემოტრიალდებოდა, ამას ნამდვილად არ ელოდა.
პიპამ ყველაფერი მშვენივრად გაართვა თავი. ახლა უკვე ფირზე, ფიფოს მანქანა სწორედ, რომ მკვლელობის მომენტში, დანაშაულის ადგილიდან, ბევრად შორს იყო დაფიქსირებული.
პიპამ ახლა მიმის მანქანასაც მიხედა და უფრო შედარებით, ადრეულ დროს გადმოანაცვლა და თავისთვისაც მშვენიერი ალიბი გაიკეთა. და ვერც ვერავინ შეედავებოდა, რადგან არც მკვლელობის მომენტში და არც მკვლელობამდე თუნდაც, რამდენიმე ხნით ადრე, შესწორებული ჩანაწერის მიხედვით, პიპაც სულ სხვაგან იმყოფებოდა.
მუშაობის პროცესში, პიპას ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, მხოლოდ თავზე ნუ დამადგებითო, დანარჩენი არც ხმაური და არც საუბარი მისთვის ხელისშემშლელი არ იქნებოდა.
მიმის ყავის მომზადება დაევალა და უკვე სათვალავიც აერია, ვის რამდენჯერ მოუმზადა.
- საუცხოო სოკო მაქვს! - გამოაცხადა მხატვარმა.
- მოიცა, კაცო, არ დაგვწამლო! - ჩაიხითხითა ნათლიამ. - ახლავე შევუკვეთავ, აბა ვის რა გინდათ?
- არავითარ შემთხვევაში! - გაცხარდა მხატვარი. - ისეთ სოკოს მოვამზადებთ მე და მიმი, რომ...
ნათლია დაეთანხმა:
- კარგი, კარგი. მაშინ დავაბრუნოთ ის ბიჭი სახლში და მერე ერთად ჩავუსხდეთ, მაგრამ ამ ჯერად უკვე ჩემთან!
პიპას გულში ჩაეღიმა. აბა, როგორ გაუხარდებოდა ფიფოს, ჯერ ის, რომ მისმა დაუძინებელმა მტერმა, ვინც თავად ხაფანგში გააბა, სწორედ მან დაიხსნა და ახლა სუფრაზე საპატიო წევრადაც, რომ წამოუსკუპდებოდა და მადლობების მოხდით, მის სადღეგრძელოსაც დალევდა.
მხატვარი სადილის მომზადებას შეუდგა. ცოტა ხანში სამზარეულოდან იმდენად სასიამოვნო სურნელი გამოვიდა, რომ ნათლია ძლივს ითმენდა.
- თქვენ არ იცით, როგორი შეუდარებელი მზარეული ვარ! ეჰ, სად მყავდა პატრონი, თორემ შეფი გამოვიდოდი! - ხუმრობდა მხატვარი.
- ახლაც არ არის გვიან! თუ რამეა, დაგეხმარები. - სიცილში ნათლიაც აჰყვა. - აბა რა არის? რა შეურიე, ხომ უნდა ვიცოდეთ, სანამ გავსინჯავთ?
- არა ჯერ გასინჯეთ და მე თან მოგიყვებით.
- ესე იგი, პირველი მე ვსინჯავ, არა? - როხროხებდა ნათლია.
- სოკოა, მაინც და ჯერ სტუმარმა გასინჯოს. - ეცინებოდა მხატვარსაც და თავსაც იწონებდა, თავისი კულინარიული შედევრით.
ყველა გამხიარულდა.
- მოკლედ ასე! - დაიწყო მხატვარმა. - ცოტა, რომ დააკლდება სოკოს ჩაშუშვა, ჩაუმატებ სახლში მომზადებულ პომიდვრის საწებელს!
- ტომაში ჩაშუშული სოკო! - გამოაცხადა მიმიმ.
- რატომ არ მისმენ, მიმი? - ღიმილით უსაყვედურა მხატვარმა. - ნუ ხარ ასეთი უყურადღებო. ტომატში კი არა, ოჯახურ საწებელში ჩაშუშული. ისე ცნობისათვის, თუ მოგეწონებათ, შესაძლებელია საწებლის საიდუმლო რეცეპტიც გამოვსტყუო ჩემს ექს მეუღლეს!
- აუცილებლად მინდა. - ჩაურთო მიმიმ.
- ესე იგი, დღეს მენიუში გვაქვს, პომიდვრის საწებელში, გემრიელად ჩაშუშული სოკო, მაიონეზით! - გამოაცხადა მხატვარმა.
- ვნახოთ, ვნახოთ. - ნათლიამ ღრმად ჩაისუნთქა კერძის სურნელი. - ისე, ჯერ თავად მზარეულს ხომ არ დაეგემოვნებინა? მაინც, ყოველი შემთხვევისთვის? ჰა? რას იტყოდით? - ახიხინდა ნათლია.
- კი ბატონო! თქვენ მიყურეთ, როგორ გავანდგურებ!
მხატვარი და ნათლია ერთმანეთს არ აცლიდნენ ხუმრობებს. მიმი მომღიმარი სახით შეჰყურებდა, ხან ერთს და ხან მეორეს თან უჩუმრად პიპასკენაც აპარებდა თვალს, რაც ნათლიას არ გამოჰპარვია. ცხადი იყო მიუხვდა, მიმი ყურებამდე იყო შეყვარებული ამ ბიჭზე, რომელიც აშკარად ნაკლებ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ.
- უჩემოდ დაიწყეთ, თორემ გაცივდება, მეც მალე შემოგიერთდებით. - პიპა ცალკე იჯდა. თავისთვის იყო სამუშაოში ჩაფლული და სულაც არ ადარდებდა, მიმი ვის შეხედავდა და ვის არა, მაგრამ გემრიელი სადილის სურნელმა მასზეც იმოქმედა.
ყველაფერი კარგად გამოვიდა. პიპამ მშვენივრად გაართვა თავი ჩანაწერის ფალსიფიცირებას და ნათლიამაც ისეთი არგუმენტი დაუდო წინ განყოფილების უფროსს, რომ ხმა ვეღარ ამოიღო. უმალ გასცა ფიფოს გათავისუფლების ბრძანება, მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოძიების დასრულებამდე სასურველი იყო ქალაქიდან არ გასულიყო.
LEX. 2017 წლის 1 ნოემბერი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment