- რომელი ლეპტოპი? - ბიჭს გაოცებული სახე კი ჰქონდა, მაგრამ მაინც აშკარად ეტყობოდა, რომ მშვენივრადაც მიხვდა, დედა რასაც გულისხმობდა.
- აი, ის, ლურჯი! შენს ოთახში, რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა. - მიმიმ ისე განაგრძო, თითქოს ვერაფერი შეამჩნია. - რად გინდოდა? ძველია და თანაც, უკვე გაფუჭებული. რა ხანია, აღარც მუშაობს.
- გაფუჭებული, სულაც არ არის. უბრალოდ, ძველი მოდელია და ძანესთან ერთად მინდოდა გამეხსნა.
- და რატომ უნდა გაგეხსნა? ხომ უნდა გეკითხა ჯერ ჩემთვის?
- მამამ მთხოვა. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მიმის აშკარად აარიდა თვალი.
„ტყუის, ეს მაიმუნი! ტყუის!“
გაუელვა მიმის.
- წავედი, დეე! - დიმეო პასუხს აღარც დაელოდა, ისე შეაქცია ზურგი და ეზოს სიღრმეში, სირბილით გაუჩინარდა.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
- დამაცადე, აბა! შენ პატარა ცრუპენტელავ! ჰმ, ან ისე მაინც როგორ? საიდან იცოდი, სად და როგორ უნდა გეძებნა? ან ჩემი სეიფი, როგორ გახსენი? - მიმიმ ამოიხვნეშა. - იქნებ, მართლა ფიფომ სთხოვა და მანვე გადასცა ის დასაწვავი ლეპტოპი? ისე ფიფომ კი იცოდა ჩემი სეიფის კოდი და იქნებ, მართლაც... მე კი ამ დროს, ბავშვს სულ ტყუილად ვადანაშაულებ. ეჰ! არ ვიცი, არ ვიცი, რა ვიფიქრო უკვე აღარც ვიცი ან მართლაც, რა დროს ეგ არის? უამრავი დარდი მაქვს და ასე გიჟივით, საჭესთან ხმამაღლა, მარტო ჩემთვის ვლაპარაკობ. ჰმ, კიდევ კარგი, ვერავინ მხედავს.
მიმის კლინიკისკენ მიეჩქარებოდა და იმას ნატრობდა, ნეტა სულ ოდნავ მაინც, კარგი ამბავი დამხვდეს ფიფოზეო. საკუთარ დედაზე, იმდენს ვეღარ დარდობდა, რამდენიც ახლა უკვე ფიფოზე. დედა უკეთ იყო, თუმცა კვლავ ვერ ლაპარაკობდა და არც სახლში წამოსვლას ჩქარობდა. მამიდაც კი იქვე მის გვერდით ათენ-აღამებდა და მიმის ბავშვთან ერთად, დედისეულ სახლში უწევდა დარჩენა.
ფიფოს პალატიდან გამოსულ ქირურგს, მიმი უკვე გარეთ ელოდა.
- უკვე აღარც გეკითხები. - ამოიხვნეშა მიმიმ. - კარგი ამბავი რომ იყოს, ისედაც მომახარებდი დანახვისთანავე და თან, სახეზეც შეგეტყობოდა.
ქირურგმა ვერაფერი უპასუხა. ანდა რა უნდა ეთქვა, როცა ფიფოს მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩებოდა.
- მართალი ხარ. - ამოიხვნეშა ქირურგმა. - არც არაფერი მაქვს სათქმელი, თუმცა იმედს მაინ ვიტოვებ, რომ...
- ჰმ, იმედი. - ცალყბად ჩაეღიმა მიმის. - ეს ხომ მხოლოდ სიტყვიერი გამხნევებაა.
- არა მხოლოდ, მიმი. არა მხოლოდ.
- დედასთან შევალ. - მიმი წამოდგა და როცა პალატის კართან გაჩერდა, ქირურგს მოხედა. - მერე შენთანაც მაქვას სალაპარაკო. დიმეოზე.
- რა დააშავა? - ღიმილით იკითხა ქირურგმა.
- ჯერ არ ვიცი. - მიმიმ თავი გააქნია. - ზუსტად. - მიმიმ პალატის კარი შეაღო თუ არა, მოეჩვენა რომ თითქოს დედა, ლაპარაკობდა და სიხარულისგან შეჰყვირა. - დედა!
- რა იყო მიმი? - მშვიდი, მაგრამ ოდნავ ფერმკრთალი სახით გამოხედა მამიდამ. - რა გულები დაგვიხეთქე?
- მომეჩვენა, თუ მართლა? - აღელვებული ხმით იკითხა მიმიმ. - დედა! ლაპარაკობ?!
- ამდენი ხანია აქ ვარ და მე არ გამიგონია და შენ, საიდან მოგელანდა? - დაცინვით მიუგო მამიდამ.
- აბა, მართლა მომეჩვენა? - მიმის ხმა აუკანკალდა.
- ისე ორი დღეა, კი ვავარჯიშებ ტუჩების მოძრაობაში, იქნებ რამე სიტყვა, მაინც წამოვაცდევინო და შენც ალბათ, ეს დაინახე.
- ჰო, ალბათ. - მოწყენით მიუგო მიმიმ. - საუბარსაც მალე გამოასწორებსო და თავის ფეხითაც ივლისო და ძალიან მალეო, ექიმს ველაპარაკე.
- ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია შვილო. - დააიმედა მამიდამ.
- ორ-სამ დღეში, შეგვიძლია უკვე სახლშიც წავიდეთ! - ახარა მიმიმ.
- რატომ, ასე ჩქარა? - შუბლი შეკრა მამიდამ.
- ხალხი იხვეწება, საავადმყოფოდან როდის გაწერენ და ჩვენ აქ ზედმეტად, რატომ უნდა ვიყოთ? - გაიკვირვა მიმიმ.
- დედაშენს ეშინია. უცებ ისევ ცუდად რომ გახდეს...
- ექთანს დავიქირავებ, ცალკე ღამის ექთანსაც! მეტი, რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- ნუ, რა ვიცი?
- განა აქ მოსვლა მეზარება? ისედაც ფიფოს გამო, სულ აქ ვარ? მაგრამ სახლში უფრო კომფორტულად არ იქნებით? ორი ექთნის დაქირავება, უფრო ძვირი გამოდის, მაგრამ ფული, რა შუაშია? მინდა თავი უკეთ იგრძნოს, ოჯახურ გარემოში. მე და დიმეოც თქვენთან ერთად ვიქნებით, სანამ ფიფო არ დადგება ფეხზე!
- ჰო, რა ვიცი. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მამიდამ. - ჯერ გვეკითხა მაინც, ექიმისთვის? იქნებ, არ შეიძლება მისი ტრანსპორტირება?
- ვკითხე უკვე, თუმცა ჩანს, რომ არც ერთს არ გინდათ. დედასაც ისეთი სახე აქვს, თითქოს აქ ყოფნით, ძალიან ბედნიერია. - მიმიმ თავი გააქნია.
- მიმი, შიშები აქვს ქალს და რა ქნას? - შეიჭმუხნა მამიდა.
- კარგი, ბატონო. - ამოიხვნეშა მიმიმ. - მე თქვენთვის ვამბობ, თორემ ვიყოთ, სანამ არ გაგვადებენ!
- და რატომ უნდა გაგვაგდონ? - მამიდას ხმაში სიმკაცრე შეერია. - ყოველდღე ფული შესდით ჩვენგან და ასე ადვილად დაგვთმობენ?
- ვიყოთ, ვიყოთ. - ხელი ჩაიქნია მიმიმ.
- ფიფოსკენ ახალი, არაფერია? - იკითხა მამიდამ. - დილით კი მოვინახულე.
- არაფერი. - თავი გააქნია მიმიმ.
- და ვინ ესროლა? ან რატომ? აღარ უნდა გამოიძიონ?
- დაიჭერენ უკვე ალბათ მალე. - დააიმედა მიმიმ.
- იპოვეს? - თვალები გაუბრწყინდა მამიდას.
- გამოძიების დეტალებში ასე ღრმად, არავინ ჩამახედებს. - იცრუა მიმიმ. - მაგრამ ისე ზედაპირულად ვიცი, რომ საქმე დაიძრა.
- ღმერთმაც ქნას, ღმერთმაც ქნას. - ამოიხვნეშა მამიდამ.
- საწყალი გალეო, რამდენს დარბის, თან, ფიფოს თავდასხმის ამბავს იძიებს და თან ფიფოს დაწყებულ საქმესაც აგრძელებს.
- ნეტა ისე მართლა, რა საქმეზე მუშაობდა ეს ბიჭი ასეთზე, რომ ასე სასიკვდილოდ გაიმეტეს? - დანანებით გააქნია თავი მამიდამ.
- გაყიდული ჩვილების საქმეზე. - მიუგო მიმიმ.
- რაა? - შეიცხადა მამიდამ.
- საწყალ ახალ ნამშობიარევ დედებს, თურმე ააცლიდნენ ჩვილს და მოკვდაო ეუბნებოდნენ, მერე იმ ბავშვს უშვილო მდიდრებზე ჰყიდნენ და ცალკე მათაც ატყუებდნენ, დედას ბავშვის დატოვება უნდა და ფულს ითხოვსო.
- ღმერთო ჩემო... - მამიდას ხმა აუკანკალდა. - შვილო... შვილო... - მამიდას ცრემლები გადმოსცვივდა.
დედა ცალკე აღმუვლდა, საწოლზე მიგდებული ორივე ხელი უცახცახებდა და თან მულს რაღაცნაირი, საკმაოდ სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო და არც მული უყურებდა რძალს, მშვიდად. მათ გადახედვასა და გადმოხედვაში რაღაც სულ სხვა რამ იგრძნობოდა, დარდი, სევდა, დანაშაული, შიში თუ სინანული, თითქოს ყველაფერი ერთად იყო.
მიმი გაოცებული შეჰყურებდა ამ წამიერ გადახედვას და ვერ მიმხვდარიყო, ასე ძლიერ, რატომ ააღელვა ქალები მისმა სიტყვებმა.
- კარგი, რა იყო? - შეწუხებული ხმით უთხრა მიმიმ. - ძალიან მძიმე ამბებია, მაგრამ თქვენი გულის გახეთქვა, სულაც არ მინდოდა.
დედამ თვალები დახუჭა, რადგან უკვე ვეღარ უძლებდა მიმის დაჟინებულ მზერას.
მამიდა წამოდგა, წყალი დაისხა და მიმისაც შესთავაზა.
- არ მწყურია და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც იცით და მიმალავთ!
მამიდა შეცბა, დედამ კი უფრო მაგრად დახუჭა თვალები.
- რა გჭირთ ხალხო? - ჩააცივდა მიმი. - ვინმე ასე მოპარულად ნაშვილებია და თქვენ იცნობთ? და იმაზე არ დაფიქრებულხართ, რომ იქნებ, ნამდვილი დედა მის საფლავს დასტირის და სინამდვილეში კი შვილი, ცოცხალია?
- ოჰ! - ამოიკვნესა დედამ.
- დედა! - თვალები გაუბრწყინდა მიმის. - ხმა ამოიღე დეე?
- მასე ხანდახან კი ამოიკვნესებს ხოლმე, მაგრამ... - თავი გააქნია მამიდამ და რძალს, მკაცრად გადახედა.
„ალბათ, მართლაც იციან ვიღაც ახლობელზე რაღაც და საიდუმლოს უნახავენ, გამზრდელ დედას.“
გაიფიქრა მიმიმ.
„კი მაგრამ, ასე როგორ შეიძლება? დედას ბავშვი წაართვა და ჩემიაო, მიითვისო?! იქნებ, არც კი იციან რომ მოიპარეს? ან უკვე ძალიან დიდია, საკმაოდ ზრდასრულია და ახლა მისი ტვინის არევა, არავის უღირს?
ჰმ, რას გაუგებ ამ ორ ქალს? ესენი, რამეს გეტყვიან?
დამაცადეთ, ცოტა ამოვისუნთქო, ფიფო ფეხზე დავაყენო და მერე მივხედავ ამათ ორივეს. სათითაოდ ვათქმევინებ.
ისე, რა სასაცილოები იქნებიან, რომ ერთმანეთზე ვეტყვი, იმან უკვე მითხრაო.
წარმომიდგენია, რა სახეები ექნებათ.
ღმერთო ჩემო! რა დროს ეგ არის?
ნეტა ფიფო იყოს კარგად და რას დავეძებ, სხვის ოჯახს? თვითონ იმტვრიონ თავები, რა ჩემი საქმეა?“
მიმიმ ფანჯარას გახედა.
„ისე მართლა, რომ ვიცოდე, ვიღაც მოპარულ შვილს ზრდის, რას ვიზამდი ნეტავ?
ვეტყოდი?
არა, არა! ბავშვს, მაგას როგორ ვეტყოდი? გულს, ხომ არ გავუხეთქავ? რამხელა ტრავმაა, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ჯერ ის, რომ თურმე სულ სხვა მშობლები გყოლია, მერე სულ სხვაგან და სხვა დროს დაიბადე და არც კი იცი ზუსტად, როდის არის შენი დაბადების დღე?
ღმერთო ჩემო!“
მიმის ტანში ცივად გასცრა.
„ალბათ ავუხსნიდი, იმ გამზრდელ მშობლებს, რომ... რომ... რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ დამიჯერებდნენ ნეტა?
ეჰ ნეტა მართლა, თავს ამის გამო, არავინ გამიტეხავდეს, რა შენი საქმეაო.“
- ეჰ! - მიმიმ ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- რა იყო, შვილო? - შეწუხდა მამიდა. - ცუდად ხომ არ ხარ?
- ცოტა გადავიღალე, დილიდან ჯერ ეკლესიაში ვიყავით მე და დიმეო.
- მართლა? - გაიბადრა მამიდა. - სანთლები ჩვენთვისაც დაანთე?
- აბა? - გაეღიმა მიმის. - ყველას სათითაოდ დაგინთეთ.
- გაიხარე შვილო, ღმერთმა გისმინოს, როგორ მინდა, რომ ძალიან მალე, ყველა ერთ სუფრას შემოვუსხდეთ და საავადმყოფოსკენ აღარც ვიხედებოდეთ.
- აღარ შემიძლია უკვე აქაური სუნის ატანა, მაგიტომაც ვითხოვ, რომ თქვენ მაინც წამოდით სახლში.
- დაგვაცადე კიდევ ეს კვირა და მერე...
- დღეს კვირაა და დამთარვდა ეს კვირა, სხვათა შორის. - წყენით მიუგო მიმიმ. - ხვალ ვნახავ მკურნალ ექიმს და დაველაპარაკები.
- მიმი, დედას საქმეს, ნუ გაუფუჭებ და ისე ელაპარაკე ექიმს, თუ გინდა.
- მამიდა, რა საქმეს? - იწყინა მიმიმ. - შენ როგორ ფიქრობ ახლა? დედა ცუდად არის და მე რაღაც პრინციპების გულისთვის, მკურნალობას ვწყვეტ და ძალით მიმყავს სახლში?
- არა, აბა მაგას, როგორ ვფიქრობ? - გაიბღუზა მამიდა.
- არ ვიცი, რას ფიქრობთ ორივე, მაგრამ რასაც აკეთებთ, მშვენივრადაც ვხვდები! ვიცი, რომ ფიფოს გულისთვის იქცევით ასე, ბარემ ყველანი ერთად აქ ვიყოთო, მაგრამ არ არის მასე. - მიმი მძიმედ ამოიხვნეშა. - არც კი ვიცი, ფიფოს მდგომარეობა უახლოეს მომავალში როგორ შეიცვლება. დიმეო, მაინც შეიცოდეთ, ბავშვი მთელი დღე ოჯახს გარეთ მიტოვებული მყავს, ან საავადმყოფოშია მთელი დღე. თუმცა, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ? ორივე ერთმანეთზე უარესი ჯიუტები ხართ. დედა ჩუმი ჯიუტი, შენ კი ხმაურიანი!
მამიდას გაეღიმა.
მიმიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, წამოდგა და იქაურობა დატოვა.
მოგვიანებით ქირურგიც მოინახულა.
- აბა, რაო? - ღიმილით ჰკითხა ქირურგმა. - ჰემოგლობინი ნახე ეს დღეები?
- ხვალ გავესინჯები.
- ფერი მაინც არ მომწონს შენი, ცოტა თავს დააძალე და ვიტამინებსაც მიეძალე.
- კარგი, შევეცდები. - ამოიხვნეშა მიმიმ. - დიმეოზე მინდოდა მეკითხა და რა ვიცი... რა გკითხო, ისიც კი არ ვიცი.
- მკითხე ისე, როგორც გაწუხებს.
- ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრს ტყუის. - დაიწყო მიმიმ. - ეს ტყუილები, მართალია არავის და არაფერს აზიანებს, მაგრამ მაინც ტყუილებია და თუ დღეს, არ არის საზიანო, ხვალ? ხვალ ხომ შეიძლება, არა... - მიმი გაჩუმდა.
- ჰოოო. - თავი გააქნია ქირურგმა. - მატყუარა კაცად ჩამოყალიბება, ნამდვილად არ გვინდა.
- სწორედ მეც მაგას ვდარდობ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - დიმეო სულ სხვანაირი დაგვიბრუნდა და ეს იმხელა სულიერი სტრესის გადატანა იყო ასეთი პატარა ბავშვისთვის. მე კი მესმის მისი და გახსენებაც აღარ მინდა, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ ბავშვი, თავის დაძვრენას, ტყუილის მეშვეობით ეჩვეოდეს.
- მე დაველაპარაკები, ცალკე. თუმცა, ისე უნდა შევაპარო, რომ შენგან კი არა, ჩემგან მოდიოდეს. უნდა ავუხსნა, რომ ტყუილზე მიჩვევა, არ არის კარგი ამბავი. შენ არ იდარდო, დაველაპარაკები ამ თემაზე, არაფერს დავაძალებ, როგორც წარიმართება ჩვენი საუბარი, ზუსტად ისე წავიყვან, თორემ არ მინდა რომ მიმიხვდეს და მერე, ჩემი ნდობა დაეკარგოს ბავშვს.
- ჰო, მართალი ხარ. - თავი დაუქნია მიმიმ. - მე მაინც სულ იმის შიში მაქვს, რომ არ მინდა საშინელ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
- ვიცი, ახლა რაც იგულისხმე. - ცალყბად ჩაეღიმა ქირურგს. - უფრო სწორად ვინც, მაგრამ დამიჯერე, ეს ასე არ არის და არ მოხდება ის, რისიც შენ გეშინია.
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - საშინლად განიცდის ფიფოს ამბავს. იმდენად არ ამჟღავნებს, რამდენადაც განიცდის და არ იმჩნევს, არ მინდა რომ გაბოროტდეს, ყველაზე და ყველაფერზე დაიწყოს შურის ძიება.
- საერთოდ, რომ იცოდე, ადამიანს შურისძიების წყურვილი მაშინ უჩნდება, როცა მისთვის ყველაზე მტკივნეულს, ყველაზე ძვირფასს შეეხები.
- ფიფო მისთვის, მართლაც ძვირფასია, მაგრამ, ზოგჯერ შურისძიების მოტივი სულ სხვა რამაა, თუნდაც ბოღმა! ამპარტავნება! შუღლი!
- მე ადამიანები ვიგულისხმე და არა, სიბოროტით აღსავსე არარაობანი. - მიუგო ქირურგმა. – და ის ყველაფერი, რაც ახლა შენ ჩამოთვალე, ეგ გაუნათლებლობაა! სულიერი გაუნათლებლობა.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- ჰო, მიმი. შენც ხომ კარგად იცი, იმ კაცის ისტორია? - განაგრძო ქირურგმა. - ერთი წუთითაც არ იფიქრო, რომ მის საქციელს ვამართლებდე, მაგრამ მან სწორედაც რომ იმ მონსტრების განადგურებას მიჰყო ხელი, ვისაც უამრავი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და აქ მარტო, მისი პირადი მტრები არ იყო. ამ ურჩხულებს, ძალიან ბევრი მფარველი ჰყავდათ და თვით სახელმწიფო სისტემაც კი იცავდა მათ, რადგან ისინიც წილში იყვნენ! და დღეს, სწორედაც რომ ფიფოს სიცოცხლეც ამასვე ეწირება! ამ მონსტრების განადგურებას, თუმცა ფიფო, კანონის დაცვით მოქმედებდა, მაგრამ რა? რა მივიღეთ სამაგიეროდ? ამხელა ორ მეტრიანი კაცი, უგონოდ გაშოტილი წევს და არავინ უწყის, ადგება თუ არა! ხვდები მიმი, რას ვგულისხმობ? ორივე, სწორედაც რომ ამ ბოროტებას ებრძოდა, მაგრამ ფიფოს, ჭკუის დამრიგებლად და გზის მაჩვენებლად ყოველთვის ოჯახი ჰყავდა გვერდით, დედა, მამა და გინდაც ნათლია, მაგრამ პიპას კი, არავინ!
პიპას ხსენებაზე, მიმის შეაჟრჟოლა.
- ახლა არ მითხრა, მონასტერში ხომ იზრდებოდაო. - კვლავ განაგრძო ქირურგმა. - კი, მაგრამ იქ უკვე მოზარდი მივიდა, რომელსაც უკვე გატანჯული სული, ბოლომდე ჰქონდა ჩამოყალიბებული! ხომ ნახე, არა? საკმაოდ რთული გახდა მისი გასუფთავება! ვერც კი მოხერხდა ბოლომდე და რაც შეეხება მონასტერს, ისინი მხოლოდ ლოცვის ძალით ებრძვიან უხილავ მონსტრებს, ფიფოს კი, ხილულად და თან, კანონიერი გზით ასწავლიდნენ ამას! პიპასთვის კი მასე, არავის უსწავლებია და სწორედ მაშინ გადაეკეტა ყველა სიკეთის ზღვარი, როცა ძანე დაიბადა და არავის აპატია ამ ბავშვის ასე გამწარება. შენ კი მოთქვამ, დიმეოც პიპას არ დაემსგავსოსო, მით უმეტეს, როგორ საოცრად ჰყავს გარეგნულად, მისი ასლია! ხასიათიც და გამჭრიახი გონებაც კი გენეტიკურად გადმოეცა, მაგრამ დიმეოს, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს და რამდენი ახლობლები ვყავართ გვერდში და ჩვენ ყველანი, არ დავუშვებთ ამას!
- რა ვიცი. - მიმის თვალები აუცრემლდა. - ზოგჯერ, ისიც კი წარმოვიდგინე, ფიფოს გულისთვის შურის ძიება რომ დაიწყოს...
- სწორედ მაგისთვის ვყავართ ჩვენ, დიმეოს და სწორედ მაგისთვის არ ჰყავდა პიპას არავინ. რადგან როცა ძანე შეეძინა და დიდი ბედნიერება, ასეთ უბედურებად ექცა, ამ ამბავზე, მის უფროს ძმას მონასტერში, გულის შეტევა ჰქონდა და მერე, ვეღარც გადაიტანა.
- ყველაფერი ერთ დროულად თავს დაატყდა და მართლა, რკინა ხომ არ იყო. - მიმიმ ამოიხვნეშა და ახლა იგრძნო, რომ პირველად, ძალიან ცოტა, სულ ოდნავ მაინც შეებრალა პიპა, თუმცა მის საქციელს, არც ამართლებდა არც უწონებდა.
- ჰოდა, დამშვიდდი. - გაუღიმა ქირურგმა. - წადი, ახლა სახლში დაისვენე, გამოიძინე. ბროწეულის წვენი დალიე აუცილებლად და წინასწარ, ნუ დარდობ. აქ ვართ ჩვენც, შენს გვერდით!
- უჰ. - ამოიხვნეშა მიმიმ. - დიდი წითელი ხასხასა ვაშლი, კანიანად გახეხილი და შერეული ხაჭოსთან ერთად, ლამის ყოველდღე უნდა მივიღო და ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ვერ ვიტან ვაშლს!
- შენ ვერ იტან, ბავშვს სჭირდება! - გაეცინა ქირურგს.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. ქირურგთან საუბარმა, ძლიერ დაამშვიდა. ახლა ისევ დიმეოსთან ჰქონდა საქმეები გასარჩევი.
კართან მისული, მობილურის ზარმა შეაჩერა, მიმიმ თვალები დაჭყიტა, დიმეოს კლასის დამრიგებელი ურეკავდა.
- კი, მაგრამ რა უნდა ამ ქალს კიდევ?
- ვის? - იკითხა ქირურგმა.
- დიმეოს მასწავლებელია, გუშინ ხომ ვიყავი მისული, ახლა, რაღა უნდა ნეტა?
მიმიმ მობილურს უპასუხა, მერე კი გაოცებული შეხედა ქირურგს.
- სასწრაფოდ დირექტორი, ორივე მშობელს იბარებსო.
- ბავშვი, ახლა ხომ ძანესთან არის?
- კი. - თავი დაუქნია მიმიმ. - სკოლა ონლაინით აქვს, მაგრამ გუშინ ველაპარაკე დამრიგებელს, იცის ფიფოს მდგომარეობა და ახლა დირექტორი, აუცილებლად ორივე მშობელს იბარებსო. კიდევ რაღა ხდება ჩემს თავს, ასეთი?
- ორი წუთი დამელოდე. - მიუგო ქირურგმა. - გადავხედავ, უახლოესი ოპერაციები, დღეს როდის მაქვს და მეც წამოვალ!
- იყოს, მივალ მარტო. - მიმიმ ამოიხვნეშა.
- მეც მოვდივარ! - ქირურგმა ჩანაწერებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და ბლოკნოტი მაგიდის უჯრაში შეინახა. - დღეს არაფერი მაქვს, გადაუდებელი თუ რამე იქნება, ბოლოს და ბოლოს, გზიდან მოვბრუნდები. აბა, წავედით!
- ისედაც, რამდენს გაწუხებ და ახლა კიდევ... - ერიდებოდა მიმის.
- მიმი, მე ვალდებული ვარ და შენ არც კი იცი, როგორი ვალდებული! - ქირურგი უცებ გაჩუმდა და მერე მშვიდი ხმით დაუმატა. - ბოლოს და ბოლოს, ნათლია ვარ!
სკოლის დირექტორი, საკმაოდ ცივად შეხვდა მიმის, მერე თვალი, ქირურგისაკენ გააპარა და მდარედ აღნიშნა:
- მშობლები დავიბარე და არა ნათესავ-მეზობლები.
- ჩემი მეუღლე, უკვე მეორე კვირაა კომაშია და ეს...
- დიმეოს ნათლია და მამამისის მკურნალი ექიმი ვარ. - შეაწყვეტინა ქირურგმა მიმის, რომელსაც უკვე მღელვარებისგან, ხმა უკანკალებდა. - სრული უფლება მაქვს ვიცოდე, ასეთი რა დააშავა ჩემმა ნათლულმა, რომელსაც ამჟამად ნათლიის გარდა, მამის მაგივრობასაც ვუწევ.
- ნუ, ეგ თქვენი პრობლემაა! - უკმეხად მიახალა დირექტორმა.
- რა არის ქალბატონო, ჩვენი პრობლემა? - შეეპასუხა ქირურგი. - თქვენ, ბავშვის სკოლის დირექტორი ხართ და არა ჩვენი, თუ შეიძლება აგვიხსენით, აქ რისთვის მოგვიყვანეთ?
დირექტორი შეცბა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია. მერე საქაღალდიდან თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი, რამდენიმე ხაზიანი ნაწერი გაუწოდა.
- აი, ისიამოვნეთ, თქვენი სანაქებო ყმაწვილის შემოქმედებით და არ დაგავიწყდეთ, რომ თემა - „ჩემი სამშობლო“ იყო. ჯერ ის, რომ სულ ერთი აბზაცი დაწერა და მერე ის, რომ ამ ერთ აბზაცში ჩააქსოვა სამშობლოსადმი, მთელი სიძულვილი!
სიძულვილის ხსენებაზე, მიმი შეცბა და ქირურგს გახედა.
- საინტერესოა, რა დაწერა ამ ერთი ციდა ბავშვმა ასეთი, რომ ასე აღელდა მთელი სკოლა. - ცინიზმით მიმართა ქირურგმა და თაბახის ფურცელი ჩამოართვა.
მიმი შეწუხებული სახით იჯდა და ჯერ თითქოს, ვერ ბედავდა რომ პირველი, მას წაეკითხა დიმეოს დაწერილი.
ქირურგმა ჯიბიდან სათვალე ამოიღო, ცხვირზე მოირგო და წაკითხვისთანავე, თვალები დაჭყიტა.
მიმიმ ვეღარ მოითმინა და ფურცელი ჩამოართვა, სადაც ეწერა:
„ქვეყანა, სადაც არაფერი კეთდება, იქ სპეციალურად ქმნიან ილუზიას, ვითომ მართლაც რაღაც კეთდება, ამით თავიანთი ვიწრო და პატარა ჭკუით ცდილობენ, გაჩვენონ თავისი უბადრუკი ძალაუფლება და თითით მიგანიშნონ, რომ ცხვირი არ უნდა გამოჰყო, რადგან არარაობა ხარ, არავინ ხარ შენ, ადამიანო, მოქალაქევ, არაფრის უფლება არ გაქვს.“
LEX. 2021 წლის 9 ივლისი, პარასკევი.
No comments:
Post a Comment