Monday, July 12, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 8)

8. 
- რას ვიზამთ? ხდება ხოლმე. - მაკამ მძიმედ ამოიხვნეშა. - ამდენი წელია, აქ ვმუშაობ და დამერწმუნე, ჯერ კიდევ მიჭირს, იმის შეგუება, რომ ხანდახან, დედას ცოცხალ ჩვილს ვერ ვატანთ სახლში. 
- რა შესაგუებელიც ეს არის, მაკა ექიმო. - მოთქვამდა მშობიარე დედა და უკვე, მესამეჯერ დასტიროდა, მესამე დაღუპულ ჩვილს. ორჯერ კრახით დამთავრებულ მშობიარობას, ახლა მესამეჯერაც იგივე ტრაგედია დაატყდა თავს, უბედურ ქალს. სამჯერ სცადა დედობა და სამივეჯერ არ გაუმართლა.
სამშობიაროს ეზოში, დიდი ღრეობა იყო გაჩაღებული. შამპანურების ბათქა-ბუთქი, იქაურობას აყრუებდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ორი მოქეიფეთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს, ისე ულოცავდნენ ვაჟიშვილის შეძენას, თითქოს მათ მეტი, იმ ეზოში, სხვა გულშემატკივარი არავინ ყოფილიყო და სხვასაც არ შესძენოდა შვილი. 
- მგონი ჩემი ქმარი, ყველაზე ხმამაღლა ბღავის. - ღიმილით წაიკვნესა, სამშობიარო ბლოკიდან, პალატაში ახლად გადმოყვანილმა ქალმა. 
- არც ჩემია, ნაკლები. - სიცილით მიუგო მეორემ. 
- ალბათ თქვენი, პირველი შვილებია, ასე რომ ბღავიან, არა? - ნაღვლიანად ჩაეღიმა მესამეს. 
- კი პირველია. - ერთხმად მიუგო იმ ორმა.
- ჩემიც მასე ღმუოდა ჯერ პირველზე, მერე მეორეზე, მესამეზე კი ცოტა მოუკლო და ახლა მეოთხეზე, უკვე მოგუდულად ბღავის. იმდენად აღარ ემღერება ბიჭს, მეოთხე გოგოს შემდეგ. - თავი წამოსწია კიდევ ერთმა ქალმა. 
ქალებმა სიცილი ატეხეს. 
- შენი მერამდენეა? - შეეკითხნენ მესამე ქალს. 
- მესამე იყო, მაგრამ ამანაც გვიმუხთლა. - ამოიკვნესა მესამე ქალმა. 
- როგორ, გიმუხთლათ? - შეეკითხა პირველი. 
- გოგო, მოკვდა, მოკვდა! - დაბალი ხმით უთხრა მეორემ. 
- ვაიმე, მაპატიე, ბოდიში რაა. - შეწუხდა პირველი.
- ესე იგი, სახლში კიდევ, ორი შვილი გყავს, არა? - მეორე გოგომ სიტუაციის განმუხტვა სცადა. 
- არა. - ამოიხვნეშა მესამემ. 
წამით პალატაში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ინტერესით დაიძაბა, თუმცა ხმის ამოღებას, ვერავინ ბედავდა.
მესამე ქალი საწოლზე წამოჯდა. კომოდიდან პატარა ბოთლი აიღო, ოდნავ მოსვა და ისევ უკან დადგა. 
- წყალსაც კი ცოტას ვსვამ. იქნებ, ეს დასაწვავი რძე, მალე მაინც გამიშრებოდეს. - თავი გააქნია მესამე ქალმა. - ვიცი გაინტერესებთ, მაგრამ მოსაყოლიც ბევრი ვერაფერია. სამივე შვილი აქ, ამ სამშობიაროში შემეძინა და სამივე ჯერზე, ისევ ცარიელი უნდა წავიდე აქედან. 
- უი. რას ამბობ? - შეიცხადეს ერთხმად. 
- ბიჭი იყო, თუ გოგო? - გულუბრყვილოდ იკითხა პირველმა, რომელსაც მტრულად გადახედეს მეზობელი საწოლიდან. 
- ბიჭი. - მიუგო მესამემ. - სამივე ბიჭი. 
- სამივე ბიჭი? - აღმოხდა ქალებს. 
- პირველი ბიჭის დაღუპვას, ძლივს შევეგუე. - განაგრძო ისევ მწუხარე დედამ. - მკვდარი დაიბადაო. მე კი თითქოს, ტირილის ხმაც ჩამესმა, მაგრამ თურმე, სხივის ბავშვი ტიროდა. ახლა აღარც მახსოვს ზუსტად. ძლივს გადავიტანე მაშინ, ეს ამბავი. ისევ ჩემმა ქმარმა ივარგა, გვერდში ამომიდგა და ერთმანეთს, დარდიც შევუმსუბუქეთ. - ქალმა ამოიხვნეშა. - და ისევ გვეგონა, რომ სიხარული გვეწვია, როცა ორი წლის შემდეგ, მეორედ დავრჩი ორსულად. პირველი, შვიდ თვიანი იყო, სუსტი დაიბადა და ამიტომ დაიღუპაო. მეორე კი ცხრა თვიანი გავაჩინე, მაგრამ მას, ცალი ფილტვი არ გაეხსნა. წელიწადნახევარი, შავი სამოსი არ გამიხდია, სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინე, რომ თურმე კიდევ ორსულად ვყოფილვარ. საშინლად არ მინდოდა, მისი გაჩენა. უფრო სწორად, ორსულობა აღარ მინდოდა, მაგრამ აბა აბორტს, ხომ არ გავიკეთებდი? ასეთ ნანატრ შვილს, ჩემივე ხელით ხომ არ მოვსპობდი?.. - ქალმა გაჩუმდა. 
სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ იღებდა ხმას.
- არა, აბორტი მაინც არ შეიძლება. - დასძინა ოთხი გოგონას დედამ.
- ჰო. - თავი დაუქნია მწუხარე ქალმა. - აბორტზე მიდიხარ და შენივე შვილის მოსაკლავად, კიდევ იქეთ ფულსაც უხდი... ამას მართლა ვერ ვიზამდი, მაგრამ აქაც არ გამიმართლა, რვა თვიანი გაჩნდა და დილამდეც ვერ იცოცხლა. - ქალს ცრემლები წასკდა.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. 
- ისე, იქნებ სხვა სამშობიაროში რომ გაგეჩინა? - იკითხა პირველმა. - ხომ ხედავ, აქ ცუდად გაქვს დაცდილი. 
- ეჰ, აწი, რა აზრი აქვს. - ხელი ჩაიქნია აცრემლებულმა ქალმა. 
- გოგო, რა მნიშვნელობა აქვს, სამშობიაროს? - შეეპასუხა მეორე. 
- ახლა მაინც, აღარ აქვს აზრი. - ამოიხვნეშა ისევ მწუხარე დედამ. - ბავშვს, აღარასდროს გავაჩენ. მეტს, ვეღარ გადავიტან. საერთოდ, აღარც არაფერი მინდა. ქმარსაც მინდა, გავშორდე. 
- რას ამბობ, გოგო? - შეეპასუხა ოთხ შვილიანი. - განა ის კაცი, არ დარდობს? ნუ გგონია, რომ ჯავრი მასაც არ ჭამს. 
- ჰოდა, მაგიტომაც მინდა გავათავისუფლო ჩემგან. - მიუგო მწუხარე ქალმა. - წავიდეს, სხვა ცოლი მოიყვანოს. იქნებ, მასთან მაინც გაუმართლოს. 
- და მერე, შენ? - შეწუხდა მეორე ქალი. - შენ არ გინდა, სიცოცხლე? შენ არ გინდა, სიხარული? თუ მონასტერში აპირებ წასვლას. 
- ღმერთის აღარ მწამს, თორემ წავიდოდი... 
- არც მე! - აჰყვა მეორე. 
- მე მწამს ღმერთის და ძალიან მჯერა მისი ძალის. - თქვა პირველმა, მაგრამ აი, ამ მღვდლების, არაფერ მწამს რაა. ატანა არ მაქვს მათი. 
- ეგ როგორ? - გაეცინა მრავალშვილიანს. 
- აი, ასე.- მხიარულად მიუგო პირველმა. 
- გოგოებო დავიძინოთ, რაა. - მთქნარებით დაიწყო მეორე ქალმა. - სადაცაა უნდა გათენდეს და დილის ექვს საათზე კი ბავშვებს შემოგვიყვანენ კვებაზე. 

 *** 
- თან სამჯერ, მაკა ექიმო, სამჯერ. - მოთქვამდა ქალი. - სამჯერ ვიმშობიარე და სამივეჯერ... 
- რა გითხრა აღარ ვიცი. – „წუხდა“ მაკა ექიმი. - მე არ მჯერა მასეთი რამეების, მაგრამ იქნებ, ეს ჩვენი სამშობიარო გაქვს ცუდად დაცდილი? 
ქალმა გაკვირვებით შეხედა მაკას. 
- ისე, გოგოებმაც ეგ მითხრეს პალატაში. - მხრები აიჩეჩა ქალმა. 
- მე მართლა არ მჯერა ამგვარი ცრუ რწმენების, მაგრამ რა ვიცი, აბა? იქნებ, ვინმეს თვალი გცემს? თუნდაც, რომელიმე მეზობლის, სამშობიაროდ როცა მოდიხარ? 
- რამდენჯერ მითხრა ქმარმაც. გადავიდეთ, სხვა ბინა ვნახოთო, ვერ იტანს იმ უბანს. 
- აი, ხედავ? - გაიბადრა მაკა ექიმი. - რაღაც ცუდი აურაა შენს თავს. რაღაც ბოროტი თვალი გაქვს აკიდებული. გამოიცვალე საცხოვრებელი და აწი სხვა სამშობიაროში წადი. რა იცი რა ხდება? და თანაც, შენი მძიმე წარსული. აუცილებლად უნდა მისცე დავიწყებას, რადგან მომავალ სიცოცხლეს გაგიმწარებს.
- შვილები, როგორ დავივიწყო? 
- შენი შვილები, ახლა ღმერთთან არიან, ანგელოზები კი ზეციდან დედას ლოცავენ, დაიმახსოვრე ეს. ღმერთი სამობით არისო, ამბობენ და შენი სამი ვაჟიც, სამებად არის უფალთან, იქიდან გლოცავენ რომ მეოთხე შვილმა, დიდ ხანს და ჯანმრთელად იცხოვროს.
- მაკა ექიმო. როგორ დამამშვიდეთ. - გული აუჩუყდა ქალს. - რა ბედნიერებაა, რომ თქვენნაირი ღვთისნიერი ხალხი, ჯერ კიდევ დადის დედამიწის ზურგზე. 
- კარგი, რაა. - უხერხულად შეიფერა მაკამ. 
- და, ბავშვი?..
- ბავშვს, აქ დავკრძალავთ. სამშობიაროს ეზოში, როცა კვლევითი ინსტიტუტიდან გადმოაგზავნიან. მაგაზე არ იდარდო. - მაკა შეყოვნდა. - ნუუ, მცირე თანხა კი დაჯდება. დაკრძალვისთვის და ეგ უკვე, ჩემთან არა. მაგას, ჩვენი ექთანი და სანიტარი მიხედავენ.
- არ შეიძლება, ჩვენ რომ გადმოგვცეთ? - ტიროდა ქალი. - ერთი შვილის საფლავი, მაინც ხომ შეიძლება რომ გვქონდეს? 
- შენც ხომ იცი, რომ რატომაც არ შეიძლება? 
- ჰო, ვიცი, ვიცი. - თავი დაუქნია ქალმა. - ჩემი ქმრის ნათესავს, სოფელში, გამოატანეს ბავშვი და დღედაღამ, მის საფლავზე ათენებს და აღამებს. 
- ჰოდა, მაგიტომაც! - გაუხარდა მაკას. - სწორედაც რომ შენი ქმარია მომხრე, რომ ჩვენ დავასაფლავოთ, რადგან იცის მერე, რაც მოყვება ამ ამბავს. 
ქალმა არაფერი უპასუხა, კვლავ ტიროდა. 
- მერე იცი. - დაიწყო მაკამ. - იმ ერთის საფლავი რომ გექნება, მერე სიზმრებში, ის დანარჩენი ორი არ მოგასვენებს, ჩვენ რა დავაშავეთო და ამის ატანა, როგორია? 
ქალი უფრო ხმამაღლა ატირდა. 
- იტირე, იტირე. - ამშვიდებდა მაკა. - ჩემს კაბინეტში შეგიძლია თავისუფლად იტირო. პალატაში კი, ცოდოა სხვა გოგოები. 
- ჰო, მაკა ექიმო, ჰო. - თავი დაუქნია ქალმა. - ხმას ვერ ვიღებდი იქ და ლამის, გულის გამისკდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ბავშვები შემოიყვანეს. - ქალი ისევ ძლიერად ატირდა. 
- ამიტომაც მინდა, დღესვე გაგწერო. - დრო იხელთა მაკამ და უჯრიდან საბუთები ამოაძვრინა. - იმას ვერ შეგპირდები, რომ ახლა სახლში დარდი გადაგივა და ხალისი დაგიბრუნდებაო, მაგრამ აქ, ნამდვილად ბევრად ცუდად ხარ. 
- ჰო. მაკა ექიმო. სახლში მირჩევნია. 
- ამ ბიუროკრატიამ კიდევ, ჰო გამიწყალა გული. - დაიჯღანა მაკა და საბუთები ახლოს მიუწია. - მომიწერე ხელი ამათზე და თავისუფალი ხარ.
ტირილისგან თვალებ დასიებულ ქალს, წესიერად არც კი შეუხედავს, თუ ზუსტად რა საბუთზე აწერდა ხელს. ზოგი, სამშობიაროდან დროზე ადრე გაწერის მოთხოვნა იყო. ზოგიც კიდევ რაღაც, ათასგვარი ფორმალობა, მაგრამ ერთი იმათში, მაკასთვის ყველაზე მთავარი, ახალშობილის, სიდუხჭირის გამო, დედისგან ნებაყოფლობითი გაშვილების დასტური იყო. 
მაკა ძლივს იკავებდა სიხარულს, თუმცა სახეზე კვლავ დარდი ეწერა. 
- თავისუფალი ხარ. - მაკამ საბუთები უჯრაში ჩააბრუნა. - თუ გინდა, ვეტყვი ექთანს და შენს ნივთებს აქ გამოგიტანს. ჩემს კაბინეტში ჩაიცვი და პალატაში შებრუნება, აღარ მოგიწევს. 
- კარგი. ჩემო კეთილო, მაკა ექიმო. - ამოხვნეშა გულდათუთქულმა ქალმა. - მართლა ახლა, არავის დანახვა არ მინდა. 
მაკამ თბილად გაუღიმა და რატომ არ გაუღიმებდა, აბა? როცა ამ ქალისგან, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, უკვე სამი ჯანმრთელი ვაჟი მიიღო და ისე მიჰყიდა უშვილო წყვილებს, რომ მომკითხავი და მომჩივანიც არავინ ჰყავდა. 
მას მერე, რაც მაკა მთავარი ექიმის სავარძელში მოკალათდა, ღამის მორიგეობა ოფიციალურად აღარ უწევდა, მაგრამ სიტუაციების გასაკონტროლებლად, ხანდახან მაინც უხდებოდა დარჩენა, ან ზოგჯერ შუაღამითაც მოსვლა. 
- აი, ხაჭაპურები და ცოტა კომპოტიც წამოგიღეთ. - მაკამ, ფუთა ექთანს გადასცა. 
- რა კეთილი ხართ, მაკა ექიმო. - გაიბადრა მაკას ერთგული ექთანი. - აბა, სხვაგან წყალსაც არ მოგაწვდიან, ისე აქვთ ცხვირები აწეული. 
- კარგი, რაა. - შეიფერა მაკამ. - ჩემი გამომცხვარი კი არ არის მერე. 
- მერე რა? - არ იხევდა უკან ექთანი. 
- კუსუს მეგობრები ჰყავდა მოყვანილი და ცარიელ ჩიფსებს ახრაშუნებდნენ, მაშინვე შევუკეთე ხაჭაპურები და წესიერად პირიც კი არ დააკარეს. ის კი არა და, კომპოტიც დამიწუნეს, კოკა-კოლას მიასკდნენ! 
- ბავშვები. ყველა მასეა. 
- ჰოდა, ვინც იცის ამათი გემო, აი გემრიელად მიირთვით. - გაიბადრა მაკა. - შენს ოთახში წაიღე და გოგოებს გაუნაწილე. 
- კომპოტის ქილას გავათავისუფლებ და შემოგიტანთ.
- გეხვეწები, ახლა ეგ ცარიელი სამლიტრიანი არ მათრევინო. - თავი გააქნია მაკამ. - ქილების მეტი, რა მაქვს? მაგრამ ვინ, არის გამკეთებელი? ვის სცალია? არც კუსუ გიჟდება მაინც და მაინც. 
- მაშინ, მე რომ წავიღო, ხომ შეიძლება? 
- აბა, რაღას მეკითხები? - გაეცინა მაკას. - შენი იყოს და ახალი, რა ხდება? 
- ვერ არის საქმე კარგად. - თავი გააქნია ექთანმა. 
- დღეს რომ აქედან წავედი, მგონი მაშინ ყველაფერი წესრიგში იყო. - შუბლი შეკრა მაკამ. - ვინმემ აგვირია? 
- ეგ, არა, მაგრამ ერთი ახალშობილი ვაჟია ძალიან ცუდად. 
- მერე? - ჩვეული ხმით იკითხა მაკამ. 
- მართლა, არა მგონია, რომ გადარჩეს. 
- და მერე, ჩვენ რა ვქნათ? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - თუ მოკვდება და დაგვიტოვებენ ძალიან კარგსაც იზამენ. რეზერვად გამოგვადგება, თუ არა და გაატანე, წაიყვანონ! ზედმეტი აურზაური, რომ არ გვჭირდება, ეს ხომ, უჩემოდაც იცი? 
- კარგი აბა, გავალ და გავარკვევ. 
- ჯერ ეს წაიღე. გოგოებს აჭამე და მერე მოდი, გელოდები, ახალი ამბებით. 
ექთანი ახალი ამბების გასარკვევად გაიძურწა. სულ მალე, ისევ მაკას კაბინეტში გაჩნდა. 
- რაო? - მაკამ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა ფართოდ გამოაღო. 
- ვერ არის, კარგი ამბავი, მაკა ექიმო. - თავი გააქნია ექთანმა. - წინა ღამეს, დიდი ღრეობა რომ გამართეს და ყველაზე მეტს, ეგენი ხმაურობდნენ...
- მერე? - სული დაელია მაკას.
- შვიდი წელი თურმე, შვილი არ უჩნდებოდათ და ნანატრი ბიჭი შესძენიათ ახლა. სწორედ ის ბავშვია, ძალიან ცუდად. 
- მართლა? - ცივად იკითხა მაკამ.
- ამჯერად მართლა, იმდენი წყალი ჰქონია ნაყლაპი, აქაც გვიან მოგვიყვანეს. 
- ჰო, ვიცი, შემოყვანისთანავე დაეწყო მშობიარობა, მისაღებშივე იმშობიარა, წყლებიც დიდი ხნის დაღვრილი ჰქონდა და ბავშვზეც ნახე, როგორ იმოქმედა? რატომ დროულად არ მოიყვანეს აქ? ასეთი, რა გაუჭირდათ? 
- არ არიან გაჭირვებულები! პირიქით, იმდენი ფული დაგვაყარეს ყველას თავზე. 
- კარგი, არ გინდა ახლა მაინც მაგაზე ლაპარაკი. - შენიშვნა მისცა მაკამ. 
- გიჟს ჰგავს იმ ბავშვის დედა! გაგიჟდება ჩემი ქმარიო. მეც მომკლავს და თავსაც მოიკლავს, ბავშვს რომ რამე დაემართოსო. 
- უთხარით უკვე, რომ ცუდად არის? 
- ისედაც გაიგო. პალატაში, სხვებს რომ მიუყვანეს ბავშვები საჭმელად და ამისი კი არ მოიყვანეს, მაშინ დაინტერესდა. 
- მერე? - უკმაყოფილოდ იკითხა მაკამ. 
- პედიატრიც თავზე ედგა, როცა კუჭს ურეცხავდნენ. - უპასუხა ექთანმა. - სულ შავი წყალი ამოსდიოდა. ძალიან მალე დაიღუპებაო. 
- და ესე იგი, ძალიან მდიდრები არიან? - ჩაფიქრებული ხმით იკითხა მაკამ. 
- მგონი კი, ასე ჩანს და რა ვიცი. - ექთანი წამით გაჩუმდა. - ისეთი ძვირფასი ხალათი და ჩუსტები აქვს... 
- კარგი, რააა.- გაეცინა მაკას. - ჩაცმულობით, დიდ ფულს ვერც განსაზღვრავ. იქნებ სულაც, აჩუქეს? მშობიარე ქალია, მერე შვიდი წელი უშვილოდ იყო, ნათესაობა გაიხეოდა შუაზე და საუკეთესო ხალათსაც შეურჩევდა. 
- ეგ, ჰო. - კვერი დაუკრა ექთანმა. - დაველაპარაკო? 
- ჰმ. - ჩაეღიმა მაკა ექიმს. - შენც კაი გაქექილი ხარ, ჩემი არ იყოს! სცადე აბა, მხოლოდ ხომ იცი, ძალიან ფრთხილად. 
ექთანი გასული არ იყო, რომ მალევე უკან შემობრუნდა. 
- მოკვდა, ის ბავშვი! – შემოსვლისთანავე მიახალა მაკას. 
- დედამისმა იცის? 
- ჯერ არა. ყველა გაფრთხილებული მყავს, არავინ ეტყვის უჩემოდ. 
- მაშინ, როგორმე შემომიყვანე. - მიუგო მაკამ. - ეცადე იმ დროს, როცა სხვები ბავშვს აჭმევენ, პალატიდან ისე უნდა გამოვიდეს, რომ ზედმეტი შეკითხვები არ დააწიონ. 
ექთანი პალატაში შევიდა, იქაურობას თვალი მოავლო. ყველა ჩვილით ხელში იყო და ბავშვს აჭმევდა, არავის ეცალა მოწყენილი დედისთვის, რომელიც ნაღვლიანად შეჰყურებდა სხვებს. 
- წამოდი, შენს შვილს აჭამე. - შესთავაზა ექთანმა. 
- უკეთ არის? - თვალები გაუბრწყინდა ქალს.
სხვებმაც თვალები დაჭყიტეს. 
- კი, უკეთ არის, მაგრამ კუვეზშია, ცოტა ჟანგბადი არ ეყო, ამიტომ აქ მოყვანას, ისევ შენ თუ მიხვალ და იქ აჭმევ. - სხვების გასაგონად, სპეციალურად ხმამაღლა გამოაცხადა ექთანმა და სახე გაბადრულ ქალს, წინ გაუძღვა. 
მაკა მშვიდი სახით დახვდა, დაამშვიდა, ანუგეშა, შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა. 
ქალს გული ამოუჯდა ტირილისგან და თან სულ იმას იმეორებდა, ჩემს შვილთან ერთად, ჩემი ოჯახიც მოკვდაო. 
- კიდევ გეყოლება. დამშვიდდი. - მაკამ წყალი მიაწოდა. 
- აღარ მეყოლება! ესეც ძლივს გავაჩინე! - ამოისლუკუნა ქალმა. - ყველაფერი ისე გამირთულდა, რომ საშვილოსნოც ამომიღეს. 
- უი, მართლა? - მაკამ ბრაზიანი მზერა ექთანს მიაპყრო, რატომ არ გამაფრთხილეო. 
ექთანი აიწურა.
- არ ვიცოდი, ნამდვილად. - ნაღვლიანად მიუგო მაკამ.
- არც მე ვიცოდი. - თავი იმართლა, ექთანმა. 
- მომისმინე ახლა. - დაბალი ხმით დაიწყო მაკამ. - შენ ხომ გინდა, შვილი? 
- ეჰ. - ამოიკვნესა ქალმა. 
- აქ ერთი გოგონა, ჩვილს ტოვებს. - შეაპარა მაკამ. - თანაც, ზუსტად იმ დილით დაიბადა. მხოლოდ, ზედა სართულზეა. შენ არ გეცოდინება.
ქალი გაკვირვებული შეჰყურებდა. 
- მაგრამ, საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა. - განაგრძო მაკამ და ქალის რეაქციას ჩააკვირდა.
- დარწმუნებული ვარ, აქედანვე თუ ვერ გააშვილა, მაშინვე ბავშვთა სახლში მიაგდებს! - ჩაურთო ექთანმა, რის გამოც მაკამ, მადლიერი თვალით გადმოხედა. 
ქალმა ჯერ ექთანს გახედა, მერე მაკას მიაჩერდა.
- ისეთი, საყვარელია და ისეთი ლამაზია ის საწყალი, მენანება კიდევაც ბავშვთა სახლში გადასაგზავნად. - სინანულით გააქნია თავი ექთანმა. - აბა, იქ ასე ჩვენსავით კარგად მოუვლიან? 
- მართლა? - ქალმა ცხვირი მოიწმინდა. - ეჰ ჩემი ქმარი, შეიძლება არც დამთანხმდეს. თუმცა, ამ წლების მანძილზე, სულ იმას მიჩიჩინებდა, ავიყვანოთ ბავშვიო, შენ რადგან ამდენს წვალობო. 
- ჰოდა, მერე? - გაიბადრა მაკა. - აგერ არ არის?
ქალი ორჭოფობდა. თან მოეწონა მაკას წინადადება, მაგრამ მაინც უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. 
- რა ვიცი. - შეიშმუშნა ქალი. - მერე ბავშვს, რომ წამოსძახოს ვინმემ? 
- და ვინ გაიგებს? - გაეღიმა მაკას. - ორსულად რომ იყავი, დარწმუნებული ვარ, მთელს თუ არა, ნახევარ ქვეყანას მაინც ეცოდინებოდა და რომ მართლა იმშობიარე, ისიც კი გაიგო ყველამ და სამშობიაროდანაც ბავშვით ხელში რომ გახვალ, აბა ვის შეეპარება ეჭვი? 
- ჩემს ქმარს რომ წამოსცდეს, სიმთვრალეში? 
- ისე, შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ხშირად, აყვანილი ბავშვის მშობლებიდან, ყველაზე უფრო, დედა გრძნობს თავს დაჩაგრულად. - კვლავ სათავისოდ შეუშვა თემა მაკამ. - რადგან საყვარელ მეუღლეს, შვილი ვერ გაუჩინა და მერე იმ კაცს, ვიღაც სხვა ქალი თუ გაუჩენს შვილს... 
- რას ამბობთ?! - შეწუხდა ქალი. - გაფიქრებაც კი მზარავს. 
მაკამ მხრები აიჩეჩა. 
- თქვენ? - ჩაეკითხა ქალი. - თქვენ რას იზამდით, ჩემს ადგილას? 
- საერთოდ არ მიყვარს, ჩემს პირად საქმეში, ვინმეს ცხვირის ჩაყოფა. ამიტომ, არავის ვეტყოდი და თუ კი მაქვს შანსი, რომ ბედნიერი ოჯახი მქონდეს, მაშინ რატომაც არა? უპატრონოდ მიგდებული ჩვილის აყვანა და გაზრდა, ეს იმხელა მადლია, რომ შენი შვილი, ზეციდანაც კი დაგლოცავს! 
- ისე, მართლა თუ ტოვებს ვინმე... - წაილუღლუღა ქალმა.
- მართლა, აბა მე ხომ არ გაგიჩენ სპეციალურად? - იხუმრა მაკამ და ყურებამდე გაიბადრა. 
ქალს ნაღვლიანად გაეღიმა. ჯერ თითქოს, მოეწონა მაკა ექიმის შეგონება, მაგრამ მერე, ისევ მოიწყინა. 
- კი, მაგრამ ჩემი საკუთარი შვილი, არ დავასაფლავო? და მერე... 
- ბავშვი, უკვე გადაგზავნილია კვლევით ცენტრში, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მერე უკანვე გადმოგზავნისას, ჩვენი სანიტრები, ასაფლავებენ აქ, სპეციალურად ჩვილებისთვის განკუთვნილ საფლავში. 
- ღმერთო ჩემო. - ატირდა ქალი. 
- დამშვიდდით. - დაბალი ხმით განაგრძო მაკამ. - ჩვენ ყველაფერს, წესისა და რიგის მიხედვით გავაკეთებთ. რადგან მაინც, მოუნათლავი ჩვილებია, მამაო მათ, სპეციალურად უკურთხებს საფლავს. 
- რამე თანხა თუ იქნება საჭირო... 
- ნუ ეგ თავისთავად. - მაკას ესიამოვნა. - თუმცა, საკმაოდ ძვირი დაჯდება, რადგან აქ, ორ ბავშვზეა დასათვლელი. 
- კი, მესმის. - ამოიხვნეშა ქალმა. - ჩემი ბავშვიც ხომ უნდა დაიკრძალოს. 
- ესე იგი. - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო მაკამ. - ჯერ, კვლევით ცენტრში ტრანსპორტირება, სპეციალური გადამყვანი ტრანსპორტით, რადგან სიცხეა და... - მაკა შეყოვნდა. - მიმძიმს ამის თქმა, ამიტომ... 
ქალს ცრემლები გადმოსცვივდა. 
- მოკლედ, გადაყვანა და უკანვე გადმოყვანა, ეს ორი გზის ხარჯია. შემდეგ, კვლევითი ცენტრის ხარჯი, დაკრძალვა და საფლავის კურთხევა. - ჩამოარაკრაკა მაკამ. 
- ყველაფერს გადავიხდით! ვეტყვი ჩემს ქმარს და...
- და რას ეტყვი! - შუბლი შეკრა მაკამ. - ახლა არ მოვილაპარაკეთ, რომ... 
- ფული არ არის პრობლემა, მეც მაქვს ჩემი. 
- თან ცალკე, სამშობიაროს ხარჯებიც არის გადასახდელი. - შეახსენა მაკამ. - ესეც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მერე კი, ის დედაა დასაკმაყოფილებელი, ვინც შვილს, ასე უსინდისოდ ჰყიდის.
- ჩემმა ქმარმა, არც კი იცის, საშვილოსნო რომ ამომიღეს... 
- ჰოდა ეტყვი, რომ  ძვირი დაჯდა, რადგან მდგომარება ძალიან იყო გართულებული, სასწრაფოდ დაგჭირდა ოპერაცია!
- და ეს, ისედაც მასე იყო! - ჩაურთო ექთანმაც.
- შეიძლება, აქედან დავრეკო? 
- რა თქმა უნდა! - ბედნიერი სახით მიმართა მაკამ და ახალი ბონუსების მოლოდინში, უკვე თავში ათასი რამეს გეგმავდა. 
LEX. 2021 წლის 12 ივლისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment