116.
მიმი გაკვირვებული დარჩა. არც ქირურგი ჩანდა ნაკლებ დღეში.
- აი, ხედავთ? - დამცინავად მიუგო დირექტორმა. - სახეზე გეტყობათ, რომ არც თქვენ მოგწონთ, არა? აბა ასეთ ნაწერში შეფასება, როგორ უნდა დავუწერო?
- მოსაწონი, ნამდვილად არ არის, მაგრამ არც იმდენად შემაშფოთებელი, როგორც თქვენ ამას აღნიშნავთ. - მიუგო ქირურგმა.
- ესე იგი, ამართლებთ მის საქციელს, თუ როგორ არის თქვენი საქმე? - დირექტორს, ისევ დამცინავი ხმა ჰქონდა.
- არანაირად არ ვამართლებ! - ახლა მიმიმ მიუგო. - ჩვენ დღეს, მართლაც რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ და სწორედ ეს დაინახა ბავშვმა და ეს თავისი, საკუთარი ტკივილი გადმოსცა.
- ჰაჰ! რა ტკივილი?! - გაკაპასდა დირექტორი. - სწორედაც რომ დაწყებითი კლასის მოსწავლის რევოლუციონერობაღა გვაკლია ზუსტად ახლა!
- გააჩნია, რევოლუციასაც. - შეეპასუხა ქირურგი. - ბავშვმა მართლაც, თავისი ტკივილი ჩააქსოვა და ამავე დროს, ზუსტად დაინახა, თუ როგორ უმწეო და უმოქმედო მდგომარეობაშია დღეს მამამისი! სწორედაც რომ თავისი ქვეყნის გამოა დაჭრილი და არა ქუჩური გარჩევის დროს! სწორედ ამ სისტემას შეეწირა ლამის, მამამისის სიცოცხლე და სწორედაც ეს გადმოსცა ბავშვმა! თქვენ კი, ვერ მიუხვდით, დაიბენით და აქეთ მოგვდეთ შარი, რომ თურმე ბავშვს, სამშობლოს სიყვარულს კი არა, არამედ მის სიძულვილსა და ზიზღს ვასწავლით!
- მე ეგ მასე, სულაც არ მიგულისხმია. - უკან დაიხია დირექტორმა.
- მაშინ, ჯერ თვითონ ბავშვისთვის უნდა გამოგეკითხათ, თუ საიდან მოუვიდა ასეთი აზრები და მერე უნდა დაგებარებინათ მშობლები! - მკვახედ მიახალა ქირურგმა.
- მოკლედ, უწერთ თუ არა მაღალ შეფასებას? - მიმი წამოდგა. - მინდა, ვიცოდე, თუ არ აპირებთ დაწერას, მაშინ თადარიგს დავიჭერ, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო და არც მიზეზს არ დავმალავ!
- არ გვინდა ეს შანტაჟები და სკოლის დამცირებები, სხვა სკოლებთან. - იწყინა დირექტორმა.
- არც მიფიქრია! თუმცა, ნუ მაიძულებთ. - მიუგო მიმიმ. - გუშინ შვიდი წლის ბავშვს, ლამის მეხუთე კლასში გადაყვანას უპირებდით და დღეს, მისი საკმაოდ სერიოზული თემა, უკვე ამბოხად მიგაჩნიათ. - მიმი ქირურგს მიუბრუნდა. - წავედით! აუცილებლად გადავიყვან სხვა სკოლაში, თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, პირადი მიზეზით გადავალთ და არა...
- დამშვიდდით, ქალბატონო. - დირექტორი ახლა აშკარად მოლბა. - მე არც კი ვიცოდი, რომ ეს თქვენი შვილი იყო, ვინც ასე წარმატებით გადადის ზედა კლასებში და...
- კარგად ბრძანდებოდეთ! - მიმი აღარც დაელოდა, დირექტორის სიტყვის დასრულებას, ისე გავიდა გარეთ და ქირურგიც, თან გაიყოლა.
- ჯერ შენ მიგიყვან კლინიკაში. - მიმართა მიმიმ ქირურგს. - მერე დიმეოსთან გავალ, მაინტერესებს ერთი რა პასუხს გამცემს, ეს მეამბოხე ვაჟბატონი. - მიმიმ მანქანა დაძრა.
- კარგი, მიმი დამშვიდდი. - ქირურგს გაეცინა. - მეც წამოვალ დიმეოსთან და ბარემ, ერთად დაველაპარაკოთ ბავშვს.
დიმეო საკმაოდ მიამიტი სახით შეხვდა. არც გაჰკვირვებია დედამ როცა უთხრა, შენი თემა წავიკითხე და თანაც ამის გამო, დირექტორმაც დამიბარაო.
- მე მომეწონა. - გაუღიმა ქირურგმა ბავშვს. - თუმცა, სრული სიმართლე კი ეწერა და რის გამოც, არა თუ მარტო შენი დამრიგებელი, არამედ დირექტორიც კი აღელდა და შეშინდა.
- რისი შეეშინდა? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- დიმე. - დაბალი ხმით მიმართა ქირურგმა. - ფიფო, სწორედაც ამ შუბლში მიხლილ სიმართლეს ეწირება და შენ მაინც დამშვიდდი შვილო. ჭკვიანი ბიჭი ხარ და ვიცი ახლა, რომ ძალიან კარგადაც მიმიხვდი, რაც ვიგულისხმე.
- ჰმ. - შუბლი შეკრა ბიჭმა. - ხან რატომ იტყუებიო, ხან სიმართლეს ნუ წერო და ესე იგი, რა გამოვიდა? საერთოდ დავმუნჯდე?
- არა... - დაიწყო მიმიმ, მაგრამ დიმეომ გააწყვეტინა.
- დედა, შენც ხომ კარგად ხედავ, რომ ეს სკოლა, ისედაც ვერ მაძლევს იმ სათანადო განათლებას, რაც მე მჭირდება და თან მაინტერესებს კიდევაც და გამოვალ მაშინ სკოლიდან!
- და რევოლუციის მოწყობას აპირებ, ბაბუ? - საუბარში ძანეს ბაბუც ჩაერთო.
ყველას გაეცინა.
- მოკლედ ასე. - დაიწყო მიმიმ. - გინდა იმ სკოლაში გააგრძელე სწავლა და გინდა, სხვა სკოლაში გადაგიყვან, მაგრამ ჯერ რასაც დაწერ, ან თუ რის მოყოლასაც დააპირებ კლასში, პირველად, ჩემთან უნდა შეათანხმო!
დიმეო საშინლად მოიღუშა.
- დიმე. - ახლა ქირურგმა მიმართა. - ვიცი და მესმის შენი, მაგრამ დღეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს სკოლის ატესტატი, რომ მერე, უმაღლესში სწავლის გაგრძელების უფლება მოგეცეს და ეს ყველა ქვეყანაში ასეა. მერე დიპლომი უნდა დაიცვა და რადგანაც შენი გამჭრიახი გონება, უფრო სერიოზულ სამუშაოს მოითხოვს. დიპლომის გარეშე კი ძალიან გაგიჭირდება სამსახურის შოვნა, ზუსტადაც რომ შენი გონების შესაფერისი, თორემ კურტნის მუშის ადგილს, ყოველთვის ადვილად იშოვნი.
- და რა გახდა, მართლა ერთი სკოლის დამთავრება? - კვლავ ღიმილით ჩაერია ბაბუ.
- არც არაფერი. - გაეღიმა მიმისაც. - და წავედით ახლა სახლში.
- მე ძანესთან ვრჩები! - ომახიანად განაცხადა დიმეომ და პასუხს არც დაელოდა, ისე წამოდგა სკამიდან და ოთახის სიღრმისკენ გასწია, სადაც ძანე მოლოდინისგან დაჭყეტილი თვალებით შეჰყურებდა, ხოლო როცა დაინახა, რომ დიმეო მისკენ წამოვიდა სახე გაუნათდა, მიხვდა რომ ბიჭი, კვლავ მათთან რჩებოდა.
- იყოს, შვილო. - გამოექომაგა ძანეს ბებიაც. - არაფერს მოვაკლებთ. შენ წადი, მიხედე შენებს, ბავშვზე არ იდარდო.
- ძალიან მერიდება. - წუხდა მიმი. - ისედაც, სულ აქ არის და...
- მერე რა? იყოს და შენც მოდი აქ დარჩი. სახლში მაინც მარტო უნდა იყო. განა ადგილი არ გვაქვს. - თბილად მოეხვია ძანეს ბებია.
- თქვენ რომ არ მყავდეთ, ალბათ ამდენს ვერც გადავიტანდი. - მიმის ცრემლი მოერია, თუმცა დარჩენაზე, მაინც უარი უთხრა.
***
დიმეო ძალიან ხშირად რჩებოდა ძანესთან, იმ ძველ და თითქოს და მართლაც საიდუმლოებებით მოცულ სახლში.
- ამ სახლის გეგმა, გვაქვს? - იკითხა დიმეომ, როცა ძანესთან და მოხუცებთან ერთად, სავახშმოდ შემოუჯდა სუფრას.
- სადმე არქივში, კი იქნება ალბათ. - მხრები აიჩეჩა ბაბუმ.
- რად გინდა, ბები? - ღიმილით ჰკითხა ძანეს ბებიამ.
- საინტერესოა ძალიან. - მიუგო დიმეომ. - ბევრი ადგილები დავხატე, მაგრამ მაინც ბოლომდე, ჯერ ვერც ერთი სართული ვერ დავათვალიერე.
- ბები, ხომ იცი, რომ ავარიული სახლია და მისი დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ, გაუქმებული და იქ ძრომაც სახიფათოა.
- როგორც კი მამიკო კარგად გახდება, მაშინვე კარგად მინდა ამ სახლს, რესტავრაცია გაუკეთდეს! - სერიოზული სახით წარმოსთქვა დიმეომ, რაზეც ძანემ, უხმოდ თავი დაუქნია.
- ჰო, ბაბუ, ჰო! ამ სახლს, თქვენ უნდა მიხედოთ, მომავალმა თაობამ, აბა რაა?
- შენ ფიქრობ, რომ მამიკო, ვეღარ ადგება? - ფერმიხდილი სახით ჰკითხა დიმეომ.
- რა ვიცი, ბაბუ. - გაუღიმა კაცმა. - ჩემს ბებერ გულს თუ დაეჯერება, ცუდს ნამდვილად არ მიგრძნობს და ვნახოთ.
- ბაბუ. - შეევედრა დიმეო. - არ მომატყუო, რაა.
- არა, ბაბუ, არა. - მოხუცმა ბიჭს, თავზე ხელი გადაუსვა. - ხშირად მართლაც, კარგი ინტუიცია მქონია და გამართლებულა კიდევაც, აი, ბებოს ჰკითხე, აბა?
- ფიფო მართლა აღარ იქნება ავად? - ისე ჰკითხა ბებიას ძანემ, თითქოს მასზე ყოფილიყო, ფიფოს გამოჯანმრთელება დამოკიდებული და მაინც ორივე ბიჭი, ბებოს მიაჩერდა.
- ღმერთმაც ქნას, რომ ამ მოხუცი ბებერი ხრონწის სიტყვა გამართლებულიყოს! - სიცილით აღნიშნა ბებიამ და ბავშვებიც გააღიმა.
- ესე იგი, ბაბუ ბევრი ადგილები დახატე? - მოხუცმა, თემის შეცვლა სცადა.
- კი, ბაბუ. - თავი დაუქნია დიმეომ. - გინდა გაჩვენო?
- მეც მინდა ვნახო, არ მანახებ? - ჩაურთო ბებიამ.
დიმეო წამოდგა, ოთახიდან დიდი ალბომი გამოიტანა და მოხუცებს გადაუშალა.
- არ ვიცოდი ბაბუ, ასე კარგად თუ ხატავდი. - მოხუცი გაოცებას ვერ ფარავდა.
- მე კი მეგონა, მარტო მუსიკა გაინტერესებდა. - ჩაურთო ბებიამ.
- ბებო, ერთი მეორეს, ხელს არ უშლის. - მიუგო დიმეომ.
- ჩემი, ყველაზე კარგი და ნიჭიერი ბიჭები. - ბებოს გაეცინა და ბიჭებს მოეხვია.
- ეს ადგილი, სად არის? - ბაბუმ სათვალე მოირგო და ჩანახატს, კარგად დააკვირდა.
- ზუსტად, არ მახსოვს. - მხრები აიჩეჩა დიმეომ და თვალი, ძანესკენ გააპარა.
ძანე ყურებამდე იღიმოდა და სახეზე ეტყობოდა დიმეოს, ამ ღიმილით, ასე უბამდა ტყუილში მხარს.
- მომისმინე ბაბუ. - დაიწყო მოხუცმა. - მე არაფერს გიშლით თქვენ, ორივეს, მაგრამ ამ ძველ სახლში, ბევრი ისეთი საშიში ადგილია, რომ ჩამოინგრეს და მოგიყილოთ, ხმასაც კი ვერ მოგვაწვდენთ და გვინდა ახლა ეს ძალათი ატეხილი პრობლემა?
დიმეომ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი.
- ბები. - ახლა ბებიამ დაიწყო. - ამ სახლს კი არ დავეძებთ, მაგრამ რომელიმეს, თითიც კი რომ გეტკინოთ, გაგვისკდება ამ მოხუცებს ეს ბებერი გული.
- მე მხოლოდ, სახლის დათვალიერება მინდოდა. - დაიწყო დიმეომ ბურდღუნით. - იმ ძველი ადგილების, სადაც ხალხი აღარ დადის.
- და რატომ აღარ დადის მერე? - ღიმილით ჩაეკითხა ბაბუ. - იმიტომ რომ საშიშია, ბაბუ, საშიში, თორემ ათვალიერე რამდენიც გინდა!
- ბაბუს ჰკითხე ბები და ის მიგასწავლის, საითაც უფრო ნაკლებ სახიფათოა. - მიეალერსა ქალი.
- არის კი ადგილი, სადაც არ არის სახიფათო? - დიმეომ ამოიხვნეშა.
- ჰმ. - გაეღიმა ბაბუს. - შეიძლება იყოს კიდევაც, მაგაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ სადაც ვცხოვრობთ და დავდივართ, ის ყველაზე უხიფათო ადგილებია და თქვენ კი, ნურსად დაძვრებით უკითხავად.
- კარგი რა, ბაბუ, რაა. - იწყინა დიმეომ. - განა მე მაგას გეუბნები.
- ნუ გწყინს ბაბუ, - ამოიხვნეშა კაცმა. - მართლა თქვენ რომ რამე დაგემართოთ, მაშინ ეს სახლიც და ჩემი და ბებიას სიცოცხლე, ჭირსაც წაუღია! ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ და დაფიქრდი ბაბუ.
დიმეო უხერხულად აიწურა და მერე მოიბოდიშა, რის გამოც ბებოსგან, მხურვალედ ჩაიკოცნა და ამის მერე, უფრო აუჭარხლდა სახე.
***
ღამით დიმეო, რაღაცამ გააღვიძა. ვიღაცის შეხება იგრძნო მკლავზე, რომელიც საკმაოდ ძლიერად ექაჩებოდა.
ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა. მის წინ, ძანე აღმართულიყო და უხმოდ ექაჩებოდა მკლავზე.
- რა ხდება? - იკითხა დიმეომ.
ძანემ არაფერი უპასუხა და საწოლიდან მოშორებით დადგა, უფრო კარისკენ.
დიმეო მაშინვე წამოდგა, ძანემ კი ზურგი შეაქცია და კარში გავიდა. დიმეო უხმოდ მიჰყვა უკან.
ფეხაკრეფით ჩაუარეს ჯერ ბებოს ოთახს, მერე ბაბუს ოთახს, საიდანაც ისევე, როგორც ბებოს ოთახიდან, გამაყრუებელი ხვრინვის ხმა გამოდიოდა, რაზეც ბიჭებს ხშირად ჩუმ-ჩუმად ეცინებოდათ, კიდევაც, მაგრამ ახლა ორივე, ლამის სუნთქვა შეკრულნი მიაბიჯებდნენ წინ.
ჯერ შემინული აივანი გაიარეს, მერე იქიდან ღია აივანზე გასვლით გააგრძელეს გზა და ერთ-ერთი კარით, შიდა სადარბაზოს კიბის, პატარა ბაქანზე გავიდნენ. კიბის ორივე გზა, ზედაც და ქვედაც მსუბუქად, მაგრამ მაინც ჩახერგილი იყო და ჩანდა ამ კიბით, არავინ სარგებლობდა.
ძანემ ზედა კიბის ბარიერს გადაალაჯა და ზემოთ აუყვა. დიმეო უხმოდ მისდევდა კვალში. რაც აქამდე გამოიარეს, ყველგან განათებული ადგილები იყო, ახლა კი რაც უფრო ზევით მიიწევდნენ, მით უფრო მეტად შედიოდნენ სიბნელეში. ინანა კიდევაც დიმეომ, რატომ ფარანი არ წამოვიღეო, მაგრამ მაინც უკან არ იხევდა და წინ მიდიოდა. ზედა სართულზე, შედარებით უფრო მოზრდილ კიბის უჯრედში აღმოჩნდნენ, სადაც იმ ერთადერთი ფანჯრიდან უფრო მეტად შემოდიოდა ქუჩის ლამპიონების შუქი, ვიდრე კიბეზე ამოსვლისას.
დიმეომ იქაურობას თვალი მოავლო. ისევ ზევით ასასვლელი, კიბე ირგვლივ კედლები და მათ შუა, ფანჯარა. არანაირი კარი აქ არ გამოდიოდა. ძანე კიდევ, ისევ ზემოთ ასვლას ცდილობდა და დიმეოს, ჩურჩულით მოუხმობდა ამოდიო.
ამ კიბით, კიდევ ერთ, შედარებით უფრო პატარა და უფანჯრო ბაქანზე გაჩერდნენ, სადაც საკმაოდ ბნელოდა, თუმცა დიმეომ მაინც შესძლო გარჩევა, რომ ჭერიდან ჩამოსული მრგვალი, ამჯერად რკინის კიბე, სულაც აღარ იყო სხვა კიბის მსგავსად ჩახერგილი და იქ, თავისუფლად შეიძლებოდა ასვლა, თუმცა საშინლად ბნელოდა და ისიც კი არ ჩანდა ჭერი, თუ რამდენად დაშორებული იყო იატაკს.
ძანემ კიბეზე ასვლა დაიწყო, მაგრამ დიმეომ შეაჩერა.
- საშინელი სიბნელეა.
- ჰო, შუქი არ არის. - კვერი დაუკრა ძანემ.
- ფარანი უნდა წამოგვეღო. - უკმაყოფილოდ აღნიშნა დიმეომ.
- მოვიტანოთ. - მიუგო ძანემ,
- კარგი. - ამოიხვნეშა დიმეომ. - უკან გავბრუნდეთ და მოვიტანოთ.
ბიჭები უკან გაბრუნდნენ. ისევ თავიდან ფეხაკრეფით ჩაუარეს მოხუცების საძინებლებს და ასე ჩუმადვე გამობრუნდნენ უკან, ამჯერად უკვე ფარნით ხელში და როგორც იქნა, იმ დახვეულ რკინის კიბეს მიადგნენ, რომელიც ასე უსასრულოდ იკარგებოდა ჭერში.
- იქ უნდა ავიდეთ? - მაინც ჩაეკითხა დიმეო, თუმცა მასაც დიდი სურვილი ჰკლავდა, თუ რა ხდებოდა იქ, ზემოთ ანდა საიდან იცოდა ძანემ ეს გზა.
- გეშინია? - შეუბრუნა კითხვა ძანემ.
- არ მეშინია, მაგრამ მაინც. - დიმე კიბეს აუყვა, ახლა თავად მიდიოდა პირველი.
შიში მართლაც არაფრის ჰქონდა და თანაც, მარტოც არ იყო. ახლა კი ფარნით შეიარაღებული უფრო მედგრად გრძნობდა თავს.
კიბეზე ბოლომდე ასულები, ახლა ჭერში დანატებულ კარს მიადგნენ, რომელიც დაკეტილი დაუხვდათ.
დიმეო რამდენჯერმე მოეჯაჯგურა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
- დაკეტილია. - დიმეომ მის უკან და ქვედა საფეხურზე მდგარ ძანეს გადმოხედა.
- ვიცი. - მიუგო ძანემ.
- მერე თუ იცოდი, რატომ ამომიყვანე? - დიმეოს ხმაში, საყვედურის ტონმა გაჟონა.
- დაკეტილია. - კვლავ მშვიდად მიუგო ძანემ.
- ჰო, ვიცი. - ჩაიბურდღუნა დიმეომ. - მერე უფრო კარგად მოათვალიერა ჩარაზული მხარე, სადაც ოდნავ მომცრო ბოქლომიც შენიშნა. ბოქლომი მოვერცხლისფრო იყო და არც ძველი და ჟანგიანი ჩანდა.
„ესე იგი, აქ ვიღაც დადის. აღებს და კეტავს, მაგრამ ძანემ საიდან იცის?“
გაუელვა დიმეოს და მერე ამოიხვნეშა.
- რაღაც სახელოსნო იარაღი მაინც რომ წამოგვეღო, ამ ბოქლომს გავტეხავდი და ავიდოდით.
- არ შეიძლება გატეხვა. - მიუგო ძანემ.
- აბა, გასაღები არ გვაქვს და...
- გასაღები ბაბუს აქვს. - გულუბრყვილოდ მიუგო ძანემ.
- მდაა. - დიმეომ კვლავ ამოიხვნეშა.
ბიჭმა იცოდა, ძანესთვის საყვედურების თქმას, რა აზრი ჰქონდა, ისედაც ამხელა საიდუმლო გაანდო, მაგრამ რა ხდებოდა ჭერში, იმ კარის ზემოთ და მართლაც, საიდან იცოდა ძანემ იქ მისასვლელი გზა? და თანაც, ისიც კი იცოდა, რომ გასაღებს, ბაბუ ინახავდა, მაგრამ რატომ? რა ხდება?
„მე რატომ არ გამანდო ბაბუმ, ეს საიდუმლო ასასვლელი?“
სწყინდა დიმეოს.
„არ მენდობა?“
იქ გაჩერებას, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ბიჭები ისევ ნელი ნაბიჯებით, უკან გამობრუნდნენ და თავიანთ საწოლებს მიაშურეს.
დიმეოს კი გული ბოღმით ევსებოდა და საშინლად ბრაზობდა ბაბუზე.
„ძანესთვის თუ შეიძლება იქ ასვლა, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?“
ფიქრობდა გაგულისებული ბიჭი და ბოღმისგან, თვალზე ძილიც კი არ ეკარებოდა.
საუზმეზე დიმეოს, არაფერი უთქვამს ძანესთვის, სადღაც ისიც კი მოეჩვენა, თითქოს ძანეც დაძაბული იჯდა და დიმეოს ზოგჯერ, მალულად გამოხედავდა.
ყველაფერი ცხადი იყო. ძანემ დიმეოს, რაღაც საიდუმლო კარი ასწავლა, მაგრამ რა იყო ეს? სად გადიოდა ან მართლაც, რატომ იცოდა ძანემ?
როგორც კი ბიჭები მარტო დარჩნენ, დიმეომ დრო იხელთა და ძანეს გამოელაპარაკა.
- ძალიან დიდი მადლობა გუშინდელისთვის. - დაიწყო დიმეომ.
ძანე ვერ მიუხვდა, თუ რატომ უხდიდნენ მადლობას.
- საიდუმლო გზა, რომ მასწავლე. - განაგრძო დიმეომ. - არავის ვეტყვი, ნუ გეშინია.
- არავის უთხრა. - მიუგო ძანემ.
- აბა, ვის უნდა ვუთხრა? - ჩაეღიმა დიმეოს. - ჩვენ ხომ ძმები ვართ და ჩვენი საიდუმლო, ჩვენთან უნდა დარჩეს, იმიტომ რომ მართლა...
- ძმები ვართ. - არ აცალა სიტყვის დასრულება ძანემ.
დიმეომ გაუღიმა.
მშვენიერი იყო. ახლა გასაღების ადგილ-სამყოფელი უნდა გაეგო.
დიმე სულაც არ იყო მშიშარა ბიჭი. იქ იმ მართლაც და უკაცრიელი შენობის ნაწილში, ძანეს გარეშეც მშვენივრად ავიდოდა, მაგრამ ახლა მთავარი იყო, ჯერ გასაღები უნდა ეგდო ხელთ და თანაც ისე, რომ არც ბაბუს გაეგო და ძანესაც ადვილად გაემხილა.
- შენ ხომ იცი, ბაბუ სადაც ინახავს იმ გასაღებს. - შუა თამაშში შეაპარა დიმეომ.
- არ შეიძლება. - ისე მიუგო ძანემ, რომ თავიც არ აუწევია.
- ჰო, ვიცი, რომ არ შეიძლება უკითხავად აღება, მაგრამ სად დევს, ეგ ხომ მაინც იცი?
- არ აიღო. - ძანემ დიმეოს ცოტა არ იყოს, მკაცრად შეხედა.
- არ ავიღებ, რადგან არც კი ვიცი სად დევს. - დიმეო წამოდგა. - დედას დავურეკავ. დღეს სახლში დავრჩები. - დიმეომ თვალი, ძანესკენ გააპარა.
- მალე მოხვალ? - შეწუხებული სახით ჰკითხა ძანემ. ცხადი იყო, ბიჭს არ უნდოდა დიმეოს გარეშე ყოფნა.
- რა თქმა უნდა მოვალ, მაგრამ როდის, ეგ ჯერ არ ვიცი.
- მალე მოდი. - მიუგო ძანემ და კვლავ რაღაცის აწყობა განაგრძო.
დიმეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. მიხვდა, ამ ეტაპზე ძანესგან, ვერაფერს გაიგებდა. თუმცა, იმედს არ კარგავდა, რაღაცნაირად მაინც მიუდგებოდა და ბოლოს და ბოლოს, მაინც ათქმევინებდა და თანაც, ყოველგვარი ზედმეტი ძალ დატანების გარეშე.
დიმეო მთელი კვირა არ მისულა ძანესთან. ამ ხნის განმავლობაში, სულ დედასთან ერთად იყო ხან სახლში და ხანაც, საავადმყოფოშიც კი დაჰყვებოდა და ერთხელაც არ უხსენებია, რომ ძანესთან წამიყვანეო.
თავიდან მიმის ცოტა არ იყოს, ეუცხოვა დიმეოს ასეთი ქცევა. თუმცა, ყურადღება აღარ გაუმახვილებია, რადგან როგორც კი კლინიკაში მივიდოდნენ, ბიჭი ბებიას სულ ორიოდე წუთით თუ მოინახულებდა და დანარჩენ დროს კი, ფიფოს გვერდით ატარებდა და სახლში წასვლაც კი აღარ უნდოდა.
- საოცრად ენატრება მამამისი. - ნაღვლიანად ეღიმებოდა დიმეოს შემხედვარე მიმის.
- სამაგიეროდ, ბებიამისი ჰკიდია ფეხებზე. - უხეშად აღნიშნა მამიდამ.
- მამიდა! - იწყინა მიმიმ. - ბავშვი ხედავს, რომ ბებო უკეთაა, მამასთან კი ჩამოჯდება და ათას რამეს უყვება, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ფიფოს მაინც არაფერი ესმის.
- ჰო, ბიჭი, მაინც ბიჭია. ვაჟკაცობს და ყოყოჩობს. - უკმაყოფილოდ მიუგო მამიდამ.
- აბა, აქ ქალებში, რა გააკეთოს? - გაეღიმა მიმის. - იჭორაოს ჩვენთან ერთად?
- და ვინ გავჭორე ერთი? - შუბლი შეკრა მამიდამ.
მიმის გაეცინა და სანამ რამეს უპასუხებდა, მობილურში ზარი შემოვიდა.
ძანეს ბებია რეკავდა. ბიჭს მაღალი სიცხე ჰქონია და დიმეოს ნახვას მოითხოვდა.
- ნუ გეშინია, გადამდები არაფერია, ექიმიც გვყავდა უკვე. - ამშვიდებდა ბებია. - უბრალოდ განიცდის, ისე მიეჩვია ეს დღეები, ზედმეტად მიეწება ალბათ და ახლა, ძალიან ენატრება.
- ახლავე წამოვიყვან. - მიუგო მიმიმ და ფიფოს პალატისკენ გასწია.
დიმეო ვიღაცა უფროს, თეთრხალათიან ქალს რაღაცას უმტკიცებდა და ის ქალიც, საკმაოდ სერიოზულად პასუხობდა.
მიმიმ ანიშნა გამოდიო.
- ძანესთან მივდივართ. - უთხრა მიმიმ და ეგონა, დიმეოს გაუხარდებოდა, მაგრამ შეცდა.
- ჯერ არ მცალია. - უკმეხად მიუგო ბიჭმა და კვლავ პალატაში შებრუნდა.
LEX. 2021 წლის 14 ივლისი, ოთხშაბათი.
No comments:
Post a Comment