109.
მიმიმ მარჯვენა მხარეს, რაღაც სიმძიმე იგრძნო. თითქოს, ხელი გაშეშებოდა და მის ამოძრავებას შეეცადა, მაგრამ მსუბუქი ტკივილისგან, ძალიან დაბალ ხმაზე, სულ ოდნავ ამოიკვნესა და ახლაღა შეამჩნია მკლავზე მიერთებული წვრილი, უფერული მილაკი, რომელიც ზემოდან მოიმართებოდა და სათავეს, წვეთ-წვეთობით დიდ, მუცელ გაბერილი შუშის ბოთლიდან იღებდა.
- ხომ კარგად ხართ? - ჩაესმა წკრიალა ხმა. - ახლავე ქირურგს დავუძახებ.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- აბა, როგორ ხარ? - ქირურგმა მიმის დახედა, მერე წვეთოვანს შეავლო თვალი. - რა იყო? ჩვენი შეშინება გინდოდა? ჰაჰ! გინდოდა და გამოგივიდა კიდევაც!
- ფიფო? - წაიკვნესა მიმიმ.
- ჯერ ისევ ისეა. - მიუგო ქირურგმა. - აი, შენი დედიკო კი, უკეთ არის! ბევრად უკეთ.
- ეს რაღად მინდოდა? - მიმიმ მკლავზე დაიხედა. - მართლა ასე ცუდად გავხდი?
- ვიტამინებია, ცოტა აზრზე მოგიყვანს, რომ კლინიკის დერეფანში არ იკოტრიალო.
- რაა? - მიმიმ თავი წამოსწია.
- უჭმელობისგან და უძილობისგან გული, რომ წაგივიდა და მერე, ძირს რომ გაიშხლართე, აბა, ახლა, ამის დრო არის? ბავშვი, ხომ არ ხარ? აიყვანე თავი ხელში და თუ საჭიროა, უნდა ჭამო კიდევაც, დალიო და გამოიძინო!
- წყალს კი დავლევდი ახლა. - წაიკნავლა მიმიმ. - მხოლოდ ცივს, ძალიან ცივს. ყელი მიშრება.
- წყალსაც დაგალევინებთ და უნდა ჭამო კიდეც რამე. აბა სულ წვეთოვანზე, თუ იქნები შეერთებული, რომელ ერთს მოგხედოთ?
- მაპატიე. - მიმიმ ჭიქა გამოცალა. - შევეცდები, უკეთ მოვიქცე.
- აი, სწორედაც, რომ მაგას გიმტკიცებ უკვე მეორე დღეა! შეეცადე ჭამო, დაისვენო, რომ მიხედო შენებს. აბა მეტი, რა გევალება აქ?
- მართალი ხარ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - შეიძლება უკვე ავდგე? დაიცალა მგონი.
ახლა უფრო შედარებით მხნედ იგრძნო თავი. საჭმელიც მოითხოვა, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრობდა, თუ რას უფრო შეჭამდა ახლა.
- მოიფიქრე და გავალ მოგიტან. - შესთავაზე ჩუკიმ.
- არა, რაა. - მიმი დაიჯღანა. - ქუჩის საჭმელს, ისევ ყველი და პური მირჩევნია.
- მაშინ, გემრიელ სენდვიჩებს მოგიტან სახლიდან.
- ნუ წუხდები, არ გინდა. - სევდიანად უპასუხა მიმიმ. - ისედაც, რამდენს წვალობთ ჩვენი გულისთვის.
- კი მიმი, მართალი ხარ! დიახაც, რომ ვწვალობთ! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - და ამჟამად, მხოლოდ თქვენი გულისთვის, რადგან ახლა თქვენ გჭირდებათ გვერდში დგომა, ამ წვალებას კი, მეგობრობა ჰქვია და არა ტანჯვა!
- რა საყვარელი ხარ. - მიმის თვალები აევსო.
- აბა, როგორი სენდვიჩი გინდა? ხაჭაპურსაც გამოვაცხობინებ ჩემებს, შენ ოღონდ ინატრე, რას შეჭამ, თორემ კიდევ შენი ერთი წაქცევა და ლამის მეც წავიქცე და მერე, ყველა ასე ერთმანეთს რომ მივყვეთ, ჩვენ ვინღა მოგვხედავს?
- და ბარემ, მესამე პალატასაც დავითრევდით, არა? - მიმის ნაღვლიანად გაეღიმა. - ხაჭაპური და ცხელ-ცხელი, მასეთი არაფერი მინდა. რაღაც გრილი, უფრო მსუბუქი სალათი, ან სენდვიჩი იყოს. - მიმიმ ჩანთიდან, ბარათი ამოიღო და ჩუკის გაუწოდა.
- არ გინდა რა, მიმი. - ჩუკიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. - ერთ სადილზე როგორმე, დავპატიჟებ ჩემს მეგობრებს.
- დაპატიჟება, მერე იყოს. - მიმი შეყოვნდა. - ფიფოსთან ერთად. ახლა კი ეს უხმოდ გამომართვი და მიიღე ჩემი შეკვეთა. ყველასთვის ვინც აქ ვართ და ხედავ, რომ არც იმდენად ცოტანი ვართ.
ჩუკიმ უხერხულად ჩამოართვა ბარათი.
- სენდვიჩი: გათლილი კიტრი, გრძლად დაჭრილი, პომიდორი, ავოკადო, ქათმის ფილე თხელ ნაჭრებად, ძალიან შემწვარიც არ მინდა, რბილი უფრო და კიდევ სალათის ფურცლები, მდოგვი და მაიონეზი. რამდენიც ვართ აქ, იმდენი ცალი, ყველასთვის უნდა გამიმზადო. შენი თავიც მიათვალე აუცილებლად და სასმელად, რამე წვენიც და ვისაც უნდა, გაზიანი.
- შინაური კომპოტი?
- ნებისმიერი, იყოს რომელიმე წითელი, შინდი ან ალუბალი, ან სულ ერთია.
ჩუკი, როგორც კი წავიდა, მიმიმ ახლობლები შემოიკრიბა და გამოაცხადა:
- ცოტა ხანში აქ, სენდვიჩები მოვა და უხმოდ, ყველა ერთად მივირთმევთ! ზედმეტი პრეტენზიების გარეშე!
- აი, ასეთი მიმი, მომწონხარ! - გაუხარდა ქირურგს.
- თუ მართლა გული შეგტკივა ჩემზე...
- რას ჰქვია, არ შემტკივა? - იწყინა ქირურგმა.
- მაშინ ამიხსენით შენ და გალეომ. - მიმიმ დეტექტივს გახედა. - რას ჩურჩულებთ? მეც მინდა ვიცოდე.
- არაფერს საინტერესოს. - ამოიხვნეშა გალეომ. - უბრალოდ, არც დასამალია და არც მოსაყოლი.
- და მაინც მინდა საქმის კურსში ვიყო!
- ფიფოს სხეულზე, ჭრილობების მიხედვით, ტყვიის ტრაექტორიების დადგენას ვცდილობთ. - დაიწყო გალეომ. - დაახლოებით, მაინც რომ გავარკვიოთ, თუ როგორ, რა მანძილიდან მოხდა გასროლა, რა სიმაღლის იყო მსროლელი. იქნებ, ფიფომაც სროლითვე უპასუხა? ჯერ ისიც კი არ ვიცი, თან ჰქონდა თუ არა ფიფოს იარაღი.
- კი. - თავი დაუქნია მიმიმ. - სულ თან დაჰქონდა და ხშირად კი, ორი.
- ჰმ. - გალეო მოიღუშა. - ფიფოს, სახლის გასაღებიც კი არ ჰქონდა თან.
- გამორიცხულია! - შუბლი შეკრა მიმიმ. - მანქანის გასაღებთან ერთად... - მიმი შეყოვნდა. - ესე იგი, ახლა ვიღაცას, ჩვენი სახლის გასაღებიც აქვს?
- სავარაუდოდ კი. - თავი დაუქნია გალეომ. - მაგრამ იქ ახლა დაცვაა და ვერავინ შევა!
- და იქნებ, უკვე მანამდე იყვნენ?
- ვიყავით უკვე და ვნახეთ.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. - და, როგორ შეხვედით?
- მამიდაშენმა მოგვცა შენი გასაღები, ჩანთიდან ამოგიღო, როცა გული წაგივიდა.
- და?
- ერთი შეხედვით, უწესრიგოდ არაფერია ჩანს და ისე, თუ შენთან ერთად ვნახავთ...
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - იქნებ, რაღაც საბუთი აკლია და როგორ გავიგო?
- მაინც, რომ ვცადოთ?
- კი, უნდა ვცადოთ! - კვერი დაუკრა მიმიმ. - ყველაფერი უნდა მოვსინჯოთ.
სახლი მართლაც არ იყო არეულ-დარეული. ყველაფერი თავის ადგილზე ჩანდა. მიმი ყურადღებით აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს. საძინებლები, სასტუმრო, მისაღები, სასადილო, ყველაფერი წესრიგში ჩანდა. ჯერი კაბინეტებზე მიდგა. იქაც არაფერი იყო შეცვლილი, მხოლოდ მიმიმ რაღაცნაირად აიბზუა ცხვირი.
- რა იყო? - იკითხა გალეომ.
- თითქოს აქ ვიღაც იყო, მაგრამ ვიცი რომ თქვენ ათვალიერებდით და...
- და რა? - ჩაეკითხა გალეო.
- რამდენი ხნის წინ იყავით აქ?
- გამთენიისას. და, რა იყო?
- რაღაც სხვა სუნი მცემს. - მიმი კვლავ დაიჯღანა. - არასასიამოვნო. არა, შენ კარგი სუნამო გასხია. - მიმიმ უხერხულობისგან აწურულ დეტექტივს გადახედა. - თქვენს მერე, აქ კიდევ ვიღაც იყო.
- გამორიცხულია! - შუბლი შეკრა გალეომ. - გუშინ, როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე დავაყენე აქ დაცვა. ორნი ვიყავით, მეტი არავინ შემოსულა. ხელი არაფერზე გვიხლია, მხოლოდ ოთახები მოვათვალიერეთ, ფანჯრის საკეტებიც შევამოწმეთ, სულ ეს იყო.
მიმიმ გაკვირვებისგან, ტუჩი დაბრიცა და ფიფოს საწერ მაგიდას მიუახლოვდა. არც კი იცოდა, ფიფომ როგორ დატოვა. ყველაფერი კოხტად, როგორც ყოველთვის მოწესრიგებულად იყო. მიმი მაგიდას მიუჯდა, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა.
- მაინც ისეთი შეგრძნებაა, რომ აქ თითქოს ვიღაც იყო. - მიმის თვალი არ გაუხელია ისე დაიწყო. - რაღაც მძაფრი, თითქოს... თითქოს რაღაც ძველმანების სუნი მცემს, რაღაც ნესტის... ან უკვე, აღარ ვიცი.
გალეომ მხრები აიჩეჩა. თვითონ ვერაფერს გრძნობდა.
- დანამდვილები იცი, რომ ფიფო იარაღს, სულ თან ატარებდა?
- კი! - მიმი სკამიდან წამოდგა. - ფიფოს ყოველთვის თან აქვს ორი, პატარა თოფი, თუ რევოლვერი? პისტოლეტი?
- ესე იგი, პატარა და ნაკლებად შესამჩნევი?
- ჰო! და თან, ორი.
პასუხად, გალეომ ამოიხვნეშა.
- რა? - ჩაეკითხა მიმი. - ვერც ერთი ვერ ნახეთ, არა?
გალეომ უარის ნიშნად, თავი გააქნია.
- სულ თან დაჰქონდა და ხომ შეიძლება, რომ იმ დღეს, არც წაეღო? - მიმი ფიფოს სეიფთან მივიდა, იცოდა პაროლი მარტივი იყო, მაგრამ ახლა, ვერაფრით გაიხსენა.
- კარგი, არაუშავს. - დაამშვიდა გალეომ. - იარაღის ტიპი, ხომ არ იცი შემთხვევით?
- არა. - მიმიმ ამოიხვნეშა. - არასდროს დავკვირვებივარ და არც მიკითხავს.
- ნუ, ერთი შეხედვით, აქაურობა ხელუხლებელი ჩანს, არა? - კვლავ ჩაეკითხა გალეო.
- ასე ჩანს და რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - და გამოძიება, როგორ მიდის? მეც მინდა ჩავერთო.
- ახლა შენ მიგიყვან, მე სამმართველოში უნდა გავიქცე, იქიდან კი პირდაპირ საავადმყოფოში წამოვალ და მოგიყვები რაც ვიცი.
- არ მინდა მიყვანა, ჩემით მივალ.
- მარტო, როგორ გაგიშვა?
- ცოტა ხნით დავრჩები სახლში. ტანსაცმელს მაინც გამოვიცვლი, გარეთ ხომ დაცვაა და საშიშიც აღარაფერია. თანაც უკვე, ფიფოზე მოინადირეს და ჩემი მოკვლა აწი, რაღა საჭიროა?
- მართალი ხარ, ფიფო რომ იდგეს ფეხზე, მის გასამწარებლად ოჯახს დაერეოდნენ, მაგრამ დაცვას მაინც დავტოვებ კართან და გამოსვლისას, აუცილებლად დამირეკე, საპატრულო მანქანას გამოგიგზავნი.
- არ მინდა რაა. აქედან, დედასთან გავივლი. იქ მყავს ჩემი მანქანა დატოვებული.
- ჰოდა, პატრული მიგაცილებს. დამიჯერე, ასეა ახლა საჭირო.
- კარგი. - მიმიმ ამოხვნეშა. - ისე, ბავშვსაც ვნახავდი, ბარემ. ალბათ, როგორ იწყენს.
- იქაც პატრული დგას. ახლა ძანესთან უფრო ურჩევნია დიმეოს, არ იდარდო შენ მაგაზე.
მიმიმ ბავშვს დაურეკა, მოიკითხა, მალე ნახვასაც შეჰპირდა. მერე სარკესაც თვალი მოავლო. საშინელი შესახედი იყო, ფერმიხდილი, ყველანაირი ემოციებისგან დაცლილი, გადაღლილი სახითა და გამოუძინებელი, დაბერილი თვალებით.
გრილმა შხაპმა, ცოტა გონზე მოიყვანა. თუმცა გარეთ, სულაც არ ცხელოდა. ჯერ კიდევ ზამთრისგან შემორჩენილი სუსხი, ადრეული გაზაფხულის ამინდს გადაჰკრავდა.
ტანსაცმელიც შესაფერისი შეარჩია. ნაკლებად გამომწვევი და შედარებით უფრო მოსახერხებელიც. სახლს, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და ის იყო, კარისკენ წასვლა დააპირა, რომ მაშინღა გაახსენდა, დიმეოს სამეცადინო ოთახი. გალეოსთან ერთად საძინებლების გარდა, მარტო ფიფოს და თავისი კაბინეტები მოიარა, დიმეოსთან, არც კი შეუხედავს.
მიმი მაშინვე, ბავშვის ოთახს მიადგა. ადრე იქ, მხოლოდ სათამაშოებით იყო გამოვსებული. მოგვიანებით კი, პიანინოც და სამეცადინო ნივთებიც დაემატა. ოთახს თვალი მოავლო. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული. დიმეო კარგი ბავშვი იყო. არეულ-დარეულს, არაფერს ტოვებდა. სუფთად და კოხტად ჰქონდა ყველა ნივთი დაწყობილი.
„არა, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქაც ვიღაც იყო და რას ეძებდა, ასე...“
მიმიმ გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ იმ ძველებური პიანინოს თავზე, სწორედ ის მოძველებული ლურჯი ლეპტოპი შენიშნა, რომელიც ანდერძად მიიღო პიპასგან და ვერც ვერავინ შესძლო მისი გახსნა და ასე გაუხსნელად ინახავდა სეიფში.
- ამას აქ, რა უნდა? - ჩურჩულით აღმოხდა მიმის. - და იქნებ, სხვა არის?
ძლივს მიუახლოვდა, მუხლები ეკეცებოდა, ხელის კანკალით ახადა ლეპტოპს. ნამდვილად ის იყო, და ახლაც ასევე გაუხსნელი და შეუვალი დახვდა.
„კი მაგრამ დიმეოს, რაში დასჭირდა ეს?
ან ჩემი სეიფიდან, რატომ აიღო?
და სეიფი, როგორღა გახსნა?“
მიმის ერთდროულად ათასი კითხვა გაუჩნდა და ახსნას ვერ უძებნიდა.
„იქნებ, ფიფომ აიღო და მერე, აქ დადო? ან აქ, რატომ შემოიტანა?
და ეთქვა მერე?
ან, რაში დასჭირდა?
იქნებ, ვერ მოასწრო თქმა და...
ისიც კი არ მახსოვს, ფიფომ ჩემი სეიფის კოდი იცის თუ არა, მაგრამ დიმეოსთან, რატომ დატოვა?
იქნებ, მაგ დროს დაურეკეს? ან იქნებ, ვიღაც მოვიდა აქ, ფიფოსთან სალაპარაკოდ, რა დროსაც ფიფო, ლეპტოპის გახსნას ცდილობდა და უცებ დიმეოს ოთახში გადამალა, რომ იმ ვიღაცას, არ შეევლო თვალი.“
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მიმის. - აღარც ვიცი უკვე, რა ვიფიქრო!
მიმის ტელეფონში, ზარი გაისმა.
- დეე, სად ხარ ამდენ ხანს? - აწუწუნდა დიმეო. - გელოდებით. მამიკოსთვის და ბებოსთვის, ცხელი ხაჭაპურებიც მზად არის.
- კარგი, დეე. მოვდივარ. - ჩაეღიმა მიმის.
„ეჰ, ვერც ბებო და ვერც ფიფო, ახლა ვერც ცხელ ხაჭაპურს შეჭამს და ვერც ცივს, ნეტა მართლა იმ დროს...“
მიმიმ ამოიხვნეშა.
ცხელი ხაჭაპურები, მართლაც დაახვედრეს. ძანეს ბებიამ, სულ ხვეწნა-მუდარით ძლივს შეაჭამა ერთი ნაჭერი. საავადმყოფოში წასაღებადაც ჰქონდა გამზადებული.
- იქ მომლოდინე ხალხსაც, ხომ უნდა ჭამა. - უხსნიდა ძანეს ბებია. - მამიდაშენიც იქ არის, ჩვენი ქირურგიც, დეტექტივიც, დაცვის ბიჭები, ჰოდა გაუნაწილე!
- არ მინდოდა, ასე რომ შეწუხებულიყავით. - მიმი თავს, უხერხულად გრძნობდა.
- აბა, რა შეწუხებაა? - იწყინა ქალმა.
- ისედაც დიმეო, თქვენს იმედზე მყავს.
- და მერე? ეგ არის შეწუხება? - გაეცინა ქალს. - პირიქით, მადლობელიც კი ვარ! ძანეს, როგორ უყვარს და ისე ხალისობს დიმეოს აქ გამოჩენით, ისეთი ბედნიერია, ვერც კი წარმოიდგენ!
- ცოტა ხანს, კიდევ დაგიტოვებთ. იქნებ, რომელიმე მაინც წამოდგეს ფეხზე და... - მიმიმ ამოიხვნეშა.
- შენ არ იდადო, მიმი, გენაცვალე. ხომ იცი? დიმეოს აქ, ცივ ნიავს არ მივაკარებთ! ჩვენთან იქნება, რამდენიც საჭირო გახდება, იმდენ ხანს დავიტოვებთ!
- ვერც ერთი სამადლობელი სიტყვაც კი ვერ დაიტევს, თქვენს მადლს. - მიმის ნაღვლიანად ჩაეღიმა და იქვე მოთამაშე ბიჭებს გახედა. - ძანე უკვე, რამხელაა. ფიფო, როგორც კი წამოდგება წავიყვანთ და კარგ პიჯაკს შევურჩევთ, დიდი კაცია უკვე.
- კი, დიდი კაცია. - კვერი დაუკრა ქალმა. - მაგრამ ბავშვური გულით და სულით. ასე არიან მთელი დღე, რაღაცას სულ ჭუკჭუკებენ, ძალიან ახლოს თუ მივედი, ორივე მაშინათვე გაიტრუნება.
- მართლა? - გაეღიმა მიმის. - რა საიდუმლო აქვთ, ნეტა ასეთი?
- აბა, მე რა ვიცი, შვილო. - ქალს გაეცინა. - რომ არ აგვაფეთქებენ, მაგაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული.
მიმის მდარედ გაეღიმა.
- ისე დიმეო, სულ რაღაცას იწერს, მაგრამ მალავს და არ გვაჩვენებს. რაღაც ფორმულებია, თან ჩანახატებს აკეთებს. ძანეს ეკითხება და ის, რასაც პასუხობს იმას იწერს და მერე ორივე, ერთად ჩაჰკირკიტებენ და რაღაცას ამოწმებენ.
- ჰმ, საინტერესოა. - მიმის ახლა ყურებამდე გაეღიმა.
- ბაბუ ამბობს, ბიჭები მეცნიერულ ნაშრომზე მუშაობენო და არც ხელი უნდა შევუშალოთ და არც ზედმეტი კითხვები არ უნდა დავუსვათო.
მიმი წამოდგა და როგორც კი ბიჭებისგან წავიდა, მაშინვე შეამჩნია, დიმეომ როგორ დახურა ტყავგადაკრული რაღაც სქელი რვეული, ზედ მკლავები დააწყო. თითქოს, გადაეფარაო და დედას, ყურებამდე გაუღიმა.
მიმის გულში ჩაეცინა. თუმცა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს ბავშვის ეს საქციელი, სულაც არ შეუმჩნევია.
ანდა, რა დროს ეგ იყო? რა დროს ბავშვების თამაშში ჩართვა იყო, როცა მისი ორი უსაყვარლესი ადამიანი, ერთმანეთის გვერდიგვერდ პალატაში, სიცოცხლისთვის იბრძოდა.
დიმეო კი ამ დროს, ძანესთან ერთად, გენეტიკის ფორმულას ადგენდა და ამ ამბავს, არავის უმხელდა. თავად დაარქვა ასეთი სახელი და დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა. ბევრ გაურკვეველ და გაუთვითცნობიერებულ რამეს შეესწრო და პასუხი, ვერსაიდან ვერ მიიღო. მამაც კი სწორედ იმ დროს გაიმეტეს სასიკვდილოდ, რომ კითხვის დასმაც ვერ მოასწრო და სანამ ფიფო, ფეხზე დადგებოდა, მანამდე სურდა, რაღაც-რაღაცეები, თავადვე გამოეკვლია და ამაში ძანე, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, მაინც საკმაოდ დიდ დახმარებას უწევდა.
- დეე, მამიკოს, როდის ვნახავ?
- ჯერ არ შეიძლება დეე. - ნაღვლიანად უპასუხა მიმიმ. - და მარტო მამიკოს რომ კითხულობ, ბებოს ნახვა, არ გინდა?
- ორივე, ხომ ერთად არის და ერთადაც ვნახავდი, შენ თუ წამიყვან! - სხარტად მიუგო ბავშვმა.
- ეჰ, ჯერ არც მე მაკარებენ ახლოს და ვნახოთ მერე. - ამოიხვნეშა მიმიმ. - და შენ, რას წერდი? - მშვიდად შეაპარა მიმიმ. - წეღან შეგამჩნიე.
- ჩვენ, კონსტრუქციას ვაშენებთ! - ისე მიუგო დიმეომ, რომ არც დაბნეულა, თითქოს წინასწარაც ჰქონდა უკვე მომზადებული პასუხი.
- ჰოო? - გაეღიმა მიმის.
- ამიტომ, ფორმულებს ვადგენთ და ამაში ხომ იცი, ძანე რა მაგარია? - დიმეომ ძანეს გახედა და მანაც, კვერი დაუკრა. - ფიბონაჩის ოქროს კვეთის პრინციპს ვიყენებთ!
- მდაა, საინტერესოა. - მიმის ახლა, გულიანად გაეცინა და ბიჭებს მიუალერსა. - ჩემი ყველაზე კარგი, მაგარი და ყველაზე ჭკვიანი ბიჭები.
დიმეო ცრუობდა, იტყუებოდა და მიმის ეჭვიც კი არ შეჰპარვია. რას წარმოიდგენდა მისი პატარა, მშვიდი, ბიჭი, თუ ასე ოსტატურად შესძლებდა დედის გაცურებას.
მიმი ბავშვებს გამოემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა. თუმცა, გადადგა თუ არა კარისკენ ნაბიჯი, მაშინვე მობრუნდა და დიმეოს კითხვა დაუსვა:
- დეე! უკითხავად რატომ აიღე, ჩემი ძველი ლეპტოპი?
ბავშვს აშკარად, ფერმა გადაჰკრა და მიმიც მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა.
- მომისმინე დედი. - მიმი დიმეოს მიუახლოვდა. - არასდროს, არსად, არც უცხოს და არც შინაურს, გესმის? არავის ნივთს, უკითხავად არ უნდა შეეხო და ამის გამო, ძალიან ვარ ახლა შენზე ნაწყენი. მით უმეტეს, რომ არაფერია იმ ძველ, გაფუჭებულ ლეპტოპში ისეთი დასამალი და გასაიდუმლოებული, მაგრამ ძალიან მეწყინა, შენი ქცევა იყო...
- და სად იყო, ეგ ლეპტოპი? - დიმეომ გულუბრყვილო სახით იკითხა. თუმცა მაინც ჩანდა, რომ რაღაც იცოდა, მაგრამ რა?
- არ მესმის, თავს რატომ იკატუნებ? - მიმის ხმაში, სიმკაცრემ გაჟონა.
დიმეომ თავი ჩაღუნა და ჩაიბურდღუნა:
- მართლა არ ვიცი სად იყო ეგ ლეპტოპი.
„ესე იგი, - ეგ ლეპტოპი! - ჰაჰ, ისიც იცის, რაზეც ვესაუბრები.“
გაიფიქრა მიმიმ.
- ძალიან საწყენია, რომ შენთვის, იმის ახსნა მჭირდება, თუ სხვის ნივთს, ხელი რატომ არ უნდა ახლო! არც სხვის უჯრებში იქექო და არც, სხვისი სეიფები გატეხო!
- რაა? - ბავშვი აშკარად განცვიფრდა. - არაფერი გამიტეხავს!
- აბა, თავისით გაიღო?! - ახლა მიმი აშკარად გაბრაზდა, თუმცა დიმეოს, მართლაც და გაკვირვებულმა სახემ, ცოტა დააბნია.
- რა? - ისევ იკითხა გაოგნებულმა ბავშვმა. - რა გაიღო თავისით?
მიმი წამით ჩაფიქრდა. ვერაფერს მიმხვდარიყო. ჩანდა, ბავშვმა იცოდა ლეპტოპის შესახებ, მაგრამ სად ინახებოდა, ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონია და აბა როგორ აღმოჩნდა მის ოთახში, ან რატომ?
- საიდან აღმოჩნდა ის ძველი ლეპტოპი, შენს ოთახში?
- ჩემს ოთახში? - დიმეომ ახლა, უცნაური სახე მიიღო.
მიმი ვეღარ გაერკვა, გაუხარდა, გაუკვირდა თუ დაიბნა. თუმცა აშკარად, უფრო მეტად აენთო ბავშვს თვალები.
- იცი, რა არის ყველაზე მეტად საწყენი? - მშვიდი ხმით განაგრძო მიმიმ. - საქმე იმ ნივთში, სულაც არ არის, მაგრამ ის, რაც შენახული მაქვს და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად სასარგებლოა ან ძვირფასია, შენახულია და მორჩა! და ამ დროს, რა ხდება? შევიხედე შენს ოთახში და რას ვხედავ? პიანინოს თავზე შემოდებული ის რაღაც, უმნიშვნელო, ძველი და გაფუჭებული, ფაქტიურად გადასაგდები, მაგრამ ჩემივე მიერ კარგად შენახული ნივთი, გამომზეურებულა! და კარგია, ეს საქციელი?
დიმეომ თავი ჩაღუნა, თუმცა თვალები უბრწყინავდა.
- დეე. - დაიწყო დიმეომ დაბალი ხმით. - იქნებ, მამამ დადო იქ?
მიმიმ წარბები აზიდა.
„იქნებ, მართლა ფიფომ დადო და მე კი, საწყალ ბავშვს ვაბრალებ?“
- დიმე! - მიმიმ ბავშვის სახე, ხელებში მოიქცია. - გთხოვ, არ მომატყუო. შენ მართლა არ გაგიხსნია ჩემი სეიფი?
- არა, დე. - გულწრფელად უპასუხა ბავშვმა. - მართლა.
- და არც ის ლეპტოპი გინახავს? - კვლავ ჩაეკითხა მიმი.
- არა, დე.
მიმიმ ბავშვი ჩაიხუტა.
- მაპატიე. - მიმის ცრემლები გადმოსცვივდა. - ახლა ისეთ ცუდ დღეში ვარ, რომ საკუთარი შვილიც კი ვერ დავინდე და მაპატიე, გთხოვ.
- ნუ ტირი, დე. - ამშვიდებდა დიმეო. - არ ვარ შენზე გაბრაზებული.
მთელი გზა მიმი, გაოგნებული იყო. დიმეოს სხვადასხვა რეაქციებს, ერთმანეთთან ვერ აკავშირებდა. ხან ეგონა, რომ ბავშვმა მართლაც რაღაც იცოდა იმ ძველი ლეპტოპის შესახებ და უმალავდა, თანაც ისიც კი არ იცოდა, თუ სად ინახებოდა.
„და აბა, როგორღა აღმოჩნდა მის ოთახში? ან რატომ?
იქნებ, მართლაც ფიფომ დადო, მაგრამ დიმეოს, რატომღა გაუხარდა მაშინ?
ვაიმე, რა სულელი ვარ, ახლაღა მივხვდი, ბავშვს ეგონა, რომ ახალი ვუყიდე და ალბათ ის იფიქრა და გაუხარდა.
რა შტერი ვარ! პატარა ბავშვს ვერჩი, შენს პიანინოზე ლეპტოპი რომ დევს, საიდან აიღეო, მას კი ეგონა, ალბათ ფიფომ უყიდა, რადგან მე ვეკითხებოდი და გაუხარდა, მერე კი სეიფის გატეხვაც დავაბრალე.
ღმერთო ჩემო, რა სასტიკი ვიყავი.“
მიმიმ საავადმყოფოს ეზოში ჩაუხვია. მანქანიდან გადმოვიდა და დიმეოს დაურეკა.
- ძალიან მიყვარხარ. - მიესიყვარულა ბავშვს.
- დეე, მე მართლა არ ამიღია ის ლურჯი ლეპტოპი.
მიმი ადგილზე გაშეშდა და მაშინვე თავში გაუელვა.
„მგონი, არც მიხსენებია, ლურჯი იყო თუ შავი. ან იქნებ, ეგეც ვთქვი?“
LEX. 2021 წლის 3 ივნისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment