Monday, June 7, 2021

ნატის ჩექმები (ნაწილი 4)


4.
- ყველაფერი, ჩემდა ჭირად მოიგონეს რაა. - კბილებში გამოსცრა მაკამ. - მაგრამ დამაცადონ, მაგასაც ავუღებ ალღოს! 
მაკა ექიმი, უფრო თავის თავს ესაუბრებოდა. საშინლად დამწუხრებული იყო, როცა ექოსკოპიის ახალი „სასწაულების“ დანერგვა დაიწყეს. ახლა ორსულმა ქალმა, უკვე დანამდვილებით იცოდა, თუ რამდენი შვილი უნდა გაეჩინა, რამდენს იწონიდა ნაყოფი, მუცლად ყოფნისას უკვე გამოვლენილი, რა პრობლემა ჰქონდა და ყოველივე ეს, მაკა ექიმს, პირველ რიგში, ტყუპის ცალის აწაპნის გეგმას სრულიად უშლიდა. 
- არ მომწონს, ეს ამბავი. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მაკას კაბინეტში შემოსულმა მეორე ექიმმა ქალმა.
ეს ექიმიც, მაკას „ერთგულების გუნდიდან“ იყო და რა თქმა უნდა, არც მას აწყობდა ეს მეცნიერული წინსვლა. 
- არც მე მომწონს, ჩემო ელზა! - კოპები შეკრა მაკამ. - მაგრამ რას ვიზამთ? - მაკა გაჩუმდა.
ელზა ექიმი, თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა და ელოდა, თუ როდისღა ამოიღებდა ხმას, მისი „მბრძანებელი“ და მარჩენალი
- ცუდია, ძალიან ცუდი. - ამოიხვნეშა მაკამ. - ჩვენს მეთოდს თუ ვერ გავაგრძელებთ, მაშინ გავკოტრებულვართ და ეგ არის! 
- ჰო, მაგრამ ახლა რომ ასეთი საფრთხილო გახდა, ჩვენ როგორღა უნდა გავაგრძელოთ? - შეწუხებული ხმით მიუგო ელზა ექიმმა.
- საფრთხილო? ჰმ. - მაკამ თავი გააქნია. - საფრთხილო, ყოველთვის იყო, არის და იქნება!
ელზამ ვერაფერი უპასუხა, მაკამ კი განაგრძო:
- აი სწორედაც, ამიტომაც არის საჭირო, რომ უძლიერესი გუნდი და უერთგულესი ხალხი გყავდეს ირგვლივ შემოკრებილი! ზუსტად ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ!
- რა თქმა უნდა! - მაშინვე დაეთანხმა ელზა.
- ჰოდა მაშინ, ბოლომდე ვუერთგულოთ ერთმანეთს და ვნახოთ მერე, რას მოგვიტანს ეს ერთგულება, ან შესაძლოა, ღალატიც კი.
- რას ამბობთ, მაკა ექიმო? - შეიცხადა ელზა ექიმმა. - ღალატი, რა საკადრისია?!
- ღალატია ისიც, ჩემო ელზა. - მაკა ექიმი წინ გადმოიხარა და ელზას, გამჭოლი მზერა მიაპყრო. - როცა გემოს გაუგებ და კარგად გამოძღები, მერე მადაც თანდათან უფრო მეტად მატულობს და ახლა სხვა, უფრო დიდ და სარფიან გარიგებას გამოეკიდები და უკეთესი მომავლისთვის, შენს ძველ გუნდს, რომელმაც თავის დროზე, წუმპედან ამოგიყვანა და მშიერიც დაგაპურა, აი სწორედ იმ ხალხს, უკანმოუხედავად ისე მიატოვებ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა კი არა ჰორიზონტზე, ბილიკიც კი შეიძლება ვეღარ დალანდო!
ელზა ექიმი, პირდაღებული შესცქეროდა მაკა ექიმის გადმოფრქვეულ სიბრძნის ღაღადს.
- რა კარგად ჩამოაყალიბეთ, მაკა ექიმო. - გაოცება ვერ დაფარა ელზამ.
- ნუუ, ასეა დაა... - ღიმილით შეიფერა მაკამ.
- იყოს მოღალატე და ჯიბეგაფხეკილი! - შემართებით დაიწყო ელზამ. -  თუ ერთგული, ფულიანი და ოჯახ დაპურებული! ვის არ უნდა აბა ეს? 
- ჰოდა, არც კარგი სამსახურები ყრია ასე, ჩემო კარგო. - ჩაურთო მაკამ. - შეიძლება ერთ დღესაც, საუკეთესო დაპირებებით გაბრუებულს, ახალი სამსახურიც შემოგთავაზონ და შენც გაბადრული, მაშინვე დაყრი ყველაფერს და ამაყად იწყებ ახალ თანამდებობაზე მორგებას. ამ დროს, შენი ბრიყვი ტვინით, იმასაც კი ვერ ხვდები, რომ ეს ყველაფერი, ისევ მათთვის კეთდება და არა პირადად, შენთვის და წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ ასე სათავისოდ უნდა გამუშაონ. მთელს შენს ცოდნასა და გამოცდილებას, უპრობლემოდ გამოიყენებენ და მერე, შენს ნაშრომსა და ნამოღვაწარსაც სრულიად მარტივად მიითვისებენ. შენ კი, უკვე კარგად გამოყენებული, აღარ ხდები მათთვის საჭირო და  ამოპანღურებული, უმუშევარი რჩები სწორედ იმის გამო, რომ ძველს უღალატე! არ დააფასე და სხვამ, ძალიან ადვილად შესძლო, შენივე ცოდნისა და გამოცდილების, თავის სასარგებლოდ გადმობირება და ამასობაში კი, რა ხდება? - ჩააშტერდა მაკა, ელზას. 
ელზა ექიმი კი ამ დროს, თვალებგაფართოებული შესცქეროდა თავის მარჩენალს და ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა და ყოველი მისი სიტყვა, კარგად დაემახსოვრებინა.
„პირი მაინც დახურე, შე ბრიყვო.“
ჩაეცინა გულში მაკას და კვლავ განაგრძო ელზას დამუშავება.
- და ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ წლების მანძილზე, რაც ისწავლე და რაც იცოდი, სულ სათითაოდ დაფქვი, შენს ახლად შეამხანაგებულ ამფსონებთან! ყველა გზა და ხრიკები გაუმხილე და ახლა შენ, რომელმაც თავის დროზე, სწორედ ის ხელი დაკბინე, რომელიც მართლა პურს გაჭმევდა, ახლა სრულიად უხელ-ფეხო დარჩი და აი, სწორედაც რომ ამაშია იმ ღალატის მთელი არსი!
- ისემც, მიწა გამისკდეს, თქვენი ღალატი, გულშიაც რომ გავივლო! - შესძახა, მაკას შეგონებით აღფრთოვანებულმა ელზამ.
- არა, არა! - გაეცინა მაკას. - აბა ახლა, შენი მიწის გასკოდმა მინდა, მე? ჩემი მარჯვენა ხელი ხარ!
ელზას, მაკას შექება, აშკარად ესიამოვნა და სიხარულისგან, ხმა ვეღარ ამოიღო.
- ამ ყველაფერს, იმისთვის ვამბობ, რომ არ უნდა დახარბდე იმაზე მეტს, რისი თავიც არ გაქვს! - განაგრძო მაკამ. - თუმცა ეს ყველაფერი, შენ ნამდვილად არ გეხება, რადგან პირადად შენ, ჩემთვის, მართლაც რომ უერთგულესი და შეუცვლელი თანამშრომელი ხარ!
- უდიდესი მადლობა, ნდობისთვის, მაკა ექიმო! - თვალები აუწყლიანდა ელზას. - ღმერთმა სულ, დალოცვილი გატაროთ!
- შენი მადლობა, ჩემი ერთგულებაა. - ღიმილით აღნიშნა მაკამ. - ყველას გვინდა, კარგი ცხოვრება და ჩვენც, ვშრომოთ ამისთვის.
- ძალიან ბევრიც ცდილობს ჩემთან დაახლოებას, რადგან იციან, რომ თქვენი მფარველობის ქვეშ ვარ! - ამაყად წამოაყრანტალა ელზამ.
მაკას, ცოტა არ იყოს, ელზას სიტყვები არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და საკმაოდ მშვიდი ხმით მიუგო:
- შურითა და ბოღმით გახეთქილ ადამიანებთან დაახლოებას, ნამდვილად არ გირჩევ! უბრალოდ, რაში გჭირდება? - მხრები აიჩეჩა მაკამ. - თუმცა, მაინც ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ახალი ხალხი და არც ხშირ-ხშირად არის აუცილებელი, ახლების შემოამხანაგება საჭირო. 
- თქვენს გარეშე და უკითხავად, მაგას აბა, როგორ ვიზამ? - მიუგო ელზა ექიმმა. - თან ყველა ჩემები, გაფრთხილებული მყავს! უნდათ კარგი ცხოვრება? მაშინ ამოვუდგეთ ერთმანეთს გვერდში! 
- მოკლედ, ყველაფერი იგივენაირად წავა. - განაგრძო მაკა ექიმმა. - დაე, იცოდნენ ორსულებმა, ტყუპი ჰყავთ მუცელში, თუ ერთი! ჩვენს ამბებში, ეგ ბევრს არაფერს წყვეტს. მთავარია, მერე როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. - მაკამ იყუჩა და მალევე განაგრძო. - ზოგი დღენაკლულია და ბუნებრივიცაა, რომ ფილტვები არ გაეხსნას ბოლომდე, განსაკუთრებით კი, ცალი. - მაკა ექიმს, სახეზე ღიმილი მოერია. - აი, რაც შეეხება ტყუპებს, აქ უკეთესი ვარიანტიც შეიძლება იყოს. 
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ელზას. 
- რატომაც. არა! - მაკა ექიმი წინ გადმოიხარა. - აი ტყუპებში კი, რომელიც ხშირად ისედაც ხდება ხოლმე, ერთ-ერთმა ტყუპის ცალმა, უფრო იმარჯვა, მძიმე მდგომარეობიდან გამოძვრა და გადარჩა! მთელი ენერგია, სწორედ იმ ერთმა წაიღო მეორისგან, რომელიც სამწუხაროდ, უფრო სუსტი აღმოჩნდა და რა თქმა უნდა, ვერც გადარჩა. აი, სულ ეს არის! - მაკა ექიმმა, მხიარულად შემოჰკრა ტაში. 
- გენიოსი ხართ, მაკა ექიმო! - სიხარული ელზა ექიმსაც გადაედო. 
- ასეა, ჩემო კარგო. - შეიფერა მაკა ექიმმა. - ყველაფერს, კარგად დაფიქრება უნდა. ახლა წადი და მიხედე საქმეს. მერე ერთ დღეს, ჩემთან ჩავუსხდეთ, ისეთ ყავის ლიქიორს ვაკეთეებ... მმმმ... 
- აუცილებლად, მაკა ექიმო! მეც რამე გემრიელობას მოვამზადებ და ვიჭუკჭუკოთ მერე ერთად! 
ელზამ მაკას კაბინეტი დატოვა თუ არა, მაკამ შვებით ამოისუნთქა. 
- შე მართლა ჭუკო, შენა. - ჩაეღიმა მაკას. - მთავარია, მიერთგულე და იჭუკჭუკე რამდენიც გინდა.
მაკა ექიმი, გაბადრული სახით გაიზმორა. იმ დღიდან მოყოლებული, სამშობიარო სახლში, მაკას მიერ დანერგილი მეთოდებით გრძელდებოდა ახალშობილთა წაგლეჯა დედის მკერდიდან. კარგადაც გამოსდიოდათ და მშვენივრადაც უმართლებდათ. მშობლებსა და ახლობლებს, ეჭვიც კი არ ეპარებოდათ მაკას ბოროტი გუნდის სიმართლეში. მოგვიანებით კი, სხვა სამშობიარო სახლებმაც მიბაძეს და ახლა უფრო მეტად სარწმუნო ხდებოდა მსგავსი ხრიკები. არავის დაუსვამს ზედმეტი კითხვა, იმის შესახებ, თუ რატომ იყო ასე გახშირებული, ჩვილების გარდაცვალების მიზეზად, ცალი ფილტვის გაუხსნელობის დასახელება. თუმცა, მართლაც იყო ხოლმე მსგავსი შემთხვევები, მაგრამ არც იმდენად ხშირად და ინტენსიურად, როგორც უცხადებნენ „გარდაცვლილი“ ჩვილის მშობლებს.
მაკა ექიმი, თავის კაბინეტში გემრიელად მიირთმევდა ახლად მოდუღებულ ქაფქაფა ყავას, როცა გაბადრული სახით შემოსულმა ელზა ექიმმა, ახალი სარფიანი ვარიანტის ამბავი ამცნო.
- მშვენიერია. - გაუღიმა მაკამ. - ძალიან კარგი. აბა, მივხედოთ საქმეს!
ელზამ თავი დაუქნია და კაბინეტი დატოვა. 
- ბუნჩულა, ფუმფულა ჩვილი. - ძალიან დაბალ ხმაზე წაიჩურჩულა მაკამ და მსუყე ფულის მოლოდინში, სიამოვნებისგან შეიშმუშნა.
მოულოდნელად ელზა ექიმი, ისევ შემობრუნდა. 
- მაკა ექიმო. - დაბალ ხმაზე დაიწყო ელზამ. - ის გუშინდელი მშობიარე, ქმარი რომ არ ახლავს და მარტო დედამისი რომ ელოდა, ახლა რაღაც საეჭვოდ ჭიჭყინებს. 
- რა უნდა? - ჩაეკითხა მაკა. 
- ვიღაც პროფესორებს მოვიყვანთო, იმუქრებიან და...
- რატომ მოვიყვანთო? - შუბლი შეკრა მაკამ. - თქვენ რა უთხარით? 
- ცალი ფილტვი ჯერ კიდევ არ ეხსნება და თანაც, ჩვილს გამუდმებით გულყრა აქვსო, რომ ვუთხარით, აქეთ დაგვემუქრა. 
- მდაა. - მაკა ჩაფიქრდა. - ყოველთვის ისე, არც გამოვა ჩვენ რომ გვინდა, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. თანაც, „ისტერიჩკა“ და ცოფიანი დედები, დროულად უნდა მოვიშოროთ თავიდან, რომ მერე, სხვებიც არ აიყოლიონ. 
- და, რა ვქნათ? 
- არც არაფერი! - მხრები აიჩეჩა მაკა ექიმმა. - თუ მართლა ასე სერიოზულად იმუქრება და თანაც, ყველაფერი იმდენად წესრიგშია, რომ უკვე საეჭვოდაც ჩანს, მაშინ გაატანეთ ბავშვი! ოღონდ, ასე უცებაც ნუ მიახლით. 
- ნუ, ჰო. - მოიღუშა ელზა ექიმი. 
- ზოგჯერ, ცოტა უნდა დახარჯო კიდევაც, რომ მერე, უფრო მეტი მოიგო! - თვალები მოწკურა მაკამ. - ამ შემთხვევაში, ბონუსის გარეშე კი ვრჩებით, მაგრამ ხომ არაფერი წაგვიგია? საკუთარი ჯიბიდან, ხომ არ დაგვიხარჯავს? დამიჯერე, ახლა ასე სჯობს. 
- კი, მასეა. - კვერი დაუკრა ელზა ექიმმაც და მაკას კაბინეტში შეყოვნდა. ჩანდა, კიდევ ჰქონდა რაღაც სათქმელი.
- კიდევ არის, რამე საინტერესო? - ჩაეკითხა მაკა. 
- იგივე ვარიანტი გვინდოდა, მაგრამ ამ გოგომ რომ ატეხა ერთი ამბავი, მაშინვე გავჩერდით. იმავე პალატაში მეორე გოგოს, ჯერ ვერაფერი ვუთხარით. არადა, ესეც კარგი ვარიანტია. - დანანებით გააქნია თავი ელზამ. - თან, ბიჭია. 
- ჰმ. - ჩაეღიმა მაკა ექიმს. - ბიჭი უფრო ძვირი ღირს, მაგრამ რატომღაც ხშირად, გოგონები უფრო მეტად მოთხოვნადია. 
- ჰო, ისედაც გადაბერებულ, უშვილო წყვილებს, გოგონა რომ უფრო ურჩევნიათ, ეს ფაქტია! წყლის მომწოდებელი უნდათ, გენაცვალე. თვითონ ვერ გააკეთეს და ახლა, სხვისგან მოუნდათ. - გაეცინა ელზა ექიმს. 
- ისე, სულაც არ მომწონს ეგ. - წარბი შეკრა მაკა ექიმმა. - შვილი, სიყვარულის ნაყოფი თუ არა, მაინც ოჯახის ბედნიერებაა! ამისთვის აჩენ! ან სულაც, ამისთვის უნდა აიყვანო და არა, შენს მომავალ მომვლელად ზარდო! - მაკამ ფანჯრისკენ გადაიტანა მზერა. - ეს ოხერი ფული, რა ვთქვი, თორემ მასეთებს, არც გავატანდი ბავშვს! 
- არადა, რა კარგად იხდიან ეგენიც. - თავი გააქნია ელზა ექიმმა. 
- და მეორე ვარიანტზე, რაო? რა ხდება? 
- რა ვიცი, მაკა ექიმო. ფილტვი რატომ არ გაიხსნაო, იმ ერთმა გოგომ რომ ატეხა ამბავი, მეორესთან უკვე ვეღარ ამოვიღეთ ხმა. 
- მერე? სხვა მიზეზი არ გამოვა? - თვალები მოწკურა მაკამ. - თუ ასეთი კარგი ვარიანტია. 
ელზა ექიმმა მხრები აიჩეჩა. 
- ჩავერიო მე? - ჩაეკითხა მაკა. - თუ, თქვენ თვითონ მოაგვარებთ? 
ელზამ ვერაფერი უპასუხა. სახეზე ეწერა, მაკას ჩარევას ლამობდა.
- კარგი, აბა წამო. - მაკა ექიმი წამოდგა და ელზას მიჰყვა კვალში. 
მუთაქასავით გახვეული ჩვილი, საკმაოდ ჯანმრთელი ხმით ჩხაოდა. გასაყიდად გამზადებული, დედასთან ჯერ კიდევ არ ჰყავდათ მიყვანილი, რადგან ათას მიზეზს იგონებდნენ, რომ როგორმე დრო გაეწელათ და ბავშვი დედისთვის, ახლოსაც არ გაეკარებინათ. ხელოვნურად გამოკვებამ, ეტყობა პატარა, ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა და ამიტომაც, ასე ძლიერად მოშიებული, ბოლო ხმაზე გაჰკიოდა. 
- მშვენიერი ჯანმრთელი ბიჭია, ცოტა ეს სიყვითლე რომ არ ჰქონდეს. - სპეციალურად, ხმის აწევით შენიშნა მაკა ექიმმა. 
- ეს უბრალოდ, ფიზიოლოგიური სიყვითლეა. - ღიმილით დაურთო იქვე მდგარმა ექთანმა. 
მაკამ უსიამოვნო სახით აზიდა წარბები.
– „დ“-ვიტამინის ნაკლებობაა. - განაგრძო ექთანმა. - აქვე მზეზე გადავდგამ მის საწოლს და გადაუვლის ორ-სამ დღეში. 
- შენ გირჩევნია, ენას მოუკლო. - დაბალი ხმით უსაყვედურა ელზამ. 
- სულ მთლად ნარინჯისფერია ბავშვი! - უფრო სხვების გასაგონად ხმამაღლა აღნიშნა მაკა ექიმმა და მერე შედარებით, დაბალი ხმით დასძინა. - და აჭამეთ რამე, თორემ დააყრუა მთელი სამშობიარო. 
- ახლა რადგან ასეთი სიყვითლე აქვს, დედის რძე უმჯობესია, მაგრამ... - ექთანი შეყოვნდა. - როგორც თქვენ იტყვით, მაკა ექიმო. - ექთანმა მაკას, თვალი აარიდა.
ცხადი იყო, ამ ჩვილის ბედს, ახლა მთავარი ექიმი, ღრმად პატივცემული, ქალბატონი მაკა წყვეტდა. 
- ნახეთ მერე, ვინმე ბრიყვი გოგო. - დაბალ ხმაზე მიმართა მაკამ. - ისეთი, ვინც ზედმეტ კითხვებს არ დასვამს. თანაც, ბევრი რძეც რომ ჰქონდეს და აჭამოს!
- კარგი, ვნახავ. მაკა ექიმო. - მიუგო ექთანმა.
- და სადმე სხვა ოთახში, ცალკე! - მაკას ხმაში უკვე მბრძანებლური ტონი იგრძნობოდა. - იქვე პალატაში არ შეუყვანოთ. 
ექთანმა უხმოდ დაუქნია თავი.
- ამ ჩვილის დედას კი. - განაგრძო მაკამ. - ასეთი ნარინჯისფერი შეახედეთ და თანაც, კარგად დაძინებული. 
- მასე ვიზამთ, მაკა ექიმო! - თავი დაუქნია ელზამ.
- ისე, თუ გინდათ. - მაკამ ახლა ელზას გახედა. კუვეზშიც შესვით. ვითომ, სუნთქვაც უჭირს. - ჩაეღიმა მაკას და იქაურობა დატოვა. 
- როგორი გონებამახვილი ხართ, მაკა ექიმო! - აღფრთოვანება ვერ დაფარა ელზა ექიმმა და ექთანს, მაკას მითითების შესრულება დაავალა. 
ექთანმა ლამის, ყველა პალატა შემოიარა. ყოველ მშობიარე ქალი კარგად შეათვალიერა. ელზა ექიმი კი შორიახლო ადევნებდა თვალს, რომ მათთვის ხელსაყრელი, შესაძლო ვარიანტები, კარგად შეერჩია ექთანს და არაფერი გამოჰპარვოდათ.
ვარიანტების მეტი რა იყო, რადგან ბევრმა ქალმა გამოთქვა სურვილი, რომ დედის რძის გარეშე დარჩენილი უსუსური, მშიერი ჩვილი, თავად გამოეკვება. მერე ისევ, როგორც სხვა დროს ხდებოდა ხოლმე, ერთ-ერთ, შედარებით ყველაზე ახალაგაზრდა და გულუბრყვილო დედაზე შედგა არჩევანი. 
- ერთი ჯგუფის სისხლი გაქვთ და შენს რძეს უფრო მიიღებს ბავშვი. - აუხსნა ექთანმა და გოგონაც მაშინვე დათანახმდა.
- თან რეზუსიც ერთი გაქვთ. - განაგრძო ექთანმა და პალატაში, სხვა დედებს მოავლო თვალი.
ქალებმაც მაშინვე კვერი დაუკრეს და აქეთ-იქიდან წამოიძახეს, აბა, რაა, ერთნაირი რეზუსი უნდა ჰქონდეს ჩვილს და დედას, რომ დედის რძე, ადვილად შეირგოსო.
- ისედაც ბევრი რძე მაქვს და აბა, მშიერ პატარას ხომ არ დავამადლი. - ყურებამდე იღიმოდა გოგონა. - ჩემი ცქნაფა, მაინც ვერ ერევა ამდენს.
- ჩვილს, ცოტა მძიმე მდგომარეობა აქვს და აქ ვერ შემოვიყვან. - შეპარვით უთხრა ექთანმა. - შენ უნდა გამომყვე.
- წამოვალ! რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ახალგაზრდა დედამ და მაშინვე კვალში მიჰყვა ექთანს, რომ სხვისი დამშეული შვილი დაეპურებინა.
გოგონა ცალკე ოთახში შეიყვანეს და ბოლო ხმაზე აჩხავლებული ჩვილიც კალთაში ჩაუგორეს. 
- რა გოლიათია. - გაეცინა ახალგაზრდა ქალს. - ისე ეცა, ლამის მეც შემჭამოს! 
ექთანმა არაფერი უპასუხა. 
- დედამისს, რძე არა აქვს? - იკითხა გოგონამ.
ექთანმა, აქეთ-იქეთ მიმოიხედა. თითქოს ამოწმებდა, ხომ არავინ მისმენსო და მერე ძალიან ჩუმად, დაბალი ხმით უჩურჩულა: 
- ამ ბავშვის დედა უარზეა, არ უნდა მისი წაყვანა. 
- უი, საწყალი. რა საყვარელი ბავშვია. - შეეცოდა ახალგაზრდა დედას და ახლა, მეორე ძუძუც მოაწოვა დამშეულ ჩვილს. - ჭამე პატარავ, ჭამე. შე საწყალო.
ექთანმა ალმაცერად გადმოხედა.
- ისე, რამხელა ცოდვაა, არა? - გოგონამ კვლავ საუბრის დაწყება სცადა. - აბა, ასეთი პაწაწინას მიტოვება, როგორ შეიძლება?
- ნუ, რას ვიზამთ? - მხრები აიჩეჩა ექთანმა და თვალიც აარიდა.
- ალბათ, ქმარი არ ჰყავს და მაგიტომ უფრო ტოვებს?
- მგონი, გაიპარა ის გოგო! - დაბალი ხმით „გაანდო საიდუმლო“ ექთანმა.
- ვაიმე, მართლა? - შეწუხდა ახალგაზრდა დედა.
- ჰო, აბა! - განაგრძო ექთანმა. - სოფლიდან ყოფილა ჩამოსული, აქ სასწავლებლად და სწავლის მაგივრად... - ექთანი წამით შეყოვნდა, რომ თავისივე შეთხზული ვერსია, უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო. - და თავისავე ლექტროს შეუცდენია!
- უი! - შეიცხადა გოგონამ.
- მერე კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. - განაგრძო ექთანმა. - ის კაცი, ცოლ-შვილს ვერ ტოვებს და ალბათ, არც აპირებდა მიტოვებას და არც იმის გამხელა სურს, რომ თავის სტუდენტთან ჰქონდა კავშირი და თავისთავად, ვერც შვილად აღიარებს ბავშვს. იმ გოგოს კი, ოჯახში ბავშვით ხელში, ვერ მიესვლება და ასე, გააჩინა და დააგდო აქ, ისე რომ საკუთარი შვილისთვის, არც კი შეუხედავს!
- ასე მართლა, როგორ შეიძლება? - კოპები შეკრა გოგონამ. - აჭამე მაინც და ისე დატოვე.
- ოო, აი სწორედაც, რომ მაგაშია საქმე. - თავი გადააქნია ექთანმა. - რომ აჭამოს, მერე შეიძლება მაშინვე შეეჩვიოს და უცებვე შეუყვარდეს კიდევაც და მერე, ვეღარც დატოვოს.
- ვაიმე, რა ცუდია.
- ეჰ, აქ ისეთ ისტორიებს მოვისმენ ხოლმე, რომ... - ექთანმა სინანულით ამოიხვნეშა.
- ნეტა, რომელი გოგო იყო?ჩაფიქრებული ხმით იკითხა ახალგაზრდა დედამ. - რომელ პალატაში იწვა? 
- რაში გაინტერესებს?
- რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - ისე.
- მგონი, გაიპარაო და... - დაბალი ხმით მიუგო ექთანმა. - იქნებ, გავარკვიო. ისე, მეც არ ვიცი ვინ არის და ახლა, დავინტერესდი.
ექთანი ოთახიდან გავიდა. ვითომდა მართლაც ამბის გასაგებად, სინამდვილეში კი იქვე, დერეფანში გაჩერდა.
მოულოდნელად, გვერდით კაბინეტიდან, ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ექიმს ურეკავდნენ. 
- დიახ, დიახ! ძალიან სამწუხარო ამბავია. - პასუხობდა ელზა ექიმი. - ნუ, რას ვიზამთ? ახალგაზრდები არიან და კიდევ ეყოლებათ! 
მერე კიდევ რაღაც-რაღაცეებს პასუხობდა და ტელეფონის გათიშვისთანავე, ექთანს უხმო. 
- იცოდე, ჩხობაძის ბავშვი, გარდაიცვალა! - მკაცრი ხმით უთხრა ექთანს. 
ექთანმაც კვერი დაუკრა და კვლავ იმ ოთახში შებრუნდა, სადაც სულ სხვა ჩვილის დედა, სხვის ბავშვს კვებავდა და ახლაღა შენიშნა, რომ გოგონას, ყველაფერი ესმოდა.
ახალგაზრდა დედა, გაფითრებული სახით მიაჩერდა ექთანს და მერე მუთაქასავით შეხვეულ ბავშვს დახედა, რომელსაც ზონრით შემოკრულ პატარა თხელი, რაღაც ტყავივით ფირფიტაზე, დაბადების თარიღთან ერთად, გაკრული ხელით ეწერა: 
„ჩხობაძე-ვაჟი; 
წონა - 3.500; 
სიგრძე - 52 სმ.“
ექთანმა აჭარხლებული სახე აარიდა და მერე მკაცრად ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს, ოთახის დატოვება უბრძანა. 
- დასვი ბავშვი იქ და წადი ახლა, შენსას მიხედე!
LEX. 2021 წლის 7 ივნისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment