Friday, June 18, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 110)


110.
 
- მოკლედ, რა გაირკვა? - იკითხა მიმიმ, როცა ძანეს ბებიის გამომცხვარი, ცხელ-ცხელი ხაჭაპურები ჩამოარიგა და სკამზე დაღლილი დაეშვა. 
სახე ისევ ფერმკრთალი და გაფითრებული ჰქონდა. უსიცოცხლო, გადაღლილი თვალები, ხშირად ერთ წერტილზეც უშეშდებოდა. 
- მიმი! მგონი, ერთი გადასხმა, კიდევ გჭირდება. - ფრთხილად შეაპარა ქირურგმა. 
- არა! არ მინდა რაა. - თავი გააქნია მიმიმ. 
- მაინც, არ მომწონს შენი ფერი. 
- კიდევ კარგ ჭკუაზე ვარ. - შუბლი შეკრა მიმიმ. - ერთ ნაჭერს, მეც ავიღებ. - მიმი ცხელ ხაჭაპურს წაეტანა. - იქაც ვჭამე, მაგრამ კიდევ მომინდა. 
- მერე, ძალიან კარგი! - მოუწონა ქირურგმა. - უნდა ჭამო აბა, რაა? 
მიმიმ გემრიელად გადასანსლა და ახლა, მეორე ნაჭრისკენ გაექცა თვალი. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ თავს იკავებდა. 
- მიმი, ნუ გერიდება. - ღიმილით აღნიშნა ქირურგმა. - იმდენი მოიტანე, რომ მთელ სართულს ეყო. 
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მაშინაც სულ ასე ცხელ-ცხელი ვყლაპე და კინაღამ შემიწირა, ისე ცუდად ვიყავი. 
- ჰოო, ცხელი ცომი და თანაც ბევრი, ძალიან ცუდია. - მიუგო ქირურგმა. - ისე, ბარემ აქვე ხარ და არ გინდა, გავესინჯოთ? იქნებ, სულაც არც არაფერია, ან უბრალოდ, რაღაც დიეტა დაგინიშნონ. შენ, კუჭ-ნაწლავს, ასე ნუ ეხუმრები. 
- უჰ, რა დროს ეგ არის. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- მართლა მიმი. - კვერი დაუკრა გალეომ და პირი მოიწმინდა. - დაუჯერე ახლა ქირურგს, ასე სჯობს. მართლა არ არის შენი ავადმყოფობის დრო. ნახე? რამდენ ხალხს სჭირდები? ყველაზე ერთდროულად შენ ფიქრობ, ჩვენი დანაყრებაც კი არ გამოგრჩენია. 
მიმის ცალყბად გაეღიმა და თავი დაუქნია: 
- კარგი, დაგიჯერებთ, სად გავესინჯო, ან რომელ ექიმთან? თუმცა, არც მაქვს ამის თავი. 
- ახლავე შევჭამ და გავარკვევ. - მიუგო ქირურგმა. - ბარემ, აქვე ვართ და რაღას ველოდოთ? ანალიზებსაც ავაღებინებ. - ქირურგი შეყოვნდა. - მართლა არ მომწონს მიმი შენი ფერი. ჰემოგლობინი აშკარად, კიდევ უფრო დაგეწია. 
- მერე ანალიზები, მშიერზე არ უნდა? - უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი მიმიმ. - მე კი ერთბაშად ისე გამოვსკდი. 
- ექოსკოპიისთვის რა უჭირს, იყოს სავსე კუჭი, ასე უფრო გამოჩნდება მიზეზი. 
- მართლა? - მიმიმ წარბები აზიდა. 
ქირურგმა არაფერი უპასუხა, ისე წამოდგა. თუმცა გალეომ, მშვენივრად შეამჩნია, თუ როგორ აარიდა მიმის თვალი, მერე მალევე დაბრუნდა და მიმის უხმო, ქვედა სართულზე გველოდებიანო. 
- სანამ მოხვალთ, მე ყავას დაგახვედრებთ. - მიაძახა გალეომ. 
- არა, რაა. - დაიჯღანა მიმი. - აქაური აპარატის ყავა, ვერ ავიტანე, საშინელი სუნი აქვს. 
- მაშინ, გარედან შემოვიტან, რომელი გინდა? - ჩაეკითხა გალეო. 
- იყოს, ჯერ არ მინდა რაღაც. - მიუგო მიმიმ და ქირურგს მიჰყვა კვალში. 
ქვედა სართულზე, ექოსკოპიის კაბინეტში, უკვე ელოდნენ მიმის და ოდნავ ეჭვიც კი არ შეჰპარვია, თუ რატომ მიიყვანა ქირურგმა იქ. 
- გილოცავთ. - მიახარა ექოსკოპისტმა. - ორსულობა, თითქმის სამ კვირამდე, უფრო ზუსტად, ორ ნახევარი კვირაა. ჯერ სქესს ვერ ვხედავ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი, სტაბილურად მიდის. ცოტა დედიკო კი გვყავს ფერმკრთალი და ამასაც მივხედავთ. 
მიმი გაოგნებული იყო. ხმას ვეღარ იღებდა. არ იცოდა სწყენოდა, თუ გახარებოდა. 
- ისე რატომღაც, თავიდანვეც მასე ვიეჭვე. - ყურებამდე უღიმოდა ქირურგი. - სანამ ჩვენთან მოხვიდოდი, მანამდე რაღაც სხვანაირი იყავი, მერე ჩემთან სტუმრობისას, ისე მადიანად ყლაპავდი, რომ მაშინვე გულში გამკრა. თუმცა, არაფერი გკითხე. 
- და აქამდე მომიტყუე, არა? - მიმის მდარედ ჩაეღიმა. - ახლა რა ვქნა? რა დროს ეს იყო. მართლა ესღა მაკლდა, რაა. - მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი. 
- ასეთმა ლამაზმა გოგომ, სულ უნდა აჩინოს და აჩინოს. - ღიმილით მიუგო ექიმმა. 
- არ იყო, ახლა ამის დრო. - შეწუხებული ხმით მიუგო მიმიმ. 
- შვილმა დრო, არ იცის. - შეეპასუხა ექიმი. - ასე თუ შევხედეთ, ბავშვის დროს, ალბათ ვერასდროს გამოვძებნით. ისე, თუ მართლა არ გინდა, ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ მოიშორო და ძალიან დიდ ხანსაც, ნუ გადადებ, თორემ მერე... 
- არა. არა! - ჩაერია ქირურგი. - სწორედაც რომ ახლა ეს ბავშვი, საჩუქარია! ყველანაირ შემთხვევაში, სასწაული საჩუქარი! 
მიმიმ უნდობლად შეხედა ქირურგს. 
- ვალდებული ხარ! ფიფოს წინაშე ხარ ვალდებული, რომ ეს ბავშვი, გააჩინო და გაზარდო! მალე შენი დედიკოც გამოჯანმრთელდება და აბა ნახე, როგორ გაიხარებს ახალი პატარა შვილიშვილით, ცალკე შენი დედამთილიც ცას ეწევა სიხარულით! 
- მერე, ფიფო? - ნაღვლიანად წაიკვნესა მიმიმ. 
- შენც ხომ კარგად ხვდები, რომ ფიფოს სიცოცხლე, ახლა სასწორზეა. მართლა ძალიან ცუდად არის. თუმცა, არც კი ვიცით, ხვალ რა იქნება... 
- მეც სწორედ, მაგას ვგულისხმობ. - შეაწყვეტინა მიმიმ. 
- და მეც სწორედ, ამას გეუბნები. - განაგრძო ქირურგმა. - ფიფომ თუ დაგვტოვა, ამ შვილს გიტოვებს მიმი და იცი ეს შენ კარგად, მაგრამ ახლა, სხვაგვარადაც შევხედოთ ამ ყველაფერს, ფიფო რომ გამოჯანმრთელდება, როგორ ძლიერ გაახარებ, აბა დაფიქრდი. 
- არ ვიცი, არ ვიცი. - თავი გააქნია მიმიმ. - რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. 
- ყველაფერი ნაფიქრალია და აღარ უნდა ამას, ბევრი ლაპარაკი! - მსუბუქად შეუტია ქირურგმა. - ახლა აუცილებელია დასვენება, სწორი კვება, ვიტამინები! 
- ჯერ, ნურავის ეტყვი, რაა. - შეევედრა მიმი. 
- რატომ ვითომ? ისედაც ლამის, ყველა გატყობდა. 
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. 
- დიახ, მართლა. - გაეცინა ქირურგს. - სხვათა შორის, პირველად, შენმა დედამთილმა იკითხა და მერე, მამიდაშენიც ჩაფიქრდა. 
- და შენ კი, აქ გამომაქცუნე. - მიმის მდარედ ჩაეღიმა, დერეფნის ბოლოსკენ გასწია და გალეოს გვერდით ჩამოჯდა. - და შენსკენ, რაღა ხდება? - მიმართა ქირურგს. 
- ჯერ არც არაფერი, საინტერესო. ზოგჯერ, მიკვირს კიდევაც, რატომ ამიყვანეს ისეთ სამსახურში, სადაც ფაქტიურად, არაფერს ვაკეთებ. 
- როგორ? სულ არაფერს გავალებენ? - გაიკვირვა მიმიმ. 
- როგორც ქირურგს, არა. მხოლოდ პედიატრის მოვალეობას ვასრულებ და რაში სჭირდებოდათ ჩემი იქ მიწვევა? საუკეთესო პედიატრების მეტი, რა არის? 
- არა, მასე ნუ იტყვი. - თავი გააქნია მიმიმ. - საუკეთესო, ყოველთვის ცოტაა. 
- მაგრამ მაინც არიან. 
- ისე, ეგ მართლა საინტერესოა. - ჩაურთო, დეტექტივმა. - რაღა მაინც და მაინც შენ და არა, სხვა? თანაც ძალიან კარგად იციან, სადაც მუშაობ, რა პოსტი გიჭირავს და როგორი დამსახურებაც გაქვს. აი, ჩემი პროფესიის ვარიანტში, რომ განვიხილოთ ჩამოგაქვეითეს, თუმცა უფრო მეტი ხელფასია და რატომ? 
- მაგას, ვერც მე ვერ ვხვდები. - მიუგო ქირურგმა. - მაგრამ ეს ყველაფერი, ტყუილად რომ არ იქნება მოწყობილი, ეგ ცხადია! 
- იქნებ, ფიფოს ამბავიც, მაგასთან არის კავშირში? - იკითხა მიმიმ ჩაფიქრებული ხმით. 
- მიმი. - გალეომ მიმის გადახედა. - ამ ეტაპზე, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დაზუსტებით, ვერაფერსაც ვერ ვამბობ. 
- და, ის რაღაც ტყვიების ტრაექტორიაო? - ჩაეკითხა მიმი. 
- ჰოო. აი, მანდ ცოტა, რაღაც უცნაურობებია. - მიუგო გალეომ. - მხოლოდ აქ, საავადმყოფოს დერეფანში, არ მინდა ამის გარჩევა. 
- აი, საღამოსკენ, მიმი როცა წაბრძანდება სახლში, დედამთილ-მამამთილს და მამიდასაც, თან გაიყოლებს. - ღიმილით გადახედა ქირურგმა. - მერე გვიან, ერთად ჩავუსხდებით და ყველაფერს მოგიყვებით, რაც ვიცით.
- რა თქმა უნდა! - კვერი დაუკრა გალეომ. 
- არა! სად უნდა წავიდე? - შუბლი შეკრა მიმიმ. 
- სამი დღე ღამე აქ ხარ, დერეფანში. - დაიწყო ქირურგმა. - არ შეიძლება, თორემ პალატასაც ავიღებდით აქვე. მხოლოდ იმ გვერდით შენობაში შეიძლება, რაღაც პალატის დათრევა და ისიც საკითხავია, თუ რა პირობებში. 
ქირურგი ცრუობდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. გალეოც მიუხვდა და მაშინვე მხარი აუბა: 
- და მიმი! რა მნიშვნელობა აქვს, სხვა შენობაში იქნები, თუ სახლში? 
- ვიქნები აქ, დერეფანში! - ჯიუტად განაცხადა მიმიმ. - ისევე, როგორც გუშინ და გუშინწინ! 
ქირურგმა არაფერი უპასუხა, მერე დერეფნის შუაგულში გამოვიდა და ყველას ერთად უხმო. 
- მოდით აქ ყველანი! - გამოაცხადა რიხიანი ხმით. - ამ კლინიკის ადმინისტრაცია, კატეგორიულად მოითხოვს, რომ ქვემოთ, მოსაცდელში გადაინაცვლოთ და იქაც დიდ ხანს, არ უნდა გაჩერდეთ, რადგან აქ სხვა პაციენტების პატრონებსაც სურთ მოსვლა და თუნდაც, სულ ცოტა ხნით, ვესტიბიულში სკამზე ჩამოჯდომა. - ქირურგი შეყოვნდა და უკმაყოფილო სახეებს მოავლო თვალი. - რადგანაც, ორივე პაციენტის მდგომარეობა, შედარებით სტაბილურია და სიმართლესაც გეტყვით, რომ ფიფოსთან ჯერ ისევ ისე, არაფერი იცვლება, ხოლო მიმის დედა კი, ბევრად უკეთ გრძნობს თავს და ამიტომაც, არ შეიძლება ამდენი ხალხის, აქ ამდენ ხანს, ასე გადაბმულად ყოფნა! მოდით დღისით, რიგ-რიგობით, ინახულეთ და ღამით კი, გაათავისუფლეთ მედ.პერსონალი, ზედმეტი შეკითხვებისგან!
ქირურგის ამ სიტყვებზე, ხალხი აყაყანდა, არავის უნდოდა, იქაურობის დათმობა. 
- მომისმინეთ, კიდევ ერთხელ! - დაიწყო ისევ ქირურგმა. - მიმი, არის ორსულად! წეღან შევიტყვეთ და ისე არის დაბნეული, რომ მგონი, აბორტზეც კი ფიქრობს, ამიტომ ამოუდექით ყველანი მხარში და უკვე მალე გამოჯანმრთელებულ ფიფოს, ასეთი საოცარი და ბედნიერი სიურპრიზი დავახვედროთ! 
ხალხი ისევ ახმაურდა, ცრემლიანი თვალით მიმის ულოცავდნენ და ბოლოს, ქირურგისა და დეტექტივის ძალისხმევით, როგორც იქნა, სიხარულთან ერთად, გულდამძიმებულნი, სახლებში წავიდნენ. 
მიმი, დედისეულ სახლში მამიდასთან ერთად დარჩა. მოგვიანებით ქირურგი, ჩუკი და გალეოც ესტუმრნენ. 
- ჩაის მოვამზადებ. - შესთავაზა მიმიმ. - თუ გინდათ, ყავა? 
- იყოს ჩაი. - ლამის ყველამ ერთხმად მიუგო. 
- რა მეშველებოდა, თქვენ რომ არ მყავდეთ. - მიმის ნაღვლიანად გაეღიმა. 
- აბა, ახლა აქ, წუწუნი არ იყოს! - შეუძახა ქირურგმა. - მთავარია, ერთად ვიდგეთ და მერე, ვნახოთ. 
- ყველას მივხედავ, არავის დავტოვებ დაუსჯელს! - გალეომ ლეპტოპი ჩართო. - აი, ნახეთ. - გრაფიკული გამოსახულების ჰოლოგრამით, ფიფო გამოჩნდა. - ოთხი ტყვია, პირდაპირ აქვს ნასროლი. მსროლელი სავარაუდოდ დაახლოებით მისი სიმაღლის, ან ოდნავ დაბალი უნდა ყოფილიყო. - გალეომ ახლა, მეორე გრაფიკულ გამოსახულებაზე, თითით მიანიშნა და ის ტრაექტორია აჩვენა, თუ როგორ და საიდან უნდა გაესროლა მკვლელს. - აი, ეს ისვრის დაახლოებით, ამ მანძილიდან. სროლის დროს, მის პირისპირ დგას. შეიძლება, შორიდანაც დაუძახა. ფიფოც მისკენ წავიდა, ან თავად მიუახლოვდა. თუმცა, არც იმდენად ახლოს და არც ძალიან შორს. დაახლოებით, ხუთ მეტრამდე დაშორებით, ან უფრო ნაკლებიც. 
- მერე ფიფომ, როგორ ვერ მოასწრო იარაღის ამოღება? - იკითხა მიმიმ. - როგორც ვიცი, ყოველთვის საკმაოდ სწრაფი რეაგირებით გამოირჩევა. 
- აქ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. - განაგრძო გალეომ. - ერთი ის, რომ დაუძახეს, თუ არა მაშინვე შემობრუნდა და უკვე მომზადებული იარაღით ტყვიებიც დაახალეს. მეორე ის რომ, იქნებ ძალიან კარგად იცნობდა მკვლელს და ვერც კი წარმოედგინა, რომ ესროდნენ. 
- იქნებ, ფიფომაც მოასწრო გასროლა? - ჩაერთო ჩუკი.
- იყო ეგ ვარიანტიც. - თავი დაუქნია გალეომ. - რადგან დანაშაულის ადგილას, სხვა სისხლის ჯგუფიც არის აღმოჩენილი. ოდნავ მოშორებით, დაახლოებით მკვლელის გასროლის ადგილიდან, უფრო ბევრად წინ, სადღაც უფრო ფიფოსთან ახლოს. თუმცა, იქნებ სრულიად შემთხვევით, სულ სხვა ადამიანის სისხლი იყოს, სულ სხვა ვითარებაში, ხომ შეიძლება ცხვირიდან წასკდა ვინმეს და... 
- თუმცა, ეგ ნაკლებად სავარაუდოა, არა? - დაუმატა ქირურგმაც. 
- ნუ, ყველა და ყველანაირი ვარიანტი უნდა დავუშვათ. - განაგრძო ისევ გალეომ. - რაც შეეხება ჰილზებს, საერთოდ არც ერთი არ დაგვხვდა იქ. მხოლოდ ერთადერთი ტყვია ვიპოვნეთ, კედელში შერჩენილი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა სისხლის კვალი და ზუსტად იმავე იარაღიდან არის გასროლილი, მაგრამ ცოტა რაღაც, გაურკვევლობაში ვარ. - გალეო შეყოვნდა, თითქოს აღარ აპირებდა გაგრძელებას, ან ფიქრობდა, თუ როგორ უნდა გადმოეცა და რომ სწორად გაეგოთ. 
- მერე? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. - კედელში შერჩენილი ტყვია, საკმაოდ მაღალ ადგილას იქნა მოძიებული. - გალეომ მონიტორზე ადგილი მიანიშნა. - თუ ვიფიქრებთ, რომ წინა რამდენიმე გასროლის შედეგად, ფიფო წაიქცა და ნაკვალევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუმცა საკმაოდ გადათელილი იყო, მკვლელმა უფრო დაწია ხელი, რომ კიდევ ესროლა მისთვის... 
- საკონტროლო გასროლა. - ამოიხვნეშა ქირურგმა. 
- საკონტროლო? - შეშინებული ხმით იკითხა მიმიმ. 
- საკონტროლო, თუ უკონტროლო, ეს ამდენი ტყვიის მოხვედრებაც მაგას ნიშნავს, მიმი. - მიუგო ჩუკიმ. - და თუ მკვლელმა ხელი დასწია, მაშინ კედელში ნაპოვნი ნატყვიარის სიმაღლე, რაღაც არა ბუნებრივია.
- თუ ფიფო უკვე წაქცეული იყო და ის ტყვია, ბევრად ზევით იპოვნეთ, მაშინ რა გამოვიდა? - იკითხა ქირურგმა. - იქნებ, ეგ პირველი ტყვია იყო და დანარჩენები, უფრო ზუსტი დამიზნებით ისროლა? 
- შეიძლება. - მხრები აიჩეჩა გალეომ. - მაგაზეც ვიმსჯელეთ უკვე განყოფილებაში. 
- და სასწრაფოში ვინც დარეკა, იმას არაფერი დაუნახავს? - მოსაუბრეებს მამიდა წაადგა თავს. 
- ჰოო. - გალეომ ტუჩი გადმობრიცა. - აი, მანდაც არის კიდევ რაღაც უცნაური. 
- მამიდა, რატომ არ გძინავს? - მსუბუქად უსაყვედურა მიმიმ. 
- მერე, მერე? - მამიდა გალეოს მიუბრუნდა. 
- სასწრაფო ფიფოს მობილურით არის გამოძახებული. - მიუგო გალეომ, მაგრამ მიმიმ შეაწყვეტინა. 
- ესე იგი, ჯერ კიდევ გონზე იყო? 
- ვერ გეტყვი. - მიუგო გალეომ. - ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ფიფოს ფეხსაცმლის ძირზე საერთოდ არ იყო სისხლის კვალი. მობილური კი, უფრო მოშორებით ეგდო. 
- იქნებ, დარეკა და მერე მოისროლა? - იკითხა მამიდამ. 
- ეგ, გამორიცხულია! - ლამის ერთხმად მიუგო ყველამ. 
- მამიდ, როგორ წარმოგიდგენია? - უკმაყოფილოდ შეეპასუხა მიმი. - სადღაც რეკავ და თან ასეთ სიტუაციაში, გინდა დახმარებას უხმო და მერე ტელეფონს შორს, რატომ აგდებ? 
- ვიღაცამ, ფიფოს მობილურით გამოიძახა სასწრაფო და ჩუკიმაც ტელეფონიც ზუსტად იქ აღმოაჩინა. - გალეომ ჩუკის გახედა. - სადაც ის ერთი ტყვია იყო შერჩენილი კედელში და თანაც, მობილური ძირს კი არ ეგდო, არამედ კედელთან იყო სიგრძით აყუდებული, ზუსტად ნატყვიარის ქვეშ, თუმცა ნატყვიარი, ბევრად ზევით იყო, მაგრამ იმ ჩამოყოლებაზე. 
- რა საოცარია! - აღმოხდა მიმის. - ესე იგი, ვიღაც მეზობელი შეესწრო და... 
- ყველა დავკითხეთ! - მიუგო გალეომ. - მთელი უბანი და ყველას, ისეთი უტყუარი ალიბი აქვს. 
- და კამერები? რას მიკეთებდნენ იქ? - წარბშეკრული იკითხა მამიდამ. 
- კამერები, წინასწარ იყო უკვე დაზიანებული და ზოგიც გამურული, ისე რომ დანაშაულის ადგილი კი არა, საერთოდ არაფერი ჩანდა. არც ქუჩა, არც ფარეხში შესასვლელი და არც თვითონ ავტოფარეხი! 
- ფიფოს კისერთან, სიგრძეზე დამწვრობის კვალი აქვს. - ჩაურთო ქირურგმა. - ეს ტყვიის კვალია, ალბათ იმისი, კედელში რომ შერჩა. 
- ესე იგი. - მიმი მონიტორს შეაჩერდა. - ფიფო მუხლებზე რომ დაეშვა, ის ბოლო ტყვია, ვეღარ მოარტყეს და... 
- აი, მანდ კიდევ, რაღაც ისე ვერ ლაგდება. - გალეომ თავი გააქნია. - მაგ ტყვიის ტრაექტორიაა, ცოტა უცნაური. - გალეომ წამით იყუჩა. - თუ ტყვიამ ყელთან გაუკაწრა ესე იგი, ფიფო ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ მაშინ მისი სიმაღლე, ბევრად უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო. 
- ნუ მუხლებზე... 
- არა, მიმი, არა. - თავი გააქნია გალეომ. - მუხლებზე რომ მდგარიყო, მაშინ ტყვია უფრო მაღლა გამოდის ნასროლი. სადღაც, ფიფოზე ბევრად დაბალ კაცს რომ დაუმიზნო, დაახლოებით ის სიმაღლე აქვს ნატყვიარის ადგილს. 
- ჩვენ ხომ ვვარაუდობთ, რომ ფიფომაც ესროლა და იქნებ, მკვლელი წაბარბაცდა და ახლა სხვა მხრიდან ისროლა? - იკითხა მიმიმ. 
- არც ეგ არის გამორიცხული. - დაურთო ქირურგმა.
- ჰო, მაგრამ. - გალეო შეყოვნდა. - ტყვიების მოხვედრის შემდეგ, ფიფო მუხლებზე არ დავარდნილა. არამედ, უკან გადავარდა. ამას მოწმობს, მისი ტანსაცმლის დათვალიერებაც და ძირს დაცემის შედეგად, მცირე ტრავმა, კეფის არეში. რაც შეხება სროლას, ფიფოს საერთოდ არ გამოუყენებია იარაღი, არანაირი კვალი არ ჰქონდა ხელებზე. 
- მდაა. - ქირურგმა მხრები აიჩეჩა. - და ის ტყვიის განაკაწრი კისერთან? ამას, როგორ ახსნი? 
- ანუ, ეგ ერთ-ერთი ტყვია იყო. - დაასკვნა მიმიმ. 
- სავარაუდოდ. - დაეთანხმა გალეო. - თუმცა, ფიფოს კისერთან ნაკაწრი ქვემოდან ზევით აქვს ზოლად და იმ ნაპოვნ ტყვიას კი, საერთოდ არ აქვს დნმ-ს კვალი. 
- ნუ ცხადია, რომ - დაიწყო ჩუკიმ. - ვიღაცამ, ხელი შეუშალა მკვლელს და სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო. მობილურიც ისე მიაყუდა, რომ კედელში ტყვია გვეპოვნა. 
- კი, არის ეგ ვერსიაც! - თავი დაუქნია გალეომ. - რადგან ფიფოს, სხვა ტყვიებიც მოხვდა და ის ერთი, ყველაზე საბედისწერო, რომელიც სავარაუდოდ სახეში უნდა მოხვედროდა, ასცდა და მხოლოდ ყელთან გაუკაწრა, მაგრამ ეს სულ სხვა ტყვიაა. 
- ვერაფერი გავიგე? - უკმაყოფილოდ გააქნია თავი მიმიმ. 
- სავარაუდოდ, ფიფოს ერთმა ტყვიამ, კისერთან გაუარა. გაკაწრა, მაგრამ არ მოხვდა. დანარჩენმა, დაჭრა და ის ერთი კი კედელში შერჩა, სულ სხვა ტრაექტორიითა და მანძილით ნასროლი. აი, ამაშია საქმე! 
- და მერე, სად არის ის, ვინც დარეკა? ან ვინ არის? - იკითხა მამიდამ. - იქნებ, ვიღაც ქალი ახლდა ფიფოს და... 
- კარგი რა მამიდა, რაა. - უსაყვედურა მიმიმ. 
- რა გიკვირს? - კოპები შეკრა მამიდამ. - როდის აკლდა ფიფოს, ბოზებში სირბილი? ყოველთვის მიკვირდა, შენ როგორ არ ეჭვიანობდა და როგორ... 
- და სახლში მოიყვანდა? - ცინიკური ხმით შეაწყვეტინა მიმიმ. - მგონი, არასდროს ჰქონდა მაგის გაჭირვება, სადმე სხვაგან ექირავა ოთახი, ან სახლი! მამიდა! ფიფოს საკუთარი სახლის ფარეხში ჩაუსაფრდნენ და იქ ესროლეს! 
- და თანაც, შესვენების დრო იყო. ნეტა, საიდან იცოდნენ, რომ სწორედ ამ დროს მოვიდოდა, სახლში? - კვლავ ჩაურთო ჩუკიმ. 
- ფიფოს ტელეფონში, ვერაფერი აღმოვაჩინე. - განაგრძო ისევ გალეომ. - არაფერი ისეთი, რაც ამ ამბავს, რაღაც ნათელს მოჰფენდა. 
- ესე იგი. - დაიწყო ჩუკიმ. - იცოდნენ, როდის, რა დროს, სად უნდა დახვედროდნენ. იქნებ, ფიფომაც იცოდა, ვის უნდა შეხვედროდა და თავად დაიბარა იქ, ან... 
- არც იმდენად სულელია ფიფო. - შეაწყვეტინა მიმიმ. - თუ კი იცოდა, რომ ცუდ ხალხს უნდა შეხვედროდა, ჯერ ერთი, სახლის სიახლოვესაც კი არ დაიბარებდა. თანაც, იარაღებიც მზად ყოფნაში ექნებოდა. სავარაუდოდ, გალეოსაც რაღაცნაირად შეამზადებდა და ერთს კი არა, ორ გასროლას, მაინც მოასწრებდა! 
- და იქნებ, დაუკერეს და უთხრეს, რომ მისი პირადი მანქანით მისულიყო? - იკითხა ჩუკიმ. - ფიფო სახლში მივიდა, მძღოლი გაუშვა და ამიტომაც ჩაუსაფრდნენ ფარეხში მომზადებულნი. 
- სამწუხაროდ. - მიუგო გალეომ. - არც სამსახურის და არც მობილურის ზარზე, არაფერი იყო მსგავსი. ფიფომაც იცის, რომ მისი საუბრები იწერება და იშიფრება, ამიტომ ეგ შეტყობინება, რაღაც სხვა გზით ექნებოდა მიღებული. 
- ვიღაც უცხო შეესწრო ამ ამბავს, ფიფო გადაარჩინა და თავად, არც კი უნდა რომ გამოჩნდეს. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მიმიმ. - მისი მადლიერი უნდა ვიყო, მთელი ცხოვრება, ნეტა მართლა გადარჩებოდეს. 
- კარგი, რა მიმი, რააა. - უსაყვედურა ქირურგმა. - ჯერ არავინ არაფერი იცის, ფიფოს ორგანიზმი რამდენად გადაიტანს. წინასწარ, ნუ ოხრავ. მაგას სჯობს, სანთელი დაანთო და ილოცო. აგერ ჩუკი დაგაკვალიანებს. 
- ფიფოს ლოცვას, აბა როგორ მოვაკლებ, მაგრამ მიმი. - ჩუკის ჩაეღიმა. - ოხვრას ლოცვა, რომ სჯობს... 
- კარგი ბატონო. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ვილოცებ კიდევაც და სანთელსაც დავანთებ, ეგ თუ უშველის. 
- აბა, ეგ რა ლაპარაკია? - ჩაერთო მამიდა. - ვის რად უნდა, შენი დანთებული სანთელი, თუ გულით არ მოინდომე და არ ილოცე? 
- ჰო, კარგი, კარგი. - თავი გააქნია მიმიმ. 
- მოკლედ, ჩვენ წავედით. - გალეომ ლეპტოპი დახურა. - თქვენ გამოიძინეთ. 
- თერთმეტ საათამდე, არ გნახოთ იქ არც ერთი მოსული! - გააფრთხილა ქირურგმა. 
- რატომ? - იკითხა მამიდამ. 
- იმიტომ, რომ მანამდე, პაციენტის მდგომარეობის ახალ ამბავს, დილის შემოვლის გარეშე, ვერავინ გეტყვით. გასაგებია?! - მკაცრად შეუტია ქირურგმა. - დაისვენეთ, გამოიძინეთ და მიმი! მიხედე თავს! ფიფოს ხათრით, რადგან გადაწყდა, რომ ეს ბავშვი უნდა გაჩნდეს, მაშინ მიეცი საშუალება, რომ იყოს ჯანმრთელი! 
- თუ რამე გჭირდება, ყველაფერს მე ამოგიტან. - მიუგო ჩუკიმ. 
- ისე, ხვალ დილით, ბარემ უზმოდ მოდი, ანალიზები ჩავაბაროთ. - უთხრა ქირურგმა. - და რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაჩენთ! მთავარია, ნერვიულობა შეამცირო, ლოცვას მოუხშირო და შედარებით, მშვიდად იყო. 
- მიმი, მოსახდენი ისედაც მოხდება. - მიმართა ჩუკიმ. - და არც ჩვენ და არც არავინ იცის, რა მოხდება, ამიტომ წინასწარ ნუ ინერვიულებ, ამით ბავშვს აზიანებ. თანაც შენი ნერვიულობა, ფიფოს საერთოდაც არ გამოაჯანმრთელებს. 
- და მერე, როგორ გაიხარებს, კიდევ ერთი შვილით. - ღიმილით დაურთო მამიდამ. 
მიმის მდარედ ჩაეღიმა და თავი დაუქნია. ყველანი მართლები იყვნენ. თავადაც იცოდა, რომ ისედაც ასე იყო. ახლა მხოლოდ, საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა. თუნდაც, ფიფოს ხათრით. 
„და დიმეო?“ 
გაუელვა მიმის. 
„საწყალი ბავშვი, სულ მიაგდო დედამ. 
დედას ცხოვრება, როგორ უხმოდ ესმის ყველასი, ჩემი ჭკვიანი კაცი, მეცნიერულ ნაშრომზე მუშაობს ბიჭი.“ 
მიმის ჩაეღიმა, ახლა საოცრად მოუნდა დიმეოს ჩახუტება. 
„ეჰ რა კარგი დრო იყო. ჩუმად შევუწვებოდი დიმეოს საწოლში, ჩავკოცნიდი. მერე ფიფოც შემოვიდოდა ბავშვის მოსაფერებლად. ორივეს გვეცინებოდა, თან პირზე ხელს ვიფარებდით, დიმეს რომ არ გაღვიძებოდა.“ 
მიმის ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. ბევრი თბილი და სასიამოვნო გაიხსენა, მერე მუცელზე მოისვა ხელი.
- შენ ვინ ხარ ნეტავ? - წაიჩურჩულა მიმიმ. - დიმეოს დაიკო ხარ, თუ ძამიკო? იცი პატარავ, ახლა საერთოდ არ ვარ შენს განწყობაზე, არც მე და არც არავინ, მაგრამ მაინც შემოგვეჭერი ჩვენს ცხოვრებაში და ვინ იცის, რა ფეხით მოდიხარ ჩვენთან. იქნებ, სულაც შენ ხარ ის დიდი სიხარული, შენი მოსვლით უნდა დაისადგუროს ჩვენს ოჯახში ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდემ. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ან იქნებ, ისეთი გამოხვიდე, რომ სულ გადაგვდგა? - მიმის გაეცინა და ცოტა გულზე მოეშვა. 
LEX. 2021 წლის 18 ივნისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment