81.
დიმეოს, ნაცნობი ხმის გაგონებაზე, სხეულში დაუარა. ერთ ადგილას გაშეშდა და უკან შემობრუნებასაც ვეღარ ბედავდა. სამაგიეროდ, ფიფო შემობრუნდა.
- კეთილო კაცო, ცივ წყალს თუ დაგვალევინებთ...
- რას ჰქვია, არ დაგალევინებთ? - არ აცალა სიტყვის დასრულება ფიფოს. - ღვინოსაც მოგართმევთ და გემრიელადაც გასადილებთ! - მასპინძელს დიმეოსთვის, ზედ არც შეუხედავს, ისე შეუძღვა ფიფოს ჭიშკარში და თან, დიდ ძაღლსაც დაუცაცხანა.
- ამდენს, ვერ შეგაწუხებთ! - გაიპრანჭა ფიფო. - თანაც, იქეთ გველოდებიან.
- მერე, დაუძახე! მობრძანდით! - კაცმა, ეზოში აშვებული ძაღლის დასაბმელად, სქელ გრძელ ჯაჭვს ხელი წამოავლო და ის იყო, საყელურით უნდა მოეზიდა, რომ ძაღლი გაექცა ჭიშკრის გარეთ მდგარ, ერთ ადგილას გახევებულ ბიჭს, ყეფითა და კუდის ქიცინით ზედ შეახტა, მხრებზე თათები დაადო და ლოკვა დაუწყო. დიდ ძაღლს არც ლეკვები ჩამორჩნენ და წკმუტუნით ეცნენ ბავშვს და მის ფეხებთან გორვა დაიწყეს.
ყველაფერი წამებში მოხდა, ფიფომ ვერც მოასწრო გააზრება, რომ კაცმა უკვე ძაღლს შეუყვირა, მაგრამ ცალკე კიდევ, ლეკვების საქციელის მერე, გაჩუმებას აზრი აღარ ჰქონდა და ფიფომაც ენა ამოიდგა.
- წყალსაც დავლევ და ღვინოსაც, მაგრამ ჯერ სიმართლე მინდა! - ფიფომ მკაცრი ხმით წარმოსთქვა, თუმცა სახეზე სიმკაცრე, სულაც არ ეტყობოდა. - შენ კი, რას გაშეშებულხარ მანდ?! - ახლა ბავშვს შეუძახა. - ისეთი დამფრთხალი თვალებით მიყურებ! ამხელა ძაღლის არ შეგეშინდა და ჩემი გეშინია? მამ! - ახლა უკვე, ხმა შეარბილა ფიფომ. - როდის იყო, რომ გაგიბრაზდი, გიყვირე ან მკაცრად დაგსაჯეთ ან მე, ან დედამ? მხოლოდ სიმართლის გარკვევა მინდა თქვენგან! - ფიფომ თითით მიანიშნა, ჯერ ერთს და მერე მეორეს! - ორივესგან! - ფიფომ ამოისუნთქა. - ახლა კი მართლა დავლევდი ცივ, სუფთა ჭის წყალს.
ვეტერინარს ჩაეღიმა და ბიჭს შეუძახა:
- მოდი, დოტი! რას დაყუდებულხარ?!
- დოტი? - გაუკვირდა ფიფოს.
- ჰო! - კვერი დაუკრა კაცმა. - თვითონ დაირქვა დოტო, მაშინ როცა იმ ნაძირალა ავაზაკებისგან, თავის დახსნა სურდა.
- ჰმ, დოტი! დოტო! - ჩაეღიმა ფიფოს.
მასპინძელმაც თითქმის იგივე გაიმეორა, რაც უკვე დიმეოსგან ადრეც ჰქონდა მოსმენილი ფიფოს, თუმცა საკუთარი, უკვე არაერთხელ გამოცდილი ალღოს წყალობით, მშვენივრად ხვდებოდა, რომ არც ეს იყო სრული ვერსია. მათ მონაყოლს, აკლდა კიდევ რაღაც და არც თუ ისე, უმნიშვნელო.
- მაინც, მიკვირს. - უხსნიდა ფიფო. - ჩვენ ხომ ჯილდოც დავაწესეთ, ნუთუ მართლა არაფერი გინდათ?
- რაში უნდა გამოვიყენო? იმაზე მეტი მაქვს, რამდენიც მჭირდება, იქეთ ვურიგებ სხვებს! ჯილდოზე კი, პირველად მესმის. ან საიდან უნდა გამეგო? აქ არც ტელევიზორი იჭერს და არც რადიო! სოფელიც კი კილომეტრშია, ამბის მომტანიც არავინ მყავს.
- აი, მაგას მე მოვაგვარებ! - გაუხარდა ფიფოს. - ტელევიზია, ჩემზე იქნება!
- არ იჭერს-თქო, აბა რა გითხარი? თორემ ერთი უბრალო ტელევიზორის ყიდვა, რაღა გახდა?
- ჰოდა, სწორედაც რომ მაგას მოვაგვარებ! და არ იფიქრო, ტყუილად გპირდები. ტელევიზორიც იქნება აქ და ინტერნეტიც!
- იქეთ სოფელშიც კი წესიერად არ უჩვენებს! ეჰ, არ გამოვა ეგ, ამბავი.
- გააჩნია ვისთვის! - უკან არ იხევდა ფიფო. - ვალდებულიც კი ვარ...
- ვალი აღარ გამაგონო! და ისე, სოფელს თუ კარგ რამ სიკეთეს გაუკეთებ, მადლიც იქნება!
- სახლსაც ცოტას შეგილამაზებ და...
- რას ამბობ, კაცო! - გაეცინა მასპინძელს. - აქ მდიდრული და ძვირფასი სახლი რომ ჩავდგა, არც დღე მომასვენებ და ღამითაც ძილს დამიფრთხობენ!
- ყველაფერს ისე მოგიგვარებ, რომ ზედმეტად არავინ შეგაწუხოს. - დააიმედა ფიფომ. - სოფელსაც ექნება ინტერნეტი, აბა მარტო შენ ხომ არ იჯდები ჩათში? - თვალი ჩაუკრა დიმეოს.
ბავშვს გემრიელად გაეცინა.
- რას გაცინებს, ბარტყო? აბა მარტო მე ვიჯდე ინტერნატში და სოფელი, არა?
- ინტერნეტი, ბაბუ, ინტერნეტი! - დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა.
- ჰო, რაც არი! - ხელი ჩაიქნია კაცმა. - მერე ვინღა მომასვენებს? მთელი სოფელი დღე და ღამ აქ ჩამომიჯდება, ჩემს ჭკუაზე ტელევიზორსაც ვეღარ გადავრთავ! თუმცა, სად მაქვს. - ახლა ღიმილით გახედა ფიფოს.
- სოფელსაც თუ არ ექნა ინტერნეტი, აბა მარტო აქ ხომ არ იქნება? - ჩაურთო ფიფომ. - გზა მაინც იქიდან წამოვა, თუმცა ეგეც შეიძლება, რომ მარტო შენ გქონდეს, მაგრამ კომპანიისთვის უფრო მომგებიანია, რაც მეტი ხალხი ჩაერთვება!
- ამდენი ხარჯი, აბა რა საჭიროა? - ცოტა თითქოს იწყინა მასპინძელმა. - მთელი სოფლის გულის მოგებას, ეხუმრები შენა? განა ასეთი, რა დავიმსახურე, რომ ასე თან გადაგვყვე მეცა და მთელ სოფელსაც?!
ფიფომ ერთხანს იყუჩა, არაფერი უპასუხა. მერე სიგარეტს მოუკიდა და დინჯი ხმით დაიწყო:
- ვცდილობ, არავის დავპირდე ისეთი რამ, რის შესრულებასაც ვერ შევძლებ, ან უბრალოდ, არ გავაკეთებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ჩემი ბიჭი დაიბადა და სულ ერთი ციდა, კალთაში ჩამისვეს, აი სწორედ მაშინ შევპირდი, რომ... - ფიფოს სიტყვა ყელში გაეჩხირა, თუმცა ისედაც გასაგები იყო, რაც იგულისხმა. - ცხვირწინ ისე ამაცალეს... - ფიფოს უკვე, ხმაც გაებზარა. - თან დღისით... მზისით... ვერ დავიცავი...
- აღარ გვინდა, მაგ თემაზე. - მასპინძელმა ჭიქა შეუვსო და ეზოში ლეკვებთან მოთამაშე ბავშვს, სიყვარულით შეავლო თვალი.
„არადა, როგორი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მწირი იყო მამამისი. ყველა ნაკვთი ერთნაირი ჰქონდათ, გამოხედვა...
იქნება, ამათ იშვილეს და ეს ბავშვი მართლაც, იმ საცოდავი მწირის შვილია?
ეს კაცი კი გაიძახის, დაბადებისთანავე ჩავიხუტეო და რა ვიცი?..
მწირს უფრო ჰგავს და... ნიკაპიც კი ერთნაირი აქვთ და როგორც ვიცი, გარეგნობის ეს შტრიხი, არასდროს სტყუის. თუმცა, ვინ იცის? მეც რას ჩავეძიე? იქნება ბავშვი სულაც, დედის ასლია? ის მწირი შეიძლება, მაგათი ნათესავიც კი იყოს?
ან არც იყოს.“
ფიფომ ჭიქა ერთიანად გამოსცალა, სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო:
- იმ დღეს, საშინლად მძიმე დღე მქონდა. დილიდან ქალაქიდანაც მომიწია გასვლა, ცალკე მგზავრობისგან, ცალკე სამუშაოსგან გადაღლილი, გვიანობამდე ძლივს მივაღწიე სახლამდე. ჩემს ცოლს ეგონა, ბავშვი მე მყავდა ჩემებთან წაყვანილი. უფრო სწორად, სკოლაში უთხრეს ასე, მოგვიანებით კი მოიკითხა... - ფიფომ ამოიხვნეშა. - შეიძლება, არც დამიჯერო და ჯერ პატიმრისთვის, ხელიც არ მქონდა დაკარებული. არასოდეს მიცემია ეჭვმიტანილი, თავშიც კი არ წამომირტყამს, მაგრამ როცა გადამეკეტა... დროულად გამომგლიჯეს ხელიდან. საერთოდ არ მიყვარს, ჩემზე უსუსურის ჩაგვრა, ხელს თუ არ შემოვკრავდი დაკავებულს, სამაგიეროდ, ისეთებს ვეტყოდი, ისეთ არგუმენტებს დავაყრიდი თავზე, რომ აღიარებით ჩვენებას, აქეთ მეხვეწებოდა. ენა ყოველთვის მიჭრიდა, მაგრამ როცა საქმე, ჩემს შვილს შეეხო, გონება დამიბნელდა. უტიფარი თვალებით შემომყურე პატიმარი, უკვე ვეღარც გავარჩიე, ქალი იყო თუ კაცი.
- ქალი შემოგელახა? - წარბები აზიდა მასპინძელმა და მერე უფრო, მკაცრი ხმით დასძინა. - რატომ, შუაზე არ გაგლიჯე?!
- ვინ დამაცადა? - თავი გააქნია ფიფომ და ცალყბად ჩაეღიმა.
- აბა ყველა ქალი, ქალია? ტფუ!
- არ ვიცი, რაღაც განგებამ გადამირჩინა ბავშვი! ვიღაც უფლის ხელით მოვლენილმა უშველა და შენამდე მოიყვანა და მინდა ვიცოდე! მინდა ვიცნობდე! მთელი ჩემი ცხოვრებაც კი ვერ შეელევა მის მადლს!
- გამორჩენის მიზნით, არ კეთდება სიკეთე! - დასძინა მასპინძელმა.
- ეჰ, როგორ არა! რამდენიც გინდა...
- მაშინ მაგას უკვე, სიკეთე აღარ ჰქვია!
- ჰო, ეგ უკვე ანგარებაა! - თავი დაუქნია ფიფომ.
სახლში გვიან დაბრუნდნენ. დიმეო უზომოდ ბედნიერი ჩანდა, ვერ ფარავდა სიხარულს. მიმიმ იფიქრა ალბათ მობილურის შეძენა თუ გაუხარდა ასეო, მაგრამ როცა მოიკითხა, აბა მაჩვენე, როგორი იყიდეთო, დიმეოს ფერმა გადაჰკრა და თვალი, მამისკენ გაექცა. გზაში არც უსაუბრიათ იმაზე, რომ დედისთვის ეთქვათ თუ არა, სად იყვნენ, ამიტომაც ასე დაიბნა და ხმაც ვერ ამოიღო.
- უი, მობილური? - მაშინვე შეეშველა ფიფო. - როგორ დაგვავიწყდა!
- რა დაგავიწყდათ? - გაუკვირდა მიმის.
- ჯერ ჩემს საქმეზე გავიყოლე და მერე, შევყევით.
- ვხედავ, რომ შეყევით. - ჩაეცინა მიმის. - გეტყობა. ნასვამი ხარ.
- ორშაბათს ვიყიდოთ! არა, მამ! - თვალი ჩაუკრა ნირწამხდარ ბავშვს. - ჰოდა, აბა ახლა ჩახტი აბაზანაში და მერე ძილი! ძილი!
დიმეოს გულზე მოეშვა და ზედმეტი კითხვებისგან თავის ასარიდებლად, ლამის სირბილით გაეცალა იქაურობას.
- მერე მთვრალი, როგორ დაჯექი საჭესთან? - გაუბრაზდა მიმი.
- მიმი, არ ვარ მთვრალი! ნუ, ცოტა ნასვამი ვარ.
- მერე?! - კვლავ შეუტია მიმიმ. - ბავშვთან ერთად იყავი!
- ბავშვთან ერთად რომ ვიყავი, მაგიტომაც მოგვიყვანეს სახლამდე. ჩემივე მანქანით. პილოტმა. ახლა შეიძლება, მივიღო შხაპი? თუ ნებას დამრთავთ? - ფიფო ყურებამდე გაიკრიჭა.
- ეს რა კალათია? სოფელშიც გამოიარეთ?
- იქ? ჩვენებთან? არა, მაგრამ შეგიძლია კალათა ამოალაგო. - ფიფო კიბეს აუყვა და მიმის უხმოდ, პირის მოძრაობითა და ხელით ანიშნა მალე ჩამოვალო.
მიმი ლამის, მთელი საათი ელოდა, როდისღა ჩამოაღწევდა ფიფო ქვემოთ.
- გაგიჭვარტლავს აქაურობა, საკუთარ დადგენილ კანონსაც არღვევ. - ღიმილით მიმართა ფიფომ.
- კანონები იმისთვის არის მოგონილი, რომ უნდა დაარღვიო. - მიმიმ სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩასრისა.
- ოოჰ! - შეიცხადა ფიფომ.
- ხანდახან. - დაუმატა მიმიმ.
- თან, ბოლო ღერიც მომიწიე. - ფიფომ ღიმილით მიაგდო ცარიელი კოლოფი.
- კარგი რა, ფიფო, რააა. - მიმის ხმაზე წყენა დეტყო. - ხომ იცი, რომ შენთვის ყოველთვის მაქვს გადანახული.
- მიმი, რა მოგივიდა? - გაუკვირდა ფიფოს. - ხუმრობაზე, როდის იყავი აცრილი? ანდა სიგარეტის ამოტანას, რაღა უნდა?
- დადიხართ აღმა-დაღმა, თუ რამე ვიკითხე, ერთმანეთს თვალებში შესციცინებთ, ხომ სწორად ვთქვი, ხომ არაფერი შემეშალაო... - მიმის თვალები აუწყლიანდა.
- ეჭვიანობ? - ფიფომ სიცილი ძლივს შეიკავა, თუმცა უკვე ყურებამდე იღიმოდა. - ბიჭებმა, ერთად გავისეირნეთ და რა მოხდა მერე?
- მერე, რას ჩუმჩუმელობთ? როდის დაგიშალეთ? - მიახალა მიმიმ ნაწყენი ტონით.
- მიმი! - ფიფომ ამოიხვნეშა. - ასე მირჩიეს, რომ შენთან უფრო გაიხსნებაო და რა ვიცი? შენ თუ ეს გწყინს?
- მე ის მწყინს, რომ მეგობრად გთვლი და შენ კი, რაღაცეებს მიმალავ!
- მიმი, რა დამალვაზე საუბრობ? - ახლა ფიფომ იწყინა. - წლებია გიცნობ და სულ, ახალ ახალი სიურპრიზები მოდის შენგან! რას აღარ მიმალავ და მერე, ძალიან გვიან ამბობ და თანაც მაშინ, როცა ეს შენ, პირადად გჭირდება! და ყოველთვის მწყინდა ეგ შენგან და ყოველთვის სულ მაგაზე ვბრაზდებოდი, მაგრამ ხმა, არასდროს ამომიღია!
- და შენ ის გაბრაზებს, სახლში რომ ვაგროვებდი? ეს ხომ ჩემი პირადული იყო? რამდენსაც მინდა, იმდენს გადავინახავ და ეს, არავის საქმე არ იყო. - მკაცრად მიუგო მიმიმ. - და არც ახლა არის!
- და არც ის იყო ჩემი საქმე, რომ გავარდი და ჩემს ზურგს უკან, ფულები ჩაუკუჭე?! - გაბრაზდა ფიფო. - სად იყო მაშინ, ჩვენი მეგობრობა? თუ ოღონდ მე არ გამეგო სახლში რას მალავდი და ყველაფრისთვის მზად იყავი!
- ჩემი შვილის გულისთვის...
- მიმი, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, თუ რა ჩაიდინე მაშინ?! - აყვირდა ფიფო. - შენივე ხელით რომ გამოუტანე სასიკვდილო განაჩენი საკუთარ შვილს, ამას ვერ ხვდები?!
- ჩემზე ამბობ მაგას? - ახლა მიმი აწივლდა. - შენი სამსახურის გამო, შენი საქმის გამოძიების გამო აღმოჩნდა ბავშვი, ასეთ ხიფათში!
- ვაღიარებ და არც დამიმალავს, მაგრამ შენ! სასიკვდილოდ გაწირე!
- რომ არ გადამეხადა, მაშინ უფრო არ იქნებოდა განწირული?! თუ ბავშვის სიცოცხლით მევაჭრა?! და რისთვის?! ამხელა ფულს რომ დაინახავდნენ, კიდევ მოუნდებოდათ და უფრო მეტს მოითხოვდნენ და უფრო მეტი გარანტია იყო, რომ.. რომ... დამიბრუნებდნენ! - აღრიალდა მიმი.
- გამორიცხულია! ძალიან კარგად იცი, რომ ზოგს პირადად იცნობდა და ზოგსაც სახეზეც ამოიცნობდა!
- მაშინ, ხომ არ ვიცოდი! - უკან არ იხევდა მიმი.
- რა მნიშვნელობა აქვს, რა იცოდი და რა არა! და შენი უტვინო ქცევით კი დააჩქარე მისი დაღუპვა! ამას ვერ ხვდები?! ბავშვი ბეწვზეა გადარჩენილი! რაღაც განგების ხელმა გადაგვირჩინა! სასწაულმა დააბრუნა სახლში!
- სასწაულმა კი არა, მწირმა მომიყვანა! - საძინებლიდან ბავშვი გამოვარდა. - ჩემი მოკვლა უნდოდათ! ბევრჯერ უნდოდათ! დედა! მამას, ნუ ეჩხუბები! მართლა უნდოდა იმ საზიზღარ კაცს, ჩემი მოკვლა! მწირმა მიშველა! მიშველა! - აღრიალდა დიმეო.
მიმიმ და ფიფომ ერთმანეთს დამნაშავე თვალები შეავლეს და მაშინვე ბავშვისკენ დაიძრნენ. თუმცა, ფიფო სანამ მტკივანი ფეხით იქამდე მიაღწევდა, მიმიმ დაასწრო, სირბილით აირბინა კიბე და ატირებულ ბავშვს ჩაეკრო.
- მამა, მოდი შენც! - აბღავლებულმა ერთი ხელი ფიფოსკენ გაიშვირა, მეორეთი კი მიმის ეხვეოდა.
- მოვდივარ მამ, მოვდივარ. - ბურდღუნებდა ფიფო და ცდილობდა, უფრო სწრაფად გადაელახა კიბის საფეხურები.
დიმეოს გული ამოუჯდა. ძლივს დააწყნარეს ბავშვი. რაც გატაცების პერიოდში, არ უტირია და არ უბღავლია, ახლა ერთიანად მოიოხა გული.
- საერთოდ არ მიტირია იქ. - სლუკუნებდა ბიჭი.
- ჩემი უშიშარი. - ეფერებოდა მიმი.
- მეშინოდა, მაგრამ არ ვტიროდი.
- ეგაა, მერე ვაჟკაცობა! - ჩაურთო ფიფომ. - მერე რა, რომ გეშინოდა? სამაგიეროდ, მაგრად იდექი და მტერს არ აჩვენე შენი შიში!
ბიჭს აშკარად ესიამოვნა და უფრო დამშვიდდა.
- ცხელ ჩაის დავლევდი. - ისეთი სახით ინატრა ფიფომ, თითქოს აუსრულებელი ოცნება ყოფილიყო. - მწიფე, სქელ, ყვითელ კანიანი ლიმონის დიდი ნაჭერი რომ დაცურავს შიგნით და...
- მეც მინდა ჩაი! - მხარი აუბა დიმეომ.
- ამოგიტანთ აქვე. - გაეცინა მიმის. - ისე, არც კი გივახშმიათ.
- არ მშია! - წაიწრიპინა დიმეომ.
- აბა, მარტო ჩაი? გინდა, მურაბა გავხსნათ? - ჩაეკითხა მიმი. - თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით!
- რა დროს მურაბაა? - გაიკრიჭა დიმეო.
- თეთრი ბლის მურაბა ნიგვზით, იფ, იფ რა გემრიელია! - ფიფოს ნერწყვი მოადგა. - თან ნაყინით.
- ნაყინი და მურაბა, არ მიხსენო! - გაეცინა მიმის.
- დედიკოს დაუვიწყარი მოგონებები აქვს მურაბა და ნაყინთან, განსაკუთრებით კი, მანდარინის მურაბაზე! - ეცინებოდა ფიფოსაც. - იცი, დიმე, დედამ ერთხელ, იმდენი ნაყინი და მურაბა შეჭამა, რომ კინაღამ გასკდა და მერე, მხატვრის სახელოსნოს კარებში, რომ ვერ გამოეტია, ფანჯრიდან ძლივს გადმოვაძვრინე.
დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა.
- კარგი რა ფიფო, რაა! - სიცილით ჩაირბინა მიმიმ კიბეები და მერე ქვემოდან ამოსძახა. - ნაყინი, თუ ჩაი?
- ორივე! - ერთხმად გასძახეს მიმის.
- მაპატიე მამ, ვერ დაგიცავი. - უთხრა ფიფომ ბავშვს. - როცა ყველაზე მეტად გიჭირდა, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი...
- შენი ბრალი, არ არის. - დიმეო მამას მიეკრო. - შენ ხომ არ იცოდი, სად ვიყავი.
- იქ მთაში კი მოგაგენი, მაგრამ იქ უკვე, აღარ დამხვდი. დავაგვიანე.
დიმეომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თვალი აარიდა. ფიფოს არ გამოჰპარვია და მაშინვე გაიფიქრა, წეღან რომ ახსენა, ეს მწირი კიდევ, ვიღააო.
ვეტერინარს მწირი, არც ერთხელ არ უხსენებია, მხოლოდ მწყემსებს ახსენებდა და ისიც, სულ მრავლობითში, წესიერად არავინ დაუკონკრეტებია.
„ვინ მწირს გამოაყოლა ბავშვი? აბა მწყემსებმა იპოვნეს, აქ ჩამომიყვანესო და მერე ისევ, მაგათ გამოვაყოლე ქალაქშიო. ეს კიდევ ამბობს, მწირიო.
ჰმ, განდეგილი მწყემსი!
არაა! რაღაცას მატყუებენ, რაღაცას ბოლომდე არ ჰყვებიან, ეს ჩემი წრიპა ბიჭი და მისი მოკავშირე, მაგრამ რატომ?“
- გახსენებაც არ მინდა მაგ ადგილის. - ფიფომ უსიამოვნოდ გააქნია თავი და დიმეოს კი აშკარად დაეტყო, რომ შვებით ამოისუნთქა.
- მესმის შენი. - განაგრძო ფიფომ. - აბა, რა გასახსენებელიც ეგ არის და ყოველი თავიდან მოყოლის დროსაც კი, იგივენაირად, თავიდან განიცდი იმ ყველაფერს.
დიმეომ უხმოდ დაუქნია თავი.
- იცი, ჩვენთან გამოძიების დროს, დაკითხვაზე როგორ ხდება? როცა დაწვრილებით ჰყვებიან, თან ზუსტად ცდილობენ დეტალებში გაიხსენონ ყველაფერი, შეიძლება სულ სხვადასხვანაირად მოყვნენ. - ფიფომ იყუჩა და შეეცადა უფრო გასაგებად აეხსნა. - თუ დამნაშავეა, ხშირ შემთხვევაში, მას როგორც აწყობს, სწორედ ისე მოგიყვება ყველაფერს.
- ადვილად რომ გამოძვრეს?
- ჰოო! - გაეცინა ფიფოს. - ახლა, სხვა მეორე, ის ვინც, დანაშაულის ადგილას იყო, ის თავისებურად ამბობს! მესამემ, დაინახა ეს დანაშაული, ის თავის ვერსიას ჰყვება. მეოთხემ, მანაც დაინახა, მაგრამ სულ სხვა მხრიდან და სულ სხვა რამეს ჰყვება. მეხუთემ, ბოლოს შევესწარიო და სულ შეცვალა, სულ ამოატრიალა ფინალი. მეექვსე და მეშვიდე კი, ამათ მონაყოლს აერთიანებს, მერე ნებით თუ უნებურად, თავისივე ვერსიით შეფუთავს და რა გავიგოთ?
დიმეომ ღიმილით აიჩეჩა მხრები.
- ჰოდა, ამდენი არა ზუსტი ინფორმაციით. - განაგრძო ფიფომ. – შეიძლება, სრულიად უდანაშაულო ადამიანი ჩაჯდეს ციხეში და ეს, ძალიან ცუდია და ამიტომ, რა უნდა გაკეთდეს?
- ყველამ სიმართლე უნდა თქვას! - წამოიძახა დიმეომ.
- აი, ყოჩაღ! - შეაქო ფიფომ.
- და საიდან გაიგებ, სიმართლეს ვინ ამბობს?
- სწორი შეკითხვაა! კიდევ ერთი ყოჩაღ, შენ! - შეაქო ფიფომ. - იმდენჯერ უნდა მოაყოლო, სანამ სიმართლეს არ იტყვის, სანამ არ დაიღლება ამ ტყუილებით, სანამ არ მიხვდება, რომ სიცრუეს, სიკეთე, არ მოაქვს დაა კიდევ, უამრავი რამ.
- ტყუილები ცუდია ძალიან.
- აბა რაა! - კვერი დაუკრა ფიფომ. - მატყუარა და ცრუპენტელა, არც მეზობელი მინდა, არც მეგობარი და მით უმეტეს, არც ოჯახის წევრი! - ფიფო თვლებში ჩააშტერდა ბავშვს.
დიმეო ერთიანად წამოჭარხლდა. თვალები დახარა და ლოყებზე, ცრემლები ჩამოუგორდა.
- რა იყო, მამ? - დაუყვავა ფიფომ. - განა ასეთი, რა ვთქვი?
ბავშვმა პირი ძლიერად მოკუმა, ალბათ რომ არ ებღავლა. მერე უფრო მეტი სიმტკიცე შეემატა, ცრემლები სახელოთი მოიწმინდა და მთელი სერიოზულობით ჰკითხა ფიფოს:
- მამ, შენ ჩემი გულისთვის, მოკლავდი ვინმეს?
LEX. 2020 წლის 14 სექტემბერი, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment