Wednesday, November 18, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 82)

82.
ამ ყველაფრის ფონზე, დიმეოს შეკითხვა, არც იმდენად უჩვეულო იყო, მაგრამ ფიფო მაინც, წამით ჩაფიქრდა. მერე ოდნავ ღიმილიც კი აუთამაშდა სახეზე და საკმაოდ მშვიდი ხმით მიუგო: 
- ერთმა ადამიანმა, რომ მეორე მოკლას, ამის უფლება, არავის აქვს, მაგრამ გააჩნია გარემოებას და თუ შენი გადარჩენა, მაინც და მაინც, სხვის სიკვდილს მოითხოვს, მაშინ არც დავფიქრდებოდი, თუმცა მაინც, მაქსიმალურად შევეცდებოდი, რომ ეს ყველაფერი, მსხვერპლის გარეშე მომეგვარებინა. 
- და თუ არ გამოდის, მასე? 
- მაშინ, მკვლელობაზე ვარ წამსვლელი! - ფიფო ბავშვს თვალს არ აცილებდა. 
ბიჭი კი აშკარად კმაყოფილი ჩანდა მისი პასუხით. 
- თან, შენ ხომ მაინც არავინ დაგიჭერს, რადგან შენ თვითონ... 
- რას ქვია, არ დამიჭერენ?! - შეაწყვეტინა ფიფომ. - კანონი, ყველასთვის ერთია! 
დიმეო მოიღუშა. 
- ნუ თავიდან, დამკითხავენ. - ფიფო ახსნას შეეცადა. - და როცა გაირკვევა, რომ წინასწარ არ მქონდა მკვლელობა განზრახული და მით უმეტეს, თუ შვილს ვიცავდი... 
- და სხვისი შვილი რომ იყოს, მაინც არ დაგიჭერენ?
- რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც, დიდი კაცი იყოს! თავდაცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობა, სულ სხვა რამეა და ასე რომ, სულ ტყუილად ნერვიულობ! რატომ უნდა დავიჭირო ის, ვინც გადაგარჩინა და შინ, მშვიდობით დაგაბრუნა? 
დიმეომ თვალი აარიდა, თუმცა სახეზე, კმაყოფილება ეწერა. 
ფიფომ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს, ღია კარში ლანგრით ხელში, მიმი გამოჩნდა და სასაუბრო თემამაც გეზი იცვალა, რამაც დიმეოს აშკარად შვება მოჰგვარა. ფიფოს არაფერი გამოჰპარვია, ისიც კარგად შეამჩნია, ბავშვი როგორ ოსტატურად ცდილობდა, სახვადასხვა, ახალ-ახალ მხიარულ თემებზე გადასვლას და ისე იწვევდა ფიფოს საუბარში, რომ თვალსაც ვერ უსწორებდა და ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ამას საკმაოდ კარგად ახერხებდა და ძალიან ჩვეულებრივ, სრულიად ბუნებრივად ეჭირა თავი. 
ფიფო ყველაფერს ხვდებოდა და გულში ეღიმებოდა. მეტი შეკითხვები, აღარც დაუსვამს. სულაც არ აპირებდა ღამის ძილის დაფრთხობას ბავშვისთვის, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა და როცა მიმის მსგავსად, თავადაც საკუთარი საძინებლისკენ გაემართა, ბევრიც აღარ უფიქრია და უკანვე მიბრუნდა. 
- იცი მამ, ომის დროს, რამდენი ხალხი იღუპება? 
- ძალიან ბევრი. - თავი დაუქნია დიმეომ. - მთელი მსოფლიო! 
- არაა, მთელი მსოფლიო არა. - გაეცინა ფიფოს. - და რატომ იღუპება? 
- ისვრიან და აფეთქებენ ყველაფერს და მაგიტომ. 
- და ვინ ისვრის? ვიღაც მეომარი, ვიღაც პარტიზანი. ერთი ამას ესვრის, ის კი, იმას ააფეთქებს. 
- პარტიზანი, ვინ არის? 
- პარტიზანიც მეომარია, მაგრამ არა ჯარისკაცი. 
- ფორმა არ აცვია? 
- ჰო! - ჩაეღიმა ფიფოს. - პარტიზანი იცავს თავის სახლს, სოფელს, ქალაქს, მაგრამ ამის არც ოფიციალური ნებართვა აქვს მიღებული, რადგან როცა ომი დაიწყო, მტრის ალყაში მოექცა და იქამდე ვეღარ ჩამოაღწია ბრძანებამ, ან სულაც თვითონ, მისმა სახელმწიფომ თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე და რა ქნას აბა, იმ ხალხმა? იმ სოფელმა? თავი როგორმე, ხომ უნდა დაიცვას? ამიტომაც იღებს იარაღს ხელში და როგორც შეუძლია, ისე ებრძვის მტერს. ან მოკლავს, ან თავად მოკლავენ და აქ ამ სიტუაციაში, არც ერთ შემთხვევაში არ არის მკვლელობა. მკვლელს ვერ უწოდებ დამცველ მეომარს, გინდა ჯარისკაცი იყოს და გინდა, პარტიზანი! 
დიმეომ თვალი აარიდა. ჩანდა ხვდებოდა, ფიფოს საითკენაც მიჰყავდა საუბარი. 
- და არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურები. - განაგრძო ფიფომ. - ან რა გაცვია, რადგან მთავარია, რა მოიმოქმედე, რა გააკეთე! უანგარო დამცველს და ქომაგს, მკვლელსა და ბოროტმოქმედს ვერ უწოდებ! შენ კი, ბრძოლა გამოიარე, ომი გადაიტანე და შინ მშვიდობით ისე დაბრუნდი, რომ ერთი განაკაწრიც კი არ გქონდა! 
- მქონდა! აი, აქ! ლოყაზე დამწვარი! - ბიჭმა სახეზე ხელი მიიდო. - იმ საზიზღარმა კაცმა, თოფი როცა მესროლა! 
- მართლა, მამი?! - შეიცხადა ფიფომ. - თოფი გესროლა? 
- ჰო. 
- იქნებ შენთვის, სულაც არ უსვრია? სხვას ესროლა და შემთხვევით... 
- მე მესროლა! მართლა უნდოდა, ჩემი მოკვლა და ბევრჯერ! 
ფიფოს ყელში ბოღმა მოაწვა, მაგრამ თავი შეიკავა და საკმაოდ, მიამიტი სახით ჩაეკითხა: 
- შენი მოკვლა, რაში სჭირდებოდა? შენ, რას უშლიდი?
- მართლა უნდოდა ჩემი მოკვლა! რატომ არ გჯერა?! - ბიჭი წამოენთო. 
- მჯერა, მამ! დამშვიდდი. უბრალოდ მიკვირს. მართლა ძალიან მიკვირს. - ფიფოს კვლავ მიამიტი გამომეტყველება ჰქონდა და უკვე ასე ადვილად, არც მოეშვებოდა, როგორც იქნა ამეტყველებულ ბავშვს. - უბრალოდ, ახსნა ვერ მოვუძებნე, თორემ განა შენი არ მჯერა. რა მიზანი უნდა ჰქონოდა? არ მესმის. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თან, ბევრჯერო და... - ისეთი სახე ჰქონდა, რომ ამის შემხედვარე, ბავშვიც უფრო მეტად ალაპარაკდა. 
- ჰო, ბევრჯერ... 
- და ვერავინ გიცავდა მამ, არ ვიყავი შენს გვერდით. - ამოიხვნეშა ფიფომ. - თან ბევრჯერ და რატომ? რისთვის? ვის რა დაუშავა, ჩემმა პატარამ? 
- ის ქალი მიცავდა სულ. 
- მართლა მამ? - გაეღიმა ფიფოს. - კარგია რომ გივლიდა მაინც. 
- სულაც არ მივლიდა! 
- ახლა არ სთქვი, მიცავდაო? ესე იგი, გივლიდა. 
- ახლა მე ვარ დედაშენიო, მაგრამ დედიკოსავით, სულაც არ მივლიდა. ყველაფერს მიჭამდა! 
- ჰაჰ! აბა რატომ გიცავდა, თუ ასე გაშიმშილებდა? 
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ოქროს ბიჭს მეძახდა, ხან ჩემი ოქროს ბილეთიო. 
- ჰო ო? - ფიფომ წარბები აზიდა. 
- მამ, ბილეთი რა შუაშია? 
- აბა, რა ვიცი. - ფიფომ გულუბრყვილო სახე მიიღო. - აბა კიდევ მომიყევი რამე და იქნებ, ერთად გავარკვიოთ. 
- რა მოგიყვე? - მხრები აიჩეჩა დიმეომ. 
- ესე იგი, მარტო ის ქალი გიცავდა და თანაც, წესიერად არც გაჭმევდა, გაშიმშილებდა, მაგრამ იმ საზიზღარი კაცის გარდა, ხომ იყვნენ კიდევ სხვებიც? აი თუნდაც, ის მოხუცი ბერები, მაქედან ერთმა ხომ მაინც მოახერხა და შინ, მშვიდობით მოგიყვანა. 
- ის ძალიან მოხუცი ბერი, იმ საზიზღარმა კაცმა მოკლა! მე ვტიროდი, ის ქალი მაწყნარებდა, ძალიან მშიოდა და არ ვიცოდი, სად იყო დამალული საჭმელი. 
- საჭმელსაც გიმალავდნენ? - ფიფოს თვალები აენთო.
- მე, არა. 
- აბა, ვის? 
- ის ძალიან მოხუცი ბაბუ მალავდა, მარტო მე მაჭმევდა ჩუმად, მაგრამ სად მალავდა, არ ვიცოდი. 
- ნუ, თუ მალავდა, რა თქმა უნდა, მარტო თვითონ ეცოდინებოდა. 
- მწირმაც იცოდა! 
- მერე, ვერ გაჭამა? - წყენით მიუგო ფიფომ. 
- ხანდახან მოდიოდა და მაინც ყველაფერი იცოდა, სად რა იყო, მაშინ არც ლაპარაკი შეეძლო, არც ყურში ესმოდა და ვერავის გვხედავდა. 
- უსინათლოც იყო? - ჩაეკითხა ფიფო. 
- არა, მაგრამ... - ბიჭი ჩაფიქრდა. - იცი, როგორ? აი, ცოტა ძანესავით იყო, თითქოს ვერ გვხედავდა იქ რომ ვიყავით. 
- აჰა, ესე იგი, ვერ გამჩნევდათ, ან არ იმჩნევდა. - დაასკვნა ფიფომ. - ხანდახან მოდიოდა და რას ამბობდა, ის ძალიან მოხუცი ბერი, ვინ არის ეს მწირიო? 
- საწყალი კაცია, ხან მონასტერში აჭმევენ და ხან, აქ მოდისო, იქიდან რასაც გამოატანენ, ისიც ჩემთან მოაქვსო. 
- კეთილი კაცი ყოფილა აბა. 
- კი. ფიჩხი სულ მოჰქონდა, აბა იმ მოხუც ბაბუს არ შეეძლო, ძლივს დადიოდა, იმ ქალს კი სულ ეზარებოდა, მარტო ცხელ ჩაის მასმევდა და მაძალებდა, დალიე და არ შეგცივდება და აღარც შეგეშინდებაო. 
ფიფო მოიღუშა. მშვენივრადაც მიხვდა, რა ჩაისაც ასმევდნენ ბავშვს. 
- მეზიზღებოდა ის ჩაი, მარტო დედიკოს მომზადებული ჩაი მიყვარს. 
- აბა, რაა! - მხარი აუბა ფიფომ. - ჩვენ ყველაზე მაგარი და ყველაზე ლამაზი დედიკო გვყავს! 
- მწირმაც დამალევინა, რაღაც გემრიელი ჩაივით. 
- ჰო ო? 
- ცუდად ვიყავი ძალიან, თავი მტკიოდა ხველებისგან, ვკანკალებდი. იმ ქალს ადგომა ეზარებოდა, მოხუცი ბაბუ ეხვეწებოდა, ცოტა ფიჩხი მაინც მოიტანეო. 
- ვახ, მამ, სად ვიყავიი? - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- როცა გამეღვიძა მწირთან მკლავზე ვიწექი, გემრიელ ჩაისავით რაღაცას მასმევდა, ისე მსიამოვნებდა ყელში. მერე მოხუცმა ბერმა, ჩუმად მითხრა, ამ კაცმა მოგარჩინაო. ღამით მოვიდა და ასეთ დღეში რომ გნახა, საჭმელსაც პირი არ დააკარა, შენი გულისთვის ღამით, ფიჩხიც შეაგროვა, ტყის თაფლი და კიდევ რაღაც მოიტანაო. აუ, სახელი აღარ მახსოვს! 
- არაუშავს. 
- ძალიან წითელი მარცვლები და აქვს შავი ტოტები და იმან მომარჩინა, აღარ მახველებდა, აღარც თავი მტკიოდა. 
- ვაა, ესე იგი, გიმკურნალა კიდევაც! 
- მოხუც ბერმა მითხრა, ჩუმად უნდა გაგაპარო, როგორც კი მწირი დაბრუნდება, მონასტერში გაგაყოლებ, წერილსაც გაგატანო. 
- მერე? რატომ ვერ მოახერხეთ? მწირი გვიან მოვიდა? 
- ვერ მოასწრო, უკვე ის საზიზღარი კაციც მოვიდა. ჩემი მოკვლა როცა უნდოდა, იმ ქალმა დამიცვა, ჩვენი ოქროს ბილეთიაო. 
- ჰოო, დაგიცვა. - ამოიხვნეშა ფიფომ. 
- მამ მშიშარა კი არ ვარ, მაგრამ მაინც მეშინოდა, ვტიროდი, სულ მარტო დავრჩი, მოხუცი ბაბუც და ის თხაკიკინაც მოკლა. საზიზღარი კაცი მიყვიროდა, ხმა არ გავიგო, თორემ შამფურზე შეგწვავო. მერე ცხელი ჩაი დავლიე, ცოტა გავთბი და ჩამეძინა. 
- ჩაი, იმ ქალმა მოგიმზადა? - ჩაეკითხა ფიფო. 
- ჰო. 
- ნუ რა, თქმა უნდა. - ჩაილაპარაკა ფიფომ. - მერე?
- უკვე რამდენჯერ მოგიყევი? - დიმეოს ხმაში უკმაყოფილება გაისმა. - როცა გამეღვიძა, ის ქალი ძირს იწვა, მწირი შემოვარდა, საზიზღარი კაცი გადააყირავა, მე თოვლში გამაგორა. თოფი როცა მესროლა, მწირი დამეფარა, იმას მოხვდა, მე მარტო ლოყა დამეწვა. საზიზღარი კაცი ზედ დაახტა, თოფს ურტყამდა თავში. სულ გაასისხლიანა. მეგონა, ისიც მოკლა. - დიმეო შეყოვნდა. ამჯერად უკვე, თვალიც კი გაუსწორა მამას. - ძალით მიმათრევდა თოვლში, ჩემი ჩაგდება უნდოდა იმ დიდ ხევში, მაგრამ მერე, თვითონ ჩავარდა! 
- თვითონ ჩავარდა, თუ?.. - ჩაეკითხა ფიფო. 
- მწირმა ჩააგდო. სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. შემეშინდა, მერე მეც რომ მეცა, მაგრამ იმ ადგილიდან შორს როცა გადამაგორა, აი მაშინ მივხვდი, რომ გადამარჩინა. 
- ჰო, მამი, ჰო. 
- მერე იცი, რა მოხდა? ის საზიზღარი კაცი, მაინც ამოძვრა. იმხელაზე ბღაოდა მიშველეთო, მე არ მინდოდა დახმარება, აბა ბოროტს რატომ უნდა დავხმარებოდი? მაგრამ მწირმა. მაინც უშველა და ამოიყვანა, იმ საზიზღარმა კი. ჯერ ბოლომდეც არ იყო ამოსული, მაშინვე თოფი გვესროლა ორივეს. 
- არა, რაა! ბოროტს, რაც არ უნდა გაუკეთო... 
- მწირი ძალიან, ძალიან კეთილია, მაინც დაეხმარა, მაგრამ ისევ რომ გვესროლა, მწირმა უკან ჩააგდო, მაგრამ ბოლომდე არა. 
- აბა, ნახევრად? - ჩაეცინა ფიფოს. 
- წვალობდა, ღრიალებდა, ამომიყვანე და მილიონებს მოგცემო. 
- ჰო ოო? - ვითომ მართლა გაიკვირვა ფიფომ. - ნეტა, სად ჰქონდა? 
- რა ვიცი. სულ უშნოდ ეცვა და ცუდი სუნი ასდიოდა. 
- და მერე მწირმა, რაო? - კვლავ გამომცდელად ჩაეკითხა ფიფო. - არ მინდა, შენი მილიონებიო, თუ გამოართვა? 
დიმეომ, უხმოდ გააქნია თავი. თითქოს, ცოტაც ჩაფიქრდა კიდევაც და მერე დასძინა: 
- ზემოდან უყურებდა. ის საზიზღარი კაცი ღრიალებდა და აღარ ვარდებოდა. 
- ჰმ. აღარ ვარდებოდა. - ჩაეღიმა ფიფოს. - ესე იგი, გინდოდა რომ ჩავარდნილიყო? 
დიმეომ კუშტი სახით დაუქნია თავი. 
- ჰაჰ! გინდოდა რომ მომკვდარიყო? 
- მაშინ მომკლავდა! მწირი ვეღარ მიშველიდა! 
- რატომ ვერ გიშველიდა? სადაც შენს გადასარჩენად, ამდენი იბრძოლა. 
- როგორც კი ჩააგდო ის საზიზღარი კაცი, მწირი მოტრიალდა და მთელი სახე წითელი, წვერიც სისხლიანი ჰქონდა, მაშინვე წაიქცა. იცი, მამ, ძლივს მოვასულიერე. 
- მართლა? 
- ჰო! ჯერ თოვლით მოვწმინდე და სადაც ბევრი სისხლი მოდიოდა, იქ გუნდა დავადე, მაგრად დავაჭირე. თვალები როცა გაახილა, მაშინ პირველად შემომხედა, დამწვარ ლოყაზე,  თვითონაც მომადო თოვლი. 
- და იმის მერე, დამეგობრდით! - ჩაურთო ფიფომ.
დიმეოს ყურებამდე გაეღიმა. 
- ესე იგი, რომ არ ჩაეგდო, მაშინ ორივეს დაგხოცავდათ? - არ ეშვებოდა ფიფო. 
- კი მამ, მართლა მასე იყო, არ ვიტყუები. - აცრემლებული სახით ამოხედა ბავშვმა. 
- ჰო. მამი, გენაცვალე, მჯერა შენი. მართლა მჯერა. - ფიფო წუთით შეყოვნდა, მაინც ზუსტად, დაწვრილებით უნდოდა ბავშვისგან მოესმინა ყველაფერი. - თავისით არ ჩავარდნილა, მიხმარება მაინც დაჭირდა. 
ბიჭმა თავი ჩაღუნა. 
- შუაზე გავგლეჯდი! - განაგრძო ფიფომ. - შიშველი ხელებით ავახევდი სახეს! 
ბავშვმა აცრემლებული თვალები შეანათა. 
- შენი გულისთვის, მამ. - დასძინა ფიფომ. - ნებისმიერი ბავშვის გულისთვის და ნებისმიერი ადამიანის დასაცავად, მეც ჩავულეწავდი იმ დამპალ ხელის თითებს, რომლითაც ეჭიდებოდა! 
დიმეო მამას ჩაეხუტა. გულს მოდებული ლოდი მოეხსნა და ახლა სიამაყითა და სიხარულით ჰქონდა სავსე. ახლა უფრო თავისუფლად და უფრო დაწვრილებით მოუყვა, ხელში აყვანილი, ტყის გავლით, როგორ ატარა დაჭრილმა მწირმა და ბოლოს ღონე მიხდილი და სისხლისგან დაცლილი, ვეტერინარის ჭიშკართან გონდაკარგული როგორ დაეცა. 
- დაისვენე ახლა, მამი, შემოგევლე. ძალიან გვიანია. - ფიფომ ბავშვს, საბანი შემოუკეცა და გემრიელად ჩაკოცნა. - ორშაბათს წავიდეთ და ახალ ტელეფონს გიყიდი. 
- არ მინდოდა დედიკოს მოტყუება. 
- დამშვიდდი. მე მოვუყვები დედიკოს და გაგვიგებს.
- კარგი. 
- აბა, განა ეწყინება? კაცი ამდენი თვე გივლიდა და დიდი ამბავი, ერთი ტელეფონი თუ ვაჩუქეთ. 
- დედიკოს ის ეწყინება, რატომ დამიმალეთო. 
- ჰოდა, მაგას მე მოვაგვარებ, შენ დაიძინე ტკბილად და მშვიდად. 
დილით ყავაზე ჩასულ ფიფოს, მიმი უკვე მომზადებული საუზმით დახვდა. 
- წუხელ მესმოდა თქვენი საუბარი, მაგრამ აღარ შეგიშალეთ ხელი. 
- ჰოო. - ჩაეღიმა ფიფოს. - საომარ სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. 
- მერე? რა გაიგო ახლა მაგან? - ეღიმებოდა მიმისაც.
- ამას არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გაიგო, მთავარია მიხვდა, რატომაც ავუხსენი. 
- ჰმ. 
- და ყველაზე სასაცილო მაშინ არის, ჯერ ფერდაკარგული სახით, თვალებს დაჭყეტს და მერე, თვალის არიდებას ცდილობს, თან ცალი თვალი, მაინც აქეთ რჩება. - ეცინებოდა ფიფოს. - სასაცილო და საყვარელი. 
- განსაკუთრებით მაშინ, როცა რამის დაფარვას ცდილობს და თან ბოლომდეც, ვერ გამოსდის. 
- იშიფრება. - სიცილით დაუმატა ფიფომ. 
- ისევე, როგორც შენ! - ცოტა არ იყოს, ნაწყენი ტონით მიახალა მიმიმ. 
ფიფოს ისღა დარჩენოდა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა, თორემ უკვე ვეღარ უძლებდა, მიმის მწარე-მწარე მინიშნებებს და სანამ მის ასეთ ქცევებზე, გულიანად გაეცინებოდა და რაზეც მიმის კვლავ, გული მოუვიდოდა, სჯობდა მართლაც, დაეკმაყოფილებინა მისი ინტერესი. 
- მერე, რა იყო აქ, დასამალი? - წყენა მაინც ვერ დაფარა მიმიმ. - ჩემთვის რომ გეთქვათ, განა დაგიშლიდით წასვლას? იქნებ, მეც მინდოდა წამოსვლა?
- ჰოდა, ორშაბათიდან, შემოივლი ტელეკომპანიებს და რომელიც უფრო უკეთესი და გამოსადეგი იქნება იმ რეგიონისთვის, შენ უხელმძღვანელე რომ გაიყვანონ, წესიერად დაამონტაჟონ! 
- მაგას მოვახერხებთ მე და დიმე, ერთად! - მიმიმ სამზარეულოში შემოსულ, ჯერ კიდევ ძილისგან გამოუფხიზლებელ ბავშვს გაუღიმა, თუმცა ღიმილი რატომღაც, სახეზე შეეყინა და ახლა გაფითრებული სახით მისჩერებოდა ბავშვს. 
დიმეოს არაფერი შეუნიშნავს, ფიფო კი მოიღუშა.
„ახლა, რაღას მიმალავს? ნუთუ, აღარ ამოიწურა? ჩემგან უბრალო რამეც კი სწყინს, თვითონ იმხელა საიდუმლოებებს მალავს! რა აქვს ამდენი, დასამალი? როდის უნდა დამთავრდეს? ამდენი წლის მანძილზე, რით ვეღარ შეიგნო, რომ ჩემზე ერთგული მეგობარი, მას არავინ ჰყავს!“
ფიფოს წამით, სუნთქვაც შეეკრა.
„ან იქნებ, ჰყავს?“ 
ფიფომ ამოიხვნეშა. იცოდა, ზედმეტ შეკითხვას, აზრი არ ჰქონდა. მიმი სიტყვასაც არ დაძრავდა, სანამ თავად არ მოისურვებდა ამას. 
საღამოსკენაც იგივე განმეორდა, თუმცა არა მარტო მიმის, არამედ სტუმრად მოსულ ქირურგსაც, რაღაც მომენტში, ცივმა ოფლმა დაასხა, სავარძელში აწრიალდა. 
დიმეო, ნათლიას თბილად შეხვდა, მშვენივრადაც გაერთო, მერე თავის ოთახს მიაშურა და არაერთხელ შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან ოთახში და უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ფიფომ ქირურგის გაფითრებული მზერა დაიჭირა. მიმიც კი ნირწამხდარი გახევდა. ორივე ბავშვს, ისე მისჩერებოდა, თითქოს ახლა დაინახესო. 
რაღაც მომენტში, რაღაც მოხდა? რა მოხდა? რა შენიშნეს? ან რა მომენტი იყო ეს? 
„რას მალავენ ასეთს? ესენი? ორივე ერთად?“ 
გაუელვა ფიფოს და ძლივს შესძლო ნერვების მოთოკვა.
კარგად იცოდა, მიმის გამოტეხვა, არც ისე ადვილი იყო და შესაფერისი დროც იყო საჭირო. ხოლო, რაც შეეხებოდა ქირურგს, მასთან უკვე ისედაც დიდი ხანია აპირებდა, რაღაც-რაღაცეების გარკვევას და ისევ, ცალკე სჯობდა დალაპარაკებოდა. 
დიდ ხანს არც უფიქრია. სანამ მიმი და დიმეო, ტელევიზიის ამბებს უგვარებდნენ სოფელს, ფიფომ დრო იხელთა და ქირურგს დაუპატიჟებლად ესტუმრა. ისიც კი გამოქექა, რომ აუცილებლად, ამ დროს სახლში უნდა ყოფილიყო და ასე მოულოდნელად დაადგა თავს.
LEX. 2020 წლის 24 სექტემბერი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment