83.
კარი, ვიღაც უცხო ახალგაზრდამ გაუღო. დაბნეულობისგან ფიფომ, უკან დაიხია, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, ახალგაზრდამ მაშინვე მიახალა, მობრძანდითო, წამსვე ზურგი შეაქცია და ოთახის სიღრმისკენ შეუძღვა, საიდანაც ჟრიამულის ხმა, უკვე შემოსასვლელშიც გამოდიოდა.
ერთი კი გაიფიქრა, ბინა ხომ არ შემეშალაო, რადგან შესვლისთანავე, უცხო-უცხო ახალგაზრდებით გაჭედილ დიდ სუფრასთან აღმოჩნდა, თუმცა იქვე სადღაც, ქირურგის ხმაც მოესმა, მოდი, ფიფო, მოდიო და მაშინვე, განსხვავებული სასმისიც შეაგებეს. თავიდან იფიქრა, ალბათ ანდრას დაბადების დღეა თუ არისო, რადგან იქვე, კუთხესთან მდგარი სავარძელი, ავსილი იყო სასაჩუქრედ შეფუთული და ლენტებით გაწყობილი, პატარ-პატარა პრიალა ყუთებით.
სტუმრები მალე წამოიშალნენ. რიგ-რიგობით ეხვეოდნენ და ემშვიდობებოდნენ მასპინძლებს და ფიფოს გასაკვირად, ყველა სტუმარი, თავის შესაფერის საჩუქარს არჩევდა და თან მიჰქონდა. ფიფომ ახლაღა შეამჩნია, რომ ეს ერთი თაობის ახალგაზრდები, ბევრად უფროსები ჩანდნენ, ვიდრე ანდრა, ან თუნდაც, ვაჩე.
„აჰ, ალბათ, ქირურგის პრაქტიკანტები იქნებიან. ჰო! ნამდვილად ასეა. აქ აღნიშნეს სტუდენტობის დასრულება და საჩუქრებიც მიიღეს.“
- ვაჩე, შენ ხომ არ დაგილევია? - შენიშნა ქირურგმა.
- არაა! - უპასუხა ვაჩემ. - ისედაც არ მიყვარს.
- ძალიან კარგი. - გაუხარდა ქირურგს.
- დალიოს, მერე. - ჩაურთო ფიფომ. - ერთი-ორი ჭიქა, არაფერს უზამს, დიდი ბიჭია უკვე!
- სამეცადინო აქვს! დალევას, ყოველთვის მოასწრებს! - უპასუხა მასპინძელმა და მერე, ღიმილით დასძინა. - ქირურგობა უნდა ბიჭს!
- ყოჩაღ! - მოუწონა ფიფომ. - ნიჭიერი ბიჭია და ყველაფერს მიაღწევს!
ვაჩემ შეიფერა, თუმცა ოდნავ წამოწითლდა კიდევაც.
- გეთანხმები. - თავი დაუკრა ქირურგმა. - ნიჭიერიც არის და სწავლაც უყვარს, მაგრამ ხანდახან, ანდრა უშლის ხოლმე ხელს.
- მეე? - კოპები შეკრა ანდრამ.
- ჰო! შენ! - გაეცინა ქირურგს. - როგორც კი დაგინახავს, მაშინვე არა მარტო, უკანალის, არამედ ყველაფრის გასაღები ეკარგება!
- მართლა, ვაჩე? - ეცინებოდა ფიფოსაც.
- ნუ შეჭამეთ ეს ბავშვები! - დაუცაცხანა ქირურგის ბებიამ. - უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, აბა, რაა!
- თან სიყვარული, თან სწავლა! - დაუმატა ქირურგმა.
- რა დროს სიყვარულია, როცა ასეთი კარგი ფილმი გადის კინოში! - კვლავ შეუფუცხუნა ბებიამ. - წადით, თორემ დაგაგვიანდებათ, აქაურობას მე მივხედავ.
- ბარემ ავალაგებთ, რაღა დარჩა. - თავი გამოიდო ვაჩემ.
- ბებო, ჭურჭელს ხელი არ ახლო, როგორც კი მოვალ მე დავრეცხავ! იცოდე, მეწყინება. - მიესიყვარულა ანდრა.
როგორც იქნა, ქირურგი და ფიფო მარტო დარჩნენ. ბებომაც თავის ოთახს მიაშურა.
- ღვინო იყოს, თუ კონიაკით გავაგრძელოთ?
- იყოს ღვინო. - უპასუხა ფიფომ. - ან კონიაკი.
- იყოს ორივე. - ჩაეღიმა ქირურგს.
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა გჭირდებათ. - აღნიშნა ფიფომ. - ბევრნი ხართ უკვე.
- არც იმდენად. ეს ახლა, როცა ბევრი სტუმრებია, თორემ თითო ოროლა თეფშს, მეც კი ვრეცხავ, თუ შემთხვევით ანდრას დავასწარი.
- მშვენიერი ბავშვი გამოდგა.
- ბავშვები ცუდები არ არიან, უბრალოდ მათ აღზრდა აკლიათ, სათანადო სითბო და სიყვარული...
- თუმცა ზოგჯერ, არც ეს ყველაფერი შველის. - ჩაურთო ფიფომ.
- ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ყველას თავისებური მიდგომა უნდა. მაგიტომაც აღვნიშნე, სათანადო, თორემ იმდენი კარგი ოჯახიდან გამოსული გარეწარი ყოფილა და ოჯახს რომ ჰკითხო, რა დავაკელითო.
- მართალი ხარ. - ფიფომ ჭიქა გამოსცალა.
- ისე მართლაც, კარგი ბავშვი გამოდგა, ავკარგიანია, ჭკვიანი, გამჭრიახი. ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს, მშვენივრად მიხვდა და გაიაზრა, თუ სად არის სიკეთე და სად, სიმახინჯე! და ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც დავუდგებოდი გვერდით, შეძლებისდაგვარად შევეცდებოდი, წესიერი ცხოვრებისკენ მომებრუნებინა.
- კარგია, კარგი. მშვენიერი. - ფიფომ ისევ გამოცალა ჭიქა და თავიდან შეივსო.
- ანდრა კი კარგი გოგოა, მაგრამ სწავლა ეზარება, საერთოდ არ უყვარს წიგნის კითხვა.
- რა უჭირს მერე? ყველა სწავლული ხომ არ გამოვა? - გაეღიმა ფიფოს.
- აი, ვაჩეს კი პირიქით. ისეთი მონდომებულია, რომ ვერ აგიწერ. ადრე ინფორმატიკაზე უნდოდა, ახლა კი ქირურგიამ ისე გაიტაცა, თავს ძლივს სწევს წიგნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულია და სწავლასაც ადვილად უთავსებს.
- ანდრა ხომ არ უშლის ხელს?
- შენ წარმოიდგინე, რომ არა. ცდილობს ხელი შეუწყოს, აქ მოჰყავს სამეცადინოდ, ეხმარება კიდევაც, ნუ იბარებს მის ნასწავლს და სანამ ვაჩე წიგნებშია ჩარგული, ანდრა ცდილობს, რამე გემრიელი მოუმზადოს. ხან ბებოს ეკითხება და ხან ინტერნეტში ეძებს რეცეპტებს და მშვენივრადაც გამოსდის.
- მერე მაგას რა სჯობს! ერთი კარგი შეფი, არ უნდა გვყავდეს საახლობლოში?
- იქნებ, კულინარიულზე ჩავაბარებინო? ჰმ, ვიფიქრებ მაგაზეც, მაგრამ ჯერ სკოლა უნდა დავამთავრებინო, საშინლად ეზარება, მაგრამ საჭიროა.
- ქირურგი და კულინარი! მშვენიერია!
- ჯერ ჯერობით კი არიან შეყვარებულები და მერე, ვნახოთ! წინ კიდევ, მთელი ცხოვრება აქვთ! მოგვიანებით, როცა უფრო დაღვინდებიან და თუ დაქორწინდნენ, აქ ვაცხოვრებ! ბინის პრობლემა, არ ექნებათ და დანარჩენს, თვითონაც მიხედავენ. მეც შეძლებისდაგვარად დავეხმარები.
კიდევ დიდ ხანს ისაუბრეს. ფიფოს სულ ამოუვარდა თავიდან, რისთვისაც იყო მისული. მშვენივრადაც მოილხინა და შინ, საკმაოდ ნასვამიც დაბრუნდა.
მხოლოდ დილით კი გაახსენდა უცნაური სტუმრები და მათი, ცოტა არ იყოს, უცნაური ქცევა და ყველაფერი მიმის მოუყვა, თუმცა თავისი სტუმრობის მიზეზი, გამოტოვა.
- უცნაური იმიტომ იყო, რომ არც ახალი წელია და არც შობა, რომ საჩუქრები ერიგებინა სტუმრებისთვის. - უხსნიდა ფიფო.
- იქნებ მართლაც, მისი კურსდამთავრებულები არიან და ქირურგმაც, დაასაჩუქრა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ან კი, რას ჩაეძიე? ვისაც უნდა, იმას დაასაჩუქრებს?
- ჰო, რა ვიცი. - ხელი ჩაიქნია ფიფომ. - ჩვენ სკოლაში ხომ არ გვაგვიანდება?
- ღვიძავს უკვე, ჩამოვა, ისაუზმებს და წადით.
- მალე დაბალი კლასებიც ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.
- მართლა? - გაიკვირვა მიმიმ. - ასე ცუდადაა საქმე?
- საკმაოდ.
- არ მივდივართ სკოლაში. - დიმეო სამზარეულოში შემოვიდა.
- კი, მივდივართ. - უპასუხა ფიფომ.
- აღარ მივდივართ! - დიმეომ მიმის ტელეფონი მაგიდაზე დადო. - მასწავლებელმა დაგირეკა.
- და შენ, უპასუხე? - ჩაეღიმა მიმის. - ზემოთ დამრჩენია და რატომ არ დამიძახე?
- ჰო, რა მოხდა მერე? - ჩაერია ფიფო. - ნახა ვინც რეკავდა და მაგიტომ უპასუხა. - ფიფომ მობუზულ ბავშვს, თვალი ჩაუკრა.
- არ ვბრაზობ. რა გჭირთ? - მიმიმ თავი გააქნია, ნომერი აკრიფა და სამზარეულოდან გავიდა, თუმცა მალევე შემოვიდა და განაცხადა, სწავლა განუსაზღვრელი დროით გადაიდოო.
- წავედი მაშინ მე. - ფიფო წამოდგა.
- ისაუზმე მაინც? - ჰკითხა მიმიმ.
- კი. კი! და შენ რას იზამ?
- დავრჩები სახლში. აბა ბავშვს, მარტო ხომ არ დავტოვებ?
- თუ რამეა გაიყვანე, ჩემებთან! - უკვე კართან მისულმა გამოსძახა მიმის. - ან, შენებთან!
ფიფო სამსახურისკენ მიიჩქაროდა, როცა გზაში, გალეოს ზარმა მოუსწრო და ახალი ამბების მოსასმენად, ფიფომ თავისთან დაიბარა.
ცოტა ხანში, უკვე კაბინეტში, სავარძელში მოკალათებულს, ახალმა მდივანმა, სტუმრის ვიზიტიც აუწყა.
ფიფო დარწმუნებული იყო, რომ ეს გალეო იქნებოდა და უკვე კარებშივე მიახალა, აბა რა გაქვს ჩემთვის ახალი და საინტერესოო, თუმცა გალეოს ნაცვლად ღია კარში, ის ახალგაზრდა ადვოკატი გამოჩნდა.
- ახალი და საინტერესო, მართლაც მაქვს. - გაეცინა ჩუკის.
- ესე იგი, თუ საქმე არ გაქვს, ისე არ უნდა მინახულო? - მიაგება ღიმილით ფიფომ.
- თან საქმე და თან მონატრება, წავა?
- მოდი, მოდი. - გაეცინა ფიფოს.
- რას შვება ვაჟკაცი, კაცი?
- რა ქნას. - თავი გააქნია ფიფომ. - მგონია რომ ყველაფერში გავერკვიე, მაგრამ მერე აღმოჩნდება რომ კიდევ რაღაცას არ ამბობს, ან ვერ ამბობს, მალავს ან რატომ მალავს. უკვე იმდენჯერ გამოვკითხე, რომ ერთი პერიოდი, ლამის ბავშვი, მტრულადაც მიყურებდა და აშკარად გამირბოდა.
- ასე ხშირადაც არ შეიძლება ამდენი გამოკითხვა, მით უმეტეს, თუ კი ბავშვი, რაღაცას ბოლომდე ვერ ჰყვება, ან მართლაც, შეგნებულად არ ჰყვება! იქნებ, აღარც უნდა, რომ ისევ ახსოვდეს? ან იქნებ, ქვეცნობიერად თავადაც ჩამალა და ჩაკარგა გონებაში და ჰგონია, რომ მართლაც არ ახსოვს? თქვენ კი, ყოველ წუთს ცდილობთ, რომ შეახსენოთ და თანაც, რა? რა შეახსენოთ? ტკივილი? ის ტკივილი, რომელმაც ასე მწარე ნაიარევი დაუტოვა გულზე? მიუხედავად იმისა, კარგად ახსოვს, თუ ცუდად, მაინც მოუშუშებელი ჭრილობაა და ოდესმე, თავს მაინც შეახსენებს.
- და მერე ვინ იცის, როგორ აისახება მის ცხოვრებაზე. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ჰოდა, სწორედ ეგაა თქვენზე დამოკიდებული! ნუ წიწკნით იმ ნატკენს, ხელი შეუწყვეთ, რომ მოუშუშდეს!
- მართალი ხარ, მართალი! თითქოს ვცდილობ, რომ მოვუშუშო და ამის მაგივრად კი პირიქით, ყველაფერში დეტალურად გარკვევას მოვითხოვ და რის გულისთვის? იმისათვის, რომ ჩემი პირადი ინტერესები დაკმაყოფილდეს? მხოლოდ ამისთვის და არ ვექცევი კარგად. - ფიფომ თავი გააქნია. - სამწუხაროა, რომ ამას, გვიან მივხვდი.
- მთავარია, რომ მიხვდი. - მიუგო ჩუკიმ. - ბავშვს, რომელიც დიდი სიყვარულით იზრდება, რაც არ უნდა შეემთხვეს, და რაც არ უნდა მოშორებული იყოს მშობლებისგან, ოჯახისგან, ახლობლებისგან, მან იცის, რომ ის ახსოვთ, ეძებენ, ლოცულობენ მისთვის! თუნდაც მის საპოვნელად, მკითხავსაც კი მიმართავენ! და ის, აუცილებლად გრძნობს ამას და სწორედ ეს აძლევს მას ძალას, იმ ძალას, რომ გადარჩეს, გამოძვრეს იმ სახიფათო სიტუაციიდან და თუ ფიზიკურად ვერა, სულიერად მაინც ცდილობს, რომ არ აგრძნობინოს მტერს გამარჯვება!
- ეგ, ჰო. - ფიფოს ჩაეღიმა. - მეშინოდა, მაგრამ ბევრს არ ვტიროდიო, მარტო ცოტასო.
- აი, ხედავ? იბრძოდა, რადგან რწმენა ჰქონდა, თქვენი სიყვარულის სჯეროდა და ეს იყო მისი მთავარი სიმტკიცის რესურსი!
- ჩემი ვაჟკაცი, სულ სხვანაირი დაგვიბრუნდა, უფრო გაზრდილი, დაღვინებული. ზოგჯერ წესიერად, თვალსაც ვეღარ ვუსწორებ და არანაირი რესურსი მე არ ვარ მისთვის! ჩემი ბრალია ყველაფერი! ჩემი სამუშაოს ბრალია და მე ვარ დამნაშავე! ღირსიც კი ვიქნები, რომ სიძულვილით შემომხედოს, მაგრამ პირიქით, ვგრძნობ რომ ახლა უფრო მეტად ვუყვარვარ და არ ვარ ღირსი! არ ვიმსახურებ ამ სიყვარულს, რადგან ერთი პატარა ბავშვის დაცვაც რომ ვერ შევძელი! ხშირად მის თვალებშიც ვეძებ საყვედურს და ველოდები აი, ახლა მაინც ხომ მეტყვის რომ...
- არ გეტყვის! არასდროს გეტყვის, რადგან მას არ ემახსოვრება...
- ნუთუ, ასე დაივიწყებს? - შეაწყვეტინა ფიფომ. - რაღაც არა მგონია.
- არ დაივიწყებს, მაგრამ არც ასეთი ტკივილით ემახსოვრება. - ჩუკიმ წამით იყუჩა და მალევე განაგრძო. - საერთოდ, ადამიანის ტვინი და განსაკურებით კი ბავშვის, აღჭურვილია ისეთი დამცავი მექანიზმით, რომ მას შესწევს უნარი გადაამუშავოს და გაცხრილოს, მის თავს გადატანილი, უარყოფითი შემთხვევები და როცა ეს მექანიზმი ამუშავდება, გარკვეული თავდაცვის მიზნით, მეხსიერების ცენტრი უბრალოდ იბლოკება, რის შედეგადაც აქტიურდება ის მექანიზმი, რომელსაც ამნეზიას ეძახიან და ხშირად ეს ეხმარება ტვინს, რომ დაისვენოს იმ გადაღლილი განცდებისგან, რაც თავს გადახდა, რამაც ამ ამნეზიამდე მიიყვანა. თუმცა, სულაც არ არის აუცილებელი ისეთი ამნეზია ჰქონდეს, რომ მართლაც არაფერი ახსოვდეს. ზოგი ახსოვს, ზოგი არც ახსოვს, ზოგიც კი არც უნდა რომ ახსოვდეს და გაიხსენოს, ამიტომ ნებით თუ უნებლიეთ კარგავს, მალავს მეხსიერებაში იმ უარყოფით ნაწილაკებს, რამაც ასეთ დღეში ჩააგდო, ასეთი ცუდი დღეები გაატარებინა.
- დღეები კი არა, ლამის ნახევარი წელი. ხუთ თვე ნახევარზე, ცოტათი მეტი.
- ამდენი თვე სტრესი, ცოტა არ არის.
- ნამდვილ სტრესში, მხოლოდ ერთი თვე იყო, არც კი. დანარჩენი კი პირიქით, კარგ ხალხში მოხვდა.
- ჰოდა, ამიტომაც, ამდენი თვის მანძილზე მისი ტვინი მუშაობდა უარყოფითი მოგონებების, ამბების ამოგდებაზე, მიკარგვაზე. ცდილობდა არ ეფიქრა, არ გაეხსენებინა.
- მე კი ჩავაცივდი, გინდა თუ არა გაიხსენეო.
- ნუ, შენ, როგორც მშობელი, შენი მხრიდან ვალდებულიც კი ხარ გამოიკვლიო და გამოიძიო, მაგრამ აბა ბავშვის მხრიდან ნახე? ვერ ხვდები, რომ სტანჯავ?
- ღმერთო ჩემო. - თავი გააქნია ფიფომ. - ბავშვს ლამის, ჯოჯოხეთი მოვუწყვე ამდენი გამოკითხვებით და რის გულისთვის?
- საქმეც მაგაშია! განა სპეციალურად გიმალავს? უბრალოდ, თავისებურად ინახავს.
- ჰო. გეთანხმები, მართალი ხარ მართალი. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და ადვოკატს მზერა მიაპყრო. - საქმეო და მარტო ჩემი ჭკუის სასწავლებლად, არ იქნები აქ მოსული, თორემ მაშინ, ოჯახში მესტუმრებოდი.
- ოჯახშიც შეიძლებოდა, მაგრამ საღამომდე რა მოითმენდა. - ჩაეღიმა ჩუკის. - თუმცა უკვე, წუხელვე ვიცოდი, მაგრამ გვიან ღამით, აღარ დაგიფრთხე ძილი.
- ვახ, რა ხდება ასეთი? მშვიდობაა?
- პრინციპში, კი.
- ჰოდა, ნუ დამტანჯე. - გაეცინა ფიფოს.
- გახსოვს, ახალგაზრდა ბიჭის გვამი, რომ იქნა ნაპოვნი? ჯერ კიდევ დიმეო რომ იყო დაკარგული იმ პერიოდში?
- ჰმ, კი მახსოვს, მერე?
- აი, მაგ ბიჭის ნათლია, რომ იცოდე, ვინ არის? - ჩუკიმ თვალები მოწკურა.
- ???
- აი, თავის დროზე, ბანკეტიდან ჩხუბით წამოსული ბიჭი, რომ დაიღუპა, ზედმეტი დოზით, აი, სწორედაც რომ მაგის მამაა, ამ ბიჭის ნათლია, რომელიც იგივე ნარკოტიკებმა იმსხვერპლა, მიუხედავად იმისა, რომ გულის პრობლემების გამო, კარგად იცოდა, მსგავსი არაფერი უნდა მიეღო და შენი „ძვირფასი და სულზე უტკბესი“ მდივანიც, ძალიან, ძალიან კარგად იცნობდა.
ფიფომ წარბები აზიდა და სანამ რამეს იტყოდა ამ დროს კარი გაიღო და გალეომ ჯერ მისალმების ნაცვლად, დემონსტრაციულად მიახალა:
- იცი, რა გაირკვა, ფიფო? ის შენი წანკლა მდივანი, იმ ვიღაც კაიფში გაპარულ ბიჭს რომ იცნობდა თურმე კარგად და...
ფიფოს სიცილი ვეღარ შეიკავა. გალეომ გაკვირვებული თვალებით გადახედა, ყურებამდე გაღიმებულ ადვოკატს.
- დაგაგვიანდა ინფორმაციის შემოტანა. - სიცილით მიუგო ფიფომ.
- ასე მალე, როგორ გაიგე? - თავი გააქნია დეტექტივმა.
- შენ როგორ გაიგე. აბა ეგ გვითხარი ჯერ. - ფიფომ სკამზე მიუთითა.
- ძალიან მარტივად. - მიუგო გალეომ. - დაახლოებით ორი წლის წინანდელი, ჩანიშნული ნომრებიც კი ამოვუყარეთ და ერთ-ერთი, ამ ბიჭის სახლის ტელეფონიც, ამოვარდა, ოჯახმაც დაადასტურა, რომ ამ გოგოს მშვენივრად იცნობდა, და სიკვდილამდე, არც თუ ისე დიდი ხნის უნახავი ჰყავდა.
- კი, მაგრამ მაგის გარკვევა, ისედაც შეიძლებოდა, ბოლოს ვის დაურეკა და ვის არა, ნუთუ იმ ბიჭის ნომერი, ახლა არ გამოჩენილა? ორი წლის წინანდელ ჩანაწერში რომ არ ამოვარდნილიყო?
- შენ წარმოიდგინე, რომ არა! - უპასუხა გალეომ.
- იმიტომ რომ არ ურეკავდა და პირადად აკითხავდა. - ჩაურთო ადვოკატმა. - როცა სჭირდებოდა.
- მდაა! - წარბები აზიდა ფიფომ. - ესე იგი, საქმეში გადიოდა?
- ნარკოტიკების საქმეში, შესაძლებელია გადიოდა კიდევაც. - მხრები აიჩეჩა დეტექტივმა.
- და იქნებ, შესაძლებელი კი არა, მართლაც გადიოდა. - ღიმილით ჩაურთო ჩუკიმ.
- ჰოო? - გალეომ ხან ერთს გახედა და ხან, მეორეს.
- მოკლედ. - დაიწყო ფიფომ. - ვითომ-ვითომ წვრილმანი და სინამდვილეში, უამრავმა დამთხვევებმა იჩინეს თავი და ამდენი დამთხვევას მე კი არა, ბავშვიც არ დაიჯერებს.
- გავარკვევ! - მიუგო გალეომ.
- უნდა გაარკვიო, აბა რაა! - თავი დაუქნია ფიფომ. - ეს კარგი, გავიგეთ, რომ გალემ ძველი დანარეკი ნომრებინდან ამოაგდო, მაგრამ აი, შენ საიდან გაარკვიე? - ფიფომ ჩუკის გადახედა. - თქვა რამე, იმ ალქაჯმა?
- ფოსტალიონი იყო. - უპასუხა ადვოკატმა. - ის ბიჭი.
- ჰმ. - თავი გააქნია ფიფომ. - გასაგებია, მაგრამ რატომ მიიღო დოზა? თუ?..
- სრულიად შემთხვევით წამოსცდა, რომ საკუთარმა ნათლიამ, გაიმეტა თავისივე ფოსტალიონი. - მიუგო ჩუკიმ. - აბა რაო, საკუთარი შვილი არ დაინდოო და ნათლულს დაინდობდაო.
- ჰო, მაგრამ, რატომ არ დაინდო? ან ერთი? ან მეორე? - ჩაეკითხა ფიფო. - აი, ამაშია საქმე!
- მივხედავ, მივხედავ. - ჩაილაპარაკა გალეომ.
- თუ კიდევ რამეს იტყვის, მოგაწვდით. - დაუმატა ჩუკიმ.
- ზედმეტი შეკითხვები, მაინც არ გინდა. - ჩაურთო ფიფომ - უფრო მეტად, თავისი ამბების ირგვლივ უტრიალე და ისე, სასხვათაშორისოდ, ხანდახან რაღაც ჰკითხე.
- თუმცა, მაინც არაფერი ეშველება. - დასძინა გალეომ.
- არ ეშველება. - თავი დაუქნია ფიფომ. - მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად, მასში მონაწილეობის მიღება კი არა, რადგან იფიცება, არ ვიცოდიო და მართლა სიურპრიზი მეგონაო, თუმცა ვინ უჯერებს, მაგრამ მაინც.
- უშუალო მონაწილე რომ იყო, ეგ ხომ ფაქტია! - ჩაურთო ჩუკიმ.
- კი, როგორ არა. - დაეთანხმა ფიფო. - მაგრამ რადგან, ბოლომდე არ აღიარებს და ჩვენც ვითომ, გვჯერა მისი, ისიც რწმუნდება, რომ შედარებით, ადვილად გამოძვრება! აი, ამაშია საქმე და სწორედაც ეს მინდა, რომ ბოლომდე დარწმუნდეს და აი, მერე კი, უკვე მე ვიცი!
- ჩვენც, გვითხარი! - ჩაურთო გალეომ და წასასვლელად მოემზადა.
- მოვა მაგის დროც! - უპასუხა ფიფომ. - ახლა სხვა საქმეებით მაქვს ტვინი დაკავებული.
- კარგი აბა, დროებით. - დეტექტივი კარისკენ წავიდა. - დღეეს, იმდენი ხალხი მყავს დასაკითხი, მაღაზიის ძარცვაზე, რომ ხვალამდე, ვეღარ მოვიცლი.
- შენ არ გინდა მანქანა? - ფიფო ადვოკატს მიუბრუნდა, როგორც კი გალეო გავიდა.
- ხომ შემომთავაზა მიმიმ, მაგრამ რა ვიცი? რაღაც არ შემიძლია. ტარება კი ვისწავლე და არც იმდენად ცუდად, მაგრამ რაღაც, მძღოლის ამპლუაში, ვერ ჩავჯექი, მით უმეტეს, თუ მანქანაში, კიდევ ვინმე ჩაჯდა, ყურადღება მისკენ უფრო მაქვს, ვიდრე გზისკენ.
- კარგი, შენი ნებაა, თორემ ხომ იცი? მიმის მთელი გულით და სულით უნდა დაგასაჩუქროს, აგერ გალეც როგორი ბედნიერი დაჰქრის, ახალი პიპიათი.
- ღმერთმა შეარგოს. - გაეღიმა ჩუკის.
- დალევ ცოტას? - ფიფომ მინიბარი გამოაღო.
- ჯერ ფაქტიურად, დილაა.
- ლანჩის დროა და შეიძლება ცოტა. - ფიფომ ბრენდი ჩამოასხა. - გუშინ ქირურგთან, იმდენი მომივიდა. მოულოდნელად დავადექი და ამ დროს, თურმე რაღაც წვეულება ჰქონდა, თან საოცრება იყო, რატომღაც ყველა სტუმარი დაასაჩუქრა. ჩემს გარდა. - ფიფოს გაეცინა. - ჯერ ანდრას მეგობრები მეგონა, მაგრამ მერე შევნიშნე, ბევრად უფროსები იყვნენ. ალბათ სტუდენტებს მოუწყო გამოსაშვები, თუმცა შემოდგომაა, რაღა დროს კურსის დამთავრებაა, მაგრამ რა ვიცი? - ფიფომ ჭიქა გადაჰკრა.
ჩუკი, ჩაფიქრებული ატრიალებდა ჭიქას, მერე ოდნავ მოწრუპა, მაგიდაზე დადგა და ფიფოს გამოხედა.
- საოცარი კაცია.
- იცნობ? - წარბები აზიდა ფიფომ. - ა, ხომ ჩემთან გაიცანი გამახსენდა.
- ადრეც ვიცნობდი, შორიდან. - უპასუხა ჩუკიმ. - მსმენია მასზე, საოცარი კაცია.
- ჰო, მთელი კლინიკა აქებს. - კვერი დაუკრა ფიფომ.
- არა მარტო. და იცი, ხომ მისი ოჯახის ტრაგედია?
- კი, ვიცი, თუმცა ამდენი წლის მეგობრობის მერე, მაინც შედარებით გვიან გავიგე.
- სამწუხაროა ძალიან. - ჩუკი შეყოვნდა. - გუშინ, მისი დაბადების დღე იყო. ისე კი გამიკვირდა ვესტუმრეო, რომ სთქვი, რადგან დაპატიჟებით, მაგ დღეს, მარტო კლასელებს ეპატიჟება.
- ვისი დაბადების დღე? ან, ვისი კლასელები? შემთხვევით აღმოვჩნდი სტუმრად და...
- გუშინ, შვილის დაბადების დღე ჰქონდა და ყოველ წელს სუფრას შლის, მხოლოდ მის კლასელებს ეპატიჟება და საჩუქრებსაც თავად სჩუქნის.
- ჰოო, ახლა ყველაფერი გასაგებია. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მეც მოულოდნელად დავადექი და უცებ ჩავეჩხირე სუფრასთან. არაფერი მიკითხავს და არც თავად უთქვამს, მისი სტუდენტები მეგონა.
- ჩემზე კარგად იცნობ და ხომ იცი, რა ტიპიც არის, ხმას არ ამოიღებდა.
„მართლაც, რა საოცარი ადამიანი ყოფილა.“
ფიქრობდა უკვე ფიფო ჩაძინებისას და ცდილობდა, უფრო მეტად გაეხსენებინა ის დღე, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ...
მერე ათას რამეს გადასწვდა, ფიქრებში სად არ წავიდა და მოულოდნელად, კვლავ ქირურგის გაფითრებული სახე წარმოუდგა წინ.
„ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? რატომ?...
რატომ?..“
LEX. 2020 წლის 1 ოქტომბერი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment