Monday, October 26, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 80)

80.
- ისე, ვერტმფრენით, არასოდეს მიფრენია. - მიმიმ ღიმილით გახედა ბავშვს. - დეე, გეშინოდა?
- აბა, რა შეკითხვაა? - არ აცალა ფიფომ ბავშვს პასუხი. - თავიდან ყველას აქვს შიში. აბა მაშინ, გიჟი უნდა იყო, საერთოდ რომ არ შეგეშინდეს! ამავე დროს, შიშთან ერთად, ინტერესიც არის და მერე, რომელიც უფრო სძლევს, შენც ისე იქცევი! - ფიფომ წუთით იყუჩა და მერე ისევ განაგრძო. - მახსოვს, სულ პირველად, ისე შემეშინდა, რომ ლამის პამპერსი ვინატრე.
დიმეო სიცილისგან ჩაბჟირდა.
- ჰო! რას დამცინით? ის პირველი წუთი იყო, თორემ მერე? ასე რომ, ნურავინ იტყვის, თავიდან მაინც არ მეშინოდაო, ეს ტყუილი იქნება. ტყუილი კი... - ფიფო დიმეოს ჩააშტერდა. - არც კარგი საქმეა და სულაც არ არის ვაჟკაცობა!
დიმეოს ფერი წაუვიდა.
- თუმცა... - განაგრძო ფიფომ. - ზოგჯერ სათქმელს ბოლომდეც ვერ ამბობ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იტყუები.
დიმეოს აშკარად გულზე მოეშვა. ფიფოს ჩაეღიმა და განაგრძო:
- და სათქმელი, იმიტომ ჰქვია, რომ უნდა ითქვას ბოლომდე, მაგრამ ყველაფერს, მაინც თავისი დრო აქვს! არა, მამ?
დიმეომ აჭარხლებული სახით დაუქნია თავი.
- ჰოდა, ახლა ისაუზმეთ და მერე იჭორავეთ, ეგ თქვენი „სათქმელი“. - მიმიმ ბოლო სიტყვას, ხაზი გაუსვა და ღიმილით გახედა ფიფოს.
დიმეომ თვალები დახარა, აშკარად მოიღუშა. ფიფოც მიხვდა, ამდენი ზეწოლაც არ ივარგებდა. ბავშვი უფრო ჩაიკეტებოდა და საბოლოოდ ნდობასაც დაკარგავდა. ამიტომ ფიფომ, თემის შეცვლა ამჯობინა.
- იცი, მიმი, რომ დედამიწის არსებობა, ჭორებზე დგას!
- ჰმ, საინტერესოა. - მიუხვდა მიმიც.
- ჭორი, ცუდია! - ჩაურთო დიმეომ. - ჭორი, ბოროტებაა!
- დიახ! - კვერი დაუკრა ფიფომ. - სწორედ ეგაა, შუღლი და ბოღმა, რასაც შემდგომში და ძალიან ხშირადაც კი, სავალალო შედეგი მოაქვს! და მგონი, მიმის მობილური სკდება!
მიმი ტელეფონის ასაღებად გავიდა.
- მამ! - მიმართა ფიფომ. - ხომ მაგარი იყო გუშინ? რამდენი ვიფრინეთ, არა?!
დიმეო უხმოდ დაუქნია თავი.
- მერე კატერითაც ვისეირნოთ, ხომ გინდა?
- კი! როგორ არა! - გამოცოცხლდა ბავშვი.
- შენ მგონი, ვერტმფრენით არ მოგეწონა, ხომ?
- მომეწონა, მაგრამ მერე დავიღალე. - დიმეომ თვალი აარიდა.
- ეგ, არაფერი. მეც ძალიან დავიღალე.
- ვერტმფრენი იყო, თუ შვეულმფრენი? რომლით ვიფრინეთ?
- ჩვენი ფრენის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- ერთი და იგივეა?
- ნუ, დაახლოებით. განსხვავება კონსტრუქციაშია და კიდევ სხვა პატარ-პატარა ფუნქციებში. სხვა დროს კიდევ ვიფრინოთ, თუ სურვილი გექნება და შენ საითაც იტყვი, იქეთ გავფრინდეთ!
- კარგი! - ბიჭი ყურებამდე გაიბადრა.
- ჩუკი გველოდება. - მიმი სამზარეულოში დაბრუნდა. - თავის დის შვილებთან ერთად, სადღაც გვეპატიჟება.
- ვახ! რა საინტერესოა და მე რომ არ მცალია? - დანანებით დაბრიცა ტუჩი ფიფომ.
- მაშინ, უარს ვეტყვი. - მიმიმ მობილური მოიმარჯვა.
- რატომ? - შეაწყვეტინა ფიფომ. - თქვენ წადით! ჩემი გულისთვის, სახლში ხომ არ დარჩებით?
- წავიდეთ, აბა? - მიმიმ ბავშვს თვალი შეავლო, რომელიც მხიარულად აჭყიპინდა, წავიდეთ, წავიდეთო.
- ჰო! - ფიფომ მიმის თვალი გაუსწორა და მიმიც მიხვდა, ფიფოს რაც სურდა. - წადით, თქვენ! - ფიფომ ოდნავ მბრძანებლური ტონითა და თან, თავის დაკვრითაც ანიშნა, რომ დროულად უნდა გასცლოდნენ იქაურობას.
მიმის წამით, თვალებში შიში ჩაუდგა, თუმცა ფიფოს მომღიმარმა სახემ მიახვედრა, ალბათ ვინმე ისეთ სტუმარს ელოდება, არ უნდა რომ ბავშვმაც ნახოსო.
„და არც ის უნდა, ქვეყანამ დაინახოს, სახლშიც იმიტომ იბარებს ალბათ.“
გაიფიქრა მიმიმ და ცოტა გულზეც მოეშვა.
„ან იქნებ, სულაც მარტო დარჩენა უნდა, რადგან?.. რადგან ახალი ინფორმაცია აქვს. გამოძიების ახალი ვარიანტი უნდა განიხილოს.“
აქ უკვე შეფიქრიანდა.
„ვაიმე, კიდევ რამე ხომ არ ხდება? 
ან, უნდა მოხდეს?“
მიმის არასასიამოვნოდ გასცრა ტანში და ფიფოს კვლავ ჩაეკითხა:
- წავიდეთ?
- მიმი, თუ გინდა დარჩით, მაგრამ მე არ მცალია დღეს თქვენთვის! - ფიფოს ხმაში, წყენა დაეტყო. - მთელი დღე, ჩემს კაბინეტში მომიწევს მუშაობა! იმედია, დამაცდით და ზედმეტად არ შემაწუხებთ!
როგორც იქნა, ფიფო მარტო დარჩა, სწორედ ეს აწყობდა და მიმიც, ბოლოს და ბოლოს, მიუხვდა და ბავშვიანად გაეცალა.
ფიფომ, ლეპოტოპი ჩართო და ყურადღებით ათვალიერებდა, შვეულმფრენის კამერიდან დაფიქსირებულ კადრებს. იმავდროულად, საკუთარი მობილურით გადაღებულ, დიმეოს რეაქციებსაც აკვირდებოდა და ერთმანეთს ადარებდა დროს. ფიფო არც შემცდარა. გრძნობდა, რომ სწორ გზაზე იდგა, მაგრამ ასე გულდასმით, რატომ მალავდა ბავშვი ამ ყველაფერს, ამას ახსნას ვერ უძებნიდა.
- ცხადია, რომ თავის გადამრჩენელს მალავს. - ჩაიბურტყუნა ფიფომ თავისთვის. - ნუ, თუ სიტყვა ჩამოართვა? ჰმ!
მიმი და ბავშვი გვიან დაბრუნდნენ. ახალი ამბებით დახუნძლული ფიფო, თავის კაბინეტში ელოდა მიმის გამოჩენას და მიმიმაც, როგორც იქნა, შეაღო ოთახის კარი. 
- დაიძინა? 
- ისეთი დაღლილი იყო, საშხაპიდან რომ გამოვიყვანე ლამის უკვე ეძინა. - მიმის გაეცინა. - ისე, კარგად გაერთო, ისე გემრიელად ითამაშა ჩუკის ბავშვებთან! ვაჩეს ძმებთან ასე კარგად, არც უთამაშია. 
- უჰ, ისინი, მხეცები არიან! - გაეღიმა ფიფოს. - ველურები. აბა ვაჩე, სულ სხვანაირია. 
- შედარებაც კი არ შეიძლება, ისეთი კარგები არიან, თან რა საოცარია, ერთი დის შვილი იყო, მეორე დის შვილიშვილი, არც ასაკშია დიდი სხვაობა და ტოლებივით იზრდებიან. 
- ჰაჰ! რა მაგარია! - გაეცინა ფიფოს. 
- კი, ძაან, მაგრამ ახლა, ჩვენს თავს,  რა ხდება? ტყუილად ხომ არ იფრინეთ? წუხელაც არაფერი გითქვამს. 
- და შენც, დაგელია სული, არა? - ჩაეცინა ფიფოს და ლეპტოპს დასწვდა. 
მიმი გაოგნებული დარჩა. 
- ხედავ? აქ როგორ წაიგრძელა კისერი? - უხსნიდა ფიფო. - აი ეს სახლი, სოფლის განაპირას, რომ დგას, სწორედ ამაზე ჰქონდა მასეთი რეაქცია. - ფიფომ წამით გაყუჩდა და უფრო კარგად ჩააკვრიდა. - სოფლის განაპირას კი არა, სოფლებისგან კარგად მოშორებით დგას.
- ვითომ, ამ სახლშიც მალავდნენ? იქნებ, სულაც მანდ იყო თავიდანვე? 
- არ ვიცი, მიმი, არ ვიცი. - ამოიხვნეშა ფიფომ. - სადაც კი, ოდნავ მაინც, რაღაც რეაქცია შევნიშნე, იმ ადგილებში რაც შეიძლებოდა, უფრო დაბლა ვიფრინეთ. პილოტიც გაფრთხილებული მყავდა. 
- მოიცა, ფიფო. - მიმი ახლა უფრო ჩაუკვირდა ჩანაწერებს. 
- აბა, რა აღმოაჩინე? - ღიმილით ჰკითხა ფიფომ. 
- აი, იმ მღვიმეა, თუ გამოქვაბულთან რომ იფრინეთ, იქაც კი დაჭყიტა თვალები, მაგრამ სულ სხვა სახე აქვს. 
 - ჰო, აი მეც მაგას ვამბობ, სოფლისკენ რომ დავიძარით, უკვე ისე აწრიალდა და იმ სახლის დანახვაზე კი, შენც ხომ ნახე, არა? რა რეაქცია ჰქონდა. სადღაც, თითქოს უხაროდა კიდევაც, მერე კი დანაღვლიანდა. 
- თითქოს, გული დასწყდა, თუ? 
- აშკარად გული დასწყდა და რაც შეეხება შენს ვერსიას, რომ პირველად მანდ იყო, ეგ არ მგონია სწორი, რადგან დიმეომ კარგად იცნო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ ხანს, ან სულაც ბოლო პერიოდი ცხოვრობდა და თავსაც, მშვენივრად გრძნობდა. 
- ვითომ? - მიმი ჩაფიქრდა. 
- სავარაუდოდ კი, რადგან მღვიმის მიდამოები, ამწვანებული ტყე-მინდვრები, ვერც კი იცნო და რატომ? 
- მანდ ხომ მარტო ზამთარში იყო და დიდი თოვლი... 
- ყოჩაღ! დიახაც, მასეა! და იცნო ის ალაგი, ისეთივე, როგორიც ჰქონდა ნანახი. 
- ნეტა, ვისია ის სახლი? ვინ ცხოვრობს? - ამოიხვნეშა მიმიმ. - იქნებ, მე მარტო ჩავიდე და პირდაპირ დავადგე? - მიმი შეყოვნდა. - ან, რა უნდა ვუთხრა? როგორ ვკითხო? 
ფიფომ არაფერი უპასუხა. ერთხანს, იჯდა ასე ჩაფიქრებული. 
- ჩემი ერთ-ერთი ვერსიით. - დაბალი ხმით დაიწყო ფიფომ. - თუ კი ვიღაც, კიდევ მონაწილეობდა ამ საქმეში, ან თუნდაც, გვიან შეუერთდა, უბრალოდ, ბავშვს შეეჩვია და გასაწირად, ვეღარ გაიმეტა. 
- ამიტომაც იფიცება ასე თავგამოდებით, შენი მდივანი, რომ მეტი არავინ იყოო? თუ კი მართლაც, მოგვიანებით შეუერთდათ ის ვიღაც. 
- ჰო, არის ეგ ვარიანტიც და რაც შეეხება იმ ფულს, იქნებ, არც კი იცოდა თუ ბავშვის ჩანთაში იყო, ან ბოლომდე ინამუსა, რაა. 
- საერთოდ არ იყო მოკლებული იმ ფულზე. - ჩაილაპარაკა მიმიმ. 
- ჰმ, მართლა, რა საოცარია. - ჩაეღიმა ფიფოს. 
- და, სხვა ვერსია? 
- ფაქტიურად, იგივე ან მსგავსი! ბავშვი მართლაც, მწყემსებმა იპოვნეს, მერე სწორედ, იმ სოფლის განაპირა სახლში ჩაიყვანეს და კარანტინის მოხსნის მერე, დაგვიბრუნდა კიდევაც.
- მაგრამ, ბავშვს რატომ არ უნდა, რომ ის ხალხი მოვძებნოთ და დავაჯილდოვოთ? მადლობა მაინც ვუთხრათ, როგორი მოვლილი ჩამოიყვანეს. 
- მეც ეგ მიკვირს! - მიუგო ფიფომ. - ამიტომ უფრო ვფიქრობ ხოლმე, იმ ვიღაც მესამეს. 
- თუ მეოთხეს? მდივანიც ხომ ითვლება, იმ სამეულში? 
- ჯანდაბას, იყოს მეოთხე. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- და ის მაინც გავარკვიოთ, ვინ არიან? რა ოჯახია? 
- გავარკვიე უკვე. - ჩაეღიმა ფიფოს. - მარტოხელა კაცია, ვეტერინარი. ოჯახი, დიდი ხნის წინ ხანძარს ემსხვერპლა. 
- ვაიმე. - შეწუხდა მიმი. 
- ჰოდა, ცხოვრობს ასე მარტო! ხან მასთან მიჰყავთ, ხან თვითონ დადის, ხანაც მწყემსებს ჩამოჰყავთ პირუტყვი, სამკურნალოდ. 
- და, ესე იგი? - თვალები გაუნათდა მიმის. - იქნებ, დიმე სულაც არ იტყუება და მართლაც მწყემსებმა ჩაიყვანეს იმ კაცთან? 
- შეიძლება, მაგრამ ამ მონაყოლში, რომ რაღაცას მალავს, ეს ფაქტია! და სახეზეც ეტყობა! 
- იქნებ, ის ვეტერინარია ნაციხარი და რადგან გაიგო ვისი შვილიც იყო, აღარ ისურვა გამოჩენა. 
- შენ წარმოიდგინე, მიმი! ეგეც კი გადავამოწმე! - თითქოს, ნიშნის მოგებით მიახალა ფიფომ. - აბსოლუტურად არანაირი პრობლემა, ოდნავადაც კი არ ჰქონია კანონთან შეხება! - ფიფომ წამით იყუჩა. - ან იქნებ სულაც, ვიღაც მაგის ახლობელი მწყემსია „ნახიშტარი“? 
 - მერე სულ ნუ გამოაჩენდა იმ ტიპს და თვითონ ის ვეტერინარი მოსულიყო! დავიჯერო, მართლა ასეთი დალხენილია, რომ ჯილდოც კი არ უნდა? 
- იქნებ, მართლაც არც არაფერში სჭირდება, ეს ჩვენი ჯილდო? ფული თუ უნდოდა, ჩანთა სავსე იყო! - ფიფო კვლავ ჩაფიქრდა. - ან იქნებ, არც კი იცოდა? შეიძლება, ბავშვის ზურგჩანთაში, სულაც არ ჩაუხედავს? ან ჩვენი ბიჭი, რაღაცას გვიმალავს და ძალიან სერიოზულადაც უყურებს ამ ამბავს. 
- მდაა. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ნეტა მართლა, რას მალავს ასეთს? 
- ან, ვის? 
- ისევ ის, პირვანდელი ვერსია? 
ფიფომ თავი დაუქნია და მერე დაბალი ხმით დასძინა: 
- ვიღაც, მართლა კიდევ ფიგურირებდა იქ, ან საქმეში, ან საქმის გარეთ! ის, ვისაც გამოჩენა, ნამდვილად არ უნდა. 
- ალბათ, ადრე ჰქონდა პრობლემები და მაშინ არც აწყობს, რომ გამოჩნდეს. 
- ჰოდა, არც აწყობს და ნუ აწყობს! მართლაც, რას ვაწუხებთ ამდენს, ამ ბავშვს! ხომ ვხედავთ, როგორ იტანჯება და განიცდის? კაცური სიტყვას ასრულებს და ჩვენ კი, რას ჩავაცივდით აქ?! 
- მართალი ხარ. - გაეღიმა მიმის. - აღარაფერი აღარ ვკითხოთ და მორჩა! 
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი, თუმცა მიმის უჩუმრად, მაინც ყველაფრის ბოლომდე გარკვევაზე ფიქრობდა. დროებით, მოადუნა ყურადღება. დიმეოც უფრო მეტად დამშვიდდა. 
ზაფხულის ცხელი დღეები, ზღვაზე ერთად გაატარეს. შინ გარუჯულები და ახალი ემოციებით დაბრუნდნენ. უკვე შემოდგომაც დამდგარიყო და მალე, სკოლაც დაიწყებოდა. 
- დეე, თუ გინდა, ონლაინ რეჟიმზე გადაგიყვან? - შესთავაზა მიმიმ. - მართალია, ასე მხოლოდ უფროს კლასელები სწავლობენ, მაგრამ მშობლის მოთხოვნით, შეიძლება დაშვება.
- არ მინდა მასე, ვივლი სკოლაში. 
- თუ გინდა, სხვა სკოლაში გადაგიყვან? 
- რატომ? 
- ნუუ... - მიმიმ ვეღარაფერი უპასუხა. ისედაც გასაგები იყო, რაც იგულისხმა. 
- მიყიდეთ მობილური! - დიმეომ კოპები შეკრა. - და აღარ ინერვიულებთ! და ნუ, გეშინიათ, საშინელ თამაშებს, არ ვითამაშებ! - ბიჭი შეყოვნდა. - და არც არ პორნოებს ვნახავ! 
- უიჰ! - შეიცხადა ფიფომ და ღიმილი ძლივს შეიკავა და გაკვირვებულ, ყურებამდე გაკრეჭილ მიმის გადახედა. - მაშინ, უნდა ვუყიდოთ! 
- ვუყიდოთ! - კვერი დაუკრა მიმიმ. - გინდა, ახლავე შევარჩიოთ საიტიდან? 
- დღესვე მომიტანენ? - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს. 
- არა მგონია, თან საღამოა უკვე, შეკვეთა ხვალ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ზეგ მოვა. - ჩაურთო ფიფომ. 
 - არაა! - ახლა მიმი ჩაერია. - ხვალ პარასკევია და ორშაბათამდე, მაინც ვერ მოვა. 
- კარგი. - დიმეო ცოტა მოიღუშა. 
- რა ყურები ჩამოყარე? - შეუძახა ფიფომ. - ხვალვე წავიდეთ ადგილზე ვნახოთ, რაღა ორშაბათამდე ვიცადოთ? 
- მაღაზიიდან ვიყიდოთ! - გაუხარდა დიმეოს. 
- არის, უფროსო! - ხელი აუწია ფიფომ. - ხვალვე ვიყიდოთ! დილიდან! 
დილით კი, უთენია, სანამ ფიფო თვალს გაახელდა, დიმეო უკვე თავზე ედგა და მობილურის ასარჩევად წაყვანას სთხოვდა. 
- ჯერ ადრე არ არის, მამ? - ნამძინარევი ხმით წაიზმუვლა ფიფომ. 
- მაშინ, საუზმეს მოვამზადებ! 
- დაიცა! - ფიფომ თავი წამოსწია. - დედიკოს სძინავს? 
- გავაღვიძე უკვე! - მხიარული ხმით მიაძახა ბიჭმა. 
- ჰაჰ! - ფიფომ თავი ბალიშზე მიაგდო, თუმცა ძილი მაინც ვერ შეიბრუნა და ქვემოთ ჩავიდა, სადაც უკვე გამზადებული საუზმის, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. 
- ჩემი თოხი, ადგილზეა? - სერიოზული ხმით იკითხა ფიფომ და სკამი გამოსწია. 
- რა თოხი? - გაუკვირდა მიმის. 
- აბა, ასე უთენია, სათოხარში თუ წავა კაცი, მობილურის საყიდლად კი არა. - ფიფომ თვალი ჩაუკრა ბავშვს. 
- ჯერ ისაუზმეთ და მერე, ყანაში. - გაეცინა მიმისაც. 
მობილურის შერჩევას დიდი დრო არც დასჭირვებია. ფიფომ საუკეთესო შეუძინა. დიმეო აღფრთოვანებული იყო და რატომღაც „უნებურად“, უახლესი მოდელის ტელეფონით, ისევ სამხედრო ბაზაში აღმოჩნდა და ახლა ვერტმფრენიდან, თავად იღებდა ფოტოებს და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა უკვე ფიფომ, მისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობ ადგილას, პილოტს ძირს დაშვება სთხოვა. დიმეო გაიბუსა. თუმცა მამას წინააღმდეგობის გაწევა, ვეღარ გაუბედა და ნირწამხდარი გადმოვიდა კაბინიდან. 
- ისე, ამხელა მინდორში, ერთი საპირფარეშო, არ უნდა იყოს? - ფიფომ იქაურობას თვალი ისე მოავლო, თითქოს ვერც ამჩნევდა ბავშვის უხასიათობას. 
- თუ ასე გიჭირს, აი იქეთ ტყეში შედი. - ღიმილით მიანიშნა პილოტმა, არც თუ ისე ახლოს გაშლილ ტყის მასივზე. 
დიმეოს ცოტა გულზე მოეშვა, რადგან ტყე, უზარმაზარი, გაშლილი მინდვრის იქეთ იწყებოდა და საკმაო დიდ მანძილზე იყო მოშორებული, სწორედ იმ, მისთვის კარგად ნაცნობი ვეტერინარის სახლიდან, რომელიც იქვე, სულ რაღაც ას მეტრში იდგა და სულ ოდნავ ეფარებოდა ბორცვს. 
- რა მინდა ტყეში? მგლებმა არაფერი მომაჭამონ. - გაიკრიჭა ფიფო. 
სიცილი სხვებსაც გადაედო. 
- აქ სადმე ახლოს, სახლი არ დგას ნეტა? - ფიფო იმ ბორცვისკენ დაიძრა. - წყალი მაინც დამალევინონ. 
- მერე როგორი სხვა გემო აქვს, სუფთა ჭის წყალს. - ჩაურთო პილოტმა. 
- დიმე, წამოდი აბა, მამ! ჩვენ ვნახოთ. - ბავშვს არც მოხედა ისე დაეყრდნო ხელჯოხს და გზა განაგრძო. - იქ მგონი, სახლიც ჩანს. 
ვეტერინარის სახლი, ეზოს სიღრმეში იდგა, ყოველი მხრიდან დიდი, გატოტილი ხეები ეფარებოდა. ბორცვიდან წესიერად არც ჩანდა, თუმცა ფიფომ მშვენივრად იცოდა, საითაც მიდიოდა. დიმეო დასჯილი ბავშვივით, ფეხ ათრევით მიჰყვებოდა უკან. ოდნავ დამრეც ბილიკზე, ბავშვის დახმარების გარეშე, ფიფოს მართლა გაუჭირდა ჩასვლა. ახლა დიმეო მიუძღვებოდა წინ, თუმცა ფეხები მაინც, უკან რჩებოდა. აი, ცოტაც და ის კარ-მიდამოც გამოჩნდა. ბავშვს ემოციებისგან, გული აუჩქარდა და უნებურად, ხელი ძლიერად მოუჭირა მამას. ფიფომ არაფერი შეიმჩნია, პირიქით „აღფრთოვანდა“, უი, რა კარგია, აქ ვიღაც მაინც რომ ცხოვრობსო. ჯერ კიდევ არ იყვნენ ეზოს მიახლოვებულნი, რომ უზარმაზარმა ნაგაზმა ისეთი ყეფა ატეხა, ფიფომაც კი უკან დაიხია. ძაღლი გაუჩერებლივ ყეფდა და წამდაუწუმ ღობეს ისე აწყდებოდა, თითქოს საცაა გადმოახტებაო. 
- ერთი ჭიქა წყლის გულისთვის, ამ ძაღლს თავს ხომ არ შევაჭმევინებთ. - ფიფომ მიდამო მოათვალიერა და თან მალულად, დიმეოსაც შეავლო თვალი. 
დიმეო გაიტრუნა. 
 - ახლო-მახლო, სხვა მოსახლეც არ ჩანს. - განაგრძო ფიფომ. - ან ამ ძაღლის პატრონი მაინც გამოჩნდებოდეს, სანამ შევუჭამივართ, მგონი აშვებულია? 
დიმეოს ახლაღა მოაგონდა, ვეტერინარი, ძაღლს, ეზოში აშვებულს მაშინ ტოვებდა, როცა შინ არ იყო და შვებით ამოისუნთქა. ძაღლი მართლაც, სხვადასხვა მხრიდან ღობეებს აწყდებოდა და თავგამოდებით ყეფდა. ფიფო უკან არ იხევდა, მაინც წინ მიიწევდა. ფიფოს არც დიმეო ჩამორჩა და ახლა, წეღანდელთან შედარებით, უფრო წელგამართული მიუახლოვდა ეზოს. ბიჭის დანახვაზე, ძაღლი სულ გადაირია, ყეფასთან ერთად ყმუილსაც მოჰყვა და ახლა იქვე ეზოში მორბენალი, ორი ფუმფულა, უკვე წამოჩიტული ლეკვებიც წკმუტუნით აჰყვნენ. 
დიმეოს გული შეუქანდა, ისე ძლიერ მოუნდა, მათი ჩახუტება, რომ ლამის სუნთქვა შეეკრა. თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა, თავისივე ხელში გამოზრდილ, ეზოში ბურთებივით მოგორავე ლეკვებს. დიდი ნაგაზის მსგავსად, ისინიც ცდილობდნენ ღობეზე ამოხტომას, მაგრამ ძლივს ოდნავ წამოიწეოდნენ და მერე უკანვე ეზოში გორავდნენ. 
- სტუმარი ღვთისაა! 
დიმეოსთვის საკმაოდ კარგად ნაცნობმა და ფიფოსთვის, სრულიად უცნობმა ხმამ, მათ ზურგს უკან გაიჟღერა. 
LEX. 2020 წლის 28 აგვისტო, პარასკევი.

No comments:

Post a Comment