78.
- ნეტა მართლა, სად იყო, ამდენი თვე? - დაიჩურჩულა მიმიმ.
დიმეოს შუა ფილმის ნახვისას, ტკბილად ჩასძინებოდა და მიმიც, მისი ცქერით ვერ ძღებოდა. ფიფომ ღიმილით აიჩეჩა მხრები და ტელევიზორი ფრთხილად გამორთო. მერე კი ფეხაკრეფით დატოვა ოთახი. მიმიმ ნასუფრალ ლანგარს, ხელი წამოავლო და ფიფოს უკან მიჰყვა.
ქვემოთ ჩამოსვლისას ფიფოს, შემოსასვლელ კართან მიგდებული, დიმეოს ზურგჩანთა მოხვდა თვალში, რაღაც ზედმეტად გაბერილიც კი მოეჩვენა და ჩაეცინა, როგორ უფრთხილდებოდა თურმე, ამდენი თვე თან ატარაო. ჩანთას ხელი მსუბუქად წამოავლო თუმცა, საკმაოდ მძიმე ტვირთი შერჩა ხელთ.
- ასეთი, რა უდევს ამ ჩანთაში? - ჩაილაპარაკა თავისთვის ფიფომ და ჩანთის გახსნისთანავე, წიგნებს შეავლო თვალი. თითქოს, უჩვეულო არაფერი ჩანდა. მერე უფრო ღრმად ჩახედა და გაკვირვებისგან, ლამის ენა ჩაუვარდა. ერთხანს, იყო ასე გაშეშებული, მერე ცოტა გონს მოეგო და მიმის გასძახა.
- რა გაყვირებს? - მიმი სამზარეულოდან, ჩურჩულით გამოეხმაურა.
- მოდი რაა, აქ. - ჯერ დაბალი ხმით მიმართა ფიფომ და მერე უფრო, ხმას აუწია. - ერთი, ეს ნახე!
- რა იყო? კიდევ რაღაც ხდება ჩვენს თავს? - შეშფოთებით იკითხა მიმიმ.
- ნახე! - ფიფომ ჩანთაში ჩაახედა.
- რაა?! - მოულოდნელობისგან იყვირა მიმიმ. - ეს!.. ეს!.. ეს ხომ... ეს ის... - სავარძლის სახელურზე გაოგნებული სახით ჩამოჯდა. - ეს რა ხდება?
- ვერაფერს ვხვდები. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თუმცა ეს, სულაც არ არის ცუდი ამბავი, ცუდი კი არა, მშვენიერია! მაგრამ როგორ? რანაირად?
- ახლა, მართლა გავგიჟდები! ჯერ კიდევ, თავი სიზმარში მგონია! ბავშვი რამდენჯერმე, კინაღამ გავაღვიძე, ხელს ვკიდებდი, ხომ არ მეჩვენება-თქო და ახლა, ეს უკან დაბრუნებული ფული?! საოცარია!
- რამე ხომ არ უთქვამს, ბანაობისას? - შეეკითხა ფიფო.
- არაფერი საერთოდ და არც მე მიკითხავს, შენ როგორც დამარიგე.
ფიფო ერთ ხანს, ჩაფიქრებული იჯდა, მერე თვალები მოიფშვნიტა და თქვა:
- ბავშვი უნდა გავიყვანოთ სადმე!
- სად? ძლივს სახლში დაბრუნდა.
- შენებს უკვე, შეატყობინე?
- უი, ჯერ არა, მაგრამ ვიფიქრე, ძალიან გვიანია და უცებ, სიხარულისგან, მართლა რამე არ დაემართოთ.
- ჰოდა, ძალიან კარგი! არც ჩემებთან და ჯერ არც არავისთან დამირეკავს. ბავშვი ქალაქიდან გავიყვანოთ და მერე განვაცხადებ, რომ ვიპოვნეთ და მპოვნელმა ჯილდოც მიიღო და მორჩა!
- როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- როგორც მინდა კი არა, ასეა საჭირო.
- კარგი, როგორც შენ იტყვი. - გაეცინა მიმის.
- იცი, მაინც რატომ ვამბობ?
- ქვეყანა მოვა მერე მოსალოცად, თუ საჭორაოდ.
- აი, სწორედაც! - თავი დაუქნია ფიფომ. - მერე ნახე შენ, ჟურნალისტებისა და ცალკე კიდევ მთელი სამინისტროებისა თუ სამმართველოების გამოკითხვა-დაკითხვები. ბავშვს, ეგენი უფრო გადამირევენ!
- ჰო, ფიფო, მართალი ხარ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - მაგრამ სად წავიდეთ? აგარაკები გავყიდეთ, კარანტინის მერე სულაც არ მინდა უცხოეთისკენ გახედვა, მაინც მეშინია. იმ სოფელში ხომ არ წავსულიყავით? თუმცა იქ, იმდენი ხალხია და უადგილო შეკითხვებიც, ბლომად წამოვა!
- სადმე კოტეჯი რომ ვიქირაოთ? მთაში თუნდაც, ან ზღვაზე?
- მთაში? უი, არა ფიფო, რააა! მთელი ზამთარი ბავშვმა მგონი, ისედაც მთაში გაატარა!
- მაშინ ზღვაზე, სადმე განაპირა მხარეს ვიქირავებ სახლს და იქ წაგიყვანთ! მერე უკან ჩამოვალ და ყველას სათითაოდ ავუხსნი და ვახარებ, თორემ მართლა გადარევენ ბავშვს შინაურები, თუ გარეულები! - ფიფომ ამოიხვნეშა და ისევ განაგრძო. - დილიდანვე წავიდეთ! ვიპოვნით რამეს! დროებით, სასტუმროში გავათევთ და მოვძებნი ცალკე სახლს და ვიყოთ იქ, შემოდგომამდე!
- ვითომ, უცხოეთში ვართ! ძებნა რომ არ დაგვიწყონ!
- ჰო, მიმი! მართალი ხარ! ჯერ ჩაგიყვანთ თქვენ, დაგაბინავებთ და მერე წამოვალ და...
- ისე, ამდენი სირბილი, რად გინდა? - გაუკვირდა მიმის. - წავიდეთ და იქიდან დაურეკე ყველას და მორჩა, სულაც ნუ იტყვი, სად ხარ! ბებიებს კი, სკაიპით დავალაპარაკებ ბავშვს.
- იქნებ, მარტო რომ ვიქნებით, უფრო მოგვენდოს და მოგვიყვეს სინამდვილეში, რაც მოხდა.
- უი, დილიდან, ვერ წავალთ! - მიმიმ თავი გააქნია.
- რატომ?
- ჯერ მაღაზიებში უნდა შევიაროთ, ბავშვს ახალი ტანსაცმელი სჭირდება!
- მიმი, რამე მოძებნე, ექნება, ან გზადაგზა შევიძენთ, ისე რომ თითო მაღაზიაში, ათ წუთზე მეტ ხანს, არც უნდა გავჩერდეთ!
- მაინც ნიღაბი უნდა გვეკეთოს და ასე უცებ, ვერც ვერავინ გვიცნობს?
- ჰოდა, ვუყიდოთ ახლები და მოვუვსვათ ამ ქალაქიდან, სანამ დროა!
დილით როცა მიმი, ფეხაკრეფით შევიდა ბავშვის საძინებელში, დიმეო უკვე გაღვიძებული ფეხზე დაუხვდა. კარადის კარი გამოეღო და საზაფხულო ტანსაცმელს ეძებდა.
- დეე, ჩემი ზამთრის ტანსაცმელები, ჯერ კიდევ არ გადაგილაგებია? - იკითხა გაკვირვებულმა.
- ახლავე მივხედავ! - გაეღიმა მიმის. - შენ მაგაზე არ იდარდო, მაგრამ შარშანდელი საზაფხულოები, წელს აღარც გერგება.
- გუშინ რაც მეცვა ისინი, სად წაიღე? ახალი გარეცხილი იყო.
- აჰ, ნუუ, მე მაინც ვიფიქრე რომ, უნდა გამერეცხა და... და იცი, რა? - მიმი გამოცოცხლდა. - ახლა რამეს მოგიძებნი, დროებით რომ ჩაიცვა და მერე, წავიდეთ და ვიყიდოთ ახლები და უკეთესები!
- და ის, ჩემი ტანსაცმელი? - ჩანდა ბავშვს, ძალიან სწყდებოდა გული იმ ძველმანებზე. - უნდა გადავყაროთო? გუშინ რომ ამბობდი...
- იმას, მე წავიღებ და ეკლესიასთან დავდებ. - შემოსწრებული ფიფო, საუბარში ჩაერთო. - ვიღაც ბავშვს გავახარებთ, რომელსაც მასეთიც კი არა აქვს!
- კარგი. - დიმეო დათანხმდა.
მიმიმაც შვებით ამოისუნთქა.
- სანამ თქვენ მაღაზიებს დაივლით, მე ეკლესიაში წავიღებ იმ ტანსაცმელს და სახლში დაგელოდებით, ბარგი ჩავალაგოთ. - ფიფო ახლა, ბავშვს მიუბრუნდა. - დიმი, ხომ გინდა, მამ, ყველანი ერთად სადმე წავიდეთ?
- ახალი სათამაშოებიც ვნახოთ. - ღიმილით დაურთო მიმიმ. - ხომ გინდა?
- სამივე ველოსიპედი ვაჩეს ძმებს ვაჩუქე. კი მინდა! ახალი ველოსიპედი და ახალი ბურთიც მინდა!
- დანარჩენს ყველაფერს, გზადაგზა ვიყიდით! - დაუმატა ფიფომ. - შენ მთავარია მოიფიქრო, რა გინდა და რასაც ხელს დაადებ მამ, ყველაფერს გიყიდი!
- მგონი მეტი, არაფერი მინდა. - დიმეო ჩაფიქრდა. - ჩავალ ჩემს ოთახში და ვნახავ.
დიმეომ ძალიან გაიხარა, როცა ის ძველი, მისი მოწონებული პიანინო, ისევ იმ ადგილას რომ დაუხვდა. ანდა, ვინ აიღებდა?
მაშინვე თავი ახადა და დაკვრას შეუდგა. მშვენივრად გამოსდიოდა. მიმი და ფიფო გაკვირვებულები დარჩნენ.
- ამდენი თვის მერე, როგორ ადვილად გაიხსენა. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- დავიჯერო მწყემსებთან, იქ მთაში მეცადინეობდა? - ჩაეღიმა ფიფოს.
- პიანინოც რომ წავიღოთ, არ შეიძლება? - იკითხა დიმეომ როცა დაკვრას მორჩა.
- აბა დასასვენებლად, ვინ ათრევს ამხელა ინსტრუმენტს? - გაუკვირდა მიმის.
- ელექტროს ვუყიდი. - დაუმატა ფიფომ. - მანქანაშიც ადვილად ჩაიდება და ყველგან წავიღებთ!
- მაშინ ვისაუზმოთ და დავიძრათ! - გამოაცხადა მიმიმ.
- საუზმეს მე მოვამზადებ! - დიმეო სკამიდან წამოფრინდა.
- მდააა. - გაიკვირვა ფიფომ. - ნეტა რას შევჭამთ, ამ დილით?
- ომლეტს! - უპასუხა ბიჭმა ისე, რომ უკან არ მოუხედავს მერე კი დედას გამოსძახა. - დეე! შაშხი გვაქვს?
- შაშხი? - მიმიმ წარბები აზიდა. - ბეკონი გვაქვს, ორნაირი ყველიც.
- იყოს, წავა. - დიმეომ მაცივარი გამოაღო.
- ჰმ, წავა. - ჩაეღიმა ფიფოს.
სანამ მიმი და ბავშვი საყიდლებზე იყვნენ გასული, ფიფომ დიმეოს ის ძველი ტანსაცმელი, ექსპერტიზაზე წაიღო.
- ჰო, შენთვის ახალი ამბავი მაქვს! თუმცა, ბევრი ვერაფერია. - შესვლისთანავე ახარა ექსპერტმა. - ის ახალგაზრდა ბიჭი, გულის უკმარისობით არის გარდაცვლილი. სისხლში ალკოჰოლი და ცოტაოდენი ნარკოტიკიც შეინიშნებოდა, თუმცა არა მომაკვდინებელი დოზით. აღმოჩნდა რომ ბიჭს, გულის პრობლემები ჰქონია და ამან უფრო ხელი შეუწყო, მის დაღუპვას.
- და ამიტომაც მიაგდეს, შეშინდნენ ალბათ, ვინც მასთან ერთად იყო. იფიქრეს, რომ წამლის ბრალი იყო.
- სადღაც კი, მაგრამ არც ისე იმდენად. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ის ნარკოტიკი, ნაკლებად არის შუაში, ბიჭის ჯანმრთელობა იყო პრობლემატური და ისედაც მისი სიცოცხლე, ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მაინც რატომ გარისკა? ნუთუ არ იცოდა, რომ ავად იყო?
- ნეტა გალეომ თუ დაადგინა, მისი ვინაობა?
- არაფერი ვიცი. - თავი გააქნია ექსპერტმა. - თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ეს ბიჭი, იმ ქოხში მომხდარ ამბებთან, არაფერ შუაშია. იმ უცნობის სისხლი, არ ეკუთვნის ამ ბიჭს.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა ფიფო.
- და ეს, ტანსაცმელი? - ცელოფანი გახსნა ექსპერტმა. - ვინმე ბავშვია, გარდაცვლილი?
- არა! ეს სულ სხვა თემაა ჯერ. - მიუგო ფიფომ. - მხოლოდ ამ ეტაპზე, ჩვენში უნდა დარჩეს, რადგან გამოძიება, საკმაოდ საიდუმლოდ მიმდინარეობს. რასაც აღმოაჩენ, მხოლოდ მე უნდა შემატყობინო. ეს სისხლის კვალიც ნახე, თუ არის ბაზაში და ისე შეგიძლია, იმ უცნობისასაც შეადარო. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. - დაუბარა ფიფომ და გარეთ გამოვიდა. სწორედაც რომ ამის გარკვევა უფრო უნდოდა, დიმეოს ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლი, რადგან ბავშვს არ ეკუთვნოდა, ნეტა ვისი იყო, ან თუ დაემთხვეოდა, იმ ვიღაც უცნობის სისხლს.
- მზად ხარ, მიმი? - ფიფომ სახლში შესვლისთანავე იკითხა.
- ბარემ, ვისადილოთ. - მიმიმ თვალი აარიდა.
- რა იყო? - ფიფოს ცოტა ნირი წაუხდა. კიდევ რამე ხომ არ გვჭირსო, გაიფიქრა.
- არაფერი ისეთი, უბრალოდ. - მიმი შეყოვნდა. - ჩვენები დავპატიჟე სადილზე! ფიფო, სხვანაირად არ გამოვა! ვისადილოთ და მერე ჩვენ, გავემგზავროთ, მხოლოდ ვიტყვით, რომ უცხოეთში მივდივართ! ცოდვაა ის ხალხი, როგორ გაიხარებენ ბავშვის ნახვით.
- მიმი, ხომ მოვილაპარაკეთ, არა? - იწყინა ფიფომ. - რომ ჩავიდოდით, იქიდან დავურეკავდით, ვიდეო ზარსაც ჩავრთავდი და ბავშვს, ისე დავალაპარაკებდით!
- ხომ მაგრამ, უცებ დედაჩემს რომ გული წაუვიდეს, ბავშვის დანახვაზე და მერე მართლა, რამე დაემართოს, მაშინ რაღა ვქნა? ბარემ, აქ მოვიდნენ ყველანი და თუ გულზე ყრაა, მივხედავ მაინც. ჯერ არაფერი იციან. უბრალოდ, ძალიან ვთხოვე შენებსაც და ველოდები სადილზე. ქირურგიც მოვიწვიე და ძანეს ბაბუაც! ყველას ერთი ტექსტით დავურეკე და მოსვლა ვთხოვე! დიმეოს უცებ არ გამოვაჩენ, ჯერ შევამზადებ და ისე. დიმემ იცის და თანახმაა, თავის ოთახში იქნება, სანამ მე არ დავუძახებ!
- ამოვიტანო რამე? თუ ყველაფერი გვაქვს? - უკმაყოფილოდ იკითხა ფიფომ. თუმცა, ისიც კი გაიფიქრა, ალბათ იქნებ, ბარემ ასე სჯობდესო.
- ყველაფერი მოვახერხე და რა ვიცი. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - უი, ნათლიაშენისთვის, არ დამირეკავს.
- არც არის საჭირო! - მკვახედ მოუჭრა ფიფომ. - არც გალეოს ვეუბნები ჯერ. სანამ არ ჩავალთ.
- და სად მივდივართ, ვიცით?
- წარმოდგენა არ მაქვს! - ფიფომ თავი გააქნია. - როგორც წუხელ მოვილაპარაკეთ! დასავლეთისკენ ავიღოთ გეზი. ზღვისკენ დავიძრებით. შეიძლება, სასტუმროშიც მოგვიწიოს ღამის გათევა, სანამ წესიერ სახლს ვიქირავებთ! ხალხისგან მოშორებით!
მიმის უნდოდა ახლობლებისთვის, თანდათან შეეპარებინა ბავშვის დაბრუნება და მშვენივრადაც გამოუვიდა, თუმცა გულისწასვლების გარეშე, მაინც ვერ გამოძვრა. ხან დედამთილი იყო ცუდად, ხან დედა და ხან მამიდა.
როგორც იქნა, სტუმრები დაითხოვეს და თან, ყველას სათითაოდ სიტყვა ჩამოართვეს, რომ ჯერ არავისთან იტყოდნენ, თუმცა ფიფომაც და მიმიმაც მშვენივრად იცოდნენ, ენას კბილს, არც ერთი არ დააჭერდა, ამიტომაც დროულად უნდოდათ გაესწროთ ქალაქიდან.
ის იყო, სახლიდან გასვლა დააპირეს, რომ ფიფოს ტელეფონიც აწკრიალდა. ნათლია ურეკავდა. ფიფომ არც უპასუხა, უკმაყოფილოდ მიაგდო მობილური. ტელეფონი კვლავ აწკრიალდა, არ ჩერდებოდა.
- ბარემ უპასუხე, მაინც მივდივართ! - ურჩია მიმიმ.
ფიფო უკმაყოფილო სახით დასწვდა მობილურს.
- რააა?!.. აუჰ! რა დროს ეგ იყო...
მიმიმ ყურები ცქვიტა, მიხვდა არ იყო კარგი ამბავი, მაგრამ რა?
- ხანუმა არის თურმე, ძალიან ცუდად. - ფიფომ მობილური გათიშა. - შეიძლება, იონამ ვერც ჩამოუსწროს.
- უნდა მიხვიდე! - უთხრა მიმიმ. - ჩვენ წავალთ და მერე დაგირეკავთ, სადაც გავჩერდებით! ან იქნებ, დავიცადოთ ბარემ, ეს ერთი დღეც?
- იქნებ, ჯერ არ კვდება ის ქალი და მალეც წამოდგეს?! რაღა ჩემს ჯინაზე მოუნდა ახლა, სიკვდილი?! - აჯუჯღუნდა ფიფო.
- კარგი რაა, ძალად ხომ არ აკეთებს? ვრჩებით დღეს და მორჩა!
- მიმი, არ მინდა ახლა, თქვენი აქ დარჩენა! სულ გული მისკდება, ან ჟურნალისტები არ მოგვადგნენ კარს და ან მთელი საგამომძიებლო, ვინ აღარ იყო ჩართული! ვერც ჩემებთან და ვერც შენებთან, ვერ დავიმალებით! ისე, ვერც ძანესთან, მანდაც მოგვაგნებენ და ვერც გალეოსთან!
მიმიმ ყურები ჩამოყარა, თუმცა მერე უცებ, გონება გაუნათდა.
- იცი, რა ვიფიქრე?
- რა იფიქრე? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- იმ ადვოკატს დავურეკოთ! ჩუკის. ერთი დღით შეგვიფაროს, გვიანობამდე! ისე, ამინდიც მშვენიერია, ვისეირნებთ ქალაქში, მაინც ნიღაბი მიკეთია, დიმესაც გავუკეთებ ვერავინ გვიცნობს, ჩემს მანქანას დავტოვებ.
- კარგი, დავურეკოთ ჩუკის! გავალ მაშინ მე და საღამოსკენ, შეგეხმიანები.
ხანუმა, მართლაც ძალიან ცუდად იყო. უკანასკნელ საათებს ითვლიდა და შეიძლება, წუთებსაც. იონას დაუბარა, იყოს ნუ ჩამოხვალ ჩემი გულისთვისო, საქმეს მანდ, ნუ გაიფუჭებო. ის კიდევ, იქიდან წუხდა, აბა როგორ არ უნდა ჩამოვიდეო. მერე ფიფო შეეხმიანა. შენ როგორც შეძლებ, ისე გააკეთე, მთავარია ახლა, გზები გახსნილია და ფრენასაც ადვილად შეძლებო.
ხანუმას ლაპარაკი ძალიან უჭირდა. ძლივს სუნთქავდა. მისი ხვნეშა კი, მთელს ოთახში ისმოდა. მოწვეული ექიმი წამდაუწუმ, ხან პულს უსინჯავდა, ხანაც მის სუნთქვას აკვირდებოდა.
- იქნებ გადაგვეყვანა, მაინც საავადმყოფოში? - დაბალი ხმით წარმოსთქვა ნათლიამ.
ხანუმამ ოდნავ შეავლო თვალი ნათლიას და ძლივს ამოილუღლუღა:
- არ გაბედოთ!
- საკუთარ სახლში ყოფნას, მაინც არაფერი სჯობს. - ჩაერია ფიფო. - ასე არ არის? - ძალდატანებული ღიმილით ჩამოუჯდა საწოლთან ახლოს და მისი დამჭკნარი მტევანი, ხელებში მოიქცია.
- არ გაბედოთ და ძალათი, არ მაცოცხლოთ! - ამოიკვნესა ხანუმამ. - არავითარი აპარატზე შეერთება!
- არავის მივცემ უფლებას! - დააიმედა ფიფომ. - შენს თავს აქედან, არავის გავატან!
ხანუმამ გაუღიმა და ოდნავ მოუჭირა ხელი.
- შენი დარდი მიმყვება. - წაიკვნესა ხანუმამ.
- აბა, მე რა მჭირს, სადარდებელი? - ომახიანად მიუგო ფიფომ. - ყველაფერში გამიმართლა, სამსახური, სახლ-კარი და ცოლ-შვილი!
- ბავშვი... - ამოილუღლუღა ხანუმამ. - ჩვენი პატარა დიმეო...
- მოგენატრა? გინდა, ახლავე დაგალაპარაკო? - ფიფომ მობილური მოიმარჯვა და ამაყად გადახედა, იქვე მყოფ ხალხს და მაშინვე გაახსენდა, რომ მათთვის ჯერ, დიმეოს დაბრუნება, არც კი იყო ცნობილი. - ფიფომ ვიდეო ზარი ჩართო.
ხანუმა სიხარულისგან ტიროდა. თუმცა ლაპარაკი, ძალიან უჭირდა. მერე მიმის ხმაც გაისმა, ახლავე მოვდივართო. ფიფომ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მისკენ მომზარალ, გაოგნებისგან დაჭყეტილ თვალებს, მშვიდად გახედა.
- რა იყო? - ცინიკურად წარმოსთქვა ფიფომ. - გეგონათ, ვერაფერს გავაწყობდი? და ჩემს შვილს, ვერ დავიბრუნებდი?
- კი მაგრამ როდის? - იკითხა ნათლიამ. - როგორ?
- ეგ ყველაფერი, გალეოსი და იმ ახალგაზრდა ადვოკატის დამსახურებაა, რომელსაც საერთოდ არ ეხებოდა ეს ამბავი და ახლა, დაწინაურებასაც იმსახურებენ, კარგ ხელფასსაც და რა თქმა უნდა, ერთ კარგ პრემიასაც! - ფიფომ მშვენივრად იცოდა, რომ არც დეტექტივი და არც ადვოკატი, დიმეოს დაბრუნებასთან, არაფერ შუაში იყვნენ, მაგრამ ისედაც სულ გვერდში ედგნენ და იმსახურებდნენ კიდეც, ასეთ დაფასებას, მაგრამ ვინ იყო მართლა, იმ ჯილდოს ღირსი, ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
- სთხოვე, მოვიდნენ აქ. - წამოიკვნესა ხანუმამ. - მინდა გულში ჩავიკრა ის ბიჭები, ვინც ჩვენი ბავშვი დაგვიბრუნა.
ფიფო წამოდგა. გვერდით ოთახში გავიდა და გალეოს შეეხმიანა, მოკლედ აუხსნა ყველაფერი, თან მკაცრად გააფრთხილა, არაფერი დაგცდეს, ვითომ მართლაც შენ იპოვნე ბავშვიო და ადვოკატსაც, იგივე უთხრა.
- ახლა შენს მდივანთან მაქვს პაემანი, ისიც ხომ არ წამოვიყვანო? - შეეკითხა ჩუკი. - წინასწარ არაფერს ვეტყვი. საინტერესოა, დიმეოს დანახვაზე, რა რეაქცია ექნება.
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფოს. - კარგი, გელოდებით!
დიმეოს გამოჩენაზე, ყველა გაოგნებული დარჩა. ამდენი თვის გატაცებული ბავშვი, არც დათრგუნული იყო, არც გაუცხოებული და მშვენივრადაც გრძნობდა თავს.
- ეს რამხელა ბიჭი გაზრდილხარ. - ნაზი ჩურჩულით ეალერსებოდა ხანუმა.
ყველანი იქ იყვნენ ადვოკატის გარდა, თუმცა დიდ ხანს ცდა, არც დასჭირვებიათ. მალე კარიც გაიღო და ადვოკატი და მისი თანმხლები, ფიფოს მდივანი გოგონაც ოთახში შემოვიდნენ.
- აი! - მკაცრი სახით გაიშვირა თითი დიმეომ, მდივანი გოგონასკენ. - ამან მომიტაცა!
LEX. 2020 წლის 15 აგვისტო, შაბათი.
No comments:
Post a Comment