39.
მოხუცი ხშირად აკვირდებოდა პიპას, რომელსაც მოწყენილობა თანდათან
უქრებოდა, თუმცა მხიარული სულაც არ ხდებოდა. პირიქით, ჩანდა, რომ უფრო მეტად იხვევდა
გულში ბოღმას. ზოგჯერ კი, ისეთი საშიში და ცივი მზერა ჰქონდა, მისი გამოხედვა მოხუცსაც
კი აკრთობდა და აფიქრებდა.
რამდენჯერ, შიშითაც უფიქრია, ნეტა, რა აქვს, ამ ბავშვს ჩაფიქრებულიო,
მაგრამ რადგან ბიჭის ერთადერთი მეგობარი იყო, ყოველი ღონით ცდილობდა, როგორმე ეს საშიში მზერა და ჩაბუდებული ბოღმა, მისი გულიდან გაეფანტა.
ათას რამეს უყვებოდა, ათას რამეს ასწავლიდა,
პიპაც გულისყურით უსმენდა და ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა.
- იცი, რომ ამერიკა, სნაიპერებს უნდა უმადლოდეს
თავის არსებობას?
- სნაიპერებს? მართლა? - პიპა გაოცებას ვერ
ფარავდა.
- ჰო!
- სნაიპერები, რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ
ამერიკა არ იარსებებდა? - ბიჭმა თვალები დაჭყიტა.
- დაახლოებით მასეა! - გაეცინა ბაბუს. - იყო ერთი ასეთი
კაცი, თავის საქმის პროფესიონალი სნაიპერი - პატრიკ ფერგიუსონი! შოტლანდიელი. ჰოდა,
ერთ მშვენიერ დღესაც, გაგანია ომის დროს, რომ დაუმიზნა ეს შენი „ვინტოვკა“, ამოიღო მიზანში, ერთი ამერიკელი ოფიცერი, უმიზნა, უმიზნა... უმიზნა...
- მერე? - ვეღარ ითმენდა პიპა.
- მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს მისი სამიზნე ოფიცერი ზურგით
იდგა და ისე ჩანდა, რომ თითქოს, შემობრუნებას არც აპირებდა...
- მერე რა? რა მნიშვნელობა ჰქონდა სნაიპერისთვის, მსხვერპლი ზურგით იდგა, თუ არა? - არ აცლიდა ბიჭი.
- აი ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ფერგიუსონმა
არ ესროლა!
- რატომ? ის ხომ სნაიპერია?
- იმიტომ რომ, კაცი იყო! ნამდვილი ვაჟკაცი!
მისთვის სამარცხვინო და არავაჟკაცური საქციელი იყო ზურგში სროლა! თუნდაც მტრისთვის!
ეს მის პირად ღირსებაზე იმოქმედებდა!
- ჰმ...
- რა იყო? - გაეცინა ბაბუს. - შენ მის ადგილას რას იზამდი? ესროდი?
პიპამ მხრები აიჩეჩა.
- ჰაა! მითხარი სიმართლე! - ჩააცივდა ბაბუ.
- რა გაიფიქრე? ესროდი, თუ არა?
- არ ვიცი... ალბათ... - ენის ბორძიკით უპასუხა
პიპამ და დამნაშავესავით მოიბუზა.
- სწორი პასუხია! აი, ყოჩაღ!
ბიჭმა მხრები აიჩეჩა. ვერ მიხვდა, რატომ იყო
მისი პასუხი, სწორი.
- ჰო, სწორი იყო, შენი პასუხი და იცი რატომ?
ბიჭმა თავი გააქნია.
- იმიტომ რომ, შენ არ იცი, იმ მომენტში, რა იქნება!
შენ არ იცი, იმ მომენტში, რას გაიფიქრებ და რა შეგაჩერებს, ან რა ვერ შეგაჩერებს! აი,
ამიტომაც იყო შენი პასუხი, სწორი!
პიპამ ისევ მხრები აიჩეჩა.
- ვერ მიმიხვდი ხომ? - ჩაეცინა ბაბუს. - შენი
გულწრფელობა იყო სწორი და მართალი! ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ! ძალიან გონიერი და უნდა გამოიყენო
ეს შენი ნიჭი, რომ სწორად და სიმართლით მართო! - მოხუცი, პიპას გამოხეული ფეხსაცმლის ამოკერვას
მორჩა და ბიჭს გაუწოდა.
ბავშვი გაბრწყინებული ირგებდა განახლებულ
ფეხსაცმელს.
„რა
კარგი ბაბუ მყავს. შიგნიდანაც თბილი ქეჩა ჩაუფენია.“
სიხარულისგან, გული უფრო გაუთბა, ვიდრე სიცივისგან გაყინული, პატარა ფეხები.
- და არ გაინტერესებს, ვინ იყო ის ოფიცერი, ვისაც არ ესროლეს?
- ჩაეკითხა, თვალებ ანთებულ ბიჭს ბაბუ.
- ვინ იყო?
- ის იყო, გენერალი, ჯორჯ ვაშინგტონი!
- ოჰო!
- ვერ მიხვდი ხომ, რაც მოხდა? რატომ მოგიყევი?
ბავშვმა მხრები აიჩეჩა. ისე იყო გახარებული, „ახალი“ ფეხსაცმლით, რომ მოხუცის სიტყვებს, ყურადღებას იმდენად ვეღარ აქცევდა, თუმცა კი მოგვიანებით, მაინც დაუსვა კითხვა, რისთვის მომიყევიო.
- ამის არსი იმაშია, რომ ნებისმიერ ქმედებას, შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, რომელიც, თუ მაშინვე არა, მოგვიანებით მაინც გამოვლინდება
და გამოიღებს ნაყოფს! შეიძლება სასიკეთოდ, ანდა სულაც პირიქით, შეიძლება სულაც, არაფერი იყოს სასიკეთო და ამის გამო, საშინელი შედეგი მიიღო! ამიტომ, ყოველთვის
კარგად დაფიქრდი, კარგად გაიაზრე ის, რის გაკეთებასაც დააპირებ, დახვეწე გეგმა და ორივე
ვარიანტში განაზოგადე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს, შენს ქმედებას! - მოხუცი გაჩუმდა და
გაოგნებულ ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა.
პიპაც ხმას ვეღარ იღებდა.
ბიჭი ჭკვიანი იყო. ძალიან ჭკვიანი. თავისი
ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით, ბევრად გონიერი და მათთან შედარებით, საკმაოდ სხარტად
აზროვნებდა.
მოხუცი, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული შეჰყურებდა ხოლმე, პიპას ბოღმიან მზერას.
ზოგჯერ, ძალიან აშინებდა ეს მზერა. სასტიკი, დაუნდობელი, მტარვალი ადამიანის მზერა უფრო იყო, ვიდრე პატარა უმწეო ბიჭის.
ერთ დღესაც, ბევრად უფრო პატარა ბიჭი მოიყვანეს.
„იქაური წესის თანახმად“, ახალმოსულს და მით უმეტეს, სუსტსა და უმწეოს, წამსვე დაუწყეს
უფროსმა ბიჭებმა ჩაგვრა. შემოსულიც არ იყო, რომ მისი ნივთები, ისე დაიტაცეს და დაინაწილეს, რომ ბავშვმა, გაკვირვებაც კი ვერ მოასწრო. თუმცა, როგორც ჩანდა, ეს სულაც არ ადარდებდა.
მოხუცი ხედავდა, ამ პატარას როგორ ხშირად ჩაგრავდნენ და
ყველაზე მეტად გულს ის უკლავდა, რომ პიპა, მის დაცვასაც არც კი ცდილობდა, არამედ პირიქით, იჯდა
და შორიდან, კუშტი მზერით შეჰყურებდა ამ ყველაფერს.
ახალმოსულ ბიჭს, ეზოში ქვები მოეგროვებინა
მოზაიკასავით რაღაც ფიგურებს აწყობდა, მაგრამ ვინ აცალა, მალევე გაჩნდა „დამრბევი ძალა“
და სულ აქეთ-იქეთ მიუფანტეს ნაშრომ-ნაწვალები.
ბიჭი თავჩაღუნული დასცქეროდა „გაპარტახებულ
შედევრს“ და ხმას არ იღებდა.
ამჯერად, მოხუცი საშინლად გაუბრაზდა პიპას:
- რატომ არ დაეხმარე? რამ შეგაშინა?
პიპამ არაფერი უპასუხა, წარბშეკრული აიბუზა.
მოხუცი არ ცხრებოდა:
- რა?! ვერ მოერეოდი, თუ რა? შენი ტოლები არიან!
ტანი გაკლია, თუ ღონე?
- თუ ამ პატარა ბიჭს უნდა, მაგარი კაცი დადგეს, თვითონ უნდა ისწავლოს თავის დაცვა! - უკმაყოფილოდ აბურდღუნდა პიპა.
- აბა მაშინ მეგობრობა, რისთვის არის, თუ მეგობარი
გვერდში არ ამოუდგა?
- რა ჩემი მეგობარი ეგ არის? სულ ერთი კვირაა,
რაც მოვიდა! თანაც, ჩემზე პატარაა და წესიერად არც კი ვიცნობ!
- მერე? გაიცანი! მოიყვანე, დავიმეგობროთ.
ვაშლზე დავპატიჟოთ!
პიპა ყოყმანობდა, უნდოდა კი, ახალი ვინმეს
შემოშვება მის ცხოვრებაში? თან სადღაც, თითქოს გულის ერთ კუნჭულში, გაუხარდა კიდევაც
თავისნაირი მარტოსულისა და უმწეოს შეამხანაგება. ჩანდა, რომ პატარა ბიჭი სხვებს სრულებითაც
არ ჰგავდა, ბევრად განსხვავდებოდა მათგან და პიპაც ყოველთვის სწორედ ასე გრძნობდა თავს.
დარწმუნებული იყო, რომ არაფერი ჰქონდა საერთო ამ სახლის ბინადარ სხვა ბავშვებთან, გარდა
იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ უწევდა მათთან ერთად ცხოვრება.
- მიდი დაუძახე, რას გაშეშებულხარ? განა ჩემი
და შენი მეგობრობა მაგით დამთავრდება? თუ ნამდვილი მეგობრობაა, კი არ დაინგრევა, პირიქით
უფრო აშენდება. უფრო მეტად გავძლიერდებით, როცა ბევრნი ვიქნებით და ერთმანეთის გვერდით
დავდგებით! აი, მაშინ ვერავინ მოგვერევა ასე ადვილად!
მოხუცი ვაშლს მრგვალად, წრიულად თლიდა. ვაშლის
კანი, სპირალივით ეხვეოდა და სიგრძეზე იწელებოდა. პიპა ქვემოდან ხელს აშველებდა ვაშლის
კანის ზამბარას, თან მოხუცს ევედრებოდა, ფრთხილად გათალე არ გაწყდესო.
პატარა, ახლად შეამხანაგებული ბავშვი, ჩუმად
ადევნებდა თვალყურს. მერე ძირიდან ნათალები აკრიფა, რაღაც ცხოველის ფორმა მისცა, დანარჩენი
ნაწილები ქვებით შეავსო და ჯოხით მოუხატა გვერდი.
მოხუცს გაეცინა:
- ვაა, აქ ახალგაზრდა მხატვარიც გვყოლია და
არ ვიცოდით.
ამის გაგონებაზე, პატარა ბიჭმა, უფრო მოიწყინა
და ყურები ჩამოყარა.
- მიყვარს ხატვა, მაგრამ... - თავი არ აუწევია
ისე ამოილუღლუღა.
- რა მაგრამ? - ჩაეკითხა ბაბუ.
- არ შემიძლია.
- აბა როგორ არ შეგიძლია? რა მშვენიერი რამ
დაგვიხატე.
- ხატვა არ შეიძლება ჩემთვის! რომ დავხატო, ხელებს დამაჭრიან!
მოხუცმა გულიანად გადაიხარხარა:
- ასეთი რა დახატე, რომ ხელების დაჭრით დაგემუქრნენ?
პატარა ბიჭმა არაფერი უპასუხა და არც თავი
აუწევია.
მოხუცმა საწოლის ქვეშიდან, თავისი გაქუცული
ჩემოდანი გამოაძვრინა და სწორედ იმ ფუთას დასწვდა, თავის დროზე, პიპას ასე ძალიან, რომ
აინტერესებდა, ასეთს რას ინახავსო.
ფუთიდან მთელი შეკვრა სხვადასხვა ზომის ფერადი ფანქრები
ამოაძვრინა და პატარა ბიჭს გაუწოდა.
პიპა საშინლად მოიღუშა, იეჭვიანა და შეშურდა
კიდეც ამ პატარა ბიჭის.
ფანქრები ნახმარი იყო. ძველი. ზოგი გათლილი,
ზოგიც წვერმოტეხილი. პატარა ბიჭი, ნაღვლიან თვალებს არ აშორებდა ფანქრებს, ისე იყო, დაშინებული
აღარ იცოდა, აეღო, თუ არა.
- აჰა! გამომართვი, თორემ გადავიფიქრებ, იცოდე!
მოხუცმა ხელში ფანქრების შეკვრა შეაჩეჩა.
- დღეიდან, შენ ჩვენი მთავარი მხატვარი იქნები!
- მე?! მე რა ვიქნები, ბაბუ? - ვეღარ მოითმინა
პიპამ.
ამდენი ხნის ნაცნობობის შემდეგ, ვიღაც, სულ
ორიოდე წუთის გაცნობილ ლაწირაკს, მთავარი საქმე ჩააბარეს. იქნებ, პიპას გაძევებას უპირებენ?
იქნებ, ისევ უნდათ მოისროლონ ეს ბიჭი, როგორც უკვე, ერთ დროს?
სხვა, რომ მეტი ვერაფერი მოიფიქრა, თავის
მოხუც მეგობარს, პირველად უწოდა, ბაბუ. ამით, უფრო მეტად გაუსვა ხაზი მათ მჭიდრო ურთიერთობას
და ახალმოსულ ბიჭსაც აჩვენა, რომ აქ ტყუილად არ იყო, ისიც რაღაცას წარმოადგენდა.
- შენ ყველაზე მთავარი! - ომახიანად წარმოსთქვა ბაბუმ. - ჩვენი თეატრის, დირექტორი
იქნები! ნიღბების თეატრის!
პიპამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მაშინვე გაკვირვებით
იკითხა:
- რომელი თეატრის? ჩვენ რომ არ გვაქვს თეატრი?
- ჰოდა, რომ არ გვაქვს, ახლა გვექნება! დღეიდან, ვიწყებთ მუშაობას!
პატარა ბიჭი, კარგი მეგობარი და მშვენიერი
მხატვარი აღმოჩნდა. მოხუცი და პიპა, ხის ფიგურებს თლიდნენ, პატარა მხატვარი კი, ამ ფიგურების
მოხატვას უნდებოდა. მალე პატარა სცენაც გააკეთეს, ფარდებიც მოხატეს, ნიღბებიც დაამზადეს.
თავად მოხუცებული, უკვე ისეთ ასაკში იყო, ალბათ
მალეც დატოვებდა წუთისოფელს, ამიტომაც გამოუძებნა მის შეამხანაგებულ ბიჭს, ახალი მეგობარი.
ფიქრობდა, ერთად გაიზრდებიანო და ერთმანეთის
გატანას ისწავლიანო.
მოხუცმა იცოდა, ბავშვებს აუცილებლად სჭირდებოდათ
ის საყრდენი, ვისი იმედითაც იცხოვრებდნენ და ადამიანებად იქცეოდნენ. განსაკუთრებით
კი, იქ მოსულ, ობოლსა თუ მიტოვებულ ბავშვებს.
- ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც თუნდაც ერთ
ვინმეს, ამ დედამიწის ზურგზე, გული შესტკივა შენზე და არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის
იგი, შენთვის!
ასე უნერგავდა მოხუცი ბაბუ, ერთმანეთის სიყვარულს,
ნებით თუ უნებლიეთ, იქ საცხოვრებლად განწირულ ბავშვებს.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1781683148740641
No comments:
Post a Comment