Wednesday, August 5, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 77)

77.
დიმეო უთენია წამოფრინდა. ლეკვებს ესიყვარულებოდა, აღარ იცოდა წაეყვანა, თუ დაეტოვებინა.
- წაიყვანე ბაბუ, თუ გინდა! ისედაც ხომ შენია, მაგრამ ქალაქში და თან, დიდი ეზოც თუ არ გაქვს, ოთახში დაიტანჯებიან! ამათი დედა ხომ გახსოვს? რამოდენა იყო, ეგენიც მაგხელები დაიზრდებიან და ცოდვაა სახლში გამოკეტვა.
- მაგაში, მეც ვეთანხმები. - ჩაურთო მწირმა. - იმისათვის, რომ შენ, გული გაიხარო, ისიამოვნო და ითამაშო, სხვისი ტანჯვის საფასურად, ნამდვილად არ გიღირს.
- მართლა ასე დაიტანჯებიან? - უკვირდა გულდაწყვეტილ ბავშვს.
- აბა, ბაბუ, ერთი წარმოიდგინე. - მასპინძელი ახსნას შეეცადა. - შენ რომ ველოსიპედზე დაჯდე და პედლები ტყუილად ატრიალო, ისე რომ ვერსად წახვიდე, რა გამოვა?
- ეგ ხომ, ტრენაჟორია! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, რასაც მწირის სიცილი მოჰყვა.
- რადგან ასე გული გწყდება. - მასპინძელი წამოდგა. - კალათში ჩაგისვამ და გაგატან!
- არა! იყოს! აქ დავტოვებ და იცოდე, კარგად უნდა მოუარო! - მტკიცე ხმით მიუგო ბიჭმა. - და არც იმ მწყემსებს გაატანო! როცა გავიზრდები, მერე თვითონ ჩამოვალ და მივხედავ!
გამომშვიდობების ცერემონიალი, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა. ბიჭს, რამდენადაც სახლისკენ უწევდა გული, იმდენად არ უნდოდა იქაურობის დატოვება.
- ყველაფერს ემშვიდობება. - ცრემლმორეული ადევნებდა თვალს, მასპინძელი. - წიწილებიდან დაწყებული, ხეებსაც და ბალახებსაც კი ისე გამოემშვიდობა, თითქოს ვეღარასდროს ნახავსო.
- შენც ხომ იცი, რომ მასეც იქნება. - დაბალი ხმით მიუგო მწირმა. - სხვანაირად, არ გამოვა. გაიზრდება, გონში ჩავარდება და მიხვდება, როგორ სწორად მოვიქეცით.
- ეეჰ, ეგ რომ გაიზრდება, ვემახსოვრებით, განა?
- მისთვის უმჯობესია, საერთოდ დამივიწყოს და აღარასდროს გამიხსენოს, რადგან ჩემთან ერთად, ის მწარე დღეების მოგონებებიც ამოუტივტივდება.
- ეჰ, მაგაშიც მართალი ხარ! - ამოიხვნეშა მასპინძელმა. - და შენ, რაღაზედ მტოვებ?
- მე, ჩემი გზა, უკვე არჩეული მაქვს და ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ვერა და ვერ მივაღწიე, ბოლოს მეგონა რომ უკვე გავედი ფონს და ეს ბავშვიც ამეტორღიალა.
- მონასტერში, რატომ არ ცხოვრობდი, თუ კი თვალი მაინც მაქეთ გეჭირა? უსახური ყრუ-მუნჯი მათხოვარივით აღმა-დაღმა რაღატომ დადიოდი?
- ახლა, ახსნის თავი, ნამდვილად არ მაქვს, ქალაქისკენ მიგვეჩქარება. - მწირი წამით შეყოვნდა. - არც იმდენად ადვილია, ბერად შედგომა. მაგასაც, პატივი და დამსახურება უნდა, ჩემნაირი უღირსისთვის კი, ჯერ კიდევ, დიდხანს იქნება მიუწვდომელი.
ნეტა ასეთი, რა ჩაიდინაო, ერთი კი გაუელვა მასპინძელს გულში, თუმცა აღარაფერი უთქვამს.
დიდი გაჭირვებით ჩააღწიეს ქალაქამდე. თავიდან, ჯერ ფეხით, მერე რაღაც მანძილი, ტრაქტორითაც კი ირახრახეს. ამის მერეც ბევრი იარეს ფეხით. არავინ ისვამდა მანქანაში, უფასო მგზავრებს. მწირი არ აჩქარებდა. ბავშვი როგორც კი დაიღლებოდა, მაშინვე გზიდან გადაუხვევდნენ და ისვენებდნენ. საგზალიც ბლომად ჰქონდათ და ხან, დაღლილობისგან ასვენებდნენ სხეულს და ხანაც, შიმშილს იოკებდნენ.
საღამოვდებოდა. ამდენი წანწალისგან გადაღლილი ბიჭი, ტრასიდან მოშორებით, ბალახზე გაწვა და ცას მიაპყრო მზერა.
- ხომ არ მოგშივდა? - ჰკითხა მწირმა.
- ისე, რა. - უპასუხა ბიჭმა. - ცოტა. თითქოს, მშია და თითქოს, არა.
- მაშინ, კიტრს გაგითლი. - მწირი წამოდგა. - ცოტა პირს გაგიხსნის. შენი ხელით მოწეულია და უფრო გესიამოვნება. 
დიმეოს გაეღიმა და მოულოდნელად მიახალა:
- მე და შენ, ერთნაირი თვალები გვაქვს! ვერ შეამჩნიე?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მწირმა. - შეიძლება.
- ბაბუ, სულ ამას ამბობს, რომ მე, შენი თვალები მაქვს!
- ჩემი? - გაიკვირვა მწირმა. - ჩემი რატომ? შენ, შენი დედიკოს, ან მამიკოს თვალები უნდა გქონდეს.
- არც ერთს არ აქვს ჩემნაირი! მარტო შენ გაქვს! - თითქოს, წყენით უთხრა ბიჭმა.
- როგორც მახსოვს, არც მამაჩემს ჰქონია ჩემნაირი თვალები. ბებიაჩემი მიყვებოდა, რომ დიდ ბაბუს ვგავდი ძალიან, რომელსაც არც კი ვიცნობდი. აი, ასეც ხდება ხოლმე. თუ მშობლებს, ნაკლებად ჰგავხარ, მაშინ რომელიმე, უახლოესი ნათესავის გენი გამოგყვა და ეგ არის!
- ჰო, მეც სულ მასე მეუბნებოდნენ, დიდ ბაბუს ჰგავხარო. - უპასუხა ბიჭმა და მერე უცებ, თავი წამოსწია. - იქნებ ჩვენ სულაც, ერთ დიდი ბაბუ გვყავდა?!
მწირი შეცბა და უნებურად, ხელი ისე ძლიერად მოუჭირა ალესილ დანას, რომ  სისხლმა, ისეთი თქრიალით იწყო გადმოსვლა, ძლივს შეიჩერა. ჭრილობაც საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. დიმეო ისე ანერვიულდა, რომ ძლივს დამშვიდდა.
მწირმა ბიჭი გულში ჩაიკრა:
- ნუ გეშინია. ფეხი კი არ არის, ხელია და ახლა ჩვენ კი, მარდი ფეხი უფრო გვჭირდება, ვიდრე ხელი, რომ სახლში, შენს, დიდი ხნის მონატრებულ მშობლებთან დაგაბრუნო.
- და, შენ რომ გტკივა? - შეწუხებული ხმით უთხრა ბიჭმა.
- უჰ! გამიარა უკვე! აი, ნახე თითებსაც მშვენივრად ვამოძრავებ. ახლავე სხვა კიტრს გაგითლი.
- აღარ მინდა! - ბიჭმა ამოიხვნეშა და შეეცადა თემა შეეცვალა. - ეჰ, ნეტავ ჩემი ლეკვები, ახლა როგორ არიან? ალბათ, ვენატრები უკვე.
- ადვილად გადაიტანენ და მალეც დაიზრდებიან.
- და დამივიწყებენ? - შეწუხდა ბავშვი.
- არ დაგივიწყებენ, მაგრამ არც იდარდებენ. იცი, ცხოველი ყოველთვის გრძნობს, როცა მის ახლობელს, რაღაც უჭირს, ამიტომ შენ, როგორც კი მოიწყენ, ან მოგენატრებიან, უბრალოდ ცას ახედე, თუნდაც ეს დღე გაიხსენე! მერე ღრუბელს გამოატანე მოკითხვა. ლეკვები კი, აუცილებლად იგრძნობენ ამას და შენსკენ მომავალ, სხვა  ღრუბელს დააბარებენ შენთან მოკითხვას. აბა დააკვირდი, როგორ ნელა და ლამაზად მიცურავენ ცაზე ღრუბლები.
დიმეომ ერთხანს უყურა ცას და მერე მიმავალ ღრუბელს, ხელიც დაუქნია.
საკმაოდ შეღამებული იყო, ქალაქამდე როცა ჩააღწიეს. ამდენი სიარულისგან, დიმეო ისე იყო ღონემიხდილი, რომ ბოლოს მწირმა, სულ ხელში აყვანილი ატარა. დაცარიელებული, ნაწვიმარი  ქუჩები თითქოს, უკაცრიელადაც გამოიყურებოდა. 
- აი, მგონი ჩამოვედით! ეს არის შენი ქალაქი?
- რა ცოტა მანქანებია? - გაუკვირდა ბიჭს.
- ალბათ, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან. - გაეცინა მწირს. - შენ მაგაზე, არ იდარდო. მალე ისე შეავსებენ ქუჩებს რომმმ, მაგრამ ახლა არ მითხრა, სახლის მისამართი არ ვიციო.
- როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ უბანს, ვერ ვცნობ. - დიმეომ ირგვლივ მიმოიხედა.
- ეს გარეუბანია, შენ კი ალბათ, უფრო პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობ.
- პრესტიჟული, რა არის?
- სადაც, ყველაზე ლამაზი და კარგი სახლია, სადაც ყველაზე ლამაზი და კარგი დედიკო ცხოვრობს და ელოდება, ყველაზე სიმპათიურ და ჭკვიან ბიჭს.
დიმეომ, ღიმილით დაუქნია თავი.
ამდენი სიარულისგან, არაქათ გამოცლილები, ძლივს მილასლასებდნენ, თითქმის მთლიანად დაცლილ, ქალაქის ქუჩებში. კომენდანტის საათიც უკვე მოხსნილი იყო, მაგრამ ხალხი მაინც, კანტიკუნტად თუ შეინიშნებოდა და აღარც იმდენი მაღაზიები იყო ღია, უმეტესობა სულ დაკეტილი და ჩარაზული იყო. ხანდახან, თითო ოროლა მანქანაც თუ ჩაივლიდა.
„რა უბედურებაა ეს?! მკვდარი ქალაქი!“
ფიქრობდა მწირი და ძლივს ადგამდა ნაბიჯს.
„ერთ დროს, ასეთ რამეს, მხოლოდ ფილმებში თუ ნახავდი და ის ფილმიც, ფანტაზიის ნაყოფი იყო. ახლა კი ეს უნიჭოდ დადგმული, ბოროტი სპექტაკლი, რეალურად უქციეს ხალხს! რამდენი უნდა აიტანო შენ! დედამიწავ?! ამ უზარმაზარ სამყაროში, ერთი პატარა ბურთი ხარ და მართლაც რომ, არავის ენაღვლები! ისე გჯიჯგნიან, თითქოს საუკუნეების მანძილზე ბუნებრივად გადატანილი ათასგვარი კატასტროფები არ გყოფნიდეს! ეჰ, როგორ იტევ, შენ მართლა პაწაწუნა დედამიწავ, ამდენ ბოროტ სულს და ცალკე კიდევ, მათ მიმდევარ უვიც ჩლუნგებს! ვაი, შე საწყალო!“
- აი, მოვედით! - აჭყივლდა ბიჭი. - ეს ჩემი სახლია! ჩემი! შუქიც ანთია! ის ყველაზე დიდი ოთახია! იცი, რა ლამაზი ბუხარი გვაქვს?! იმაზე ლამაზია, ვიდრე... - უცებ ბავშვმა ყურები ჩამოყარა, თუმცა მწირმა, მოწყენის საშუალება არ მისცა.
- მერე რაღას უდგახარ? მიდი! გაიქეცი! ქუჩაზე ფრთხილად გადადი, მანქანები თითქმის არ დადის, მაგრამ მაინც!
- და... - დიმეო შეყოვნდა. - იქნებ, მართლა ცოცხლები აღარ არიან და ახლა იქ, სხვები ცხოვრობენ?
- არა მგონია! შენ იმ ნაძირლების, კიდევ გჯერა? და ჩემი არა? - ღიმილით ჩაეკითხა მწირი.
დიმეომ, უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- წადი! გადადი! მე აქედან გიყურებ! თუ იქ ახლა სხვები ცხოვრობენ, მაშინვე უკან დაბრუნდი. მიდი, წადი! ცოტას დაგელოდები, ათამდე დავითვლი და თუ არ გამოხვალ...
- ორმოცდაათამდე დაითვალე! იქნებ, მალე არ გამიღონ?
- ჰაჰ! - გაეცინა მწირს. - კარგი! დავითვლი ორმოცდაათამდე!
დიმეო ტრასაზე ფრთხილად გადავიდა, თუმცა მანქანის ჭაჭანებაც კი არ იყო. სადარბაზოში შევიდა, მაგრამ მოულოდნელად, უკანვე გამოიქცა. სირბილით გადმოჭრა გზა და მწირს შეახტა. მთელი ძალით ისე ჩაეკრო, თითქოს გაშვებას, აღარასდროს აპირებდა. სლუკუნებდა და ცრემლებს, ძლივს ერეოდა.
- წამოდი რა გთხოვ! შენც ჩვენთან ერთად იცხოვრე, იცი რამხელა სახლია? ყველანი დავეტევით. - გული ამოუჯდა ბიჭს.
- ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ უკვე. - ამშვიდებდა მწირი ასლუკუნებულ ბავშვს. - მოვა მაგის დროც და აუცილებლად გნახავ. ჩვენ კი, ყველას უჩუმრად, სამუდამო მეგობრებად დავრჩებით. იცი აი, იმ ღრუბლებს, შენ რომ ლეკვებთან  მოკითხვა დააბარე, ჩემთანაც გამოატანე ხოლმე, კარგი?
ბიჭმა კვლავ ამოისლუკუნა.
- შენთანაც მინდა და დედიკო და მამიკოც მინდა.
- აი, ახლა შენ, ჩვენს დაშორებას ტირი და თანაც იცი, რომ არაფერი გვემუქრება, ორივენი ჯანმრთელად და კარგად ვიქნებით, მაგრამ ცალ-ცალკე და ახლა წარმოიდგინე, შენი დედიკო და მამიკო, რა დღეში არიან? შენზე არაფერი იციან, ისინიც ხომ უნდა შეიცოდო? რა დაგიშავეს, აბა? ისედაც რამდენი ინერვიულეს, იმ საზიზღარი ხალხის გამო და ახლა შენ, კიდევ უფრო უმატებ?
- მაშინ შემპირდი, რომ არასდროს დაგავიწყდები!
- გპირდები! - მტკიცედ მიუგო მწირმა. - მხოლოდ ახლა ისე წადი, რომ უკან აღარ მოიხედო, მე კი მანამდე ორმოცდაათამდე დავითვლი!
დიმეომ მწირს ხელი უშვა და წყლიანი თვალებით დაუწყო მზერა.
- თვალები შეიმშრალე. - ორივე ხელით დაუჭირა სახე მწირმა. - ხომ არ გინდა რომ დედიკომ და მამიკომ ასეთი ნამტირალევი გნახონ? გული ეტკინებათ. აბა ახლა, გაიღიმე და ისე წადი!
ბიჭმა ნაღვლიანად გაუღიმა, შებრუნდა და ის იყო, ნაბიჯი უნდა გადადგა რომ მწირის ხმა მოესმა:
- დაიცა! - მწირმა ჩაიმუხლა კისრიდან დიდი ვერცხლის ჯაჭვი მოიხსნა, რომელსაც ოდნავ მოზრდილი ოქროს ჯვარცმა ჰქონდა და ბავშვს, გულზე დაკიდა: - გაუფრთხილდი, მაგრამ თუ შემთხვევით დაგეკარგება, არ იდარდო, დალოცე ის, ვის ხელშიაც აღმოჩნდება.
- და დამიბრუნებს?
- ჰმ. ალბათ.
ბიჭი კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეკრო თავის მხსნელს და სირბილით გადაჭრა გზა.

***
- დახვეწილი დეგენერატი! - შუბლი შეიჭმუხნა მიმიმ.
- ჰმ! - ჩაეცინა ფიფოს.
მიმი, ერთ-ერთ სტუმარს ლანძღავდა. ვითომდა დასახმარებლად გამოიდო თავი. მე მხვდა წილად მაგ ბავშვის პოვნაო და მე უნდა ვიპოვნოო, მანამდე კი ჯილდო გამიმზადეთო, უშნოდ იღრიჭებოდა.
- რა უნდოდა? აქ რას მოეთრა? თან „მაგ ბავშვსო“! როგორ საშინლად წარმოსთქვა!
- ჰმ! დახვეწილი დეგენერატი! ჰაჰ! - კვლავ ჩაეცინა ფიფოს. - მართლა ზუსტად უხდება.
- პიჯაკს წამდაუწუმ ისწორებდა, ვითომ უჭერდა, არადა აშკარად დიდიც ჰქონდა!
- ახალი ნაყიდი შემახარბა! - ეღიმებოდა ფიფოს.
- მასეთი, შარშანწინ გიყიდე, უცხოეთში. - მიმის ცალყბად გაეღიმა. - ღირსი იყო, გამომეტანა გარდერობიდან და ვითომდა, შემედარებინა, „უი ასეთი შარშანწინ, ხომ უკვე გვქონდაო!“ ჰმ! ბედი მაგისი, რომ არ ვარ მასეთი, თორემ ღირსი კი იყო!
- კარგი, მიმი! რას ჩააცივდი? დაუპატიჟებლად შემოგვეტენა და მართლა ხომ არ გავაგდებდი? - ფიფომ წამით იყუჩა. - თან აქ მოსვლამდე, დემონსტრაციულად გამოგვიცხადა, გამოვიცვლი და მოვალო! 
მიმის გაეღიმა.
- ჰოდა, გამოიცვალა ბიჭმა, ჩემი შარშანწინდელი ბრენდი. - ღიმილით დაასრულა ფიფომ და ახლა მიმის შეავლო სერიოზული თვალი. - არაფერი გიჭამია. დილითაც მარტო ყავას სვამ. მერე მთელი დღე არაფერს ჭამ, ვითომ ჩემს მოსვლას უცდი, მაგრამ თვალს გადევნებდი, პირს არაფერს აკარებდი.
- არ მშია. ეჰ, ნეტავ მოხდებოდეს ისეთი რამ, რაც მადაზე, უცბად მომიყვანდეს! - ამოიოხრა მიმიმ და საძინებლისკენ ავიდა.
მთელი ზამთარი, საძინებლებს არც ერთი არ ეკარებოდა, მერე ნელ-ნელა გაზაფხულის დადგომისთანავე, თითქოს ცხოვრების შეცვლა იწყეს, საძინებლის კარიც შეაღეს. ასე ურჩია ფსიქოლოგმა, რომელსაც არათუ უჯერებდა მიმი, არამედ იმ ერთადერთ ვიზიტზეც კი საერთოდ არ მოუსმინა, მაგრამ რაღაც შეცვალეო, ეს თითქოს, უფრო მოეწონა, ან სახლი, ან გარემო, ან საძინებელიო.
ამჯერად, საძინებლის შეცვლას დასჯერდა. თუმცა, არც შეუცვლია. უბრალოდ, თვეების მანძილზე გამოკეტილ ოთახს დაუბრუნდა. კარგად გაანიავა, არც ფიფოს საძინებელი გამორჩენია, სურნელოვანი სანთლებიც დაანთო და მთელი დადებითი განწყობით იფიქრა ბავშვზე.
- ჩემი შვილი, დაბრუნდება! აუცილებლად დაბრუნდება, სწორედ მაშინ როდესაც საერთოდ არ მოველი!
ამას გაიძახოდა მთელი დღეები. თუმცა უკვე, გაზაფხულიც მიიწურა. ზაფხულის პირველი თვეც ილეოდა და ჯერ კვლავ, სასიკეთოდ არაფერი ჩანდა.
- იძინებ უკვე?
- რა ვიცი. - მიმი მხრები აიჩეჩა. - შევწვები და რამეს წავიკითხავ, იქნებ ჩამეძინოს. - მიმი კიბეს აუყვა, უკვე ბოლომდე იყო ასული, რომ კარს ვიღაც მოადგა. მიმი ადგილზე გაშეშდა.
- ვინ უნდა იყოს, ნეტავ? - იკითხა ფიფომ და კარისკენ, დინჯი ნაბიჯით წავიდა. - ალბათ, სტუმრებიდან, ვინმეს რამე დარჩა. - ჩაიბურტყუნა და კარი გამოღო.
თავიდან ვერავინ შენიშნა, რადგან მზერა უფრო სხვა სიმაღლეზე ჰქონდა მიმართული, დაბლიდან კი გაქუცულ, ძველ ტანსაცმელში შეფუთული, ვიღაც პატარა ბიჭი უღიმოდა.
ფიფო ადგილზე გაქვავდა, ხმა ვერ ამოიღო. ისე დაეშვა მუხლებზე, რომ მტკივან ფეხსაც არ შეუწუხებია. დიმეოც ასევე უხმოთ ჩაეკრო.
- ფიფო! - გაისმა მიმის ხმა. - ვინ არის?
ხმა არავინ გასცა.
მიმი ინტერესით დაიძაბა. თუმცა, არც უჩქარია, მშვიდად დაეშვა კიბეზე. თავიდან ფიფო, ძირს დაგდებული მოეჩვენა, მაგრამ მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა, როცა ვიღაც, უშნოდ ჩაცმულმა ბავშვმა, დედა დაუძახა, ლამის გული გაუჩერდა.
გულს ვერ იოხებდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ ბავშვის ჩახუტებას. ბოლოს ისევ, დიმეო მოეგო გონს.
- დეე, მშია!
- ჰო, ჰო! ახლავე... - ჯერ კიდევ დაბნეული ბურტყუნებდა მიმი.
- კარტოფილს შემიწვავ? - ისეთი ვედრების თვალებით შეხედა ბავშვმა, რომ თითქოს, რაღაც საოცრებას სთხოვდა.
- აბა, რააა დეეე... - მიმი ცრემლებს ვერ იკავებდა და ვერც ბავშვის ფერებით ძღებოდა. - ეს რეები გაცვია, დეე?? - ეღიმებოდა მიმის.
- ახლებია! - ამაყად წარმოსთქვა ბიჭმა, რასაც უფროსების, გულიანი სიცილი მოჰყვა.
- მოდი ჯერ, ხელები დავიბანოთ. - აქამდე მუხლებზე დაშვებული მიმი, როგორც იქნა, წამოდგა. - ანდა ჯერ, შხაპი ხომ არ მიგვეღო, თუ ძაან გშია დედი, გენაცვალე?
- თქვენ შხაპი მიიღეთ, მე მანამდე კარტოფილს დავთლი, მეც მაგრად მშია! - განაცხადა ფიფომ და ისიც როგორც იქნა, გონს მოეგო, რომ შემოსასვლელი კარი უნდა დაეხურა.
- ფერადი ქაფები მინდა აბაზანაში დეე, შენ რომ გაქვს. - შეევედრა დიმეო.
- აბა რაა, ავიდეთ ზემოთ და რომ ჩამოვალთ, კარტოფილიც მზად იქნება. - მიმიმ ბავშვს ხელი მოხვია. - ანდა სულაც, ზემოთ ამოგიტან!
- ხახვით! - უთხრა დიმეომ.
- რაა? - გაიკვირვა მიმიმ.
- კარტოფილი, ხახვში შვწვათ, რაა. - კვლავ ვედრებით მიმართა დიმეომ. - თუ არ გეზარება მამ, ასე შემიწვი, რაა.
- ჰაჰ! ხახვით! - გაიმეორე ფიფომ. - კაცურად! ძალიან კარგი.
მიმიმ გაკვირვებისგან, სიცილით აიჩეჩა მხრები და ბავშვი დასაბანად აიყვანა. ძველ და უკვე წუნგადასულ ტანსაცმელს რომ ხდიდა, ალაგ-ალაგ, სისხლის მკვეთრი კვალი შენიშნა. ხელი აუკანკალდა, სანამ ბოლომდე გახადა და აღმოაჩინა, რომ ბავშვს, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. გულზე კი, მისთვის კარგად ნაცნობი ჯვარი შენიშნა და ის იყო, ხელი წაავლო ჯაჭვს, რომ უკეთ შეეთვალიერებინა, ხომ არ მეშლებაო, რომ დიმეომ წამოიძახა:
- ეს ჩემია!
მიმიმ ხელი უშვა. ზედმეტი კითხვები, აღარ დაუსვამს. თუმცა კი გაიფიქრა, უთუოდ ქირურგი აჩუქებდაო, როგორც ერთ-ერთი ნათლია და გასაგებიც იყო ეს ყველაფერი, ვისგან მოდიოდა.
„ადრე, რატომ ვერ შევნიშნე? იქნებ, სწორედაც რომ გატაცების წინ აჩუქა და... კი მაგრამ, მაშინ ხომ მთაში ჰყავდა გახიზნული ფიფოს, ანდრასთან ერთად და როდისღა მოასწრო? ალბათ, მანამდე აჩუქა და მე არ მივაქციე ყურადღება. შეიძლება დიმეომ, იმ საბედისწერო დღეს, სწორედაც რომ სკოლაში წასვლის წინ გაიკეთა?“
უჰ, ალბათ ასეც იქნებაო, ამოისუნთქა და გულზეც მოეშვა. ბავშვი საწოლში შეაწვინა და ფიფოს ამოსვლას დაელოდა.
- ჩავალ და ამოგიტან, ყველამ აქ ვჭამოთ და თან, ერთად ვუყუროთ რამეს, ფილმი შენ შეარჩიე.
- მალე იქნება? - დიმეომ შეწუხებული სახით იკითხა.
- მამიკო, როგორც კი ამოვა, ჩავალ და ამოვიტან. მარტო არ მინდა რომ დაგტოვო.
- არ მეშინია! უკვე, დიდი ბიჭი ვარ! შვიდი წლის გავხდი!
- ჰო! - მიმიმ ნაღვლიანად გაუღიმა და კიბეზე დაეშვა. ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
როგორ მწარედ ახსოვს ის დღე, დიმეოს დაბადების დღე, იუბილარის გარეშე. ქალაქის ყველა ტაძრები და ეკლესიები შემოიარა, უამრავი სანთელი დაანთო, შესაწირებიც ბლომად აავსო და ყოველი ხელგამოწვდილიც უხვად დაასაჩუქრა.
- მიმი! - ფიფოს ხმამ გამოაფხიზლა. - აბანავე?
- კი, და ახლა, კარტოფილს უცდის. - მიმი ჩაეღიმა. - ხახვში.
- ჰმ, როდის იყო, ხახვით უყვარდა. - გაეღიმა ფიფოსაც.
- გაიზარდა ბიჭი.
- და რომ აბანავე... - ფიფო წამით შეყოვნდა. - რამე ხომ არ...
- კარგად დავათვალიერე, ერთი ნაკაწრიც კი არა აქვს! ისე ცოტა რუჯიც აქვს, კოღოს ნაკბენებიც ცოტა და ხელები ოდნავ გაუხეშებული მომეჩვენა. სხვათა შორის, ფეხის ფრჩხილებიც კი კოხტად აქვს დაჭრილი და შენ წარმოიდგინე, არც იმდენად დასაბანი ყოფილა, მხოლოდ გარეგნული მტვერი და ჭუჭყი, სუფთა საცვალიც კი ეცვა, მაგრამ მაინც გადავყრი. - მიმიმ ფუთაში გამოკრული ტანსაცმელები, ნაგვის ყუთში ჩაუძახა.
- სადღაც სოფელში, ვიღაც უვლიდა, მაგრამ მაინც? რატომ არ დაგვირეკა? ჩვენი ნომრები, ხომ ზეპირად იცოდა?
- ახლა ვერაფერი ვკითხე, თუ უნდა მეკითხა? - მიმი შეფიქრიანდა.
- არავითარ შემთხვევაში! - მიუგო ფიფომ. - არაფერი ჰკითხო საერთოდ! თავად რამე თუ წამოსცდება, იმის მიხედვით, ერთი ორი კითხვა, ისე უნდა შევაპაროთ, რომ დაკითხვას კი არა, უბრალო შეკითხვასაც კი არ ჰგავდეს.
- ჰო, ალბათ, ასე უკეთესია. - მიმიმ ლანგარი გააწყო. - წავედით ვივახშმოთ. კარტოფილი ხახვით! - კვლავ გაეცინა და კიბეს აუყვა. - წვენი უნდა იყოს მაცივარში, წამოაყოლე რა.
ფიფო ის იყო, მაცივართან უნდა მისულიყო, მაგრამ უეცრად შებრუნდა, ნაგვიდან მიმის ჩაგდებული ფუთა ამოიღო და თავის კაბინეტში გადამალა.
LEX. 2020 წლის 5 აგვისტო, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment