- ყოჩაღი ბიჭია, დაუზარელი, მაგრამ სუსტი ძვლები აქვს. - ღიმილით გახედა მასპინძელმა, ეზოში მოთამაშე ბავშვს.
- სუსტია? - გაიკვირვა მწირმა. - თუ მისუსტებულია, მაშინ ვიტამინები უნდა და თანაც გაზაფხულზე, აუცილებელიც კი არის.
- ვიტამინების მეტი, რა გვაქვს? და თანაც ნატურალური, მაგრამ მე სულ სხვა სისუსტეზე გეუბნები. წვრილი ძვლები აქვს, სოფელში სამუშაოდ ეგ ბიჭი, არ გამოდგება. ცოდვაა, დაიტანჯება აქ, რადგან ნამდვილ ქალაქელ ბიჭს ჰგავს.
- ძვლების აღნაგობა და კონსტრუქცია, საერთოდ გენეტიკურია, გინდა ქალაქელი იყოს და გინდა, სოფლელი.
- სულ სხვა რამ გითხარი. - თითქოს იწყინა მასპინძელმა. - არისტოკრატული და დახვეწილია.
- ჰაჰ! ჯაგლაგი და ტლანქი გარეგნობის არისტოკრატი, არ გინახავს? - გაეცინა მწირს.
- ჰო, ის გენეტიკურად არ იქნებოდა არისტოკრატული და ჯიშიანი.
- ჰა! ჰა! ჯიშიანი? - ისევ გაეცინა მწირს.
- ჰო! რა იყო? ჯიშია ყველაფერი, ჯიში! აბა დააკვირდი ძაღლებს? მაშინვე შენიშნავ, ჯიშიანია თუ მაწანწალა! ისიც კი ჩანს, ნაჯვარია თუ არა და განა ადამიანებს არა აქვთ ჯიში?
- ჰმ, ესე იგი კაი, ჯიშიანი ბიჭი გვყავს, მაგრამ სოფელში, მაინც არ გამოგვადგება. - ეღიმებოდა მწირს.
- დოტი! - დაუძახა მასპინძელმა. - მოდი დოტო აქ.
ბავშვის სირბილით გამოიქცა და თან აცელქებული ლეკვებიც, კუნტრუშით გამოიყოლა.
- შენთვის საჩუქარი გამომატანეს, მაგრამ აბა როგორ გადმოგცე? არც ის ვიცი დაბადების დღე როდის გაქვს, მგონი არც შენ გახსოვს.
- რა საჩუქარი? - დიმეომ ვითომ, ვერ გაიგო მინიშნება, თუმცა მწირს ეს, არ გამოჰპარვია.
- მწყემსებმა, სალამური გამოგიგზავნეს, მაგრამ აბა ძაან ცუდი სუნი უდის, იმ მწყემსების ყველსო და რა ვიცი. - ეცინებოდა მასპინძელს.
- არ მომწონს მასეთი ყველი, თან ცუდი სუნი აქვს და ძალიან მლაშეა. - ცხვირი აბზუკა ბიჭმა.
- სამაგიეროდ, სასარგებლოა. - ჩაურთო მწირმა. - განსაკუთრებით, აკნეს უხდება და ისედაც ალერგიული კანისთვის, რატომღაც თურმე კარგად მოქმედებს.
მასპინძელმა ეჭვიანი სახით გამოხედა.
- ჰო, მართლა! - თავი დაუქნია მწირმა. - აკნესთვის მისწრებაა, მოზარდებისთვის განსაკუთრებით.
- და ძალათი უნდა ვჭამო? - დაიჭყანა ბიჭი.
- თუ არ შეჭამ და იარე მუწუკებით. - იქეთ დაეჯღანა მასპინძელი.
- მუწუკები არ მაქვს! - იწყინა დიმეომ.
- ხომ გექნება! - უპასუხა მასპინძელმა.
- რატომ მექნება? - უკან არ დაიხია ბიჭმა.
- გაიზრდები და გექნება. - კვლავ ნიშნის მოგებით უპასუხა მასპინძელმა.
- და თქვენ რომ არ გაქვთ?
- ჩვენ ბებრები ვართ და ყველას არ ექნება, მთავარია როგორ მოიქცევი და როგორ მოექცევი შენს სხეულს, რას შეჭამ, როგორ დაისვენებ. - დააიმედა მწირმა.
ბიჭს გულზე მოეშვა და ერთ ხანს, სალამურითაც გაერთო.
- ისე, პიანინო რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. - დანანებით ჩაილაპარაკა ბავშვმა.
- მერე, ხომ გვაქვს! - ომახიანად შეუძახა მასპინძელმა. - მიდი და დაუკარი!
- სად? - იკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.
- ეგე, საბძელში დგას, ბრეზენტი აქვს გადაფარებული, ზედ თივები აყრია.
- აუჰ! - გაეცინა მწირს. - მშვენიერი ხმა ექნება აბა.
- რატო კაცო? - გაუკვირდა მასპინძელს. - აბა, წამოდით!
მოძველებული, თუმცა მშვენივრად შენახული პიანინო, ძლივს შეათრიეს სახლში. ბედად, არც დამტვრეული და არც დანესტიანებული იყო, თუმცა საშინლად მოშლილი და ასაწყობი. მისი მწყობრში მოყვანა კი, მწირმა ითავა. სამუშაო ინსტრუმენტები მოიშველა და დიდი წვალების შემდეგ, მაინც მშვენიერ ხმაზე დააყენა, ერთ დროს საცოდავად მივიწყებული პიანინო.
დიმეომ გაიხარა. მწირს თურმე, ნოტებიც სცოდნიაო, უკვირდა მასპინძელს და ახლა ჩვენი ბიჭი დაკვრასაც შესძლებსო უხაროდა კაცს. დიმეო აქაც კარგი მოსწავლე აღმოჩნდა, მშვენივრად აუღო ალღო ახალ მუსიკის მასწავლებელს და იმაზე მეტს ითვისებდა, ვიდრე საჭირო იყო.
ერთ დილასაც, ტახტზე ლეკვებთან ერთად მთვლემარე მწირს, რაღაც ნაცნობი მელოდია ჩაესმა. მწირი წამოიწია. სახეზე აშკარად მღელვარება დაეტყო, რაც მასპინძელს არ გამოჰპარვია. დიმეო ცდილობდა რაღაც მელოდია გაეხსენებინა, ხან თითქოს სწორად გამოდიოდა, ხანაც ისევ თავიდან იწყებდა და არ ეშვებოდა. მწირი გაოგნებული სახით მიუახლოვდა და კლავიშებზე იმავე მელოდიის, უფრო გამართული აკორდები აიღო.
- ჰო! ასეა! - გაუხარდა ბიჭს. - უი, შენც გცოდნია!
მწირი უფრო მოიქუფრა, ბავშვს ორივე ხელი ძლიერად ჩაავლო მხრებში.
- ვინ ხარ?! - ისეთი ხმით შეუღრინა და ისეთი ამღვრეული თვალებით ჩახედა, რომ ბავშვი შიშისგან აკანკალდა.
გაკვირვებული მასპინძელიც კი წამოდგა, რა ხდებაო.
- ვინ ხარ-მეთქი! - კვლავ მკაცრი ხმით გაუმეორა ფერდაკარგულ ბავშვს.
- ჩვენი ბიჭია ეს, ჩვენი! - ჩაერია მასპინძელი და ალმაცერად გახედა, ლამის ჭკუიდან გადასულ მწირს. - ვეღარ იცანი? - ისიც კი იფიქრა, მართლა ჭკუიდან ხომ არ გადავიდა ეს კაციო.
- როდის დაიბადე?! - კვლავ კუშტი მზერა მიაპყრო ბიჭს.
- დღეს... - ამოიკვნესა დიმეომ. თუმცა რატომღაც, არც ამის გამხელას აპირებდა და მთელი დილაც, ჩუმად იყო, მხოლოდ პიანინოს არ შორდებოდა.
- უი! იუბილარიც გვყოლია! - მასპინძელმა ცოტა დაძაბულობის მოხსნა სცადა. მის სიტყვებზე მწირი თითქოს, უფრო გონს მოეგო. შეშინებულ ბიჭს ხელი უშვა და ახლა უფრო დაბალი ხმით მიმართა:
- როდის დაიბადე?! - კვლავ კუშტი მზერა მიაპყრო ბიჭს.
- დღეს... - ამოიკვნესა დიმეომ. თუმცა რატომღაც, არც ამის გამხელას აპირებდა და მთელი დილაც, ჩუმად იყო, მხოლოდ პიანინოს არ შორდებოდა.
- უი! იუბილარიც გვყოლია! - მასპინძელმა ცოტა დაძაბულობის მოხსნა სცადა. მის სიტყვებზე მწირი თითქოს, უფრო გონს მოეგო. შეშინებულ ბიჭს ხელი უშვა და ახლა უფრო დაბალი ხმით მიმართა:
- დედას, რა ჰქვია?
დიმეოს ყბა აუკანკალდა და ვერაფერი უპასუხა.
- რა?! არ იცი დედაშენის სახელი?! - კვლავ შეუტია მწირმა.
- მიმი... - ძლივს ამოილუღლუღა ფერდაკარგულმა ბავშვმა.
მწირს მიწისფერი დაედო, საყელო მოუშვა, ძლივს ამოისუნთქა და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ.
მასპინძელი საგონებელში იყო ჩავარდნილი. უკვე მესამე დღე ილეოდა და მწირი არსად ჩანდა. ბიჭმაც ყურები ჩამოყარა.
- ნუ გეშინია, დაგიბრუნდება. - ამშვიდებდა მოწყენილ ბავშვს მასპინძელი. - და თუ არ დაბრუნდება და ნუ დაბრუნდება! აგერ არ ვართ? ამხელა კარ-მიდამოს, მიხედვა არ უნდა? ეგე, შენი ლეკვები, რა დღეში არიან? აღარც ეთამაშები, როგორ შემოგციცინებენ იქნება, ერთი მაინც გაგვიღიმოს ჩვენმა პატრონმაო.
დიმეოს გაეცინა, ცოტა ხასიათზეც მოვიდა, მაგრამ თვალები მაინც, ნაღვლიანი დარჩა.
მეოთხე დღეს, უთენია, მწირი თავზე დაადგა ბიჭს. წამოაყენა და ბაღის სიღრმეში გაიყვანა. მასპინძელი ფრთხილად აედევნა. მათი საუბარი არ ესმოდა, შორიდან და დილის ბინდშიც, წესიერად ბევრს ვერაფერს ხედავდა, ბოლოს კი კარგად დაინახა როგორ ჩაეხვია ბიჭი და მწირმაც თავზე ხელი გადაუსვა. მასპინძელს გულზე მოეშვა და უკან შეუმჩნევლად დაბრუნდა, მერე ვითომდა ახალ გაღვიძებული დაუხვდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა გაეგო, ასეთი რა ისაუბრეს, დღემდე ასე ბურუსით მოცულმა მისმა სტუმრებმა, მაგრამ ზედმეტ შეკითხვებს, მაინც მოერიდა.
***
ის იყო, ფიფოს სამმართველოში, დეტექტივის კაბინეტის კარი უნდა შეეღო, რომ ოთახიდან გამოსული, იქ მყოფთა საუბარი, არასასიამოვნოდ მოხვდა ყურს.
- მშობლები არ იხევენ უკან! მაინც რაღაცის იმედი აქვთ, თორემ მასეთ ტყეში და მასეთ ამინდში, ბავშვის ძვლებიც კი აღარ იქნება! - ამბობდა ერთი.
- მაგიტომაც ვერ პოულობენ! - უპასუხა მეორემ.
- ჩვენი კი გაგვტანჯეს, რაა! - ჩაურთო მესამემ. - რაღას დაეძებენ? შეეშვან! ცოცხალი რომ იყოს, ამდენი ხანში, ისედაც გამოჩნდებოდა!
- რას ჰქვია, შეეშვან?! - უსაყვედურა ახლა უფრო ფიფოსთვის ნაცნობმა ხმამ, რომელიც სავარაუდოდ, გალეოს ეკუთვნოდა. - აბა ერთი, შენი შვილი იყოს?! იმედიც რომ ბოლომდე გადაწურული გქონდეს, სიცოცხლის ბოლომდე, ძებნას მაინც არ შეწყვეტდი!
- წარმოდგენაც კი არ მინდა! - ჩაერთო კიდევ სხვაც. - ჩემი შვილებიდან, რომელიმე რომ მომტაცონ, როდესმე შევწყვეტ ძებნას? გამორიცხულია!
მოულოდნელად, ფიფოს მობილური აწკრიალდა. უეჭველი იყო, ამ ზარს კარს მიღმაც გაიგებდნენ, ამიტომ ტელეფონის აღებისთანავე, დეტექტივის კაბინეტის კარიც შეაღო და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც არაფერი გაუგონია, თუმცა იმ ახალმა ამბავმა, რაც მობილურში მოახსენეს, ცოტა იმედის ნაპერწკალიც კი გაუღვივა და სახეზედაც კი შეეტყო.
- რაო? - ვეღარ მოითმინა გალეომ, როცა ფიფოს ასეთი დადებითი რეაქცია შენიშნა.
- რადგან სხვა კვალი არაფერი გამოჩნდა, სრულიად შესაძლებელია მწყემსებთან იყოს ბავშვი. დიდი თოვლის გამო, ვერც შეგვატყობინეს და ახლა ამ კარანტინში კი რას გამოვლენ კავშირზე!
- მერე ეთქვა, იმ მამაცხონებულს გატაცებული ვარო და დაერეკინებინა ვინმესთან, ან პოლიციაში! - დაასკვნა ერთმა.
- ჯერ ცოცხალი ვარ და ასე ცოცხლად, ნუ მაცხოვნებთ! - შეუღრინა ფიფომ.
კაცი შეცბა, მოიკუნტა. წამის წინ, თუ მედიდურად გადმოაფრქვია თავისი იდეა, ახლა სირცხვილისგან სულ გაილურსა.
- შენც, რაღა მოგივიდა? - შეუძახეს სხვებმა იმ თავხედ კაცს. - მაღალ მთაში მწყემსებთან, ან რა ტელეფონი დაიჭერს, ან რა ტელევიზია აქვთ? სად უნდა განაცხადონ?
- სანამ თოვლი არ დაიწევს და ცოტა ბარისკენ მაინც არ დაიძვრებიან, აბა მანამდე, რა კავშირზე უნდა გამოვიდნენ? - დაუმატა მეორემ.
- ისე კი გაზაფხულდა, მაგრამ ახლა სამწუხაროდ კარანტინია. - ჩაურთო სხვამ.
- ჰოდა, ბავშვის პოვნის, ეგ იმედიღა მრჩება! - დაუმატა ფიფომ და მერე იმ პოლიციელის გასაგონად განაგრძო. - არასოდეს მოვეშვები ჩემი შვილის ძებნას! მხოლოდ იმ შემთხვევაში გავჩერდები, თუუუ? ღმერთმა ნუ ქნას, მისი გაციებული სხეული ჩავიხუტო და აი, მაშინ არავის ვაპატიებ! არავის! და არც უგულოდ და ზერელედ მძებნელს დავტოვებ დაუსჯელს! - ფიფომ ბოლო სიტყვები, საკმაოდ მკაცრად და ხმამაღლა წარმოსთქვა და კარიც გაიჯახუნა.
შინ მისულს, სახლი გაყინული დაუხვდა. ლამის ყველა ფანჯარა ღია იყო, ბუხარიც ჩანდა დღეს საერთოდაც არ დანთებულა. აივნის კარის დასახურად რომ გაიწია, იქვე მდგარი მიმი შენიშნა. გაყინული ფერმიხდილი სახით, რაღაც უსასრულობას გაჰყურებდა. ფიფომ უსიტყვოდ ჩაჰკიდა ხელი, მიმი უხმოდ შეჰყვა ოთახში და უსიცოცხლოდ მიესვენა დივანზე. ფიფომ ფანჯრები დახურა და ბუხარიც ააგიზგიზა, თუმცა იმდენად, უკვე აღარც ციოდა.
მიმი გაყინული თვალებით უმზერდა ჭერს, თითქოს ფიფოს მოსვლა, არც გაუგიაო და ჩვეულებრივ, არც ვახშამი შეუთავაზებია. ფიფომ არაფერი შეიმჩნია თავად შეუდგა ვახშმის სამზადისს, მშვენივრად იცოდა, რომ ძლიერი სტრესი ადამიანს ხშირად შეგრძნებადობის უნარს აკარგვინებს, მაგრამ მიმი ბავშვის გატაცებიდან პირველ პერიოდში თუ მოისუსტებდა, ვიდრე მერე. პირიქით, უფრო აქტიური და გონებაგახსნილი იყო, ათას ვერსიას აწოდებდა ფიფოს. ბიჟუც არაერთხელ მოინახულა ციხეში, მაგრამ ერთ დღესაც ფიფოს ასე უსიცოცხლოდ დაუხვდა. თუმცა გასაკვირი, აქ არაფერი იყო, მეოთხე თვე სრულდებოდა და ბავშვზე, აღარანაირი ინფორმაცია არ იყო.
ფიფო მიმის ახლოს ჩამოჯდა და მშვიდი სახით, ყავის წრუპვას მოჰყვა. მიმი კვლავ გაშეშებული იწვა, არც განძრეულა.
- იქნებ, მწყემსებმა შეიფარეს. - მშვიდი ხმით დაიწყო ფიფომ. - ალბათ, გაზაფხულის დადგომას ელოდნენ, ასეთ დიდ თოვლში, შესაძლებელია ფიზიკურადაც ვერ ჩამოვიდნენ ბარში. მერე კი, ამ წყეულმა კორონამ ჩაუკეტა გზა.
მიმი შეიშმუშნა, წამოდგომა დააპირა, მაგრამ უცებ, ოთახი დატრიალდა და აღარ ჩერდებოდა, მიმიმ საწოლს ხელი ჩაავლო, რომ ქვეცნობიერად, ძირს არ გადმოვარდნილიყო, თვალები მაგრად დახუჭა და ლამის ჩურჩულით წარმოსთქვა:
- ეს ახალი ვერსიაა, თუ?..
- უახლესი! - მტკიცე ხმით უპასუხა ფიფომ. - მაგრამ შედარებით, ყველაზე მართებული.
- ჰმ! მართებული!
- აი, პანდემიის დამთავრებისთანავე, თავისივე ფეხით რომ მოვიდეს, მაშინ რაღას იტყვი?! - ისე ჩაეკითხა ფიფო, თითქოს მართლა დარწმუნებული ყოფილიყო თავისავე სიტყვებში.
- ისე საინტერესოა, ეგ ვერსია, რომელმა გადმოანთხია?
- სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი რეგიონიდან დამირეკეს და თურმე, მაღალმთიან რაიონში მასეთივე, ნუ მსგავსი შემთხვევა ყოფილა. დაკარგული ბავშვი, უკვე დაღუპულად მიაჩნდათ. იცი ზოგს, საფლავიც კი გაუკეთეს, თურმე და უცებ, გაზაფხულდა თუ არა, მწყემსებმა ჩამოიყვანეს! - ფიფო გაჩუმდა და რადგან შენიშნა, მიმი როგორი ყურადღებით უსმენდა, მაშინვე განაგრძო. - ზოგ მშობელს, მაშინვე უსაყვედურია, სანამ აუხსნეს და გააგებინეს, რომ ვერც ფიზიკურად და ვერც ვერანაირი კავშირით, ვერ შეატყობინებდნენ ბავშვის ამბავს.
მიმი უკვე წამომჯდარი უსმენდა და აშკარად ჩანდა, მოსწონდა ფიფოს ვერსია.
- ისე, მართლა რომ მასე იყოს? - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და როცა, იქვე მეორე ფინჯანიც შენიშნა, ჩაეღიმა. ფიფოს, მიმისთვისაც მოუმზადებია ყავა, მაგრამ არც შეუთავაზებია, ისე უხმოდ დაუდგა წინ. - მმმ. რა გემრიელია. - მიმიმ გემრიელად მოსვა ყლუპი.
***
მწირი პანდემიას არ შეუშინდა. სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს, ხან დღიურ მუშადაც ეხმარებოდა, ხან კი, ვისაც პიანინო ჰქონდა, ინსტრუმენტის ამწყობადაც ევლინებოდა. გასამრჯელოდ კი რასაც შესთავაზებდნენ უარზე არ იყო. ზოგჯერ კი, თავად ითხოვდა ბიჭისთვის ფეხსაცმელსა, თუ ტანსაცმელს. ცოტაც და ზაფხულიც დადგებოდა, მასპინძელს უკვე, გული უღონდებოდა. აშკარად ჩანდა, მწირი გასამგზავრებლად ემზადებოდა. ხშირად კითხულობდა, ქალაქის გზა, თუ გაიხსნაო, ან ვინმე მანქანას, ხომ არ აქირავებსო. მერე ისიც კი იკითხა, ნეტა ცხენით მაინც თუ შეგვიშვებენ, ქალაქშიო. ბოლოს, ვეღარ მოითმინა მასპინძელმა და თანდათან, სიტყვის ჩამოგდება დაუწყო.
- მართალია, ეს სახლი, არ არის ლამაზი და მიმზიდველი, მაგრამ შეგვიძლია შევაკეთოთ, ან სულაც, უკეთესი ავაშენოთ! ჰა? რას იტყვი? - მიმართა მწირს. - თუ? არ მოგწონს, აქ ცხოვრება და მაინც, ქალაქისკენ მიგიწევს გული? აკი, მთაში მინდა, მონასტერში, ბერად უნდა გავიჭრაო, ჰაჰ!
მწირმა არაფერი უპასუხა. მასპინძელმა, ხან საიდან მოუარა და ხან საიდან, მაგრამ მისთვის საინტერესო, ვერაფერი დააცდევინა. გვიან ღამით, როცა უკვე ბავშვს ლეკვებთან ერთად, გემრიელად ეძინა, მწირმა მასპინძელი, ეზოში გამიხმო.
- ეს ბიჭი, მშობლებს უნდა დავუბრუნოთ! - და სანამ მასპინძელი, ხმას ამოიღებდა, მწირმა განაგრძო. - სწორედ მაშინ ყოფილა გატაცებული, როცა მე გადავეყარე, ან თავად გადამეყარნენ, ვითომდა, მისი მშობლები. იმ გარეწარმა კაცმა, ის ცოლიც მოკლა, ერთი საწყალი, მოხუცი ბერიც ზედ დააკლა და მერე, ამ ბავშვის მოსაკლავად, როცა გაიწია... - მწირი გაჩუმდა.
- აი, ამიტომაც არ გშორდება. - მიუხვდა მასპინძელი. - მისი გადამრჩენელი ყოფილხარ.
- ისე ამეტორღიალა, ერთ სიტყვაც კი არ დასცდენია, ან გატაცებული რომ იყო და ან კი ისინი, რომ სულაც არ იყვნენ მისი მშობლები. არც კი ვიცი, რატომ მალავდა, სანამ ძლივს არ ვათქმევინე.
- შეიძლება, დაშინებული ჰყავდათ ბავშვი? ჰო! მასე იქნებოდა და იმდენად, რომ შიშით, მათი სიკვდილის მერეც კი ვერ იღებდა ამაზე ხმას.
- კი, სავარაუდოდ, მასეც ჩანს. - დაეთანხმა მწირი.
- ისე, ჭკვიანი ბიჭი კი არის, მაგრამ ერთხელ მაინც, რატომ ვერ იფიქრა, რომ მშობლები ნერვიულობენ, ეძებენ, აქ რომ მოხვედით, მერე მაინც, რაღაც ხომ უნდა ეთქვა?
- ბავშვმა, არც კი იცოდა, რომ მოტაცებული ჰყავდათ. ასე უთქვამთ, დაგიხოცეს მშობლებიო და ახლა შენც, მოსაკლავად მოგდევენო, კარგად უნდა გადაგმალოთო.
- უი, საწყალი ბავშვი! ეს რამდენი უნერვიულია, შენ მოგიკვდი მე, ბაბუ. - კაცს ცრემლი მოერია.
- და, არ გაინტერესებს რატომ გაიტაცეს?
- ჰო?! აბა რატომ?
- საკმაოდ დიდძალი ფული მოსთხოვეს და მიიღეს კიდეც, მაგრამ ბავშვი, მაინც არ დაუბრუნეს და არც აპირებდნენ და მგონია, რომ არც აცოცხლებდნენ, რადგან სახეზე ამოიცნობდა, საზღვრის გადაკვეთა უნდოდათ და მერე... - მწირმა აღარ დაასრულა, ისედაც გასაგები იყო.
- ჰმ, უყურე ეგ ნაძირლები! ამ ანგელოზივით ბავშვს, რაღას ერჩოდნენ? უუ! მაგათი სული კი აძაღლდა!
- აძაღლებულია, უკვე! ჩაძაღლებულნი არიან!
- ჰმ! - მასპინძელს ჩაეცინა. მშვენივრადაც მიხვდა, ვისი ხელიც ერია, მათ ჩაძაღლებაში და გულში, მოუწონა კიდეც.
- მალე მორჩება ეს ეპიდემიაც და ქალაქში მინდა, ბავშვი ჩავუყვანო მშობლებს, ზედმეტი პოლიციისა და რეკვების გარეშე! პირდაპირ მივუყვან და მორჩა! ისედაც, ბევრი იწვალა პატარამ და ახლა მოუწყობენ, იქ ცალკე, განყოფილებაში გამოკითხვებსა და დაკითხვებს! მერე ჟურნალისტები, ტელევიზია, ცალკე ექიმებიც დაღლიან იმდენ ანალიზს აუღებენ! თუმცა, ხომ ფაქტია, რომ ბავშვს, არაფერი სჭირს და სრულიად ჯანმრთელია!
- ჰო, ჰო! - თავი დაუქნია მასპინძელმა. - მასე სჯობს, მართალი ხარ! ადექი და, პირდაპირ მიუყვანე მშობლებს! საწყლები, ვინ იცის ახლაც რა დღეში არიან? ბავშვის გამო, რას არ გაყიდდნენ?! იქნება და, სულაც ქუჩაშიც დარჩნენ, რომ შვილის გამოსასყიდი გადაეხადათ?
- ჰოდა, შვილსაც დაიბრუნებენ და ფულსაც!
- ფულსაც? ჰა, ჰა! შენ მაგასაც მიაგენი?
- აბა, რა! - შეიფერა მწირმა. თუმცა, არც უთქვამს, რომ ბავშვის ჩანთაში ინახებოდა.
- და ის სამი დღე მაშინ, მაგიტომაც იყავი დაკარგული, რომ ბიჭის ამბავს არკვევდი?
- ჰო! ყველაფერი გამოვიძიე და როგორც წეღან გითხარი, ასე გადავწყვიტე. პოლიციაშიც კი ვიყავი, სულ სხვა მიზეზით შევყავი თავი, მერე გამოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ დაკარგული ბავშვები, მწყემსებსაც ჰყავდათ ადრე ნაპოვნი და გაზაფხულამდე დაბრუნება გასჭირვებიათ. ეს ვერსია მომეწონა. ისე კი, დოტის პოვნაზე, ჯილდოც ყოფილა გამოცხადებული, ისე იბრიქებოდა ის პოლიციის უფროსი, თუ ბედმა გამიღიმა და მე ვიპოვნე, მერე მე ვიციო.
- რა ბედმა გაუღიმა? ბიჭი, შენი ნაპოვნია და ჯილდოც, შენ გეკუთვნის!
- არ მინდა! არაფერი მინდა! ისე მივუყვან, არც გამოვჩნდები.
- რატომ კაცო?
- მერე მაინც, მე რომ დამბრალდეს? ჰა? აბა, რა ვიცი, ვინ არიან და როგორი მშობლები ჰყავს? ცალკე, პოლიცია ამეკიდება, გამოკითხვებს დამიწყებს! მერე მაგათ ან რაღა მოიშორებს, ან როგორ დავაჯერებ, რომ არც არაფერი ვიცოდი და არც არაფერი შუაში ვიყავი.
- მერე, ეს ჩვენი ბიჭი, რა? არ დაგიდასტურებს, რომ არაფერი ჩაგიდენია?
- ბავშვს ბოლომდე, არავინ დაუჯერებს, რადგან მათი მიზანი, დამნაშავის პოვნაა და ვისაც ხელს ჩაავლებენ, ასე ადვილად, არც გაუშვებენ.
- ჰმ. შენ რა კარგად გცოდნია, პოლიციის ხრიკები. - ჩაეცინა მასპინძელს. - მთავარია, მშობლიურ კერას დაუბრუნდეს და როგორც უკეთესი იქნება, ისე მოიქეცი, მაგრამ კაცო, ბიჭმა რომ მოუყვეს ყველაფერი, მერე?
- იმდენს მოუყვება, რამდენიც საჭიროა!
- შენ დაარიგებ? მაინც რომ წამოსცდეს?
- არ წამოსცდება! ჭკვიანი ბავშვია!
- ჰო, მაგრამ ეგ ხომ, ტყუილის სწავლება გამოდის მაინც და, არ არის ეგ კარგი.
- რამდენიც საჭიროა, იმდენს მოყვება დანარჩენზე უბრალოდ, გაჩუმდება და არაფერს იტყვის.
- რა დარწმუნებული ხარ? ბავშვია მაინც, წამოსცდება რაღაც და მერე, ყველას მაგივრად, ისევ მართლა ჩვენ არ დაგვიჭირონ? ჰა! ჰა! - ხმამაღლა გაეცინა მასპინძელს.
- არაფერიც არ წამომცდება!
ზურგს უკან მოესმათ ბიჭის ხმა და უფროსებს ახლა უფრო ხმამაღლა გაეცინათ.
- ორ კვირაში დამთავრდებაო, ეს პანდემიაა, თუ რაღაც ჯანდაბაა და სახლშიც დაბრუნდები! - გულდაწყვეტით ამცნო მასპინძელმა.
- ბაბუ, არ ინერვიულო! ხშირად ჩამოვალ ხოლმე და გინახულებ! - ბიჭი კაცს ჩაეკრო.
- ჰო, ბაბუ, ჰო! - ცრემლი მოერია კაცს. - შენ იყავი კარგად, დაა...
- ყველაფერი კარგად იქნება. - ღიმილით დაამშვიდა მწირმა, აბღავლებული ბავშვიც და კაციც. - შენ, შენს კერას დაუბრუნდები, მე კი კვლავ მონასტრისკენ ავიღებ გეზს! აი, შენ კი. - მწირმა ახლა მასპინძელს მიმართა. - უამრავი ოთხფეხი გყავს სამკურნალო და მისახედი, შენს იმედად არიან!
ეს ორი კვირაც, მალე გავიდა და დიმეოს უკვე, კარგად ჰქონდა შესწავლილი, რა უნდა მოეყოლა და რა, არა. შესწავლილთან ერთად, თავადაც ბოლომდე გაათვითცნოებიერა, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე და ბიჭმაც, მტკიცე პირობა დადო.
ბავშვს მთელი ღამე, თვალი არ მოუხუჭავს. გული გამალებით უცემდა, მერე ჩუმად გადაიპარა მწირის ტახტზე, ფრთხილად შეუწვა, კარგად დააკვირდა და როცა დარწმუნდა, რომ ღრმად სძინავსო, თავი მკერდზე დაადო.
მწირს არ ეძინა, მაგრამ გაიტრუნა და თავი მოიმძინარა.
LEX. 2020 წლის 2 აგვისტო, კვირა.
LEX. 2020 წლის 2 აგვისტო, კვირა.
No comments:
Post a Comment