74.
რაც
დრო გადიოდა, მით უფრო ინტერესით კვდებოდა მასპინძელი, თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში
მისი სტუმრები და საიდან მოხვდნენ, ასეთ დროს, ამ ქვეყნის დასალიერში, სადაც დაცლილი
სოფლებიც კი მოშორებით იყო და არც იმ ქვედა, შორეული სოფლიდან მოსულსაც არ ჰგავდნენ.
რას
გაურბოდნენ? ვის გაურბოდნენ? ასე როგორ იყვნენ გამწარებულნი, რომ ასეთ ცივ ზამთარში,
სადღაც მთის მწვერვალზე მოხვდნენ.
მასპინძელმა,
როგორც კი პირველივე ღამესვე, ეს მოულოდნელი სტუმრები დაადგნენ თავს, სახლში შეპატიჟებისთანავე
შენიშნა დაჭრილი კაცი. ამან ძლიერ ჩააფიქრა, ბავშვიც შეშინებული და დამფრთხალი ჩანდა,
მაგრამ ამ მათხოვარივით შემოსილ კაცს, გვერდიდან არ შორდებოდა.
როგორც
კი სტუმრები დააბინავა, მაშინათვე ჭიშკრის გარეთ გავიდა. იქაურობა კარგად მოათვალიერა,
ფარნის შუქზე, მათ ნაკვალევსაც კარგად დააკვირდა და მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ
ეს ღამის მეგზურები, მთიდან უფრო უნდა ყოფილიყვნენ ჩამოსულები, ვიდრე სხვა, რომელიმე
სოფლიდან. მთის იმ კალთაზე კი გაუვალი უღრანი ტყე იყო, რომელსაც დამრეცი, ციცაბო ველი
მოსდევდა და ახლა იქ კისრამდე თოვლი მაინც იქნებოდა. იმ მთაზე, ისეთი უღრანი ტყის გამო,
მეცხვარეებიც კი ერიდებოდნენ გავლას ზაფხულში და ზამთარში, მით უმეტეს.
მასპინძელი
გაოგნებული იყო. ასეთ თოვლში მოგზაურობის, რა ძალა ედგათო და აბა, მართლა, ციდან ხომ
არ ჩამოფრინდნენ და ამხელა გზა, როგორ იარესო. მერე ისიც კი იფიქრა, რადგან ეს კაცი
დაჭრილია, ამათ შეიძლება მდევარიც მოჰყვესო და დილამდე, სულ ფხიზლად ეჭირა თავი, მაგრამ
მათი მომკითხავი, არც იმ ღამით გამოჩენილა და არც მომდევნო დღეებში მოუკითხავს ვინმეს.
დროდადრო,
როცა უცხო და უცნაური სტუმრების მასპინძელი ვეტექიმი, პირუტყვის სამკურნალოდ მიჰყავდათ,
ხოლმე იქაც ყურებდაცქვეტილი იყო, იქნებ ვინმეს გაქცეული მამა-შვილი, ან თუნდაც, გატაცებული
ბავშვი ეხსენებინაო, მაგრამ ამაოდ. თითქოს სულ უცხო ქვეყნიდან მოსულებს ჰგავდნენ, თუმცა
უცხოელების, არაფერი ეცხოთ.
და
რადგან, არც არავინ კითხულობდა მის სტუმრებს და ჩანდა, რომ მათაც სხვა წასასვლელი ახლა
არსაით ჰქონდათ, მასპინძელს დიდი სურვილი გაუჩნდა და გულით უნდოდა, რომ ეს გზა აბნეული
მამა-შვილი, თავისთან დაეტოვებინა და ერთ ოჯახად ქცეულიყვნენ.
„მართლაც იქნებ, თავის მშობლიური სახლიდან
უკრეს ბავშვს თავი და ასეთ მამას გამოაყოლეს?
ბავშვი კარგად აღზრდილი ჩანს, მაგრამ ცხადია,
აშკარად სახლიდან არის გამოძევებული.
ამ მათხოვარივით ჩაცმული კაცის პირიდან კი,
სულ სიბრძნე და სიკეთე გადმოდის. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ დინჯად, გარკვევით, ჭკვიანურად
და საკმაოდ დალაგებულად. ესეც კარგი განსწავლული უნდა იყოს და არც მას აქვს ცუდი მანერები,
არც უხეშია და ზრდილობითაც სავსეა.
ნეტა მართლა, ისეთი რა უნდა შეხვედროდა ცხოვრებაში,
რომ ახალგაზრდა კაცი, ასე დაბეჩავებული უპოვარს დამსგავსებოდა და აშკარად არც ცდილობს,
რომ ცხოვრება შეიცვალოს. თითქოს კმაყოფილია და მოსწონს ეს ყოფა და თითქოს, ამ უპოვარობით
წანწალის მეტი, არაფერი ეხერხება და მიუხედავად იმისა, მაინც მშვენივრად რომ ჩანს,
თავის დროზე, კარგი განათლებაც მიუღია და კარგად განსწავლულა. არც ზარმაცია, მოხერხებული
და შრომის მოყვარეა, მაგრამ მაინც, რატომ უნდა, ამ ახალგაზრდა კაცს, მართლაც ასეთ უსახურ
მწირს ემსგავსოს?
ეჰ, ნეტა მართლა დარჩებოდნენ აქ და რაც მექნება,
თანაბრად გავინაწილებთ, ყველას გვეყოფა.“
მასპინძელს
უკვე სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, ოღონდაც ამათ მოისურვონო და არასადაც არ გავუშვებო
და უკვე აღარც დაეძებდა მათ წარსულს. თუმცა დროდადრო, მაინც ცდილობდა საუბარი ისე აეწყო,
რომ რაღაც მაინც წამოსცდენოდათ მის სტუმრებს, მაგრამ არც ასე ადვილი აღმოჩნდა მათი
გამოტეხვა, არც კაცი და არც ბავშვი, ზედმეტ კრინტსაც კი არ სძრავდენენ, მათ წარსულ
ცხოვრებაზე.
მასპინძელი
მაინც იმედს არ კარგავდა და ხშირად ცდილობდა, საუბარში აეყოლიებინა. მერე თავის ამბებსაც
იხსენებდა, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოუყვა, ასე მართლაც განდეგილივით რატომ
ცხოვრობდა, სადაც ჰორიზონტზეც კი, ერთი სამოსახლოც არ ჩანდა.
- ახლობლების დაკარგვით გამოწვეული სტრესის შემდეგ, ხშირად ავტომატურად ირთვება ის თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც მარტოსულად დარჩენისკენ
გიბიძგებს.
მიუგო
მწირმა ერთ დღესაც, როცა მასპინძელი კვლავ ეცადა, მისი უცნაური სტუმრის ალაპარაკებას.
- და აღარც არავინ გინდა მიიკარო გულთან. - განაგრძო მწირმა. - წესიერად ვერც კი აცნობიერებ და ისე, უნებურადაც კი ჰკრავ ხელს, შენამდე მოღწეულ სითბოს, რადგან არ გინდა! აღარ გინდა, რომ კვლავაც განიცადო ისევ ის მსგავსი, ჯერ შეჩვევა შესისხლხორცება და მერე ამავე ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
მასპინძელმა ამოიხვნეშა და კვერი დაუკრა:
- ჰო, მასეა, მასეა.
- შენც ჩემსავით, განდეგილად ცხოვრება აგირჩევია,
უკვე წლებია ასე მარტო ცხოვრობ და ჩემი გიკვირს? - ჩაეღიმა მწირს.
- მართალი ხარ. - მიუგო მასპინძელმა. - წლები, ასე გავლიე და ვფიქრობ, რომ საკმარისია უკვე და შენც იგივეს გირჩევ, საკმარისია! სიმარტოვესაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?
- ჰმ, ესე იგი, სიმარტოვესაც უნდა ჰქონდეს, საზღვარი,
არა? - ჩაეღიმა მწირს. - და მერე? რა არის ეს ზღვარი? სადამდეა და ღირს კი საზღვრებად?
- დამიჯერე.
- განაგრძო მასპინძელმა. - არ ღირს, ცხოვრების წლების, სიმარტოვეში გატარება და ახლა,
გული შემტკივა შენზე, რადგან ვხედავ, რომ არც შენ ხარ ჩემზე ნაკლებ დღეში, ან იქნებ სულაც, უარესში?!
- ყველას, თავისი წილი ლუკმა არგუნა ბედმა. - მწირმა
ამოიხვნეშა. - ან შეგარგებს, ან დაგახრჩობს.
- ესე იგი, ბედისწერაა მაინც, თუ ღმერთმა ასეთი ბედი
გარგუნა...
- ღმერთი აქ, არაფერ შუაშია, რადგან შენ მოგეცა, შეგხვდა ის შენი ხვედრი ულუფა და
დანარჩენი, ყველაფერი შენზეა! მთავარია, იმ ბოძებულ ლუკმას, როგორ გაღეჭავ და მერე
გააჩნია, რამდენად გემრიელად და მადიანად შეირგებ, სწორედაც რომ იმ შენს წილ ულუფას.
- აი,
ღმერთი ვახსენეთ და... - ჩაურთო მასპინძელმა. - ღმერთმა, მართლაც,
ნებით თუ უნებლიეთ, აი ამ პატარა ბიჭის ბედი მოგვანდო და ჩვენ, აღარ უნდა მივაგდოთ სხვის კარზე გასაზრდელად, რაც არ უნდა მოსიყვარულე, მდიდარი და შეძლებული ოჯახი იყოს!
მწირმა ამოიხვნეშა და არაფერი უპასუხა.
- მერე იცი, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის, ძალიან ცუდია, ასე კარდაკარ ცხოვრება. ბიჭი აშკარად მომეჩვია უკვე და მეც
გულში მყავს, მაგრამ შენ, განსაკუთრებთ უყვარხარ.
- აბა, მე რა შესაყვარებელი ვარ. - მდარედ ჩაეღიმა
მწირს.
- გეგონოს! - ნიშნის მოგებით მიუგო მასპინძელმა.
- ამ ბიჭს, შენზე ლამის, მზე და მთვარე ამოსდის! სულ
თვალებით დაგეძებს და როგორც კი შეგამჩნევს, მაშინვე სახე უბრწყინდება! ალბათ ფრთხილობს, ეშინია, რომ შენც არ მიატოვო.
მწირმა ახლა უფრო ნაღვლიანად ამოიხვნეშა და არაფერი
უპასუხა. ან რა პასუხი უნდა გაეცა? იმას ხომ არ მოუყვებოდა, როგორ და რა პირობებში,
მართლაც რომ თავად აეკიდა ეს ბავშვი.
- მარტო ქონება ხომ არ არის, არა? - განაგრძობდა მასპინძელი. - ჰმ, თუმცა ორი მეწველი ძროხა კი მყავს, ხარ-კამეჩი, ღორები, ქათმები და ათიოდე ცხვარიც კი, მწყემსებთანაც მყავს მიბარებული. აგერ კიდევ, რამოდენა ბაღი და ბოსტანია, დაიცა გაზაფხულდეს, მერე ნახე შენ აქ, ნაირ-ნაირი მოსავალი. იქეთ უკან ეზოში ზამთრისთვის, სათბურიც გავაკეთოთ ერთად! ანტიკვარები რომ არ მაქვს და ერთი ნორმალური დასაწოლი ლოგინი, მაგიტომ ვარ უქონელი?
მწირს უხმოდ ჩაეღიმა.
- ჰა! ჰა! და ამ მარტოხელა კაცს, ამდენი სარჩო რად გინდაო, ვიცი იფიქრებ. - კვლავ განაგრძო მასპინძელმა. - მაგრამ ხომ ხედავ აი, სად გამომადგა!
ასეთი მოულოდნელი და საპატიო სტუმრები მეწვიეთ და...
- და ნაირ-ნაირებსაც არ გვაკლებ. - ღიმილით მიუგო
მწირმა.
- რათ უნდა მოგაკლოთ? - მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.
- განა სტუმარი, ღვთისა არ არის? თქვენ კი მართლაც, თითქოს ზეციდან მომევლინეთ.
- ჰმ. - ჩაეღიმა მწირს და მაშინვე გაიფიქრა, მართლაც
საიდან სად ამოვყავით თავიო.
- აი, შემოდგომისკენ. - ისევ
განაგრძობდა მასპინძელი. - კარზე მომდგარ მანქანას, ხორაგით ვავსებ და არც ვევაჭრები. ვიცი, სულ მუქთად მიაქვთ და მერე ქალაქში კი, ხუთმაგად ჰყიდიან, მაგრამ არც დავეძებ! იმ ორი კაპიკითაც კი, ვიმარაგებ რაც საჭიროა და რაც
აუცილებელია და ახლა, ორი კაპიკიც გვექნება და ოთხიც! ასე იაფად, აღარ გავიმეტებ! აი, გაზაფხულზე ცხვრებს რომ გაკრეჭენ, ჩემს წილ მატყლს გასაყიდად გავატან და ბარემ, ახალი ფეხსაცმელებიც ვიყიდოთ!
- ჰმ, ისე კარგა რბილი მატყლის ლეიბები კი გაქვს. - მწირი თითქოს, ვერ მიუხვდა მინიშნებას.
- ლეიბებიც ბლომად შევკერე და საბნებიც! წინდების ქსოვაც კი მეხერხება! - კაცი წამით შეყოვნდა. - ფეხი რა ზომა გაქვს, შენა?
- მე არაფერი მინდა!
- შენ არ გინდა, იმ ბიჭს, ხომ უნდა? მოვიდა საცაა გაზაფხული, ზამთრის ჩექმით ხომ არ ივლის ბავშვი?
- კი ბიჭს კი უნდა, მაგრამ მე, არაფერი მინდა! ტყუილად არ შეწუხდე, მაინც არ ჩავიცვამ! ისევ მთის გზას მინდა შევუყვე.
- კაცო, წეღან რა გელაპარაკე? რატომ არ მიგდებ ყურს? მიხედე ამ ბიჭს, ცოტა მაინც დააყენე ფეხზე! შენ გგონია, მე ვერ მიხედავ? საჭმელს და სითბოს არ მოვაკლებ, მაგრამ იმ დღეს გისმენდით, როგორ კარგად ამეცადინებდი, აბა მაგდენ რამეს, მე როგორ ავუხსნი და ვასწავლი? თანაც ახლა, სკოლებიც სულ დაკეტილი
ყოფილა თურმე,
იმ რაღაც საშინელი ეპიდემიის გამო და აბა ჩემგან, რა განათლება უნდა მიიღოს ბავშვმა, შრომის მეტი? ხელსაქმის გარდა, სწავლაც საჭიროა.
მწირმა ამოიხვნეშა და არაფერი უპასუხა.
- ისე, სულ მინდა გკითხო. - განაგრძო მასპინძელმა. - ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ან ამხელა ნიჭისა და განათლების მქონე კაცი, ასე რატომ იბეჩავებ თავს?
- ადამიანის უმადურობას, საზღვარი არა აქვს. - დინჯად მიუგო მწირმა. - ამაზე მეტი სიმდიდრე რაღად გინდა, შენ, უმადურო ადამიანო, როცა შემოქმედმა, ასეთი ბუნება გაჩუქა, მაგრამ ვერ ძღება ადამიანის გულ-ღვიძლი, ვერა! კიდევ რაღაც უნდა, კიდევ რაღაცას ეძებს, მერე ათას რამეს ჩმახავს,
ათას რამეს გამოჰკრავს ხელს და მაინც ვერ ისვენებს!
- ქურდი ხარ, შვილო? - შეაპარა კითხვა მასპინძელმა, რასაც მწირის, გულიანი სიცილი მოჰყვა.
- ცხოვრებაში, არაფერი მომიპარავს! თუმცა, სურვილი კი მქონია და არა ერთხელაც, უფრო მეტად,
ყმაწვილობისას იჩენს ხოლმე, ასეთი სურვილი თავს.
თუმცა, სურვილი ერთია და ამ სურვილის მიხედვით ქმედება კი, მეორე და მაგრამ მაინც სხვისი, არასდროს არაფერი ამიღია და არც მიმითვისებია.
- ჰო, შვილო. - თავი დაუქნია მასპინძელმა. - ათასი
რამ სიბოროტე შეიძლება შემოგაწვეს გულზე, მაგრამ მართლა კი არ უნდა ჩაიდინო.
მწირი თითქოს, შეცბა და რაღაცნაირი, უცხო მზერა შეავლო
მოსაუბრეს, მერე კი ღიმილით მიუგო:
- და შვილოს, რომ მეძახი, არც იმდენად უხუცესი ხარ და არც მე ვარ, პატარა ბიჭი! მოტეხილი კი ჩანხარ, მაგრამ ნაოჭები კი არ უნდა გაფრთხობდეს და გაშინებდეს კაცს, არამედ შინაგან სიცარიელეს უნდა უფრთხოდე! იცხოვრებ მეტ ხანს და უფრო მეტად გაიგებ ცხოვრების არსს. თუმცა, მერე უკვე გვიანია. სამწუხაროდ, ცხოვრების ნამდვილ არსს გვიან ხვდები, ძალიან
გვიან, მაგრამ მაინც მთავარია, რომ შენი განვლილი ცხოვრება, მართლა სანანებელი არ გაგიხდეს!
მასპინძელი, პირდაღებული უსმენდა. როგორ დინჯად, აუღელვებლად და თანაც, როგორი გარკვევითა და უბრალო, გასაგებ ენაზე საუბრობდა, არც თუ ისე ცოტა ხნის წინ, ვითომდა დამუნჯებული, უსახური მწირი.
- ცოტ-ცოტა სანანებელი კი, მაინც ყველას აქვს. - დაასრულა მწირმა და გაჩუმდა.
- ჰმ. ისე, მართლა საინტერესოა, ვინ ხარ? ბავშვზე უკვე აღარაფერს გეკითხები, ისედაც შენი ასლია. წვერი როგორც კი გაიპარსე, მაშინ უფრო შეგეტყო. თუმცა, ისედაც გემჩნეოდათ, ერთნაირი თვალები და გამოხედვა გაქვთ და ქცევებიც,
გემოვნებაც კი ერთნაირი გაქვთ.
- ჰმ.
- მწირს ჩაეღიმა და თითქოს შეიფერა კიდეც. აღარც შეედავა და თავიც დაუქნია. ან რა აზრი ჰქონდა
შედავებას?
მაშინ, ყველაფერი დაწვრილებით უნდა მოეყოლა, რასაც მერე, ბავშვის ჩანთაში გადამალული ფულის ამბავიც, უთუოდ უნდა მოჰყოლოდა, ამიტომაც ზედმეტ რაკრაკს, ისევ დუმილი ამჯობინა.
- ბიჭს ეტყობა, კარგი აღზრდა ჰქონდა და შეძლებული ოჯახიდანაც კი ჩანს, მაგრამ შენ არ გშორდება. ერთი შეხედვით კი ვიფიქრე, რა საერთო უნდა გქონოდათ, მაგრამ შენც კარგი მანერები გაქვს, სანამ ასე ტყე-ტყედ გავარდებოდი და ვხედავ, რომ არც
შენ გიცხოვრია ნაკლებად.
მწირმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ ამოიხვნეშა.
- ისე, თავიდან მეგონა, რომ ეს ბავშვი გაიტაცე და კარგადაც გაკვირდებოდით. - განაგრძო მასპინძელმა. - თუმცა ბიჭს, შენგან
გატაცებულისა, ვერაფერი შევნიშნე.
მწირმა არც ახლა გასცა ხმა.
მასპინძელმა კი განაგრძო:
- მერე ბავშვს, დედაზე ჩამოვუგდე სიტყვა და თვალები
როცა
ცრემლით აევსო, აქედან უკვე დავასკვენი, რომ როდესაც საწყალს დედა გარდაეცვალა და ეს ბიჭიც მაშინვე, იმ დედისეული
სახლიდან, უპრობლემოდ მოიშორეს! - მასპინძელი გაჩუმდა და როცა მიხვდა, რომ მწირი ხმის ამოღებას, არც ახლა აპირებდა, კვლავ თავად განაგრძო. - რადგან ცოცხალი მამა სახეზეა, რომელიც არც არაფერს ითხოვს იმათი ქონებიდან და ვერც კანონით ვერ მოითხოვს ალბათ, ისე გამოგაბუნძულეს, რომ უკან მოსახედიც კი ყველა გზა მოგიჭრეს! - დაასრულა მასპინძელმა და მწირის რეაქციას ჩააკვირდა,
ხომ ზუსტად მიგიხვდითო.
პასუხად მწირს
ჩაეღიმა და თავიც გააქნია, თუმცა კვლავაც არაფერი უთქვამს.
- ისე ბიჭს. - განაგრძო ისევ მასპინძელმა. - კი შეუძლია იბრძოლოს, მისი კუთვნილი წილისთვის, მეურვედ კი, შენ იქნებოდი!
- ეჰ, მაგას იმდენი დრო და სირბილი უნდა. - მოჩვენებითი დარდით ამოიხვნეშა მწირმა. - და მერე, ცალკე კიდევ, იმდენი ფული დაჯდება.
- ეგ ჰოო, მართალი ხარ. - თავი გააქნია მასპინძელმა. - აი, ხედავ? შენ როგორ ყველაფერში ერკვევი და მე კი მარტო, მიწა და ცხოველები ვიცი. სჭირდები შენ ამ ბიჭს! შენ სჭირდები!
- ხომ გითხარი უკვე მაგის პასუხიც? - მიუგო მწირმა. - მართლა დროებით დავრჩებით აქ! თუნდაც, იმიტომ რომ კარანტინია ყველაგან და ყველა
გზა ჩაკეტილია და თანაც, ახლა მართლაც წასასვლელი არსაით გვაქვს და რაც ყველაზე მთავარია, აქ ძალიან კარგად, თბილად, ტკბილად და მყუდროდ ვგრძნობთ თავს, მაგრამ მე, პირადად, ნურაფერს მიყიდი! არ ჩავიცვამ!
- არ გინდა და ნუ გინდა! - ჩაეღიმა მასპინძელს. - მაგრამ ეს ჩვენი ბიჭი, მაინც კარგად უნდა გამოვპრანჭოთ!
***
- რა ლამაზი ცა არის! - გაოცებისგან წამოიძახა დიმეომ. - ვარდისფერი, ფუმფულა! ულამაზესია! ხვალ ნამდვილად კარგი დარი იქნება! აბა, როგორ შეიძლება, ასეთი ლამაზი ცის მერე, ცუდი ამინდი იყოს? არა, ბაბუ?
- არა ბაბუ, არა. - უპასუხა მასპინძელმა. – სულაც არა,
პირიქით, ქარბუქი იქნება ხვალ.
- რატომ?
- საერთოდ, დიდი ქარიშხლის წინ, ცა წითლდება ხოლმე. - ჩაერია მწირი.
- მართლა? და, რატომ? - კვლაც იკითხა ბიჭმა.
- ჯერ კიდევ, უხსოვარი დროიდან, ამინდის პროგნოზის გასარკვევად, გამთენიისას ზეცის ფერს აკვირდებოდნენ, ხოლმე. - უპასუხა მასპინძელმა და მწირს გახედა, მომეშველე ახსნაშიო.
- „დილით კი ამბობთ, დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი, არ შეგიძლიათ". -
სწორედ ასე მიმართა უფალმა, ფარისევლებს. - მწირმა ბავშვს გაუღიმა.
დიმეო ისევ აღფრთოვანებით შეჰყურებდა ზეცას, ხოლო მასპინძელი, გაოგნებული სახით, კვლავ მწირს მისჩერებოდა.
- საერთოდ კი. - განაგრძო მწირმა. - დილის ცის წითელი ფერი, იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ატმოსფერული წნევის არემ, ახლა აღმოსავლეთით გადაინაცვლა და ცის თავზე, ღრუბლები მოექცნენ, ხოლო დასავლეთით, ჰაერის წნევა ეცემა, რაც წვიმისა და ქარიშხლის მოახლოებაზე მიანიშნებს.
- ჰოო, ეგ, კი მასეა. - ჩაურთო მასპინძელმა.
- და მერე? - იკითხა დიმეომ.
- რა, მერე? - ჩაეღიმა მწირს. მერე წუთით იყუჩა და განაგრძო. - როცა ფლოქვების ხმას მოჰკრავ ყურს, უნებლიეთ ცხენის შეგრძნება გეუფლება, თუმცა სინამდვილეში, ეს შეიძლება სულაც, სახედარი იყოს.
- გაიგე ბიჭო? - მასპინძელმა თვალებგაფართოებულ ბავშვს გახედა.
- ესე იგი, ის რაც ლამაზად გეჩვენება და მოგწონს, ის შეიძლება, სულაც არ იყოს კარგი და სინამდვილეში კი, ცუდი იყოს! - დასკვნა ბიჭმა, რასაც უფროსების ღიმილი მოჰყვა.
LEX. 2020 წლის 26 ივლისი, კვირა.
No comments:
Post a Comment