Sunday, August 16, 2020

ძველი პიანინო (ნაწილი 40)

40.
მხატვარი ცდილობდა წარმოედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელის თვალები.
შმაგი, გაბოროტებული, შურისძიებით აღსავსე, თუ დაღლილი ნაღვლიანი, სასოწარკვეთილი, ემოციებისგან დაცლილი და განადგურებული.
- სოციოპათია, თუ ფსიქოპათი? - მსახიობმა ქალმა, მხრები აიჩეჩა და თავისავე დასმულ კითხვას, თავად უპასუხა. - ისე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იქნება?
მხატვარმა არაფერი უპასუხა. დივანზე ნახევრად მიწოლილი, მდუმარედ აყოლებდა თვალს სიგარეტის კვამლს.
მისი მეგობარი, მსახიობი ქალი კი, ჯერ კიდევ, ზეთ შეუმშრალ, პორტრეტს მონუსხულივით შეჰყურებდა. დარწმუნებული იმაში, რომ ეს ნახატი, მხატვრის ერთ-ერთი დაკვეთა იყო, არც კი უკითხავს კონკრეტულად, ვის გულისხმობო.
- როგორ არა აქვს! - უეცრად წამოენთო მხატვარი. - მართალია, მსგავსება მათ შორის ბევრია, ერთმანეთის მსგავსი პათოლოგიაა, მაგრამ მაინც არის სხვაობა! - მხატვარმა პალიტრაზე დასხმულ ფერებზე მიანიშნა. - ეს ერთი არის სოციოპათი, აი ეს მეორე კი, ფსიქოპათი! ხედავ? თითქმის ერთი ფერია, მაგრამ მაინც განსხვავდება ტონალობით.
მსახიობ ქალს გაეცინა, დიდი ფუნჯი აიღო და ის ორივე მინიშნებული ფერი ერთმანეთს შეურია.
- ეს რა ქენი!? ახლა, ეს ორი, სხვადასხვა პათოლოგი, გაერთიანდა და ერთ დიდ, კაცობრიობისათვის საშიშ ბირთვს წარმოადგენს!
ქალს ისევ გაეცინა:
- და მერე, ორივე ერთად რამდენ საშიშ საქმეს ჩაიდენენ და მერე ჩხუბიც მოუვიდოდათ და ერთმანეთსაც დაერეოდნენ.
- ჩხუბი? ვითომ რატომ? - გაიკვირვა მხატვარმა.
- რატომ მოუვათ ჩხუბი და ლიდერობისთვის იჩხუბებენ! ორივეს, თავისი საკუთარი ოფოფები აქვთ! ერთი იტყოდა ასე გავაკეთოთო, მეორე კი, დაიჟინებდა და დაამტკიცებდა, ისეო და ბახ! ბახ! დახოცავდნენ ერთმანეთს! - ქალმა სიტყვა დაასრულა თუ არა, პალიტრაზე თავისივე ხელით შერეული ფერები, ბოლომდე გადათხაპნა.
მხატვარი, ცოტა ხანს ჩაფიქრებული იჯდა. უკმაყოფილოდ შეჰყურებდა თავის ნამუშევარს. მერე კი უფრო, თითქოს თავისთვის დაიწყო საუბარი:
- სოციოპათი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვლელობის ინიციატორი გახდეს. უფრო სავარაუდოა, რომ დომინანტს ექვემდებარებოდეს, იმ დროს როცა...
- როცა? - ჩაეკითხა ქალი.
- ფსიქოპათი ლიდერია და მზად არის ნებისმიერი გაანადგუროს, ვინც გზაზე გადაეღობება და ეს, იმ სოციოპათსაც ეხება და თუ ერთად, ერთმანეთთან შეამხანაგებულნი იმოქმედებენ, ფსიქოპათი ყოველთვის შეეცდება ლიდერობას. არა, შეეცდება კი არა, აუცილებლად იქნება!
- და თუ ცალ-ცალკე არიან? ესე იგი, ფსიქოპათი უფრო საშიშ რამეებს ჩაიდენს?
- სულაც არა! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ როცა ერთად არიან, მაშინ უფრო სასტიკი შეიძლება იყოს ფსიქოპათის ინიციატივა!
- და ცალ-ცალკე?
- უუუჰ! ერთმანეთზე არანაკლებ საშიშნი და ამოუცნობნი! - მხატვარი ზანტად გაიზმორა. - საერთოდ კი, ფსიქოპათები მარტო მოქმედებენ, ვინმესთან კონტაქტში, ძალიან რთულად შედიან. რთულად და იშვიათად!
მხატვარი მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში და ოთახში შემოსწრებულ ფიფოს, წესიერად ზედ არც შეხედა, მხოლოდ ხელის ოდნავ წამოწევით მიესალმა, რადგან მთელი ყურადღება, მაინც პორტრეტისაკენ ჰქონდა მიმართული.
არ მოსწონდა. საშინლად არ მოსწონდა. რაღაც სულ სხვა ტიპაჟი სჭირდებოდა და არა ეს ვიღაც, თითქოს თავისთავში გაურკვეველი პიროვნება, უფრო მშიშარა და გაიძვერას ჰგავდა და არა იმ სერიულ მკვლელს.
მხატვარმა რაღაცის თქმა დააპირა და ფიფოსკენ მობრუნდა, მაგრამ ფიფოს მზერა, მსახიობი ქალის მოშიშვლებულ თეძოზე შეყინვოდა.
ქალი პატარა სარკეში იყურებოდა, წარბებს ერთმანეთს ადარებდა, ფეხი ფეხზე გადაედო, თხელი გამჭვირვალე ხალათის ერთი კალთა ჩამოშლოდა და არც ცდილობდა სიშიშვლე დაეფარა.
- გამარჯობა ფიფო! - ომახიანად შეუძახა მხატვარმა.
ფიფომ ისე ავტომატურად უპასუხა, არც გაუხედავს მისკენ, რასაც მხატვრის სიცილი და ფიფოს გამოფხიზლება მოჰყვა.
- არა რააა, შენ უეჭველი ზღვაზე კი, არა მდინარეზეც კი არ ხარ ნამყოფი! ჰი! ჰიი! - ვერ იკავებდა სიცილს მხატვარი.
- კარგი ხო, მორჩი. - ღიმილით აბურდღუნდა ფიფო, თუმცა თვალები მაინც ქალისკენ გაურბოდა.
- შენ დამშვიდდი, ნურაფერი გიკვირს. - არ ცხრებოდა მხატვარი.
- რა უნდა მიკვირდეს? - შენიშნა ქალმა, რომელსაც როგორც ჩანდა, ფიფოს ყურადღება ძალიან მოსწონდა.
- ეს, ძველი კლასის წარმომადგენელია! - მხატვარმა თითით ფიფოზე მიანიშნა - ნეანდერტალელების!
ქალი გულიანად აკისკისდა. ფიფომ ცალყბად გაიღიმა. მხატვრის მწარე იუმორი, სულაც არ სწყენია, მაგრამ ჩანდა, ხუმრობის ხასიათზე საერთოდ არ იყო.
- სანამ გულს არ მოიოხებს უაზრო ქილიკით, მანამდე არ გაჩერდება, რაა! - მხატვრის მისამართით შენიშნა ქალმა და თან, ფიფოს ვნებიანი თვალები შეანათა.
- რომ არ გავჩერდე, რა მერე? ვინმეს შემოველახები? თუ შემოვეპატიურები? - ოხუნჯობდა მხატვარი.
ქალი ისევ აკისკისდა.
ფიფომ, როგორც იქნა, მოსწყვიტა თვალი ქალს და მხატვრისკენ მომართა მთელი ყურადღება:
- ისე, ერთ დღესაც, შეიძლება მართლაც დაგღუპოს მაგ შენმა იუმორმა!
- შენივე ენა გღუპავს შენ! შენი დაუძინებელი მტერია და ძირშივე უნდა მოიკვეთო! აი, ასე! - მხატვარი როლში შეიჭრა ენა გადმოყო და მასტეხინით ვითომ მოჭრას შეეცადა.
ქალი კვლავ გულიანად იცინოდა. ფიფო უფრო მეტად მოიღუშა, სასაცილოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე. რაღაც მომენტში, საბრალო სახეც კი ჰქონდა. მხატვარი მიხვდა, ფიფო გასართობად არ მოსულა, ის იყო უნდა ეთქვა ქალისთვის დაგვტოვეო, რომ ქალი წამოდგა, იქვე მიკეცილ ტანსაცმელებს ხელი დაავლო და ცოტა არ იყოს, დემონსტრაციულად განაცხადა:
- შხაპს მივიღებ და გავიქცევი, თორემ უკვე ძაან ვაგვიანებ. - და ფიფოს კვლავ ვნებით აღსავსე თვალები შეანათა.
ფიფოს ემოციებისგან ლამის სუნთქვა შეეკრა.
როგორც იქნა, მარტონი დარჩნენ.
მხატვარი ჩუმად იყო. ფიფოს ელოდა, როდის ამოიდგამდა ენას. გრძნობდა რაღაც ვერ იყო ხასიათზე და ამიტომ დუმილი ამჯობინა.
ფიფო კი ხმის ამოღებას არ აპირებდა. ზედიზედ მოუკიდა სიგარეტს.
დუმილი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მხატვრის უძლიერესი ნებისყოფაც კი შეირყა.
- იცი, რომ ადაპტირებული ფსიქოპათი, უფრო საშიშია! - დაიწყო მხატვარმა - იმიტომ კი არ კლავს, რომ სატანას შეეკრა და მისი სჯერა, არამედ იმიტომ კლავს, რომ სჯერა სატანის, რათა მოკლას.
ფიფომ გამომცდელად შეხედა.
- რაღაც იდიოტობა ვთქვი, არა? - გაეცინა მხატვარს.
- არის მასში რაღაც აზრი... - მხრები აიჩეჩა ფიფომ.
- მაგრამ მაინც უაზროდ დავალაგე. აი ის, შენი დამნაშავე და მით უფრო, თუ მართლაც სერიული მკვლელია, მსხვერპლის სახით წარმოგვიდგენს, თავის ნამოქმედარს „შედევრებს“! მისთვის ეს, დანაშაულთან და შურისძიებასთან ერთად, შემოქმედებაცაა!
- აუჰ! ხელოვნების მოღვაწეც ყოფილა აბა და რას ვერჩი?! - გასავსავა ხელები ფიფო.
- ჰო! მისთვის ეს ხელოვნების ნიმუშია! თავისივე შემოქმედების ნიმუში!
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- აი, იმ სახით, აი იმ ვიზუალური ენით, გადმოსცემს თავის ტკივილის, ეს შენს შემთხვევაში ვამბობ, რადგან საქმის მასალებში ჩამახედე და ასეთი აზრი გამიჩნდა, თორემ რამდენი გიჟი და ფსიქოპათია და ისე გამოასალმებენ ადამიანს სიცოცხლეს, რომ...
- კვალსაც არ ტოვებს. ზედმეტად მოწესრიგებულია და მაგიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრ გარემოში იზრდებოდა. მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რადგან ყველაფერი, მისი ყოველი ნაბიჯი, ქმედება გაკონტროლებული და წინასწარ კარგად შესწავლილია.
- ჰო, იქნებ წინასწარ, მკვლელობის რეპეტიციასაც გადის?
- სავსებით შესაძლებელია!
- ესე იგი, სპექტაკლს დგამს შენთვის! შენ, - ერთი მაყურებლისთვის!
- ვითომ, კონკრეტულად მე მებრძვის?
- არა! კონკრეტულად შენს პიროვნებას კი არ ებრძვის, არამედ შენ ხარ ის სისტემა, შენი სახით, იმ სისტემას ებრძვის! ამ შემთხვევაში, შენ ხარ ის, - ვისთვისაც დგამს ამ ყველაფერს, რომ დაანახოს, წარმოაჩინოს, ხოლო ებრძვის იმ სისტემას, რომელმაც აქამდე მიიყვანა!
- გავიგე ეს გავიგე, დიდი ხანია გავიგე! ისევ ერთი და იგივე ადგილის ტკეპნამ დამღალა! ვიღაც შეშლილი, რაღაცას გვიმტკიცებს, დაერია პენსიონრებს და ჟლეტს და ჟლეტს! რა დააშავეს ასეთი?! ან ამდენი ხანი, სად იყო?! სანამ პენსიაზე არ გავიდნენ, მერე რომ მიადგა და დაიწყო მაგათი ხოცვა?!
- ალბათ, პატარა იყო და გაიზარდა. - ჩუმი ხმით ჩაუმატა მხატვარმა.
ფიფო ჩაფიქრებული იჯდა, მერე ძლივს ლამის ჩურჩულით წარმოსთქვა:
- ეგ კი ვიცი, რომ მიზეზი წარსულში უნდა ვეძებო, ფესვებიდან უნდა დავიწყო, მაგრამ სად? რომელ წარსულში? ან ვის წარსულში?
- აი, სწორედ იმ წარსულში, ფესვები, რომ ჰქვია! ფესვები, მაგრამ სად არის ეს ფესვები? - მხატვარი გაიტრუნა.
ფიფოც დადუმდა. ხმას არ იღებდა. აშკარად, კიდევ რაღაც აწუხებდა და სიტყვის დაძვრას ვერ ახერხებდა.
მხატვარი მოჭუტული თვალებით შესცქეროდა.
რადგან ჩანდა, სტუმარი ხმის ამოღებას არ აპირებდა, მდუმარება, ისევ მასპინძელმა დაარღვია:
- კიდევ ხდება რამე?
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
LEX. 2016 წლის 29 აგვისტო, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1787003164875306/?type=3&theater

No comments:

Post a Comment