9.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708371332738490
შემოდგომის თბილი ამინდები, წვიმებმა და მოახლოებულმა ზამთრის სიცივემ შეცვალეს.
ჩანჩქერის, ისედაც ყინულივით ცივ წყალში საბანაოდ მებაღე ვეღარ დადიოდა. ბოლოს დროს აღარც დადა დაჰყვებოდა. უფრო მის მერე რაც ბორცვის ქიმზე მოთვალთვალედ იქნა აღმოჩენილი.
თუმცა ბუნების ცვალებადობა გოგონაზე ნაკლებად მოქმედებდა. სახლშიც უამრავი გასართობი ჰქონდა. ყოველთვის გამოძებნიდა რაიმეს საინტერესოსა და თავშესაქცევს. დიდ უზარმაზარ გალერეაში, რომელიც ზედა სართულის ნახევარზე მეტს იკავებდა, პატრონმა სამხატვრო სტუდიად დაუთმო. კედლის ერთ ნაწილში დადამ წიგნების თაროებით, საკუთარი ბიბლიოთეკა მოაწყო. საათობით არჩევდა სახლის დიდი ბიბლიოთეკიდან წიგნებს და მერე თავის ოთახში მიარბენინებდა.
როდესაც ახალი ცხოვრება დაიწყეს და აქ გადმოსახლდნენ, პატრონი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ნეტა როგორ უნდა ესწავლებინა დამუნჯებული გოგონასთვის წერა-კითხვა. სპეციალისტიც კი დაუქირავა, მაგრამ გოგონამ ჟესტების ენის შესწავლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მაინც ვისთან უნდა ესაუბრა ასე? მაშინ პატრონსაც და მსახურებსაც უნდა ესწავლათ. ეს ყველაფერი დადამ ფურცელზე დაუწერა და ისე აუწყა. თურმე გოგონას წერა-კითხვა უკვე ადრევე ჰქონდა შესწავლილი. წერაც მშვენივრად შეეძლო და კითხვაც. კლავიშებსაც თავისუფლად ფლობდა. სიმღერით თუ ვერ მღეროდა, სამაგიეროდ შესანიშნავი სმენა ჰქონდა და კარგადაც უკრავდა და აქაც კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა, ნოტებში ჩახედვას საშინლად ვერ იტანდა. ნაწარმოებს სანამ ბოლომდე გაარჩევდა უკვე ზეპირადაც იცოდა და მისთვის უკვე ნოტებიც აღარ იყო საჭირო.
პატრონი ხშირად ლამაზ-ლამაზ ბლოკნოტებს ჩუქნიდა. ფიქრობდა, იქნებ გოგონამ თავისი ნამდვილ სახელი და გვარი მაინც მიაწეროს სადმეო, მაგრამ დადა თითქოს ჯიუტად დუმდა თავის წარსულზე და აზრადაც არ მოსვლია რაიმე ისეთის ჩაეწერა, რაც თავის ძველ, ბურუსით მოცულ ცხოვრებას ოდნავ მაინც მოჰფენდა ნათელს.
გოგონამ ლამაზ ბლოკნოტებს ჩანახატებით ავსებდა და ორ-სამ სიტყვას თუ მიაწერდა რომელიმე ნახატს. პატრონი ერთხანს აკვირდებოდა, მერე კი ხელი ჩაიქნია და შეეჩვია დადას უცნაურობებს.
მოღრუბლული ამინდი იდგა. დადა ეზოში ქვით მოკირწყლულ ბილიკებს მიჰყვებოდა, ხან ცას ახედავდა, ჯერ ხომ არ წვიმდებაო, მერე ისევ ბილიკის გაყოლებით ეზოში სეირნობას განაგრძობდა. ეზო საკმაოდ დიდი იყო. დადას პროექტით გაშენებული ბაღი კი ორნამენტის ფორმებს ქმნიდა და თითქმის სარტყელივით ეკრა სახლს. სიცივისგან დასაცავად შეფუთული ყვავილის ძირები კი ზამთრის მოახლოებას უცდიდა.
მოულოდნელად ისე ძლიერად დაიქუხა, რომ ლამის მიწა შეზანზარდა. დადას არც კი შეშინებია. მხიარული სახით ცაში დაიწყო ყურება. წვიმის მსხვილმა წვეთება სახე დაუსველა. წვიმამ უმატა. ცოტაც და გოგონა სულ ამოილუმპებოდა ვიღაცას, რომ არ ეტაცა მისთვის ხელი და წვიმისგან დამცავ ადგილას არ შეეფარებინა. დადას თითქოს ეწყინაო, შეუშალეს წვიმაში ყოფნა. გაბუტული სახით გახედა მშველელს.
- დასველდები და მერე გაცივდები. - დაბალი ხმით უთხრა მებაღემ.
დადამ წვიმას გახედა. მიწაზე უკვე პატარ-პატარა წყაროებივით მოედინებოდა ტალახიანი წყალი. წვიმამ უფრო ძლიერად დასცხო. მალე ქარიც ამოვარდა. წვიმის წყალი პირდაპირ სახეში სცემდათ. სხვა გზა აღარ რჩებოდა, სანამ გადაიღებდა ახალი თავშესაფარი უნდა ენახათ. სახლამდე კი საკმაოდ დიდი მანძილი იყო. მებაღემ დადას თავზე მისი განიერი პიჯაკი ჩამოაფარა, ხელი ჩაჰკიდა და მთელი სისწრაფით გააქანა თავის ქოხისკენ.
ჩვეულებრივ მსახურთა საცხოვრებელი, ერთ შენობაში იყო მოთავსებული, მებაღესი კი რატომღაც განცალკევებულად, ბაღის სულ სხვა მხარეს, დიდი სახლიდან მოშორებით, ეზოს კიდეზე იყო მიშენებული. მიწური იატაკი, ყუთებისგან შექმნილი საწოლი, ასეთივე სტილის სკამისმაგვარი რამ, უფრო განიერი ყუთი კი მაგიდის მაგივრობას უწევდა.
დადას არც კი ეუცხოვა ასეთი ღარიბული ქოხმახი. თავი ჩვეულებრივად იგრძნო. მხიარულად მოავლო თვალი და იქაურობას და საწოლთან დაგდებული, თითქოს უკვე ადრე ნანახი თმის სამაგრიც შენიშნა. მაშინვე აიღო და სველი თმები დაიმაგრა, მერე თვალის ცეცებით სარკეს დაუწყო ძებნა, თუმცა ვერსად ნახა. ქოხში ყუთებისგან შემდგარი ავეჯის გარა მეტი არაფერი იყო. თმის სამაგრი რაღაც კომოდისმაგვარ ყუთზე მიაგდო და იქვე საწოლზე ჩამოჯდა.
მებაღის პიჯაკი დადას წვიმისგან დაცვის დროს დასველდა, თავად კი პერანგის ამარა დარჩენილი სულ ერთიანად გალუმპულიყო. ყოველგვარი ცერემონიისა და მობოდიშების გარეშე სველი პერანგი გადაიძრო, გაწურა და პიჯაკის გვერდით თოკზე მიაფინა.
დადა თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა მებაღის ათლეტური ტანს. ბორცვზე თვალთვალისას მხოლოდ შორიდან ჰყავდა ნანახი, ახლა კი საშუალება მიეცა უფრო ახლოდან შეეთვალიერებინა მისი სხეული.
მებაღეს გაეღიმა:
- შენთან აღარც მერიდება. უკვე ისედაც ბევრჯერ მნახე შიშველი.
დადამ საპასუხოდ უფრო მეტად გაუღიმა.
გოგონა საოცრად ლამაზი იყო. ღიმილი კიდევ უფრო ამშვენებდა მის სახეს. მებაღე ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა. დადა თითქოს შეაკრთო ამ მზერამ, რაღაც უფრო მეტად ღრმა მოეჩვენა მებაღის თვალები, თითქოს მისი სიღრმე რაღაცას მალავდა. უბრალო ღარიბ-ღატაკი მებაღის მიღმა შეფარული უცხო სხივი იგრძნობოდა...
,,არა! მებაღე, საშიში კაცი სულაც არ ჩანს! როცა საჭირო გახდა წვიმისაგანაც დამიცვა კიდეც. ისე, რაიმეს დაშავება რომ უნდოდეს, უკვე წელიწადზეა მეტია აქ არის და აქამდე უკვე ბევრჯერ დამიშავებდა კიდეც!
ან რა უნდა დამიშავოს?.. და რატომ?..
რას მერჩის?’’
ასეთი ფიქრებიდან დადა მებაღის რბილმა ხმამ გამოარკვია:
- მე უგო მქვია. მგონი, იცი ხომ?
დადამ თავი დაუქნია. მერე ისევ მოავლო თვალი უბადრუკ ქოხმახს. საინტერესო და გასართობი ვერაფერი შენიშნა. ან რა უნდა ენახა? ამ უბადრუკ ადგილას რას ელოდა, რომ დახვდებოდა?
გოგონამ მალევე მოიწყინა. სახეზე ღიმილიც გაუქრა. ნაღვლიანად გახედა წვიმას. წვიმა კი არ წყდებოდა, პირიქით უფრო მატულობდა და მატულობდა. პატარა ნაკადულებმა უკვე ქოხშიაც შემოაღწია. საწოლთან დაგროვილი გუბურა ისეთი სისწრაფით იზრდებოდა, რომ დადამ ფეხები საწოლზე აკეცა.
უგო მის დამშვიდებას შეეცადა:
- ნუ გეშინია, მიწური ქოხია, ასე ადვილად არ აივსება წყლით.
დადამ მოწყენილი მზერა შეავლო. მერე რაღაც ბალიშისმაგვარზე დადო თავი და სადღაც უაზროდ ერთ წერტილს მიაშტერდა.
მებაღე ქოხის პატარა სარკმლიდან აკვირდებოდა წვიმას. მოგვიანებით წვიმამ საგრძნობლად იკლო. ჩანდა, მალე სულ გადაიღებდა. უგო დადასკენ მობრუნდა უნდოდა ეხარებინა, რომ მალე თავის სახლში შესძლებდა წასვლას, მაგრამ დადას მშვიდი სახით ტკბილად ეძინა.
საოცრად ლამაზი იყო. უბადრუკი ქოხი და რაღაც საწოლად გადაკეთებული გახევებული ნაჭრებით შემოსილი ალაგი კი იქ მძინარეს კიდევ უფრო მეტად ლამაზს ხდიდა. მებაღე მონუსხულივით შეჰყურებდა. სუნთქვა შეკრულმა, გოგონას გასაღვიძებლად ნაბიჯის გადადგმაც კი ვეღარ გაბედა.
უეცრად კარი გაიღო. ზღურბლთან ახალგაზრდა მსახური ქალი გამოჩნდა. სველი კაბის კალთა ისე ასწია ლამის წამოიხადა და იქვე კარშივე ჩაწურა. ფეხი შემოდგა თუ არა, მაშინვე მძინარე დადა მოხვდა თვალში და საშინელი ეჭვიანი მზერა წელს ზევით შიშველ მებაღეს მიაპყრო. უგო დამნაშავესავით აიწურა და ხელით ანიშნა არ გააღვიძოო. ბრაზმორეულმა ქალმა კაბის კალთას ხელი უშვა. მერე ყუთზე მიგდებულ, თავის თმის სამაგრს მოჰკრა თვალი, ხელი დასტაცა და სასწრაფოდ თავზე დაიმაგრა. კიდევ ერთხელ მრისხანედ შეხედა მებაღეს და უხმოდ გავიდა გარეთ.
უგომ შვებით ამოისუნთქა.
დადას კი არაფერი გაუგია ისე მშვიდად ეძინა.
LEX.2016 წლის 4 თებერვალი, ხუთშაბათიhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708371332738490
No comments:
Post a Comment