Saturday, October 3, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 54)

54.
- ესე იგი, ერთი ნაბიჯით მაინც ვართ წინ? - იმედიანად იკითხა მიმიმ.
- ერთი კი არა, ათით! მიმი, ათით! - ფიფომ გაჩუმდა.
„რა აუცილებელია, წინასწარ ენის ტარტალი? ჯერ საქმის ბოლომდე მიყვანა და მერე, ლაპარაკი! დაე, ეგონოს, რომ ბავშვი, პიპამ გაიტაცა. დროებით, იყოს ასე! ახლა, ასე სჯობს. უცებ რომ დაურეკონ და მიმის რამე წამოსცდეს, ან ისე ვერ უპასუხოს, მაშინ ხომ დავღუპეთ ბავშვი და ჩვენც დავიღუპეთ. საკუთარ ხელში გაზრდილ ბიჭს, თუ ვერ ვუშველი, მაშინ რაღად მინდა სიცოცხლე და ან ჩემი დამპალი გამოუსადეგარი პროფესია?!“
- ვაიმე, ვეღარ ვითმენ. - მიმი ემოციებში გადაეშვა. - ხელის კანკალით გადაავსო ჭიქა და ერთიანად გამოცალა. - რა გემრიელი ყოფილა წყალი.
- თან, სულ დაღვარე. - ღიმილით შენიშნა ფიფომ.
- ნეტა მართლა, ამის დარდი მქონდეს. - მიმიმ მაგიდა გადაწმინდა. - აღარც ვუპასუხებ, თუ დარეკავს! რა აზრი აქვს? ისედაც ხომ ვიცი, რომ...
- არა! არა! - გააჩერა ფიფომ. - პირიქით! უნდა უპასუხო! უნდა აგრძნობინო, რომ შენ, არაფერი იცი! წარმოდგენაც კი არ გაქვს და თანახმა ხარ, გამოსასყიდზე! როგორც დაგარიგე, რაა! ხომ გითხარი უკვე, რატომაც? - ფიფო შეყოვნდა. - თუუ? არ გითხარი? არ მახსოვს. - დაუმატა დაბალი ხმით. 
- ჰო, კარგი. - ამოიხვნეშა მიმიმ. - ისე, შესვენებიდან კი გაიყვანეს ბავშვი, მაგრამ მასწავლებელმა, მაინც რატომ გაუშვა ადრე? მშობელი არც დაუნახავს და ასე, როგორ ენდო?
- ჰმ. ისე ჰოო...
- ნეტა, მაშინ მომეფიქრებინა და ვკითხავდი. - ამოისლუკუნა მიმიმ. - ახლა, რა აზრი აქვს? მაშინ, ყველაფრის თქმა მომიწევს.
- არა! არავითარ შემთხვევაში! არავინ უნდა გაიგოს!
- ერთი ჩემი ბიჭი ჩავიხუტო და მერე, მე ვიცი, როგორ პასუხსაც მოვთხოვ! - მიმი ისევ ატირდა. - ღმერთო! ოღონდ შვილი დამიბრუნდეს და არანაირ პასუხს აღარ მოვთხოვ არავის! ყველას, ყველაფერს ვაპატიებ! დამიბრუნონ ჩემი შვილი!
ფიფო უკვე აღარ უსმენდა და ელოდა, როდის უპასუხებდნენ ზარზე. თან მიმისგან, უფრო მოშორებით გადაინაცვლა და მობილურის ხმასაც, შედარებით ჩაუწია.
მიმის ფიფოს ქცევა, არ გამოჰპარვია. სლუკუნი შეწყვიტა და სმენად იქცა.
- პირდაპირ ამოდით! გარეთ ვერ დაგხვდებით! არ მინდა ახლა, ერთად გვნახონ. - ფიფომ მობილური გათიშა. მოტრიალდა და მიმის ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებსაც შეეფეთა. არც შეიმჩნია ისე გავიდა სამზარეულოში და ყავის მომზადებას შეუდგა.
- შენც ხომ დალევ? - გამოსძახა მიმის.
- არ მინდა.
- ნუ, გინდა! - ნიშნის მოგებით მიახალა ფიფომ. ცდილობდა, თავი ისე აეყვანა ხელში, რომ მიმიც ცოტა ოდნავ მაინც გაემხიარულებინა, რადგან გაუთავებელი, სულის შემძვრელი სლუკუნი, ხელს უშლიდა სწორად აზროვნებაში, მაგრამ აბა, რა უნდა ექნა? დარდს ხომ ვერ აუკრძალავდა, გულმოკლულ დედას?
- ფიფო! - ვეღარ მოითმინა მიმიმ.
- რა იყო? - ფიფო ვითომც, ვერ მიუხვდა.
- ვის ელოდები? აქ, ვინ დაიბარე?
- ააქ?
- ჰო! აქ!
- დაკითხვაზე ვარ გასასვლელი. - უპასუხა ფიფომ და გაჩუმდა.
არც მიმის ამოუღია მეტად ხმა. თუმცა, უამრავი კითხვა მოაწვა და დიდ ხანს ლოდინი არც დასჭირდა. მალე კარზე, ზარი გაისმა და ფიფომაც დაასწრო ადგომა.
სტუმრის გამოჩენაზე, მიმი სახტად დარჩა. ვის აღარ მოელოდა, მაგრამ აბა რას წარმოდგენდა, რომ ის, ვისაც ბავშვის გატაცებაში სდებდა ბრალს, სწორედაც, რომ მისი ოჯახის წევრი თუ მოადგებოდა კარს და თანაც, ფიფოს თხოვნით.
- როგორც კი დარეკე, მაშინვე წამოვედი. - პიპას მამა, მორიდებით შემოვიდა.
- ძალიან მჭირდებით, თორემ არ შეგაწუხებდით. - უპასუხა ფიფომ.
- ფიფო, რა ხდება? - მიმის ხმაში, საყვედური გაისმა. არავის დანახვა არ უნდოდა და მით უმეტეს კი...
- მიმი, ძალიან მეჩქარება! - ფიფო ქურთუკის ჩაცმას შეუდგა. - სასწრაფოდ, დაკითხვაზე ვარ გასასვლელი! აუცილებლად, უნდა დავესწრო!
- მერე, მეც წამოვიდოდი, რაღას აწუხებდი სხვებს და თანაც, ხომ გაგვაფრთხილეს, რომ არავინ... - მიმი გაჩუმდა.
- მიმი, შვილო. - დაიწყო კაცმა. - არ ვარ უცხო და იცი, შენ ეს. ფიფოს, შენი მარტო დატოვება არ უნდა და ამ შემთხვევაში...
- სხვა შემთხვევაში - გააწყვეტინა ფიფომ. - თან წაგიყვანდი, ან სხვაგან დაგტოვებდი, მაგრამ ახლა, სახლში ვინმე მაინც, ხომ უნდა დარჩეს? იქნებ, რაღაც ინფორმაცია, აქაც მოგვაწოდონ! და  თან, მარტოც არ მინდა იყო. - ფიფომ ამოიხვნეშა. - კარგი რაა, მიმი, რააა? რას მახსნევინებ? აბა, ვისთვის დამეძახა? დედამთილ-სიდედრების თავი, არც ერთს არ გვაქვს ახლა და მით უმეტეს, მამიდაშენის!
- უი, არაა. - შეიცხადა მიმიმ. - ახლა მამიდაჩემს, ნამდვილად ვერ ავიტან.
- ჰოდა, გამიშვი დროზე და უფრო მალეც დავბრუნდები. - ფიფო კარისკენ წავიდა. - აბა, თქვენი იმედი მაქვს, ორივესი! თუ რამეა, მაშინვე რეკავთ!
- ჰო, კარგი. - წაიკრუსუნა მიმიმ და დივანზე მიესვენა.
- მიმი, შვილო, თუ რამე გინდა, არ მოგერიდოს. - კაცმა პლედი მიახურა, ნახევრადმიწოლილ გოგოს. - სხვათა შორის, ყავასაც მშვენივრად ვამზადებ, ან იქნებ, ჩაი?
- არა. - წაიკნავლა მიმიმ. - არაფერი მინდა.
- ხაჭაპური რომ გამოგიგზავნეთ, არ გასინჯე?
- კი, ვჭამე. ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ რატომ შეწუხდით და თან, არავინ არ უნდა...
- მარტო მე მითხრა. - მიუხვდა კაცი, მიმი რასაც გულისხმობდა. - ვიცი, რატომაც მითხრა, ამ შემთხვევაში, ნუ გაამტყუნებ ფიფოს. კარგი ბიჭია, ძალიან კარგი. - სტუმარმა ახლაღა შეამჩნია, მიმი როგორ ერთიანად კანკალებდა. - რაღაც ძალიან ცივა აქ, თუ მე მცივა? ბებერი რომ ვარ? - ხუმრობაც სცადა კაცმა.
- გათბობას აქ არ ვრთავთ, გაშლილი სივრცეა. სამზარეულოდან, ისედაც შემოდის სითბო. სტუმრებიც ხშირად დადიან და ბუხარსაც სულ ვანთებთ და... - მიმიმ ჩამქრალი ბუხარისკენ გააპარა თვალი.
რა ხანია, არ დანთებულა. უკვე ორი თვე ხდებოდა, რაც ფიფო სახლიდან წავიდა და მას მერე, არც კი მიკარებია. ბუხარიც თითქოს, მოწყენილად უმზერდა და თავადაც სციოდა.
- ახლავე დავანთებ. - კაცი წამოდგა. - თუ წინააღმდეგი არ იქნები.
- არა. არა, ნუ შეწუხდებით.
- არ ვწუხდები, მაგრამ არც გაყინვა გვინდა. - თუმცა სტუმარს იმდენად სულაც არ სციოდა, მაგრამ მიმის, კანკალისგან, კბილების კაწკაწი გაუდიოდა. - აი, შეშაც ბლომად მოუმარაგებია ფიფოს. აბა ნახე ახლა, როგორ ავაგიზგიზო. ვიცი, დიმეოს უყვარს ბუხარი. მალე ჩვენი ბიჭი დაგვიბრუნდება, მერე ნახე, როგორ გაიხარებს და ჩვენც გაგვახარებს.
- არ ვიცი! არ ვიცი! - ატირდა მიმი. - ჩემი შვილი, სად წაიყვანეს, სად? სად მალავენ?
- სწორედაც რომ მაგის გასარკვევად წავიდა ფიფო და მეც აქ მინდა ველოდო. ჩემმა ცოლმა, არაფერი იცის და ისე ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი. კიდევ კარგი, მიზეზი მომეცა და აქ წამოვედი. - კაცმა წამით იყუჩა. - შეიძლება შვილო, სულაც გაღიზიანებს ჩემი აქ ყოფნა, მაგრამ ცოტაც მოითმინე, მხოლოდ ბავშვის მალე დაბრუნებაზე იფიქრე. მარტოს კი, ნამდვილად ვერ დაგტოვებ და არც მიგატოვებ. ამიტანე, სულ ცოტა ხანი. - გაუღიმა სტუმარმა.
- არა, თქვენ, არა. იყავით, უბრალოდ, ეს გაურკვევლობა... - და უცებ, მიმის ტელეფონმა გაიწკრიალა. - ამ რეკლამებმაც ხომ შემჭამეს.
თუმცა, სულაც არ იყო რეკლამა, მაგრამ მიმიმ თავადაც არ იცოდა, ასე უცებ, რატომ წამოისროლა ტყუილი და ფარულად გახედა სტუმარს, რომელიც ბუხრის დანთებაში გართულიყო და დიდად ყურადღება არც მიუქცევია, მით უმეტეს, თუ მიმიმ მაშინვე ახსნა, რეკლამა იყოო.
- ახლა ისე, ავაგიზგიზოოო. – ბურტყუნებდა თავისთვის სტუმარი.
მიმი პლედში ჩაიმალა და აკანკალებული ხელით გახსნა, ანონიმური მესიჯი.
„ზუსტად 5 წუთში, უპასუხე ზარს! ჩვენ ვიცით, რომ მარტო ხარ! თვალს გადევნებთ! არავინ გაიგოს! არც შენმა ნაგაზმა, თორემ იცოდე, სამუდამოდ დაემშვიდობები შენს ძაღლის ლეკვს!“
მიმი გაშეშდა. ტელეფონი გულზე მიიკრა. სტუმარს არაფერი შეუმჩნევია.
„იციან რომ, მარტო ვარ? ნუთუ მართლა, თვალს გვადევნებენ? დაინახეს, ფიფო როგორ წავიდა და მალევე მომწერეს კიდეც. ესე იგი... გამოდის, რომ ფიფომ, ჭკვიანურად გააკეთა ეს კაცი, აქ რომ მომიჩინა? ქვემოთაც კი არ დახვდა. შესაძლოა, თანამშრომელი ადვილად იცნონ ან სულაც, შეიცნონ და ამ მოხუც კაცზე, არავინ აიღებს ეჭვს და თანაც იქნებ, სულაც სხვასთან მივიდა სტუმრად, ან იქნებ, აქ ცხოვრობს. ჰმ, ყოჩაღ ფიფო, მაგრამ ახლა, რა ვქნა? რომ დარეკავენ, როგორ ვუპასუხო ისე, რომ... ისე რომ...“
- რაღაც, მაჟრიალებს. - მიმი წამოიწია. - ცხელ შხაპს მივიღებ და თქვენ მანამდე...
- კი შვილო, აქ ვარ. ბუხარსაც კარგად გავახურებ. - ჩაი იყოს, თუ ყავა? მეც დავლევდი, შენთან ერთად.
- კარგი. - მიმიმ თავი დაუქნია. - იყოს ჩაი. ლიმონიც გვაქვს. თაფლიც და მურაბებიც... - მიმიმ ამოიხვნეშა და თავის საძინებლისკენ ავიდა. ჯერ კარი საიმედოდ გადარაზა და მერე ცალკე, საშხაპეშიც შეიკეტა.
გული გამალებით უცემდა. ეს ხუთი წუთი კი, ხუთ საუკუნედ იქცა. უკვე, ხუთი კი არა, ათ წუთზე მეტი იყო გასული და აღარ აღირსეს არც დარეკვა და არც არანაირი...
და უცებ, ტელეფონი აწკრიალდა. მობილურის ეკრანზე, დაფარული ნომრით ამჯერად, ხმოვანი შეტყობინება შემოვიდა. მიმის თითები აღარ ემორჩილებოდა, აღელვებისგან ისე შეეკრა სუნთქვა, რომ ძლივს ახსნა ღილაკი.
„მილიონი ევრო და არც ერთი ცენტით ნაკლები! ზუსტად ორ საათში გაიგებ სად და რამდენ ხანში უნდა მოიტანო! იცოდე, გაფრთხილებ! არავინ ჩაერიოს, თორემ შენი ძაღლის ნაშიერს, ნაწილებად დაჭრილს მიიღებ და მერე, ოხრად დაგირჩება ეგ მილიონებიც და მილიარდებიც!“
გაურკვეველი, რაღაც გამოუცნობი ხრინწიანი ხმა, ზუსტად და გათვლილად, თითქოს, გაზეპირებული ლოზუნგივით მიახალეს სათქმელი და მობილურიც დადუმდა.
მიმი საშინლად ანერვიულდა, კანკალი აუვარდა, მერე წამოხტა და ხელში ტელეფონჩაბღუჯული, სააბაზანოში შეუჩერებლივ მანამდე გადი-გამოდიოდა, სანამ საკუთარ თავს არ მოჰკრა თვალი სარკეში. თავიდან შეკრთა. თითქოს, ვიღაც უცხო, სრულიად უცნობი ქალი შემოსცქეროდა სარკის მიღმა, თუმცა ნაცნობი, მაგრამ ჩამოღვენთილი, დამახინჯებული ნაკვთებით და თითქოს, საყვედურითაც კი შესცქეროდა.
- არა, არა! - აჩურჩულდა მიმი. - თავი ხელში უნდა ავიყვანო! გადავუხდი! აბა, რას ვიზამ?! გადავუხდი!
ონკანი მოუშვა. ცივი წყალი სახეზე შეისხა და ცოტა გამოერკვა, თუმცა სიცივის შეგრძნებამ, უფრო მოუმატა კანკალი. ახლა ცხელი წყალი მოუშვა. ესიამოვნა. ცოტა გაუთბა ხელები და სხეულშიც სითბო იგრძნო.
- რას მომაშტერდი? - საკუთარ თავს მიმართა სარკეში. - ჰო! აბა, რას ვიზამ?! ჩემს შვილს უნდა ვუშველო! უნდა ვუშველო! - მიმი წელში გაიმართა. სველი ხელი თმებზეც შეივლო. კისერზე პირსახოცი მოიგდო და ასე ჩავიდა ქვემოთ.
- გაამოთ. - გაუღიმა მოხუცმა. - შხაპი, კარგი საშუალებაა და ზოგჯერ გონების გასახსნელადაც გამოდგება.
საპასუხოდ მიმიმ, გაუღიმა.
- რაღაცნაირად, საკუთარ თავთან მარტო რჩები, იკეტები შენს სამყაროში და უფრო საღად აწყობ ფიქრებსა და აზრებს. ისე შხაპმა, ვოკალური მონაცემების მოზღვავებაც იცის. - დაუმატა სიცილით მოხუცმა.
მიმისაც გაეცინა. სევდიანად, მაგრამ მაინც გახსნა შუბლი.
- ჰო, ცოტა მართლაც აზრზე მომიყვანა. - მიმიმ ოთახს თვალი მოავლო. - რას ჰგავს სახლი. რა არეულობაა.
- ჰოდა, ერთად მივალაგოთ, აქ არ ვარ? მოგეხმარები. სხვათა შორის, ფიზიკური შრომა, გონებრივი დაძაბულობის დროს, მშვენიერი საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. არა, შენ არ იფიქრო, ამით დარდი გაგიქარვდება, მაგრამ უფრო მეტად დააწყობ აზრებს, რომ შემდგომ შენი ქმედებაც, უფრო გამართლებული იქნება.
- ვერ ვიტან, უწესრიგობას. მთელი სახლი მტვერშია. ჩემს კაბინეტს მაინც მივალაგებ, იქ ისეთი არეულობაა. აქ კიდევ, არაუშავს. - მიმი კაბინეტისკენ წალასლასდა და თან თვალი, სტუმრისკენ ეჭირა, უკან არ გამომყვესო.
- კარგია, შვილო. - გაუხარდა მოხუცს. - საქმეც გაკეთდება და ცოტას, გულსაც გადააყოლებ. მოხმარება ხომ არ გინდა?
- არა! - მიმის ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა და მაშინვე შეარბილა ხმა. - ჩემს გემოზე მივხედავ. თქვენ აქ დაისვენეთ, ბუხართან. - კაბინეტის კართან შეჩერდა ფრთხილად მოიხედა. - ისე, მაცივარი სავსეა. სამზარეულოც თქვენს განკარგულებაშია. არ მოგერიდოთ. - და პასუხს აღარ დაელოდა, ისე მიიხურა კარი.
საკეტი ფრთხილად, ყოველგვარი ზედმეტი ჩხაკუნის გარეშე გადაატრიალა და მაშინვე სეიფს ეცა. კედელში ჩატანებულ სეიფს, კიდევ რამდენიმე ფარული ნიშა ჰქონდა და ეს მარტო, მიმიმ იცოდა. ნიშების ფართობი, თითქმის ორჯერ აღემატებოდა სეიფის მთავარ სათავსოს. სადაც მიმი, თავისი ქონების უდიდეს ნაწილს ინახავდა. ძვირფას სამკაულებთან ერთად, რომელსაც მიმი, არასდროს ატარებდა და არც არასდროს აჩენდა, ფულადი თანხაც, საკმარისზე მეტი იყო. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ბავშვის გამოსასყიდი მოითხოვეს.
მიმიმ ხალათის ჯიბიდან, სამზარეულოდან აღებული, სპეციალურად ნაგვისთვის განკუთვნილი, შავი პოლიეთილენის პარკი ამოაძვრინა, დასტებად შეკრული ფული ჩაალაგა და საწერი მაგიდის სკამის ქვეშ შეაცურა.
ახლა საჭირო იყო, გამტაცებლების ზარს დალოდებოდა. ჯერ კიდევ, საკმარისი დრო ჰქონდა, რომ კარგად მოეფიქრებინა, შეუმჩნევლად როგორ უნდა გამძვრალიყო სახლიდან. ერთხანს, კაბინეტში იცადა, მაგრამ მერე, ესეც მოსაბეზრებელი გახდა და ისევ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.
ბუხარი გიზგიზებდა. საკმარისი სითბო იდგა. მოხუცს სამზარეულო მიელაგებინა და ახლა, ტელევიზორთან თვლემდა. მიმის გამოთვლით, ნახევარი საათი რჩებოდა, სანამ კვლავ შეეხმიანებოდნენ. უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა, თან ცდილობდა, სტუმარს არაფერი შეემჩნია და მისგან რაც შეიძლება, მოშორებით ყოფილიყო.
„იქნებ, ვახშმობა მოვიმიზეზო და პურზე ჩავირბინო?“
ფიქრობდა მიმი და ათასნაირ გამოსავალს ეძებდა.
„თუმცა, პური კი არის სახლში, მაგრამ... მაგრამ ძველია! ჰო! ძველია და გუშინდელი პური, სულაც არ მინდა!“
მიმიმ საათს, თვალი შეავლო. სადღაც, ათი წუთი მაინც იყო დარჩენილი. უკვე დრო იყო გადაეწყვიტა, რა და როგორ მოეფიქრებინა, ისე რომ მოხუცს, ეჭვი არ აეღო და ფიფოს მოსვლამდეც, ბავშვი სახლში დაეხვედრებინა.
მიმის გული, გამალებით უცემდა და საკუთარ თავს აგულიანებდა, სულ ცოტაც მოითმინეო.
„ფიფოსთვის რომ გეკითხა, შეევაჭრეო, დრო გაუწელეო, ბავშვი დაგველაპარაკოსო, მაგრამ რა საჭიროა, ამდენი ცერემონიალი? გადავიხდი და დიმეოსაც სახლში წამოვიყვან!“
უცებ მიმის ჯიბეში, ტელეფონმა გაიწკრიალა. მიმი შეცბა. სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში, ნახევრად მთვლემარე, ტელევიზორში ჩაფლულ მოხუცს გახედა. სტუმარს, არც მოუხედავს. სასწრაფოდ, რაღაც უნდა მოეფიქრებინა. მიმიმ იქაურობას, თვალი მოავლო. ბუხართან მივიდა, ხელები მიუშვირა.
- მაინც, როგორ ვერ გავთბი. ალბათ, გრიპი მეწყება... - წაიკნავლა დაბალი ხმით.
- ნერვებია, შვილო ეგ. - უპასუხა მოხუცმა. - კარგი იქნება, არ აჰყვე, მაგრამ აბა, როგორ დაგამშვიდო?
- ჰოო... რა დროს გრიპია?.. ჯანდაბას, ჩემი თავი. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- მაინც უნდა აიყვანო თავი ხელში და შვილს, ჯანმრთელი დახვდე. მიხედე თავს! - შეუძახა მოხუცმა და მიმისაც ეს უნდოდა.
- შხაპი კი მივიღე, მაგრამ ეტყობა, ისე ვარ მისუსტებული. - დაიწყო მიმიმ. - იქნებ, აბაზანა მიმეღო? ათასნაირი ასაქაფებელი მაქვს. თანაც, ნევროზზე კარგად...
- მერე, რას უდგახარ? - არ დაასრულებინა მოხუცმა. - მიდი, მიხედე თავს. აქ ვიქნები, არსად წავალ! თუ ვინმე მოვა, კარსაც გავუღებ! ან, არ გავუღებ. - დაუმატა ღიმილით.
მიმიმ ლამის, სიხარულით აირბინა თავის ოთახში და ახალი შეტყობინება გახსნა, სადაც ზუსტი ადგილი იყო მითითებული, სად და რამდენ ხანში უნდა დაეტოვებინა თანხა. სასწრაფოდ გამოეწყო. შესაფერისი ფეხსაცმელები ამოიცვა, ქურთუკიც მოირგო. ზუსტად და კარგად გათვალა, შემოსასვლელში დაკიდულ ქურთუკსა და ფეხსაცმელებს ხელი არ ახლო. ფეხაკრეფით ჩამოვიდა კიბეზე, ასევე შეუმჩნევლად გამოიტანა კაბინეტიდან, ნაგვის პარკში გამოკრული გამზადებული გამოსასყიდი და უჩუმრად დატოვა სახლი.
ფიფო კი ამ დროს, კედლის მეორე მხრიდან, სარკის მიღმა ისმენდა, თუ როგორ ატარებდა გალეო, ბიჟუს დაკითხვას. ცალკე ვიდეო ტრანსლაციასაც აკვირდებოდა, რადგან დაკითხვის ყოველი მომენტი, ვიდეო ჩანაწერით ფიქსირდებოდა.
წინანდელთან შედარებით, ბიჟუ უფრო წელში გამართული ჩანდა, რაც არც ფიფოს გამოჰპარვია და არც გალეოს. რადგანაც ნარკოტიკების არსებობაზე, ბიჟუმ წინა დაკითხვებზე, კატეგორიული უარი განაცხადა, ამიტომ ფიფოს ბრძანებით, ისეთი ექსპერტიზის პასუხები დადეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ, სარეცხი სოდა იყო და არავითარი სხვა რამ ფხვნილი და მით უმეტეს, ნარკოტიკები. 
ჯერ კიდევ მაშინ, ბიჟუმ თვალები ჭყიტა. ჯერ ერთი, არ მოელოდა იმას, რომ ასე ადვილად დაუჯერებდნენ, რომ არანაირ ნარკოტიკთან შეხება, მას არ ჰქონია და მეორეც, ის ფხვნილი სულაც, სარეცხი სოდა აღმოჩნდა. მშვენივრად მიხვდა ბრალდებული, რომ რაღაცას უჩალიჩებდნენ და ამიტომაც არ დააყოვნეს მისმა მესვეურებმა, არ აპატიეს ფიფოს და მის თანამშრომლებს, ასეთი დიდი პარტიის, კერძოდ კოკაინის გადამალვა და ბავშვი მოტაცეს.
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა ამას, მაგრამ აბა მიმის, ხომ ვერ ეტყოდა? და მის ეჭვს, კიდევ უფრო, ბიჟუს ოდნავ ფარული, დამცინავად მოჭუტული თვალებიც ამძაფრებდა.
ქალბატონი ბიჟუ, თავიდანვე აღიარებდა სათამაშო სახლის არსებობას, მაგრამ ახლა, მიმართულება შეცვალა და მხოლოდ იმ ფართს ვაქირავებდი და არც კი ვიცოდი, იქ რა ხდებოდაო. ყველაფერ ამასთან, უკვე ბორდელის არსებობასაც მტკიცედ უარყოფდა და წინა დაკითხვებზე, თუ დეტექტივს, ვითომ შიშისგან დაბნეული, ვნებიანად ეფლირტავებოდა, ახლა ცოტა ცივ, მაგრამ თავის თავში დარწმუნებულ ქალად იქცა და რამდენიმე შეკითხვის შემდეგ, კატეგორიულად მოითხოვა, ფიფოსთან შეხვედრა.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმასაც აღარ ამოვიღებ! - განაცხადა ბიჟუმ და ყელი ამაყად მოიღერა.
დეტექტივს, წარბიც არ შეურხევია. არც იმ კედლისკენ გაუხედავს, საიდანაც ფიფო თვალს ადევნებდა. რამდენიმე წუთს, მდუმარედ ჩააშტერდა ბიჟუს და თან ელოდა, თუ ფიფო, ამ დროის განმავლობაში, კარს არ შემოაღებდა, უკვე გასაგები იქნებოდა, რაც უნდა ეპასუხა ბრალდებულისთვის.
- შევეცდები დავუკავშირდე, მაგრამ წინასწარ, ვერაფერს შეგპირდები. - გალეომ ვიდეო კამერა გამორთო და დაკითხვის ოთახი დატოვა.
ფიფო გვერდით ოთახში ელოდა. გულში შეაქო კოლეგა.
„სწორად მოიქცა, რომ არ უთხრა ახლავე მოვიყვანო. სჯობს იცოდეს, რომ სულაც არ მაინტერესებს მისი დაკითხვა და არც მისი ამბები, თუმცა...“
- რას იზამ, შეხვალ? - ფიქრებიდან გამოაფხიზლა გალეომ.
- კარგად მოიქეცი, რომ არ გააგებინე, აქვე რომ ვიყავი. - უპასუხა ფიფომ.
- რა მოქცევა მაგას უნდოდა? ორ-სამ წუთში, რომ არ გამოჩნდი, მაშინვე მივხვდი.
- ეგდოს ახლა და მელოდოს. - ფიფო ორ კომპიუტერტზე, ერთდროულად აკვირდებოდა ბიჟუს დაკითხვის  ძველ და ახალ ჩანაწერებს. - აი, ხედავ? ნახე აქ, რა სახე აქვს და აქ კი, როგორი ჰონორით არის!
- არც უცდია დაფარვა და ამიტომაც შენ ფიქრობ, რომ...
- ჰო! ბავშვი მაგათი გატაცებულია! დარწმუნებული ვარ უკვე! - ფიფომ მძიმედ დაჰკრა მაგიდას მუშტი.
- ამას ახლა, რა ვუყოთ?
- ჯერ გაათრიე აქედან და ვნახოთ მერე... - ფიფო ტელეფონს ჩასჩერებოდა. - ვააა. მიმი რატომღაც არ მპასუხობს, ცუდად ხომ არ გახდა?
- შენ იყავი აქ და მე უცებ გავვარდები და ვნახავ, თუ გინდა? - შესთავაზა გალეომ. - არ მეზარება.
- დაიცა. - ფიფომ ახლა, მიმისთან დატოვებულ სტუმარს დაურეკა. მოხუცმა მალევე გააგონა, მიმი სააბაზანოშია, ცოტა შეამცივნაო.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა და ის კი არ იცოდა, რომ მიმი ამ დროს, ბავშვის გამოსასყიდის გადასაცემად, მთელი სიჩქარით მიჰქროდა ავტობანზე და ფიფოს ზარებზე, პასუხის გაცემას, სულაც არ აპირებდა.
როგორც დაარიგეს, ზუსტად ისე მოიქცა. აეროპორტის გზიდან ჩაუხვია. მანქანა დანიშნულ ადგილას გააჩერა, მერე ფეხით, დაღმართს დაუყვა, გზა სადღაც ტრიალ, გაქუცული მინდვრისკენ ჩადიოდა. მიმი ბილიკს ჩაუყვა და სადაც უთხრეს, მესამე ელექტრო ანძის ძირში უნდა მიეგდო ნაგვის ფუთაში გამოკრული ფული და მაშინვე, უკან უნდა გამობრუნებულიყო. მიმიმ ყველაფერი პირნათლად შეასრულა, გარდა უკან გამობრუნებისა. ჯიუტად იდგა და ელოდა, თუ ვინ მოვიდოდა გამოსასყიდის წასაღებად. იქნებ, დიდი დრო სულაც არ იყო გასული, მაგრამ მიმის, მაინც საუკუნედ მოეჩვენა, უკაცრიელ ადგილას თვითმფრინავების საშინელი გამაყრუებელი ზუზუნი, ყურებში უწიოდა და არც გაუგია, ისე დაეკიდა ხელში ჩაბღუჯულ ფუთას, ვიღაცის სქელთათმანიანი ხელი და სანამ მიმი, მოახერხებდა მის გაშვებას, ორ სამ მეტრზეც გაათრია ჩამოქროლილმა მოტოციკლეტმა და სადღაც, მტვერში გაუჩინარდა.
ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა, მიმი ძლივს მოიყვანა გონს. დამძიმებული თავი წამოსწია. პირში მტვრისა და მიწის გემო შეიგრძნო. ხელებიც ისე ჰქონდა დასიებული და გაშეშებული, რომ თითებს ვეღარ იმორჩილებდა. ძლივს ამოაძვრინა მობილური და ფიფოს, კიდევ ერთხელ შემოსულ ზარზე, როგორც იქნა, უპასუხა.
LEX. 2020 წლის 14 აპრილი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment