Friday, October 9, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 73)

73.
შებინდებისას, პირუტყვის სამკურნალოდ წასული მასპინძელიც დაბრუნდა. თან უამრავი ძღვენი მოიტანა.
- ქალაქელი სტუმრები ჩარჩნენ ჩემთან მეთქი, როგორც კი, ვთქვი იმდენი რამ გამომატანეს! აბა მოდი ბიჭო ამოალაგე, მხოლოდ ფრთხილად! ნახე, კრემიანი ნამცხვრებიც კი არის, შოკოლადებიც, ჩურჩხელებიც!
დიმეო სიხარულით აჭყიპინდა.
- აბა, ჩვენი პირუტყვი, რას შვრება? ხომ არ დამიმშიე?
- დაპურებულია, აბა რა! - სერიოზული ხმით მიუგო ბიჭმა. - განა, დამავიწყდა?
- ჰოდა, აბა მაშინ, ყავა დავლიოთ, თუ ჩაი? - ახლა მწირს შესთავაზა მასპინძელმა. - თუ ყავა, დილაზე სჯობს?
- ცხელი შოკოლადი დავლიოთ! - წამოიძახა დიმეომ.
- საიდან მოგიტანო ახლა, ცხელი შოკოლადი? - გაეცინა მასპინძელს. - კაკაო არ წავა? მაგრამ არც ეგ გვაქვს.
- შოკოლადის ფილას ჩაგიხეხავ ცხელ რძეში. - ჩაურთო მწირმა.
- ჰო მასეა! - დაუდასტურა დიმეომ. - გემრიელი გამოვა და ცოტა, გათქვეფილი ნაღებიც უნდა.
- ჰოდა, გააკეთე მერე? რაღას უდგახარ?! - გაეცინა მასპინძელს. - ნაღების მეტი რა გვაქვს, ნამდვილი და ნატურალური. დაიცა ბარემ, მოვწველო.
გასვლისას კაცმა, შეფიქრიანებული მზერა შეავლო სტუმრებს.
„ხან ტანსაცმლის სარეცხი მანქანაო, ხანაც ის რაღაც, ჯამ-ჭურჭლის გასარეცხიც კი გამოუგონებიათ თურმე, და თან, რა უნდა მაგის ჩართვასო. პროგრამებზე მუშაობსო, ამ პატარა კნუტმა, ეგეც იცის. ახლა ცხელი შოკოლადიო, ესენი მართლა ნამდვილი ქალაქელები და კაი კომფორტში ნაცხოვრები არიან და აქ რას, ან ვის ემალებიან? 
ბოროტმოქმედებსაც არა გვანან, როგორი ალალი თვალები აქვს ამ პატარას, მაგრამ იქნება და მართლა ავაზაკები არიან და არც მათი აქ შეფარებაა გონივრული
თუმცა აბა, ბავშვს, როგორ ვეტყვი უარს დახმარებაზე? იყვნენ და დაიმალონ, მე ხომ არაფერს მიშავებენ. პირიქით, სულ ფუსფუსებენ და მეხმარებიან. ჩემი ავი ძაღლიც კი იმ პირველივე წუთებიდან შეეჩვია, რა წამშიც ჩემს ჭიშკარს გადმოსცდნენ! არადა ძველ და დიდი ხნის ნაცნობსაც კი ისე ავად უყეფს, უჩემოდ ფეხს ვერ ადგამენ ეზოში. ამათ კი, მაშინვე შეეგუა.
ჰმ, ადამიანს შეიძლება შეეშალოს და ვერ გამოიცნოს ბოროტი ბუნება, მაგრამ ცხოველს, ასე ადვილად არაფერი ეშლება.“
- გოზინაყი ნელა გატკვირე ბიჭო! - ღიმილით შეუძახა დიმეოს. - თორემ აქ, ვერც კბილის ექიმი მოვა და ვერც შენ მიხვალ, მოგიწევს მერე ბებერ ვეტერინართან, კბილის გაზით ამოღება.
ბიჭს გულიანად გაეცინა.
- თოვლის საფარმა საგრძნობლად დაიწია. - მწირმა მძინარე ბავშვს გახედა. - მალე გაზაფხულიც კარს მოგვადგება. 
მასპინძელმა ბუხარს, შეშა შეუკეთა და მწირთან ახლოს ჩამოჯდა. უკვე ხვდებოდა, საუბარი საითკენ მიჰყავდა მის სტუმარს და გული მოეწურა.
- მინდა ეს ბავშვი, კარგ ოჯახს მივაბარო. - განაგრძო მწირმა. - იქნებ გეგულებოდეს, უშვილო, კეთილი ხალხი, ცოტაც შეძლებული. ან თუნდაც, სხვა შვილებიც ჰყავდეთ და ეს ერთი კარგი ბიჭიც შეიმატონ, მადლი იქნება.
მასპინძელს ცრემლი მოერია, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, კვლავ ბუხარს დაუწყო ცქერა.
- ბავშვთა სახლში ჩასაბარებლად ამ ბიჭს, ნამდვილად ვერ გავიმეტებ და არც გავიმეტებ! - განაგრძო მწირმა. - და არც მე შემიძლია მისი მოვლა, არც არაფერი მაბადია, გულიც მონასტრისკენ მიმიწევს. აკი ვითომ შევუდექი და სრულიად მოულოდნელად, ამ ბავშვს მოვევლინე საპატრონოდ, მე თვითონ უთვისტომო და უპატრონო.
- შენზე თბილად, უცხოებთან ვერ იქნება. - როგორც იქნა, ხმა ამოიღო მასპინძელმა. - განა ვერ ვხვდები, რომ მამა-შვილი ხართ!
მწირს გაკვირვებით ჩაეღიმა და არაფერი უპასუხა.
- როგორიც არ უნდა იყოს. - განაგრძო მასპინძელმა. – მშობელი მაინც, სულ სხვაა.
- მშობელსაც გააჩნია. - ამოიხვნეშა მწირმა, მაშინვე ამ ბიჭის მშობლები გაახსენდა.
„დედა ერქვა ახლა, იმ ქალს? ამხელა თოვლსა და ქარბუქში ატარა ბავშვი და თანაც, ნაქურდალი, ნაყაჩაღარი ფულით სავსე, მძიმე ჩანთა ათრევინა პატარას! და როცა მისი შვილი, სიცხისგან იწვოდა, ამ დროს თვითონ არხეინად ეძინა და არც განძრეულა. ან ის, მამამისი? მოსაკლავად როგორ იმეტებდა საკუთარ სისხლსა და ხორცს! 
ან იქნებ, არც იყო მამამისი და ან არც ის იყო, დედა?“
- სკოლა აქედან, საკმაოდ შორს კი არის, მაგრამ ტრაქტორისტ ბიჭებსაც კარგად ვიცნობ და ცხენითაც მშვენივრად ვჯირითობ, ჯერ კიდევ. - დაიწყო მასპინძელმა და თვალი, თვალში გაუყარა, ჩაფიქრებულ სტუმარს. - თუ ასე არ გინდა ეს ბავშვი, სიამოვნებით დავიტოვებ და საკუთარი სისხლი და ხორცივით გავზრდი! არც მოკითხვა-მონახულებას დაგიშლი და ხელწერილსაც ნოტარიუსით გავაფორმებთ, გლეხი კი ვარ, მაგრამ მაგდენი მაინც მესმის!
- აბა შენ, როგორ შეგატოვო? - ჩაეღიმა მწირს. - არა, მოხუცებული ნამდვილად არ ხარ. გატყობ, ჯერ შუახნესაც არ იქნები გადაცილებული, თუმცა უფრო მოტეხილად კი გამოიყურები, მაგრამ საკმაოდ მარდი ხარ.
- ჰაჰ! როგორი კარგი დაკვირვება გცოდნია. - გაეცინა მასპინძელს. - მართლა ზუსტად როგორ მოარტყი ჩემი ასაკი.
მწირმა არაფერი უპასუხა.
- ცხოვრებამ იცის ასე კაცის გატეხვა და დაბეჩავება. - განაგრძო მასპინძელმა. - თუმცა დაბეჩავებული, სულაც არ ვარ!
- ჰმ, მშვენიერ ფორმაში ხარ. - ღიმილით დაუდასტურა მწირმა და გაჩუმდა.
ერთხანს, არც მასპინძელი იღებდა ხმას.
- ძალიან შეგეჩვიეთ. - დაბალი ხმით დაიწყო მასპინძელმა. - დარჩით აქ და იცხოვრეთ. ის შენი მონასტერი მოიცდის, ჯერ ეს ბავშვი გყავს გასაზრდელი და ფეხზე დასაყენებელი.
მწირმა არაფერი უპასუხა.
- ისე, შენ თუ მართლა გული გერჩის და წასვლა ასე გწყურია, წადი, ვერ დაგიშლი, მაგრამ... თუ კი, მაინც სხვის კარზე მიტოვება გადაგიწყვეტია... - მასპინძელმა იყუჩა და მალევე განაგრძო. - საჭმელ-სასმელი არ მაკლია და ჩემი პროფესიის წყალობით კიდევ, გასამრჯელო ყოველთვის მექნება. მე და ეს ბიჭი, მშვენივრადაც გავერთობით, რამე ძველ ტელევიზორსაც ვიშოვნი, ანტენასაც დავაყენებინებ და...
- რაღა დროს ძველი ტელევიზორია. - ჩაეღიმა მწირს. - როცა ინტერნეტიც არსებობს, მაგრამ აქ? რა ვიცი? ასე ადვილად, არ გამოვა და ძალიან ძვირიც დაჯდება. უახლოესი სოფელიც კი, საკმაოდ შორს არის.
- რა, ინტერნატი?! - წყენით მიუგო კაცმა. - მეორეჯერ, ეგ არ გავიგო! შენ თუ ასე არ გინდა, ეს ბავშვი, მაშინ მე ჩამაბარე! თუ გგონია, ვერ გავზრდი და კაცად ვერ დავაყენებ? რაღა სხვას მიუსვა, ან კიდევ ინტერნატში, კარგს რას ისწავლის?!
დიმეო სიცილისგან კინაღამ ჩაბჟირდა. მათ საუბარში შეღვიძებოდა და ჩუმად ყურს უგდებდა, ძალიან დასწყდა გული, როცა გაიგო, რომ მწირს მისი მიტოვება უნდოდა, მაგრამ ინტერნეტი რომ არც კი იცოდა, ამ კეთილმა მასპინძელმა, რა იყო, ამაზე თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად იცინა, მწირსაც გემრიელად ეცინებოდა, მხოლოდ მასპინძელი იყო გაკვირვებული და ვერაფერი გაეგო.
- ბაბუ, ინტერნეტი! ინტერნეტი! - იცინოდა დიმეო.
- ეგ რაღაც, ახალია? ჩემს დროს, ინტერნატი ერქვა და რა ვიცი?
- ინტერნატი, ადრე ერქვა? - იკითხა ბიჭმა.
- ინტერნატი, ბავშვთა სახლია. - დაიწყო მწირმა. - და ნუ გეშინია, იქ არასდროს მიგიყვან! არც ერთ შემთხვევაში! იქითკენ არც გაგახედებ! სიტყვას გაძლევ და ამას, მართლა გპირდები! - დაამშვიდა მწირმა აღელვებული ბავშვი. 
დიმეომ, შვებით ამოისუნთქა.
- ეგ რაც შეეხება ინტერნატს, ხოლო ინტერნეტი კი, საერთაშორისო ქსელია. - მწირი შეეცადა, ყველაფერი ზუსტად და ზედმიწევნით აეხსნა.
მწირს, არც დიმეო ჩამორჩა ცოდნაში და საბოლოოდ, სულ პირდაღებული დატოვეს გაკვირვებული კაცი. მასპინძელი გაოგნებული სახით, ხან ერთს შეჰყურებდა და ხან მეორეს.
- ვაახ კაცოო. - იძახდა გაოცებული. - მასეთი რამეები მარტო ზღაპრებში იყო, ჩემს დროს. ჩაიხედავდი დიდ გობში და დაინახავდი სხვა ქვეყანაში რა ხდებოდა, ანდა კიდევ, ჯადოსნური სარკეც იყო. ერთხელ, დიდი ხნის წინ, კინოში ვნახე ანტენიანი ტელეფონები, მაშინ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი და დიდად არც იყო შემოსული ტექნიკა. შემოსული კი არა და, გამოგონებულიც კი არ იყო და აბა მაშინ, რას წარმოვიდგენდი, მართლა თუ შემოვიდოდა ეს მობილურები. მე არც მჭირდება და აქ არც დაიჭერს. ვისაც საქმე აქვს, თვითონ მოდის და მივყავარ, ხანაც აქაც მოჰყავთ ხოლმე პირუტყვი.
- და რომ მოვიდეს ვინმე, ძროხის პატრონი და ბაბუ, შენ ამ დროს, ვიღაცის ავადმყოფ ცხენს მკურნალობ, აი მაშინ, რა ეშველება იმ ძროხას? - ჩაეკითხა დიმეო.
- რა ეშველება და დაკლავენ და ეგ იქნება. - სიცილით მიუგო მასპინძელმა.
- მობილური რომ გექნება, დაგირეკავდა და მოგაკითხავდა იქ, სადაც იქნებოდა, ცხენიც გადარჩებოდა და ის ძროხაც! - ამაყად მიუგო დიმეომ.
- უყურე შენ! - გაეცინა მასპინძელს. - კარგი მაშინ, ვიყიდო უნდა მობილური?! თურმე, მართლა როგორი საჭირო ყოფილა! გზები, როგორც კი გაიხსნება, ერთად წავიდეთ ქალაქში, შენ ამარჩევინე და შენვე უპასუხე ჩემს მაგივრადაც, მერე ერთად ვიაროთ ხოლმე და ხელობასაც გასწავლი!
ქალაქის ხსენებაზე, დიმეოს აშკარად ფერმა გადაჰკრა და თითქოს, შიშითაც მოიბუზა. მასპინძელს არაფერი შეუნიშნავს, მწირს კი პირიქით, არაფერი გამოჰპარვია და მშვენივრად შენიშნა, იმედითა და სიხარულით აღსავსე თვალები, ბავშვს როგორ უცებ ჩაუქრა.
„რაღაც ნამდვილად მოხდა, იმ ქალაქში და ეს პატარა მაიმუნი, მალავს! ჯერ კიდევ, ბოლომდე არ მენდობა. ვერ მენდობა!
საინტერესოა, ასე როგორ დააშინეს, ეს პატარა? ან ნეტა მართლა, რითი დაემუქრნენ? 
ჰმ, შიშით აღარ იყო ქალაქიო, რომ უხსენეს. ისე მართლა, რომელ ქალაქში? ნეტა რომელი ქალაქი გახდა, ამ პაწაწინასთვის, ასეთი საშიში?
მდააა, საინტერესოაა...
სადღაც ქალაქში, რაღაც მოხდა და ეს საწყალი ბავშვი კი, აქ იტანჯება დარდით. იქნებ, როგორმე გავარკვიო?“
ზამთრის მიწურულს, მეცხვარე ძაღლისა და მისი ლეკვების წასაყვანად, მწყემსები ჩამოვიდნენ და ის საზიზღარ სუნიანი ყველი, როგორც დიმეომ უწოდა, ისიც დიდი პატივით ჩამოიტანეს და მოართვეს. ბიჭს ყველა ლეკვი მოსწონდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რომელი უნდა დაეტოვებინა. მწყემსმა წასვლისას, ის დიდი ბომბორა ძაღლიც თან წაიყვანა და ბავშვს რომ გული არ დასწყვეტოდა, ერთის მაგივრად, ორი ლეკვი დაუტოვეს.
- რომ გაიზრდებიან, მერე შეჯვარდებიან კიდევაც და მერე იმათ ლეკვებსაც, შენ უნდა მიხედო! - დაუბარა უფროსმა მწყემსმა.
დიმეო, პირდაღებული უსმენდა და მერე გაკვირვებით უპასუხა, არც კი ვიცოდი, ლეკვებიც თუ ჯვარს იწერდნენო, რასაც უფროსების სიცილი მოჰყვა და ბიჭი, სირცხვილისგან აჭარხლებული შევარდა ოთახში.
მწირი მალევე უკან მიჰყვა და თან ხელში, მწყემსის ნაჩუქარი ორი ლეკვი ეჭირა.
- ეს ბავშვები, მე შემატოვე? - ღიმილით უთხრა მწირმა. 
ბავშვმა წყენით გამოხედა.
- შეჯვარებაც, იგივე ჯვრისწერაა! ეს ისე, ცნობისათვის, რომ იცოდე, მხოლოდ ყოველგვარი ქორწილებისა და ცერემონიების გარეშე. - აუხსნა მწირმა.
- ჰოო? აბა რატომ დამცინეთ?
- სულაც არ დაგცინეთ! უბრალოდ, ისე საყვარლად სთქვი, რომ ჩვენ ყველას, ერთდროულად გაგვეცინა, რადგან წარმოვიდგინეთ, ჩოხაში გამოპრანჭულ ცუგას როგორ მოჰყვება გვერდით, ფატა ჩამოფარებული მეორე ცუგა, მათ უკან კი მეჯვარეები, მაყრიონი და უამრავი სხვა სტუმარი და ყეფა-ყეფით გაიძახიან: ქორწილია! ქორწილიი!!!
დიმეო სიცილისგან გაიჭაჭა, ძლივს მოითქვა სული.
- მოგწონს აქ ცხოვრება? - მოულოდნელად ჰკითხა მწირმა.
- კი, ძალიან მომწონს. - გაიბადრა ბიჭი.
- არ გინდა, სადმე ქალაქში რომ ცხოვრობდე?
დიმეო მოიბუზა და არაფერი უპასუხა.
- იქ სკოლაშიც ივლიდი, აქ კი არდადეგებზე ჩამოხვალ ხოლმე. - განაგრძო მწირმა.
- შენ გინდა, რომ მიმატოვო? - ძლივს ამოილუღლუღა ცრემლმორეულმა ბიჭმა.
- მე ეგ არ მითქვამს. ქალაქში ცხოვრებაზე ვამბობ და თუნდაც, ჩემთან ერთად?
დიმეო უხმოდ გაილურსა და თვალი აარიდა.
- რა? ასე არ გინდა, იმ ქალაქში? - მწირი სახეში ჩააშტერდა. - ასე მწარედ, მაინც რა გახსენდება?
ბიჭმა წყლიანი თვალები შეანათა თუ არა, მაშინვე დახარა.
- იცი, ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად ტირი. ისე, ცუდი არ არის და ზოგჯერ საჭიროც კი არის, მაგრამ ყველაფერზე, ასე ღაპაღუპით ღვარო ცრემლი, ასეც არ ივარგებს. - მწირი გაჩუმდა და ისევ განაგრძო. - შენი მიტოვება, სულაც არ მინდა და ძალიანაც კი დამწყდება გული, მაგრამ მე მართლა არაფერი მაბადია, აქაც რომ დაგტოვო, სკოლაში სიარული გაგიჭირდება ძალიან და...
- არ მინდა სკოლაში! სულაც აღარ ვივლი! - გული მოუვიდა ბიჭს. - და შენთან ერთად მინდა, მაგრამ შენ თუ აქ არ მოგწონს, მაშინ მეც წამიყვანე იქ, სადაც შენ წახვალ!
ბიჭს ბოლო სიტყვები, ისეთ მკაცრი და სერიოზული ტონით გამოუვიდა, რომ მწირიც კი შეცბა და მათ საუბარს შემოსწრებული მასპინძელიც კი გაკვირვებული დარჩა.
- კარგი! ვრჩებით აქ დროებით, მანამ სანამ ჩვენი სახლი არ გვექნება! - განაცხადა მწირმა. - მხოლოდ შენ, პატარავ! კარგად უნდა ისწავლო! ძალიან, ძალიან კარგად! სხვანაირად, არაფერი გამოვა!
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი და სახეზე მთელი სიმტკიცე გამოესახა.
- ამიტომ დღეიდან, ყოველდღე ჩაგიტარდება გაკვეთილები, ყველა საგანში! - განაგრძო მწირმა. - საკმარისია, ამდენი დასვენება, ძალიან გაგიგრძელდა არდადეგები! - მკაცრი ღიმილით შეუტია თვალებგაბრწყინებულ ბიჭს. - რაც მთავარია, წიგნები თან გაქვს და მივყვეთ ბოლომდე, სკოლაში როცა მიბრუნდები, უკვე ბევრი რამ გეცოდინება და ჩამორჩენილიც აღარ იქნები. შეიძლება კიდეც, გადაასწრო სხვებსაც!
მართლაც ბავშვი, ყოველდღე მეცადინეობდა. საღამოსკენ მწირი, გაკვეთილებს იბარებდა და შესაბამის შეფასებასაც აძლევდა. ორი თვე იყო გასული, რაც ამ გულკეთილ ვეტერინართან ცხოვრობდნენ. გაზაფხულიც უკვე დამდგარიყო, მაგრამ ჯერ კიდევ, საკმაოდ ციოდა.
- კაცოო. - შემოვიდა ერთ დღესაც, გაკვირვებული მასპინძელი. - რაღაც საშინელი ეპიდემია ყოფილა! ქალაქში ისეთი ამბებია, კარანტინიც გამოცხადებულა, თურმე!
- ეპიდემია? - გაიკვირვა მწირმა.
- ქალაქები დაცარიელებულია და თავის დროზე, ეს ნახევრად დაცლილი სოფლები ახლა, სულ ავსებულა, ბრუნდებიან და ბრუნდებიან.
- ასეთი, რა ხდება ნეტავ? 
- ყველა ქალაქი გადაკეტილი ყოფილა. - განაგრძო მასპინძელმა. - და თუ მაინც ჩახვედი, უკან აღარ გიშვებენ, ამიტომ ხალხი იქიდან გამოსწრებაზეა სოფლებში! მთელი მსოფლიო ასე ყოფილა, პირბადეები და ხელთათმანებიო, ქუჩაში აღარავინ დადის, მაღაზიები ან დაკეტილია, ან სულ დაცლილია, ტომრებით იმარაგებდნენ ყველაფერს, კომენდანტის საათიც კი, გამოცხადებულა!
- ასეთი რამ, ადრე მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში იყო. - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები მწირმა. - ესე იგი, გამოდის რომ კიდევ მოგვიწევს შენი შეწუხება, თუ ქალაქში არ შეგვიშვებენ, აბა, სად უნდა წავიდეთ?
- არსადაც აღარ გიშვებთ! ვიცხოვროთ აქ ერთად! საჭმელიც გვაქვს და სასმელიც, წამლებიც მომარაგებული მაქვს, ზოგჯერ ცხოველი კი არა მისი პატრონიც რომ ცუდად ხდება, მაშინაც კი მე მეძახიან!
მწირი გაკვირვებული იყო და ხმას ვეღარ იღებდა.
- შენ კი, ბიჭო! - მასპინძელი ახლა, ბავშვს მიუბრუნდა. - მამაშენი წიგნებში გამეცადინებს, მე კი აქიმობა უნდა შეგასწავლო! ყველის ამოყვანა, ხომ გასწავლე? ცხენზედაც უკვე კარგად ზიხარ!
მამაშენიო, დიმეოს რომ მწირის მისამართით უხსენეს, თვალები გაუბრწყინდა. მასპინძელს არ გამოჰპარვია და არც დაუმალავს, რომ შეამჩნია.
- რა იყო? არ არის მამაშენი, თუ? - ჩაეცინა მასპინძელს. - ერთნაირი თვალები გაქვთ და ნიკაპიც ერთმანეთს მიგიგავთ, ნიკაპი კი არ ცდება. ჰო ისე, ყურებიც კი ერთნაირი გაქვთ და თავის ქალის მოყვანილობა. ერთმანეთის ასლი ხართ! მე, ვერაფერს გამომაპარებთ!
დიმეო გაიტრუნა და აშკარად ესიამოვნა. მწირს, ბიჭის გამომეტყველებაზე უფრო ჩაეღიმა და ახლა უფრო მეტად ჩავარდა საგონებელში, როგორ უნდა გაერკვია იმ ფულის ამბავი, როცა ეპიდემიის გამო, ყველა ქალაქი ჩაკეტილი იყო.

***
ფიფო მთელი დღის დაღლილი, არაქათ გამოცლილი ისე დაეშვა დივანზე, რომ ფეხზე გახდის თავიც აღარ ჰქონდა. 
მიმიმ მალულად შეავლო თვალი, ფიფოს ერთიანად ტალახში ამოსვრილ ფეხსაცმელს. გარეთ ტილოზე, ძირები კი კარგად დაეწმინდა, მაგრამ გვერდებზე უკვე შემშრალი ლაფი, მაინც კარგად ემჩნეოდა. მიმი უხმოდ წამოდგა, ოთახის ფლოსტები წინ დაუწყო და ფიფოს ფეხსაცმლის გახდას შეუდგა. ფიფო ერთი კი შეეწინააღმდეგა, იყოს არ გინდაო, მაგრამ ისე იყო ქანცგაწყვეტილი, განძრევის თავიც აღარ ჰქონდა.
- უი, ისევ როგორ გაგსიებია ტერფი. - შეიცხადა მიმიმ.
- მომაჭრიან და მომაჭრან მერე! - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- აბა, ამდენი წელი, ტყუილად ვიწვალეთ, რომ მოსაჭრელად გაიმეტო?
- თუნდაც, ორივე მომჭრან!
მიმიმ აღარაფერი უპასუხა. იცოდა, ფიფო ისედაც მოუყვებოდა, თუ რამე მოსაყოლი ჰქონდა და ვახშმის სამზადისს შეუდგა.
- იყოს, ნუ წვალობ! - გამოსძახა ფიფომ. - ყველს და პურს შევჭამ მერე.
- მარტო ვეღარც ვსადილობ. - უპასუხა მიმიმ. - საუზმეზეც, მხოლოდ ყავა დავლიე.
- ისე კი, მართლა მშია, მაგრამ შენი არ იყოს, ვერც მე ვატან გემოს. - ფიფო წამით შეყოვნდა. - სადაც არ ჩავედით, ყველგან სუფრებს გვიშლიან, მე კი პურიც ვერსად მოვიტეხე. ყბის მოქნევას ვერ დავიწყებდი ახლა, იქ. - მერე მიმის გახედა. შეამჩნია რომ ლანგარზე აწყობდა კერძს.
- იყოს, მოვალ მანდ. - გამოსძახა და ძლივს ძლივობით შესძლო სამზარეულომდე მილასლასება.
- მიმი, არსად ბავშვის კვალი არ არის! - დაიწყო ფიფომ. არსად, არც ერთ სოფელში! არც ერთ დაბასა თუ ქალაქში!
- იქნებ, უკვე მოასწრეს საზღვრის გადაკვეთა?
- არა მგონია! მთელი ინტერპოლია ჩართული. დიმეოს ფოტოებიც კი უკვე, ყოველ განყოფილებასა და ყოველ საგუშაგოზეა გავრცელებული. მხოლოდ შენი თხოვნით, არც ქალაქის ქუჩებში გავაკვრევინე და არც ტელევიზიით არ გამოვაცხადებინე და ამაში, სრულიად გეთანხმები. მთავარია, ბავშვს არაფერი დაუშავონ, მაგრამ ვინ?! ვინ არიან ის დანარჩენები, ვისთანაც ბავშვია?
- და ექპერტიზამ? საბოლოოდ, რაო?
- ახალი არაფერი. იმ მოკლულებს, თუ კი სადმე, რამე სისხლის კვალი ჰქონდათ, სათითაოდ დნმ-ს ანალიზი ჩავატარებინე, ყოველ წვეთზეც, კი! როგორც კი იქნება პასუხები, მაშინვე შემატყობინებენ.
- და ნამდვილად იყო იქ ვიღაც სხვა? იქნებ, ჩემი შვილი, ტყეში დაიკარგა დააა... - მიმის ცრემლები წამოსცვივდა.
- დამშვიდდი. რამე მაინც გადარჩებოდა მისგან და ქვეყანა ფეხზე დავაყენე. კვალიც კი არ არის! ტანსაცმელსაც რომ არ... - ფიფოს სიტყვა ყელში გაეჩხირა.
მიმი ისედაც მიუხვდა, ფიფომ რაც იგულისხმა. ტანსაცმელსაც ხომ არ შეჭამდნენ მგლებიო.
- აშკარად, ვიღაც კიდევ იყო იქ და თუ ბაზაშია მისი ანაბეჭდები, მაშინ უფრო გაგვიმართლებს, მაგასაც არკვევენ და დნმ-ს ანალიზის პასუხებიც იმედია, დროულად მოვა! - ფიფომ მიმის ამოხედა.
სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და აღარც მიმის ჰქონდა შეკითხვები. ან რა უნდა ეკითხა. თვენახევრის მერე, მიაგნეს ბავშვის გამტაცებლების კვალს, რომლებიც ერთი თვის დახოცილები აღმოჩნდნენ და ბავშვიც კვლავ, უკვალოდ გამქრალიყო. 
LEX. 2020 წლის 24 ივლისი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment