Monday, June 10, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 9)

9.
მთელი გზა უხმოდ მიდიოდნენ. ფიფო არც აპირებდა, მძღოლის თანდასწრებით, გამოძიების დეტალებზე საუბარს. გალეო კი, ფიფოს ხმის ამოღების მოლოდინში, გატრუნული იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე.
- შენ, ადრე იძინებ? - როგორც იქნა, დაძრა სიტყვა ფიფომ, ისე რომ მის უკან მჯდომისკენ, არც გაუხედავს.
- არა, რა ადრე! გვიანობამდე ვერ ვიძინებ.
- რა არ გაძინებს? სიყვარული? - გაეცინა ფიფოს.
- რა დროს სიყვარულია, როცა ამდენი სამუშაოა. - ისე ამოიხვნეშა, რომ ლამის გულიც თან ამოაყოლა. - ზოგჯერ ისეთი საქმეებია, რომ ღამეებსაც ვათენებ. - გალემ სამუშაოზე, სიტყვა ჩააწვეთა და პასუხის მოლოდინში, გაიტრუნა.
- სამუშაო ყოველთვის იქნება და დროც ისე სწრაფად გარბის, თვალსა და ხელს შუა გაგიფრინდება სიყვარულის ასაკი. - ისევ ჩაეცინა ფიფოს.
- აბა სიყვარულმა, ასაკი არ იცისო? - სიცილით ჩაერია მძღოლი.
- იცის, როგორ არ იცის! - არ შეეპუა ფიფო. - ახლა მე და ეს ბიჭი, ვითომ ერთნაირად დავიწყებთ სიყვარულისთვის ბრძოლას?
- თუ გიყვარს, უნდა იბრძოლო კიდევაც! - არ ჩამორჩა მძღოლიც.
- ბრძოლის ხერხებზე ვამბობ! - მოუჭრა ფიფომ.
- ყველას შეუძლია ნებისმიერ ასაკში შეყვარება, მთავარია ეწვიოს ის გრძნობა. - ჩაერია დეტექტივი. - აბა, რატომ ამბობენ უფროსი ასაკის კაცებზე, სიყვარულმა ისე გადარია, ოცი წლის ბიჭივით მოიქცაო.
- ესე იგი, მაინც ჰქონია არა, ასაკი? - გაეცინა ფიფოს. - ოცი წლის ბიჭივით იქცევაო და არა პირიქით, ორმოცი წლის კაცივითო.
ყველას გაეცინა. ასე იყო თუ ისე, ფიფო ნაწილობრივ, მაინც მართალი გამოვიდა.
- ჰოდა, თუ ჯერ არ გეძინება, ჩემთან ჩავუსხდეთ. - შესთავაზა ფიფომ.
- უხერხულია. გვიანიცაა. - თან ხმაში ეტყობოდა, რომ პირიქით, ძალიან უნდოდა ფიფოს დღესვე დალაპარაკებოდა.
- წამო, გალე, წამო! - ფიფოს მხიარულ ტონში, ფარული, მბრძანებლური ტონი იგრძნობოდა.
დეტექტივმა უხალისოდ დაუქნია თავი. ბრაზობდა, საშინლად ბრაზობდა ფიფოზე, მისი უნდობლობა აღიზიანებდა. ერთი სული ჰქონდა ეკითხა, ასე რატომ მოექცნენ, ამიტომაც ზედმეტი პატიჟი აღარ დააწყებინა. მეტჯერ უარი აღარც უთქვამს, თუმცა, არც ჭამა-სმის ხასიათზე იყო.
- ხანდახან, დაუშვებელის დაშვებაც შეიძლება. - ფიფომ კონიაკი მოწრუპა. - გააჩნია გარემოებებს.
- და თქვენი გამოძიების თანახმად, ესე იგი, მაინც უბედური შემთხვევაა? - ეჭვიანი მზერით ჩააშტერდა დეტექტივი, მასპინძელს.
- არანაირი თანახმად! გამოძიება არც ჩამიტარებია! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მხოლოდ ის ადგილი მოვინახულე. - იცრუა ფიფომ, თუმცა ბიჭმა, მშვენივრად აუწერა. - თუ ასე ძალიან გინდა, მიდი და შენ თვითონ ჩაატარე გამოძიება.
- არა, როგორ არ გენდობით, მაგრამ...
- ნდობა, არაფერ შუაშია! - გააწყვეტინა ფიფომ.
- კი, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ის კაცი, მოკლული იყო?
- ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ! მხოლოდ ვივარაუდეთ! ყველა ვარიანტს გადავხედეთ, ვიმსჯელეთ!
- და ექსპერტიზა? - უკან არ იხევდა დეტექტივი.
- მსხვერპლის მშობლებმა, ისევე როგორც, ამ ბოლო დროს ბევრმა, ექსპერტიზის ხელმეორედ გადამოწმება მოინდომა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ რძალს, მოყვანის დღიდანვე ვერ იტანდნენ! და ახლა, საშუალება მიეცათ და ყველანაირად ცდილობენ, რომ შვილის სიკვდილში, მაინც დამნაშავედ გამოიყვანონ!
- და სწორედაც, რომ ხელმეორედ გადახედვამ მიგვიყვანა მკვლელობის დასკვნამდე!
- კი, მივედით მაგ დასკვნამდე! გეთანხმები, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებაც უნდა ჩაითვალოს დასკვნაში, რა გარემოებაშიც გარდაიცვალა მსხვერპლი!
დეტექტივმა უსიამოვნოდ თავი დაუქნია. ზედიზედ მოუკიდა სიგარეტს.
დარწმუნებული იყო, ფიფო აშკარად, საქმის დახურვას ითხოვდა, მაგრამ ეთქვა მაინც? ასე რატომ ექცევა? რა იყო ეს უნდობლობა?
გალეომ მშვენივრად იცოდა, მისი უფროსი მეგობარი და კოლეგა, არც მექრთამე იყო და არც ნაძირალა. იმასაც კი მოჰკრა ყური, რომ ფიფომ, ერთი საქმის გამოძიების გამო, კინაღამ სამსახურიც და თუ სწორად იყო ინფორმირებული, ჯანმრთელობაც კი შეიწირა. კარგად გამოქექა და მანაც ფიფოსავით, კარგად გადაამოწმა, თუ ვისთან უწევდა დამეგობრება. ალბათ, ორივე ერთნაირად მოაზროვნეები, რომ იყვნენ ამიტომაც უგებდნენ ასე ადვილად ერთმანეთს, მაგრამ ახლა მართლაც, რა იყო ეს უნდობლობა? ნუთუ, რა პატივი უნდა ეცათ ასეთი ფიფოსთვის, რომ გაეჩუმებინათ? თანაც, სწორედ ეს ის ფიფო იყო, რომელიც ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციით ირიცხებოდა თანამშრომელთა უზარმაზარ სიაში.
„არა, არა! სისულელეა! ფიფო არანაირ ქრთამს არ აიღებდა, ან და სად აქვს ამ გასაცოდავებულ ოჯახს იმის საშუალება, რომ...“
დეტექტივს, არც ასე პატარა ბიჭის ციხეში გაშვება სურდა. მით უმეტეს თუ, წინასწარგანზრახული არ იყო და არც ის ბიჭი გამოიყურებოდა მოურჯულებელ, თავგასულ არამზადად.
„ახლა დედა? საცოდავი, გატანჯული ქალი. სული ძლივს უდგას. ის როგორ დავიჭირო? მცირეწლოვანი ბავშვების, ისედაც გაუბედურებული დედა, ციხეში გავუშვა? და რის გულისთვის? ლოთი, ნაძირალა, მოძალადე კაცის გულისთვის?
არც მე მინდა ეს! თუმცა, არც კანონის დარღვევა მინდა! მეც გული მიკვდება, მაგრამ ფიფო რატომღა მექცევა ასე?! რატომ?“
ფიქრობდა გამწარებული დეტექტივი და ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩაეწვა თითებში სიგარეტი, ცოტაც და ალბათ, კანზეც მოეკიდებოდა ფიფოს, რომ არ შეეძახა.
- დადგა მწვადის სუნი! - ჩაიხითხითა ფიფომ.
დეტექტივი გამოერკვა. უღიმღამოდ ჩასრისა ნამწვავი საფერფლეში.
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა, ასე რატომ იბღუზებოდა მისი ახალგაზრდა კოლეგა და უკან დახევას, არც აპირებდა. პატივს სცემდა, მოსწონდა ეს დაუზარელი და გონებამახვილი ბიჭი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა, თავს იზღვევდა და სადღაც მართალიც იყო. ვინ იცის, კანონის ასეთი დარღვევა, როდის და სად დაუხვდებოდა წინ.
უცებ, მობილური აწკრიალდა. ვიღაცამ ზარი გამოუშვა და მაშინვე გათიშა. ფიფომ გაკვირვებით დახედა და თავად გადაურეკა.
- მიმი! - გაკვირვებული ხმით ჩასძახა ფიფომ. - საიდან რეკავ? - მერე ხმამაღლა გაეცინა. - შემოდი აბა.
მიმიმ კარი შეაღო თუ არა ფიფომ სიცილითვე მიმართა:
- რა იყო, ეს მორიდებული არ შემოსვლა და მოურიდებელი ზარის გამოშვება?
მიმისაც გაეცინა:
- არ მინდოდა ხელის შეშლა, ვიცი რომ საქმეზე საუბრობთ და თან, ცარიელ კონიაკს წრუპავთ.
ფიფო მიუხვდა და ღიმილით შეუძახა:
- ჰოდა, გააცხელე!
- ცხელია უკვე. - თვალი ჩაუკრა მიმიმ.
- აბა მაშინ შემოგვიტანე და თუ არ გეძინება, შენც მოდი ჩვენთან. - თბილი ხმით მიმართა ფიფომ.
მიმის უცნაურობებს, ისედაც შეჩვეული იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის აოცებდა მისი არაორდინალურობა.
მიმი ახლაც ასე მოიქცა. მის კაბინეტში შესვლა არც უცდია, მხოლოდ ფიფოს მობილურში შეუშვა ზარი.
- მმმმ, ძალიან მიყვარს ახალი ხორცის სოუზი. - ღრმად ჩაისუნთქა ფიფომ მიმის შემოტანილი სადილის სასიამოვნო ოხშივარი.
- ვახშმისთვის გვიანია, მაგრამ ჩვენ არ ვზივართ დაწესებულ ჩარჩოებში. - უხსნიდა მიმი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულ სტუმარს.
მცირე სუფრა, ფიფოს კაბინეტშივე გაიშალა. არც თუ ისე პატარა ოთახი ჰქონდა სამუშაოდ დათმობილი. საწერი მაგიდისა და წიგნის თაროების გარდა, ოთახში დივან-სავარძლები და დაბალი ოვალური ფორმის მაგიდაც იდგა.
მიმი საუბარში არ ერეოდა, სავარძელში მოკალათებული, მშვიდად წრუპავდა ნუშის ლიქიორს.
- მიმი, შემოგვიერთდი. - ფიფომ კონიაკის დასასხმელად გაიწოდა ხელი.
- ხომ ვსვამ, ცოტ-ცოტას. - გაუღიმა მიმიმ.
- ეგ კომპოტია. - გაეცინა ფიფოს.
- კომპოტი კი არა, ლიქიორია! - შეეპასუხა ღიმილით მიმი.
- კომპოტია, აბა რა არის! - არ იხევდა უკან ფიფო. მერე დეტექტივს მიუბრუნდა. - მოკლედ, გალე! ყველაფერი შენი გადასაწყვეტია!
- მე რაღა უნდა გადავწყვიტო, ისედაც... - სტუმარმა საყვედურის თვალით გახედა ფიფოს.
- მე ჩემი გამოძიება ჩავატარე და ჩემი დასკვნაც გამოვიტანე! თუმცა, არც მცდარ გზაზე ვდგავარ და არც დამნაშავეს ვაფარებ ხელს, მაგრამ ეს საქმე შენია, შენი დაწყებულია და შენვე უნდა დაამთავრო! შენია ეს გამოძიება, შენ უნდა დაამტკიცო სიმართლე და უდანაშაულო ადამიანი, ტყუილად არ ჩასვა ციხეში! - ზედიზედ მიაყარა ფიფომ. თან უბიძგებდა, რადგან დედა-შვილი, არაფერ შუაშიაო, ბარემ საქმეც, დროზე დახურეო.
დეტექტივმა, უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები.
ფიფოს ჩაეღიმა. მშვენივრად ხვდებოდა სტუმრის უკმაყოფილების მიზეზს.
- ხვალ, დილიდანვე ჩავუჯდები, დეტალურად შევისწავლი და მერე დავხურავ! - მტკიცე ხმით განაცხადა დეტექტივმა. - არ იფიქროთ, რომ იმ საცოდავი ქალის ციხეში ჩასმა მინდა, ან იმ ბავშვის დაჭერა. მინდა ყველაფერს გადავხედო და სუფთა სინდისით დავხურო ეს საქმე!
- სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებთ ყმაწვილო! - ფიფომ სტუმრის მისამართით, ჭიქა ასწია და გადაჰკრა.
- ციხე არის, ერთის მხრივ, დამნაშავის გამოსასწორებელი. - დაიწყო ფიფომ. - თუმცა, გამოსწორების რა მოგახსენო, თუ თვითონ არ იმუშავა საკუთარ თავზე! და მეორეს მხრივ, დამნაშავის დაპატიმრება, არის მისი იზოლირება, სხვა ხალხის უსაფრთხოებისთვის!
- ციხეში მოხვედრილი ადამიანის შემდგომი ცხოვრება, სამწუხაროდ, ხშირად არასახარბიელოა. - ჩაერია მიმიმ.
- დიახ, სამწუხაროდ! - კვერი დაუკრა გალეომ.
- მეც გეთანხმებით, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. - ფიფომ ჭიქა დადგა და სავარძელში შესწორდა. - დიახ, ყოველთვის ასე არ ხდება. იყო ერთი ასეთი კაცი. თანამდებობის პირი იყო, თუ დღევანდელი სიტყვით ბიზნესმენი, ზუსტად არ მახსოვს. მე არც ვიცნობდი. - ფიფომ მსმენელებს გადახედა. - დღეს ბიზნესმენი და იმ დროს, უფრო ასე ვთქვათ, „ცეხავიკი“.
ყველას გაეცინა.
- ჰოდა! - განაგრძო ფიფომ. - დაიჭირეს ეს კაცი. სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა, თუ მითვისებისათვის, ნუ დაახლოებით, ასეთი მუხლით და დაჭერისთანავე, რა თქმა უნდა, ქონებაც დაუყადაღეს! ოჯახიც გაექცა! დარჩა სულ ცარიელი. არც სახლი, არც კარი, არც ოჯახი და მეგობრები, არც ფული-ქონება და აღარც თავისუფლება! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა.
მსმენელები გატრუნულნი უსმენდნენ. ერთი სული ჰქონდათ, როდის გააგრძელებდა ფიფო დაწყებულ საუბარს.
ფიფომ ერთი-ორი ღრმა ნაფაზი მოქაჩა და განაგრძო:
- ციხეში, სადღაც ათ წელზე მეტი დაჰყო და მთელი ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა! არა, კი არ ოცნებობდა, არამედ გეგმებს ადგენდა, ფიქრობდა, აზროვნებდა და რომ გამოვიდა ციხიდან, ბევრად იმაზე მეტი ფული იშოვნა, ვიდრე უწინ ჰქონდა! და საინტერესო ის იყო, რომ ბევრად უფრო ჭკვიანური ხერხით, ისე რომ ვეღარც დაიჭირეს და ვეღარც შარი მოსდეს! სწორედ იმ დაპატიმრების პერიოდმა შეუწყო ხელი, რომ კარგად გაეაზრა, სად შეეშალა, სად დაუშვა შეცდომა, სად თუნდაც, იღორა და მერე ვეღარ აკონტროლა თავისი შემოსავალი, მაგრამ ის გამოცდილი, საქმიანი და დაუზარელი კაცი იყო და არა თუნდაც, გზას აცდენილი პატარა ბიჭი! - ფიფომ დეტექტივს გახედა.
- ჰო, ჭკვიანი კაცი, ყოველთვის იპოვნის გამოსავალს!
- დიახ! ჭკვიანი კაცი! გამოცდილი საქმეებსა თუ ათასგვარ მაქინაციებში, მაგრამ უსუსური გინდა ქალი გინდა კაცი, ციხეში კი არა საზოგადოებაშიც, კი იკარგება! - ეს კიდევ ერთი მინიშნება იყო დეტექტივისაკენ.
სტუმარმა თავი დაუქნია და კონიაკი სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ისე, თავის დროზე, სწორედ ის მსხვერპლი ყოფილა დასაჭერი და საქმე აქამდე არც მივიდოდა! - ისევ ჩაერია მიმიმ.
- კი, ჩემო კარგო! - თბილი ღიმილით მიუგო ფიფომ. - მართალი ხარ, მაგრამ თუ არავინ უჩივის და თუ, ფაქტებიც არ გვაქვს? ასე ხელს ხომ ვერ დაავლებ და დააპატიმრებ? ლოთი, უსაქმური კაცი, ცოლ-შვილს აწიოკებს, მაგრამ არავინ იღებს ხმას მის წინააღმდეგ!
- რა საშინელი კანონია! - დაიჯღანა მიმი.
- არც თუ იმდენად საშინელია! - შეეპასუხა ფიფო. - აბა წარმოიდგინე, შენმა თანამშრომელმა, რომ გიჩივლოს, მიმი მაწუხებსო, ქრთამს ითხოვსო, შენ ხომ მაშინვე შეეცდები, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო?
- რა თქმა უნდა! - კოპები შეკრა მიმიმ.
- მერე მოვალთ ჩვენ! - ფიფომ ხელი ჯერ სტუმრისკენ და მერე თავისკენ გაიშვირა. - გამოვიძიებთ და გავარკვევთ და იცი ზუსტად, რის საფუძველზე დავიწყებთ გამოძიებას?
- ალბათ, რომ მიჩივლა, იმ საფუძველზე? - ჩაეკითხა მიმი.
- დიახ! - დაუდასტურა ფიფომ. - და გამოძიებას, რის საფუძველზე გავაგრძელებთ?
- ??? - მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- ფაქტების საფუძველზე. - ღიმილით დაურთო სტუმარმა.
- და როცა ნაძირალას, მომჩივანი არავინ ჰყავს? მაშინ როგორ უნდა დაგვეჭირა?
- ამიტომაც უნდა ეჩივლათ და არა თვითსამართალი ეწარმოებინათ! - უკმაყოფილო ხმით გასცა გალეომ პასუხი, ფიფოს კითხვებს.
- თუ კი, რაღაც შემთხვევით მოხდა? - ჩაერია მიმი. - იქნებ, თავი დაიცვეს?
- თავიდან ჩვენც ასე გვეგონა, მაგრა მერე და მერე, ყველაფერი გამოიკვეთა! - ფიფომ გალეოს გახედა.
- ჯერ კიდევ, გადასამოწმებელია, ყოველი დეტალი! - არ იხევდა უკან სტუმარი. - და თუ მართლაც, დამნაშავეები აღმოჩნდნენ, მაშინ არც მე დავიხევ უკან და კანონსაც არ დავარღვევ!
- არა! რას ამბობ! - შეიცხადა ფიფომ. - კანონი არც უნდა დაარღვიო! პირიქით, სულ კანონის სადარაჯოზე უნდა იდგე! უნდა გამოიძიო, დააკავო, დაიჭირო დამნაშავე! აარიდო ხალხს ხიფათი!
- სწორედ მაგას ვაპირებ, რომ ხალხის უსაფრთხოება დავიცვა! - შეუტია სტუმარმა ფიფოს.
- მაგრამ იმ დედა-შვილის იზოლაცია, იმიტომ რომ ისინი, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, სრული აბსურდია! - ფიფო კვლავ ცდილობდა, გალეოზე ზეწოლის მოხდენას. - მოსახლეობა, უნდა დავიცვათ კრიმინალებისგან! ბოროტმოქმედებისგან! ნაძირლებისგან და არა...
- უნებლიედ, მკვლელად ქცეული, მსხვერპლისგან! - მხარი აუბა მიმიმ ფიფოს, თუმცა სწორედ ის თქვა, რის ხმამაღლა თქმასაც, ფიფო თავს არიდებდა.
მიმის სიტყვებზე, ბიჭებს გაეცინათ და დაძაბულობაც მოიხსნა.
- აი, ამიტომაც მოგიწვიე ჩვენთან. - ღიმილით უთხრა ფიფომ მიმის. - ხალისი შეგვმატე.
- სასაცილოდ, სულაც არ მითქვამს. - თითქოს, ცოტა იწყინა კიდეც მიმიმ.
- არავინ დაგცინის. - დაუყვავა ფიფომ. - გაგვახალისე და ეგ არის.
- რა ეშველებათ ახლა, იმ საცოდავებს? - იკითხა მიმიმ.
- და რა გინდა, რომ ეშველოს? უბედური შემთხვევაა, მაგრამ დედამთილ-მამამთილი მასე არ თვლიან! და დიდი სურვილი აქვთ, რომ ის საბრალო ქალი, თავიანთი ნაძირალა შვილის მკვლელობაში დაადანაშაულონ და ციხეში გამოალპონ! - ფიფო კიდევ ერთხელ ცდილობდა, ხაზი გაესვა, ქალის და ბავშვის უმწეობასა და უდანაშაულობაზე. - და თუ ეს არ გამოუვათ, მაშინ უფროს ბიჭზე უნდათ ჯოხის გადატეხვა, მაგრამ არ გამოუვათ! არც იმდენად არის ეს ქვეყანა, ჩალით დახურული და ჯერ კიდევ არსებობენ, წესიერი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი სამართალდამცავები! - ფიფომ კონიაკიანი ჭიქა, დეტექტივის მისამართით ასწია და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
სტუმარმაც უხმოდ გამოცალა ჭიქა.
LEX. 2019 წლის 5 აპრილი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment