Monday, June 17, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 10)

10.
გაზაფხულის წვიმიან დღეებში, ფიფო ფანჯარას ვერ შორდებოდა. წვიმის დანახვაზე, ყველაფერი ახსენდებოდა. ცალკე, ძველი იარები იჩენდა თავს და ცალკე, წვიმის შხაპუნის ხმაც უღვიძებდა სულში შეპარულ, მოუნელებელ ტკივილის.
მოულოდნელად, მობილური აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო. ფიფომ მალევე უპასუხა. საბავშვო ბაღიდან რეკავდნენ. ფიფო შეშფოთებული გავარდა და ბავშვი, რომ საღ-სალამათი დაინახა, გულზე მოეშვა. მთავარია, ჯანმრთელად იყო და სხვას უკვე, აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. თუმცა, აღმზრდელ-მასწავლებლები და ბაღის გამგე, საკმაოდ კოპებშეკრულნი დახვდნენ.
სანამ ბავშვის მისამართით, პედაგოგები ილანძღებოდნენ და სანამ ფიფო, ბოლოს და ბოლოს გაარკვევდა, თუ რა მოხდა, დიმეო კედელთან იყო ატუზული და თავის აწევასაც ვერ ბედავდა.
- ორი წლის ბავშვიც აღარ აკეთებს ამას! - აღშფოთებას ვერ ფარავდა აღმზრდელი. - გამოსაშვები წელია, ერთ თვეში, დაამთავრებს უკვე ბაღს და შემოდგომაზე, სკოლაშიც უნდა წავიდეს და ასე?!
- არა, ჩვენ თქვენთვის ვამბობთ! - ჩაერია გამგე. - ისევ თქვენ შეგრცხვებათ მერე სკოლაში და მთელი ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება, ეს სირცხვილი!
სანამ ფიფომ ხმა ამოიღო, ისევ დაასწრეს.
- ექვსი წლის ბავშვი, ისე ისველებს, რომ ვერც კი გრძნობს! ეს უკვე, საგანგაშოა?! - არ ცხრებოდა პედაგოგი.
- საგანგაშო, ნამდვილად არაფერია! - როგორც იქნა, ფიფომ მოახერხა სიტყვის ჩაგდება. - ვის არ მოსვლია? ისეთი გულგახეთქილი გამოვიქეცი, მეგონა რომ... - ფიფომ ღიმილი, ძლივს შეიკავა.
- დიახ, ვის არ მოსვლია! - არ აცალა სიტყვის ბოლომდე თქმა, გამგემ. - მაგრამ ეს პირველი შემთხვევა, რომ იყოს კიდევ მესმის! ნუთუ, არ გითხრათ, თქვენმა მეუღლემ?
ფიფო შეცბა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
- თქვენი შეწუხება, სულაც არ გვინდოდა, მაგრამ... - ქალი შეყოვნდა. - დედამისს ვერ დავუკავშირდით, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამიტომ...
- სულაც არ შევწუხებულვარ! - უკან არ დაიხია ფიფომ, თუმცა ეს ახალი ინფორმაციები, საკმაოდ არასასიამოვნოდ მოხვდა ყურში. - უბრალოდ, მართლაც არ ღირს, ამხელა ისტერიკების მოწყობა! იქნებ, ყველგან დაკავებული იყო და ბავშვმა უბრალოდ, ვერ მოასწრო? გეკითხათ მაინც? იქნებ, რა იყო მიზეზი? რის გამო?
- მიზეზი, ნაკლებ საინტერესოა, როცა ფაქტია ამაღელვებელი! - არ ეპუებოდა გამგე. - რადგანაც, არა ერთხელ შერჩა და ეპატია, ახლა სათანადოდაც დაისაჯა და იმედია, მეტს აღარ გაიმეორებს!
- დასაჯეთ?! - წამოენთო ფიფო და ბავშვს გახედა.
- დიახ! დავსაჯეთ! და იდგეს ახლა, ასე ჩასველებული და ზედ, რომ შეაშრება, მერე ნახავს!
- კი, მაგრამ ბავშვი, ამდენი ხანი სველშია?! - შეუღრინა ფიფომ. - ვინ მოგცათ, ბავშვების დასჯის უფლება?!
- ჩვენი უფლება-მოვალეობაა, ბავშვების სწორი აღზრდა! რამდენიც ვაპატიეთ, იმდენი შერჩა და კვლავ გაიმეორა! - არ ცხრებოდა პედაგოგი.
და ეს არის, თქვენი აღზრდა?! თქვენ თვითონ ხართ აღსაზრდელები და ბავშვებს, რა უნდა ასწავლოთ?! - ფიფომ ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და კარისკენ გაემართა. - ახლა ილოცეთ, რომ ჩემს შვილს, არაფერი დაემართოს! ერთიც არ დააცემინოს, თორემ მერე, აქეთ ვიზრუნებ, თქვენს დასჯაზე! - იმხელა ხმით დაუღრიალა ფიფომ, რომ სიტყვა ვეღარ შეუბრუნეს.
კიბეებთან, სანიტარი დაეწიათ.
- ნუ გეშინიათ. - უთხრა დაბალი ხმით. - ყველას უჩუმრად, ჩემი თავსაფარი ჩავუფინე, აბა მართლა ბავშვს, ხომ არ გავაცივებდი?
- აუცილებლად აგინაზღაურებთ ზარალს. - ფიფომ მორიდებით დაუკრა თავი.
- არა, რას ბრძანებთ! რა ზარალი? სულაც არ იყო, ახალი. - გაეღიმა ქალს.
- ჰოდა ახალი, ჩვენზე იქნება, არა მამი? - თვალი ჩაუკრა გალურსულ ბავშვს, მამამ.
- არა, როგორ გეკადრებათ, თავსაფრების მეტი, რა მაქვს. - ქალი გაჩუმდა.
ფიფოს მოეჩვენა, ქალს თითქოს, კიდევ რაღაცის თქმა სურდა.
- დიმი, ჩაირბინე მამი, მანქანაში დამელოდე. - უთხრა ფიფომ და თვითონ ქალისკენ მიბრუნდა. - არის კიდევ რაღაც, ის რაც უნდა ვიცოდე? 
ქალი წამით დაიბნა, სათქმელს ვეღარ უყრიდა თავს.
- იცით? - ძლივს დაიწყო. - ეს პირველი შემთხვევა არ იყო...
- დიახ, ვიცი. - უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ფიფომ, თუმცა მხოლოდ, დღეს შეიტყო. მიმიზეც ბრაზობდა, რატომ დაუმალა ეს ამბავი და თურმე, არა ერთხელ ყოფილა ასე და სადღაც გულის სიღრმეში, იეჭვიანა კიდევაც, რატომ უნდა ჰქონოდა მიმის, გამორთული ტელეფონი.
ქალი ისევ ყოყმანობდა და ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა:
- დიმეო, ძალიან კარგი ბავშვია. ძალიან უყვარს მუსიკა. მუსიკის მასწავლებელზეა უზომოდ შეყვარებული.
- ჰმ, ამაში უჩვეულო არაფერია. - გაეცინა ფიფოს. - პატარებს, ხშირად აქვთ ასეთი გატაცებები. მეც მქონდა ბავშვობაში.
- თავიდან მეგონა, რომ... - ქალი წამით შეყოვნდა. - საქმე იცით, რაშია? თქვენს შვილს, განსაკუთრებული ნიჭი აქვს! დარწმუნებული ვარ! ნამდვილად ასეა!
ფიფო გაიბადრა, ქალმა კი, განაგრძო:
- საქმე მარტო, მუსიკის მასწავლებელში არ არის. მართალია, ახალგაზრდა და ლამაზი სტუდენტი გოგონაა. ყველა საბავშვო სიმღერა, კარგად იცის და კარგადაც ასწავლის. თან, ბავშვებსაც ძალიან უყვართ. 
- ესე იგი, ჩემს ბიჭს, კარგი გემოვნება ჰქონია და კარგადაც მღერის. - კვლავ სახეგაბადრული იდგა ფიფო და ჯერ კიდევ, მოთმინებით იტანდა ქალის, ცოტა არ იყოს, დაბნეულ საუბარს.
- დიახ, კარგად მღერის, მაგრამ საქმე მარტო მის სიმღერაში არ არის!
აქ კი, ფიფომ, უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები. ქალს არაფერი შეუმჩნევია და ისევ განაგრძო:
- ბავშვს, განსაკუთრებული ნიჭი აქვს!
- დიახ. გასაგებია. დიდი მადლობა. - ფიფომ დასამშვიდობებლად, ხელი გაუწოდა.
ქალმაც ჩამოართვა ხელი, მაგრამ არ გაუშვია და ისე განაგრძო:
- როგორც უკვე გითხარით, სტუდენტი გოგონაა და თავისუფალ დროს, როდესაც გამოცდებისთვის ემზადება. - ქალი შეყოვნდა. - აქ ჩუმად უკრავს, თითქოს ისე, გასართობად და სავარჯიშოდ, სინამდვილეში კი, მეცადინეობს და ამ დროს, თქვენი შვილი, იპარება ჯგუფიდან, მის მოსასმენად და აი, მაშინ... - ქალი დადუმდა.
- ვერ გავიგე? - ფოფოს უკვე, მოთმინება ეკარგებოდა. - მითხარით პირდაპირ, რის თქმაც გსურთ. მოსარიდებელი, არაფერია.
- სხვა პედაგოგებმა არც კი იციან, რომ გოგონა, გამოცდებისთვის, აქ ემზადება, რადგან კარგი ინსტრუმენტია და საშულებაც აქვს, თავისუფლად დაუკრას! თანაც, სამსახურსაც არ აცდენს. გამგეს და სხვა პედაგოგებს ჰგონიათ, რომ ისე, სახალისოდ უკრავს, თორემ...
- და ჩემი ბიჭი, აქ რა შუაშია?
- როგორც კი გოგონა, კლასიკური მუსიკის დაკვრას იწყებს, დიმეო მის მოსასმენად, ჯგუფიდან იპარება და სწორედ მაშინ ემართება ის...
- რა ემართება?
- მაშინ ისველებს. იმდენად ემოციურად უსმენს, რომ... - ქალს გაეღიმა. - არა, არა! ნუ გეშინიათ! ეს განსაკუთრებული ნიჭის მაჩვენებელია.
- უკაცრავად, ისე იფსამს, რომ ვერ გრძნობს და ეს არის, განსაკუთრებული ნიჭი? - ფიფომ უკმაყოფილოდ დაბრიცა სახე.
- იმდენად გრძნობით უსმენს კლასიკურ მუსიკას, აი ამაშია საქმე, ბატონო. იმ წუთებში, მისთვის ყველაფერი ითიშება, სამყარო ჩერდება, თითქოს, დედამიწის ბრუნვაც წყდება! აი სწორედ მაგ დროს, მუსიკის გარდა, ვერც ვერაფერს გრძნობს და არც არაფერი ესმის! - ქალი გაჩუმდა. - ეს მუსიკის მასწავლებელმაც აღნიშნა ადრე, არავინ დაეთანხმა, მაგრამ მე, ნამდვილად მწამს, რომ დიმეო, გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოვებული!
- სხვა რა დაგვრჩენია და მუსიკაზე უნდა შევიყვანოთ. - გაუღიმა ფიფომ.
- აუცილებლად! აუცილებლად საჭიროა! მერწმუნეთ, არ ინანებთ!
ფიფომ, როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი, ქალის „მარწუხებისგან“. მადლობის მოხდით, მოუბოდიშა მეჩქარებაო და კიბეს, ნელ-ნელა ჩაუყვა.
- სახლისკენ! - უბრძანა მძღოლს და ძლივს მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა, რომ ისევ წვიმამ დასცხო.
ბავშვი კვლავ გალურსული იჯდა. ფიფოს ეღიმებოდა და თითქოს, ვერც ამჩნევდა, როგორ აპარებდა თვალს ბიჭი, მამისკენ. ფიფომ უცებ ბავშვს მოხედა, დიმეო შეცბა, მაგრამ მისდა გასაკვირად, ფიფომ თბილად გაუღიმა.
- სასწრაფოდ გამოვიცვალოთ და მერე ერთ ადგილას უნდა წავიდეთ! - უთხრა ფიფომ ბავშვს.
დიმეომ არაფერი უპასუხა. ჩანდა, რომ ძალიან იყო დათრგუნული და შეშინებული.
- მე, დაგელოდოთ? - შეეკითხა მძღოლი.
- კი, რა თქმა უნდა! უცებ გამოვიცვლით და ჩამოვალთ.
დიმეო წამოჭარხლდა. ალბათ ეგონა, რომ მისი შერცხვენის ამბავს, მძღოლსაც ეტყოდნენ, მაგრამ მამა დუმდა. სახლშიც ასევე, ერთმანეთისთვის ზედმეტი ხმა არ გაუციათ. თითქოს, არც არაფერი მომხდარაო. თუმცა ბავშვი, სულ თვალს არიდებდა მამას.
- სად მივდივართ! - იკითხა ბიჭმა, როცა კვლავ მანქანაში დაბრუნდნენ.
გულში შიშობდა კიდეც, ნეტავ, სად მივყავარო. საბავშვო ბაღში კი ისეთები უთხრეს, ისე დაემუქრნენ სახლში ძლიერ დაგსჯიანო, გაგადებენო, შენნაირ ბავშვებს თავშესაფარში აბარებენო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები, ყოველთვის თბილად და სიყვარულით ექცეოდნენ და არაფერს აკლებდნენ, მაინც შიშით აღარ იყო.
- რომ მივალთ, ნახავ! - თვალი ჩაუკრა მამამ.
დიმეო ცოტა ხასიათზე მოსულიყო. ფიფოც მშვენივრად გრძნობდა თავს, რადგან მიმის ტელეფონიც სახლში აღმოაჩინა. დასატენად გამორთული დაუტოვებია, ამიტომაც არ პასუხობდა.
მანქანა დიდ მაღაზიასთან გაჩერდა.
- აბა, ამოირჩიე რომელი სათამაშო გინდა. - შესვლისთანავე ფიფო, იქვე სავარძელში ჩამოჯდა.
ბავშვმა მხრები აიჩეჩა. არჩევანი უამრავი იყო, ისედაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ბიჭი, არც პრეტენზიული იყო და არც ზედმეტად მომთხოვნი.
- ორ კვირაში, შენი დაბადების დღეა და მთელი ღამეები ფიქრში უნდა გავატარო, არ გეცოდები? - ღიმილით მიმართა ფიფომ. - ისედაც, უამრავი საქმე მაქვს, სად მცალია ღამის სათევად.
- რატომ უნდა გაათენო?
- იმიტომ, რომ არ ვიცი, რა გაჩუქო. თვითონ ამოირჩიე, ნებისმიერი რამ, რასაც ხელს დაადებ შენია!
დიმეო შეყოყმანდა.
- მართალია, საჩუქარი სიურპრიზია და წინასწარ არ უნდა იცოდე, მაგრამ მოდი რა, ძაან შინაურულად და ძაან ძმაკაცურად, შენ თვითონ ამოირჩიე, გთხოვ! - შეევედრა ფიფო.
- წამოდი აბა ავარჩიოთ! - ბიჭს კონსულტანტმა გოგონამ, ხელი ჩაჰკიდა.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა. საჩუქარზე ტვინის ჭყლეტა, აღარ დასჭირდებოდა, თუმცა, მალევე მობრუნდნენ. გოგონა გაკვირვებული ჩანდა.
- რაც კი რამ ვაჩვენე, არაფერი არ მოსწონს. ან მაქვსო, ან არ მაინტერესებსო. - მხრები აიჩეჩა. - მხოლოდ „იამახა“ მოეწონა, თუმცა ისიც დაიწუნა, ასეთი კი არა, სხვანაირი მინდაო.
- სხვანაირი როგორი, მამი? - ჩაეკითხა ფიფო.
- უფრო ნამდვილი. - უპასუხა ბიჭმა. - სათამაშო არ მინდა!
- ელექტრო პიანინოებს, ნამდვილისგან ვერ გაარჩევ ისეთი ხმა აქვს - დაუმატა გოგონამ. - ინსტრუმენტების განყოფილებაში ნახეთ.
- მაგრამ ნამდვილს, მაინც არ გავს! - შეეპასუხა ბიჭი.
- გეთქვა მერე, პიანინო თუ გინდოდა. - გაეცინა ფიფოს.
- შენ სათამაშო გინდოდა გეჩუქნა. - აიწურა ბავშვი.
- აბა ისე მართლა, რაღა დროს სათამაშოებია. - სერიოზული სახით მიმართა ფიფომ. - სადაცაა, ექვსის გახდები! - მერე ღიმილით დაუმატა. - მთელი ექვსი წლის! - ფიფო წამოდგა. - კეთილი! ვიყიდოთ პიანინო!
არც იქ დაადგა კარგი დღე ფიფოს. ბავშვმა მაინც ვერ შეარჩია, მისი მოსაწონი ინსტრუმენტი, ხან რას უწუნებდა და ხან რას. მერე ერთ შუახნის კაცს აეკიდა და მასთან ერთად სინჯავდნენ ინსტრუმენტს, ხან რომელს და ხან რომელს. ფიფო მოთმინებით იცდიდა, თან ეღიმებოდა, როგორი სერიოზულობით არჩევდა ბავშვი, ნანატრ საჩუქარს.
- იცით, თქვენს ბიჭს, განსაკუთრებული ნიჭი აქვს! - აღნიშნა უცხო კაცმა.
ფიფომ შეიფერა. იმ დღეს, ეს უკვე მეორედ ესმოდა.
- როცა ვუკრავდი, თითებს ათამაშებდა, თითქოს მაყოლებდა. არადა თურმე, არც კი სცოდნია დაკვრა.
ფიფო შეცბა. ამას არასდროს დაკვირვებია, ბავშვის ეს ჩვევა, არასდროს შეუნიშნავს. სახლში კი, არც არავინ უკრავდა და პიანინოც კი არ იდგა.
- აუცილებლად შეიყვანეთ მუსიკაზე. - განაგრძობდა კაცი, თუმცა ფიფო ისე იყო გაოგნებული, რომ ვეღარც უსმენდა.
ბოლოს გამოერკვა და ბავშვს მიმართა:
- აბა ამოირჩიე? რომელი გინდა, რომ ვიყიდოთ?
- აქ არც ერთი არ მომეწონა. - გაიბღუზა დიმეო.
- ვაი? აბა რა ვქნათ? უსაჩუქროდ, როგორ დაგტოვო? - ეღიმებოდა ფიფოს.
- ბებოსთან, რომ არის, ის პიანინო მინდა. - ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
- ის ხომ ძალიან ძველია და იქნებ, უკვე აღარც ვარგა?
- მე ის მინდა! - გაჯიუტდა ბავშვი.
- ჰა, ჰა! - გაეცინა კაცს. - ხედავთ? როგორ ზუსტად ესმის? იცის, რაც უნდა! სხვათა შორის, ბავშვის აღზრდა, პირველივე აკორდებიდან იწყება და როცა ბავშვმა უკვე ლაპარაკი იცის, იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი! მასში უკვე ჩადებულია ის პირველი, ძირითადი ნოტი, ის პირველი აკორდი, რასაც მისი სული ჰქვია. სხვა დანარჩენი კი თანდათან, შეძენილი და დამატებულია! უდავოდ, ამ ბავშვს, განსაკუთრებული ნიჭი აქვს!
- კარგი, წავიდეთ. -  ამოიხვნეშა ფიფომ. - და ვთხოვოთ ბებიებს.
დიმეოს ბედნიერებისგან, თვალები აენთო.
სიდედრი და მამიდა სიხარულით შეხვდნენ, პიანინოს კი არა, სულს გამოატანდნენ, თუმცა, სინანული გამოთქვეს, საკმაოდ მოძველებული ინსტრუმენტის გამო.
- ახალს ვყიდულობდი და აიჩემა, ეს მინდაო.
- კი, ბები, გაგატან. - დაუყვავა ბებიამ. მერე ფიფოს გახედა. - მაგრამ გზაში არ დაიშალოს, ძალიან ფრთხილად უნდა გადაატანინო.
- ეს უკვე ასაწყობიც იქნება. - დაუმატა მამიდამ. - ჯერ ამდენი წელი, ასე ხელუხლებელია და იცით, რომ როცა ინსტრუმენტს ადგილს შეუცვლი, მაშინაც კი უნდა აწყობა.
- მეც მაქვს მშობლების სახლში, ცოტას ვუკრავდი ხანდახან, მაგრამ ის არ მოსწონს ყმაწვილს. - გაეცინა ფიფოს. - ეს უნდა, მაინცდამაინც!
- შენია ბებო, აბა ვისია?! - მიესიყვარულა მამიდა. - მაგრამ აწყობის დროსაც, როგორ ფრთხილად აწყობდა ის კაცი, გახსოვს?
- ჰო, ჰო! - ჩაურთო სიდედრმა. - მეშინია არ დაიშალოსო, ძალიან ძველიაო. ჯერ კიდევ, რამდენი წლის წინ იყო ეგ.
- მაგრამ მაინც მშვენივრად ააწყო, ესეც ხომ გახსოვს! - მამიდა წამით ჩაფიქრდა. - მიმი იცნობს იმ კაცს. კარგი ხელოსანია.
- ჰო, მიმიმ გამოგვიგზავნა. - დაუდასტურა სიდედრმა. - მერე, გახსოვს? რას ათამაშებდა თითებს კლავიშებზეე. უჰ!
თითების თამაშის ხსენებაზე, ფიფო ცოტა შეცბა.
- მართლა, რას უკრავდაა. - ჩაურთო მამიდამ.
- მიმი იცნობს? - შეაპარა კითხვა ფიფომ.
- ჰო, მიმიმ მოიყვანა ადრე, დიდი ხსნის წინ.
- მე სად ვიყავი, მაშინ? - იკითხა დიმეომ.
- შენ ჯერ დაბადებულიც კი არ იყავი. - სიცილით მიუგო ბებიამ.
- და აწყობის დროს, რატომ უნდა დაშლილიყო? - იკითხა ფიფომ.
- ძალიან ძველია და მაგიტომ თქვა, თუმცა მანაც იმდენი ეწვალა, ბოლოს მაინც ააწყო, ძალიან კი ფრთხილობდა და დიდ ხანსაც მოუნდა.
- თუ აწყობის დროს, ასეთი საფრთხილოა, მაშინ ამის გადატანა, საერთოდ არც შეიძლება! - დაასკვნა ფიფომ.
- მე, რომ ეს მინდა! - გაჯიუტდა ბიჭი.
- ბებო, თუ დაიშლება და არ ივარგებს, მაშინ რად გინდა?
- მერე გამოვიძახოთ რესტავრატორი და თავიდან ავაწყობინოთ! - დაასკვნა მამიდამ. - მაგრამ ივარგებს კი?
- მოდი ასე მოვიქცეთ. - გამოსავალი ნახა ფიფომ. - ეს აქ დარჩეს, როცა გინდა მოხვალ და დაუკრავ. ჩვენი სახლისთვის კი, სხვა შევიძინოთ!
- რომ არ მომეწონა არც ერთი! - გაიბუსა ბიჭი. - მე ასეთი მინდა! ძველს, რომ ჰგავდეს! ძველი პიანინო მინდა! მინდა ძველი პიანინო!
ფიფო შეცბა. ბებიებმაც ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს. ბავშვი არ იყო პრეტენზიული და არც ზედმეტად მომთხოვნი, მაგრამ ახლა კატეგორიულად მოითხოვდა იმას, რაც გულით სურდა.
- მაშინ უნდა დავძებნოთ სადმე. - შეაშველა სიტყვა ბებიამ.
- მაღაზიებში არ იყიდება მასეთი. - ნაღვლიანი ხმით ჩაიბურდღუნა ბიჭმა.
- რამე გამოჩნდება. ოჯახიდანაც ხომ ჰყიდიან? შევარჩიოთ და რომელიც მოგეწონება, მე გიყიდი ბებო. - უთხრა მამიდამ.
- ნუ წუხდებით! - ჩაერია ფიფო.
- რატომ? მე ვუყიდი! - დაუმატა ახლა სიდედრმაც.
- მე თვითონ ვუყიდი, რა პრობლემაა? - არ შეეპუა ფიფო.
- მაშინ ვინც პირველი მოიძიებს და ვისიც მოეწონება, იმან იყიდოს! - დაასკვნა მამიდამ.
ყველას გაეცინა.
- აბა მიდი, მანამდე შენ დაუკარი, მოასმენინე ბავშვს, რამე. - უთხრა სიდედრმა.
მამიდა ინსტრუმენტს მიუჯდა და როცა უკრავდა, ბებიებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბავშვი იმდენად ნიჭიერი და მუსიკალურია, მელოდიას თითების თამაშსაც კი აყოლებსო. 
და იმ დღეს, ფიფო უკვე მესამედ ისმენდა ამას.
LEX. 2019 წლის 22 აპრილი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment