Monday, June 24, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 11)

11.
- ცხოვრების გასაგრძელებლად, ორი გზა არსებობს! მხოლოდ ორი! ან უნდა იბრძოლო, ან უნდა შეეგუო!
- თქვენ. კიდევ ერთი გამოგრჩათ! - მწარე ღიმილი შეაგება ვაჩემ. - მესამე გზაც არსებობს! სიკვდილი!
- ბიჭო, შენ უფრო ჭკვიანი მეგონე და რატომ ყურადღებით არ მისმენ? - ჩაეღიმა ფიფოს.
ბიჭმა გაკვირვებით შეხედა.
- მე ცხოვრების გზა გითხარი და არა საერთოდ გზები და ბილიკები. - გააგრძელა ფიფომ.
ვაჩემ მოწყენილად დახარა თვალები.
- მესამე უკვე, გზა აღარ არის! მესამე - დასასრულია! - ამოიხვნეშა ფიფომ.
ვაჩეს თავი არ აუწევია. ჩანდა, ფიფოს ეთანხმებოდა.
მაინც, რას შემოუჩნდა, ეს კაცი? მისგან ვერც ფულს აიღებს, ან სხვა რა პატივი უნდა სცენ, ისედაც გაღატაკებულმა ოჯახმა?
„იქნებ, დედაჩემს დაადგა თვალი?
არა! არა! მოვკლავ!
...მოვკლავ...
ვაიმე, რა მჭირს? მგონი, მართლა მკვლელად ვიქეცი და ეს კაციც, რაღას შემომიჩნდა?“
- ადამიანი, ყოველ წუთს, ყოველ წამს, რაღაც ახალს ნახულობს მის ცხოვრებაში. - ფიფომ წამით იყუჩა და უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - მაგრამ ხშირად, გვიან ხედავს, ან საერთოდ ვერც ამჩნევს იმ წამს!
ბიჭმა გაკვირვებული თვალები შეანათა.
- რაო? - ჩაეცინა ფიფოს. - ვერ მიმიხვდი, არა?
- ჩემს ცხოვრების სიახლე, მხოლოდ ცუდზე, კიდევ უფრო ცუდის დამატებაა.
- მე ვარ, შენს ცხოვრებაში ის წამი, რომელსაც უნდა ჩაეჭიდო! გესმის?! ბრიყვო ბავშვო! - ჩააშტერდა ფიფო.
- მერე მაგით, თქვენ რას მოიგებთ? - მწყრალად შეხედა ბიჭმა.
- შენს თავს! - ფიფოს გაეცინა. - ჰო! შენს თავს!
დუმილი ჩამოვარდა. ვაჩე ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, მართლა რა უნდოდა ამ კაცს, მისგან. ცხადია, რაღაც მართლა უნდოდა, მაგრამ რა?
„იმის სანაცვლოდ, რომ სასჯელს აგვაცილა მე და დედა, სამაგიეროდ, რაღაც სურს ჩვენგან. რას მოითხოვს, ნეტა? რისი გაკეთება უნდა მაიძულოს?
თუ ამას ჰგონია, რომ ყურმოჭრილი მონა იშოვნა, ძალიანაც სცდება!
ვნახოთ ერთი რა უნდა, რას მოითხოვს? შევეცდები ავიტანო, ჩემი დედიკოს ხათრით, ვეცდები გავუძლო. თუმცა, მაინც გააჩნია, რა უნდა ჩვენგან.“
ფიფო კი ჩაფიქრებული გასცქეროდა სკოლის ეზოს და არც არაფრის ახსნას ცდილობდა. ან როგორ უნდა აეხსნა, რომ ამ პატარა ბიჭში და ყველა ასეთ პატარა ბიჭში, პიპას ბავშვობას ხედავდა. და არა მარტო პიპასი, სხვა კიდევ ბევრის. იმ ხალხის, ვინც გზას აცდა და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა, ცხოვრების ყოფამ. და კიდევ იმ ხალხის, ვისაც თავის დროზე, წესიერი პატრონი და მფარველი არ გამოუჩნდა და ასე მრუდე გზით დაასრულა მისი ცხოვრება.
- არ გშია? - დაარღვია დუმილი ფიფომ.
ვაჩემ მხრები აიჩეჩა, ვითომ არც უნდოდა, მაგრამ მშიერი თვალები აუწყლიანდა.
- რა გინდა? რას შეჭამ? - შეეკითხა ფიფო.
- რა ვიცი... სულ ერთია... - ჩუმად წაილუღლუღა.
- რომ გეკითხებიან, ესე იგი, არჩევანის საშუალებას გეძლევა! - ცოტა რბილად შეუტია ფიფომ. - ჰოდა, გამოიყენე ეს შანსი! უკან, რატომ იხევ?
ვაჩემ მხრები აიჩეჩა.
- გეხვეწო? - არ მოეშვა ფიფო.
- არა! არაფერი მინდა! - მოიღუშა ბიჭი.
„მართლა, რას გადამეკიდა? რა უნდა ჩემგან?“
გაივლო გულში ვაჩემ და წარბშეკრული გახედა ეზოს.
ფიფომ საფულედან, ბარათი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა:
- აიღე რაც გინდა და შენთან გავაკეთოთ. ძველი ვალიც დაფარე.
„ძველი ვალი? ერთხელ ხომ უკვე დაგვიფარა? და მაშინაც, ბლომად რაღაცეები აიღო, მაგრამ ახლა საიდანღა იცის, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ნისიად აღებული? ესე იგი, გვითვალთვალებს! და, რატომ? რას მოელის? რისი გაკეთება უნდა, რომ გვაიძულოს?“
- რა გინდათ ჩვენგან?! რას გადაგვეკიდეთ?! - ვაჩე გაშმაგებული წამოიჭრა. - თუ რამეს მაბრალებთ, დამიჭირეთ! არ მეშინია, მაგრამ არ მოგცემთ ჩემი და დედას გამოყენების უფლებას! - ბოლო სიტყვებზე ბიჭს ხმა გაებზარა, ცოტაც და აღრიალდებოდა, მაგრამ დროულად მოახერხა, ადგილიდან მოსწყდა და სირბილით დატოვა იქაურობა.
ფიფოს ჩაეღიმა. არც გაკვირვებია. მშვენივრადაც მიუხვდა ბიჭს, რაც აშინებდა. ახლა უკან გამოკიდებას, მართლაც აზრი აღარ ჰქონდა. სხვა დროისთვის უნდა ეცადა. ან იქნებ, არც კი ღირდა ცდად?
„არა, არა! როგორ არ ღირს ცდად!“
ფიქრობდა ფიფო.
„შენ ადამიანი ხარ, შეგიძლია და დღეს გაქვს იმის საშუალება, რომ მშიერი დააპურო, უმწეოს ხელი გაუწოდო, გზა აბნეულ და ისედაც დაბნეულ და არეულ ბავშვს, სწორი გზა ასწავლო და ეს არ ღირს, ცდად? და იმის შიში გაქვს, რომ დაიხარჯები და მაინც არაფერი გამოვა?
ჰმ! რა პატარა ხარ, ადამიანო! მართლაც, რომ ერთი გრამი ტვინი გაქვს!
ჰო! შენ გეუბნები! შენ, ჩემო თავო! 
და რას ჰქვია, არ ღირს, ცდად? შენ ეცადე და დანარჩენს, ცხოვრება გამოაჩენს!
სამაგიეროდ ფიფო, სინდისი გექნება სუფთა და სარკეში ჩახედვისას, იქიდან ნაძირალას თვალები არ შემოგხედავს...
ირიბი მზერით.“
ფიფო დაიღალა. საშინლად დაიღალა. ადრე, უფრო მეტად დატვირთული რომ იყო პრობლემებით, თითქოს უფრო, საინტერესოდ მიდიოდა მისი ცხოვრება. ახლა კი, საათივით აწყობილ, დალაგებულ და ყველანაირად უზრუნველ ყოფას თითქოს უკვე, ვეღარ ეგუებოდა.
რაღაც აკლდა. რაღაც ისე ვერ იყო. დაუკმაყოფილებლობის და დაუმთავრებლობის შეგრძნება, სულ უფრო და უფრო, უჭამდა სულს.
„როგორ? როგორ უნდა გამოვიძიო პიპას საქმე ბოლომდე? საიდან უნდა მივუდგე, რომ რაღაც კვალზე მაინც გავიდე და ბოლოს და ბოლოს, დავასრულო და მივიყვანო მართლაც ბოლომდე?“
ცხადია მიმისგან, ვერაფერს გაიგებდა ისევე, როგორც ნათლიისგან. რაღაც, სხვა გზიდან უნდა მისდგომოდა, მაგრამ რომელი იყო ეს გზა? სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ვის უნდა ეთქვა?
- მამ! რომელია, ყველაზე დიდი ცოდვა? - ბავშვის ხმამ, ფიფო ფიქრებიდან გამოარკვია.
დიმეო პატარა იყო, ძალიან პატარა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით, ბევრად უფრო ღრმა აზროვნების უნარი გააჩნდა. უამრავ შეკითხვებს სვამდა და სულ რაღაცის გარკვევის ძიებაში იყო. ამაში ფიფო, საკუთარ თავს ხედავდა და ეამაყებოდა კიდეც. მიმიც ცალკე, კვერს უკრავდა და მთელი სანათესაოც, რომ ბავშვი, უთუოდ ფიფოს კვალზე მიდისო.
- დიდი და პატარა, არ არსებობს! ცოდვა - ცოდვაა! და არა აქვს მას საზღვარი! სადღაც, ადამიანის ქმედება, უსასრულობასაც ჰგავს.
- ესე იგი, მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ერთი და იგივეაო?
- კი მასეა, ორივე ქურდია! - გაეცინა ფიფოს.
- აბა ზოგს, ამდენი წელი მიუსაჯეს და ზოგს იმდენიო, აბა მაშინ, რატომ არის, ასე? - გაკვირვებით ჩაეკითხა დიმეო.
- უყურე შენ! რა დაკვირვებული ყოფილხარ! - ხმამაღლა გაეცინა ფიფოს. - აი, სწორედ მაგიტომაც არის, რომ ყველას თავისი მოეკითხება, თავისი წილი!
„ჰმ, ყოჩაღ ფიფოს.“
გაუელვა კარს უკან მდგარ მიმის, როცა ბავშვისა და ფიფოს საუბარს მოჰკრა ყური, ოთახში აღარ შევიდა, მაგრამ ვერც ყურის დაგდება შეწყვეტა შესძლო.
„რა მჭერმეტყველი ყოფილა და როგორ არ ვიცოდი. სათქმელს, ორატორივით გადმოსცემს, პიპასავით...
ჰმ, ეგ რაღამ გამახსენა. რაღა დროს პიპაა?! მისი ოდნავ ხსენებაც კი მზარავს.“
მიმის, არასასიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში.
მართლაც, რაღა დროს პიპა იყო, უკვე რამდენი წელი იყო გასული, მის გვამსაც კი ვერსად მიაგნეს.
მიმი არასდროს საუბრობდა პიპაზე. მისი სახელის გაგონებაც კი არ უნდოდა და ფიფოც მოეშვა, ზედმეტ შეკითხვებს აღარ უსვამდა, რადგან მის ხსენებაზეც კი, მიმი საშინლად ღიზიანდებოდა.
მაგრამ ეს ზიზღიც, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო? რაღაცას ხომ მაინც უნდა ჰქონოდა, დასასრული.
ფიფო საწოლში წამოჯდა. ძილის გაგრძელებას რა აზრი ჰქონდა? თუმცა, თვალიც არ მოუხუჭავს.
თენდებოდა.
„დაველოდები მიმის გაღვიძებას და სანამ ამ საკითხს, ბოლომდე არ გავარკვევ, ისე არ წავალ სამსახურში.“
საოცარი იყო, მიმი სამზარეულოში დაუხვდა. ჩაის დიდი ფინჯანი ხელებშუა მოექცია და მისი სურნელით ტკბებოდა.
- ვახ! დამასწარი ადგომა? მე კი მეგონა, რომ პირველი გავიღვიძე. - ფიფო სკამზე ჩამოჯდა.
- აი, ხედავ? დღეს ჩამოგერთვა პირველობა. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - დაგისხა ჩაი?
- და ასე უთენია, რამ გაგაღვიძა? - შეუბრუნა კითხვა ფიფომ.
- რაღაც, შემაჟრჟოლა. ცხელი ჩაი მომინდა. შენ?
- მეც შემაჟრჟოლა. - ფიფომ მკვეთრად გამოთქვა ბგერები.
მიმის გაეცინა.
- მაშინ, მეც დამისხი. - თბილი ხმით მიმართა ფიფომ.
- საუზმე? - მიმიმ მაცივარი გამოაღო.
- არა, ჯერ არ მინდა. მარტო ჩაი იყოს. - და უცებ მიახალა. - მიმი დაჯექი. სალაპარაკო მაქვს.
მიმი ფერმიხდილი სკამზე დაეშვა.
- მშვიდობაა? - ძლივს წაიჩურჩულა.
- კი, მშვიდობაა. - ღიმილით მიუგო ფიფომ. - დამშვიდდი. დავლიოთ ჩაი.
ერთხანს, დუმილიც ჩამოწვა. ფიფო თვალს არ აცილებდა, მიმი კი, რატომღაც დამნაშავესავით, თავჩახრილი ჩაჰყურებდა, ჩაით სავსე ფინჯანს და თითქოს, დალევას აღარც აპირებდა.
- ვიცი, რაღაც კითხვები გაწუხებს. - უკვე ვეღარ მოითმინა მიმიმ. - მაგრამ პასუხები, მე არ მაქვს! მკითხე, რაც გინდა, პასუხები კი, მაინც არ მაქვს.
- შენ ხომ არ იცი, რა უნდა გკითხო? ან რა მაწუხებს?
- ვხვდები. მიახლოებით მაინც ვიცი, რაც გაწუხებს, მაგრამ პასუხები, მაინც არ მაქვს. - მიმის თვალები აუწყლიანდა, მზერას ვეღარ უსწორებდა ფიფოს. - ზოგჯერ თავს, ძალიან ცუდად ვგრძნობ, იმის გამო, რომ იმ ავბედით დღეს, იქ გაგიშვი! მის დასახმარებლად გაგიშვი და ჩემი ბრალია ყველაფერი! ჩემს გამო, დაიზიანე ჯანმრთელობა, ჩემს კაპრიზებს შეეწირა შენი...
- მიმი, დამშვიდდი! რა გჭირს? - მოესიყვარულა ფიფო. - მე შენ, არაფერში გადანაშაულებ.
- შენ არა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ დავაშავე და ჩემი გულისთვის დაზიანდი.
- და ამიტომაც ხარ, ჩემს გვერდით? თავს მოვალედ სთვლი? - ფიფოს ხმაში, წყენა იგრძნობოდა.
- არა! არა! მარტო მაგიტომაც არა! - წამოენთო მიმი. - ჯერ, რომ მართლაც ვალდებული ვიყავი, გვერდში ამოგდგომოდი, რადგან მეგობარი ვიყავი და ვარ კიდეც! და კიდევ მეორე, ყველაზე მთავარი... - მიმის სიტყვა ყელში გაეჩხირა.
- მთავარი, ჩვენი მეგობრობაა და მეტი არაფერი. - შეეშველა ფიფო, თუმცა მშვენივრად მიხვდა, რომ მიმის კიდევ, სხვა რამის თქმაც სურდა.
„ან ახლა! ან არასდროს!“
გაიფიქრა ფიფომ.
„ბოლომდე უნდა ვათქმევინო სათქმელი! რის გულისთვის იტანჯება, ან ვისი გულისთვის, თვითონვე უნდა ამოხეთქოს.“
- გისმენ, გელოდები. - ამჯერად, ფიფომ დაარღვია დუმილი.
მიმიმ ამოიხვნეშა და უხმოდ დაუქნია თავი.
ფიფო მოსასმენად მოემზადა.
- თვითონაც არ ვიცი, რა მოგიყვე, ან რა გითხრა. - ჩუმი ხმით დაიწყო მიმიმ. - სწორედ იმ დაწყევლილ დღეს, ასეთ საშინელ ამინდში... საშინელ კი არა, მართლაც რომ, წარღვნა იყო! - მიმი შეყოვნდა, მაგრამ მალევე განაგრძო. - მისი ხსენებაც აღარ მინდა, გესმის! სწორედაც, რომ იმ დღიდან აღარ მინდა! არც არაფერი ვიცი მასზე და არც მინდა, რომ ვიცოდე! - მიმი გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - იმასაც კი ვარწმუნებ ჩემს თავს, რომ ბავშვი...
- ბავშვი ჩემია! - ფიფო წინ გადმოიხარა და მიმის თვალებში ჩახედა. - ჩვენ, საერთო შვილი გვყავს! - ფიფოს ხმა, საკმაოდ მკაცრად და დამაჯერებლად ჟღერდა. - და ამით, ამ თემაზე, საუბარი საბოლოოდ დაიხურა!
LEX. 2019 წლის 6 მაისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment