Monday, June 3, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 8)

8.
- დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ გადაბარგდა ბებია-ბაბუა, ამ სახლიდან? - ფიფო კვლავ, ბიჭის ალაპარაკებას შეეცადა. - რომელიმე, ხომ არ დაგადანაშაულათ, თავიანთი შვილის სიკვდილში?
- ყველაფერს დედას აბრალებენ! სულ ლანძღავდნენ ადრეც და ახლა, უფრო მეტად! - ბიჭი გაჩუმდა.
- მამის ლოთობასაც, დედას აბრალებდნენ, ალბათ. - მიეშველა ფიფო.
- ჰო! შემოსულიც არ იყო, ისეთ ამბებს დაახვედრებდნენ, რომ მამა მაშინვე, ჩხუბს იწყებდა, მერე ცემას, ყველაფერს ლეწავდა. - ბიჭმა თავი ჩაღუნა.
- დედას, მშობლები არ ჰყავს ალბათ, ჰო? - შეეშველა ფიფო.
ვაჩემ უარის ნიშნად თავი გააქნია და განაგრძო:
- დედა ადრე გათხოვდა, ძალიან პატარა გოგო იყო. ბებოს და ბაბუს არასდროს მოსწონდათ. სულ ლანძღავდნენ და ჩაგრავდნენ. უსწავლელს და უცოდინარს ეძახდნენ. აბა სწავლა, როდისღა უნდა მოესწრო? მამა მთელი დღე მუშაობდა, დედა ბაზარშიც დარბოდა, მეც მივლიდა და სახლსაც უვლიდა. მერე ჩემი ძმებიც გაჩნდნენ. მამა ხშირად იცვლიდა სამსახურებს. ვერსად ჩერდებოდა დიდ ხანს. დათვრებოდა და ურევდა. ის ბოლო სამსახურიც, რომ დაკარგა სულ გადაირია. ლოთობას მოუმატა, სულ გვცემდა ჩვენც და დედასაც. - ვაჩემ წყალი მოსვა და განაგრძო. - დედა კიდევ ორსულად იყო, როცა მამა მაგრად სცემა, წიხლი ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია, ძლივს გადარჩა. - ვაჩე ისევ გაჩუმდა.
ფიფო მშვიდად ელოდა, როდისღა გაგრძელებდა, ეს საბრალო ბიჭი, საუბარს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და უთხრა:
- მიდი, განაგრძე გისმენ. ხომ ხვდები, რომ აქ შენს დასაჭერად არ მოვსულვარ და არც არავის დასაჭერად.
- ალბათ, ფიქრობთ რომ... თუ ასეთ დღეში იყო, ამდენ შვილებს, რატომღა აჩენდაო, არაა?
- ნუ, თავისთავად ეგეც გავიფიქრე, მაგრამ ალბათ, თავად თუ დედისერთაა...
- დიახ! - შეაწყვეტინა ბიჭმა. - დედა სულ იმას ამბობს, ერთმანეთს, გვერდში უნდა დაუდგეთო. ბაბუა სულ ჯაჯღანებს, დაყარა ამდენი შვილებიო, ბებია კი, გამუდმებით აქეზებდა მამას, ეგ რაღა ცოლია, ყველაფერი ამოცლილი აქვსო. სავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო და ჯერ კიდევ, ძალიან ცუდად იყო, მაინც სამსახურს ეძებდა, ჩვენ სულ მშივრები ვიყავით. დედამ სხვა ვერაფერი იშოვნა, სკოლაში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. ახლაც იქ მუშაობს. თავიდან მიხაროდა, დედა ახლოს იყო, მერე კლასელებმა დაცინვაც დამიწყეს, რადგან დედა, ჩემს უჩუმრად, ჩემი კლასელებისა და მასწავლებლების სახლებსაც ალაგებდა. ზოგჯერ ტანსაცმელები, ცოტ-ცოტა საჭმელიც და ხან კი, მისი ნარჩენებიც მოჰქონდა. - ვაჩე გაჩუმდა, მაგრამ მალევე განაგრძო. - ამდენი დაცინვების გამო, ჩხუბი მომივიდა სკოლაში, მაგრამ დამრიგებელმა დამიცვა, - შრომა არც დასაცინი და არც სათაკილოაო. თუმცა, კლასელების უმრავლესობა, დღესაც ამრეზით მიყურებს და ეგ უკვე სულაც აღარ მადარდებს! ერთი სული მაქვს, სკოლას როდის დავამთავრებ და სამუშაოს როდის ვიშოვნი და... - ბიჭი ისევ გაჩუმდა, გული ყელზე მოაწვა.
- მოვა მაგის დროც, გახდები დიდი და იმუშავებ აბა რა. - შეაგულიანა ფიფომ. - მაგრამ ახლა, ჯერ ამ ამბებს მივხედოთ. გისმენ, განაგრძე!
- ჩვენ ზოგჯერ, ისეთი მშივრები ვიყავით, ძველი პურიც კი სანატრელი გვქონდა. ბებია და ბაბუა მამიდასთან დადიოდნენ, სადილობდნენ კიდევაც და ვახშმობდნენ. თავიანთი პენსიიდან, ერთ პურსაც არასდროს ყიდულობდნენ. უბრალო სუფიც, რომ ყოფილიყო იმისაც ისე დახვრეპდნენ, არც კი იკითხავდნენ, ბავშვებმა ჭამეს თუ არაო. ბოლო პურის ნაჭერსაც კი არ გვიტოვებდნენ. - ვაჩე ისევ გაჩუმდა. საუბრის გაგრძელებას, ვეღარ აბამდა თავს.
- და ახლა დედა, ავად იმიტომ არის, იმ ამბის გამო საავადმყოფოში, რომ იწვა?
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი.
- და იმ დღეს, ზუსტად რა მოხდა? - ისევ შეეშველა ფიფო.
- საშინელება. - ბიჭმა ისევ თავი ჩაღუნა და განაგრძო. - დედა, ჩემი ძმის კლასელის სახლში მუშაობდა. სადილიც მოუმზადა. ხორცისგან ძვლის ნარჩენები სახლში წამოიღო, ცოტა ბრინჯი და კარტოფილიც გამოატანეს. მთელი დღის მშივრები ვისხედით, მოუთმენლად ველოდით ცარიელი ძვლის წვნიანს. მამა ხმაურით დაბრუნდა, როგორც ყოველთვის, დედას ფულს სთხოვდა და თუ ვერ მიიღებდა... ცე... ცე... - ბიჭს ხმა აუკანკალდა.
- ჰო, მერე? - შეეშველა ფიფო.
- მთელი დღე, სად დაეთრევი და იქნებ, საყვარელიც გყავსო და თუ მართლა მუშაობ, სად მიგაქვს ის ფულიო. დედამ ქვაბზე მიანიშნა, მე ეს მაინც მოვახერხე და შენ კი, ამასაც ვერ აჭმევ შვილებსო. ამაზე მამა უფრო გადაირია, რომ დამიყარე ამდენი ნაბიჭვრები, ვინ გთხოვაო და ქვაბს ორივე ხელი ჩაავლო და ის ნანატრი, ცარიელი ძვლის ნახარშიც კი ძირს მოისროლა. პატარები ატირდნენ. ბებია-ბაბუა ოთახში შეიკეტნენ. მამა მთელი ხმით ყვიროდა, წაეთრიე ახლავე და ფული მიშოვნე, მეზობლებს გამოართვიო. როცა დედამ უარი უთხრა, თმებით გაათრია გარეთ. მეც გავეკიდე... - ვაჩე გაჩუმდა.
- და წყალი, აქ სად არის? როგორც ვიცი, ახლო-მახლო მდინარეც არ ჩამოდის. - შეეკითხა ფიფო, როცა ბიჭს, ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
- ეზოს უკან, დაუმთავრებელი მშენებლობაა. დიდ გუბურაში გროვდება წყალი, ზაფხულობით მთელი უბნის ბავშვები იქ ვგრილდებით.
- როგორც მივხვდი, შენ აშველებდი, არა? - ისევ შეაწია ფიფომ სიტყვა. - დედის დაცვა სცადე.
ვაჩემ უხმოდ დაუქნია თავი.
- წყალში აყვინთინებდა, მე რომ არ მიმესწრო დაახრჩობდა. ვეცი და ორივე ხელით ავაგლიჯე დედას. არ ვიცი, ამდენი ძალა, საიდან მქონდა, ისე მოვისროლე თვითონაც არ მოველოდი...
- მაშინ დაარტყა თავი, შენ რომ...
ვაჩემ, როგორც იქნა ასწია თავი და ფიფოს ცრემლიანი თვალები შეანათა:
- უკვე მკვდარი იყო... და... დედა არაფერ შუაშია!.. მკვლელი მე ვარ! დედა... არაფერ შუაშია, დედას არ მოუკლავს! დედა! - შემოსულ დედას შესძახა ბიჭმა.
შემცბარი ქალი, გაფითრებული სახით მიაშტერდა ფიფოს. მშვენივრად მიხვდა, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, მისი სტუმარი და შვილის გამოსარჩლება სცადა.
- ეს უბედური შემთხვევა იყო. უგონოდ მთვრალი მოვიდა. კიდევ სასმელს მოითხოვდა, მერე გარეთ გავარდა... ეს უბედური შემთხვევა...
- უბედურ შემთხვევად, მაშინ ჩაითვლებოდა, თუ დაუყოვნებლივ გამოიძახებდით ან სასწრაფოს, ან პოლიციას! - მკაცრად მიმართა ფიფომ. - თქვენ ხომ უფროსი ადამიანი ხართ? შედეგზე უნდა გეფიქრათ!
- აკი, ვიფიქრე და... - ქალმა მოთქმა დაიწყო. - ბავშვი არაფერ შუაშია, მაშინ მოირბინა, როცა უკვე მკვდარი იყო, მე ვკარი ხელი, უკან გადავარდა, თავი ქვას დაარტყა!
- თავის მართლებას მორჩით! - ხმას აუწია ფიფომ. - აღარ არის უკვე მაგის დრო! ამ შემთხვევაში, დანაშაული მარტო ის კი არ არის, თუ ხელი ვინ ჰკრა, არამედ გვამის გადამალვა და მკვლელობის დაფარვაა!
ქალი უსიცოცხლოდ დაეშვა სკამზე.
- მე მოვკალი... - წაილუღლუღა. - მერე წყალში გადავაგდე.
- არა დედა! არა! - აღრიალდა ბიჭი. - ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია!
უფროსი ძმის ღრიალზე, პატარა ძმები, ტირილით შემოცვივდნენ ოთახში.
- აბა დაწყნარდით ახლა! - ისევ შეუტია ფიფომ. - ხმა არ გავიგო! - მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - პატარები დაამშვიდეთ, აცალეთ მშვიდად დაიძინონ და მერე გადავწყვიტოთ რა გეშველებათ, ერთს, ან მეორეს, ან ორივეს ერთად!
ქალი დაბნეული თვალებით მიაჩერდა. ვერაფერი გაეგო, ვინ იყო ეს უცხო სტუმარი, ან რატომ ცდილობდა მათ დახმარებას? და სანაცვლოდ რას ითხოვდა?
- არსად მეჩქარება. - მიმართა ფიფომ გაოგნებულ ქალს. - დააძინეთ ბავშვები, გელოდებით! - მერე ასლუკუნებულ ბიჭს მიუბრუნდა. - ცხელ ჩაის დავლევდი, მხოლოდ შენთან ერთად.
ბიჭი ნაღვლიანი სახით წამოდგა.
ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა. ვაჩე ერთ ადგილას გაშეშდა. გული შეუქანდა. იფიქრა, ფიფო პოლიციაში თუ რეკავდა, მაგრამ მისი შიში, შედარებით უსაფუძვლო აღმოჩნდა, თუმცა არც სიმართლეს იყო მოკლებული.
ფიფომ თავის მეგობარ, ახალგაზრდა დეტექტივ, გალეოს დაურეკა. ძმაკაცურად მოიკითხა და სასწრაფოდ, იქ მისვლა სთხოვა.
ვაჩემ ფიფოს, ცხელი ჩაი დაუდგა და იქვე ჩამოჯდა.
- შენთვის რატომ არ დაისხი?
- არ მინდა. - უსიცოცხლოდ აიჩეჩა ბიჭმა მხრები.
- ხომ გითხარი, შენთან ერთად მინდა ჩაის დალევა.
ბიჭი ისევ მოიღუშა.
ფიფოს გაეღიმა.
პატარებმა მალევე დაიძინეს. დედა, უცნაური სტუმრის შორიახლო ჩამოჯდა.
ერთხანს, უხმოდ ისხდნენ. მარტო ფიფო წრუპავდა გემრიელად ჩაის. არც დედა და არც შვილი, პირს არაფერს აკარებდნენ, კრიჭაშეკრულნი ელოდნენ საშინელ განაჩენს.
როგორც იქნა, დადგა ის „ნანატრი“ წუთი და დეტექტივმაც კარი შემოაღო. ქალს მიტკლისფერი დაედო, აშკარად იცნო შემოსული სტუმარი. ფიფო მასპინძელივით შეხვდა, სკამთან ერთად, ჩაიც შესთავაზა.
- არა, რა დროს ჩაია. - უცნაური სახით მიაჩერდა ფიფოს.
- მოკლედ ასეთ სიტუაციას წავაწყდი და შენი გამოცდილებაა აქ საჭირო. - დაიწყო ფიფომ.
- ჩემი გამოცდილება? - ირონიულად ჩაეღიმა დეტექტივს.
- ჰო, კარგი! იყოს ჩემი გამოცდილება და შენი თანამდებობა!
- ახლა თანამდებობა? - ისევ გაეცინა გალეოს.
- რა იყო? რა გაცინებს? - ღიმილით მიუგო ფიფომ. - იმ დამხრჩვალი კაცის საქმეს, შენ არ იძიებ?
- ჰო, მაგრამ...
- ჰოდა, საქმის ვითარება, ასეთია, ჩემო გალე! - ფიფომ ჩაის ფინჯანი გვერდით გადადო. - მსხვერპლი, მოდიოდა სახლში, უგონო მთვრალი. აუცურდა, თუ ფეხი რაღაცას წამოჰკრა, სწორედ წყალში ჩავარდნის მომენტში დაარტყა თავი.
- არა! მასე არ იყო! - წამოიძახა ვაჩემ.
დედა უკვე ხვდებოდა, რომ ფიფო, მათ დასახმარებლად იყო მოსული და შვილს წყრომით გახედა. ბიჭმა თავი ჩაღუნა.
- ნუ დაახლოებით, ხომ იყო მასე! - არ შეეპუა ფიფო და მანაც წყრომით გადახედა ბიჭს. - მოვიდა სახლში იღრიალა, სასმელი მოითხოვა, ვერ მიიღო, მერე ფული მოითხოვა, ვერც ის მიიღო, თუნდაც იმიტომ, რომ ფიზიკურად არავის ჰქონდა! მერე გარეთ გავარდა! იქნებ, რამე მაინც ეშოვნა და აი! სწორედ მაშინ შეემთხვა, ის უბედურებაც! - დაასრულა ფიფომ და გალეოს თვალებში გამომცდელად ჩააშტერდა.
- კი, მაგრამ ეს კაცი მანამდე იყო უკვე მკვდარი, სანამ წყალში აღმოჩნდებოდა! - გაგულისებული შეეპასუხა დეტექტივი.
- ეგ, ექსპერტიზამ დაადგინა და მართლაც მასე იყო! - დაუდასტურა ფიფომ.
- და მერე? ჯერ მოკვდა, მერე ადგა და თავისით ჩახტა წყალში? - უკან არ იხევდა დეტექტივი. უკვე მიხვდა, ფიფო გასაცოდავებულ ოჯახის წევრებს იცავდა და თანაც, საშინლად მოუვიდა გული, რატომ წინასწარ არ შეუთანხმა და არ გააფრთხილა და თითქოს დააყვედრა. - არ მოგეთხოვათ, ექსპერტიზის ხელმეორედ გადამოწმება და მაშინ... - დასრულებაც ვერ მოასწრო, ფიფომ ხელით გააჩუმა.
- სწორედაც, რომ მედ.ექსპერტისგან, შენთან ერთად მოვისმინე, იმ დამცავი რეფლექსის შედეგად, როგორ ცდილობს, წყალში ჩავარდნილი მსხვერპლი გადარჩენას, მაგრამ როცა მთვრალი კაცი, სწორედ წყალში ჩავარდნის მომენტამდე, დაჰკრავს თავს და გონებაც ეკარგება, მაშინ?!
გალეო მოიღუშა. დედა-შვილი კი ფიფოს შესციცინებდნენ თვალებში. რასაც ის ამბობდა, უხმოდ, თავის დაკვრით უდასტურებდნენ.
- შეიძლება სულაც, იჩხუბა! თავის „ტოლსა და სწორებში“! - გააგრძელა ფიფომ. - იქნებ, რაღაცაზეც ვერ შეთანხმდნენ, ან სულაც სასმელი არ ეყოთ? ვერ გაიყვეს?
- რა, ვიცი? - უკმაყოფილოდ შეეპასუხა დეტექტივი. - მეზობლებიდან თავის დროზე ყველა დავკითხე!
- შეიძლება, სულაც არ არის ახლო მეზობელი და ვინმე სხვა უბნიდან, თავისნაირი ლოთი იყო? - ფიფომ მსხვერპლის ცოლს გადახედა.
- ეჰ, ლოთების მეტი რა არის ამ უბანშიც და სხვა უბნებშიც. - ფიფოს მისაშველებლად წაიკნავლა ქალმა.
- ჰოდა, ვიღაცამ ხელი ჰკრა, თუ თვითონ წამოედო რამეს, ფაქტია! რომ სწორედ გონების დაკარგვისთანავე ჩავარდა წყალში!
- ესე იგი, მკვლელობის ფაქტის ვარაუდი, არ გამართლდა? ჯერ მოკვდა და მერე მკვდარი მაინც წამოხტა და მდინარეში თავად გადაეშვა? - ეჭვიანად მოწკურა თვალები დეტექტივმა.
- რატომ მასე? - წარბი არ შეარხია ფიფომ. - მთვრალი ადამიანი წაიქცა, დაჰკრა თავი და მაშინვე გადაგორდა წყალში! და თანაც, მდინარე კი არა, ეს მშენებლობაზე წვიმის შედეგად დაგროვილი დიდი გუბურაა, აი მაშინ?
- გუბურა? - გაიკვირვა დეტექტივმა.
- ჰო! - თავი დაუქნია ფიფომ. - შენ კარგად გამოცდილი გამომძიებელი, რომ ყოფილიყავი პირველ რიგში, დანაშაულის ადგილს მოინახულებდი, მაგრამ ჯერ ახალბედა ხარ და არც მაქვს შენი განკითხვის უფლება!
გალეო მოიღუშა და დარცხვენილი ხმით წაიბურტყუნა:
- რადგან მკვლელობიდან, გარკვეული დრო იყო გასული, სამხილები უკვე განადგურებული იქნებოდა.
- ყოველთვის უნდა დაათვალიერო, დანაშაულის ადგილი და თანაც, არა ერთხელ და ორჯერ კი არა, იმდენჯერ, სანამ საქმეს, ბოლომდე არ გახსნი! ეგ ერთი შეცდომა ყმაწვილო და კიდევ მეორე! ეს მხოლოდ და მხოლოდ, უბედური შემთხვევაა და არა მკვლელობა! - ფიფომ სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო. - ეს ის უბედური შემთხვევაა, რომელსაც გარემოებამ, ძალიან ადვილად შეუწყო ხელი, რომ მკვლელობად გამოჩენილიყო, თუმცა ფაქტი სახეზეა! - ფიფომ გახევებულ დედა-შვილს გადახედა. - მოვწევ იქეთ და შემოვალ. - ფიფო დერეფნისკენ მიანიშნა.
- მეც გამოვალ! - წამოდგა დეტექტივი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ფიფოზე საშინლად იყო განაწყენებული.
- არა, იყავით, აქ მოწიეთ. - წაიკნავლა ქალმა.
- მამა საძინებელშიც კი ეწეოდა... - მიეშველა დედაზე არანაკლებ დაბნეული ბიჭი.
- მაშინ ფანჯარა გამოვაღოთ. - ფიფო დეტექტივისკენ მიბრუნდა და ირონიული ხმით დაუმატა. - და ნუ ბრაზობ!
- მოკლედ ასე! - დაიწყო ფიფომ. - ეგრეთ წოდებული, დანაშაულის ადგილას! ეგრეთ წოდებულს, ხაზს გავუსვამ. - აღნიშნა ფიფომ. - მშენებლობაზე არსებული გუბურა, მართალია, არც ტბა არის და არც მდინარე, მაგრამ ადვილად შეიძლება დაიხრჩოს წაქცეული, მთვრალი და მით უმეტეს, გონდაკარგული კაცი!
- ესე იგი, მისთვის არავის ჩაურტყამს? - ისევ ეჭვიანი მზერით გახედა გალეომ.
- აკი, გითხარი. - ფიფო წინ გადმოიხარა. - მშენებლობა იყო და არა ტრიალი მინდორი, მაგრამ ფონი?! - ფიფომ წამით შეისვენა. - ამ ყველაფერს, წინ უძღოდა, ოჯახის აწიოკება, ცოლ-შვილის ცემა-ტყეპა და აი, ამიტომაც შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვითომ, ეს უბედური შემთხვევა კი არა, მკვლელობა იყო! ჰოდა ახლა, საშინლად დავიღალე, გვიანია. ამ ხალხსაც მოსვენება უნდა. ხვალ მიხვალ სამსახურში, დახურავ ამ საქმეს და მორჩა! - ბრძანებასავით გაისმა ფიფოს ხმა.
დეტექტივი უსიამოვნოდ აიბუზა. მშვენივრად ხვდებოდა ფიფოს ეშმაკობას, მაგრამ მაინც არ მოსწონდა. თუნდაც, ის აღიზიანებდა, რომ ფიფო ასე რატომ არ ენდობოდა და ამ ხრიკით უნდოდა მოზარდი დამნაშავე აერიდებინა სასჯელს და თანაც სწორედ, რომ ეჭვმიტანილთა თანდასწრებით.
- დავხურავ, აბა რას ვიზამ! - მკვირცხლად უპასუხა გალეომ. - როცა ყველა ვარიანტს განვიხილავ! - ბოლო სიტყვებზე, თვალი თვალში გაუყარა ფიფოს.
- შენი ნებაა! - კვერი დაუკრა ფიფომ. - და ვალდებულიც ხარ! უნდა განიხილო, კარგად გადახედო, დაუკვირდე და დახურო!
დეტექტივი წამოჭარხლდა, სიბრაზეს ვერ ფარავდა.
- აბა წავედით! წავედით, თორემ ჩამომეძინა სკამზე. - ფიფო ადგილიდან წამოიწია.
ვაჩე მაშინვე წამოხტა და მიეშველა. დედამ ახლაღა შენიშნა სტუმრის ხელჯოხი.
- აბა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! - კარში გასვლისას დაიგრუხუნა ფიფომ და ერთი ხელის ჩავლებით, დეტექტივიც თან გაიყოლია და პირდაღებული დედა-შვილი, უკან მოიტოვა.
LEX. 2019 წლის 27 მარტი, ოთხშაბათი.

No comments:

Post a Comment