Thursday, May 30, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 128)

128.
- ადამიანის ტვინში, ასი მილიარდი ნეირონული უჯრედია, რომელიც გამუდმებით ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება, რის შედეგადაც ახალი წარმოიქნება და...
- კარგი, კარგი. - სიცილით შეაწყვეტინა ფიფომ ფსიქოლოგ ბიჭს. - გასაგებია! თუმცა, ბევრიც ვერაფერი გავიგე.
იონასაც გაეცინა:
- ჰო, მაგრამ, მაინც ხომ უნდა იცოდე, რა ხდება ადამიანის ტვინში, როცა...
- ჩემი მთავარი სამუშაო, იმაში მდგომარეობს, რომ. - კვლავ შეაწყვეტინა ფიფომ. - სწორედ ის! ზუსტი შეკითხვა დავსვა! იმიტომ, რომ ასევე ის! ზუსტი პასუხი მივიღო!
- მეც მაგას არ ვამბობ, მერე? - მხრები აიჩეჩა იონამ. - ყოველ ადამიანს, თავისებურად უნდა დაუსვა შეკითხვა, იმიტომ რომ ზოგჯერ, ასეც არის რომ ვითომ, არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ სინამდვილეში კი, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და...
- აი, სწორედ მანდ არის ის მომენტი! - ისევ შეაწყვეტინა ფიფომ. - რომ ზუსტად მივუდგე, ზუსტად - ის! შეკითხვა დავსვა! - ფიფო შეყოვნდა, მაგრამ მალევე გააგრძელა. - და კიდევ ისიც არის, რომ ზოგს ეშინია! ჰო, ზოგიერთ მოწმეს ეშინია დამნაშავის მხილება და ამასაც აქვს თავისებური, გამამართლებელი მიზეზი.
- აბა, ვის უნდა, თავი ხიფათში ჩაიგდოს? 
- თავისთავად! - მიუგო ფიფომ. - იმის გულისთვის, რომ დეტექტივმა საქმე გახსნას, მართლაც ხიფათში თავი რატომ უნდა ჩაიგდოს ჩვეულებრივმა, თუნდაც, რიგითმა მოქალაქემ?
- ჰო, მაგრამ თუ დამნაშავე არ დაიჭირე და არ შეაჩერე მისი კრიმინალური ქმედებანი, ის ხომ ახლა სხვა ბოროტმოქმედებასაც ჩაიდენს და ამ მოწმის სიჩუმით გამოდის, რომ ახლა სხვა ადამიანი ხდება კიდევ ერთი მსხვერპლი.
- ეგეც მართალია! - კვერი დაუკრა ფიფომ. - მაგრამ როგორ გინდა აიძულო ვინმეს, ოღონდაც მეტი სხვა მსხვერპლი არ იყოსო და შენი დედაც, შენ ჯანდაბამდე გზა გქონიაო?
იონას ცალყბად ჩაეღიმა და თავი დაუქნია.
- არის კიდევ ისიც, რომ. - განაგრძო ფიფომ. - ზოგმა შეიძლება, მართლაც არ მიაქცია ყურადღება და ამ დროს დანაშაულის ადგილთან, ყველაზე ახლოს იმყოფებოდა. ზოგი მოწმე კი, ვერ ხვდება, ზუსტად რა მოგიყვეს. ხან ასე ჰგონია და ხან ისე, ამიტომაც თვითმხილველნი, ხშირად ცვლიან ჩვენებას. თუმცა, ზოგჯერ, ნებით თუ უნებლიეთ, თვითონ დეტექტივიც კი უბიძგებს და ფაქტიურად საუბარს თვითონ მართავს, მერე მოწმეც უდასტურებს, ჰო! ჰო! მასე იყოო და სინამდვილეში იქნებ, სულაც არ იყო მასე!
- ძალიან ცუდია ეგ!
- ცუდია, აბა რაა! - კვერი დაუკრა ფიფომ. - ზოგჯერ შემთხვევითაც მოსდის დეტექტივს. დაუფიქრებლობის გამო, ზერელედ იძიებს საქმეს, მაგრამ ზოგჯერ კი, შეგნებულადაც უბიძგებს.
- და მერე რატომ იქცევიან ასე? - შუბლი შეკრა იონამ. - ეს ხომ უსამართლობაა?!
- ეჰ, ამის არა ერთი მიზეზი შეიძლება დაასახელო. - ფიფომ ასანთის კოლოფი ხელში შეათამაშა. - თუნდაც ის, რომ დეტექტივი, საშინლად გადაღლილია და ერთი სული აქვს, სახლში დროზე წავიდეს და ვეღარ უწევს კონტროლს, სად არის სიმართლე და სად არა! 
- და მერე? - ჩაეკითხა იონა. - რატომ არ გადაულოცავს სხვას საქმეს? ვინც თავისუფალია იმ მომენტში და ნაკლებად დაღლილიც არის.
- ჰმ, არც მასეა საქმე. - ჩაეცინა ფიფოს. - გამოძიებას ოფიციალურად შენ გავალებენ და შენ უნდა წარუძღვე ამ საქმეს, ეგ ერთი და კიდევ მეორეც, ყველას უნდა რომ თავად გახსნას საქმე და კიდევ ისიც, რომ ასე შენს გემოზე არ არის, ეს არ მომწონს და სხვა საქმე მირჩევნია, ან დაღლილი ვარ, მეძინება, მშია!
- ჰო, რთულია. - იონასაც ჩაეღიმა.
- და კიდევ იმიტომ იქცევა ზოგიერთი დეტექტივი ასე ცუდად, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ტყუილ-მართალი! მისთვის მთავარია, საქმე დროულად დახუროს, პრემიაც ჩაიჯიბოს და მქუხარე ოვაციებითაც დაჯილდოვდეს! 
- ჰმ.
- თუმცა, ზოგჯერ კი, მოწმეც ისე ოსტატურად სტყუის. - განაგრძო ფიფომ. - თუნდაც იმიტომ, რომ თავი გამოიჩინოს. ანდა რაში სჭირდება, ეს თავადაც არ იცის!
- ან ძალიან კარგადაც იცის! - ჩაურთო იონამ.
- არც ეგ არის გამორიცხული და მაგიტომაც, ამდენი ხანი ვერ გავხსენი ეს საქმე ისე, როგორც წესია და როგორც კანონი ითვალისწინებს, თორემ რა უნდოდა მაგას? - ჩაეცინა ფიფოს. - შევტენიდი ერთ დამნაშავეს ერთ საქმეს, მეორეს - მეორე მკვლელობას და ასე! თექვსმეტი გაუხსნელი საქმე მადევს კისერზე! და  ჯერ კიდევ ძვრა არა აქვს! - ფიფო ემოციებისგან ადგილიდან წამოიჭრა და სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი.
- ყველა გზა იქითკენ მიდის, სადაც სამხილი საერთოდ არ არსებობს და ვერაფერს უმტკიცებ იმ ერთადერთ ეჭვმიტანილსაც და იქნებ, სულაც სხვა არის? - კვლავ ჩაეკითხა იონა.
სიგარეტის მოსაწევად აივანზე გასულმა ფიფომ თავი შემოჰყო:
- ფაქტების შეუსაბამო არ ნიშნავს, რომ მცდარ გზაზე ვდგავარ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, სულ სხვა იყოს მკვლელი. - ფიფომ თავი გააქნია და ამოიხვნეშა. - თუმცა, მეტი სხვა ეჭვმიტანილიც არც არავინ მყავს! 
- მაინც ვერ ვხვდები. - მხრები აიჩეჩა იონამ. - თუ ყველა ეს შურისძიება, მისი ბავშვობის ტრავმის გამოვლინება და შედეგი იყო, მაშინ ის ექიმი, რატომღა მოკლა? ის ხომ არ იღებდა მის წარსულში მონაწილეობას?
- სამაგიეროდ, მამამისს ჰქონდა პირდაპირი კავშირი!
- და კიდევ ერთი გვამით მეტი, უკვე აღარაფერს შეცვლიდა? - იონამ ტუჩები დაბრიცა და დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა. - ესე იგი, მკვლელი განვითარდა.
- რაა? - ფიფო ლამის ოთახში შემოვიდა.
- ან აქ მოსწიე, ან კარი მიიხურე! - შეუფუცხუნა ფიფოს ხანუმამ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და ბიჭების საუბარში არ ერეოდა.
- ვერ გავიგე? - ფიფო უკვე ოთახში იდგა. - რა მკვლელი განვითარდა?
- მკვლელობა გა-ნა-ვი-თა-რა! - დაუმარცვლა ბიჭმა. - გაიზარდა, როგორც მკვლელი, როგორც უკვე ჩამოყალიბებული კრიმინალი და ახლა უკვე, სხვასაც გადასწვდა. მას ვინც, მსგავს საქმიანობას ეწევა, რომლის გამოც, ბოროტმოქმედად იქცა!
- გავიგე, გავიგე! ესე იგი, უკვე ფართო საზოგადოებისთვის ხდება საშიში და მარტო კონკრეტულ მსხვერპლზე კი აღარ ნადირობს! მდაა...
ფიფო ჩაფიქრდა.
„კიდევ კარგი, დროულად მოვარიდე მიმი.“ 
- იქეთ რა ხდება? - დაარღვია დუმილი ფიფომ. - არის რამე საინტერესო?
- საშენოდ საინტერესო არაფერი, მაგრამ ისე...
- რა, ისე? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- ის ბავშვი არის ძალიან საინტერესო.
- ნუ, ეგ თავისთავად. - მიუგო ფიფომ. - განსხვავდება ჩვეულებრივი ბავშვებისგან. თანაც, შენი პროფესიიდან გამომდინარე უფრო და უფრო მეტად საინტერესო იქნება შენთვის.
- არამარტო ჩვეულებრივი, არამედ თავისნაირებისგანაც, ბევრად განსხვავებულია.
- ეგ როგორ?
- ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე სხვა მასავით მსგავსი სინდრომით დაბადებული ბავშვები.
- ჰმ, ესე იგი, თავს უფრო უმწეოდ გვაჩვენებს და სინამდვილეში კი, ბევრად ჭკვიანია. მამამისივით გვაბოლებს? - ჩაეღიმა ფიფოს.
- არა! სულაც არ გვაბოლებს! - თავი გააქნია იონამ. - არც უმწეოდ გვაჩვენებს თავს. უბრალოდ, ის არის, რაც არის.
- ანუ? 
- აი, რომ დასვა, მისი მსგავსი სინდრომიანი, თუნდაც, ათი ან ოცი ბავშვი მასთან ერთად, ეს ბავშვი, ბევრად უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე ის სხვა ცხრა, თუ ცხრამეტი დანარჩენი.
- და ის დანარჩენი ცხრა თუ ცხრამეტი, ერთი დონის იქნება?
- შეიძლება, არც იმდენად ყველა ერთი დონის იყოს, მეტ-ნაკლებად მაინც განსხვავდებიან, მაგრამ ამ ბავშვს, მიუხედავად ასეთი სინდრომისა, მაინც განსაკუთრებული ნიჭი აქვს!
- ჰოო? - ფიფომ წარბები აზიდა. - და მაინც?
- საოცარია, მაგრამ ფიბონაჩის არითმეტიკული გათვლით აგებს კონსტრუქციას!
- რააა? - გაიკვირვა ფიფომ. - რა კონსტრუქციას?
- კონსტრუქციის აგებას, გარკვეული არითმეტიკული კანონზომიერება აქვს!
- ჰაჰ, და მერე რა ესმის იმ ბავშვს, არითმეტიკული კანონზომიერების? - ჩაეცინა ფიფოს.
- უბრალოდ კი არ თამაშობს და უაზროდ კი არ აწყობს ფიგურებს, არამედ ზუსტი გამოთვლით აგებს! - აღფრთოვანებული ხმით უხსნიდა იონა. - იმ ბავშვმა იცის, რომ ბუნებაში, ყველაფერი არითმეტიკული გამოსახულებაზეა დაყრდნობილი და... 
- რა არითმეტიკული გამოსახულება იცის! ნუ გადამრიე! - გააწყვეტინა ფიფომ.
- ჰო, იცის-მეთქი! გრძნობს! შინაგანად უფრო გრძნობს და იცის, რომ ეს არ არის უბრალოდ რიცხვებთან თამაში! ეს ბუნებრივი კანონზომიერი მოვლენაა!
- აუჰ! - შეიცხადა ფიფომ და ირონიული სახით მიაჩერდა ბიჭს.
- ერთი კარგად აგვიხსენი, რა ხდება. ჩვენ, იურისტებს, მარტო იურიდიული კანონები გვესმის და ამდენი, არც ვიცით. - ღიმილით ჩაერია ხანუმა.
- ხომ ვთქვი, უკვე? ბავშვი უბრალოდ კი არ ამატებს ფიგურას ფიგურაზე, არამედ ზუსტი კანონზომიერებით აწყობს!
- ჰოო? და რას აწყობს ასეთს? - ფიფო ღიმილსა და ირონიას უკვე ვეღარ ფარავდა.
- აი ნახე! - იონამ მაგიდაზე რამდენიმე ნივთს ერთად მოუყარა თავი. - მიდი აბა, ერთმანეთთან მიაწყვე და თან დათვალე!
- კი ბატონო! - ფიფომ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ნივთების დაწყობა და თან დათვლა. - ეს ერთი, ეს ორი, ესეც სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი.
იონას გაეღიმა.
- რა იყო? რა? ვერ დავთვალე? - ისევ ჩაიცინა ფიფომ.
- საქმეც მაგაშია, რომ ვერა! - ნიშნის მოგებით მიუგო იონამ.
- ოჰ, კაი ერთი! რაღაცას ურევ ახლა!
იონა ისევ იღიმოდა, ჩანდა დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში.
- რას იკრიჭები? - გაცხარდა ფიფო. - რა იყო? მართლა ვერ დავთვალე, თუ რა? ჰაჰ!
იონამ ნივთების ერთმანეთთან წრიულად დალაგება დაიწყო და ახსნასაც შეუდგა:
- დავიწყოთ იქიდან, რომ ფიბონაჩიმ, მან პირველმა შემოიღო ნული, Zeroროგორც დამოუკიდებელი რიცხვი, რომლის სახელწოდება წარმოიშვა, „ას-სიფრის“ - ცარიელი! ლათინური ფორმიდან - Zephirum!
- აჰა! - გაეღიმა ფიფოს. - მერე?
- ჯერ 0 და 1, მერე 1 და 1, მერე 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144. გესმის რას ვგულისხმობ? ეს ყველაფერი, ფიბონაჩის ციფრებია! - აღფრთოვანებული ხმით წამოიძახა იონამ.
- აუჰ! და მერე?
- მერე ის, რომ ბავშვმა ზუსტად, სპირალისებური სიდიდის ზრდადობით აწყობს და ამის მიხედვით, მთელი სიზუსტით თვლის. შენსავით კი არ დათვლა, არამედ ფიბონაჩისეულად გამოთვალა!
- რაა?! - აღმოხდა ფიფოს. 
- დააცადე, ერთი კარგად აგვიხსნას. - ჩაერია ხანუმა.
- რაშია იცით საქმე? - იონა სკამზე შესწორდა და მთელი მონდომებით დაიწყო ახსნა. - ამ რიცხვთა თანმიმდევრობითი ნაკრები ცნობილია, როგორც ფიბონაჩის რიგი! ბუნებაში ერთ-ერთი საყურადღებო და ყველაზე გავრცელებული სპირალისებური ფორმაა!
- ეგ, ხომ ისედაც ვიცით. - ფიფომ მხრები აიჩეჩა.
- საქმეც მაგაშია, რომ ადამიანებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს აი, თუნდაც ხის ტოტზე ფოთლების ხვეული და სპირალური წყობა. იცით, რომ გოეთეც კი აღნიშნავდა ბუნების მიდრეკილებას სპირალური ფორმისადმი. ბოტანიკოსებისა და მათემატიკოსების ერთობლივმა მცდელობამ ნათელი მოჰფინა ბუნების ამ საოცარ მოვლენას! - იონა გაჩუმდა, მაგრამ როცა შენიშნა, როგორი ინტერესით მისჩერებოდნენ მას, კვლავ განაგრძო. - სპირალისებური წყობა, ფიბონაჩის რიგის და ოქროს კვეთის პრინციპით ვლინდება! აი, თუნდაც მზესუმზირას მარცვლებისა და ასევე თაფლის ფიჭის წყობაში, ფიჭვის გირჩებში, ანანასის ქერქის მოხატულობაში, კაქტუსში და ასე შემდეგ და სწორედ იგივე პრინციპებით ლოკოკინას ნაჭუჭიც და დაუკვირდით რა საინტერესოა? პატარა, ათ სანტიმეტრიან ნაჭუჭს გააჩნია ოცდათხუთმეტ სანტიმეტრიანი სპირალი.
ხანუმა და ფიფო კვლავ სულგანაბული უსმენდნენ. იონა კი არ ჩერდებოდა.
- სხვათა შორის. - განაგრძობდა ბიჭი. - ველოტრეკიც სპირალისებურ ფორმაზეა დაყრდნობილი და ის ველოსიპედისტი უფრო ახლოსაა, ვინც ქვედა ზოლზეა, მაგრამ ის უფრო სწრაფად იღებს გარბენს, ვინც ზედა ზოლზე მოძრაობს!
ფიფო გულისყურით უსმენდა. ერთი დეტალიც არ გამოჰპარვია. ჩანდა, რომ უკვე კარგად ჩასწვდა იონა რასაც უხსნიდა. 
ფსიქოლოგი ბიჭი კი, ისეთი ემოციებით ხსნიდა და ისე განაგრძობდა საუბარს, თითქოს გაჩერებას არც აპირებდა:
- თავისი ტრაქტატით, რიცხვთა თანმიმდევრობის შესახებ ფიბონაჩიმ, შეიძლება ითქვას, კაცობრიობას შეახსენა ოქროს შუალედის თეორია, რომელიც ადრეც კარგად იყო ცნობილი! განსაკუთრებით, ძველი ეგვიპტელებისა და ბერძნებისთვის და მართლაც, მათ რომ არ სცოდნოდათ ეს კანონზომიერებანი, აბა  მაშინ, როგორ ააგებდნენ ამხელა და უზარმაზარ კონსტრუქციებს?
- ნუ, ჰო, თავისთავად! - კვერი დაუკრა ფიფომ. - ფაქტია, რომ იცოდნენ და თანაც, ძალიან კარგადაც.
- ფიბონაჩის ნაშრომის გამოქვეყნების შედეგად. - კვლავ განაგრძო იონამ. - სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი კანონზომიერებები მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტრონომიაში, ბიოლოგიაში, არქიტექტურაში, სახვით და მუსიკალურ ხელოვნებაში და მრავალ სხვა სფეროში! და სწორედ ეს კანონზომიერებები შეესატყვისებოდნენ, ფიბონაჩის კოეფიციენტებს. ნაშრომმა "Liber abaci" - ხელი შეუწყო ევროპაში, რომაულზე უფრო სრულყოფილი, ათობითი არითმეტიკული გათვლითი სისტემის გავრცელებას! და სწორედ ამ ნაშრომმა ჩაუყარა საფუძველი, მთელი რიგი მათემატიკური კანონზომიერებების გამოვლენას, მათ შორის ისეთს, როგორიცაა, ოქროს კვეთა! ოქროს პროპორცია, ან ოქროს შუალედი! ხოლო ოქროს კვეთა კი, ეს არის ჰარმონიული გაყოფა, მთელის, ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი, ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი, მთელს ან პირიქით! ესე იგი, მთელი, ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი, მცირეს! და საოცარიც ეს არის, რომ ის ბავშვიც, სწორედ ასე თვლის: a:b=b:c ან с:b=b:аდა ფიგურებს აწყობს ამ პრინციპით!
იონა როგორც იქნა, გაჩუმდა და ფიფომაც ამოისუნთქა.
- მამამისი ავარჯიშებს ალბათ. - დაასკვნა ფიფომ.
- შესაძლებელია! - ჩაურთო ხანუმამ. - მაგრამ რაც არ უნდა ავარჯიშო და ასწავლო, მით უმეტეს, ასეთ ბავშვს, ასე ადვილი არ არის მიაწვდინო. ბავშვს უდავოდ, განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მიუხედავად თავისი სინდრომისა. - ხანუმა სამზარეულოსკენ გალასლასდა. 
- ჰმ, საინტერესოა. - ჩაილაპარაკა ფიფომ.
- თან ძალიან საყვარელი და თბილი ბავშვია. - იონა გაჩუმდა და მერე უფრო ჩუმად დაუმატა. - ისეთი მოწყენილი იყო გუშინწინ.
- რატომ?
- სიცხეებს აძლევს, როცა რამეს განიცდის. იმდენად ემოციებში გადადის, რომ... მარტო... - იონა გაჩუმდა.
- რომ, მარტო? - ჩაეკითხა ფიფო.
- მარტო მამამისი ამშვიდებს. მის გარეშე ძალიან უჭირს. - იონამ ფიფოს თვალი აარიდა.
- ჰმ. - ჩაეღიმა ფიფოს. 
„ესე იგი მამა, რომ „გაისროკოს“ ბავშვი ამას ვერ გადაიტანს? ვითომ? 
და მერე? არ უნდა ეზრუნა მამამისს ამაზე? თუ მე უნდა ვიზრუნო და მარტო ჩემი სადარდებელია?“
ფიფომ შეამჩნია, რომ იონა, თვალს ვერ უსწორებდა. თითქოს, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ უბედავდა.
- და კიდევ? კიდევ ხდება რამე? - მიუხვდა ფიფოც. 
- სიცხეები აქვს, რაღაცას განიცდის, არ იციან რატომ, მაგრამ... - იონამ ისევ აარიდა თვალი.
- ჰო, მითხარი ბარემ! - ფიფოს მოთმინება დაელია.
- ეს დღეები თურმე, სულ მიმის ახსენებს, საშინლად ენატრება, ძალიან დარდობს და... - იონა გაჩუმდა და დამნაშავესავით დახარა თავი.
ფიფო შეცბა. ვერაფერი უპასუხა. სათქმელიც არაფერი ჰქონდა. ჩანდა, რომ მიმი ბავშვს აღარ ნახულობდა. მშვენიერი იყო ფიფოსთვის ეს ინფორმაცია. 
„ესე იგი, აღარ დადის იქ. იქნებ, დაურეკა და მიმი არ წავიდა? ან იქნებ, აღარც ურეკავენ ერთმანეთს?“
- ისეთი გემრიელი ჩიხირთმა მაქვს მომზადებულიი. - ოთახში ნელი ნაბიჯებით ხანუმა შემოლასლასდა. - აი, ვინც ახლა არ შეჭააამსსს!
- ჯერ არც გვისაუზმია და პირდაპირ სადილზე გადავიდეთ? - დაიჯღანა იონა.
- ასეთი უჭმელი არაფერი მინახავს! - გაასავსავა ხელები ხანუმამ. - ბეღურა ჩიტივით კირკნის!
- რას ამბობ? - მწყრალად გადახედა ფიფომ ბიჭს. - სწორედაც, რომ ჩიხირთმის ამინდია, თან წუხელ ბევრი მომივიდა, ძლივს მივედი სახლში.
- ჰოდა, ბახუსის წამალია. ეს კი იჯღანება აქ! - ჩაიქირქილა ხანუმამ. - სადილობის დროს არასდროს არის სახლში და აბა როდისღა ვაჭამო სადილი?
- რა აუცილებელია სახლში სადილობა? - თავი გააქნია იონამ. - საუზმის გარეშე, მაინც არ მიშვებ სახლიდან.
- დილას კვერცხი! - განაგრძო ხანუმამ. - საღამოსაც კვერცხი! მალე ალბათ კაკანს დაიწყებს!
- ჰაჰა! - გაეცინა ფიფოს.
- რა ვქნა აბა? არ მიყვარს მძიმე საჭმელები. - წაიბურტყუნა იონამ.
- არ გიყვარს კი არა, არ ხარ მიჩვეული! დამაცადე, მე შენ გამოგზრდი! - დაუქნია თითი ხანუმამ. - კაცურად უნდა მიგაჩვიო საჭმლის ჭამას!
LEX. 2017 წლის 18 ნოემბერი, შაბათი.

No comments:

Post a Comment