Wednesday, May 29, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 113)

113.
ფიფოს მოთმინება ელეოდა. მიმი პასუხს აგვიანებდა. რა ხანია უკვე ზღვიდან ჩამოვიდნენ და მიმიმ მაინც ვერ მიიღო გადაწყვეტილება. 
მშვენიერი დრო გაატარეს. კარგადაც დაისვენეს და კარგადაც გაერთნენ და მაინც ჯერ კიდევ უახლოეს მეგობრებად დარჩნენ, რადგან მიმი პასუხს აჭიანურებდა. 
ფიფოს მშვენივრად ესმოდა, მიმი ასე რატომაც იქცეოდა, ამიტომ არ აძალებდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ზუსტად აეხსნა, თუ რატომ ჰქონდა ბავშვისთვის მის დროულ პასუხს, ასეთი დიდი მნიშვნელობა. 
მიმიც ეთანხმებოდა. ფიფო მართალი იყო, მაგრამ პასუხი მაინც ვერა და ვერ აღირსა. იქნებ, მაინც გულში ფიქრობდა, რომ ოდესმე პიპა... 
და რა იცოდა, რომ ფიფოც ამასვე ფიქრობდა, მხოლოდ უფრო სხვა, ბევრად უფრო მძიმე კუთხით.
- ისე რა დარწმუნებული ხარ, რომ ნაღდად ეგ არის? - ჰკითხა მხატვარმა. 
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო, რომ ყველა გზა მაქეთკენ მიდის. - განაგრძო მხატვარმა. - მაგრამ ჯერ ერთი, რამდენი მიტოვებული და ობოლი გაიზარდა იმ ბავშვთა სახლში? ჰა? მეც ხომ ვცხოვრობდი იქ, რამდენიმე წელი, მაგრამ არც მკვლელი გამოვსულვარ და არც ავაზაკი. მაგ კრიტერიუმით მართლა ხომ ვერ განსაზღვრავ, ვინ რა გამოვა? 
ფიფომ ისევ არაფერი უპასუხა. ჩაფიქრებული სახით აყოლებდა თვალს სიგარეტის კვამლს. 
- და მაინც უცნაურია. - მხატვარმა ცარიელი ჭიქა გვერდით გასწია. - ასეთი ჭკვიანი განათლებული კაცი, იმის გულისთვის დაერია და დახოცა ეს პენსიონერი ხალხი, რომ იქ იზრდებოდა? ან თუ კი აიყვანეს და მერე მიაბრუნეს უკან, მხოლოდ იმ ოჯახის ამოხოცვა, ნუთუ არ იყო საკმარისი? 
- რატომ მხოლოდ იმ ოჯახის? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ფიფომ. - მსხვერპლთა სიაში, მისი ბიოლოგიური ბაბუაც შედის და ყველა ის ხალხი, ვინც არა მარტო მის, არამედ სხვა ბავშვების გაყიდვასა და უკანონო გაშვილებაშიც იღებდნენ მონაწილეობას! 
- ხო, მაგრამ რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - მე უფრო სულ სხვა მგონია. ფსიქოპათი სულ სხვანაირი ტიპი მგონია და... 
- და რა? - ჩაეკითხა ფიფო. - ჩვენ ხომ ვისაუბრეთ ადრეც მაგაზე? სანამ დანაშაულში არ ამხელ, მანამდე ვერც გამოარჩევ ჩვეულებრივი ხალხისგან! 
- იცი... - მხატვარი წამით შეყოვნდა. - ადრე დარწმუნებული ვიყავი და ახლა რაღაც მაინც... მე მაინც ვიღაც სულ... აი, სულ სხვანაირ ტიპაჟზე ვფიქრობ უკვე... უკვე მართლა აღარ მგონია, რომ ეგ ტიპი შეიძლება იყოს! 
- რა იყო?! - გაკვირვება ვერ დაფარა ფიფომ. - შემთხვევით, ხომ არ ამართლებ?! 
- არა, მკვლელს კი არ ვამართლებ! ხომ გითხარი. - მხატვარი შეყოვნდა. - იქნებ, ეს ის არ არის, ვინც შენ გგონია და... 
- ვერ გავიგე? 
- რა ვერ გაიგე? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - რაღაც ვერ ჯდება იმ პროფილში, ჩვენ რომ... 
- მე შენი პოზიცია ვერ გავიგე, თორემ იმას კი ვხვდები, რასაც ახლა ამბობ! - თავი გააქნია ფიფომ. - აი, სწორედაც რომ საქმეც მაგაშია, რომ არ ჯდება და ვერ ჯდება იმ სტანდარტულ პროფილში, რომელსაც ჩვეულებრივი კრიმინალი ჰქვია, რადგან ტიპიური ფსიქოპათია! - ფიფო წამით შეყოვნდა და მერე ცინიკური ღიმილით დაამატა. - ეს არაჩვეულებრივი ფსიქიკის კრიმინალია და ჩვეულებრივი მკვლელები, მასთან ახლოსაც კი ვერ მივლენ. 
მხატვარმა არაფერი უპასუხა. უკმაყოფილო სახით გაღეჭა ასანთის ღერი. 
მდუმარება, გარედან შემოსულმა ხმაურმა დაარღვია. ეზოში მეზობლის ქალები ჩხუბობდნენ და საშინლად ილანძღებოდნენ. ბოლოს ლამის მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ბიჭები, რომ არ ჩარეულიყვნენ ალბათ, ერთმანეთს თავებსაც გაუხეთქავდნენ. 
ეზოში აქეთ-იქეთ მიმოფანტული საოჯახო ნივთები ეყარა. 
მხატვარი ჩვეული სიმშვიდით იცავდა ერთს, როცა მეორე ბოლო ხმაზე კიოდა და ბოლოს მაინც ორივე მართლები გამოჰყავდა. 
ფიფო სიცილისგან ბჟირდებოდა და რაც შეეძლო თავს იკავებდა, რომ მოჩხუბარ ქალებს არ შეემჩნიათ.
ერთ-ერთი „დაზარალებული“ ქალი გაცხარებული ამტკიცებდა, რომ ყოველდღე მეზობლის კატა მის ოთახში ძვრებოდა და საჭმელს უჭამდა. 
- თქვენ ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებთ და მაგიტომაც სულ თქვენთან ძვრება. აი ერთხელ, გემრიელ სუნზე შემოძვრა, დააგემოვნა და მის მერე, რადგან გასინჯული კერძი ასე ეგემრიელა, ვეღარც გშორდებათ! - ცოტა არ იყოს ირონიული ტონით აღნიშნა მხატვარმა. - ხომ ხედავთ? ვეღარც გელევათ! 
ქალმა შეიფერა. დიახაც გემრიელ კერძებს ვამზადებ და მისი პატრონი კი აშიმშილებს საცოდავ ცხოველსო, რასაც მეორე მეზობლის ლანძღვა მოჰყვა. სხვის კატებს, რომ დასდევ, გირჩევნია შენს ქმარს მიხედოო. 
ამაზე პირველი ქალი რისხვით აენთო და საცემრად გამოიწია. მხატვარმა მოასწრო და ისევ დაშოშმინება სცადა: 
- აი თქვენ, ქმარი მაინც გყავთ და მას კი ერთადერთი! დედისერთა კატა ჰყავს! 
ქალმა ცოტა არ იყოს, უცნაურად შეხედა. ვერ მიხვდა ეხუმრებოდნენ თუ მასხრად იგდებდნენ.
ფიფო კინაღამ გაიგუდა და ძლივს შეიკავა თავი. თუმცა, მის ფხუკუნზე ისეთი სახით შეხედეს მოჩხუბრებმა რომ ფიფომ მაშინვე სერიოზული სახე მიიღო. 
- ფანჯარა ვეღარ გამიღია მაგის კატის შიშით! - კვლავ აწივლდა ქალი. - შემოძვრება ჩუმად და საკერავი მანქანის უკან იმალება! 
- ოო, ალბათ ჭრა-კერვის კურსებზე დადის და მაგიტომაც! - მხატვარი კვლავ ხუმრობდა, მხოლოდ ნერვიც არ შეტოკებია, ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ აქ უკვე ფიფომ ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა გადაიხარხარა. 
სიცილში სხვებიც აჰყვნენ. ეზო საერთო მხიარულებამ მოიცვა. მოჩხუბარი ქალები ძლივს შეარიგეს ერთმანეთს. 
- ხო რა იყო, რა გაცინებს? გამოვა მერე ის ქალი და იტყვის ჩემი კატის შეკერილი კაბა მაცვიაო. - არ ცხრებოდა მხატვარი. 
- კარგი, კარგი აღარ შემიძლია მეტი. - ფიფო სიცილისგან იგუდებოდა. - მოკლედ, მაგარ დღეში ხარ რა! თან მუშაობ და თან ერთობი! 
- სამუშაო, გართობის გარეშე საშინელი მოსაწყენი იქნებოდა ჩემთვის! - ჩვეული იუმორის გარეშე, ცოტა არ იყოს სევდიანად აღნიშნა მხატვარმა. 
- რა გენაღვლება რაა, აგერ ეზოში მკერავი კატაც გყავს. - ფიფოს კვლავ ეცინებოდა. მერე, ძლივს როგორც იქნა სული მოიბრუნა და სერიოზული ხმით ჰკითხა ჩაფიქრებულ მხატვარს. - შენ რაღაც ისეთი იცი, რაც მე არ ვიცი და მაგიტომ იცავ ასე? თუ ვინმე სხვა გამოჩნდა ასპარეზზე? ან? 
- „ან?“ - ჩაეკითხა მხატვარი. 
- ან, არ ვიცი, მეტი ვერსიები აღარ მაქვს, შემომელია! 
მხატვარმა არაფერი უპასუხა. 
ფიფოც არ იღებდა ხმას. 
- როგორ აგიხსნა, არც კი ვიცი. - დაიწყო მხატვარმა. - განათლებული. ინტელიგენტი ადამიანი, ჰყავს მშობლები, ულამაზესი დაიკო! აი ეს ყველაფერი, აი იმ მკვლელის პროფილში საერთოდ არ ჯდება! ვერ ჯდება! 
- ნუ, გეთანხმები. - თავი დაუქნია ფიფომ. 
- ჩვენ ხომ ვეძებთ, ობოლს, რომელსაც დედმამიშვილი წესით არც უნდა ჰყავდეს! თანაც ამას მშობლები სახეზე ჰყავს, ბაბუამისიც გავიგეთ ვინ არის, უფროსი ძმაც ხომ ჰყავდა, არა? 
- და აბა, ის ვინღაა, ვინც დედას არ იცნობს, მამა კი ბერი იყო, გარდაეცვალა, მერე ბაბუმ გაზარდა და ახლა უცებ დაც ჰყოლია და მშობლებიც? 
- და რა დარწმუნებული ხარ, რომ ერთი და იგივე ადამიანზე ვსაუბრობთ? - ახლა თვითონ მხატვარს შეეპარა ეჭვი. - იქნებ, სულ სხვადასხვა პიროვნებაა?
ფიფომ არაფერი უპასუხა. 
- ასეთი დონის პროფესორი კაცი. - განაგრძო ისევ მხატვარმა. - ასე სულელურად, რატომ უნდა იღუპავდეს თავს? არა, რაა! რაღაც უკვე ისე, არ არის, ვერ ვიჯერებ, რომ ეს კაცი შეიძლება დამნაშავე იყოს და თანაც, ასეთი სასტიკი, სადისტი მკვლელი.
მხატვარი გაჩუმდა და მზერა ფიფოს მიაპყრო. 
- მდააა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - კარგი, მივყვეთ აბა თავიდან და ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ მკვლელი, ის, რომელიც მე მაინტერესებს, საკმაოდ კარგად განათლებული, კარგად მოაზროვნე, ამასთანვე, ზედმიწევნით მოწესრიგებული, გაწონასწორებული და ჩვეულებრივ, დინჯი, მშვიდი, წყნარია! - ფიფო წამით შეყოვნდა. - ახლა განვიხილოთ ის პროფესორი, რომელმაც შენ რატომღაც ასე მოგხიბლა.
- არა, კი არ მომხიბლა, უბრალო, ვერ ვადარებ...
- ჰოდა, შევადაროთ! - მიუგო ფიფომ. - რა იყო? კი არ ვაპატიმრებ? უბრალოდ, შევადაროთ! 
- შევადაროთ! - კვერი დაუკრა მხატვარმა. 
- ჰო, ესე იგი. - განაგრძო ფიფომ. - სწავლული, განათლებული ახალგაზრდა ასაკში მიღწეული წარმატებული პროფესორიც, რომ სწორედაც ასეთივეა, როგორც წეღან ის, ასე ვთქვათ, ჩემი მკვლელი, აღვწერე და ახლა კიდევ შევადაროთ?! - ფიფო გაჩუმდა. 
- შევადაროთ! - კვლავ კვერი დაუკრა მხატვარმა. 
- კარგი. - განაგრძო ისევ ფიფომ. - დამნაშავე, მშვიდია და წყნარი, აუღელვებლად მოქმედებს. უდიდესი ნებისყოფით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, სიაც ექნება ჩამოწერილი. ჯერ კარგად შეარჩევს რომელთან უფრო ხელსაყრელი იქნება „ვიზიტი“ და თვეობით უნდება მის შესწავლას, მერე კი საათობით შეუძლია ჩაუსაფრდეს მსხვერპლს ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს, არც დაიღლება და არც ყურადღებას მოადუნებს. საკმაოდ ცბიერი და კარგად ორგანიზებულია. მისთვის მკვლელობა, არა მარტო ვიღაცის მოკვლაა, არამედ მთელი რიტუალია და მისი მსხვერპლის, სიკვდილთან მიახლოებული პიკი კი, უკვე გამარჯვებაა! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო. - ეს ჩემი, ეგრეთ წოდებული მკვლელი, რომელსაც მე ვეძებ, სხვა ბევრი მანიაკისგან და ასევე სხვა სერიული მკვლელისგან განსხვავებით, არ აჭრის ორგანოებს, არ ინახავს ტროფეებს, არც სექსუალურად ძალადობს მსხვერპლზე. ყოველი მისი მსხვერპლი, მის წარსულ დამცირებულ ცხოვრებაზე გამარჯვებაა და ასევეა ახალგაზრდა პროფესორიც! ყველაფერი გააკეთა, სწავლა და შრომა არ დაუკლია, რომ წარმატებისთვის მიეღწია! მშვიდად, წყნარად, გაწონასწორებულად, ბეჯითად სწავლობდა და შრომობდა. ხომ გახსოვს? რომ ეწვიე, როგორ მშვიდად აუღელვებლად გესაუბრა. ეჭვიც კი ვერ შეიტანე, რომ სერიულ მკვლელთან გქონდა საქმე და... - ფიფო ისევ გაჩუმდა. 
მხატვარი კვლავ მდუმარედ იჯდა. 
- გავაგრძელო? - დაარღვია დუმილი ფიფომ. 
- გააგრძელე. - დაბალი ხმით ჩაიჩურჩულა მხატვარმა. 
- მეტი რაღა გინდა? ყველაფერი ჩამოვთვალე, არავისგან არაფრით გამოირჩევა. მასში მკვლელს, ასე ადვილად ვერ ამოიცნობ, ადვილად კი არა კარგადაც, რომ დააკვირდე, ვერც მაშინ შეიძლება გაშიფრო, სანამ მართლა ფაქტზე არ ამხელ! 
- და იქნებ, მართლაც არ არის ეგ? 
- შეიძლება! - ამოიხვნეშა ფიფომ. - არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი მხოლოდ ეგ მყავს და სანამ კარგად არ დავრწმუნდები, მანამდე არც მოვეშვები! 
მხატვარმა უხმოდ აიჩეჩა მხრები. აშკარად ჩანდა, რომ ფიფოს აღარ ეთანხმებოდა. 
- და შენ რატომ გეპარება ეჭვი? - ჩაეკითხა ფიფო მხატვარს. 
- გახსოვს? ფსიქოპათი მკვლელის პროფილს, რომ ვამუშავებდით? 
- ოჰ! როგორ არ მახსვოს?! - გაეცინა ფიფოს. 
- ჰოდა, მაშინ, პირველ რიგში, ჩვენ მარტოხელა ადამიანზე გვქონდა უფრო აქცენტი გაკეთებული. 
- და მერე? - არ აცლიდა ფიფო. 
- ამ ტიპს, კი ოჯახი ჰყავს! - მიუგო მხატვარმა. - აი, ამაშია საქმე და აქედან შემეპარა უკვე ეჭვი! იქნებ, სულაც არ არის ის კაცი დამნაშავე?! - მხატვარი უკვე აშკარად იცავდა პიპას. 
გასაწირად აღარ ემეტებოდა ბავშვობის მეგობარი. მით უმეტეს, თუ ჯერ კიდევ მისი დანაშაულებრივი ქმედება დამტკიცებულიც კი არ იყო. 
ფიფომ ჯერ არაფერი იცოდა მხატვრისა და პიპას ძველი მეგობრობის შესახებ და გაკვირვებული შეჰყურებდა, ვერ ხვდებოდა, მხატვარი ასე უცებ რამ შეცვალა. 
„ნუთუ ასე ყურებამდეა შეყვარებული, რომ ახლა მის მკვლელ ძმასაც კი იცავს?“ 
- რაღაც მინდა გკითხო. - კვლავ დაარღვია დუმილი ფიფომ. - შენ თუ გახსოვს, იმ საცოდავი გოგონას შვილს, რომ ვეძებდი, მაშინ გავედი სწორედ იმ პროფესორის კვალზე, რომელიც სამწუხაროდ, მიმის მეგობარიც აღმოჩნდა. 
- მახსოვს, მერე? 
- მერე მისი ისტორია, ბავშვთა სახლში სკოლის დამთავრებასთან ერთად წყდებოდა და იქვე იწყებოდა ახალიც. იშვილა საკუთარმა ბებიამ და ბაბუამ, რადგან დედა უცხოეთში გადაიხვეწა და მამა კი მონასტერში ბერად აღიკვეცა! ახლა, ისმევა კითხვა: - ვინ არის ეს კაცი? ვისაც ჰყავს მშობლები და, როგორც ჩემი მეგობარი მხატვარი აღნიშნავს, - ულამაზესი დაიკო! ჰო, ვინ არიან ისინი? რას წარმოადგენენ ბატონი პროფესორისთვის ეს ხალხი? - გამომცდელი თვალით ჩააშტერდა ფიფო. 
მხატვარი აიწურა. სიტყვა ვერ დაძრა. ან რა უნდა ეთქვა? 
ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და კვლავ განაგრძო: 
- ჰო, კიდევ დამავიწყდა მეთქვა, რომ პროფესორის დაიკო, მშობლებითურთ ერთ გვარს ატარებს, ხოლო ბატონი პროფესორი კი სულ სხვა გვარით არის აღნიშნული! 
ფიფო გაჩუმდა და გამომცდელად ჩააშტერდა მხატვარს.
- იქნებ? - დაბალი ხმით დაიწყო მხატვარმა. - იქნებ, მოგვიანებით იპოვნა, თავისი ოჯახის წევრები! აი, თუნდაც დედა! - წამოიძახა მხატვარმა. - დედა, ხომ უცხოეთში იყო წასული? იქნებ ჩამოვიდა?! ჰო, რა იყო? მეც მასე არ ვიყავი? დედამ ჩამომაკითხა და წამიყვანა! 
- ნუ, ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ. - არც ეგ არის გამორიცხული. 
- და მასეც იქნებოდა! - გულზე მოეშვა მხატვარს. - სავარაუდოდ ახალ დაიკოსთან ერთად და აი, თუნდაც სხვა, ახალ ქმართან ერთად! ამიტომაც მისი დაიკო მამამისის გვარზე იქნება და პროფესორი კი, თავის მამის გვარზე! რა არის აქ უცნაური და გასაკვირი? - მხატვარმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ასე სწრაფად მოუძებნა ახსნა. 
- პრინციპში, რატომაც არა! არაფერია უცნაური, მაგრამ... - ჩაეცინა ფიფოს. 
- რა?! რა მაგრამ?! 
მხატვარს უკვე მოთმინება ელეოდა. მიხვდა, ფიფოს რაღაც უფრო მეტი სერიოზული რამ ჰქონდა სათქმელი და თითქოს შესავალს უკეთებდა, ან სულაც დროს წელავდა. 
ფიფომ ამოიხვნეშა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ეკრანზე რაღაც ფურცელი გაშალა და მხატვარს თვალებთან მიუტანა: 
- აჰა, წაიკითხე აქ რა წერია! 
- ეს ვისი ქორწინების მოწმობაა? - იკითხა მხატვარმა. 
- კარგად დააკვირდი! 
მხატვარს მკვდრისფერი დაედო. ხმა ძლივს ამოიღო: - და საიდან? როგორ? შენ... შენ საიდან?.. 
- რა შეკითხვებია, აბა? - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - დაგავიწყდა სადაც ვმუშაობ? ჯერ ერთი ის, რომ კვალში ვედექი მკვლელს და იმ პროფესორამდე მიმიყვანა! ძირფესვიანად გადავამოწმე და კიდეც იცი რატომ უფრო გადავამოწმე? 
- მიმის... 
- ჰო, სწორედაც რომ მიმის გულისთვის უფრო ძირფესვიანად შევამოწმე და რა აღმოჩნდა? ხომ ნახე არა? საკუთარ ცოლს ასაღებს, როგორც თავისი, შენი თქმის არ იყოს, ულამაზეს დაიკოდ და სიდედრ-სიმამრს კი, მის საკუთარ მშობლებად! და რა გამოდის? ვინ არის ეს კაცი?! ჰო, აბა მიდი, მოუძებნე კიდევ რამე გამართლება! გისმენ! 
მხატვარი გაფითრებული იჯდა. ხმის ამოღება უჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა ძლივს ამოღერღა: 
- ალბათ მიმისაც ასე ჰგონია რომ და-ძმანი არიან...
- ჰო! სამწუხაროდ, ალბათ. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მართლა არ ვიცი, მიმის ხომ არ ვკითხავ, აბა? 
- ისევ მე თუ ვკითხავ, ჩემგან უფრო სწორი იქნება ასეთი შეკითხვის დასმა. 
- ისე, კარგი იქნება, გამეგო. - მიუგო ფიფომ. - აი, ამიტომაც ასე ინიღბებოდა და იმალებოდა. მიმისაც თვალს უხვევდა და რატომ? მიზეზი? ვიღაც ლაწირაკი ბიჭი ხომ არა არის? ამხელა კაცი, საპატიო მოქალაქე, დამსახურებული მეცნიერი ამხელა ტყუილზე, რომ მიდის, ესე იგი, რაღაცას სერიოზულად მალავს არა? 
- და მერე ეგ ხომ მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მკვლელია? 
- არა ეგ არ ნიშნავს! ნამდვილად არ ნიშნავს. 
- იქნებ, უკვე გაშორებულნი არიან და ნუ ჯერ კიდევ ერთ სახლში ცხოვრობენ?! ათასი მიზეზი შეიძლება იყოს ამისა. ამიტომაც არ ამხელენ... ალბათ... 
- და მერე რა იყო აქ დასამალი? რა მოხდა მერე? სხვა წასასვლელი თუ არც ერთ მხარეს არა აქვს, მაშინ შესაძლებელია დროებით იცხოვრონ ერთ ჭერ ქვეშ, სანამ ბინა გაიყიდება და გაიყოფა, მაგრამ აი ეს ტყუილი მაფიქრებს და საშინლად არ მომწონს! 
- ჰო, უნდა ეთქვა ჩემთვის, გავუგებდი. რატომ დამიმალა? ისე კი მითხრა, რომ ადრე ვიყავი გათხოვილი და გავშორდიო. 
- და თავის ოჯახის წევრებზე როგორ მოგიყვა? თვითონ გითხრა ჩემი ძმა არისო ხო? ისე, როგორც მიმიმ იცის? - ჩაეკითხა ფიფო. 
მხატვარმა უხმოდ დაუქნია თავი. 
- და შვილზე არაფერი უთქვამს? 
- რაა?! რა შვილი?! - წამოენთო მხატვარი. 
ფიფო ხმას არ იღებდა. ელოდა მხატვარი როდის გადახარშავდა, კიდევ ერთ ახალ მისთვის საკმაოდ მძიმე ინფორმაციას. 
- შვილი არასდროს უხსენებია... - წაიჩურჩულა მხატვარმა. - არც კი უთქვამს, რომ... და მიმიმ როგორ იცის?! 
- მიმისთან ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობ! - თავი გააქნია ფიფომ. 
მხატვარი გაოგნებული იყო. ხმას ვეღარ იღებდა. ანდა, რა ჰქონდა სათქმელი? ყველას და ყველაფერს ახსნა მოუძებნა, მაგრამ მაინც დაზაფრული იჯდა. 
- საინტერესო კიდევ იცი რა არის? აი შენ თუ მართლაც ასე ძალიან მოეწონე და შენგანაც საკმაოდ დიდ სიმპათიებს გრძნობს, მაშინ რატომ უნდა დაემალა შენთვის შვილის არსებობა? - კვლავ დაარღვია დუმილი ფიფომ. 
მხატვარმა მხრები აიჩეჩა. 
- ჰო! რომელი საუკუნეა მართლაც? - განაგრძო ფიფომ. - რა მოხდა მერე, თუ ქმარიც ჰყავდა და შვილიც ჰყავს? რა იყო მანდ დასამალი? ან იქნებ, არც გაშორებულან და ისევ ერთად არიან? და შენი სახით საყვარელი ჰყავს? და მერე ეგეც რა? დიდი ამბავი, ან ეგ ვიღას უკვირს დღეს? მაგრამ შვილის არსებობა რატომღა უნდა დაემალა? აი მაგაშია საქმე! - ფიფომ ჭიქა სულმოუთქმელად გადაჰკრა და დაიჯღანა. - ფუ, რა არის ეს? რა ჯანდაბაა?! 
- რომ არ ვარგოდა, მაგიტომაც შემომრჩა. - მხატვარს სევდიანად ჩაეღიმა. – თორემ ვინ გააჩერებდა მაგას. 
- მერე ჩემზე ასაღებ? - გაეხუმრა ყურებჩამოყრილ მეგობარს ფიფო. - გადაასხი! მოაშორე აქედან!
მხატვარმა არაფერი უპასუხა. 
- ცოტა ხანში, გასასვლელი ვარ და წამოვიყოლებ რამე სერიოზულს. - მიმართა ფიფომ. – მოგიხდება, ცოტას მაინც მოგიშვებს გულზე. თუმცა, სასმელი რომ პრობლემებს აგვარებდეს... 
- არა არ გინდა! - შეაჩერა მხატვარმა. - არ ვარ დალევის ხასიათზე. 
- კარგი. როგორც გინდა. 
მხატვარმა სიგარეტს ზედიზედ მოუკიდა. მართლაც საშინელ ხასიათზე იყო. 
- ახლა შენ ნუ დაიზაფრები! ხდება ხოლმე. ათასი რამ ხდება. დასალევიც გულზე მოგიშვებს, ხომ იცი? ძველი გამოცდილი წამალია. - ფიფო კვლავ მის გამხნევებას შეეცადა. 
- არ მინდა დალევა. დღეს რაღაც, სხვა გეგმები მაქვს. - ჩაფიქრებული ხმით უპასუხა მხატვარმა. 
- ჰოო? და არ გამანდობ? 
მხატვარმა უარის ნიშნად თავი გააქნია. 
- არაფერი ჩაიდინო იცოდე! - ფიფო კვლავ ხუმრობას შეეცადა, თუმცა მხატვრის გაყინულ მზერას არაფერი ალღობდა. - მოდი რა, ერთ რჩევას მოგცემ და დამიჯერე, კარგი? - არ მოეშვა ფიფო. 
მხატვარი კვლავ არ უსმენდა. აშკარად რაღაც გეგმებს აწყობდა. ფიფო კი კვლავ არ ეშვებოდა: 
- სულ შენ იყავი ჩემი გაჭირვების ტალკვესი, სულ შენთან ვიოხებდი გულს და სულს ვიმშვიდებდი, მოდი რა ახლა მე დამიჯერე რა, გთხოვ. 
- კარგი რა იყო რა? ბავშვი, ხომ არ ვარ? ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე! - მხატვარი ჭიქას დასწვდა, მაგრამ დალევისთანავე დაიჯღანა. - ფუ, მართლა რა არის ეს! 
- ჰოდა, გავალ და მოვიტან! მაინც გასასვლელი ვიყავი და მალევეც მოვბრუნდებოდი, მაგრამ შენ კი უარზე ხარ, არ მინდა დალევაო. 
- არა, დათრობა არ მინდა. 
- მერე ნუ დავთვრებით, ცოტა დავლიოთ. 
- ჰო, კარგი, რაც გინდა ის წამოიღე. 
- იცი ახლა შენ რა ქენი? - დაიწყო ფიფომ მხატვრის დარიგება. - მე რომ გავალ. დაურეკე იმ შენ ულამაზეს დაიკოდ წოდებულ პროფესორის მეუღლეს. მოიყვანე აქ! და პირდაპირ ჰკითხე, თვალებში ჩახედე და ისე! პირდაპირ თვალებს შუა, შუბლში ჩააჭედე კითხვა! 
- ნათურაც ხომ არ მივანათო სახეში? - გაეცინა მხატვარს. 
- აი, ყოჩაღ! ხასიათზეც მოხვედი. დამიჯერე ახლა, რაც გითხარი. ტელეფონით არაფერი უთხრა. აქ უნდა მოიყვანო. ან თუ გინდა სხვაგან შეხვდი, მთავარია პირისპირ გიპასუხოს და კიდევ, ტელეფონით მხოლოდ შეხვედრაზე დაითანხმე, ისიც კი არ უთხრა, რომ საქმე გაქვს! გასაგებია! ისე თუ დღეს დაკავებულია შეხვედრასაც ნუ დააძალებ. მოკლედ, ენა მშვენივრად გიჭრის, სიტყვაზე წამოაგე და დაითანხმე, რომ პირადად გნახოს როგორმე.
მხატვარმა თავი დაუქნია. 
- ჰო, ასე ქენი. მიდი დაურეკე. გავედი მე და შემეხმიანე, მერე გვიან, თუ გინდა ჩავუჯდეთ ჩვენებურად. - ფიფო წამოდგა. - აბა, შენ იცი და გელოდები, მეც მაინტერესებს რას გეტყვის.
მხატვარმა უხმოდ დაუქნია თავი. 
LEX. 2017 წლის 9 ოქტომბერი, ორშაბათი. 

No comments:

Post a Comment