Wednesday, May 29, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 99)

99.
იქნებ სჯობდა, რომ მაშინ, იმ სახლში, პოლიციას დროულად არ მოესწრო და ვიღაც შეშლილ კაცს სულიც გაეფრთხობინებინა პიპასთვის, ვიდრე ამ ყველაფრის მომსწრე გახდებოდა.
- ვაიმე შვილო, ეს რა დაგვემართა, ასე რატომ მოხდა? - აქვითინებული სიდედრ-სიმამრი ექიმის კაბინეტიდან გამოსულ სიძეს ჩაეხუტნენ.
პიპას წამში ორივე შეეზიზღა. არც ერთის ატანა აღარ შეეძლო, გაოგნებული ვერც ხმას იღებდა და ვერც ადგილიდან იძვროდა.
მეუღლის პალატაშიც აღმოჩნდა და არც ახსოვდა, როდის შევიდა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა როცა მისკენ ნასროლი ჭიქა კედელს შეემსხვრა.
- გაეთრიე აქედან! ყველაფერი შენი ბრალია! შენი! შენ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში! სიცოცხლე დამიმახინჯე! ვერ გიტან! მეზიზღები! მძულხარ! გაეთრიე! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა გოგო.
პიპას მეტი არაფერი დარჩენოდა, უხმოდ გამობრუნდა იქიდან.
ღირსების გრძნობა, სიყვარული, ოჯახი - ყველაფერი ერთ წამში დაემსხვრა და რატომ? რის გულისთვის?
რა დააშავა?
რა დაუშავა სამყაროს, ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც ამ ქვეყანას ისე მოევლინა, რომ არც უკითხავთ მისთვის, უნდოდა თუ არა დაბადება.
თავიდანვე, ჩანასახიდანვე უარყოფილი, ასევე აგრძელებდა ცხოვრებას.
მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ყველასგან და ყველაფრისგან მიგდებულსა და მიტოვებულს თავისი უბადრუკი, ტანჯვით გამოვლილი ცხოვრება აღარ ეკმარა და ახლა მისი უიღბლობა და უბედობა, გენეტიკურად გადავიდა, მის საბრალო შვილზე.
- და ახლა კი მართლაც, საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ როგორ ვეზიზღები! როგორ ერევა გული ჩემზე და როგორ ვძულვარ ცხოვრებას! სამყაროს!
- ყველაფერში, ღვთის რისხვას რატომ ხედავ? - ძლივს, ჩუმი ხმით ჰკითხა მამაომ.
- აბა, რა დავინახო? რა?! ვინ გამცემს პასუხს?! ვინ?! რომელია, ჩემი მშობელი?! სიდედრი, თუ სიმამრი?! თუ ორივე ერთად?! იქნებ, ჩემი ცოლი, თუ დაიკო ჰყავთ ნაშვილები?! ვინ მეტყვის, ვინ?! ამ ქვეყნად, უკვე გენეტიკურად გაუბედურებული ბავშვი მოვავლინე, იმან რაღა დააშავა? ნუთუ, ჩემი ტანჯვა არ იყო საკმარისი? და ეს, არ არის ღვთის რისხვა?! არის თუ არა ეს ბედისწერა? მითხარი! მითხარი! რატომ გაჩუმდი?! ხმას რატომ არ მცემ?!
სარეცელზე მომაკვდავი ძმა წუთებს ითვლიდა.
პიპა მის საწოლზე დაემხო და ბოლო ხმაზე ღმუოდა:
- არ მიმატოვო! გევედრები არ მიმატოვო! შენ მაინც ნუ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან! არ წახვიდე, გთხოვ! გთხოვ!!!
ბერებმა ძლივს ააცალეს, მომაკვდავის საწოლს დამხობილი.
მისი უფროსი ძმა და მოძღვარი მართლაც, რომ წუთებს ითვლიდა.
მოგვიანებით, ცოტა თითქოს, მოიხედა კიდეც.
პიპასაც იმედი მიეცა, იქნებ, ახლა მაინც არ დამტოვოსო
„ცოტა ხანს, მაინც იცოცხლოს!
სულ ცოტა ხანს მაინც, სანამ...“
- და-ძმას ჯვარი დაგწერეთ... - ჩურჩულებდა მომაკვდავი. - რა პასუხი უნდა გავცე იქ, ზემოთ მამაზეციერს?..
- არ არის შენი ბრალი, არ არის! - პიპას ძმის გამართლებას შეეცადა.
- ჰოდა, აბა არც შენი ბრალია... შენც არაფერ შუაში ხარ... და არც ის პატარაა დამნაშავე... არ არის მისი ბრალი... არ არის... - უკანასკნელი სიტყვები აღმოხდა მამაოს და სულიც განუტევა.
პიპას არც ახსოვს, რამდენი საათი იყო ცხოვრებისგან მოწყვეტილი. ძლივს მოასულიერეს მამებმა და ძლივს მოიყვანეს ცხოვრების ნირზე.
თუმცა რა ცხოვრების? რომელი ცხოვრების, როცა სახლში, ვინ ელოდა, არ იცოდა - ცოლი, თუ და? სიდედრ-სიმამრი, თუ მშობლები?
ვინ იყო დამნაშავე?! ვინ?!
ვის უნდა ეგო პასუხი?!
გვიანი ღამე იყო სახლის კარი, როცა შეაღო. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ცხადი იყო ეძინათ. პიპას არც ძილი უნდოდა და არც არავის დანახვა. საწოლი ოთახისკენ არც გაუხედავს. სასტუმრო ოთახში, თავის ერთ დროს სანატრელი, პატარა როიალის გვერდით, სავარძელში მოეწყო და თვალები მილულა.
რა ბედნიერი იყო ერთ დროს, ეს ნივთი, როცა სახლში შემოაგორა.
და თითქოს, იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. იქნებ სულაც, ის მელოდია იყო დამნაშავე, მის უიღბლობაში?
სულიერად და ფიზიკურად გადაღლილსა და გათანგულს, სავარძელში ჩაჯდომისთანავე, მოწყდა რეალობას და მაშინვე ღრმად ჩაეძინა. ძილში, ხან საით წავიდა და ხან საით. სხვადასხვა სიზმრები თითქოს, ერთმანეთში აიზილა. პიანინოს ხმა კი სულ თან დასდევდა, ბოლოს კი, იმდენად აუტანელი და ამაზრზენი გახდა ის ნაცნობი მელოდიაც, რომ ყურებზე ხელი აიფარა და ისე დაჰქროდა სადღაც, მაგრამ მუსიკა მაინც არ წყდებოდა. ვიღაც, თითქოს მის ჯიბრზე, გამალებით უკრავდა.
გაუჩერებლივ უკრავდა და უკრავდა. მის თავში უკრავდა, მისი ტვინის უჯრედებს ეხებოდა კლავიშებივით და აკორდებს კრეფდა. მუსიკის ხმას გაექცა, გამოექცა. სადღაც უსასრულობაში გარბოდა, მაგრამ რაღაც ხმამ შეაჩერა. ვიღაც მისკენ პატარა, თოთო ხელებს იწვდიდა და შველას ითხოვდა.
„ის არაფერ შუაშია... ის არაფერ შუაშია... არაფერ შუაშია...“
ისე მკაფიოდ ჩაესმა მამაოს სიტყვები, რომ შეკრთა და ოფლში გაწუწულს გამოეღვიძა.
მართლაც, რა შუაში იყო ის პატარა არსება.
„იმან რაღა დააშავა? სხვების ცოდვები, ყველა იმ საცოდავ ბავშვს აეკიდა და ვინ უნდა აგოს პასუხი, მერე ვინ?!“
პიპა ისე წამოვიდა სამშობიაროდან, რომ ბავშვი არც ჰყავდა ნანახი. სახლში სრული სიჩუმე იდგა. სიმშვიდე. არავინ ტიროდა და არც არვინ ათევდა ღამეს ჩვილის დასაძინებლად.
„რა წყნარი ბავშვი ყოფილა. მშვიდად სძინავს. საწყალი, უდანაშაულო პატარა, უსუსური არსება.“
ფეხაკრეფით შევიდა ბავშვის ოთახში, მაგრამ არავინ დახვდა.
და არც დედასთან და არც ბებიასთან და არც სხვა ოთახში, ბავშვი არსად იყო.
პიპამ ღრიალი მორთო. მთელი სახლი დააღვიძა. ბავშვს ეძებდა.
ბოლოს, როგორც იქნა სიდედრმა ამოღერღა:
- ექიმმა გვირჩია... რთული მოსავლელია. მშობიარობის შემდგომი სტრესის გამო, დედის ფსიქიური მდგომარეობაც გამოსასწორებელია. ჯერ ახალგაზრდები ხართ, კიდევ გეყოლებათ. იქ კი უფრო უკეთ მიხედავენ მასეთ ბავშვებს... - ძლივს მოკრიბა სიტყვები ქალმა. შეშინებული, დამფრთხალი თაგვივით, აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს და მზერას ვეღარ უსწორებდა გაშმაგებულ სიძეს.
პიპა შეშლილივით გამოვარდა სახლიდან.
„ბავშვი მიატოვეს! გადააგდეს!
საკუთარ სახლში არ გააჩერეს! გააგდეს! უპატრონო, მოძულებული ძაღლივით გააგდეს!
რა დააშავა?! რა?! ვისი ბრალია?!
ვინ ხართ?! რა ხალხი ხართ?!
არვინ დაინდეთ! არვინ!“
იმ ორი დღის სიცოცხლესაც კი ფეხი დაადგეს და ტვინი გაასხმევინეს! მერე კი, ყველაზე სუფთა ხელები ვისაც ჰქონდა, ჰო! სწორედ იმან! პირში ჩასჩარა თავისი მუშტი, ყელში ბოლომდე ისე ჩავიდა, რომ გულამდეც ჩასწვდა და გული ბოლომდე ამოგლიჯა და ამოაცალა...
საშინელი სანახავი იყო იქაურობა.
საშინელი და ამაზრზენი.
ვიწრო, გრძელი და ცუდად განათებული ოთახი, რაღაც საკანს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბავშვთა პალატას. უბადრუკი ბავშვები. თითქოს, თავიანთი გაჭირვება არ იყო საკმარისი, რომ მათ მშობლებსაც, ასე არ ეკრათ ხელი. სადღაც, ქალაქის ბოლოში, ყველა სხვა იქ მდგომი შენობისგან მოწყვეტილი, ცალკე, პატარა ორსართულიანი ნაგებობის ზედა სართულზე, მხოლოდ ერთი ფრთის ნაწილი ეკავა იმ კლინიკას, თუ რა იყო ეს? რა ერქვა? რა შეიძლება ეწოდოს ასეთ დაწესებულებას?
დარაჯი წინ გადაუდგა. ცოცხალი თავით არ უშვებდა და არც გაატარებდა, ისევ პიპას რომ არ ემარჯვა. ხელის ერთი მოზიდვით, გვერდით გადააგდო და კიბეები სულმოუთქმელად აირბინა.
ამდენ ჩვილებში, ვიღაც ერთი, საშინლად ჩხაოდა. რაღაც სულ სხვა ხმაზე ღნაოდა. სიგრძეზე მუთაქებივით ჩამწკრივებული ბავშვებიდან, მარტო ის ერთი უმწეო ჩვილი ტიროდა და ამ ქვეყნად, თითქოს არავის ესმოდა მისი გულსაკლავი ღნავილი,
არც ცას და არც დედამიწას და არც გვერდით ოთახში, სიცივისგან შეყუჟულ, ღამის მორიგე ექთნებს.
პიპა გაოგნებული დარჩა. ბავშვთა სახლში გაზრდილს, ვერც კი წარმოედგინა, თუ იმაზე უფრო საშინელი ადგილი არსებობდა სადმე.
გაყვითლებული ლინოლეუმი, სიძველისგან ჩაჟამებულ კედლებს ერწყმოდა ფერში. ოთახის ერთადერთი პატარა ფანჯარაც კი მტვრისგან დაბურული, გაქონილივით გამოიყურებოდა, ამას ყველაფერს ერთვოდა რაღაცნაირი, საშინელად მძაფრი და გულისამრევი სუნი.
პიპა მჩხავანა ბავშვის საწოლთან გაჩერდა თუ არა, ბავშვი წამსვე გაჩუმდა.
საოცარი იყო! სწორედ მისი შვილი ჩხაოდა ასე გულსაკლავად და თითქოს, იგრძნო მამის სიახლოვე, ღნავილი თანდათან შეანელა, გაჩუმდა და მხოლოდ მისი გულამომჯდარი სლუკუნი ისმოდა.
დასწვდა თუ არა ბავშვს ექთანი ხელებში ეცა:
- ბავშვს ვერ გაგატანთ! მშობლის თანხმობის გარეშე, ვერ წაიყვანთ!
- აბა მე ვინ ვარ?! - შეუღრინა პიპამ.
- დედამ უნდა მოაწეროს ხელი!
- და მამას რატომ არ ჰკითხეთ მერე? უნდოდა ბავშვის აქ დატოვება? მამის თანხმობის გარეშე, რა უფლებით მიიღეთ გადაწყვეტილება?!
პიპას ასეთ მკაცრ ხმაზე ექთანი შეკრთა, მაგრამ მაინც კარში გადაეღობა:
- ვერ გაგატანთ! არ მაქვს უფლება!
- ახლავე დატოვეთ აქაურობა, თორემ პოლიციას გამოვუძახებ! - შეეშველა მეორე ექთანი.
- დარეკეთ და აჩვენეთ ეს საღორე! მიდით! რაღას უდგახართ?!
- ბავშვი გავსინჯოთ, ხელწერილი დავაწერინოთ და ისე გავატანოთ! - ჩაერია მესამეც, რადგან ჩანდა, რომ მამა, ასე ადვილად არ დათმობდა შვილს.
- გირჩევნიათ, დილამდე დაიცადოთ, ექიმი დეფექტოლოგი გასინჯავს და წაიყვანეთ მერე, რა პრობლემაა?
მედ.პერსონალს სურდა, როგორმე განრისხებული მშობელი დაეშოშმინებინა, ამიტომ დროის დილამდე გაწელვას შეეცადნენ, მაგრამ პიპა ცოფებს ისე ყრიდა, რომ რა დააწყნარებდა?
- დარეკეთ და მოვიდეს ახლავე! - შეუღრინა პიპამ.
- ახლა ასე გამთენიისას? როგორ?..
- რა?! არ ეკადრება, ძილის დაფრთხობა?! - ღრიალებდა პიპა.
- მორიგე ექიმი მე ვარ და მე გავსინჯავ. - ექიმი ბავშვის გამორთმევას შეეცადა.
- აქამდეც უნდა გაგესინჯათ! ბავშვი ძალიან ცხელია! - პიპა ადგილიდან დაიძრა და ისეთი სახე ჰქონდა, რომ იძულებულნი გახდნენ, მისთვის გზა დაეთმოთ.
ექთანი ფეხდაფეხ დაედევნა, თან ჩვილს იქაური გახუნებულ პლედი მოაფარა.
- იქ, ოთხსართულიანი შენობაა, ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოა.
პიპა იმ მითითებული შენობისკენ გაემართა. იქაც დარაჯმა, ისე გამოყო სარკმელში ცხვირი, რომ ცხადი იყო, კარის გაღებას არც აპირებდა, მაგრამ პიპას ზურგსუკან წამოწეულმა ექთანმა, ხმამაღლა დასჭყივლა:
- გააღეთ! ექიმი გველოდება!
თუმცა, არავინ ელოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გათენებულიც არ იყო, მოსაცდელი სავსე იყო აჩხავლებული ჩვილებითა და მათ გულშემატკივართა აყაყანებული ხალხით.
პიპას თანმხლები ექთანი, ურიგოდ შეიძურწა ექიმის კაბინეტში. ლოდინისგან ნერვებ დაცლილ ხალხს, თეთრ ხალათიანისთვის ყურადღება არც კი მიუქცევიათ, ისე დაუთმეს გზა.
ექთანი მალევე გამოვიდა. აქ დაიცადეთ, აუცილებლად მიგიღებთო, მოახსენა პიპას და გავიდა.
აუტანელი იყო ყურისწამღები ხმაური. პიპა მოთმინებით ელოდა თავის რიგს, მაგრამ მის წინ მდგომი ხალხი, თითქოს კი არ აკლდებოდა, არამედ უფრო ემატებოდა.
ათას რამეზე ფიქრობდა მაშინ, მხოლოდ მკვლელობაზე არა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ოდესმე შეიძლებოდა ვინმე მოეკლა, ან სერიული მკვლელი გამხდარიყო, მაგრამ ნელ-ნელა, მისი დაგროვილი ბოღმა პიკს აღწევდა და უკვე შურისძიების ყველაზე მწველი მიზეზიც ახლა ხელში ეჭირა.
ფეხზე დგომა გაუსაძლისი გახდა, ბავშვს ხელში ვეღარ იმაგრებდა. კედელს მიყრდნობილი, ჯერ ნელ-ნელა ჩაცურდა და იატაკზე დაეშვა.
დიდხანს იჯდა ასე გაუნძრევლად. ბავშვიც თითქოს გრძნობდა მშობლის სითბოს და მამის ხელში მშვიდად ეძინა.
შუადღემ მოატანა. მოსაცდელში, ყიჟინით შემოვარდა ადამიანთა ჯგუფი. ჩვილით ხელში ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ და აქეთ-იქეთ დარბოდნენ. გამწარებულნი ექიმს უხმობდნენ. ძლივს დააშოშმინეს ბავშვი ჩამოართვეს და შეიყვანეს. ახალმოსულები მაინც არ წყნარდებოდნენ, გამუდმებით ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ.
- დამშვიდდით, მოვა ქირურგი და გაუკეთებს ოპერაციას!
- რას ჰქვია მოვა? აქ არ უნდა იყოს ერთი მორიგე მაინც?
- ამჟამად ყველა დაკავებულია, დამშვიდდით მალე მოვა.
ხალხი ისევ გმინავდა. ვერაფრით ამშვიდებდნენ. ბავშვი სასწრაფო საოპერაციო იყო, ყველა ქირურგი დაკავებული იყო, დანარჩენები კი არ ჩანდნენ.
სუსხიანი დეკემბრის დღე იდგა. ათასი ვირუსი იყო მოდებული. მოსაცდელი სავსე იყო. ყველა ცდილობდა ცალკე გაწეულიყო, ერთმანეთს მორიდებოდა. ყველაზე მეტად კი ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლებოდა შორს გაწეულიყვნენ, წვერ გაუპარსავ, მოუწესრიგებელ, ტალახიან ფეხსაცმლიანი კაცისგან, რომელსაც გახუნებულ პლედში გახვეულ ჩვილი გულზე მიეკრა და კედლის კუთხესთან იატაკზე ჩამჯდარი, მოთმინებით ელოდა როდის მიაქცევდნენ ყურადღებას და როდისღა ეტყოდა ექთანი - შებრძანდით თქვენი რიგია, ექიმი გელოდებათო.
მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ არავინ ეძახდა.
ხალხი არ ილეოდა, პირიქით ემატებოდა. შემოჰყავდათ და გაჰყავდათ ლამაზ კალათში შეფუთული ბავშვები. თითო ჩვილს, რამდენიმე გულშემატკივარი მაინც ჰყავდა და ცალ-ცალკე ჯგუფებად იყვნენ შექუჩულნი.
მხოლოდ პიპა იყო მარტო, ჩვილით ხელში, ცხოვრებისგან მოწყვეტილი და ყველასგან გარიყული. ხალხი ამრეზით უყურებდა და თავი ამაყად ეჭირათ. ცდილობდნენ, მის სიახლოვეს არ გაკარებოდნენ, მით უმეტეს, რომ ბავშვიც საშინელ პლედში იყო გახვეული. მართლაც ამათ გაფოფინებულ ფონზე, უპოვარივით გამოიყურებოდნენ ორივე მამა-შვილი.
თუმცა კი, რა იცოდნენ, რომ მათ გვერდით, ერთ-ერთი მდიდარი და შეიძლება, ყველა იქ მყოფ ბავშვზე უფრო მეტად მდიდარი ჩვილი, მშვიდად უცდიდა თავის რიგს.
პიპას საკმაოდ კარგი ანაზღაურება ჰქონდა. ყოველწლიურად, მისი მეცნიერული ნაშრომები კიდევ უფრო მეტ დამატებით შემოსავალს ჰმატებდა. არც ზედმეტად მომთხოვნი იყო და არც ძუნწი, უაზროდ ხარჯვა არ უყვარდა. ოჯახს არაფერს აკლებდა, ყველაფერი საკმარისად ჰქონდათ. მანქანა სიმამრსაც უყიდა ცალკე, მაგრამ მალევე დაამტვრია და სიძის მანქანაც მიისაკუთრა, თუმცა პიპამ თავად დაუთმო.
ძმის დასაფლავების შემდეგ, მონასტრიდან დაბრუნებული ისე იყო გადაღლილი, რომ ტანსაცმლის გამოცვლაზე არც უფიქრია. ასე მოუწესრიგებლად ჩაცმული, თმა გაბურძგნული, წვერ გაუპარსავი, ტალახიანი ფეხსაცმლით, საავადმყოფოს ძველ გახუნებულ უფერულ პლედში შეფუთული ბავშვით ხელში, იატაკზე ჩამომჯდარი კაცი, მათხოვარს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკმაოდ შეძლებულ პროფესორს.
მუთაქასავით შეხვეული ჩვილი, რამდენჯერმე შეიშმუშნა, მაგრამ მალევე ისევ ჩაეძინა. თითქოს, ცოტა უჩვეულოც კი იყო, ამდენი ხანი ძილი, მაგრამ...
„ალბათ, სანამ მე მოვედი, მთელი ღამე ჩხაოდა. ტირილისგან დაოსებულს, ამიტომაც სძინავს ახლა ასე ღრმად.“
ფიქრობდა პიპა და კვლავ დიდი მოთმინებით უცდიდა თავის რიგს. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ზედაც არავინ უყურებდა და მისმა რიგმაც დიდი ხანია ჩაიარა.
- სძინავს? - კაცმა უფრო მეტად ჩამოიფხატა ქუდი, ზურგით ხალხისკენ მიბრუნდა და პიპასთან ჩაიმუხლა.
- კი სძინავს. - ამოიხვნეშა პიპამ. - მიუხედავად ამ ყაყანისა, მშვიდად სძინავს ჩემთან.
- ჰოო, ბავშვი ყოველთვის გრძნობს მშობლის სითბოს და სიყვარულს. - უთხრა უცნობმა და თვალი ხალხისკენ გააპარა.
მოსაცდელში ისევ ჩოჩქოლი იყო, ქირურგს მოითხოვდნენ. 
უცნობმა, ბავშვს ლოყაზე სულ ოდნავ, ორი თითი მიადო.
- უჰ, რამხელა სიცხე ჰქონია! რამდენი ხანია, რაც ასე ღრმად სძინავს?
- დილიდან. - მიუგო პიპამ.
- დილიდან ასეა და არც უტირია? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა უცნობმა.
- ასეა. - ამოიხვნეშა პიპამ
- აბა, წამოდი! - უცნობი, პიპას წამოდგომაში მიეშველა.
მოსაცდელი ბოლომდე გაიარეს. პიპას არ გამოჰპარვია, კაცი მის ზურგს უკან ისე მიჰყვებოდა, თითქოს ვიღაცას ემალებოდა.
ერთ კართან დაწინაურდა, პიპას წინ გადაასწრო და პირველივე შევიდა. პიპაც ფეხდაფეხ მიჰყვა.
- ვაიმე, დღეს მაინც მოხვედით? - აცრემლებული მიეგება უცნობს, თეთრხალათიანი ქალი.
კაცმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია და მერე პიპას გახედა:
- ამ ბავშვს მიმიხედე! სასწრაფოდ! მთელი ღამე სიცხისგან იწვოდა! - პასუხსაც აღარ დაელოდა, იმავე ოთახიდან გამავალ, სხვა კარში გაუჩინარდა.
ქალმა პიპას ბავშვი ჩამოართვა და შეკითხვები დააყარა:
- რამდენის არის? სიცხე რამდენი აქვს? რამდენი დღეა ასეა? ბოლოს რა აჭამეთ?
პიპა ყველაფერზე მხრებს იჩეჩდა და დაბნეულივით იყურებოდა.
- კი, მაგრამ ბავშვი, თქვენია? - მკაცრად შეუტია, მოთმინებიდან გამოსულმა ექიმმა ქალმა.
- დიახ, ჩემია!
- ის მაინც თუ იცით, რამდენისაა? როდის დაიბადა?
- ათი დღის არის.
- ხელოვნურზეა?
პიპა ისევ დაიბნა.
ექიმმა უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი:
- დედა აჭმევს, თუ ხელოვნურ კვებაზეა?
- დედა ცუდად არის... - ძლივს ამოილუღლუღა პიპამ. - ძალიან ცუდად...
- გასაგებიაა. - დამარცვლით ამოიხვნეშა ქალმა და ბავშვის გახსნა დაიწყო, თან ისევ კითხვებს აყრიდა დაბნეულ მამას.
პიპაც შეძლებისდაგვარად პასუხობდა.
- აქ გეწვინათ სადმე?
- დიახ, აი იქ იმ ორსართულიანში.
ქალმა წარბები აზიდა.
- ჰმ. კარგი. კარგი. კეთილი. - ქალმა ამოიხვნეშა. - სანამ მე გავსინჯავ, წადით და სადაც იწვა იმ განყოფილებიდან, ბავშვის ისტორია მომიტანეთ! და კიდევ, ბავშვს გამოსაცვლელიც მოუტანეთ!
პიპა თითქოს შეყოვნდა. უნდოდა ეკითხა, როგორი გამოსაცვლელიო, მაგრამ ექიმმა დაასწრო:
- სახლში ხომ გაქვთ ბავშვის ჩასაცმელები?
- რა არის საჭირო მითხარით და ვიყიდი! ყველაფერს ვიყიდი! - პიპა გამოცოცხლდა.
- კი ბატონო, მაშინ შეუძინეთ. - თავი დაუქნია ექიმმა და იმასაც მშვენივრად მიხვდა, კაცმა არც კი იცოდა ზუსტად სად და რა უნდა ეყიდა. - აქვე, როგორც კი გახვალთ ეზოდან, კუთხის მაღაზიაა, ბევრად იაფიანია და მშვენიერი რამეებიც აქვთ, უთხარით ბავშვის ასაკი და თვითონვე შეგირჩევენ.
- ყველაფერს ვიყიდი! ფასს არა აქვს მნიშვნელობა! მითხარით, რა სჭირდება?
ექიმ ქალს გაეღიმა:
- რაც გაგიხარდებათ, ის მოუტანეთ! თუმცა?.. - ექიმმა იქვე მყოფ ექთანს გახედა.   
- მე წამოგყვებით! ნახევარ საათში ვამთავრებ მორიგეობას, აგარჩევინებთ რაც საჭიროა, ყველაფერს! - შეეშველა ექიმს ექთანი გოგონა.
- ჰო, კარგი, შენ წაყევი, ასე აჯობებს! თქვენ კი მანამდე, ბავშვის ისტორია მომიტანეთ!
პიპამ მოსაცდელი გაიარა და ისევ იმ უცნობ კაცს შეეფეთა, მაგრამ ამჯერად უკვე, კაცი ცისფერ პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი და უკან მთელი დღის მანძილზე, ყველაზე მეტად ვინც ხმაურობდა, მთელი მათი არმია, ლანძღვით მოსჭყიოდა.
კაცმა პიპას ცალყბად გაუღიმა და ცხვირწინ მიუჯახუნა მყვირალა ხალხს კარი.
ხალხი ჩოჩქოლებდა:
- სად ბრძანდებოდა, ამდენ ხანს?
- თბებოდა ალბათ, ბუხართან და ფეხებზე ეკიდა სხვისი ჩვილები!
- ბავშვს, რომ რამე დაემართოს, არ შევარჩენ დაგვიანებას!
პიპა სანამ იქაურობას, დატოვებდა კიდევ ბევრი რამ მოისმინა იმ უცნობი ქირურგის მისამართით და თავისთვის ფიქრობდა:
„იქნებ, რა შეემთხვა? ხომ შეიძლება, რაღაც გადახდა თავს და ამიტომაც ასე დააგვიანდა.
ისე, ნამდვილად არ ჩანს ცუდი ადამიანი.
ხალხი კი ბრბოა.
ზოგჯერ, მართლაც რომ უსამართლო ბრბო!
თუ რამე არ მოეწონათ, წამსვე მზად არიან ფეხქვეშ გაგიგდონ და ისე გაგთელონ, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ!“
LEX. 2017 წლის 7 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment