Monday, May 27, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 7)

7.
ეზოში ბიჭები ბურთს თამაშობდნენ. ბავშვების გამაყრუებელ ყიჟინს, შეწუხებული მეზობლების შეძახილები მოჰყვებოდა. ხელჯოხზე დაყრდნობილი ფიფო, ღიმილით ადევნებდა თვალს.
- ეჰ, ნეტავ ახლა, მეც შემეძლოს, თქვენნაირად  ბურთის თამაში. - ბიჭის გასაგონად, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ფიფომ.
ბიჭი წამით შედგა, ფიფოს ახედ-დახედა, მერე ზურგი შეაქცია და ბურთი მეგობრებს გადაუგდო. თამაშში კი გულიანად იყო ჩაფლული, მაგრამ მისი ყურადღება მაინც იქვე, სკამზე ჩამომჯდარი ფიფოსკენ ეპარებოდა, რომელიც ბიჭს, თვალს არ აცილებდა და პირადად მის გუნდს, დიდი ოვაციებითა და შეძახილებით გულშემატკივრობდა.
ცოტა ხანში, ფიფოს მერხზე, სამი პატარა ბიჭი შემოუერთდა. ჩანდა, ძმები იყვნენ, მსგავსება დიდი იყო და ერთმანეთისგან, არც დიდი შუალედური ასაკით გამოირჩეოდნენ.
„ალბათ, ერთმანეთის მიყოლებით დაიჩეკნენ.“
ჩაეღიმა ფიფოს. მაშინვე გამოჰკითხა და არც შემცდარა.
პატარებს ერთი სული ჰქონდათ, როდის მიიქცევდნენ იმ, ფიფოსთვის საინტერესო ბიჭის ყურადღებას. გამუდმებით ეძახდნენ და საუბარში ითრევდნენ. უფროსი ბიჭი უჯავრდებოდა, - თამაშს არ მაცლითო, პატარები კი მაინც ვერ ისვენებდნენ.
- აუ, ვაჩეე! მშიაა!
- ცოტა ხანი მაცალეთ, რა! - დაუყვირა ვაჩემ. - წადით სახლში, დედა მალე მოვა!
- დედამ გვითხრა, დამაგვიანდებაო!
- ვიღაცასთან მივდივარო!
ერთმანეთს არ აცლიდნენ ძმები.
- ვინ, ვიღაცასთან? - ვაჩემ წარბი შეიჭმუხნა.
- შენი კლასელის დედამ დაიბარა!
- სახლი უნდა დაულაგოს და სარეცხი დაუთავოს. - მიეშველა სულ უმცროსი.
- დაა-უ-თო-ვოს! - დაუმარცვლა მეორე პატარამ.
ვაჩეს სიწითლემ გადაჰკრა. თვალი ფიფოსკენ გააპარა. ის კი ისე იჯდა, ვითომ ბიჭების ლაპარაკი, სულაც არ ესმოდა და კვლავ, ეზოში მობურთავე ბავშვებს გულშემატკივრობდა.
- აუუ! ძალიან მშია რა, ვაჩეე, რააა! - აჭყიპინდა ისევ ერთი პატარა.
- დედიკომ თქვა, მაღაზიაში ძალიან შეეხვეწეთ კვერცხი და პურიო! - ახლა მეორემ უთხრა უფროს ძმას.
- რომ მოვალ, ძველ ვალსაც გადავიხდიო. - დაურთო მესამემ.
- მერე მიდით, გამოართვით! მოვალ მალე და შეგიწვავთ! - შეაგულიანა ვაჩემ, რომელსაც აშკარა იყო, თავად ალბათ უკვე, რცხვენოდა კიდევაც ნისიად აღება.
- უკვე ვიყავით!
- ვიყავით და არ მოგვცა!
- მერე ვერ უთხარით, დედიკო დღესვე გადაიხდისო? - უკვე ხმა გაბზარული აგულიანებდა უფროსი ძმა.
- უკვე ვუთხარით და არაო!
- გარეთ გადითო!
- თქვენ სულ ნისიად გინდათ ყველაფერიო!
აწრიპინდნენ ბიჭები.
აქ უკვე ფიფომ, ვეღარ მოითმინა და უფროს ბიჭს მიმართა:
- თუ არ შეწუხდები, მომეშველე რა.
ფიფომ წამოდგომა სცადა, ბიჭი წამსვე მიეშველა.
- მშვენივრად თამაშობ ფეხბურთს. - შეაქო ფიფომ. - ვარჯიშობ სადმე?
ბიჭს გაეღიმა. დარცხვენით აიჩეჩა მხრები.
- არა, აბა სად მცალია. - ღიმილით, ისე გახედა უმცროს ძმებს, თითქოს მართლაც, მაგათი ბრალი ყოფილიყო, უფროსი ძმა, ვერც ერთ წრეზე რომ ვერ ახერხებდა სიარულს.
- დედიკომ თქვა ჯერ ფეხბურთის ფული არ გვაქვსო! - წაიწრიპინა ერთმა პატარამ.
- მე კარატეზე მინდა! - აჭყიპინდა სხვა პატარა.
- კარატეზე მე მინდა! - „არ დაუთმო“ მესამე ძმამ.
- ეე, ფული არ გვაქო, დედიკომ, ვერ გაიგეთ? - შეუფუცხუნა პატარებიდან შედარებით უფროსმა.
ძმების დაუსრულებელი ტლიკინისგან წამოჭარხლებულ ვაჩეს, ახლა უფრო ძლიერდ მოედო ალმური და პატარებს, თვალები დაუბრიალა. ბიჭები არ ჩუმდებოდნენ და მაინც ერთმანეთს არ აცლიდნენ.
პატარების ჟივილზე, ფიფოს ხმამაღლა გაეცინა.
- ბიჭებო, ერთი სათხოვარი მაქვს. - მიმართა პატარებს. - ნაყინზე უნდა დამპატიჟოთ!
ბავშვებმა გაკვირვებული სახეები მიიღეს.
- მაშინ, მე დაგპატიჟებთ! - გაუღიმა ფიფომ.
ფიფო სპეციალურად მიმართავდა პატარებს, ასე უფროს ძმასაც შეიტყუებდა. თუმცა იმასაც მშვენივრად ატყობდა, რომ ვაჩე, როგორ იღუშებოდა, მაგრამ აჭყიპინებული უმცროსი ძმების დაშოშმინება, არც ისე ადვილი იყო.
- აბა, რომელი გაქვთ აქ, ყველაზე კარგი მაღაზია? - შეეკითხა ფიფო ბავშვებს.
ბავშვებმა ერთდროულად გაიშვირეს თითი. უფროსი ბიჭი გაფითრდა. სახეზე ბრაზიც მოაწვა, ძმებს ხელი მოხვია და გაბრაზებული ხმით მიმართა:
- წავედით სახლში! - მერე ფიფოსკენ მიბრუნდა. - აი, იქ არის მარკეტი!
ბიჭები აჭიჭყინდნენ. არ დაემორჩილნენ.
- საჭმელი უნდა ვჭამოთ! - დაუცაცხანა ვაჩემ.
- არა! მასე არ გამოვა! - ჩაერია ფიფო. - სიტყვა - სიტყვაა! წავიდეთ ერთად და ყველამ ავირჩიოთ, ვის რომელი ნაყინი გვინდა! - ფიფო, უფროსი ძმის თანხმობას აღარც დაელოდა, ისე ჩაჰკიდა ხელი, ერთ პატარას და იმ მითითებული მაღაზიისკენ წავიდა.
ბიჭები ჟივილით დაედევნენ. ვაჩე ფეხს ითრევდა და ჩანდა, არც აპირებდა მაღაზიაში შესვლას.
ფიფომ ბავშვებთან ერთად, ნაყინის შერჩევა დაიწყო. გამყიდველი, უკმაყოფილო სახით ადევნებდა თვალს, პატარა ბიჭებს და შენიშვნებს არ აკლებდა:
- ასე ყველაფერს ხელს ნუ ავლებთ!
- ბარათით ხომ შეიძლება თქვენთან გადახდა? - ჰკითხა ფიფომ.
- დიახ, რა თქმა უნდა! - ცივად მიუგო გამყიდველმა ქალმა.
- მაშინ, სხვა რამეებსაც შევარჩევთ! - განუცხადა ფიფომ, ახლა უკვე გაკვირვებულ ქალს.
ფიფომ ბავშვებს ვალიც დაუფარა და სანოვაგეც შეუძინა. ვაჩე აჭარხლებული სახით ლუღლუღებდა, რატომ წუხდებითო.
- უნებლიეთ, ბავშვების საუბარი მოვისმინე. - სიმართლის თქმა ამჯობინა ფიფომ. - სხვანაირად არ შემეძლო და შენ როგორც გინდა, ისე გაიგე.
- არ ვიცი, როგორ... როგორ გადაგიხადოთ მადლობა. - დაბნეული და დარცხვენილი ბიჭი, სიტყვებს ვეღარ პოულობდა.
- სულ უბრალოდ! - აიჩეჩა მხრები ფიფომ. - ერთად მოვამზადოთ და ვისადილოთ! თუ რა თქმა, უნდა წინააღმდეგი არ იქნები.
ამით ფიფომ მოახერხა, ბიჭსაც დაუახლოვდა და სახლშიაც დაიპატიჟა თავი.
- მარტო ცხოვრობთ? - შეაპარა კითხვა ფიფომ.
- დედა გვიანობამდე მუშაობს. - მერე ნაღვლიანად დაუმატა. - ნეტა დროზე გავიზარდო, დედას დავეხმარები მაინც.
- ჯერ უნდა, ისწავლო.
- რაში მჭირდება? ტყუილად დრო უნდა დავკარგო.
ფიფოს გაეცინა:
- დიპლომი რომ გექნება, უფრო კარგ სამსახურს იშოვნი.
- ჰო, საქმეც მაგაშია, რომ ვერ ვიშოვნი. - ბიჭმა თავი ჩაღუნა. - მარტო დედა მყავს და პატარა ძმები.
- სხვა ნათესავები, არ გყავს? - შეეკითხა ფიფო.
ვაჩემ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- არც ბებია-ბაბუა? - თუმცა, მშვენივრად იცოდა, რომ ჰყავდა.
- ისინი ჩვენთან აღარ ცხოვრობენ, რაც... რაც... - ვაჩეს სიტყვა, ყელში გაეჩხირა.
- რაც? - ჩაეკითხა ფიფო. - მამა აღარ გყავთ?
- ჰო. - ვაჩემ ისე უპასუხა, თავი არ აუწევია.
- ალბათ, მამის მშობლებია, რადგან სხვაგან გადავიდნენ?
- ჰო! - ახლა ბიჭმა, უფრო თამამად გაუსწორა თვალი. - მამიდასთან გადავიდნენ.
ფიფოს არ გამოჰპარვია. ბიჭი მამის ხსენებაზე თვალს ვერ უსწორებდა, ხოლო სხვა შეკითხვებზე, შედარებით უფრო თამამად სწევდა თავს. საინტერესო იქნებოდა, მოკლულის მშობლებთანაც გასაუბრება. ამას ისევ, ის ახალგაზრდა გამომძიებელი მიხედავდა, თავად კი, ამ მოზარდი ბიჭის გამოტეხვა არჩია.
- მამა დიდი ხანია გარდაიცვალა?
- არც იმდენად.
- და, რითი გარდაიცვალა? ავადმყოფობდა? - ჩაეძია ფიფო და თან, თვალს არ აშორებდა დაბნეულ ბიჭს.
- არა. - უცებ მიგო ვაჩემ და გაჩუმდა.
ბიჭმა წუთით იყუჩა. ცოტაც ჩაფიქრდა კიდეც, რამდენად სანდო იყო ეს უცხო კაცი, რომელიც ასე გამომცდელად უსვამდა, მისთვის არასასიამოვნო შეკითხვებს. 
ფიფო კი აშკარა იყო, პასუხს ელოდა და ბიჭმაც, დიდხანს აღარ დააყოვნა  და ისე მიუგო.
- წყალში ჩავარდა, დაიხრჩო. მთვრალი იყო და... - ვაჩემ ისევ აარიდა თვალი.
ფიფოს არ გამოჰპარვია.
- ჰოო, ესე იგი, უბედური შემთხვევა ყოფილა. - ფიფომ წამით იყუჩა. - თუმცა საკვირველია, ბებია-ბაბუა რაღატომ გადაბარგდა? იმის მაგივრად, რომ გვერდში ამოგიდგნენ. პატარებს მაინც მიხედონ სახლში. ისინი კი, უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ? და რაღაცით მაინც არ გეხმარებიან?
- არანაირად! - ბიჭის თვალებში, რისხვის ნაპერწკალმა იელვა, თუმცა მალევე ჩაქრა.
- იქნებ, რამეში ადანაშაულებენ დედას?
- ადანაშაულებენ? - ბიჭს ხმა აუკანკალდა. - დედას?
- ჰო! - ფიფო შეტევაზე გადავიდა. - ჰო! ალბათ ფიქრობენ, რომ ცოლი ცუდად უვლიდა, კარგად ვერ მიხედა.
ბიჭს აშკარად გულზე მოეშვა.
- და თანაც, თუ კი ასე ხშირად სვამდა, ამასაც ალბათ, დედას აბრალებენ. - განაგრძო ფიფომ.
- ჰო, მასეა! სულ დედა გამოჰყავდათ დამნაშავე, სინამდვილეში კი... - ვაჩეს ისევ, ხმა გაუწყდა.
- ასეა, როცა ცოლი საწყალი და უსუსურია და წესით, ქმარი უნდა იყოს მისი დამცველი და მფარველი და ის კი ამ დროს, გამუდმებით სულ ჩაგვრაში ამყოფებს.
ვაჩემ ეჭვიანად გამოხედა.
ფიფომ კი განაგრძო:
- მერე, თავისი გაუთავებელი ლოთობითა და უპასუხისმგებლობით, უამრავ შარში გაეხვევა და ესეც იმ საცოდავ, დაუცველ სუსტ ქალს ბრალდება.
ბიჭი აშკარად დაიბნა, ფიფოს თვალს ვერ უსწორებდა.
- და ახლაც ყველაფერი, დედას ბრალდება! - ფიფომ თვალებში ჩახედა.
ვაჩე სულ აილეწა. ვერაფერს ხვდებოდა, თუ ვინ იყო ეს კაცი, ან ასე როგორ მოახერხა, მათ ოჯახში შემოჭრა, რომ ბიჭს, ეჭვიც კი არაფერში შეჰპარვია. თითქოს ხვდებოდა კიდეც, რომ მოგზავნილი იყო, მაგრამ ახლა ამას, უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ეს უცხო კაცი, დროულად უნდა გაესტუმრებინა სახლიდან.
- ბავშვები უნდა ვამეცადინო და დავაძინო. პატარებია ადრე იძინებენ, მერე მეც სასწავლი მაქვს. - ბიჭმა, თვალი თვალში გაუყარა ფიფოს.
- კი, გვიანია უკვე, მეც დიდ ხანს შემოვრჩი თქვენთან, მაპატიე თუ შეიძლება. - მოუბოდიშა ფიფომ.
ვაჩემ სტუმრის გასაცილებლად წამოდგომა დააპირა, მაგრამ როგორც ჩანდა, სტუმარი არც აპირებდა განძრევას და თვალს არ აცილებდა ბიჭს.
- თქვენი წასვლის დროა! - ვაჩეს ცოტა ხმა გაუმკაცრდა.
- დედას მინდა დაველოდო. მისი გაცნობაც ხომ შეიძლება?
- რატომ? - მიახალა გაგულისებულმა ბიჭმა.
- ვიცი, რომ გვიანობდა მუშაობს მე კი მინდა, ბევრად უკეთესი ვარიანტი შევთავაზო.
ვაჩეს ისევ არ ესიამოვნა.
- დედაჩემი, სულაც არ არის ისეთი ქალი, რომ ყველას შემოთავაზებებზე, ასე ადვილად დათანხმდეს! - მკაცრად მიუგო ბიჭმა.
- რატომ ბრაზობ? შემოთავაზებაში, ცუდი არაფერი მიგულისხმია. ხომ გითხარი, უკეთესი ვარიანტი მინდა შევთავაზო.
- რა ვიცი?.. - წაილუღლუღა ბიჭმა და ფიფოს უნდობლად შეავლო თვალი.
- მსგავსი შემთხვევებიც ბევრია და შედარებით, უკეთეს გამოსავალს ვურჩევ. - ორაზროვნად დაიწყო ფიფომ.
- როგორი მსგავსი? - ბიჭმა, ახლა დაბნეული სახით შეხედა.
- აი, თუნდაც, თქვენი ოჯახის მსგავსად! დედა მუშაობს, სახლსაც უვლის, ბავშვებსაც, მოხუცებსაც, ამ დროს კი მამა, მთვრალი მოდის, ჩხუბობს, სიღარიბესა და ყველა თავის უიღბლობას, ცოლს აბრალებს.
ვაჩეს აშკარად დაეცვარა შუბლი. ფიფოს არ გამოჰპარვია, წამით შეისვენა და განაგრძო:
- ცოლი კი ამ დროს, სრულიად მარტოა, უსუსური, დაუცველი. ქმარი კი, მასზე ძალადობს, რადგან იცის, რომ მოერევა და როგორც შეუძლია, ისე ჩაგრავს! იცის, რომ ვერავინ გამოექომაგება მის მსხვერპლს, არავინ შეაჩერებს და ბოლომდე ანთხევს ბოღმას! და მერე იცი, რა ხდება? - ფიფო ბიჭს ისევ ჩააშტერდა.
ვაჩეს მიტკლისფერი დაედო.
- მერე ის ხდება, რომ. - განაგრძო ფიფომ. - ერთხელაც, ეს ნაცემ-ნაგვემი ქალი, გამწარებისგან ხმას ამოიღებს! თუმცა, უფრო ძლიერად მოხვდება ამ დროს, მაგრამ არ შედრკება, აღარ შეშინდება და სწორედ ის სუსტი ქალი, როგორღაც ახერხებს და მოძალადე ქმარს, მაინც ამარცხებს და ანადგურებს! მერე გვამს გადამალავს და იცდის, თუ როდის მოიკითხავენ, აღმოაჩენენ, რომ უბედურ შემთხვევად შერაცხონ!
ვაჩე სულ გაფითრდა, ყბა აუკანკალდა, თუმცა, სიტყვაც არ დაუძრავს.
ფიფომ კი კვლავ განაგრძო ბავშვზე ზეწოლა:
- სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ეგრეთ წოდებული - უბედური შემთხვევის ვერსიები, ადვილად გამოირიცხება, თუ სამედიცინო ექსპერტიზა, კარგად ჩატარდება. ადვილად შეიძლება გაირკვეს, მანამდე იყო მკვდარი, თუ უკვე გვამი ჩააგდეს წყალში.
- იქნებ, მთვრალმა სადმე იჩხუბა და... და... ცოლმა კი არ მოკლა და... - ენის ბორძიკით ძლივს წარმოსთქვა ბიჭმა.
- სრულიად შესაძლებელია! - დაუდასტურა ფიფომ.
ვაჩე თითქოს, ცოტა ფერზე მოვიდა.
- ვიღაცამ, რომ მოკლა და მერე გადააგდო ეს ძალიან ადვილად დადგინდა, მაგრამ ახლა, მეორე თავსატეხი გაჩნდა. - ფიფომ წამით შეისვენა. - მკვლელის პოვნა!
ბიჭი შეცბა.
- იცი, პირველად საიდან იწყებენ ძიებას? - განაგრძო ფიფომ.
- არა. - ბიჭმა თავი გააქნია. იმდენად დაბნეული და არეული იყო, რომ იმის კითხვაც კი დაავიწყდა, ვინ იყო მისი სტუმარი და რა ინტერესი ჰქონდა, მის ვიზიტს, მათ ოჯახში.
- პირველად, ოჯახის წევრებზე მიიტანენ ეჭვს. რა თქმა უნდა, ბავშვები გამორიცხულია!
ვაჩეს აშკარად მოეშვა გულზე, თუმცა ფიფომ არ აცალა და მორიგი დარტყმა მიაყენა.
- პირველი ეჭვმიტანილი, როგორც წესი და რიგი, მსხვერპლის მეუღლეა!
აქ კი ბიჭი, სულ გათეთრდა.
- დაიჭერენ? - წაიჩურჩულა.
- რა თქმა უნდა, დაიჭერენ! ნუ, თუ ის მართლა მკვლელია!
- და როგორ დაუმტკიცებენ? იქნებ, სხვამ ჩაარტყა თავში?
- თავში? მე არ მითქვამს, რომ თავში ჩაარტყეს! - ფიფო გაჩუმდა.
ბიჭს, სულ წაუხდა ნირი.
- იქნებ, ყელი გამოსჭრეს? - ირონიული ხმით განაგრძო ფიფომ.
- ხო... იქნებ ყელი გამოჭრეს... - ენის ბორძიკით დაეთანხმა ვაჩე.
- ჰოდა, რადგან, პირველი ეჭვმიტანილი, მაინც ცოლია, ჯერ ის დაიკითხება, მერე მისი ოჯახის, სხვა წევრებიც.
- მერე ოჯახის წევრები ხომ იტყვიან, რომ მას არ მოუკლავს?
- ალბათ! გააჩნია, ვინ რას იტყვის! ზოგი ასე მოყვება, ზოგი ისე. მერე მოიძებნება ვინმე, თვითმხილველი, ვინც დაინახა გვამს, როგორ აგდებდნენ წყალში და თუ აქამდე, ჩუმად იყო, პროცესზე უკვე ვეღარ გაბედავს გაჩუმებას, ალაპარაკდება და საბოლოო დასკვნას კი, სასამართლო გამოიტანს!
- მაგრამ დედას არ მოუკლავს! - წამოიძახა ბიჭმა, თუმცა მიხვდა, რომ წამოსცდა და მაშინვე გადააკეთა. - იქნებ, დედას არ მოუკლავს?!
- შეიძლება! მაგრამ დედა აბა რისი დედაა, თუ საკუთარ შვილს არ დაიცავს? ამიტომაც თავის თავზე აიღებს და შვილის ციხეში ჩასმას, ისევ თვითონ ჩაჯდება. - ფიფომ წამით იყუჩა და მერე დაბალი ხმით დასძინა. - შვილი დედას იცავს, დედა კი შვილს!
ვაჩემ თავის აწევა ვეღარ შესძლო. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა.
- დედა ავადაა, ძალიან ავად... - ჩურჩულებდა ბიჭი. - ციხეს ვერ გაუძლებს, მოკვდება...
- უნდა მომიყვე! ყველაფერი უნდა მომიყვე! - ფიფო შეტევაზე გადავიდა, თუ იტყოდა ბიჭი სიმართლეს, სწორედ ახლა იტყოდა.
- თქვენ... თქვენ, გამომძიებელი ხართ?
- მე? - გაეღიმა ფიფოს. - მე არა!
- აბა? - გაიკვირვა ბიჭმა.
- ყველაფერი მომიყევი, მხოლოდ სულ თავიდან დაიწყე. - ფიფომ ნაღვლიანად გაუღიმა ბიჭს. - გულით მინდა დაგეხმარო, მაგრამ სრული სიმართლე უნდა მითხრა.
ბიჭი დაბნეული შეჰყურებდა ამ უცნაურ სტუმარს და კვლავ სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
LEX. 2019 წლის 18 მარტი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment