Monday, May 20, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 6)

6.
საბუთებს, ფიფოსთვის უკვე კარგად ნაცნობი დეტექტივი და ახალი მედ.ექსპერტიც შემოჰყვა. ამჯერად, მხოლოდ ორი ახალი საქმე შემოიტანეს. გვამების იდენტიფიცირება დადგენილი იყო. საქმეთა ხელმეორე გადახედვამ კი სხვა, ახალი კითხვებიც დაბადა.
- როდესაც ადამიანი იხრჩობა, ინსტიქტურად მისი ყელის სპაზმი, კეტავს საყლაპავ მილს. - ხსნიდა მედ.ექსპერტი. - ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი დამცავი რეაქციაა, ფაქტიურად იხრჩობა, უჰაეროდ არის, იგუდება, მაგრამ წყალი, ჯერ კიდევ არ ჩასულა მის ფილტვებში და რადგან, ჯერ კიდევ გონზეა და რა თქმა უნდა, აცნობიერებს თავის მდგომარეობას, მომენტალურად იწყებს ბრძოლას სიცოცხლის გადასარჩენად და თავისთავად, ბოლომდეც იბრძვის!
- ესე იგი, სწორედ ის ინსტიქტური დამცავი სპაზმი უშლის ხელს, რომ ფილტვებში წყალი, ჯერ კიდევ ვერ აღწევს და რაღაც გარკვეული დროც რჩება, სიცოცხლის გადასარჩენად! - დაასკვნა ფიფომ.
- დიახ! იბრძვის მანამ, სანამ ჯერ კიდევ ძალუძს, სიცოცხლის გადარჩენა. ავტომატური დამცავი რეფლექსის შედეგად, ბრძოლას აგრძელებს და თუ არ გაუმართლა, მაშინ იგუდება, ანუ უწყლოდ იხრჩობა. ამას უფრო, მშრალი დახრჩობა, ანუ მოგუდვა ჰქვია, მაგრამ როცა ადამიანი, გონებას კარგავს, ყელის სპაზმი, რაღაც პერიოდი, უფრო მოშვებულია და გარკვეული რაოდენობის წყალს, შეუძლია ფილტვებამდეც ჩააღწოს, ამას უკვე, დახრჩობა ჰქვია.
- და ესე იგი, დასკვნა? - ჩაეკითხა ფიფო.
- სანამ გონზეა, ჯერ კიდევ იბრძვის და ჯერ კიდევ წყალი, ასე ადვილად არ ჩადის მის სხეულში და ამრიგად, დასკვნა ასეთია - ეს ადამიანი, ჯერ კიდევ გონზე იყო და მერე...
- გასაგებია! - შეაწყვეტინა ფიფომ. - და ის, მეორე?
- ის სავარაუდოდ, უკვე გონება დაკარგული იყო, როცა წყალში აღმოჩნდა.
- გასაგებიააა, გასაგები... - ბურტყუნებდა ფიფო და ყველაფერს გულდასმით ათვალიერებდა. - როგორც ჩანს, თავში რაღაც ბლაგვი საგანი მოხვდა და წყალში უკვე, გონდაკარგული აღმოჩნდა და ესე იგი? - ახლა დეტექტივს მიუბრუნდა ფიფო.
- ესე იგი, საქმე გვაქვს, არა უბედურ შემთხვევასთან, არამედ მკვლელობასთან! - სხაპასხუპით უპასუხა გალეომ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და ელოდა, როდის მიეცემოდა ამეტყველების შანსი.
- დიახ, დიახ! ჭეშმარიტებას ღაღადებთ ყმაწვილო! - ცალყბად გაუღიმა ფიფომ. - ყველაფერი გასაგებია. - ჩაილაპარაკა და ახლა მედ.ექსპერტს გახედა. - თქვენ, თავისუფალი ხართ!
მედ.ექსპერტი უსიამოვნო სახით წამოდგა, ცივად დაემშვიდობა და კაბინეტი დატოვა. ჩანდა, კიდევ დიდ ხანს ისურვებდა ფიფოს კაბინეტში ყოფნას, კიდევ ჰქონდა სურვილი, თავი გამოეჩინა, თუმცა ფიფომ, ყოველგვარი ემოციის გარეშე მოიშორა. მართალია, ეს ის ექსპერტი არ იყო, ვისთანაც ფიფოს, ერთ დროს, რომანი ჰქონდა გაბმული, მაგრამ სამსახურის ფარგლებში, ზედმეტად დაახლოვება უკვე, აღარც არავისთან სურდა.
- აბა, გისმენ! - მიუბრუნდა ფიფო დეტექტივს.
- ექსპერტიზის პირველად დასკვნაში, თავის ქალის მარჯვენა მხარეს, კეფისკენ, მკვეთრად აღინიშნებოდა სილურჯე, რაც თავიდან, წყლის ქვეშ მიღებულ ტრავმად ჩაითვალა, მაგრამ გვამის გაკვეთამ, სულ სხვა შედეგი მოგვცა.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - ეჭვმიტანილი გვყავს?
გალეომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- როგორ? სულ არავინ?
- არაერთი, მაგრამ კონკრეტულად, არც ერთი.
- ჰმ!
- მომიწევს, ყველას სათითაოდ, თავიდან დაკითხვა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გალეომ.
- რას იზამ? - გაუღიმა ფიფომ. - ასეთია ჩვენი სამსახური. - და მაინც, შენ ვისზე ფიქრობ? ვინ შეიძლება იყოს, მკვლელი? ხომ იცი, გჯერა თუ არ გჯერა, შენეული ვერსია, ყოველთვის უნდა გქონდეს.
- რთულია, ოჯახის წევრებზე ეჭვის მიტანა. - თავი გააქნია გალეომ. - აბა მოხუცი მშობლები, ხომ არ მოკლავდნენ? რჩება მეუღლე, მაგრამ ის ისეთი საცოდავი და უსუსურია, ძალიან მიჭირს მისი დადანაშაულება, თუმცა ამ ეტაპზე, არ გამოვრიცხავ.
- ჰოო?
- ისე, რომ მოეწამლა, უფრო სავარაუდო იქნებოდა, მაგრამ ის ისეთი გალეული ქალია, არა მგონია, რომ ფიზიკურად შესძლებდა, ამხელა კაცის...
- პირველი ეჭვმიტანილი, ყოველთვის ოჯახის წევრია, ხომ იცი? - შეაწყვეტინა ფიფომ. - მეუღლე კი ყველაზე წინ დგას.
- ჰო, ვიცი და მაგიტომაც ჯერ არავის გამოვრიცხავ, მაგრამ ხელის დადებაც, ძალიან მიჭირს.
ფიფო ისევ საქაღალდეს ჩააშტერდა. მერე ოჯახის ფოტოს დააკვირდა.
- თუ იცი, ეს ახალი ფოტოა? - ფიფომ სურათი გაუწოდა.
ფოტოზე მოკლული, ოჯახთან, ცოლ-შვილთან და მშობლებთან ერთად იყო. 
- არ ვიცი. არ მიკითხავს. ეს ფოტოც, თქვენთვის საჩვენებლად წამოვიღე, მაინც რა ვიცი. გავიგებ მაგასაც, როდის იყო გადაღებული.
- კონკრეტულ თარიღს, არ ვგულისხმობ. - ფიფო გაჩუმდა.
დეტექტივი მიხვდა, ფიფო რაღაცამ ჩააფიქრა და ცდილობდა გამოეცნო, რა შეამჩნია ასეთი ფიფომ იმ ფოტოზე. ახლა თავადაც ჩააკვირდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა.
- შვილი. - დაარღვია სიჩუმე ფიფომ.
- შვილი?
- უფროსი ბიჭი, მაგ ფოტოზე, ასე სადღაც, თორმეტი-ცამეტი წლის უნდა იყოს და თუ ფოტო, არ არის ახალი, მაშინ უფრო მეტისაც, ხომ?
- ბავშვები არც მინახავს. არც მათი დაკითხვა მიფიქრია და არც მათი ასაკით დავინტერესებულვარ, რადგან...
- რადგან, თავიდან მკვლელობა, უბედურ შემთხვევად იყო აღნიშნული!
- დიახ. - გალეო უკმაყოფილოდ დაიღრიჯა. - ეს როგორ ვერ მოვიფიქრე.
- ხედავ? ზოგჯერ პრიმიტიულ, წვრილმანის ცოდნასაც კი შეუძლია, დამნაშავის კვალზე გაყვანა. - ჩაეღიმა ფიფოს.
- უტვინოდ ვიმოქმედე და გამოძიება ჩემი წყალობით, ჩიხში მოვაქციე. - ტუქსავდა საკუთარ თავს დეტექტივი.
- სულაც არ გსაყვედურობ! პირიქით, მინდა დაგეხმარო, გასწავლო და გზა გიჩვენო! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - ერთი პროფესია გვაქვს და ერთ სადარაჯოზე ვდგავართ, ერმანეთს უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ.
- ნეტა მეც რამეში გამოგადგეთ. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გალეომ.
- რა იცი? იქნებ გამომადგე კიდევაც! - ფიფომ თვალი ჩაუკრა. - იქნებ, ჩემმა ბიჭმაც მოისურვოს დეტექტივობა და მერე შენი იმედი მექნება, ასწავლი და გზას გაუკვალავ.
- რა თქმა უნდა! აბა რა! - გაიკრიჭა გალეო.
- ჰოდა ახლა, ექსპერტიზის ახალი დასკვნის შედეგად, შანსი მოგეცა, შეგიძლია გამოასწორო, ის რაც გამოგეპარა და გამოძიება თავიდან აწარმოო!
- და შვილი? ვითომ, მამას მოკლავდა?
- ვერაფერს გეტყვი. იმ კაცის ცოლი, მართლაც ფოტოზეც ისე გასაცოდავებულად გამოიყურება, რთულია ასე უცებ ხელი დაადო. - ფიფომ ამოიხვნეშა. - შენი თქმის არ იყოს, მართლაც რომ მოეწამლათ, უფრო ადვილად დავადებდით ხელს!
დეტექტივმა თავი დაუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო სიტყვის თქმა, ისევ ფიფომ განაგრძო:
- ზოგჯერ, ყველაზე სუსტი და უსუსური, შეიძლება ისე ძლიერ აბობოქრდეს, რომ...
- ჰო, შეიძლება მასეც იყო! იქნებ, თავს იცავდა?
- ვერც იმას ვადასტურებ, რომ ეს ქალი იქნება, ქმრის მკვლელი, მაგრამ აქ ეს უფროსი ბიჭი მაფიქრებს. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - შესაძლებელია, ქმარი ძალადობდა, ამცირებდა, სცემდა! შვილმა კი, დაიცვა. მოზარდი ბიჭია, ძალა და გული ერჩის!
- არ არის გამორიცხული! ყველანაირი ვარიანტი უნდა მოვსინჯო! - გამოცოცხლდა დეტექტივი.
- ის ბიჭი, ძალიან ფრთხილად უნდა დაიკითხოს. ჯერ ვერც უნდა ხვდებოდეს, რომ დაკითხვაა.
- ისე, არც გამიკვირდება მაგ შემთხვევაში, თუ წინასწარ მომზადებული პასუხებიც ექნება.
- რა თქმა უნდა, ექნება! - თავი დაუქნია ფიფომ. - მაგრამ შენ, სულ სხვა მხრიდან უნდა მიუდგე.
- და რას მირჩევთ? როგორ დავიწყო?
- დედა მაინც დედაა! ბიჭისთვის კი ოჯახში, ყველა ქალზე წმინდაა! იქნებ მართლაც, უბედური შემთხვევა იყო, შვილმა მართლაც, დაიცვა დედა? - ჩაფიქრებული ხმით განაგრძო ფიფომ.
- ბავშვებთან არასდროს მქონია საქმე. ბავშვი როგორ დავაპატიმრო. - უსიამოვნოდ შეიშმუშნა დეტექტივი.
- არც მე მინდა, მაგრამ სიმართლის გარკვევა, აუცილებელია! სხვა შემთხვევაში, იმ ბიჭს დაენგრევა ცხოვრება. ვინ იცის, როდის და სად ამოხეთქავს მის სულში ჩაბუდებული ძველი დარდი. დანაშაულის გრძნობამ, წლების მერე უფრო იცის შეჭმა. - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - და თუ მართლაც იცავდა და განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და კარგი ადვოკატიც ეყოლება, ვინ იცის? - ფიფო სავარძელში გადაწვა. - უამრავი შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს.
- კი, მაგრამ გვამი მერე წყალში, როგორ აღმოჩნდა? ეს უკვე, დანაშაულის დაფარვაა.
- ეგ უკვე, სულ სხვა საკითხია და თუ გაასამართლებენ, მაშინ მკვლელობისთვის კი არა, არამედ მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის! თანაც ბავშვია, შეშინებული პატარა ბიჭი, რომელიც გამუდმებით, დედის ჩაგვრას უყურებს! იქნებ, თავად მასაც სცემდნენ? მაგრამ გვამის გადამალვა, აშკარად ეს უფროსის მოფიქრებული იქნება.
- და ამ შემთხვევაში, დედას მოუწევს სასჯელის მოხდა.
- და თვალებში გატყობ, არც ეგ არ გინდა, არა? - ჩაეცინა ფიფოს. - ის ქალიც, საცოდავია.
- რთულია, მაგრამ კანონი - კანონია! აბა რისთვის ვმუშაობ? - იხტიბარს არ იტეხდა დეტექტივი. თუმცა, სახეზე ეტყობოდა, არც იმ უმწეო ქალის გაშვება უნდოდა ციხეში.
- კარგი, კარგი! - ფიფომ საქაღალდე გვერდით გადადო. - იმ ბიჭს უნდა მივაკითხოთ. სკოლაში, ან შემთხვევით შევხვდეთ!
- ვითომ, შემთხვევით, არა? - გაეცინა გალეოს.
- თავისთავად!
- კიდევ გვაქვს, რამე საინტერესო? - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა.
- საქმეების მეტი რა არის. ახალიც და ძველიც!
- ჰო, ძველებიც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, თუ საერთოდ გაუხსნელი დარჩა.
- ჰო, ზოგჯერ ისეთი აურზაურია განყოფილებაში, რომ ხშირად ხალხი, თავიდან გამოძიებას ითხოვს!
- ეს ყოველთვის ასეა. მსხვერპლის ახლობლებს, ყოველთვის სურთ იმაზე მეტის გაგება, ვიდრე ეს შესაძლებელია.
- დიახ, არასდროს არიან კმაყოფილნი!
- მასეა, მასე. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მეც იმდენმა ხალხმა შემაწუხა, იმდენი შუამავლები გამომიგზავნეს, ისეთი ახლობლები მოდიან, რომ უარს ვეღარ ვეუბნები და აი შენი წყალობით, უკვე მერამდენედ გადავქექეთ ძველი საქმეები.
- ისე მაინც, თუ საიდუმლო არ არის, რომელიმე კონკრეტულ მსხვერპლს ეძებთ? - ინტერესით ჩაეკითხა დეტექტივი.
ფიფომ თვალი გაუსწორა. სულაც არ აპირებდა, უმცროსი კოლეგასთვის კარტების გადაშლას. შესაძლებელია, გალეო რამეს ხვდებოდა კიდეც. ალბათ, გუმანით გრძნობდა, რომ მისი წინამორბედი, კონკრეტულ პიროვნებას ეძებდა. თუმცა ფიფო, დარწმუნებული იყო, რომ არაფერი იცოდა, თორემ აქამდეც, ბევრჯერ შეეცდებოდა გამოტეხვას, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ ამ საქმეში ბოლომდე, არავინ იყო სანდო.
ფიფომ დეტექტივს, დაკვირვებით ჩახედა, მერე სავარძელში გადაწვა.
- როგორ აგიხსნა, არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ეს კაბინეტიც კარგია და ხელფასიც შესანიშნავია, მაგრამ ასე მგონია, სულ სხვა სამუშაოზე ვარ. ის, რასაც წლები შევალიე და რაც, ძალიან მაინტერესებდა ფაქტიურად, იმ საქმეებს ჩამოშორებული ვარ! გაუთავებელი სხდომები, თათბირები, ჩემთან უკვე სხვების გამოძიებული და დამთავრებული დოკუმენტები მოდის, ერთს გადავხედავ, ბეჭედს ვარტყამ, ხელს ვაწერ ან არ ვაწერ! - ფიფომ ხელები გაშალა. - რა ვიცი, მგონი ჩვენს საქმიანობაში, ყველაზე საინტერესო მაინც, გამოძიების პროცესია. მერე რამდენი წვალება, სირბილი, ღამეების თევა, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო. ახლა კი, ასე მგონია გამოფიტული, თითქოს, უსარგებლო ნივთივით ვიყო. - ფიფო მოიღუშა.
- მივხვდი და მესმის. - ღიმილით აღნიშნა გალეომ.
- ჰოდა, ამიტომაც არ მინდა სალაპარაკოდ გახდეს, რომ ისევ ის სამუშაო მირჩევნია. უბრალოდ, ჩვენში დარჩეს. - ფიფომ თბილად გაუღიმა. - დღეს ისეთი დროა, ასეთ ხელფასზე, უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ძლივს გამქონდა თვიდან თვემდე თავი, თან მაშინ დაოჯახებულიც არ ვიყავი. დღეს კი, ჩემი პირადი ინტერესის გამო, ოჯახს ვერ ვაშიმშილებ.
- ახლა მართლაც გასაგებია. თავიდან კი ცოტა დავეჭვდი, რადგან არ გინდოდათ, ჩემი აქ ხშირი მოსვლის მიზეზი, ყველას სცოდნოდა, თან ზოგჯერ მეგონა, რომ რაღაცას მიმალავდით, რაღაცას ბოლომდე არ მიყვებოდით!
ფიფოს გაეცინა. დეტექტივი, მართლაც, რომ იმაზე მეტად გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.
- დამალვით, არაფერი დამიმალავს. - ოსტატურად იცრუა ფიფომ. - მაგრამ, ზოგჯერ თავადაც არ ვიცი, რა და როგორ ამეხსნა, ჩემი უსაფუძვლო ეჭვები. ალბათ, ამიტომაც იფიქრე, რომ არ გენდობოდი. - ფიფომ თვალი ისე გაუსწორა, რომ არც კი დაუხამხამებია.
- გასაგებია, გმადლობთ, ნდობისთვის და გმადლობთ, რომ მე ამირჩიეთ. - გაუღიმა დეტექტივმა. - რატომღაც ასე ვიფიქრე, რომ მე ამირჩიეთ და ჩემთან უფრო...
- დიახ, სწორადაც იფიქრე. - დაემოწმა ფიფო. - სხვებსაც ვიბარებ აქ, მაგრამ შენ მართლაც ბევრისგან განსხვავებით, გამორჩეული ხარ ან იქნებ, სულაც ჩემს თავს მაგონებ? მეც ასეთი ვიყავი. მკვირცხლი, დაუზარელი და რა ვიცი? ალბათ, გონებაც მიჭრიდა და დამიფასდა კიდევაც! - გაეცინა ფიფოს.
- გმადლობთ! დიდი მადლობა. - ახალგაზრდას, სიხარულით აენთო თვალები.
- კარგია, რომ სწორად გესმის. უსაქმურად, მართლაც არ ვარ, საქმეების მეტი რა არის, მაგრამ აი ის ჩვენი საქმიანობა, მაინც სულ სხვაა.
- ნამდვილად გეთანხმებით!
- კარგი ბიჭი ჩანხარ. თუ კიდევ რამე პერსპექტივა იქნება, რეკომენდაციების იმედი, ყოველთვის გქონდეს ჩემგან.
- უკვე ორჯერ დამაწინაურეს თქვენი წყალობით. - უხერხულად გაეღიმა გალეს.
- მე არაფერ შუაში ვიყავი! შენ მშვენივრად იმუშავე! მერე რა, რომ ხანდახან რაღაც დაგეხმარე და გზა გიჩვენე. თავის დროზე, მეც სხვა მასწავლიდა და მარიგებდა! აბა, როგორ? - გაეცინა ფიფოს.
დეტექტივის წასვლის შემდეგ, ფიფო ერთხანს, ჩაფიქრებული იჯდა. მართალია, უმცროს კოლეგას, ცოტა ტყუილებიც შეაპარა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც, სიმართლე იყო. ზოგჯერ ფიფოს, მართლაც ის დრო ურჩევნოდა. ბევრად დაძაბული, შფოთიანი, მაგრამ უფრო საინტერესო.
- ჰმ, ის დრო და ეს ხელფასი. - ჩაილაპარაკა ღიმილით. - ჰა, ჰა!
მერე ფანჯარას გახედა. ისევ თავსხმა წვიმა იყო. ისეთი, როგორიც ერთ დროს, თუმცა, მსხვერპლისა და გამძვინვარებული სტიქიის გარეშე.
LEX. 2019 წლის 8 მარტი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment