Monday, May 13, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 5)

5.
ჯერ კიდევ იმ დროს, იმ საშინელ ღამეს, ნარკოზიდან ბოლომდე გამოსულიც არ იყო, რომ პირველად, პიპა მოიკითხა.
- რა დროს ეგ არის? ბიჭი შეგეძინა! ბიჭი! - მიახალა ნათლიამ. - სამუშაოს სხვებიც მიხედავენ! შენ ახლა, შენს ჯანმრთელობაზე უნდა იფიქრო და აგერ უკვე, ცოლ-შვილიც გყავს მისახედი.
- ოჯახი - ოჯახია, მაგრამ ზოგიერთი საქმე, არ იცდის. - უკან არ იხევდა ფიფო. - შენ ეს, ჩემზე უფრო კარგად იცი.
- ხომ გითხარი! ჯერ გამოკეთდი, დადექი ფეხზე და მერე!
- კი, მაგრამ გამაგებინე მაინც, რა ხდება? - არ შეეპუა ფიფო.
- რას ჩააცივდი, იმ დახურულ საქმეს?! სხვა მეტი, არაფერი გაქვს სადარდებელი?! იცი, რა ბიჭი გეყოლა? - ნათლია ყურებამდე უღიმოდა, მაგრამ საქმის ხსენებაზე, თვალებში ავად გაიელვა რისხვის ნაპერწკალმა.
ფიფომ ვერაფერი უპასუხა. იმდენად შეუძლოდ იყო, რომ ამ ეტაპზე, მართლაც რის მაქნისი იყო და ამიტომ, ისევ გაჩუმება ამჯობინა. ძალდატანებით, ცალყბად გაუღიმა ნათლიას და ძლივს წამოწეული, დამძიმებული თავი, ისევ ბალიშზე მიაგდო.
„ჰმ, დახურული საქმეო! ჰაჰ! ვინ და როდის დახურეთ, ის მაინც გამაგებინეთ! აჰ, მე უკვე აღარ მეკითხება არა?!
დამაცადეთ, ჩემი დროც მოვა! ყველაფერს მივხედავ! ყველას!
ყველას და ყველაფერს! მივხედავ!
ყველას თავის ადგილს მივუჩენ! დამაცადონ, ჯერ დავდგე ფეხზე.
მიმი! ნეტა მიმი, როგორ არის? არც კი ვიცი, რა ვუთხრა? ან როგორ ვუთხრა, იმ გოგოს, რომ პიპას გადარჩენას, მართლა გულით ვცდილობდი. დამიჯერებს კი? იქნებ იფიქროს, რომ სპეციალურად დავღუპე? მეტოქე მოვიშორე! განგებ დავღუპე, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი?
არა! არა! არა! პიპა უნდა ვიპოვნო! მკვდარი, თუ ცოცხალი უნდა ვიპოვნო!
არა! ცოცხალი! სჯობს ცოცხალი იყოს და თავად მოუყვეს მიმის, რომ მის გადარჩენას მართლა ვცდილობდი! მისი დაღუპვა არც მიფიქრია!“
ფიფო ფიქრებმა წაიღო. ათას რამეს გადაწვდა, ყველაზე მეტად კი იმას დარდობდა, მიმისთვის თვალებში, როგორ უნდა ჩაეხედა. მერე უცებ, ბავშვი მოაგონდა.
„ბავშვი?
მიმის ბავშვი უკვე ეყოლა? ჯერ ხომ ადრე იყო?
იქნებ, უკვე აღარც ღირს მიმის გვერდით გამოჩენა? რა ვქნა? როგორ მოვიქცე?
რა ვუთხრა მიმის?“
მართალია, ძლიერ დარდობდა და განიცდიდა მიმისთან შეხვედრას, თუმცა დამალვა, არც უცდია. თავის არიდების მაგივრად პირიქით, ახალ ნაოპერაციები, ინვალიდის ეტლით, თავად ეახლა სამშობიაროში. მიმი ძალიან ცუდად დაუხვდა. თუმცა, ფიზიკურად მშვენივრად იყო, მაგრამ მისი სულიერი სამყარო იყო საშინელ დღეში. ფიფოს ზედაც არ უყურებდა და გამუდმებით, თავს იმძინარებდა, აშკარად გაურბოდა მასთან შეხვედრას. ფიფოსთვის ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ უკან არ იხევდა. მიმის პალატას არ შორდებოდა და ხელსაყრელ დროს უცდიდა. ყველაფერი თავად უნდა აეხსნა, ყველაფერს დეტალებში მოუყვებოდა და მერე თვითონ მიმის გადაეწყვიტა, როგორ მოიქცეოდა. ფიფო დარწმუნებული იყო, მიმი ასე, პიპას გამო ჯავრობდა და ამიტომაც არავის დანახვაც არ სურდა. თუმცა, ცოტა ისიც კი ეუცნაურა, მიმი არც საკუთარი შვილის მიმართ იჩენდა ინტერესს. ფიფოს მაინც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბავშვს უმამობას არ აგრძნობინებდა. ყველანაირად შეეცდებოდა, ყველაფერში დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, მიმის გვერდით იქნებოდა თუ არა. ფიფო მზად იყო ამ ბრძოლისთვის და არ ჰქონდა მნიშვნელობა, მიმი თანახმა იყო თუ არა, მაგრამ რაღაც საოცრება მოხდა. ფიფოს თავი სიზმარში ეგონა. ყველაფერი ისე სწრაფად მარტივად მოგვარდა, რომ „ბრძოლის“ დაწყებაც კი ვერ მოასწრო. მიმიმ შვილი, ჩაიხუტა თუ არა მაშინვე ფიფო აღიარა მამად და პიპაზე, სიტყვაც არ დასცდენია. არც ის უკითხავს, ფეხი ასე სად და როგორ დაიშავა. პირველ რიგში, ფიფოს მკურნალობის საკითხი დააყენა და აქტიურად დაიწყო მონაწილეობის მიღება. დრო გადიოდა და მიმი ისე იქცეოდა, თითქოს პიპა, მის ცხოვრებაში, სულაც არ არსებულიყო და არა მარტო სხვების დასანახად, არამედ თავადაც, ფიფოს მართლაც ბავშვის მამად თვლიდა.
- აი, ნახე! - ბავშვის მიმიკაზე ანიშნებდა მიმი, ფიფოს. - ასე რომ აკეთებს, სულ შენ გგავს!
- მართლა? - სიხარულით აკვირდებოდა ფიფო. - ჰო, მეც მასე ვიცი, ცხვირის დამანჭვა. უხაროდა ფიფოს და ისიც მშვენივრად იცოდა, ბავშვი ვისთანაც იზრდებოდა, აუცილებლად მის ზნე-ჩვეულებებსაც იძენდა. ამიტომაც უფრო სჯეროდა ბავშვთან მსგავსება და აღფრთოვანებული, სულ ამას აღნიშნავდა. 
მიმის გარდა, სხვა ახლობელ-ნათესავებიც კი ადასტურებდნენ, სულ ფიფოს ქცევები აქვსო. განსაკუთრებით კი, ფიფოს დედა აქტიურობდა, ბავშვის ყოველ მანჭვასა თუ ღნავილს, ფიფოს პატარაობას ადარებდა და უამრავ საერთო შტრიხს პოულობდა.
მიმის და ფიფოს, ყველასგან განსხვავებული და ამასთანავე, საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ. ერთმანეთს, უსიტყვოდ უგებდნენ.
თავიდან, მიმისთან ცხოვრობდნენ. ეს უფრო მიმის სურვილი იყო. ფიფოს წინააღმდეგობა არც გაუწევია. მასაც უნდოდა მიმისთან ერთად ყოფნა, თუმცა მაინც, მიმის გვერდით ოთახში ეძინა. ოჯახი თითქოს, სხვების დასანახად უფრო შექმნეს, მაგრამ მიმის, სულაც არ აინტერესებდა ხალხის აზრი. შეეძლო თავისუფლად ყოფილიყო, მარტოხელა დედა, მაგრამ ფიფოს მიტოვებას, არც აპირებდა. და-ძმასავით აგრძელებდნენ ცხოვრებას და ამასაც, თავისებური ახსნაც ჰქონდა.
ფიფო ჯერ კიდევ, რეაბილიტაციას გადიოდა და მიმი, მთელი ძალისხმევით გვერდში ედგა. მოვლასა და მზრუნველობას არ აკლებდა.
არც მანამდე და არც მოგვიანებით უხსენებია პიპა. ფიფოს უცხოეთში საოპერაციოდ, ბავშვიანად დაჰყვებოდა და ისე მიიღო ფიფო თავის ოჯახში, რომ არც მისთვის უკითხავს, იქნებ ფიფოს სულაც, არ სურდა მასთან ერთად ცხოვრება.
დიდი ძალისხმევის, ოპერაციებისა და არა ერთი რეაბილიტაციის შედეგად, ფიფო როგორც იქნა, ფეხზე დადგა. თუმცა ხელჯოხის გარეშე, უკვე ვეღარც გადაადგილდებოდა, მაგრამ ბედს მაინც არ უჩიოდა. მხოლოდ იმას დარდობდა, ბავშვს ფეხბურთს ვერ ვეთამაშებიო და ესეც, ზღვაში წვეთი იყო.
როგორც კი ფიფო გამოჯანმრთელდა, მიმიმ მაშინვე, ახალ სახლში გადასვლის საკითხი დააყენა და ყველას გასაკვირად, სახლი უკვე აშენებული და საცხოვრებლად გამზადებულიც კი იყო. მალე ეზოში, ახალი მანქანაც შემოაგრიალა, ფიფო გვერდით მოისვა და ახალი ბინის სანახავად გასწია.
- მიმი, ამხელა ხარჯი, რად გინდოდა? - გაოგნებული ათვალიერებდა ფიფო ოთახებს. თან მოსწონდა, ძალიან მოსწონდა ახალი სახლი. მიმის უბადლო გემოვნებას აღიარებდა, მაგრამ გული მაინც ეწურებოდა. მშვენივრად ხვდებოდა, ასეთ პრესტიჟულ უბანში, ახალ აშენებულ, საუცხოოდ და კომფორტულად მოწყობილი სახლის ფასს.
- რა იყო?! არ მოგწონს?! - იწყინა მიმიმ, როცა ფიფოს ორჭოფობა შენიშნა.
- როგორ არ მომწონს! შესანიშნავია, მაგრამ ხომ შეგეძლო ჩემთანაც შეგეთანხმებინა?
- სიურპრიზებს წინასწარ, არ ათანხმებენ! - აიბზუკა ცხვირი მიმიმ.
- აჰა! ესე იგი, ეს სიურპრიზია? - გაეცინა ფიფოს, თუმცა გულში მაინც არ ესიამოვნა, მიმის ეს თავქარიანი ქმედება.
„რა საჭირო იყო, ამხელა ფულის ჩაყრა, ამ უზარმაზარ ბინაში. ორივეს გვაქვს მშობლების ბინა!  მამიდის ბინაც კი, მიმის სახელზეა! მე ცალკეც ხომ მომცა სამსახურმა საჩუქრად, ახალი ბინა. მიმი კი, ურჩი კვიცივით აკუნტრუშდა და ამხელა სახლი შეიძინა.“
ფიქრობდა მოულოდნელობისგან დაბნეული ფიფო და იმას ჯავრობდა, რამხელა კრედიტის გადახდა მოუწევდათ, ამ ბინის გამო, მაგრამ მიმი ისეთი ბედნიერი იყო, ისე ხარობდა, ამ მართლაც უზადო გემოვნებით გაწყობილ და დაპროექტებული სახლით, რომ ხმას ვეღარ იღებდა.
„ალბათ, იმ ახალ ბინას გავყიდი. ვინ იცის, რამდენი იქნება, ამ სახლის დასაფარი კრედიტი. მამიდის ბინაც გამოგვადგებოდა, მაგრამ მგონი, ბავშვის სახელზე ჩადო, თუმცა ეს სახლიც ჩვენი შვილის არ არის? აბა მეტი, ვის უნდა დარჩეს.“
ფიფოს ჩაეღიმა.
- რა გაცინებს? - წაიწრიპინა მიმიმ. - შენ მგონი, მართლა არ მოგწონს.
- მართლა მომწონს და გაოცებული ვარ. - გაუღიმა ფიფომ. - სასწრაფოდ, იმ ახალი ბინის გაყიდვა მოგვიწევს.
- რას მისტირი, იმ ბინას? - მიმი გაიბუზა.
- სულაც არა! არც კი ვიყენებთ და ტყუილად ცდება, მაგრამ ჯერ გაგვეყიდა და მერე...
- კარგი რაა, ფიფო რააა. - იწყინა მიმიმ. - ამ სახლს და იმ კორპუსის ბინას ადარებ?
- არა არ ვადარებ. არც მიფიქრია! შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ ასე უცებ, რომ ვერ გაიყიდოს, მერე?
- და საიდან მოიტანე, რომ იმ ბინის გაყიდვას ვითხოვ? - გააწყვეტინა მიმიმ. - თუ ასე ძაან გინდა, დაიტოვე ის ბინა! რა პრობლემაა! - მხრები აიჩეჩა და ტუჩიც აიბზუა.
- აბა ამხელა სახლის კრედიტი...
- კრედიტი? - ჩაეღიმა მიმის, მაგრამ მაშინვე გამოასწორა. - კრედიტი არ არის პრობლემა, რადგან მე თანამშრომელი ვარ და თანაც აქტიური, გარკვეული თანამდებობაც მიჭირავს კომპანიაში. - მიმი გაჩუმდა. ცდილობდა ენაზე მომდგარი სიტყვები, ისე გაეკონტროლებინა, რომ ზედმეტი არ წამოსცდენოდა. - თუმცა დიდი ვერაფერი თანამდებობაა, მაგრამ მაინც ხომ ითვლება, რომ უბრალო თანამშრომელი არ ვარ! სახლი ძალიან იაფად ჩამივარდა ხელში. ბევრად იაფად, ვიდრე წარმოიდგენ და თანაც, ყოველგვარი ზედმეტი პროცენტების გადახდით. - მიმიმ ამოისუნთქა. - და მოვრჩეთ ამით! მე მომწონს ეს სახლი! მინდა ჩემი იყოს! დღეს მაქვს ამის საშუალება! და თუ შენ არ გინდა აქ ცხოვრება, შენი ნებაა! - მიმიმ გაბუტული ტუჩები, უფრო მეტად დაბრიცა.
ფიფოს ეღიმებოდა, მაგრამ მაინც გაურკვევლობაში იყო, ამხელა კრედიტის დაფარვა, ხუმრობა სულაც არ იყო. მერე რა რომ ციფრები ზუსტად არ იცოდა, ისედაც მშვენივრად ჩანდა, მიახლოებით მაინც რაც ეღირებოდა.
- არადა, შენთვის იცი, რა მაგარი ოთახები მოვაწყვე? - დანანებით ჩაილაპარაკა მიმიმ.
- ოთახები? - გაუკვირდა ფიფოს.
- ჰო! ოთახები! - ამაყად მიუგო მიმიმ. - ზემოთ, საძინებელები გვექნება და ქვემოთ, შენთვისაც და ჩემთვისაც ცალ-ცალკე სამუშაო კაბინეტები და ბავშვის სათამაშო ოთახი!
- ჰმ, საინტერესოა.
სახლის ერთ მხარეს, ნახევრად ოვალურ ნაწილში, სამი საძინებელი იყო განთავსებული, თავისი საკუთარი სველი წერტილებით. შუა ოთახი ბავშვის იყო, ხოლო ერთ მხარეს, მიმის საძინებელი ესაზღვრებოდა და მეორე მხარეს კი, ფიფოსი. ოთახებს შორის, ფარული კარი გადიოდა, რომელიც კედლის თაროებად ინიღბებოდა.
- ეს საიდუმლო გასასვლელებიც, შენი იდეაა? - ეცინებოდა ფიფოს.
- რატომაც არა! რაღაც საინტერესო და განსახვავებული ხომ უნდა იყოს? ბავშვი შუა ოთახში დაიძინებს, ხან მე შევხედავ ჩემი საძინებლიდან და ხან შენ ისე, რომ მთავარი კარიდან არ მოგვიწევს ჰოლში გამოსვლა და მერე ბავშვის ოთახში შესვლა.
- ჰაჰ, რა საოცარი ხარ!
- და რაც შეეხება იმ ბინას, გინდა გაყიდე და გინდა არა! ან შენი მშობლები გადაიყვანე, ბევრად უფრო კომფორტული ბინაა ვიდრე... - მიმი გაჩუმდა, არ უნდოდა ფიფოს სწყენოდა, ძველი და საშინლად სარემონტო მამისეული სახლის გამო.
- ჰო, ჩემს ძველ დანგრეულ სახლს, კომფორტით მართლაც სჯობს, სამაგიეროდ ჩემთან ეზოც არის. პატარა, მაგრამ საკმარისია, დაშენების პერსპექტივაც, თუმცა დაშენება კი არა, მთლიანად დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.
- მაშინ გაყიდე ის ახალი ბინა და გააკეთე ის ძველი სახლი? რა გიშლის ხელს? - თავი გააქნია მიმიმ.
- ჰო, რა ვიცი, არც მიფიქრია.
- ისე, ჩემი სამსახური დაგიპროექტებს კიდევაც და გაარემონტებს, მაქვს ამის შანსი!
- არა რა. არ არის საჭირო. რა გამოვა ეგ მერე? სამსახურის ბოროტად გამოყენება.
- კარგი, რააა! - გულიანად გაეცინა მიმის. - შეკვეთა პირადად ჩემგან იქნება და როგორც თანამშრომელი, შეღავათებით თუ ვისარგებლებ, ეს სამსახურის ბოროტად გამოყენება, რატომ იქნება?
- ჰო, კარგი! რადგან კოლეგა ხარ, მაშინ არ იქნება მასე, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება და...
- ჰოდა, გაყიდე ის ბინა! მაინც ტყუილად გაქვს დაკეტილი, არც შენ მოგწონს და არც მე!
- მოწონებით, როგორ არ მომწონს, ძალიან კარგი ბინაა. - უკან არ იხევდა ფიფო. - არც იმდენად გარეუბანშია.
- თუ არ გინდა და ნუ გაყიდი! როგორც გინდა, მაგრამ მე ეს სახლი მომწონს და უარს არც ვაპირებ და შენთან ერთად მსურს აქ ცხოვრება! - მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - თუ შენც გსურს, რა თქმა უნდა.
- როგორ არ მსურს!
- მაშინ აბა? გადმოვდივართ? - გაიბადრა მიმი.
- დღესვე შეგვიძლია. - გაეღიმა ფიფოს.
მოგვიანებით, უკვე ყველაფერი, რომ თავის მწყობრში ჩადგა, ფიფო ისევ შეუდგა პიპას ასავალ-დასავალის მოკვლევას. თუმცა ახლა, ბევრად უფრო ფარულად მოქმედებდა, ვიდრე ოდესმე. მაინც ვერაფერს გახდა. არსად არაფერი, არანაირი ჩანაწერი არ იყო არც პიპას დროებით დაკავების ან პატიმრობის და ვერც მისი დაღუპვის შესახებ შეიტყო რამე.
საოცარი კიდევ ის იყო, რომ პიპას არც გარდაცვალების მოწმობა არსებობდა და არც არსად ირიცხებოდა ცოცხლად და არც, უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
რა ხდებოდა? ვის სჭირდებოდა ეს? რა იყო ამ კაცის, ასე გაქრობის მიზეზი?
მხატვრისგანაც კი არასახარბიელო ინფორმაციები შეიტყო. დაკავების წინ, პიპა უცხოეთში აპირებდა გამგზავრებას. მერე ეს სტიქიური უბედურებაც დაატყდა ქალაქს თავს და ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ფიფოს შემწეობით, პიპამ შესძლო და უცხოეთში გახიზვნა მოახერხა. მოვიდოდა დრო, ყველაფერი ჩაწყნარდებოდა და პიპაც კვლავ, თავის ოჯახს დაუბრუნდებოდა. არავინ იცის, ამ ზღაპრის თავად სჯეროდათ, თუ სხვებს არწმუნებდნენ ასე, ან იქნებ უბრალოდ, თავს იმშვიდებდნენ, რომ პიპა ცოცხალი იყო და სადღაც, უცხო ქვეყანაში აგრძელებდა ცხოვრებას და ჯერ, გამოჩენას არ აპირებდა.
კიდევ ერთი უცნაურობა, რაც ფიფომ შეიტყო, ეს პიპას ანდერძი იყო, რომლის გახსნაც, გარკვეულ თარიღს უკავშირდებოდა, მაგრამ რა იყო ეს? რა თარიღი იყო? ამის გარკვევა, ვერანაირად ვერ შესძლო და ამ ანდერძის ნამდვილობაც, ჯერ კიდევ დასადგენი იყო, ან არსებობდა კი, საერთოდ ანდერძი?
ფიფომ სხვა მეტი ვერაფერი გაიგო და ვერც ვერაფერს მიაგნო. ყველაზე უფრო, საკვირველი კი ის იყო, რომ არც სამართალდამცავები იჩენდნენ ამ ამბის მიმართ ინტერესს. აღარც პიპას მიერ ჩადენილი მკვლელობები ითვლებოდა, სერიულ დანაშაულებად. არსად მსგავსი ჩანაწერიც კი არ არსებობდა. ყოველი მკვლელობა ცალკეულად იყო განხილული, ზოგი გაუხსნელ საქმეთა რიგში ჩაირიცხა და ზოგიც, უბედურ შემთხვევად, თუ თვითმკვლელობად ჩაითვალა.
„ეჰ, ადამიანი, რომ დაიბადება, ბედიც უნდა დაჰყვეს თან!“
ვის ბედს დასტიროდა ფიფო? ან რა ჰქონდა თავად, საწუწუნო?
მართლაც, რომ ბედმა გაუღიმა და ყველაფერმა ბევრად კარგად ჩაიარა, საბოლოოდ ეტლს მიჯაჭვული არ დარჩა ეს იყო მთავარი.
ყოველი ამინდის ცვალებადობის დროს კი ფეხი, საშინლად ამტვრევდა და ძველ იარებს უხსენებდა, ხოლო გაზაფხულის ხანგრძლივი წვიმები კი, ხშირად იმ ავბედით დღესაც, მწარედ ახსენებდა.
ახლაც ასე იყო. ჯერ კიდევ ღამით, ძილში შეაწუხა მტკივანმა ფეხმა. მთელი ღამე, გადაუღებლად წვიმდა და როგორც ჩანდა, არც დღისით აპირებდა გადაღებას.
ფიფო მდუმარედ ადევნებდა თვალს, დაორთქლილ მინაზე, ღარებად ჩამოღვენთილ წვეთებს.
„ყველას თავისი გზა აქვს, ყველა თავისი ბილიკით მიდის
მიდის და უკან არ ბრუნდება, არ ბრუნდება და მხოლოდ კვალს სტოვებს.
არაფერი ჩაივლის უკვალოდ.“
- ექსპერტიზის დასკვნები მოიტანეს. - ფიქრებიდან მდივანმა გამოარკვია.
- შემომიტანეთ! - ბრძანა ფიფომ და სავარძელში ფრთხილად ჩაჯდა.
ექსპერტიზის დასკვნების, ხელმეორედ გადახედვა, მართალია ფიფოს სულაც არ ევალებოდა, მაგრამ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მაინც ყოველთვის ცდილობდა, გამოძიების დეტალები, ძირფესვიანად თავად გადაემოწმებინა, რასაც ხშირად, უკმაყოფილო თანამშრომლების ბურდღუნი მოჰყვებოდა.
ფიფოს ამ გადამოწმებებისთვის, საკუთარი მიზეზი ჰქონდა. უკან არ იხევდა და კვლავ აგრძელებდა, იმ სტიქიის შედეგად დამხრჩვალი გვამების კვლევას, იქნებ როგორმე, პიპასთვისაც მიეგნო. დანებებას არ აპირებდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, პიპას საქმეს, ბოლომდე მიჰყოლოდა. ეს უკვე, მისი პირადი ინტერესი იყო და თავადაც არ იცოდა, თუ სადამდე მიიყვანდა.
ძველ სამსახურში, მის თავდაპირველ სამუშაო ადგილას, საკმაოდ ახალგაზრდა და ჯერ კიდევ გამოუცდელი გამომძიებელი, გალეო დანიშნეს. ფიფომ თავიდანვე დაადგა თვალი. კარგად გამოქექა, ვინ იყო და რა კაცი იყო. სწორედ, ასეთი ბიჭი სჭირდებოდა ფიფოს. ახალბედა, გამოუცდელი, მაგრამ დაუზარელი, ერთგული, გამჭრიახი და საზრიანი. მართალია გალეო, სანდო და ჭკვიანი აღმოჩნდა, მაგრამ ფიფო, თავისი მწარე გამოცდილების წყალობით, ბოლომდე უკვე, ვეღარავის ენდობოდა.
ფიფომ, ახალბედა გამომძიებლისთვის, თავიდან ჯერ რაღაც პრიმიტიული საქმე დაავალებინა. მერე და მერე, უფრო რთული და სერიოზული. დასაწყისში თვითონ ფიფო არსად ჩანდა, არანაირ მონაწილეობას არ იღებდა გამოძიების მსვლელობაში, მაგრამ დასკვნითი ანგარიშის ჩაბარებას, პირადად საქმის მწარმოებლისგან ითხოვდა. ასე მიიტყუა და მიიჩვია ფიფომ, ის ბიჭი. აკვირდებოდა, ცდიდა, რჩევებს აძლევდა და სხვადასხვა ხერხებსაც ასწავლიდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფიფო მაინც აგრძელებდა ძიებას. თუმცა ახლა, სულ სხვა კუთხით მიუდგა. ახალბედა გამომძიებელი, მისი წყალობით, კარგი დეტექტივი დადგა. ფიფო აშკარად ხელს უწყობდა, თუმცა, არც გალეო იყო უნიჭო და უჭკუო, გულდასმით უგდებდა ყურს და ყველაფერს, გულმოდგინედ სწავლობდა ფიფოსგან.
ფიფო კვლავ ფარულ ძიებას აგრძელებდა და სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. ამიტომაც, ახალგაზრდა დეტექტივს, გასული წლების ამბების გამოძიებაშიც ეხმარებოდა. თუმცა, ახალი დანაშაულებების გახსნაშიც, აქტიურად უწყობდა ხელს, მაგრამ ფიფოს ყველაფერი იქითკენ მიჰყავდა, იქნებ როგორმე, ოდესმე მაინც, პიპას კვალზე გასულიყო. ამიტომაც თავადვე გახადა საჭიროდ, კვლავ და კვლავ, ის ძველი ძიება ეწარმოებინა. თვითონვე გაავრცელა ხმები, რომ სტიქიის დროს დაკარგული ხალხის ძებნა, ხელახალ გადახედვას მოითხოვდა. ქალაქი აწრიალდა, განყოფილებებში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ფიფო კი სამინისტროში, გატრუნული იჯდა თავის კაბინეტში და „წარმოდგენაც კი არ ჰქონდა“, თუ რა ხდებოდა გარეთ. მშვენიერი საბაბი მიეცა, მასაც ბევრჯერ დაურეკეს, ბევრი შუამავალი მიუგზავნეს, დაკარგული ნათესავების მოსაძებნად დახმარებას სთხოვდნენ.
ყველაფერი საათივით აეწყო. დაზარალებული ხალხის მიერ შემოტანილი განცხადებები მოიშველია მიზეზად და ყოველი ნაპოვნი გვამისა თუ დაშავებული, გადარჩენილი ხალხის, ექსპერტიზის დასკვნების, თავიდან გადამოწმებას მოითხოვდა. რადგან ბევრმა ახლობელმა, ასე ძალიან „შეაწუხა“, ახლა თავად სურდა ეხილა და წაეკითხა ყოველი დეტალი, თუმცა ისიც შეეძლო, რომ სხვებისთვისაც დაევალებინა.
ფიფო სავარძელში მოკალათდა და ექსპერტიზის დასკვნების მოლოდინში, მდივანს ყავა შეუკვეთა.
LEX. 2019 წლის 1 თებერვალი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment