Monday, May 6, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 4)

4.
თავიდან მიმის ძალიან არ ესიამოვნა, როცა გაიგო, რომ ბავშვის ერთ-ერთი ნათლია, მისი ძველი ნაცნობი ქირურგიც უნდა ყოფილიყო. არ ესიამოვნა კი არა, საშინლად გაბრაზდა. ჯერ ერთი, რომ იმ მსახიობი ქალის, ნათლიად არჩევაზე, კატეგორიული უარი განაცხადა ფიფომ და ახლა კი, სწორედ ის კაცი უნდოდა ნათლიად, ვინც ყველაზე მეტად ახსენებდა პიპას თავს.
ბავშვი, მართალია პიპასგან შეეძინა, მაგრამ ისე ამოძირკვა გულიდან და გონებიდან ის კაცი, რომ ზოგჯერ თავადაც სჯეროდა, ბავშვის ნამდვილი მამა, ფიფო იყო.
ნათლიების გამო, ფიფოს ასეთ ახირებებზე, ძალიან მოუვიდა გული, მაგრამ დროულად მოთოკა ბრაზი და თავი ისე მოაჩვენა, ვითომც არც არაფერი სწყენია. სინამდვილეში კი საშინლად განრისხდა ფიფოზე, მაგრამ აბა ნამდვილი მიზეზი, როგორ უნდა ეთქვა?
„ეკლესიაში მე არ დავდივარ და ამ ნათლიების არჩევაზე, რაღას ვიშლი ნერვებს?“
გაივლო გულში და ყველაფერზე დათანხმდა. მხოლოდ ერთი დაუმატა:
- ზედმეტი რია-რიისა და უაზრო აყალ-მაყალის გარეშე მინდა ჩაიაროს ყველაფერმა და არც ზედმეტი ღრეობაა საჭირო!
- რატომ, უაზრო აყალ-მაყალი? - გაუკვირდა ფიფოს. - ან ზედმეტი ღრეობა, რას ნიშნავს?
- ერთი ბეწო ჩვილის ნათლობაა და მართლა არ შემიძლია ამდენი სიმთვრალისა და ღრიანცელის ატანა!
- ხალხმა, თუ არ მოილხინა და არ გაერთო. - გაეცინა ფიფოს. - მუდოებივით გინდა ისხდნენ? ყავაზე და შოკოლადზე კი არ ვეპატიჟები!
- მაშინ, სულ არ მინდა! - გაკაპასდა მიმი.
- მაშინ, შენ როგორც გინდა! - ისევ გაეცინა ფიფოს.
- ძალიან ვიწრო წრეში! - განაცხადა მიმიმ. - მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ხალხი და ნურც დიდ და ცნობილ ტაძარს შეარჩევ. თუნდაც, გარეუბანში იყოს. სადმე, უფრო მყუდრო გარემოში მსურს ბავშვის მონათვლა! არ მინდა ეს რაღაც გრანდიოზული და სხვების დასანახი ცერემონიები, ჩვილის ნათლობაა! სუფთად და სადად მინდა ჩაიაროს! - დაასრულა მიმიმ თავისი მონოლოგი და ამის მეტად აღარც ჩაერია.
თავიდან ფიფოს, ცოტა არ იყოს გაუკვირდა და მიმის კიდევ ერთ ახირებად ჩათვალა, მაგრამ მალევე თავად დარწმუნდა. არც მას ჰქონდა ახლა რია-რიის თავი. ზედმეტი და დაუმთავრებელი შეკითხვების მოსმენაც, უკვე თანდათან, აუტანელიც ხდებოდა.
„თქვენ, როდისღა მოასწარით დაქორწინება?“
„ქორწილი, რატომღა გამომაპარეთ?“
„ჯვარი სად დაიწერეთ?“
„ხელი როდის მოაწერეთ?“
„მე რატომ გამომტოვეთ?“
ამის პარალელურად, ცალკე დაშავებული ფეხზეც გაუბამდნენ დაუსრულებელ ქაქანს და მსგავსი და უამრავი კითხვები, იმდენად სწრაფად სცვლიდნენ ერთმანეთს, რომ ფიფო ძლივს ართმევდა თავს და უფრო მეტად რწმუნდებოდა, რომ ამ შემთხვევაში მიმი, მართალი იყო. ბოლოს და ბოლოს, პატარა ბავშვის ნათლობა იყო და არა ასაკოვანი კაცის იუბილე.
ამიტომაც, ზედმეტ პატიჟს, თავი აარიდა და ყველაფერი, მხატვარს მიანდო. ასე უფრო ადვილად დაიძვრენდა თავს, ვინმე დაუპატიჟებელი თუ დარჩებოდა.
მიმი კი დარწმუნებული იყო, ინვალიდის ეტლის მიუხედავად ფიფო, მაინც ყველაფერს მშვენივრად გაართმევდა თავს, მაგრამ რა იცოდა, რომ ჯერ კიდევ, არა ერთი წყენა ელოდა წინ.
ნათლია ქალბატონები, ზედმეტად რომ არ შეეწუხებინათ, ყველაფერი მამაკაცებმა ითავეს. მხატვარმა და ქირურგმა, მშვენივრად მოაბეს თავი. ქალაქისგან მოშორებით, პატარა, მყუდრო ტაძარიც შეარჩიეს და ნათლობის დღეც დანიშნეს. თუმცა, თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი, ქირურგის მოწყობილი იყო. მხატვარი მხოლოდ დამხმარე კაცის როლში იყო და მანქანიდან გადმოსვლაც კი ეზარებოდა. სამაგიეროდ, ქირურგს საშუალება მიეცა, თავისუფლად ემოქმედა და როგორც თავად ჩათვალა საჭიროდ, სწორედ ისე მოაწყო ყველაფერი. 
მიმის, ქირურგის ატანა აღარ ჰქონდა, მაგრამ ფიქრობდა, ეს ერთი დღეც როგორმე გადავაგოროო და მერე, მე ვიციო. ჯერ თავს, მშვიდად გრძნობდა. ვერვინ იფიქრებდა, თუ გულში, როგორ ბოღმას ინახავდა ეს გოგო, მაგრამ მანქანა, როცა ქალაქს გასცდა და გეზი, რაღაც ნაცნობი გზისკენ იცვალა, მაშინ კი დაეჭვდა. მიხვდა, ყველაფერი ქირურგის მოწყობილი იქნებოდა და გული ბრაზით აევსო. თუმცა, ისევ დადუმდა, ხმა არ ამოუღია, ისევ ფიფოს ხათრით, არაფერი შეიმჩნია და მშვენივრადაც გაართვა ყველაფერს თავი.
ნაცნობი მამაო, მიმის თბილად შეხვდა. ზედმეტად არაფერი გამოუკითხავს. თუმცა მიხვდა, მიმი ისეთი თავდაჯერებული სახით იყო, რომ ყველა კითხვაზე პასუხებიც კარგად ექნებოდა მზად. ქირურგისგან იცოდა, რომ მიმი, პიპას დაკარგვას, არა თუ ნაღვლობდა, არამედ მისი ხსენებაც კი აღარ უნდოდა. ეს უფრო ბევრად ცუდის ნიშანი იყო, ვიდრე ის, რომ ენერვიულა და რაღაც რეაქციით გამოეხატა თავისი დარდი თუ რისხვა. ყველანაირი ემოცია, ერთიანად სულში ჩაახშო და გონებაში მიკარგა და მერე ერთ მშვენიერ დღესაც, რომ ამოეხეთქა? ვინ იცის? მართლაც რა მოჰყვებოდა ამას. ამიტომ მოძღვარი მაინც შეეცადა, ცოტათი ენუგეშებინა კოპებშეკრული გოგო.
- თუ გინდა გაიმარჯვო და გადალახო, ხანდახან ისიც უნდა დაუშვა, რომ შენს გონებას მისცე იმის საშუალება - განიცდიდეს, ეშინოდეს და გრძნობდეს წუხილს! მიეცი ამის უფლება შენს სულს!
- ყველაფერი კარგად არის! მეც ძალიან კარგად ვარ! - მიმის ხმა მტკიცედ ჟღერდა.
- მთავარი ის კი არ არის, რომ ხელი ჰკრა, უგულებელ ჰყო ის დარდი და ვარამი, რაც შენს გულში ტრიალებს, არამედ მისცე შენს გონებას გადაიტანოს, გადაიაროს, რომ შემდეგ ადვილად მოერიოს და აღარ შეეჭამოს სული. სჯობს ასე გაუმკლავდე, ვიდრე ისე მოიქცე, თითქოს არც არაფერი ყოფილა და არც არაფერი მომხდარა შენს თავს!
მამაო მშვიდი ხმით ესაუბრებოდა, მიმი კი ისეთი სახით შეჰყურებდა, რომ თვალსაც არ ახამხამებდა.
- როცა ადამიანს რამეში ხელი მოგეცრება, ანდაც რამე შეგეშლება. - მამაომ წამით იყუჩა მერე თბილად ჩახედა თვალებში გოგოს. - ან თუნდაც, ნამცხვარს აცხობდი და ცომი ჩაგივარდა, ან არასწორად მართე მანქანა, ან...
- ან თუნდაც, ჭადრაკის ან რომელიმე სხვა თამაშის დროს, ერთი არასწორი კომბინაცია გავაკეთეთ, იქ უკვე აღარაფერი გვეშველება! იმ საქმეს, არაფერი გამოასწორებს! ის თამაშიც და ის საქმეც, დამთავრებულია! და თანაც, განადგურებული! - მკვახედ მოუჭრა მიმიმ.
- სწორედ იმ განადგურებაზე გესაუბრები. - განაგრძო მამაომ. - დარდს არ უნდა მისცე უფლება, რომ შეგჭამოს და განსაკუთრებით კი, შიგნიდან გამოგხრას!
- სულაც არ ვდარდობ იმ კაცზე! მეზიზღება და მძულს! - ამოიგმინა მიმიმ.
- ჰოდა, სწორედაც ეგ ზიზღი და სიძულვილი განაგდე შენი გულიდან და გაუშვი შენი სულიდან, თორემ სხვაგვარად იმ კაცს, ვერ განაგდებ გონებიდან! და რადგან ასე ძალიან გინდა, მისი დავიწყება, ვერც დაივიწყებ!
- ესე იგი, რა? რადგან არ უნდა მძულდეს? ისევ უნდა მიყვარდეს? - გაწიწმატდა მიმი. - თუ შევუნდო და ვაპატიო?
- ნუ გძულს, და ნურც ზიზღს გრძნობ! უბრალოდ გაუშვი, დაივიწყე!
- და იქ სადაც პატიებაა - სიყვარულიც არის და რატომ უნდა მიყვარდეს? რისთვის? ჰმ, მიყვარდეს მტერი ჩემი, არა? - ჩაეცინა მიმის.
- სიყვარულს არავინ გთხოვს და ნურც სიძულვილს ჩაიბუდებ სულში. უბრალოდ, გაუშვი დაგავიწყდეს! არც გიყვარდეს და არც გძულდეს, ისე დაივიწყე და გაუშვი. - მამაომ თავზე დაადო ხელი და თბილად გაუღიმა.
ჩანდა ამ ეტაპზე, მიმისთან მეტ საუბარს, აზრი აღარ ჰქონდა. ჯერ კიდევ, მტკიცედ იდგა მის აზრზე და ასე ადვილად, ვერავინ შეაცვლევინებდა, თუ თავადვე არ მოისურვებდა ამას.
- როცა მოგეწყინოს, ამოდი აქ. - დაუყვავა მამაომ გაკერპებულ გოგოს. - რაც არ უნდა თქვა, ყოველთვის მოგისმენ.
- მე, არაფერი მაქვს სათქმელი! - მიმის ხმა ისევ და ისევ მტკიცედ ჟღერდა, მაგრამ მაშინვე უფრო დაბალი ხმით დასძინა. - რაც რამ იყო, უკვე დიდი ხანია ითქვა.
მიმიმ კიდევ, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს პატარა ბიჭმაც შემოირბინა, ქვემოთ სუფრა მზად არისო, რაზეც მიმიმ კატეგორიულად იუარა, მაგრამ ქვევით, როგორც კი ჩავიდა, სულ სხვა სიტუაცია დაუხვდა. 
ფიფო თავისი ეტლით უკვე, სუფრის თავში თამადად გამოჭიმულიყო და ისე ჩანდა, ასე ადვილად იქაურობას, თავს ვეღარც დააღწევდა.
მიმის მეტი გზა არ ჰქონდა, ბედს უნდა დამორჩილებოდა და ეს დღე როგორმე, ბოლომდე გადაეტანა. უხალისოდ მიუჯდა სუფრას, თუმცა შეეძლო ბავშვის უხასიათობა მოემიზეზებინა და მოშორებითაც ყოფილიყო, მაგრამ გულს ის უჭამდა, ვინმეს ფიფოს თანდასწრებით, იქ პიპა არ ეხსენებინა.
მაგრა თითქოს, ყველა წინასწარ იყო შეთანხმებული და სუფრამ ისე ჩაიარა, რომ საერთოდ, არც არავის გახსენებია მათი ძველი მეგობარი და პატრონი. ფიფო ძალიან მხიარულად იყო, მშვენივრად მოილხინეს, ღამით დარჩენაც შესთავაზეს, ფიფო თანახმა იყო, მაგრამ აქ უკვე, მიმი გაჯიუტდა, ამჯერად ბავშვი მოიშველია და ადვილად დაიძვრინა თავი.
„მართლაც როგორ არავის უხსენებია პიპა?
სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ! რა საოცარია.“
უკან წამოსვლისას ფიქრობდა მიმი.
„თითქოს, შეთქმულებასავით იყო! იქნებ, ქირურგმა წინასწარ გააფრთხილა?
ჰმ, არც გამიკვირდება მისგან. მშვენივრად ეხერხება ტყუილებიც და თავის მოკატუნებაც... პიპასავით...“
მერე მძინარე ბავშვს დახედა.
„ნეტა ესეც ისეთივე მატყუარა, თვალთმაქცი გამოვა? და მკვლელი? არა! არა! არ დავუშვებ, არა! ბავშვი ჩემია! ჩემია და ფიფოსი!“
მიმიმ უცებ, ისეთი შეწუხებული სახით დახედა მძინარე ჩვილს, რომ ფიფომ შეშფოთებული ჰკითხა, რა გჭირსო.
- ფეხსაცმელმა სასტიკად მომიჭირა. - აწუწუნდა მიმი. - ძალიან დავიღალე. სანამ სახლში მივალთ, სული დამელევა. - მწარედ ჩაეღიმა მიმის და მეც ტყუილებს ისე მიმაჩვიესო, გაივლო გულში.
- აპ! სულის დალევა, არ გამაგონო! - აროხროხდა ფიფო. - ფეხსაცმელი, თუ გიჭერს, გაიხადე და ფანჯრიდან გადაყარე! ახლა მაინც მაქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ჩემს საყვარელ ქალს ყველაფერი საუკეთესო ვუყიდო!
მიმის გაეცინა. ფიფო მართლაც კარგად შემთვრალი იყო და ვერც ხვდებოდა, მიმის ზუსტად რაც აწუხებდა.
„რა ჯანდაბად მივანდე მაინც კაცებს, ჩემი შვილის ნათლობის მოგვარება? ქირურგის ბრალია ყველაფერი! ამის მერე, ვისწავლი ჭკუას და ჩემს საქმეებს, არავის ვანდობ!
ყველაფერი ჩემი ბრალია, ხომ უნდა მეფიქრა, რომ ფიფოს სიარული არ შეეძლო და მის მაგივრად, სხვა ირბენდა. მე კი რატომღაც, მხატვარი, ან ჩემი გოგოები მეგონა ითავებდნენ. ჰმ, თუმცა, ის კი არ გამახსენდა, რომ მხატვარი როგორი ზანტია.
ჩემი ბრალია და ახლა, მე ვიცი! ყველა თავის ადგილას უნდა მოვსვა! საწყალ ფიფოს კი იმედია, არაფერი შეუმჩნევია. ნამდვილად არ მინდა გული ვატკინო, თანაც უკვე ჩავლილი, ჩემი სამარცხვინო წარსულის გამო.“
ფიფოს კი მართლაც ისე ეჭირა თავი, ვითომც არც არაფერი იცოდა. სინამდვილეში კი, სულ მარტივად აეხადა, ბევრ რამეს ფარდა.
სანამ ბავშვი მოინათლებოდა, ფიფო ქვემოთ ეზოში, დიდი კაკლის ჩრდილში, თავის ეტლს მიჯაჭვული ელოდა. ტაძარი შორს არ იყო, მაგრამ საკმაოდ მაღლობზე იდგა. მხოლოდ ვიწრო ბილიკით შეიძლებოდა იქ ასვლა. ქირურგმა ბევრი ეხვეწა ხელით აგიყვანთო, მაგრამ ფიფომ იუარა, ჩემი გულისთვის ამდენ ხალხს, ნუ გავაწამებთო. ცხადია, ქირურგს არ უნდოდა ფიფოს ეზოში, იმ ხალხთან დატოვება. აკი ყველა გააფრთხილა, პიპაზე კრინტი არავის უნდა დაეძრა, მაგრამ მაინც შიშობდა.
ფიფო ჩრდილში იჯდა და ბუნების სიმშვენიერით ტკბებოდა. იქაური ხალხი, აშკარად ვახშმის სამზადისში იყვნენ. ფიფოს ცხვირში, სხვადასხვა კერძის სურნელი, სასიამოვნოდ უტრიალებდა. ეზო საკმაოდ მოზრდილი და კარგად მოვლილი იყო. სახლიც დიდი, სადა და ლამაზი.
„ჩანს, რომ მშრომელი და სუფთა ხალხი ცხოვრობს“.
გაივლო ფიფომ გულში.
„სხვა სოფელთან განსხვავებით, ნეხვის სუნი, პირდაპირ ცხვირში არ გეცემა.“
შემოდგომა იწურებოდა და ჯერ კიდევ, საკმაოდ თბილი ამინდები იდგა.
ფიფო გაიზმორა. სიამოვნებით გაატარებდა თუნდაც ერთ კვირას, აქ. სიმშვიდეში, სილაღეში და სუფთა ჰაერზე, გემრიელი ჯანსაღი, ნატურალური საკვები.
- ძალიან ლამაზი და სუფთად მოვლილი ეზო გაქვთ. - გაუღიმა ფიფომ, პატარა ბიჭს.
სუფთადო იმიტომ მიანიშნა, რომ ბიჭი გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას და ჩამოყრილი ფოთლებისა და ფიჩხებისგან, ასუფთავებდა ეზოს.
- ჩემი არ არის! - სწრაფად მიუგო ბიჭმა.
- აჰა, სტუმრად ხარ?
- არა! აქ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი არ არის! - ბიჭმა ფიფოს კუშტად შეხედა. - და ვერც ვერავინ გამაგდებს!
- ესე იგი, შენი არ არის და ვერც ვერავინ გაგაგდებს? - გაეცინა ფიფოს.
- ჰო! - დაუდასტურა ბიჭმა.
- აბა, მაშინ ვისია?
- პიპასი!
ფიფო ისე შეცბა, ხმა ვეღარ ამოიღო. ბიჭს ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო აქა-იქ ჩამოყრილი ფოთლების აგროვება. მერე უცებ შედგა და ფიფოს თვალი გაუსწორა.
- პიპასი და მიმისი! - ბიჭი გაჩუმდა და თითქოს, გაბუტულად ჩაილაპარაკა. - ახლა მარტო მიმისი!
ფიფო ლამის, გული გაუსკდა. ძლივს მოაბა თავი და ენის ბორძიკით ჰკითხა:
- მიმის საიდან? როგორ? როგორ არის?
- მიმიმ და პიპამ ჯვარი აქ, რომ დაიწერეს, მაგის მერე, ხომ მიმისიც გახდა? - მერე უფრო ნაღვლიანად დაუმატა. - ახლა, მარტო მიმისია. - წამით გაყუჩდა და მერე უფრო ომახიანად განაგრძო. - მაგრამ, მაინც ვერ გამაგდებს!
ფიფოს ხმამაღლა გაეცინა, თუმცა, სიმწრის სიცილი უფრო იყო.
- არა! რატომ გაგაგდებს?! - მერე უფრო სერიოზული ხმით მიმართა. - მე არ დავუშვებ ამას! თუ გაგდება მოგინდომა, ჩემთან მოდი და ერთად გავაჩეროთ!
ფიფოს ხმამაღალ სიცილზე დიასახლისი მათკენ წამოვიდა და თან ბიჭს უხმო. მერე სტუმარს ჰკითხა:
- ხომ არ შეგაწუხათ?
ბიჭმა ქვეშიდან გამოხედა ფიფოს, თითქოს საიდუმლოს შენახვას სთხოვდა.
- არა, რას ამბობთ! ძალიან საყვარელი ბავშვია და დაუზარელი, აბა ჩემსავით კი არ ზის ერთ ადგილას და კი არ ნებივრობს. - იხუმრა ფიფომ. თუმცა, სიმწრის ოფლი ასხამდა და სულაც არ ეხუმრებოდა.
ქალმა ბიჭი, სხვა რამით დასაქმა. უფრო სწორად, ფიფოს მოაშორა, რომ რამე არ წამოეროშა, მაგრამ რა იცოდა, რომ ფიფომ, ბევრად იმაზე მეტი გაიგო, ვიდრე საერთოდ წარმოიდგენდა.
დიასახლისი, სულ ფიფოს ირგვლივ ფუსფუსებდა. თითქოს ცდილობდა, არავინ მიეშვა ახლოს და ქირურგისთვის მიცემული პირობა, არ დაერღვია. თანაც მომენტებში, იმასაც შეეცადა, ფიფოსგან ამოეცინცლა, თუ რა უთხრა ბავშვმა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოგვიანებით, ფიფომ ბავშვი იხმო და გასაღებზე ჩამოსაკიდი, პატარა, ლაზერული ფარანი აჩუქა. ბავშვიც თითქოს მიხვდა, ასე რატომ მოქრთამეს. ფიფომ ისიც კი შეამჩნია, ბავშვის დედამ, როგორ არწივის თვალით გადმოხედა.
„ესე იგი, ჯვარიც დაუწერიათ.“
ჩაფიქრდა ფიფო და ახლა უფრო მაგრად ეცინებოდა თავის სიბრიყვეზე. ნუთუ მართლაც, როგორ ვერაფერი შევამჩნიეო.
„ჰმ, ბოღმას როგორ სცოდნია თურმე, კაცის დაბრმავება. 
ჰა, ჰა! რა იდიოტი ვყოფილვარ.“
ფიფო ღიმილს ძლივს იკავებდა და ამ ახალი აღმოჩენით მართალია, თავიდან საშინლად დაიბოღმა, მაგრამ მერე უფრო გამხიარულდა. მწარე სიმართლე მისთვის, თითქოს ის ფარდის ახდა იყო, რასაც ასე გულით ლამობდა. ყოველთვის ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მიმი, რაღაცას მალავდა და ახლა უცებ, იქ სადაც არ ელოდა, სულ ორიოდე სიტყვით, ყველაფერი ცხადი გახდა. თითქოს, შვებითაც ამოისუნთქაო და უკვე ვეღარც მიმიზე ბრაზობდა და აღარც საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი. ამიტომაც იყო, რომ მიმის ასე კარგ ხასიათზე დახვდა და სუფრიდან, წამოდგომასაც არ აპირებდა. იმაშიც კი დარწმუნდა, რომ ბავშვის აქ მონათვლა სწორედაც, რომ მიმისგან მოდიოდა, მაგრამ აბა ახლა, ხომ არ ჰკითხავდა?
თუმცა, ვერ მოისვენა და მხატვარს მაინც შეაპარა კითხვა, მან ქირურგზე მიუთითა. ქირურგმაც კი, ისე გაასაღა მიმის იდეად, რომ წარბიც კი არ შეურხევია და ამით დამთავრდა, ფიფოს გამოკითხვაც.
სახლში მშვენიერ ხასიათზე დაბრუნდნენ. ცოტა მიმი იყო რაღაცნაირად გაღიზიანებული, საშინელი დაღლილობა მოიმიზეზა და ოთახში ბავშვიანად შეიკეტა. ბუნებრივიც იყო, მიმი კი არა, მთელი ოჯახი გადაიღალა. ჯერ არც თუ ისე პატარა გზაზე, მერე ნათლობა, მერე სუფრა და მერე ისევ გზა.
მამიდა ჩვეულებისამებრ, ბუზღუნს მოჰყვა, რაღა იმ გადაკარგულში მოისურვეთ ბავშვის ნათლობაო.
- უჰ, იქ ისეთი ჰაერი იყო, რომ ერთ სიცოცხლედ ღირდა! - მულის წუწუნს, არად აგდებდა მიმის დედა.
- ჰო, ისე კი! - ეთანხმებოდა მამიდა და მაინც თავისას აგრძელებდა, მაგრამ აღარავინ უსმენდა. მართლაც ყველანი დაღლილები იყვნენ.
თუმცა ფიფოს, მაინც არაფერი გამოჰპარვია. ჯერ კიდევ, იქ ყოფნისას შეამჩნია, რომ მიმის, სულ სხვა სახე ჰქონდა. სულ სხვა სახით იჯდა სუფრასთან. დაღლილობისა და მოწყენილობის მაგივრად, ავად აელვარებული თვალებითა და სახეზე მიხატული, ფარისევლური ღიმილით უმშვენებდა ფიფოს გვერდს.
„ალბათ, პიპა თუ ახსენდება?
კი, მაგრამ რას აირჩია აქაურობა? ხომ იცოდა, რომ ძალაუნებურად გაიხსენებდა?
ისე საინტერესოა, პიპას კარ-მიდამო, აქ როდის მერე გახდა? აკი ჩვენი ხელით ავაშენეთო, ოჯახის უფროსი ამბობდა? და რა გამოდის? იმ ხალხიანად იყიდა ეს სამოსახლო?“
ფიფო ვერ ისვენებდა. ინტერესი ჰკლავდა. ძალიან უნდოდა გაეგო, საიდან და როგორ გახდა პიპა, იქაურობის მფლობელი, მაგრამ არც თავისი ნათლიის შეწუხება უნდოდა და არც არავინ სხვა ნაცნობის. აღარავის ენდობოდა. ისევ თვითონ უნდა ექექა საბუთები.
ჯერ კი ამის, არც დრო იყო და არც შესაძლებლობა. ორი ოპერაცია, კიდევ წინ ჰქონდა და ღმერთმა უწყის, დადგებოდა კი ფეხზე საერთოდ, თუ მთელ ცხოვრებას, ინვალიდის ეტლში ჩარჩენილი გაატარებდა.
LEX. 2019 წლის 4 იანვარი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment