Wednesday, April 10, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 168)

168.
საღამოვდებოდა. ფიფოს უკვე ყველა საპატიმროები მოვლილი და ყველგან უკვე არაერთხელ დარეკილი ჰქონდა, მაგრამ კვალმა, ბოლოს მაინც ნათლიასთან, მთავარი სამმართველოსკენ მიიყვანა.
თავიდან ნათლია, უარზე იდგა. არ უნდოდა დაკავებულთან, ფიფოს ახლოს მიშვება და არც არაფრის გამხელას აპირებდა, სანამ ფიფომ, ერთი ამბავი არ დააწია.
ძლივს ამოღერღა, რომ თურმე, იქვე ჰყავდათ მიმალული. 
- შენ თუ მართლა სამხილსაც იპოვნი და ეჭვმიტანილისგან აღიარებასაც მოიპოვებ, აი მაშინ, მე ვიქნები ის პირველი, ვინც მხარს დაუჭერს იმას, რომ ეს საქმე, ისევ შენ გადმოგცენ და შენვე დაასრულო! - დააიმედა ნათლიამ.
მაგრამ ფიფოს უკვე აღარ სჯეროდა მისი. აღარ სწამდა იმ კაცის, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა და ეთაყვანებოდა. პატარაობიდანვე ცდილობდა, რომ მას დამსგავსებულიყო, მისი მაგალითი იყო.
ბოლომდე წესიერად არც კი მოუსმინა, ისე გამოვარდა მისი კაბინეტიდან, მაგრამ არც იმ სამმართველოს, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ, სადაც თავიდანვე ეგონა, არამედ, ტერიტორიულად სულ სხვაგან, ბევრად უფრო მოშორებით ჰყავდათ გამოკეტილი. თუმცა, ის შენობაც მთავარ სამმართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ რატომღაც, სულ სხვა მისამართზე იყო აღრიცხული. 
ფიფო მშვენივრად ხვდებოდა, თუ რატომაც არ იყო ამ მისამართის ცოდნა, ყველასთვის სავალდებულო, მაგრამ ახლა, ეს სულაც არ ადარდებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ ეჭვმიტანილი, თავადვე აელაპარაკებინა, თვითონ გაძღოლოდა გამოძიებას და ბოლომდე მიეყვანა, თავისივე დაწყებული საქმე. 
ფიფომ მანქანა მოშორებით გააჩერა. შენობას შემოუარა. უნდოდა, უკანა ეზოდან შესულიყო, რომ ნაკლებად თვალში საცემი ყოფილიყო. მაგრამ ეზო სავსე დაუხვდა, ზოგი აქეთ გარბოდა და ზოგი იქეთ.
სტიქიის შედეგად დატბორილი სარდაფებიდან, სეიფები და საარქივო მასალები გადაჰქონდათ. ცალკე დაკავებულები გამოჰყავდათ, სხვაგან უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად. 
ფიფომ ყოველ მანქანაში თავი შეჰყო. ყველგან იკითხა, მაგრამ პიპას კვალიც კი არსად ჩანდა. მანქანები სათითაოდ სტოვებდნენ ეზოს და კიდევ ახალი ემატებოდა. ქაოსი ტრიალებდა. ყველა ყვიროდა, რაღაცას გაიძახოდა. ფიფოს შეკითხვას, ზოგი ყურადღებას არ აქცევდა, ზოგი კი გაკვირვებით იჩეჩავდა მხრებს, არავინ არაფერი იცოდა. 
ორსართულიანი გისოსებით გაწყობილი, დაბალფანჯრებიანი ძველი შენობა, უსახურად გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, ზედა სართულებზე, უფრო ადმინისტრაციული განყოფილება იქნებოდა განლაგებული, ამიტომ ფიფოს ზემოთ ასვლა, აღარც უცდია, პირდაპირ სარდაფის, წინასწარი დაკავების იზოლატორს მიადგა. დარწმუნებული იყო, რომ ამ საკნების გარდა, კიდევ უფრო განცალკევებული ჯურღმულებიც იქნებოდა აქ და მათი არსებობაც კი, ასევე გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.
არ შეუშვეს, წინ გადაუდგნენ, ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ აძლევდნენ, ერთხმად უყვიროდნენ სახიფათოაო, მაგრამ მაინც ჩაძვრა. კიბეზე ძლივს მიაბოტებდა. ნიაღვრისგან წამოღებულ ლაფში ეფლობოდა ფეხები. მცველები ჯაჯღანით მოსდევდნენ, ხომ გითხარით, აქ აღარავინ დარჩაო. მართლაც, აღარავინ დახვდა. ყველანი გაეხიზნათ, არქივის ამოტანაც მოესწროთ უკვე. ფიფო უკან ამობრუნდა. ეზოს თვალი მოავლო. რატომღაც, ერთი მცველის ქცევა, რაღაც ცუდად ენიშნა. თითქოს, თვალსაც არიდებდა და იმის მაგივრად, რომ სხვებს მიშველებოდა, წვიმისგან მოფარებულში, კედელს უდარდელად მიყრდნობილი, დინჯად უშვებდა თამბაქოს კვამლს.
„ხალხი პანიკაშია და ეს კი აქ, მშვიდად დგას და უდარდელად აბოლებს.“
ფიფო ჩაფიქრებული აკვირდებოდა. კაცმა ისევ აარიდა თვალი. ფიფო პირდაპირ მისკენ წავიდა.
- არის აქ კიდევ, ვინმე? - ხელი გაიშვირა ჩასასვლელისკენ ფიფომ.
კაცმა ხმა არ გასცა. თუმცა, მეორე მცველმა დაასწრო და ჯაჯღანით უპასუხა, - აღარავინ დარჩაო. 
სიგარეტიანმა მცველმა კი, დრო იხელთა და კარში შეიძურწა. ფიფო ფეხდაფეხ დაედევნა. მცველი შედგა და ახლა თითქოს, ფიფოს დასანახად, სარდაფში იწყო ჩასვლა. ფიფოც ბოლომდე ჩაჰყვა. საშინელი განათება, ისედაც წაგრძელებულ დერეფანს, უფრო მეტად ავიწროებდა. ჩანდა, მეტი სხვა გასასვლელი არც იყო. 
ყველა საკნის კარი ღია იყო. მცველმა ხელით ანიშნა.
- რა ვერა ხედავ? არავინ დარჩა! 
ფიფო თითქოს, ფეხს ითრევდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა. უჩვეულო არაფერი ჩანდა, მაგრამ რაღაც მაინც აბრკოლებდა. რაღაც მაინც ვერ იყო ისეთი, ამ მცველის მზერაში. 
- ნამდვილად დარწმუნებული ხარ, რომ აღარავინ დარჩა?! - შეუტია ფიფომ.
- რა გაღრიალებს! - არ ჩამორჩა მცველიც. - ბრძანება მოვიდა, დაკავებულები გადავიყვანეთ! - და ისევ თვალი აარიდა ფიფოს გამჭოლ მზერას.
- ასე მგონია, რაღაცას მიმალავ?
- ვის უნდა გიმალავდე? - კაცმა ზურგი შეაქცია და კიბისკენ წავიდა.
- ჰმ, ვის? არა?! - ჩაეცინა ფიფოს და მცველის ბუზღუნისთვის ყურადღება არც მიუქცევია, ისე ჩამოუარა ყველა საკანს. სათითაოდ აღებდა და შიგ იჭყიტებოდა. იქაურობას გულდასმით ათვალიერებდა. 
- წყალმა მოიმატა! სადაცაა ძირს გამოანგრევს, ხომ ხედავ, მართლა აღარავინაა! - აჯაჯღანდა მცველი. 
ფიფო ერთ კართან შეჩერდა. სხვა საკნების მსგავსად, ამ კარს, სარკმელი არ ჰქონდა და თითქოს, კარი კი არა, კედელში ჩატანებული ჟანგიანი რკინის დიდი ფირფიტა იყო. ფიფო ორივე ხელით ჩააწვა. ჩანდა მაგრად იყო ჩამაგრებული. მერე შუაგულში ორ-სამჯერ, მუშტიც უთავაზა რკინის კედელს და აშკარად, ხმა ბევრად უფრო სხვანაირი გაისმა, ვიდრე ყრუ კედელს შეიძლებოდა ჰქონოდა. 
- ამის იქეთ, რა არის?! - იკითხა ფიფომ.
კაცმა მხრები აიჩეჩა და ზურგიც შეაქცია:
- გავიდეთ! წასვლის დროა! შენი გულისთვის, აქ დახრჩობას, არ ვაპირებ!
ფიფომ კიდევ ერთხელ ხელით მოსინჯა რკინის კარი და თხელი ჟანგიანი ფირფიტის ქვეშ, გასაღების ჭრილიც აღმოაჩინა. 
- გასაღები მომეცი! - დაუყვირა ფიფომ.
კაცი შედგა, მაგრამ უკან არ მოუხედავს, ისე უპასუხა:
- ყველა კარი ღიაა, რაღა გასაღებს მთხოვ? 
- ამ ყრუ კარის გასაღები მინდა!
- შენა კაცო, ვინა ხარ?! ვინ გეკითხება, აქ რომელი კარი გავხსნა და რომელი, არა! - დაუყვირა მცველმა.
- ახლავე გააღე! - უღრიალა ფიფომ. - იცი, მე ვინ ვარ?!
- ვინც გინდა, ის იყავი, მაგრამ აქ, შენ არავითარი უფლება არ გაქვს!
- გააღე კარი! - მთელი ხმით უღრიალა ფიფომ.
წყალმა უფრო იმატა, უკვე წყლის ნაკადი, ჩუხჩუხით მოედინებოდა კიბეებზე და ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იქაურობას ავსებდა.
- აქ გინდა, დავიღუპოთ?! - არ იხევდა უკან მცველი.
- ჰოდა, დროზე გააღე! - უკვე იმხელა ხმაზე უღრიალა ფიფომ, რომ მცველი ბუზღუნითა და ხელის კანკალით, ძლივს აღებდა შეუვალ კარს. 
ფიფოს ვარაუდი, გამართლდა. კარს მიღმა, ჩასასვლელი აღმოჩნდა. სადღაც ქვემოთ, ძალიან სუსტად, თითქოს, რაღაც ანათებდა. ფიფომ მწყრალად გახედა დაღრეჯილ მცველს. 
- ფარანი მომეცი! - შეუღრინა ისევ. 
კაცმა უკმაყოფილო სახით მიაწოდა და თან, საყვედურები არ დააკლო:
- შენი სიჯიუტის გამო, სამსახური, რატომ უნდა დავკარგო? თქვენ რა გენაღვლებათ, რა! ყველას პატრონი გყავთ! თბილად მოაჯდებით კაბინეტში სავარძლებს და მე კი, ლუკმა-პურის საშოვნელად ამ ნაძირლებს და მკვლელებს უნდა ვუთიო ღამეები და მათგან, გინებები ვისმინო!
მართლაც, რომ ჯურღმული იყო. სარდაფის უფრო ქვედა, საშინლად სუსტად განათებული, მიუწვდომელი ადგილი.
„საპყრობილე გალია, განსაკუთრებული პატიმრებისთვის“. 
გაიფიქრა ფიფომ და ფარანი მიანათა. 
პიპა ფეხმორთხმული იჯდა ერთადერთ, ვიწრო ნარზე და ქვეყანა, რომ ინგრეოდა თითქოს, რეაქციაც აღარ ჰქონდა. სისხლის ნაჭდევები ძლიერად ეტყობოდა და მთლიანი სახე ისე შეშუპებოდა, რომ ძნელი იყო მასში, იმ ადამიანის შეცნობა. 
გაყინული თვალებით მისჩერებოდა ერთ წერტილს და ფიფოს შემოსვლაზეც კი არ განძრეულა.
„კიდევ კარგი, მიმიმ ასეთ დღეში არ ნახა, თორემ მერე ვინ იცის, როგორ შემიძულებდა და შემიზიზღებდა.“ 
ერთი კი გაიფიქრა ფიფომ და ისევ მცველს შეუღრინა:
- ეს პატიმარი, რატომ არ გადაიყვანეთ! 
- აბა მე რავი? მე სად უნდა წავიყვანო? სახლში ხომ არ წავიყვან?! 
- რას ჰქვია, არ იცი?!
- იცი შენ რას გეტყვი? რაზეც მოვიდა ბრძანება, ის შევასრულეთ! 
- და სულ რომ არ მოვიდეს? ან დაიგვიანოს? - ჩაეკითხა ფიფო.
- რაც მიბრძანეს, ის შევასრულე!
- ჰოდა, ახლა მე გიბრძანებ! გააღე კარი!
კაცმა მწყრალად გამოხედა:
- არ შემიძლია, არ მაქვს უფლება!
- გიბრძანებ-მეთქი! გააღე კარი! 
- არ მაქვს უფლება! ვინც გინდა, იმან მითხრას, თუნდაც, ნათლიაშენმა! მე ჩემი პირადი უფროსი მყავს და ბრძანებებს, მხოლოდ მისგან ვიღებ!
„ნათლიაშენმაო, ესე იგი, იცის ვინც ვარ!“
ფიფომ ვეღარ მოითმინა და სანამ მცველი კიდევ რამეს ეტყოდა, ელვის სისწრაფით იტაცა ხელი იარაღზე და პირდაპირ შუბლზე მიაბჯინა:
- გააღე კარი!
კაცი შეცბა, აბურდღუნდა:
- ჰო, კაი, რა იყო? რა? ვიღაცა მკვლელი, ნაძირალას გულისთვის, რა თავი გამოიდე?
- დროზე გააღე! - დაუღრიალა ფიფომ. 
წყალმა ისევ იმატა, თუმცა ზემოდან, კიბეებიდან ჩამოდიოდა და ახლა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე რამდენიმე ხნის წინ.
მცველს ხელები უკანკალებდა, ბუზღუნებდა, გასაღებს ვერ არგებდა. ბოლოს ერთი შეუკურთხა, გასაღების აცმა იქვე წყალში ჩააგდო, სირბილით აუყვა კიბეს და ის ერთადერთი კარიც მოუკეტა, საიდანაც ამ ჯურღმულიდან შეიძლებოდა გასვლა. 
ფიფო არ დაბნეულა. გასაღებს დაუწყო ძებნა, მაგრამ ამის დრო, უკვე აღარ იყო, იქაურობა წყლით ივსებოდა. გისოსებს ეცა, მთელი ძალით ქაჩავდა, ცალკე წყლის ძალაც, თითქოს ეხმარებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და პიპას შეუძახა:
- იქნებ, იკადრო და მომეხმარო!
პიპა, რომელიც აქამდე უსიცოცხლოდ იჯდა, როგორც იქნა, წამოდგა. სულ ცოტა იყო დარჩენილი, სადააცა გისოსს გამოანგრევდნენ და პიპაც ამ გალიიდან გათავისუფლდებოდა, მაგრამ წყალი მატულობდა და უფრო ჭირდა, მისი ადგილიდან დაძვრა. ფიფო არ ნებდებოდა, პიპასაც აგულიანებდა, მაგრამ ნათლად ჩანდა, არაფერი გამოვიდოდა.
ბოლოს პიპას მობეზრდა. რისთვის უნდა ებრძოლა? სიცოცხლის გადასარჩენად? რომელი სიცოცხლის? ვის რაში სჭირდებოდა უკვე, მისი არსებობა?
- წადი! - მიმართა ფიფოს, რომელიც ისევ უკან არ იხევდა და არ ნებდებოდა. გამალებით არყევდა გისოსებს. - დროზე, წადი! შენ მაინც გაასწარი! წადი! - უყვირა პიპამ.
- არსადაც არ წავალ! - გამოერკვა ფიფო.
- ჰმ, ქალი რომ იყო ვიფიქრებდი, ჩემი გულისთვის იკლავ თავს, ჰა, ჰა!
- ხუმრობის დრო, არ არის! თავს უნდა ვუშველოთ!
- ჰოდა, წადი! გაასწარი, სანამ დროა! ჩემი ბოლო, ისედაც ეს იყო და ყოველთვის ვიცოდი!
- სანამ აქედან არ გამოგიყვან, არსადაც არ წავალ!
- კი მაგრამ, რის დამტკიცებას ცდილობ? ჩემი გადარჩენით, შენ რა ხეირი მერე? თუ მიმის გინდა, თავი მოაწონო? 
- მიმი არაფერ შუაშია!
- მით უმეტეს! წადი და მიხედე იმ გოგოს! რას იღუპავ თავს აქ, ჩემი გულისთვის!
- ჩემი სიმართლე მაინტერესებს, მხოლოდ ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა! 
- ჰოო? რაზე ამბობ?
- შენი დაკავება უკანონოდ, რომ იყო, აი სწორედ მაგ სიმართლეზე ვამბობ! თანაც, ასე მიჩუმათებული და მიჩქმალული!
- ჰა, ჰა! ესე იგი, შენ ჩემი აღიარება გინდა? იმას მოელი, რომ ამით საქმეს გახსნი?
- იცი, რომ ახლა რასაც ამბობ, ეს უკვე აღიარებაა! - ჩაეცინა ფიფოს.
- ვაა! გახსნა ბიჭმა საქმე და ტაში დავუკრათ! ჰა, ჰა!
- არავის ტაში-ტუში მე არ მჭირდება! ეს საქმე მე დავიწყე და მე უნდა დავამთავრო! და უკანონო ქმედებას კი, არავის მიმართ არ გავამართლებ!
- ნუ, კანონის დამცველი ბიჭი ხარ და ბოლომდე გინდა იბრძოლო, მაგრამ ნეტა მართლა, ვის ებრძვი? წადი, შენს თავს მიხედე, შენს ოჯახს მიხედე! შენი ახლობლებისთვის მაინც გადაირჩინე თავი! 
- და მერე? რა თვალებით ჩავხედო მათ! ან შენს შვილს, რა პასუხი გავცე?
პიპამ არაფერი უპასუხა, მერე მოწყენით ჩაილაპარაკა:
- ეჰ, ნეტა ერთი წუთით მანახა ახლა და... 
- მაგაზე, ადრე უნდა გეფიქრა! - ფიფომ წამით იყუჩა. - ისე კარგად არის. ძალიან კარგად გრძნობს ახლა თავს! ცოტა კი ინერვიულეს ყველამ, მაგრამ ახლა, უკეთ არიან! ბევრად უკეთ.
- შენ ნახე? ძალიან ცუდად იყო?
- კი ვნახე! იქიდან მოვდივარ! ბავშვი ძალიან წუხდა, უცხო სახეების დანახვაზე და იმდენი მაინც მოვახერხე, რომ ყველა ერთ პალატაში მოვათავსებინე, მაგრამ არც დედა...
- ჰმ, დედა. - ჩაეცინა პიპას. - რომელი დედა? ბავშვს სძულს დედა, იმიტომ რომ ხედავს და გრძნობს, როგორი ზიზღით უყურებს შვილს! - პიპამ იყუჩა. - დედას არც სცნობს და არც დედა სცნობს შვილად. - ამოხვნეშა ბოლოს.
- სამაგიეროდ, მიმი უყვარს! დღეს კამერითაც ვალაპარაკე, დამშვიდდა, საჭმელიც კარგად ჭამა.
- მართლა? 
- ჰო, მართლა! აბა, რატომ მოგატყუებ?
ერთხანს, სიჩუმე ჩამოვარდა. წყალიც თითქოს, ცოტა შედგა. ისეთი ძალით აღარ მოჩხრიალებდა კიბეზე, მაგრამ ის მბჟუტავი სინათლეც, აქამდე რომ ციმციმებდა, საბოლოოდ ჩაქრა და მხოლოდ ფიფოს ხელში ჯერ კიდევ შემორჩენილი ფარანი ანათებდა, იქაურობის უფსკრულს.
ფიფო დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე. ძირს რომ არ დავარდნილიყო გისოსებს ზურგით აეკრა.
- სიგარეტი გაქვს? - დაარღვია დუმილი პიპამ, რასაც ფიფოს სიცილი მოჰყვა.
- არამწეველთათვის, სიგარეტი არ მაქვს, მხოლოდ მწეველებს ვუზიარებ! - ფიფომ ჯიბეები მოიქექა. - კიდევ კარგი, წყალი ჯერ მუხლამდეც არ არის, სიგარეტიც დასველებას გადაურჩა.
ერთხანს უხმოდ უშვებდნენ ბოლს. ფიფომ ფარანიც ჩააქრო. ენერგია დაზოგა.
- წადი შენ, მართლა გეუბნები, წადი! - დაიწყო ისევ პიპამ. - ჩემს აქედან გამოსვლას, რა აზრი აქვს, თორემ...
- თორემ რა? აი, შენ ვერც კი წარმოიდგენ! ზუსტადაც, რომ აქვს აზრი! თუნდაც, შენი შვილის გულისთვის აქვს აზრი! თუნდაც, შენი მშობლებისთვის! ახლობლებისთვის გულისთვის და თუნდაც, ჩემი გულისთვის! 
- ჰმ, გული! გული! ყველგან გული... - ჩაილაპარაკა პიპამ. - გული დაძველდა, დაიძენძა და ნაფლეთებად გაჰყვა ქარს...
- რაც გინდა, ის იფიქრე! და ნუ გგონია, ასე ადვილად დავნებდები? ან ასე ადვილად დაგანებებ თავს?! - ფიფომ წამით იყუჩა და მერე პიპასავით პოეტურად განაგრძო. - ამ გაზაფხულის „უმშვენიერეს“ საღამოს, ასეთ ფანტასტიკურად შემზარავ ადგილას, განა ასე ადვილია, სიცოცხლესთან განშორება? ჰაა?
- გაზაფხულს შეჰპარვია ნაცრისფერი და სიცოცხლეც ბინდის ფერი გაუხდია. - ნაღვლიანად მიუგო პიპამ. - წადი. გთხოვ! შენ უნდა გადარჩე! შენ მაინც უნდა გადარჩე!
- არსადაც არ წავალ! სანამ შენ ჩემი ხელით არ დაგსვამ, სამართლის სკამზე! ჰო, მართლა! მანამდე კი, უნდა დაგიმტკიცო! შენი დანაშაული უნდა დავამტკიცო!
- და შენ, რა იცი? იქნებ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს სვამ, განსასჯელის სკამზე? - გაეცინა პიპას. 
- მაშინ, შენს უდანაშაულობას დავამტკიცებ! - არ ჩამორჩა ფიფოც. - და საერთოდ... - ფიფომ სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ შემოვარდნილმა წყლის ძალამ, ჩაჟანგებული რკინის კარი, ისეთი ძალით შემოლეწა, რომ ინერციით წამოსულმა კარმა, გისოსებიც კი მოარყია. 
პიპამ, გალიიდან გამოცურვა შესძლო. წყალი თანდათან მატულობდა. გარედან შემოვარდნილი ღვარცოფი, ტრიალით ირწეოდა და ზემოთ და ზემოთ ადიოდა. ერთადერთი გასასვლელი გზა, ისევ იმ შემოლეწილი კარიდან თუ შეიძლებოდა. ბიჭები, ცურვით ცდილობდნენ იქამდე მიღწევას. პიპამ იმარჯვა და სარდაფის დერეფნისკენ გაცურა. ცოტაც და შეაღწევდა იქამდე, ძლივს უმკლავდებოდა წყლის ძალას. ხან წინ მიიწევდა, ხანაც უკან აბრუნებდა, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მარტო ცურავდა. რამდენჯერმე უხმო, ხმა არავინ გასცა. მერე უფრო ძლიერად დაიყვირა და ფიფომ შორიდან გააგონა ხმა. პიპა უკან მიბრუნდა. ფიფო იმავე ჯურღმულში ჩარჩენილიყო, ფეხზე რაღაც ედებოდა და ერთ ადგილას იყო გაჩხერილი. წყალი უკვე მკერდამდე აღწევდა.
- წადი შენ გაცურე! იქნებ, მშველელსაც უხმო! - უყვიროდა ფიფო, მაგრამ პიპა არც უსმენდა, მთელი ძალით ექაჩებოდა ზემოთ. 
არაფერი გამოვიდა. 
ფიფოს ფეხი, გისოსებში ჰქონდა მოყოლილი და პიპა მის გათავისუფლებას, ამაოდ ცდილობდა. პიპამ ამოყვინთა. ფიფოს ღრიალისთვის ყურადღება არც მიუქცევია, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ისევ დაყვინთა, კვლავ უშედეგოდ და ასე რამდენჯერმე. პიპა არ ეშვებოდა ფიფოს  და მაინც, მის გათავისუფლებას ცდილობდა. ფიფო კი, მთელი ხმით ღრიალებდა წადი, წადი, თორემ ასე, ორივე დავიღუპებითო. 
- მიმის ხათრით მაინც წადი და უშველე თავს! - კვლავ ღრიალებდა ფიფო. - მიმი! მიმი! მიმიზე! ბავშვზე იფიქრე!
ფიფო თავისი ჭკუით, მიმის ხსენებაზე, პიპას აგულიანებდა. იქნებ, ის მაინც გადარჩესო და იქნებ, მაშველების მოყვანაც შესძლოსო. 
- მიმიმ თვითონ უნდა აირჩიოს! - უკან არ იხევდა პიპა და კვლავ ფიფოს გათავისუფლებას ცდილობდა. წყალი უკვე კისრამდე იყო ამოსული, ცოტაც და დაახრჩობდა ფიფოს.
- მიმი! მიმი! - ღრიალებდა ფიფო.
მიმი კი ამ დროს ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ფიფოს ზარის მოლოდინში, წამდაუწუმ, მობილურს დაჰყურებდა. 
LEX. 2018წლის 9 ივლისი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment