Wednesday, April 10, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 167)


167.
დედა და მამიდა, ინტერესით კვდებოდნენ, ასე რატომ ჩხუბობენ მიმი და ფიფოო, მაგრამ გატრუნულები და კართან ახლოს ყურებდაცქვეტილნი, ოთახში შესვლასაც კი ვერ ბედავდნენ. გამოსვლისთანავე კი ფიფომ, მიმის თხოვნით, ორივე მკაცრად გააფრთხილა, მიმის მოსვენება უნდა, არ შეაწუხოთო.
მამიდამ მაინც რაღაცის თქმა კი დააპირა, მაგრამ ფიფომ ისეთი თვალებით შეხედა, რომ პირზე მომდგარი სიტყვა, უკანვე ჩაიბრუნა.
მერე დედამ გაიხსენა, ის გოგო ადრეც იყო აქ ნამყოფი, ამათი საერთო მეგობრის საცოლეაო.
- მაგრამ აქ რა უნდოდა? ან რას, ჩხუბობდა? - ჩაფიქრებული ხმით ამბობდა დედა.
- ალბათ, სახლში იჩხუბეს და მიმისთან მოვარდა, შემარიგეთო? - მხრები აიჩეჩა მამიდამ.
- მერე, რას ამინერვიულა, ეს ორსული გოგო? - გაბრაზდა დედა. - თავისი პირადი ამბები, თავიანთ სახლებში გაარკვიონ! ძალიანაც კარგი ქნა ფიფომ, გარეთ რომ გააბრძანა!
- მერე ფიფო, რაღას ღრიალებდა? 
- ფიფო კი არა, მიმი უყვიროდა ფიფოს და ნეტა, რატომ?
- ჰმ, ალბათ ფიფომ რაღაც იეშმაკა იმ ქალთან? - ბოღმიანად ჩაიცინა მამიდამ. 
- კარგი, რა! - შეუძახა დედამ.
- რატომაც, არა! ორსული ცოლი დედას შეატოვა და გაიკუნტრუშა ბიჭმა, თავისუფლად!
- ოჰ, კარგი ერთი, რა? - გაუბრაზდა დედა. - ჯერ ერთი, მე თვითონ ვთხოვე, აქ გადმოსულიყვნენ და მიმისაც არ უნდოდა იქ, მთელი დღე სახლში მარტო ყოფნა.
- ჰმ, პოლიციელია და აბა, რა! - მამიდამ ისევ ჩაიცინა. -  თვითონ სახლში, არასდროს არის და ცოლი კი უნდა, რომ გამოკეტოს, რომ მერე თავისუფლად აიწყვიტოს, და...
- ფიფო, სულაც არ არის მასეთი ბიჭი! - გააწყვეტინა დედამ. - მერე, როგორ უყვარს მიმი და როგორ პატივს სცემს ჩვენს გოგოს. ფიფო ცოლს, ღალატს არც აკადრებს!
- ოჰ, შენ რა იცი? - დამცინავი ხმით შეეპასუხა მამიდა. - თვალებში ეტყობა, რა მექალთანეც არის!
- ახლა არ თქვა, მეც მიყურებსო, თორემ... - ჩაეცინა დედას.
- ეგღა მაკლია, რა! და რა დროს ეგ არის, გოგოს მივხედოთ!
მიუხედავად ფიფოს მკაცრი გაფრთხილებისა, ორივე დარაზმული, ფეხაკრეფით მიადგნენ მიმის ოთახის კარს. მიმი არ გამოეპასუხა. 
- ალბათ, სძინავს. - დაიჩურჩულა მამიდამ და კარი, ფრთხილად გამოაღო.
მიმის არ ეძინა. სავარძლის საზურგეზე ჩამომჯდარიყო და მზერა ფანჯრისკენ გაშტერებოდა. 
დედამ, მამიდას გადაასწრო, ოთახში პირველი შევიდა და მაშინვე მიახალა:
- მჭადები არ დავაცხო, დედა? 
მამიდამ, საყვედურით მოქაჩა მკლავზე, მაგრამ ახლა თავად შესთავაზა მიმის:
- შენ რომ გიყვარს, ის წითელი ჟოლოს ჩაიც წამოვიღე!
- დასვენება მინდა. - წაიჩურჩულა მიმიმ. 
პირველი, მამიდა გამოფხიზლდა და რძალს მკლავზე ჩაფრენილი ხელი, კიდევ ერთხელ მოქაჩა:
- წამოდი ქალო, ეძინება ბავშვს, დასვენება უნდა. 
არც ერთს არ ეთმობოდა მიმის ოთახი და ერთმანეთის ჯიბრზე, არც ერთი არ აპირებდა ნაბიჯის გადადგმას, სანამ ისევ მიმიმ არ შეაფუცხუნა და საყვედურით არ უთხრა, რომ დასვენება და მარტო ყოფნა უნდოდა.
- ნუთუ, ფიფომ ვერ აგიხსნათ? ასე რთულია იმის გაგება, რომ დასვენება მინდა? - მიმის ხმაში, უკვე ისტერიკა იგრძნობოდა.
- ბარემ გამოვაცხობ მჭადებს. - დაბალი ხმით უთხრა დედამ. - შენ დაისვენე და მერე შემოგვიერთდი.
დედა ფეხაკრეფით გავიდა და თან მამიდის გაყვანას შეეცადა. მამიდას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მიმის ავად მომზირალ თვალებს, რომ წააწყდა, უჩუმრად გავიდა ოთახიდან და კარიც გაიხურა.
მამიდა რაღაცას ეჭვობდა, ყოველთვის ატყობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო მათ შორის. ან იქნებ, ფიფო რომ ძალიან არ მოსწონდა, სულაც ამის ბრალი იყო და ზედმეტადაც აკვირდებოდა წყვილს.
„ბოლო დროს, ჩვენს გოგოს, თითქოს რაღაც აწუხებს. თან მხიარულია, ცოტაც სევდიანი და თან ბედნიერი, თუმცა ორსულობის ბოლო პერიოდია და იცის თურმე ასე, მაგრამ, მაინც რატომ მეჩვენება, რომ რაღაცას გვიმალავს? სულ ამის შეგრძნება მაქვს, თუ ისევ ჩემი ბოღმაა, დაწუნებული სიძის მიმართ? 
მიმის აშკარად უხარია ფიფოს დანახვა, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს შეყვარებული გოგოს თვალები, თუ ესეც მეჩვენება?“ 
მიმი ყოველთვის თვალებგაბრწყინებული ხვდებოდა ფიფოს მოსვლას. ფიფოც მიმის გახარებას ცდილობდა და ხშირად, პატარ-პატარა სასუსნავებით ხელდამშვენებული იდგა კარის ზღურბლზე და მიმიც ნებისმიერ ძღვენს, დაუსრულებლად უქებდა. 
მამიდა, ყოველთვის დარწმუნებული იყო, მიმის გულს, ბოლომდე, ფიფოსნაირი თაყვანისმცემელი, ვერასდროს მოიგებდა. ამიტომაც შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ფიფოსთვის არ წაეკბინა. 
- ეს ქვემოთ მაღაზიაში იყო, ხომ?
გამომცდელად ჩაეკითხებოდა ხოლმე მამიდა და ხან ზუსტად და ხანაც მიახლოებით, ფასსაც დაასახელებდა და ამით, ხაზს უსვამდა, თუ როგორი იაფფასიანიაო. 
რაც არ უნდა მოეტანა ფიფოს, როგორი ძვირიანიც არ უნდა ყოფილიყო, მამიდა ცდილობდა, რომ რაც შეიძლებოდა, გაუფასურებლად წარმოეჩინა.
თავიდან ფიფო, ძალიან ბრაზობდა. საშინლად მოსდიოდა გული, მამიდის ასეთ გაუთავებელ ხრიკებზე, თუმცა მიმის ხათრით, ხმასაც არ იღებდა.
მერე ისევ მიმი მოევლინებოდა დამცველად და ფიფოს მორთმეულ გემრიელობებს, აღტაცებით ხვდებოდა:
- აი, ზუსტად ეს მინდოდა ახლა! ვაიმე, ფიფო რა მაგარი ხარ! როგორ მიყვარს და როგორ მომინდააა! 
აჭყიპინდებოდა სიხარულით და მამიდას, სიტყვის თქმას აღარ აცლიდა. 
- მერე ეს ახლა, გეჭმევა შენ? - მაინც ჩაუკვეტებდა სიტყვას, თუმცა აღარც არავინ უსმენდა მას. 
მიმიმ, ორი მასზე უკიდეგანოდ მზრუნველი ქალი, ოთახიდან გამოაბრძანა. დასვენება მინდაო, გამოუცხადა. თუმცა, დედაც და მამიდაც, ორივე ხვდებოდა, რომ მიმის ახლა მარტო ყოფნა, ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ მაინც, რატომ? ეს კითხვა არ ასვენებდა ქალებს და ყურებდაცქვეტილნი, წამდაუწუმ მიმის ოთახის კარისკენ ეჭირათ თვალი.
მიმის მართლაც მარტო ყოფნა უნდოდა. აბა, მართლა ამხელა ამბის მერე, ან რა დააძინებდა და ან რა მოასმენინებდა, დედის გაუთავებელ ქოთქოთსა და მამიდის უამრავ ეჭვიან კითხვებს.
საღამოვდებოდა და ჯერ კიდევ პიპაზე, არაფერი იყო გარკვეული. საწოლზე მიწოლილმა, უფრო ვერ მოისვენა. ისევ ოთახში სიარული არჩია, მაგრამ რატომღაც, ძლივს გადი-გამოდიოდა. ახლა უფრო მეტად იგრძნო მუცლის სიმძიმე. თითქოს, უფრო და უფრო ქვემოთ ექაჩებოდა, სიარულს უშლიდა და ხელი რომ არ შეეშველებინა, ნაბიჯსაც ვეღარ დგამდა წინ.
ახლა საშინლად ინანა, ორსულობა. რა დროს ეს იყო, თორემ ხომ შესძლებდა, ფიფოს გვერდით ყოფნას და პიპას დახმარებას. ან თუნდაც, ძანეს გვერდით იქნებოდა, უფრო დააწყნარებდა ბავშვს და თავადაც მშვიდად იქნებოდა.
ახლა კი, ავადმყოფივით, ოთახში გამოკეტილი, სიარულსაც ძლივს ახერხებდა. ცალკე კი ის უწვრილებდა გულს, რომ კარს იქეთ ორი შეშფოთებული და ცნობისმოყვარეობისგან დაჭყეტილი წყვილი თვალი, მიმის ოთახიდან გამოსვლას ელოდა.
აუტანელი წუთებს გადიოდა მიმი, თუმცა...
- მე სახლში მაინც ვარ და პიპა!.. პიპა!.. ღმერთო ჩემო... - მოსთქვამდა მიმი დაბალი ხმით, თან ცდილობდა, რომ მისი ხმა, კარს იქეთ არ გასულიყო.
- რა გავაკეთო, რა? რით დავეხმარო? როგორ?..
ხმამაღალი ფიქრები, ფიფოს ზარმა შეაწყვეტინა და სანამ ხმას ამოიღებდა, ისევ ფიფომ დაასწრო:
- უკვე გავიგე, სადაც ჰყავთ დაკავებული და ახლა პირდაპირ, იქ მივდივარ! შენ ხომ, უკეთ ხარ?
- ჰო... ჰო... წადი და მოაგვარე გთხოვ... კარგად ვარ...
- არა, მართლა, ხომ კარგად ხარ? არ მომატყუო იცოდე, თორემ მოვალ, მანდ დაგიჯდები და იქამდე ვიჯდები, სანამ შენ კარგად არ იქნები!
- არა, არა! მართლა, უკეთ ვარ! - ხმაში სიმტკიცე გაურია მიმიმ.
- ჰოო? არ მატყუებ? აბა, რატომ ჩურჩულებ? ხმას ძლივს იღებ.
- დარწმუნებული ვარ, კარს უკან მისმენენ, არ მინდა რომ რამე გაიგონ.
- აჰა, და მაგიტომ ჩურჩულებ, არა? - გაეცინა ფიფოს. - ალბათ, ერთმანეთს ცვლიან და მორიგეობით აქვთ ყური მოდებული კარზე.
მიმისაც გაეცინა. 
ფიფოს ცოტა გულზე მოეშვა. გაუხარდა. ჯერ კიდევ შეეძლო, მიმის ხასიათზე მოყვანა.
- ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია შენ დამშვიდდე და არ ინერვიულო. ახლა შენი ნერვიულობა, კატეგორიულად გამორიცხულია და შენი იმედი მაქვს, რომ გონივრულად მოიქცევი. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. - ფიფოს საოცრად ალერსიან ხმაზე, მიმი უფრო მეტად დამშვიდდა.
- მშვიდად ვარ. ვწევარ და ვისვენებ. - მიმიმ, ფიფოს დასამშვიდებლად, ტყუილი შეაპარა. თუმცა მართლაც, რაღაც ვეღარ წვებოდა. მთელ ტანში ამტვრევდა. ადგილს ვერ პოულობდა და ოთახშიც, ძლივს გადი-გამოდიოდა.
- უნდა დაისვენო, აბა რა!
- შენი იმედით ვარ მშვიდად. გთხოვ, მიხედე რა ყველაფერს. - ჩურჩულებდა მიმი.
- მივხედავ, აბა რა! შენ კარგად იყავი და ფიფო აბა, რისი მეგობარია, თუ ყველაფერში გვერდით არ ამოგიდგა!
- ჰო, ჰო. შენი იმედი მაქვს! - ისევ ჩურჩულით გაიმეორა მიმიმ.
- აბა, რა! მიმი! აბა, რა! - მხიარული ხმით უთხრა ფიფომ. 
მიმიმ ამოისუნთქა. ფიფო აშკარად, უკეთ ხასიათზე ჩანდა. 
„ალბათ, არც თუ ისე ცუდად არის საქმე, თორემ...“
გაუელვა მიმის და ცოტა გულზე მოეშვა.
- მჭადები ხომ დააცხვე? - ფიფოს ისევ მხიარული ხმა ჰქონდა.
- კარგი, რააა. - წაიკრუსუნა მიმიმ.
- რა კარგი, გოგო? - ვითომ უსაყვედურა კიდეც ფიფომ. - რომ მოვბრუნდები, მგელივით მშიერი ვიქნები და არ უნდა ჩავუსხდეთ, მერე? 
მიმის გაეცინა.
- და ჩვენი ჩასხდომა, ხომ იცი რასაც ნიშნავს?  ესე იგი, ყველაფერი მაგრად და კარგად...
- კი! ფიფო, კი! - აღარ დააცადა სიტყვის დასრულება მიმიმ. - აბა, რა! ყველაფერს გავამზადებ, როცა...
- მიმი, დამიჯერე! - ახლა უკვე სერიოზული ხმით მიმართა ფიფომ. - დამიჯერე, რა ძალიან გთხოვ! უკან არაფერზე დავიხევ და ყველაფერს კეთილსინდისიერად გავაკეთებ, ისე როგორც შეეფერება მეგობრობას და ადამიანობას და რა თქმა უნდა, კანონსაც! გქონდეს ჩემი იმედი!
- შენ ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- შენ კი, ყველაზე მაგარი გოგო ხარ, რომ ამდენს იტან და ასეთ დროს, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობ! განა, ბევრს შეუძლია მასე? - შეაგულიანა ფიფომ.
მიმის გაეღიმა. გაუხარდა. ფიფოს შექება ესიამოვნა.
- მჯერა შენი. შენი იმედით ვარ ასე. - მიმის ცრემლი მოადგა. 
- ახლა უკვე მალე მივალ და იქ, ტელეფონს არ შემატანინებენ. შენ კი, არ ინერვიულო, მე თვითონ დაგირეკავ! 
- რატომ არ შეგატანინებ? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ. - ნუთუ, ასეთ ცუდად არის საქმე?
- წესია ასეთი და ყველამ უნდა დაიცვას! - ისევ გაეცინა ფიფოს.
მიმისაც, კიდევ უფრო მეტად მოეშვა გულზე. ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ნამდვილად არ იქნება ცუდად საქმე, თორემ ფიფო, ასეთ კარგ ხასიათზე, აბა როგორ იქნებოდაო.
- ჰოდა, აი სანამ მივალ, ბარემ ისიც მითხარი, პიპამ მართლა თავის და მოიყვანა ცოლად, თუ მე რაღაც ისე ვერ გავიგე? - ფიფოს რბილი და თბილი ხმა ჰქონდა. იცოდა, მიმის ასე უფრო ადვილად გამოტეხავდა. - არ მინდა, რამე ისეთი ვკითხო, რომ მერე, უხერხულად გამომივიდეს.
- შვილი, როცა შეეძინათ მაშინ გაიგეს, რომ ნახევარ და-ძმა იყვნენ.
- აჰა, გასაგებია. ჰო, მეც რაღაც ასე ვიცოდი. - დაემოწმა ფიფო. თუმცა, ბევრიც არაფერი იცოდა. - მინდოდა მეკითხა, დედამ რატომ მიატოვა, მაგრამ მომერიდა. არადა, როგორი თბილი ქალია, ცოტა დაუჯერებელიც კი არის, ასე ბედის ანაბარად მიეგდო, საკუთარი შვილი.
- დედა კი არა, მამა ჰყავთ საერთო. და იცი? პიპა მაგ ოჯახში დადიოდა მუსიკაზე. თურმე, საკუთარი ბებია ასწავლიდა დაკვრას და ისე გაიზარდა, არც კი იცოდა. 
- მართლა? - გაიკვირვა ფიფომ და კვლავ, გამომცდელად ჩაეკითხა. - უი, რა საინტერესოა და მერე დედამისმა მაინც არ უთხრა, რომ...
- დედა არასდროს უნახავს. - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ. - ის ხომ ბავშვთა სახლში იზრდებოდა და იქ, მეორე ბაბუა ზრდიდა.
- აჰა! გასაგებია, ახლა ყველაფერი გასაგებია. 
„და ის ბაბუა კი, რომელი მხრიდან იყო? ან საერთოდ რა კავშირი ჰქონდა, პიპას ნამდვილ ოჯახთან?
როგორც ვიცი, ნამდვილი ბაბუა, დედის მამა, თავადვე გამოასალმა სიცოცხლეს. ისე ბებიის გარდაცვალებაც, თვის ბოლო შაბათს არის აღნიშნული და არც მარხვის პერიოდს ემთხვევა.
ნუთუ მის სიკვდილშიც, პიპას ხელი ურევია? მისი გარდაცვალების მოწმობა, კარგად შევისწავლე, ნამდვილად მახსოვს, რომ არ მოუკლავთ და რას გაიგებ?..
ისიც მშვენივრად მახსოვს, როცა უნივერსიტეტში ბატონ პროფესორს, პირველად რომ დავადექი თავზე. ჰმ, თითქოს, გაუკვირდა კიდეც, მაგრამ არც კი აღელვებულა, საოცარია, ასე როგორ თამაშობდა?“
- და ეს ბაბუა, დედის მხრიდან იყო, თუ მამის? - შეეკითხა ფიფო. - ვინც გაზარდა?
- ალბათ, უფრო დედის. 
- ჰო, ალბათ. 
- აბა მამის მხრიდან, რომ ყოფილიყო, ხომ ეცოდინებოდა არა, ვის ოჯახში სწავლობდა მუსიკას. 
- ჰო, მართალი ხარ. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო ფიფომ. 
- რა იყო? ასე რატომ დაინტერესდი? - ჩაეკითხა მიმი. თუმცა, თავადაც ძალიან აინტერესებდა და არც პიპას მოუყოლია ასე დაწვრილებით, მისი ცხოვრება.
- არა, ისე. უბრალოდ, სპორტული ინტერესის გამო. 
- სპორტული? - გაუკვირდა მიმის.
- ჰო, რა! - გაეცინა ფიფოს. - გამოთქმაა ასეთი. უბრალოდ, არ ჩანდა ცუდი ოჯახი და ძალიან გამიკვირდა ეს კაცი ბავშვობიდან, რატომ იყო ასე უპატრონოსავით მიგდებული.
- ისე, მეც თავიდან ძალიან გამიკვირდა.
- ახლა ხომ ვიცით ყველაფერი და აეხადა ყველა საიდუმლოს, ფარდა! - მხიარული ტონით წარმოსთქვა ფიფომ.
- ალბათ, ამიტომ იყო, რომ დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს, არაფერს მიყვებოდა თავისთავზე. - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ჰმ, როგორი მოსაყოლი იქნებოდა? აბა, დაფიქრდი? განსაკუთრებით კი... 
- ჰო, და მაგიტომაც აღარ ვბრაზობდი!
- მოიცა, აბა მამაჩემი მღვდელი იყოო? - კვლავ ჩაეკითხა ფიფო. 
- მამამისი? არა! მგონი, მისი უფროსი ძმა. ასე მახსოვს.
- კიდევ ჰყავდა ძმა? 
- ვაიმე, არ ვიცი... - სასოწარკვეთილი ხმით ჩაილუღლუღა მიმიმ. - ძმას ეძახდა, როგორც მახსოვს.
- ჰაჰ. - გაეცინა ფიფოს. - ალბათ, მართლა ჰყავდა, ან ბერები ერთმანეთს ხომ ძმებს ეძახიან და...
- უი, ხო! - გამოცოცხლდა მიმი და აშკარად გულზე მოეშვა. კიდევ ერთხელ გამართლდა, პიპას მოგონილი ტყუილი, თუ დაფარული სიმართლე.
„მაგრამ მაინც, ეს ბაბუა, ვინღა იყო? დანამდვილებით ვიცი, რომ ის მღვდელი, მისი შვილი იყო. ეს პიპაც კი, მის შვილობას იჩემებს და ბაბუს გვარზეა დღემდე აღნიშნული, როგორც მისი შვილი, მაგრამ სინამდვილეში, შვილიშვილი და იმ მღვდლის შვილი ვარო, ამას მიმტკიცებდა, პირველივე ვიზიტზე და ახლა მართლა, რა გამოდის?
სინამდვილეში, ვინ არიან ერთმანეთისთვის?
თუ უბრალოდ, შეეხიზნნენ ერთმანეთს?“
ფიქრობდა ფიფო და თან ცალი ყურით, მიმის ნაზ ჩურჩულს უგდებდა ყურს.
- რომ მოხვალ, ყველაფერს მოგიყვები...
- კარგი, მიმი დამშვიდდი. შენ არაფერზე აღარ ინერვიულო. ყველაფერს მე მივხედავ, აბა რისთვის ვარ? - ფიფოს თბილ ხმაზე, მიმი კიდევ უფრო მეტად დამშვიდდა. 
მიმიმ, იცოდა და დარწმუნებულიც იყო, ფიფო არ იყო ის ადამიანი, რომ ან პირობა დაერღვია და ან გაჭირვებაში მყოფი მეგობარი, მიეტოვებინა. განსაკუთრებით, თუ კი ეს, მიმის თხოვნა იყო, აი აქ კი, შეპირებულ სიტყვას, არასოდეს უღალატებდა.
- აი, მივედი უკვე, უჰ! ძლივს მივაღწიე, ისეთი ნიაღვარი მოდის ქუჩებში!
- მართლა? მასეა საქმე? - გაიკვირვა მიმიმ. 
- ჰო, მასეა! აბა, გადაიხედე ფანჯარაში და ნახე.
- კი აქედანაც ჩანს, ლამის წყალში დაცურავენ მანქანები. 
- აბა, ვწევარო? - სიცილით ჰკითხა ფიფომ.
- წამოვდექი უკვე. - არ დააყოვნა მიმიმ პასუხი.
- კიდევ კარგი, რომ დამიჯერე და ასეთ ამინდში, არ წამომყევი.
- ჰო, მართლაც რა საშინელი ამინდია. - ამოიხვნეშა მიმიმ.
- აბა, არ ინერვიულო! შენი იმედი მაქვს! დროებით! - ფიფო სამმართველოს მიუახლოვდა თუ არა, ტელეფონიც გამორთო. 
დღის განმავლობაში, უკვე მეორეჯერ იყო იქ. სად არ ეძება, სად აღარ დარეკა და თურმე, სად ჰყოლიათ გადამალული და მართლაც, რომ გადამალული პატიმარი იყო და ფიფოც უკვე მშვენივრად ხვდებოდა, ასე საგულდაგულოდ, რატომაც მალავდნენ. 
LEX.2018.წლის 8 ივლისი, კვირა.

No comments:

Post a Comment