Tuesday, April 9, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 166)


166.
მოსაცდელში, დედის გულისგამაწვრილებელი მოთქმა და პალატიდან ბავშვის განწირული ბღავილი, უკვე აუტანელი ხდებოდა. ფიფომ ვეღარ მოითმინა, პირდაპირ რეანიმაციაში შეაჭრა. ძლივს დაარწმუნა ექიმები, რომ ბავშვთან აუცილებლად უნდა მიეშვათ.
- რატომ არის ბავშვი ცალკე?! - აღშფოთება ვერ ფარავდა ფიფო.
- სხვა პაციენტებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს და მაგიტომაც ასე გადავწყვიტეთ! - არ ჩამორჩა ექიმი.
- თავისიანებთან ერთად მაინც მოათავსეთ! ვერ ხედავთ? როგორი შეშინებულია! უამრავი უცხო სახე ახვევია გარს, ვერავის სცნობს! 
- ბავშვი საკუთარ დედასაც ვერ სცნობს და... - ცოტა არ იყოს, ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ექიმმა.
- ბიჭი, ბებიას უფროა მიჩვეული! ნუთუ, ასე რთულია ამის მიხვედრა?
- პაციენტების აქეთ-იქეთ ტარება, მე არ მეხება! მე მხოლოდ...
- აბა, ვის ეხება?! ვის?! - ფიფომ იმხელა ხმაზე იღრიალა, რომ სიტყვის შებრუნება ვეღარ გაუბედეს და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ მიუთითეს.
ფიფომ იქაც ერთი-ორი შეუღრინა და როგორც იქნა, ნათლიის ჩარევითა და მისი ღრიალით, ყველაფერი მოაგვარა. 
მაშინვე დაფაცურდნენ და უკლებლივ ყველა დაემორჩილა, სამინისტროდან წამოსულ ბრძანებას.
ახლა ერთად იყვნენ მოთავსებულნი და ბებიის დანახვაზე, ბავშვიც შედარებით უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. რადგან სამივე პაციენტი, პოლიციის მოყვანილი იყო და თანაც, ცალკე სამმართველოდანაც წამოვიდა ბრძანება, ყველა ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებდა.
ფიფომ ცოტა ამოისუნთქა. კიდევ კარგი, ეს ერთი საკითხი მაინც იყო მოგვარებული.
- იმ უგემრიელესი ტოლმის ხათრით, ყველაფერს გავაკეთებ. - ღიმილით დაამშვიდა ძანეს ბებია, ფიფომ.
- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო. პიპა ისეთი კაცია, სიკეთეს არ დაგიკარგავს.
- მაგასაც მივხედავ, ყველაფერს გავარკვევ. - პასუხობდა ფიფო, თუმცა თავადაც არ იცოდა, ან რა უნდა ექნა, ან საიდან რა უნდა დაეწყო.
თავს დამნაშავედ გრძნობდა. მზაკვრული გეგმით მოახერხეს ბოროტმოქმედის დაკავება და სატყუარად კი, ფიფო გამოიყენეს. აბა, ვინ დაიჯერებდა, რომ თავად არაფერ შუაში იყო. იმაშიც კი დარწმუნებული იყო, რომ მიმისაც ბოლომდე არ სჯეროდა მისი. 
რა უნდა ეღონა? როგორ უნდა მოეგვარებინა ისე, რომ არც მოღალატე მეგობრად გამოჩენილიყო, არც კანონი დაერღვია და თავისი დაწყებული საქმის სადავეებიც, ისევ თავადვე მოეგდო ხელში. 
ყველაფერი ლამის, თავიდან უნდა დაეწყო. მიმის, კიდევ ერთხელ ნდობის მოპოვება, არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.
აბა, მართლა მკვლელს, ხომ არ გამოუშვებდა გარეთ?
„კანონი - კანონია და თუ სამართალია, ბარემ ჭეშმარიტმა სამართალმა იზეიმოს და არა, ვითომ გახსნილმა საქმემ!“ 
- ფიფო. - წყნარი, ტირილისაგან ჩახლეწილი ხმით მიმართა ძანემ, უკვე კართან მისულ ფიფოს.
ბავშვის ხმაზე გაოგნებული შემობუნდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ბიჭმა, მისი სახელი თუ იცოდა.
- მიმი გიყვარს? - წაიჩურჩულა ძანემ.
ფიფოს გაეცინა:
- მიმიც მიყვარს, შენც მიყვარხარ, და შენი ბებოც და ბაბუც მიყვარს!
- მამაც გიყვარს?
- მამაც მიყვარს! შენიც და ჩემიც! 
ფიფომ ტელეფონი მოიმარჯვა.
მიმის ხმის გაგონებაზე, ძანე ცოტა გამოერკვა. თითქოს, უფრო დაწყნარდა, მაგრამ მაინც ზლუქუნებდა. ტელეფონს ხელს აღარ უშვებდა და ახლა სასოწარკვეთილი ხმით, მიმის უხმობდა. მერე თანდათან, დამშვიდება დაიწყო. მიმი ტელეფონის ეკრანიდან უღიმოდა, თბილ სიტყვებს არ აკლებდა. თუ აღარ იტირებ, მალე მოვალო. ფიფოც ცალკე ამშვიდებდა, ყველანაირი დახმარება აღუთქვა, მხოლოდ აღარ უნდა ეტირა და საჭმელიც წესიერად უნდა ეჭამა. 
ძანე ნელ-ნელა დამშვიდდა. ყველა სათითაოდ ჩამოთვალა, ყველას მიესიყვარულა, დედის გარდა.
„დედას მართლა, რატომ არ ახსენებს? პალატაშიც კი არ უშვებს.“ 
ფიქრობდა გაკვირვებული ფიფო და ცდილობდა, პალატიდან დროულად გასულიყო, რომ მიმის ცალკე დალაპარაკებოდა. 
ტელეფონის ეკრანიდანაც ჩანდა, რომ მიმის საშინელი ფერი ედო, თუმცა გასაკვირიც არ იყო.
- მიმი! ჩვენ ხომ შევთანმხდით, რომ შენ აღარ ინერვიულებდი? იცოდე, თუ ასე გააგრძელებ, მოვალ, შენთან დავჯდები და ადგილიდან არ გავინძრევი მანამდე, სანამ შენ არ დამშვიდდები და ფერზე არ მოხვალ! და ჩემი მანდ ჯდომით კი ხომ იცი არა, რაც მოხდება? საქმე გაფუჭდება და არავის და აღარაფერს ეშველება! მიმიხვდი?!
მიმიმ სლუკუნით დაუქნია თავი.
- ვიცი, რომ საშინლად ნერვიულობ. გთხოვ, აიყვანე თავი ხელში. შენ ხომ მაგარი გოგო ხარ? განა, მე უფრო უკეთესად ვარ? პირიქით, საშინელ დღეში ვარ! ყველას მე ვგონივარ დამნაშავე, ყველა თითს ჩემკენ იშვერს ისე თითქოს, ეს ყველაფერი, ჩემი მოწყობილი ყოფილიყოს! და შენც თუ ცუდად იქნები...
- კარგი, გთხოვ... მიხედე...
- დამიჯერე, მიმი. ახლა ნერვიულობის დრო არ გვაქვს არავის! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ! მე ჩემი სიმართლისთვის! მეგობრობისთვის! შენთვის! შენ რომ კარგად იყო იმისთვის და ყველაფრისთვის! 
- ხომ მაგრამ მაინც, რომ დააბრალონ? რომ არ გაათავისუფლონ? - წუხდა მიმი.
- ყველას ვაიძულებ, კანონის დაცვას! შენ შეიძლება პიპაზე მზე და მთვარე ამოგდიოდეს, მაგრამ ეგ სულაც აღარ მაინტერესებს! მე ჩემი ამბიციები და ჩემი პრინციპები მაქვს! არავის ვაპატიებ, ასე თავზე გადახტომას! უსამართლოდ, მასხრად აგდებას! დამიჯერე, მხოლოდ სამართალი იზეიმებს! და ჩვენ კი, ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით! ამიტომ, არ ინერვიულო და არასოდეს გაიფიქრო, რომ ჩემი ეჭვიანობის გამო, ვინმეს დავაზიანებ და გავწირავ! ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა, სამართლისა და კანონის დაცვაა, ხოლო კაცური კი, - უანგარო მეგობრობა! - ფიფო წამით შეყოვნდა და მერე თბილად გაუღიმა შეშფოთებულ გოგოს. - ნუღარ მაკარგვინებ დროს! მივხედავ ამ საქმეს! შენ კი, დამშვიდდი და ილოცე ჩვენთვის! ყველასთვის!
- ლოცვა არ ვიცი... არც ვიცი, როგორ უნდა ვილოცო... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- არც მე ვიცი, „მამა ჩვენო“ ხომ მაინც იცი? როგორც გახსოვს ისე ილოცე, უბრალოდ გულით ილოცე, შენივე სიტყვებით, დაგვლოცე ყველა!
მიმიმ ნაღვლიანად დაუქნია თავი. სხვა გზა, მაინც არ ჰქონდა, ისევ ფიფოს იმედად უნდა ყოფილიყო. თუმცა, რას ერჩოდა ფიფოს? ახლა უფრო დააფასა და ახლა უფრო ჩასწყდა გული, რომ ასე ატყუებდა მეგობარს და ფიფოს თურმე, სულაც არ სწყინდა. ყველაფერი იცოდა და მაინც გვერდით ედგა.
„იმიტომ, რომ მეგობარია! ნამდვილი მეგობარი! 
ნეტა, ყველაფერი კარგად დამთავრდეს! 
ღმერთო, სად ხარ! მოგვხედე!“
მართალია, ფიფომ არც თუ ისე ცოტა რამ მოაგვარა, მაგრამ ძანეს დედა, მაინც მწყრალად უყურებდა და დარწმუნებულიც იყო, რომ ეს ყველაფერი, მაინც მისი მოწყობილი იყო.
- გინდა, სახლში გაგიყვან? - თავაზიანად შესთავაზა ფიფომ. - მოწესრიგდები, ცოტას დაისვენებ, ერთი საათი მაინც. 
ქალმა მტრული მზერა მიაპყრო, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ ფიფოს წინადადება ძალიან მოეწონა.
- იქვე სხვა საქმეც მაქვს. - განაგრძო ფიფომ. - შენ დაისვენე, მოწესრიგდი და გამოგივლი მერე. მანამდე კი, მხატვარი დარჩება აქ! 
ფიფოს ახლა ყველგან და ყველაფერში თავის გამოჩენა სურდა. მეგობრობისა და კაცობის მაქსიმუმი უნდა გამოეჩინა და თან, სხვა ინტერესიც ჰქონდა, პიპას სახლის დათვალიერების შანსი ეძლეოდა, თანაც ისე რომ, ვერავინ იეჭვებდა.
- ჰო, მიდი, მართლა. - დაემოწმა მხატვარი. - გამოიძინე, რამდენი ხანიც გინდა დარჩი სახლში და მერე მოდი. მე არსად წავალ! აქ დაგხვდები.
ქალი ვითომ ყოყმანობდა და ბოლოს მაინც დათანხმდა, თუმცა თვალებში ეტყობოდა, რომ ძალიანაც კი გაუხარდა, იქაურობას, ცოტა ხნით, თუ მაინც მოაშორებდნენ.
სახლი ისევ ისე, არეულ-დარეული იყო, როგორც პიპას დაკავების დროს დატოვეს. 
ფიფომ მშვენივრად გათვალა და გამოუვიდა კიდეც. ისევ პიპას ბინიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. თუ მართლაც რამე სამხილს ინახავდა, სწორედ სახლში უფრო კარგად გადამალავდა, მაგრამ სად? რა ადგილას? ან ინახავდა კი, საერთოდ?
არც იმედი ჰქონდა და ვერც ვერაფერი ნახა, თუმცა აღარც ელოდა. ცოტაც, შეძლებისდაგვარად მიალაგა. გადაყირავებული სკამები წამოაყენა, დალეწილი და დამსხვრეული ნივთები, ერთად მიაწყო. მერე ბავშვის ოთახშიაც შეიხედა, იქაც კი საშინელი არეულობა დახვდა. ფიფო გაოგნებული იდგა. ყველაზე მეტად, ეს ოთახი იყო მთლიანად ამობრუნებული. ბავშვის სათამაშოები, სულ ერთიანად გადმოყრილი, დალეწილი, საწოლი ამობრუნებული. ლეიბებიც კი ბოლომდე იყო ჩაჭრილი და დასერილი.
„ჰმ, თავიანთი ვიწრო ჭკუით იფიქრეს, რომ სწორედ ბავშვთან დამალავდა რამეს.“ 
- თუმცა ლოგიკურია... - ჩაილაპარაკა ფიფომ და მოულოდნელად პასუხიც მიიღო:
- ჰო, სულ ლოგიკურ სათამაშოებს ყიდულობდა! - ქალს, თხელი გამჭვირვალე ხალათი, სველ ტანზე მოესხა და ფიფოს გამომწვევად უღიმოდა. - მამამისს ეგონა, მასავით ნიჭიერი და ვუნდერკინდი შვილი ეყოლებოდა, მაგრამ როგორც ამ კედელს, ვერ შეასმენ რამეს! - ქალმა ხელი კედელს დაჰკრა. - ისე დებილ ბავშვს, რას გააგებინებ, ან რა უნდა ასწავლო?!
- მიდი ჩაიცვი, ქვემოთ გელოდები! - ფიფო კარისკენ წავიდა. საშინლად დაიბოღმა, მაგრამ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არც შეუმჩნევია ქალის ვულგარული მზერა.
- მეგონა, ცოტას დავისვენებდი. გამოვიძინებდი. - უკმაყოფილოდ აბზუკა ცხვირი ქალმა.
- ძალიან მეჩქარება! თუ გინდა გაგიყვან, თუ გინდა დარჩი და გამოიძინე!
ფიფოს ასეთ მკაცრ ხმაზე, ქალმა უპასუხოდ შეაქცია ზურგი და თავისი ოთახისკენ დაიძრა. 
- ისე, მართლა! 
ფიფოს ხმაზე, ქალი შეჩერდა და უფრო გაინაზა. თუმცა, მალევე გაუცრუვდა იმედი.
- სინამდვილეში, ვინ ხართ ერთმანეთისთვის? საბუთებით, შენი ქმარია! უკაცრავად, უკვე ყოფილი მეუღლე და როგორც ვიცი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხელიც გააწერეთ.
- ჩემი ძმაა! ნახევარ ძმა! თუ ასე კონკრეტულად გაინტერესებს და ჩვენი კი, ინცესტის შედეგად, დებილი შვილი გვხვდა წილად და ისიც ახლა მე შემრჩა მოსავლელად! - ხმას აუწია ქალმა. - შენ კი, მე რომ აქ დაკითხვებს მიწყობ, გირჩევნია, პიპას მიხედო! თორემ არ ვაპირებ, დაუნი ბავშვის გულისთვის, სიცოცხლის გამწარებას! - მიახალა ქალმა და თავისი ოთახის კარი ზედ ცხვირ წინ მიუჯახუნა.
ფიფო საშინლად აღელდა. ადრეც ატყობდა და ახლა კი ზუსტად მიხვდა, რატომაც არ უყვარდა ეს ქალი, მიმის. იქ გაჩერებაც უკვე ამაზრზენი გახდა. მაინც ვერაფერი ნახა და ისედაც უკვე აღარც არაფრის იმედი ჰქონდა.
ის იყო კარისკენ დაიძრა, რომ მისი ყურადღება, კედელზე უკვე შემხმარმა სისხლმა მიიპყრო. კვალი სადღაც, კედლის შუაწელიდან იწყებოდა და ძირს, იატაკის ბოლომდე ჩადიოდა. ფიფომ წამსვე წარმოიდგინა ეს სცენა. ცხადი იყო, კედელთან მიიმწყვდიეს და ისე სცემდნენ.
„და ეს ყველაფერი, ავადმყოფ ბავშვს აყურებინეს...“
კედლის ბოლოში, იატაკის კუთხესთან, სისხლი ერთ ადგილას, უფრო მეტად იყო ჩაგუბებული და ჩახმარი. ფიფომ ცხვირსახოცი მოიმარჯვა და ძალიან ფრთხილად სისხლის გამხმარი ნაწილის აღებას შეეცადა, მაგრამ ხელში უფრო მაგარი საგანი მოჰყვა. სისხლში მოსვრილი, ან იქნებ სპეციალურად შენიღბული რგოლის ბეჭედი იყო ჩამალული. 
მართლა ჩამალული, და არა შემთხვევით ჩაგდებული. აშკარა იყო, პიპამ როგორღაც მოახერხა და იატაკისა და კედლის ვიწრო ნაპრალში, შეუმჩნევლად შესძლო ბეჭდის ჩატენვა.
ფიფო მთელი გზა იმას ფიქრობდა, რატომ უნდა მიემალა პიპას ბეჭედი იქ. თავისუფლად შეეძლო მოეხსნა და დაეტოვებინა. ან რატომ ატარებდა საერთოდ, თუ კი უკვე, განქორწინებული იყო. 
„ბეჭედი... ბეჭედი... რა ჯანდაბად დამალა? რატომ?“ 
ყველაფრის გახსენებას შეეცადა. მისი პირველი ვიზიტი პიპასთან. მშვენივრად ახსოვდა, უნივერსიტეტშიც როგორ ეწვია. პიპას წარბიც არ შერხევია მაშინ, ოდნავადაც არ აღელვებულა, მაგრამ ეკეთა მაშინ ბეჭედი? ვერაფრით იხსენებდა. მაგრამ სახლში, რომ ესტუმრა მაშინ ნამდვილად ახსოვს ეკეთა და ხშირად ეხებოდა კიდევაც.
„თუმცა, რა მომენტში ეხებოდა? იქნებ, მიმის ხსენებაზე? 
მიმი! მიმისაც უკეთია რგოლის ბეჭედი, მაგრამ ზუსტად როდიდან?.. 
და რატომ ადრე არ მივაქციე ყურადღება?.. 
იქნებ, მიმი ამით მანიშნებდა და მე იდიოტი კი, ვერაფერს ვხვდებოდი.“
უამრავი აზრები და უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა აწუხებდა ფიფოს. ძლივს მიარღვევდა ღვარცოფიან გზას. მანქანით მოძრაობა, თანდათან უფრო საშინლად ჭირდა. 
მიმის ყოველთვის ეკეთა ლამაზი სადა, გემოვნებიანი სამკაულები. ფიფო მშვენივრად ხვდებოდა, არც თუ ისე იაფფასიანი ნაკეთობანი იყო. თავადაც უნდოდა რამე ისეთი, მიმზიდველი და გამორჩეული ეჩუქებინა, მაგრამ ხან რამ შეუშალა ხელი და ხან რამ და როცა უკვე  ორსულობა დაეტყო, სხვა ბეჭდებთან ერთად,  რგოლის ბეჭედსაც ატარებდა. ფიფოს რატომღაც დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ისე კი უხაროდა, მიმი თითქოს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მართლაც ფიფოს ნამდვილი ცოლი გამოჩენილიყო.
მაგრამ ახლა თანდათან, ბევრ რამეზე ეხილებოდა თვალი და გაბრაზების მაგივრად, თავის სიბრიყვეზე ეცინებოდა. 
სიბრაზით კი, სულ სხვა რამეზე, ფეხქვეშ გათელილ მის პროფესიონალიზმზე გიჟდებოდა და იბოღმებოდა. ყველაზე ძალიან, ახლა ეს აწუხებდა და ეს შლიდა ჭკუიდან. 
სამუშაო საათები, დასრულებული იყო. მედ.ექსპერტი უკვე სახლში წასასვლელად, ტაქსში ჯდებოდა. 
- ძალიან მჭირდები, სასწრაფოდ! - არც აცალა სიტყვის თქმა, ისე ჩაჰკიდა ხელი და მანქანის კარიც მიუხურა, გაბრაზებულ მძღოლს.
ქალი აწუწუნდა, ლამის მთელი ქალაქი წყალმა დატბორა. სახლში მიეჩქარებოდა. 
- ძლვს მოვიდა ტაქსი და უკან გამაშვებინე! - საყვედურობდა ქალი.
- შენ მაინც გარეუბანში ცხოვრობ, შენსკენ არც არაფერია, მთელი სტიქია ქალაქის ცენტრს დაატყდა თავს!
- მერე რა გარანტიაა, რომ გარეუბნებშიც არ...
- ახლა მაგის გარჩევის დრო, არ არის! უნდა დამეხმარო და თან ისე, რომ არავინ იცოდეს! ნუ, ჯერ მაინც!
ქალმა ეჭვიანი მზერით გამოხედა.
- არა, კანონს არ ვარღვევ, ჯერ მხოლოდ ვარაუდს ვამოწმებ! - თავის მართლება სცადა ფიფომ.
- მერე ეს გადამოწმება კანონიერია?
- მომისმინე ახლა რას გეტყვი! - თვალებში ჩააშტერდა უკმაყოფილოდ მომზირალ ქალს. - ძალიან ბევრჯერ, შენს ზერელე ნამუშევარზე, თვალები დავახუჭინე უფროსობას, ახლა კი, მე მჭირდება! მხოლოდ, დროებით, რომ...
- ჰო, კარგი. კარგი. შანტაჟიორიც თუ იყავი, არ მეგონა. - ცინიკურად მიახალა ქალმა.
- რას ვიზამთ, როცა გჭირდება. - ჩაეღიმა ფიფოსაც.
- მაჩვენე, აბა.
ფიფომ ცხვირსახოცში გამოკრული, სისხლში ამოსვრილი შპალერის ნახევი და რგოლის ბეჭედი გაუწოდა. 
- რაც შეგიძლია, ყველაფერი უნდა გადამიმოწმო და შენთან შეინახავ, სანამ მე არ მოგთხოვ! დაიმახსოვრე, სანამ პირადად, მე არ მოგთხოვ!
- ვისია?
- ეგ რომ ვიცოდე, აქ კი არ მოვიდოდი. - მერე უფრო რბილი ხმით დაუმატა. - შენი იმედი, რომ არ მქონდეს, მართლაც სხვას მივმართავდი. მართლა! ვიცი, რომ ნიჭიერი ხარ, მართლაც შენი საქმის პროფესიონალი ხარ.
- აბა, ზერელედ მუშაობო და მე რომ არ ვიყოო? - ჩაეცინა ქალს.
- კი, ზერელედაც გიმუშავია ზოგჯერ. ალბათ, დაღლილი იყავი, სახლშიც გეჩქარებოდა, თან არც არავინ გიმოწმებდა. თუმცა ვაღიარებ, როცა თავზე დაგადექი და გაიძულე მუშაობა, მშვენივრად გაართვი თავი! და ახლა ძველი ანგარიშების სწორების დრო, არ არის. ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ მჭირდება შენი დახმარება და უარს, ნუ მეტყვი!
ქალმა ამოიხვნეშა, სხვა რა გზა ჰქონდა, კუთხეში მიიმწყვდიეს და შანტაჟის სუნიც ეცა, თუმცა მშვენივრად იცოდა, ფიფო სულაც არ იყო ასეთი მზაკვარი. რადგან ასე ძლიერ სთხოვდა დახმარებას და თან, საიდუმლოც იყო, ესე იგი, ჯერ კიდევ ენდობოდა ძველ მეგობარს და აფასებდა კიდევაც.
ფიფომ რამდენიმე ადგილას დარეკა. ახლა დადგა დრო, პიპასთვისაც მიეხედა. არა მისი გამოშვება, უკვე სისულელე იყო. სწორედ ახლა შეინიღბებოდა, თუ სუფთად უნდოდა გამოძრომა, მაგრამ ფიფოს მაინც უნდოდა, რაღაც სამხილი, რაღაც პატარა მიზეზი მაინც მოეძებნა, რომ მისი დაკავება, ასე უკანონო და ასე მიჩქმალული აღარ ყოფილიყო. 
სად აღარ დარეკა, ვინ აღარ შეაწუხა, მაგრამ რატომღაც, პიპას კვალს, ვერსად მიაგნო. ისევ ნათლიის აწრიალება მოუხდა და ისიც იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა იმ პირობით, თუ ფიფო ამ საქმეს, მართლაც ბოლომდე გახსნიდა.
- სამხილი!!! სამხილი!!! - ბურდღუნებდა ფიფო. - საიდან უნდა მოვიტანო, მერე?
ფიქრისგან თავი უსკდებოდა. რას არ გადასწვდა რა არ გაიხსენა. როგორმე მაინც უნდა დაემტკიცებინა, თუნდაც დანაშაულის ადგილას, ეჭვმიტანილის არსებობა და მერე უცებ...
- ნატყვიარი! რა თქმა უნდა! პიპას ტანზე შემორჩენილი ნატყვიარი, თუ გამცემს ზუსტ პასუხს! თუმცა, მაგას მაინც ვერ დავუმტკიცებ, ჩემი ტყვია მოხვდა თუ არა, მაგრამ იმ ერთ ბეწო ხავსს, ხომ მაინც მოვეჭიდები, თუმცა?.. 
ნუთუ, მიმიმ როგორ ვერ გაარჩია, დანისა და ტყვიის ნაჭდევის სხვაობა? ან იქნებ, პიპამ ისე აუხსნა, რომ დანის მაგვარი რაღაც წაწვეტებული საგანი იყო და ამით მიმი დაარწმუნა... 
ჰო! ჰო! სწორედაც, რომ ნატყვიარი იქნება, მისი პირველი აღიარება! 
ფიფომ ძლივს დაიმორჩილა საჭე. ახლა უკვე იცოდა, როგორც უნდა ემოქმედა. პიპას ძალით ვერაფერს დააცდევინებდნენ, სულ სხვა მიდგომა იყო საჭირო და თუ რამეს იტყოდა, ისევ ფიფოს თუ ეტყოდა, რადგან ბავშვისა და მოხუცების უსაფრთხოებას შეჰპირდებოდა. გვერდით ამოუდგებოდა. ათასი დახმარება იქნებოდა საჭირო. ცალკე ციხეში, პატიმრისათვის და გარეთ კი, მისი ახლობლებისთვის და პიპაც იძულებული გახდებოდა, ყველაფერი დაეფქვა. ემოციებისგან შეგულიანებული და ცალკე ნათლიისგან გულმოსული, სტიქიისგან აბობოქრებულ ნაკადში, ძლივს მიარღვევდა გზას.
ქალაქში მართლაც საშინელება მძვინვარებდა. მდინარეებიდან გადმოსული წყალი, ტალახის სახიფათო ნაკადად იქცა. ქალაქის ქუჩებში, მთელი სისწრაფით მიედინებოდა ღვარცოფი და გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა. კატასტროფა გარდაუვალი იყო. 
LEX.2018.წლის 7 ივლისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment