Monday, April 8, 2019

ძველი პიანინო (ნაწილი 165)

165.
ფიფო გიჟივით გამოვარდა მიმისგან. მშვენივრადაც მიხვდა, მიმის და პიპას ფარულ ურთიერთობას, მაგრამ ამას უკვე მისთვის, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა და თითქოს, აღარც დარდობდა, გულს ახლა, სულ სხვა რამ უღრღნიდა. 
მასხრად აიგდეს.
მისი დაწყებული და ნაწვალები საქმე, სხვებმა დააგვირგვინეს და ფიფოს კი, რა?
საყვარელი ადამიანისგან, საყვედურები და უნდობლობა შერჩა ხელთ.
ყოველთვის გრძნობდა. გულის სიღრმეში, ყოველთვის გრძნობდა მიმის გვერდით, პიპას არსებობას, მაგრამ ვერასდროს უმტკიცებდა. ან იქნებ, არც ცდილობდა დამტკიცებას. ისევ და ისევ, მიმის გულისთვის იკავებდა თავს, მხოლოდ მიმის პატივისცემის გამო, იქცეოდა ასე. თუ მხარში ამოდგომა შესთავაზა, ბარემ ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა. ასე ხომ მაინც დაუმტკიცებდა ერთგულებასა და უანგარო მეგობრობას.
სამსახურის გადამკიდე, საყვარელი ადამიანის მომდურებაც მოუხდა და რის გულისთვის?
იმისთვის, რომ მერე ფეხებზე დაეკიდათ და მის ზურგს უკან ემოქმედათ?
- როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და მერე გიმტკიცებენ, რომ შენ ეს დაიმსახურე, მართალნი არიან! დიახ, დაიმსახურე! და იმიტომ დაიმსახურე, რომ სულში აფურთხებინე! შენივე ხელშეწყობით გაფურთხეს სულში და მერე ღიმილით გადაგისვეს თავზე ხელი და მორჩა! ამით ვითომ, გაბათილდა ყველა ის ფურთხი!
ხედავ?! ფიფო? შე ბრიყვო! მართლაც დაიმსახურე! არარაობა ხარ! არარაობა! ისეთი, რომ ბოროტებაც კი ზიზღით შეგხედავს! - ღრიალებდა ფიფო და ძლივს იმაგრებდა საჭეს.
მთელი კვირა დაუსრულებლად წვიმდა. ქუჩებში საშინელი ნიაღვარი მოდიოდა და დღითიდღე მატულობდა. ქალაქი პანიკას მოეცვა. ზოგიერთ უბანში, სარდაფები უკვე წყლით იყო დატბორილი.
ფიფოს ძლივს მიჰყავდა მანქანა. ბოღმა ახრჩობდა. ყველაფერზე და ყველასგან პასუხი უნდა მოეთხოვა. მზად იყო, საკუთარი ხელით მიეხრჩო ყველა ცინიკოსი და მოღალატე. ასეთი დამცირებული და განადგურებული, არასდროს ყოფილა. ახლა მიმის და პიპას რომანიც კი ფეხებზე ეკიდა. მთავარი იყო, პასუხი მოეთხოვა და სამაგიერო ეზღო, ყველა იმათთვის, ვინც ასე არარაობად ჩათვალა.
- ჰმ. უკვე აღარც მიკვირს, რატომ სჩადიოდა მკვლელობას! ადამიანს ჭკუიდან, ისევ ადამიანი თუ გადაგიყვანს და ისევ ადამიანი თუ მოგიწამლავს სიცოცხლეს! ამათ ხელში, ლამის მეც მკვლელს დავემსგავსო! ჰმ, თუმცა ახლა ისე ვარ, ვიღაც მართლაც შემომელახება და იქნებ, შემომომაკვდეს კიდევაც და მეც ბარემ, სერიულ მკვლელს მივუჯდე გვერდით!
ძლივს მიაღწია სამმართველომდე. მდივან ქალს გიჟივით ჩაუქროლა და მოურიდებლად შეაბიჯა ნათლიის კაბინეტში.
ნათლიას არც გაკვირვებია, მშვენივრად მიხვდა, ასეთი სახით, რატომ შეუვარდა ნათლული. ტელეფონზე საუბარში გართულმა, ხელით ანიშნა დაჯექიო. ფიფო უხმოდ ჩამოჯდა. ძლივს იკავებდა თავს, იქაურობა სულ, რომ არ მიელეწ-მოელეწა და ნათლიაც, ზედ არ მიეყოლებინა. 
ქალაქში საშინელება მძვინვარებდა. სახლის სარდაფებთან ერთად, საპატიმროებიც არანაკლებ დღეში იყო და თანდათან, ბოლომდე იტბორებოდა. პატიმრები შველას ითხოვდნენ და ახლა ნათლიას, ფიფოს პრეტენზიებისთვის, მართლაც რომ არ ეცალა.
- ვიცი, რატომაც მოხვედი, მაგრამ მაგის დრო არ არის ახლა! - ნათლიამ ტელეფონი გათიშა. - ხალხი იღუპება, მოსახლეობა პანიკაშია, სარდაფები წყლით ივსება, ციხეებში ქაოსია, და საავადმყოფოებიც უკვე ივსება დაშავებული ხალხით!
- ყველაფერი მშვენივრად მესმის, მაგრამ მე რას მიპირებ?! რას?! გვერდი, რატომ ამიარეთ?! ან ის ვითომ ჩხრეკა, რომ ჩამატარებინეთ?! რა მაიმუნობა იყო?! მასხარად და ბრიყვად გამომიყვანეთ!
ნათლიამ სიგარეტს მოუკიდა.
- თან, ყველამ იცოდა, რომ ფარსი იყო! -  განაგრძო ფიფომ. - ეჭვმიტანილმიც კი, მიხვდა!
- კარგი, ახლა! არ არის მაგის დრო! ხალხი რა დღეშია, შველას ითხოვს და შენ კი...
- და ის ხალხი, არ ითხოვს შველას? ის ხალხი, არ არის მისახედი?
- ვინ ხალხი?
- ვინ და აი, ის ხალხი! მისი ოჯახის წევრები, რა? ადამიანები არ არიან?
- შენ რა? იცავ?
- და ვის?! ვის ვიცავ?!
- საერთოდ და წესით და კანონით, ოჯახის წევრებიც კი არიან ეჭვიმიტანილნი, მით უმეტეს, თუ ხანგრძლივ ბოროტმოქმედებასთან გვაქვს საქმე! - თავის დაძვრენას შეეცადა ნათლია.
- ისედაც გაუბედურებული, ავადმყოფი ბავშვი და მოხუცი მშობლები? ეგენი არიან ბანდის წევრები? თუ ისინი არ ითვლება ხალხში, რადგან მათ ოჯახში, დამნაშავე ცხოვრობდა? თუ, როგორ ხდება ხოლმე?! მათზე, ვინ უნდა იზრუნოს? ვინ უნდა დაიცვას, ავადმყოფი ბავშვი?
- მაგაზე იმ კაცს უნდა ეფიქრა, ამდენ სასტიკ მკვლელობას, რომ სჩადიოდა! - ხმას აუწია ნათლიამ.
- მართალი ხარ! მკვლელმა და ბოროტმოქმედმა, თუ ან ვერ, ან არ იზრუნა, ჩვენ აბა რის სამართალდამცავები ვართ, თუ უმანკო ბავშვი და მოხუცები არ დავინდეთ?! სად არის, ჩვენი სიკეთე?! სად არის ჩვენი სამართალი?! ვინ ვართ, ჩვენ?!
ნათლიამ არაფერი უპასუხა.
- სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დაუყენეთ საბრალო ხალხს! - კვლავ განაგრძო ფიფო. მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი ოჯახის წევრი, ბოროტმოქმედი იყო? ვინ მოგცათ, ბავშვებზე ძალადობის უფლება?!
- რა ძალადობის?! რაებს ბოდავ?! - შეუღრინა ნათლიამ.
- ძალადობაა, როდესაც სპეციალურად აყურებინებ შვილს, მამის განადგურებას და ისიც ვიცი, რატომაც! სწორედაც, რომ შვილია, მისი სუსტი ადგილი!
- ჰოდა, თუ იცი...
- და ბავშვმა, რაღა დააშავა, რომ საავადმყოფოში ამოაყოფინეთ თავი?!
- ის ბავშვი, ხომ ისედაც...
- რა თქმა უნდა! - უფრო გაშმაგდა ფიფო. - ისედაც დაუნია და ბარემ ბოლომდე გადათელეთ! რა გენაღვლებათ, მაინც სხვისი შვილია! მკვლელის შვილია და თანაც, ავადმყოფი ბავშვია! აბა ერთი, შენი იყოს!
- კარგი, ფიფო, რააა. - ნათლიამ სიგარეტი ჩასრისა. - არ არის ახლა, მაგის დრო.
- აბა რისი, დროა?!
- ჯერ კიდევ, სტიქია მძვინვარებს, დაზარალებული ხალხი...
- ავადმყოფი, დაუცველი ბავშვი და საბრალო მოხუცები, თქვენი უმაგრესად ჩატარებული მკვლელის აყვანის, უფრო სწორად, ჯერ კიდევ, ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაციის წყალობით, რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვიან და ისინი, არ არიან დაზარალებულნი? პასუხი, ვის მოვთხოვოთ? სტიქიას, თუ იდიოტურად ჩატარებულ ოპერაციას?!
- მივხედავთ ყვლაფერს! მაგრამ შენ, შენი ბოღმა გახრჩობს, სამართალზე წინ, პირადი შურისძიება დააყენე! 
- რომელ სამართალზე? თავის დროზე, შენი წინამორბედებიც, რომ ვითომ ვერაფერს გახდნენ, რადგან თავად იყვნენ კრიმინალები! სწორედ ისინი ამხილა, სწორედ მათ გამოუყვანა წირვა! ის რაც, ჩვენ ვერ შევძელით, მკვლელმა თავად მიაღწია სამართალს, მაგრამ აი, ასეთი სამწუხარო და კრიმინალური შედეგით! და მაგაშიც, ჩვენ ვართ დამნაშავე! ჩვენ ვართ პირველი კრიმინალები! ჩვენი დამპალი სისტემაა, პირველი დამნაშავე, რომელმაც მკვლელობამდე მიიყვანა ადამიანი!
- შენ რა?! მკვლელის მხარეს ხარ?! მკვლელობას ამართლებ?!
- მკვლელობის არა, მაგრამ სადღაც, მკვლელის მხარესაც კი აღმოვჩნდი! და არა, როგორც მკვლელის, არამედ საცოდავი, უბადრუკი ადამიანის მხარეს და ამით, სულაც არ ვამართლებ მის საქციელს! 
- ამდენი წელი უტრიალე და ვერაფერს გახდი, მკვლელობებიც კი ვერ შეაჩერე და როდემდე ეცადათ შენთვის? და ახლა უკვე ლამის, მის მხარეს გადახვედი და კიდევ შენ ბრაზობ?! - შეუტია ნათლიამ. - განა ვინმეს დაავიწყდა შენი შრომა? ყველაფერი საქმეშია ჩაკერებული! ნუ გეშინია, უყურადღებოდ არავინ დაგტოვებს, ყველგან ნათლად არის მინიშნებული, რომ ეს საქმე შენი, დაწყებულია და შენი გამოძიებული.
- რა საქმე? რა გამოძიება? მხოლოდ სავარაუდო ეჭვმიტანილი და არაფერი ხელმოსაჭიდი! რის საფუძველზე დააკავეთ? რის საფუძველზე აიყვანეთ? მაჩვენეთ აბა, ერთი სამხილი მაინც და გავჩუმდები!
- ამდენი წლის შრომა, წყალში გეყრებოდა. ცოტაც შეგეშველეთ და ცოტაც, ხელიც წაგიკარით საქმეზე. შენ კი, უკუღმა გაიგე. სამხილიც გამოჩნდება, როცა ბოლომდე აღიარებს ყველაფერს.
- ჰმ, ჯერ არაფერი უთქვამს? ჰაჰ!
- იტყვის, იტყვის!
- არაფერსაც არ იტყვის! - ბოლო ხმაზე აღრიალდა ფიფო. - და თუ იტყვის, მხოლოდ ჩემთან იტყვის! - უნებურად წამოისროლა ფიფომ
- უკვე შეთანხმებულხართ და ეგ არის! - დამცინავად მიუგო ნათლიამ.
- კი, მაგრამ სამხილისა და აღიარების გარეშე, ამდენი ხანი, როგორ დააკავეთ? შემთხვევით, კანონს ხომ არ ვარღვევთ?! - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- აი, სწორედ მაგიტომაც არ გავახმაურეთ და შენ კი, ღრიალებ აქ.
- არ იტყვის! არასდროს არ იტყვის! იმიტომ, რომ ძლიერია, ჩვენზე ძლიერი!
- ჰაჰ! რა იყო? ასე დაგაშინა, ბიჭო?
- სწორედაც, რომ შურისძიება აძლევს ადამიანს ძალას! ცხოველურ სიძლიერეს, უსაზღვრო ნებისყოფას, რომ გადარჩეს და გამოძვრეს! გააგრძელოს ცხოვრება იმისათვის, რომ შური იძიოს, მაგრამ... - ფიფო გაჩუმდა.
არც რამის მტკიცებას და აღარც იქ გაჩერებას, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. სულ ტყუილად იშლიდა ნერვებს. სჯობდა მართლა, საქმისთვის მიეხედა.
„ჰმ, თუმცა, რომელი საქმისთვის? მე ვინღა მეკითხება რამეს? ან იქნებ, არც კი მეკითხებოდნენ. ელოდნენ, როდის მოვაბამდი თავს და მერე, ჰოპლა!“
ისე გამოვარდა ნათლიის კაბინეტიდან, რომ კარიც კი არ მიუხურავს. ბოლოს და ბოლოს მიხვდა, იქ მაინც ვერაფერს გახდებოდა.
„ვის რას ვუმტკიცებ? ან სად რას ვამტკიცებ? იქ სადაც, არაფერი შეცვლილა და უფალმა უწყის, როდის შეიცვლება.“
ცოფებს ჰყრიდა ფიფო.
„ჰმ, სამხილები, სამხილები. მთლიან სახლს ამოაბრუნებდნენ აბა რააა. არც საწყალს ბავშვს დაინდობდნენ. გაბრიყვებულ ფიფოს ხომ საქმე აახიეს და ახლა ერთი ხელმოსაჭიდი რაღაც, ხომ მაინც უნდა ენახათ.“
ფიქრობდა გაგულისებული ფიფო და ძლივს მიარღვევდა ნიაღვრის ნაკადს. 
ქალაქში მანქანით მოძრაობა, საშინლად გაჭირდა, რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო მატულობდა ქუჩებში, ნიაღვარივით წამოსული თქეში.
ფიფომ მაინც მოახერხა ბავშვისა და საბრალო მოხუცების მონახულება. სწორედ იმ დროს მივიდა, როცა ექიმებისგან გაკავებული ბავშვი, უკანასკნელ ხმაზე ბღაოდა და მშველელად მამას უხმობდა.
მხატვარი, რომ უკვე იქ დაუხვდა, ცოტა გულზეც მოეშვა. დანარჩენს თვითონ მიხედავდა, მაგრამ რისთვის უნდა მიეხედა? მკვლელს, მართლა ხომ არ გამოიყვანდა ციხიდან?
ისევ თვითონ უნდა ემტვრია თავი, ისევ თვითონ უნდა მოეძებნა სამხილები, თუნდაც, სულ უბრალო, ხელმოსაჭიდი პატარა, უმნიშვნელო ძაფი მაინც უნდა ენახა და თავად დაესრულებინა, ეს მისივე დაწყებული გამოძიება.
ფიფოს გული შეეკუმშა. პიპას ბიჭი, ძალიან ცუდად იყო. მართალია, წესიერად ვერც აცნობიერებდა, საერთოდ რაც მოხდა, მაგრამ რაც თავის თვალით იხილა, ისიც კი საკმარისი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.
ხშირად ძილშიაც ბორგავდა. ყვიროდა, რომ მამა წაართვეს, ურჩხულებმა ძალით წაიყვანეს. გამოღვიძებისთანავე, მამას ეძახდა. უცხო სახეების დანახვაზე, ბოლო ხმაზე ბღაოდა. ყველაზე მეტად კი, დედას ვერ იტანდა. რაც აქამდე, თითქოს მის არსებობასაც ვერც ამჩნევდა, ახლა ლამის ეს წლების დაგროვილი ბოღმა, ერთად ამოჰქონდა ბავშვს და მისი ხმის გაგონებაზეც კი, საშინელი რეაქცია ჰქონდა, რის გამოც ექიმებს, დამამშვიდებელი ნემსების გარდა, მისი საწოლზე მიბმაც მოუხდათ და ამ ყველაფერს, ისევ ბავშვის ასეთ მდგომარეობას აბრალებდნენ.
დედა ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა და ბავშვის ასეთ დღეში ჩავარდნას, მხოლოდ ჯალათ პოლიციელებს აბრალებდა.
არც მშობლები იყვნენ უკეთეს დღეში. მამას მესამეჯერ ჰქონდა უკვე ინსულტი. თუმცა, ექიმების გასაკვირად, ბევრად მალე გამოვიდა მდგომარეობიდან. ადვოკატს უხმობდა, გამომძიებლებს ეძახდა, ყველაფერს თავის თავზე იღებდა და არც კი კითხულობდა, თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული მისი შვილი. ამაში არც მისი მეუღლე ჩამორჩა, ისიც ასევე იბრალებდა დანაშაულს, თუმცა ქმარზე ბევრად მეტი იცოდა, მაგრამ არაფერს აკონკრეტებდა და მის ხელში გაზრდილი ბიჭის ერთგული რჩებოდა.
- მხეცები! ძაღლები! შვილი და მშობლები კინაღამ მომიკლეს! გული გაუხეთქეს, ისედაც ავადმყოფ, საცოდავ ბავშვს! - მართლაც საბრალო ხმით გაჰკიოდა პიპას და.
მხატვარი რაც შეეძლო ამშვიდებდა, გვერდიდან არ შორდებოდა.
ქალი ტანჯული დედის როლს თამაშობდა, თუმცა ალბათ, თავის თავზე უფრო მეტად წუხდა, ვიდრე საკუთარ შვილზე.
„და იქნებ, მართლაც გულით სწუხს?“
გაუელვა ფიფოს.
„იქნებ, ჯერ კიდევ შერჩენია ადამიანობის ნატამალი და ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საკუთარი შვილის სიყვარული მოიპოვოს.“
LEX.2018.წლის 7 ივნისი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment