162.
- და როგორც ამას წინათ გავიგე. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო ფიფომ. - ჰიპნოზის დროს, ადამიანი სწორედ იმას აკეთებს, რაც მას გულის სიღრმეში, ყოველთვის სურდა!
- ამას წინათ, როდის? - ირონიულად ჩაეკითხა მხატვარი. - გუშინ?
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი.
ქალმა ჯერ მხატვარს შეხედა, მერე ფიფოს გადახედა.
- ასე ზედაპირულად, რთულია რამის თქმა, თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე, საქმე ვიღაცას კონკრეტულად ეხება, ვხვდები, საიდუმლოც არის და ვერც იმ კითხვას მისვამთ, ზუსტად რაც გაინტერესებთ. - ქალს სახეზე ღიმილი აუთამაშდა.
მხატვარმა ფიფოს გახედა.
ფიფომ წამით იყუჩა. სიგარეტი ფილტრამდე მოქაჩა. საფერფლეში ჩაასრისა და ქალს თვალი გაუსწორა.
- არის ერთი ადამიანი. საკმაოდ განსწავლული, განვითარებული. სერიოზული პოსტიც უჭირავს სამსახურში. არ სვამს, არ ეწევა. დინჯი, მშვიდი აუღელვებელი, სათნო. მოკლედ, დადებითად ხასიათდება. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ასევე არსებობს კიდევ ჩემი ეჭვმიტანილი, რომელიც სვამს კიდევაც, ეწევა და არა ერთი მკვლელობა ედება ბრალად! ბოროტმოქმედია! - ფიფო გაჩუმდა.
- და ეჭვია, რომ ეს ორი ადამიანი, შესაძლებელია ერთი და იგივე პიროვნება იყოს? - იკითხა ქალმა.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი.
წამით დუმილი ჩამოვარდა.
ქალი ჩაფიქრდა და მერე ფიფოს მიმართა:
- პირადად, თუ იცნობთ?
- დიახ! გუშინ განსაკუთრებით ლამის, დილამდე ვისაუბრეთ და ვერანაირად ვერ ამოვიცანი მასში, ის მეორე ბოროტმოქმედი. არანაირად არ ჰგავდა მისი თვალები, მკვლელის თვალებს.
- იქნებ, მართლაც სხვა არის? - ჩაერია მხატვარი.
- ყველა გზა მისკენ მიდის, როგორც დამნაშავის, მაგრამ რამდენჯერაც მივადექი, რეალურად სულ სხვა პიროვნება დამხვდა.
- ან სპეციალურად იქცევა ასე, ან თავადაც ვერ აცნობიერებს, თუმცა. - ქალი წამით ჩაფიქრდა. - გაორებული ადამიანი ხშირად... ცოტა ვცდილობ, გასაგებად ავხსნა.
- დიახ, გისმენთ. - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- რადგან სწავლული და თანამდებობის პირია და სერიოზულ ხალხში ტრიალებს, შესამჩნევადია და მერე უცებ, სხვა ადამიანად იქცევა... და ის მეორე ბოროტმოქმედებას, როგორ სჩადის? სპონტანურად, თუ?..
- ჰაჰ! - გაეცინა ფიფოს. - როგორ ზუსტად მიმიხვდით! ბოროტმოქმედი კარგად გააზრებულ და ზუსტად, უმცირეს დეტალებში გათვლილ დანაშაულს სჩადის, და არა შემთხვევით შერჩეულ მსხვერპლზე, არამედ ზუსტად იცის ვისთან მიდის, ისიც იცის, რაც ამოძრავებს და რატომ! შურს იძიებს, ზუსტად იმ კონკრეტულ მსხვერპლზე. ამ შემთხვევაში, მსხვერპლის ტიპაჟსაც კი არ ვგულისხმობ, არამედ ძველ ანგარიშებს უსწორებს! მიმიხვდით, რაშია საქმე?
- ყველაფერი გასაგებია! მასეთ შემთხვევაში, გაორება უკვე ფალსიფიცირებულია! - დაასკვნა ქალმა. - იცის რატომაც აკეთებს, მიზანი აქვს და არა უბრალოდ მოუფრენს, ან ვითომ თავს იგიჟიანებს.
- შეიძლება მერე ასე იქცეოდეს, რომ... - ჩაერია მხატვარი.
- როგორ არ შეიძლება? - ჩაეცინა ქალს. მერე ფიფოს გაკვირვებით შეხედა. - განა რამდენმა აღიარა თავისით, დანაშაული?
- ჰო! სანამ მართლა არ დაუმტკიცებ აღიარება არავის უნდა. - თავი დაუქნია ფიფომ. - მაგრამ აქ კიდევ ერთი სერიოზული ნიუანსია. მკვლელი, საკმაოდ აქტიური მწეველია და ეს მეორე კი, სიგარეტის სუნსაც ვერ იტანს.
- და რა დარწმუნებული ხართ, რომ ვერ იტანს? - გაეღიმა ქალს. - ადამიანს, თუ მართლა სერიოზული მიზანი ამოძრავებს, ნებისყოფაც კარგად ექნება გამომუშავებული, მშვენივრადაც მოითმენს სულაც არ მოწევს არც იმ დღეს და არც მეორე, მესამე დღესაც! თუნდაც, თვალის ასახვევად! მის მიერ დასახული მიზანი, იმდენად ძლიერია, რომ მის ყველა სურვილზეა აღმატებული! თანაც, თუ დიდი ხანია „მოღვაწეობს“...
- ჰო, დამუღამებულიც აქვს უკვე. - ჩაურთო მხატვარმა.
ფიფო ჩაფიქრდა. ერთხანს, სიგარეტის ნამწვავებს უაზროდ მიშტერებოდა.
- ისე, ყველაფერს სწორად აკეთებს. - დაარღვია დუმილი მხატვარმა. - შური იძია იმ ხალხზე, ვინც თავის დროზე, დანაშაული ჩაიდინა და დაუსჯელი დარჩა.
- არა, არა! მკვლელობა მაინც არ არის სწორი საქციელი! - შეეპასუხა ქალი. - ბოროტების, ბოროტულად პასუხი, იგივე ბოროტებაა და რა გამოდის?! - ქალი წასასვლელად მოემზადა. - ახლა დაგტოვებთ და...
- და ისა, დაა... - გააჩერა მხატვარმა. - არავისთან არ თქვა რააა.
- როდის ვიყავი, ჭორიკანა? - იწყინა ქალმა.
- ჰო, ისე, სწავლული საკმაოდ რელიგიურია, აღსარებებსაც კი აბარებს ყოველ კვირას. - ჩაურთო ფიფომ. - და თან, მკვლელობაზეც მიდის. შეუსაბამობის მეტს, ვერაფერს ვხედავ. ერთია, რომ დაკარგო რწმენა, წახვიდე და ჩაიდინო დანაშაული და მეორეა, თან მორწმუნე იყო და თან, მკვლელი.
- რწმენა და ღმერთი ეძახე შენ და მაინც ხომ ხედავ, სატანასთან არის შეკრული! სატანისებური სტიქიაა ზუსტად ასეთი - მორწმუნეს ებრძვის, ურწმუნოს კი მართავს! მერე ზოგი, ზედმეტი ცოდნისგანაც კი კარგავს ღვთის რწმენას, ზოგიც კი, სწორედაც რომ უცოდინრობისგან ვარდება ხიბლში! - გაიკრიჭა მხატვარი. - მასეთი ადამიანებისთვის, ამ ქვეყნად, სულ ორი ადგილი არსებობს, ან ციხე, ან ტაძარი!
- ისე, რომ იცოდეთ, რელიგიურობა ზუსტად სერიულ მკვლელებს ახასიათებთ. - ქალი უკვე კართან იყო მისული, მაგრამ საინტერესო საუბარს ჯერ კიდევ ვერ წყდებოდა. - ღვთის სახელით სამყაროს წმენდა, მათი მიზანია და ამაყობენ კიდეც ალბათ, რომ როგორც მებრძოლი რაინდი იცავს სამყაროს, ისე...
- და ვის უნდა მერე, ეს ფსევდორაინდული მოტივები? - ხელი ჩაიქნია მხატვარმა.
- იქნებ, სინამდვილეში არის რაინდი და ისე კი, ფსევდო ფილოსოფოსი? ჰა? - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- ერთი, ორი ფსევდოფილოსოფოსიც ხომ უნდა გვყავდეს არა ქალაქში, მინიმუმ! - ეცინებოდა მხატვარს.
- ნაცისტებსაც ხომ ჰყავდათ! - ფიფომ ახალ სიგარეტს მოუკიდა. - ალფრედ როზენბერგი! ვითომ დიდი სწავლული და მეცნიერი, სინამდვილეში კი, ტიპიური კონტრაბანდისტი იყო. სექცია - ბ1-ს ხელმძღვანელობდა „სამეცნიერო კვლევებისთვის“. სინამდვილეში კი, ოკუპირებულ ქვეყნებში, სპეციალურად გერინგისთვის აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს. აი, ეგ იყო, მისი ნამდვილი საქმიანობა, მხოლოდ ეგ ევალებოდა. - ფიფომ, ბრენდის კოლექციას გახედა.
- ერთიც? - ეშმაკურად ჩაეღიმა მხატვარს.
- დაასხი მიდი.
- ისე, იტალიაშია „შეშლილთა მუზეუმი“! Museo Della Follia!
- ჰმ, მერე?
- მერე და ის, რომ სხვა შედევრებთან ერთად, ჰიტლერის ნამუშევრებიც არის გამოფენილი და თან, ყველაზე მეტად არის დაცული, რადგან ხალხი ბევრჯერ შეეცადა ნახატის დაზიანებას.
- მიდი, მიდი შენ დაასხი! ლამის უკვე მე გავაფრინო, ისე ვარ. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- ბარემ, თუ ხატვასაც დაგაწყებინებ, იქნება და ოდესმე, შენი ნამუშევრებიც მოხვდეს იმ გალერეაში. - ჩაიქირქილა მხატვარმა. მერე ჩაშუშული ხორცი გადმოიღო და ლანგარი ფიფოს გაუწოდა.
- ხორციანი კერძი მაინც სულ სხვაა რა. - ფიფომ კერძის სურნელი, სიამოვნებით ჩაისუნთქა.
- სხვათა შორის, როგორც ვიცი, ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო.
- ისე, რომ იცოდე, ვეგეტარიანელის ანაბეჭდები ნაკლებად ვლინდება! თითქმის, არც კი ჩანს.
- ჰოო? - მხატვარმა ფიფოს შეხედა. - იქნებ, ეს ჩვენი პროფესორიც ვეგეტარიანელია, დაა?
- რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ტოლმას კი მშვენივრად ყლაპავდა! ჰმ, ახლა ბალეტიც რომ იცეკვოს, უკვე აღარც ეგ გამიკვირდება მისგან.
- ჰოო? ჰმ. - ჩაეცინა მხატვარს და ფიფოს დაკვირვებით ჩააშტერდა. - უცებ წარმოვიდგინე, თეთრ ტრიკოში გამოწყობილი, შენ როგორ იცეკვებდი ბალეტს!
- მიდი ახლა, თორემ... - ეცინებოდა ფიფოსაც.
***
პიპამ სიგარეტის ნამწვავი, ყავის ლამბაქზე ჩასრისა.
- რა იყო, შვილო? - დაბალი, ჩუმი ხმით შეეხმიანა სიდედრი. - წუხელაც შეგამჩნიე, მოწიე. - ქალმა ლამბაქი აიღო. - სტუმარი რომ გააცილე, მერე ეწეოდი. დღეს კი, სავახშმოდაც არ გამოსულხარ.
პიპამ ცალყბად გაუღიმა. ქალმა მხარზე მოუთათუნა ხელი. პიპამ ხელზე აკოცა და ლოყა დაადო.
- შენ ყოველთვის ჩემიანი იყავი და ხარ, შენგან სულ დედის სითბო მოდის. - წაიჩურჩულა პიპამ.
- ხომ მშვიდობით ხარ, შვილო? - მიუალერსა ქალმა.
- კი. კი. ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. - დაამშვიდა პიპამ. - სიცხემ არ დაუწია ცოტა?
- კი, როგორ არა. ახლა მშვიდად სძინავს.
პიპას ნაღვლიანად ჩაეღიმა.
სიდედრმა კი განაგრძო:
- რა კარგი ბიჭი იყო, ის შენი მეგობარი, მაგრამ როგორ უყვარს დალევა. - ჩაეცინა ქალს.
- ჰოდა, მაგიტომაც ვაჩუქე მთელი კოლექცია. მე მაინც აღარ დამჭირდება აქ.
- ძალიანაც კარგი! აბა მამაშენი მიადგება, შენ რომ აქ არ იქნები და სულ გამოწრუპავს, მერე მაგის დაუსრულებელი ბახუსი კი, ცალკე გადამღლის.
პიპამ ხელი ჩაიქნია.
- კარგი შვილი ხარ შენ, კეთილი და ჭკვიანი. - ისევ მოეფერა სიდედრი.
- ხომ იცი? შენს მეტს ამ სახლში, ვერავის ვენდობი. მიმი, როგორც კი იმშობიარებს, იმ დღეებშივე წავალ! დროს ვეღარ დავკარგავ!
- როგორ გამიხარდა შენი და მიმის ამბავი. მიმის, რომ ორსულობა შევამჩნიე, ისე დამწყდა გული, ისე საშინლად მეწყინა. ვიფიქრე, გათხოვდა და თან, შენ როგორ უყვარდი.
- ახლა ხომ იცი სიმართლე. - გაუღიმა პიპამ. - ისე, რომ იცოდე, ყველაზე კარგად საიდუმლო მაშინ ინახება, როცა მას არავის უმხელ, მაგრამ შენ გამონაკლისი მყავხარ.
- იცი, როგორ მიხარია, როგორი ბედნიერი ვარ, ვერც კი წარმოიდგენ.
- ვიცი. ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა, მაგიტომაც მარტო შენ გაგანდე. სანამ ყველაფერი არ მოეწყობა, მანამდე შენი იმედი მაქვს, აქაურობას შენ უნდა მიხედო.
- აბა რას ვიზამ. კიდევ კარგი, შენს შტერ დას ბინა, რომ არ გადაუფორმე. ჰა, ჰა, ეგ მაინც როგორ სწორად გათვალე.
- ჰაჰ!
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი. აბა რაა, იმ დღესვე გაყიდის და გაანიავებს. ახლა იქნება ისე, იცხოვრებს მუდმივად და ვერც დაახურდავებს. მთელი ქონება გამინიავა. მამაშენი ციხეში იჯდა, მე ბევრი არაფერი მესმოდა, სულ სამზარეულოში ვტრიალებდი, ბებია გაგვექცა სახლიდან, ჩვენი დანახვაც არ უნდოდა, შენს დას კი, სათითაოდ გაჰქონდა ქონება სახლიდან.
- ქონება, ეგ არაფერია! მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. - ქალმა ამოიხვნეშა. - რომ მოვიხედე ერთ მშვენიერ დღესაც და არც სახლი და არც არაფერი იყო დარჩენილი. ლუკმა პური, რომ მეშოვნა მაგისთვის სად აღარ... უჰ, გახსენებაც კი მზარავს.
- და მერე, ნუღარ იხსენებ! ხომ შევთანხმდით?! ცუდი მოვიშოროთ და გავაგდოთ გულიდან და გონებიდან ამოვშალოთ!
ქალმა თბილად გაუღიმა და მერე ალერსიანი ხმით ჰკითხა:
- მიმის მოეწონა ბეჭედი და საყურეები?
- იცი, როგორ მოეწონა, და იცი, როგორ გაუხარდა. თვალები სულ აუწყლიანდა.
- რა საყვარელი გოგოა.
- ძვირფასი სამკაულების მეტი რა აქვს, მაგრამ მართლა არ მოველოდი, ასე ძალიან თუ გაუხარდებოდა.
- მერე როგორ ძველებურია იცი? ბებიაშენმა მაჩუქა. იმას კი, დედამთილისგან ჰქონდა. თუმცა, თავიდან არც ემეტებოდა, მაგრამ მაინც პატივი მცა და მაჩუქა. შვილს აჩუქე, რომ გათხოვდებაო.
- მერე როგორ გადაგირჩა? - გაეცინა პიპას.
- მე თვითონაც არ ვიცი. ყველაფერი წამართვა და გამიყიდა, შენმა სულელმა დამ. ესენი გადამალული მქონდა, არც იცოდა ისე. ვიფიქრე, ჩემს ცანცარა გოგოს, როგორ ჩავუგდო ხელში და შვილიშვილს, ან მის ცოლს ვაჩუქებდი, მაგრამ მერე იმდენი რამ მოხდა, აღარც კი მახსოვდა...
- სამაგიეროდ, ზუსტად საჭირო დროს გაიხსენე. მე კი მხოლოდ რგოლის ბეჭდები შევიძინე, არც მიფიქრია, რომ ქალი, მაინც ქალია და...
- რაც არ უნდა ბევრი და ნაირ-ნაირები ჰქონდეს, საყვარელი ადამიანისგან, თუნდაც უბრალო საჩუქარი, მისთვის ყოველთვის უძვირფასესი იქნება და მით უმეტეს, თუ მართლაც უძვირფასესია.
- ჯერ შეცბუნდა, რატომ იყიდეო, თან ძალიან გაუხარდა, თან ერიდებოდა. - ეცინებოდა პიპას. - მერე, რომ ვუთხარი შენგან იყო, კინაღამ გადაირია სიხარულით, რა სახე ჰქონდა, ვერ აგიწერ!
- კაბაც, ხომ მოუხდა?
- კაბამ, საერთოდ დახატა. – პიპა ისევ მოეხვია ქალს. - შენ, რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, ნეტავ?
- მე კი არა, მართლა შენ, რომ არ გვყავდე, რა გვეშველებოდა ჩვენ ყველას? იმიტომ კი არ ვამბობ, რომ...
- სჯობს კარგად იყო და ყველას უნდოდე, ვიდრე ცუდად იყო და არავის სჭირდებოდე! გეშველებოდათ! გეშველებოდათ, რამე იქნებოდა!
- რა რამე იქნებოდა? თავის მოკვლის უფლებაც კი არ მქონდა, ეს სულელი გოგო, ვის იმედად დამეტოვებინა? - ქალს თვალები აუცრემლდა.
- ეჰ. მართლა თქვენ, რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა? ისედაც უთვისტომოდ მიგდებული ბიჭი, ცხოვრებამ გრძნობების მათხოვრადაც მაქცია. შემოგეჭერით ოჯახში და მხოლოდ და მხოლოდ, ცოტაოდენი სითბოს ნაგლეჯი ვითხოვე. - პიპამ ხელი გაიშვირა. - მომიტეხეთ, თუ შეიძლება, ცოტაოდენი სიყვარული, მომიტეხეთ!
ქალს გაეცინა და მიუალერსა:
- რომ არ მოგიტეხოთ?
- მაშინ ვივლი და ვიცხოვრებ მარტოდ მარტო და მხოლოდ ღამით გამოვალ ქუჩაში, დღის შუქიც აღარ იარსებებს ჩემთვის! - გაუღიმა პიპამ. - ეჰ, ზოგჯერ დიდ იმედებს ვამყარებ, ზოგჯერ კი, იმედიც მკვდარი მგონია.
- რას ამბობ? იმედი არასდროს არ უნდა მოიშალო, იმედი ყოველთვის არის და არსებობს.
- იმედი კი, ყველაზე ბოლოს კვდება, რადგან ჯერ შენ გკლავს!
- ადამიანს, თუ ღირსების ნატამალი მაინც გააჩნია, თავი არაფერს არ უნდა მოაკვლევინოს, ცხოვრებამ ვერ უნდა დაჯაბნოს! - შეაგულიანა ქალმა.
- ღირსება დაბადებიდან, შენს სულთან ერთად იზრდება და ისე ვითარდება, რა სულიც გაქვს! სული დამპალი, - ღირსეული ვერასოდეს გახდება!
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი. - ჩაეხუტა სიდედრი. - მე რომ მწერალი ვიყო, დავწერდი შენს ცხოვრებას...
- მერე ვინ მოგცათ უფლება, რომ ჩემი ცხოვრება დაწეროთ? ვინ?! რა უფლებით უნდა ჩამიძვრეთ სულში? ვინ ხართ?! - სიცილით ჩაეხუტა პიპაც.
- ეჰ, იმედი კი არა, მართლაც საკუთარი სახელიც კი აღარ მახსოვდა, ისე ვიყავი განადგურებული, შენ რომ არ გამოჩენილიყავი...
- კარგი, ნუღარ იხსენებ ცუდ დროს, მოვრჩეთ! აღარ გვინდა ცუდი, ახლა მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ!
- მომავალზე აბა რაა! - ბედნიერი ღიმილით გაიბადრა ქალი. - მომავალ პატარაზე უნდა ვილოცოთ, რომ მშვიდობიანად იმშობიაროს, ჯანმრთელი ბავშვი დაბადოს.
- ჯანმრთელია, ჯანმრთელი! რაც შეიძლებოდა, ყველაფერი შევამოწმეთ.
- ხომ სანდო ექიმებში გყავდა?
- აბა, რაა! ბავშვის ფოტოები და ექოსკოპიის პასუხები ყველაფერი შენთან გქონდეს შენახული. – პიპას ჩაეღიმა. - მერე რომ გაიზრდება შენ თვითონ აჩვენებ და იცი, როგორ გაუხარდება? მართლა, დარწმუნებული ვარ!
ქალსაც ეღიმებოდა, მერე ნაღვლიანად დაუმატა:
- ეს ჩემი გაზრდილი ბიჭი, რომ უნდა წამართვათ და წაიყვანოთ, მერე რა მეშველება, მე?
- სულ კი არ გართმევ! შენც ჩამოხვალ, როცა გინდა და რამდენი ხანიც გინდა, მერე ჩვენც ჩამოვალთ! - პიპამ ამოიხვნეშა. - თანაც, ჯერ ხომ არ მიმყავს, სანამ იქ ცოტას მაინც არ ავეწყობი, მანამდე ვერც მიმის და პატარას ვერ წავიყვან.
პიპა ღელავდა. საშინლად განიცდიდა, რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა გასამგზავრებლად, მით უფრო ნერვებისგან იძაბებოდა.
„ავიკვიატე შურისძიება და ლამის სულ გადამავიწყდა ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი. არა, არ დამვიწყებია! უბრალოდ, დრო ვეღარ გამოვნახე.“
მიმის უნახავად, უკვე მეორე დღე ღამდებოდა. არადა შეპირდა, შევეცდები ყოველდღე გნახოო, მაგრამ უნივერსიტეტიდან გამოსულს, ისევ ვიღაც აედევნა. უკვე რა ხანია ასე ხდებოდა. მიმისთან მისვლა, ახლა უფრო სარისკო ჩანდა, მასაც უთვალთვალებდნენ და ცალკე, ფიფოს ვიზიტმაც ჩააფიქრა.
„ჰმ, როგორ თამამად გამომიცხადა, იმ ღამეს მიმისთან ვიყავიო... ჰა, ჰა!“
ზარის ხმამ, პიპა ფიქრებიდან გამოარკვია.
„ამ შუა ღამისას, ვინ უნდა იყოს ნეტავ? ყველა სახლშია. ჩემს სულელ დასაც, რა ხანია სძინავს...
იქნებ, მაინც გაძვრა და გასაღები სახლში დარჩა?“
LEX. 2018 წლის 10 მაისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment