160.
ფიფო უფრო მეტ ემოციას ელოდა, მაგრამ ისევ არაფერი. ისევ ნიღბების თემის გაგრძელება არჩია. კიდევ ერთხელ უნდოდა, თვის ბოლო შაბათისთვის გაესვა ხაზი, მაგრამ პიპამ საუბარს, ისე ოსტატურად უცვალა გეზი, რომ ფიფოს ლამის ისიც კი დაავიწყა, რისთვისაც იყო მოსული.
- ორჯერ მქონდა ბედნიერება, ვენეციის კარნავალს დავსწრებოდი. - უყვებოდა პიპა.
- ჰიმნიც დაიწერა მგონი, ხომ?
- დიახ. ოთხმოცდაათიან წლებში, პიერ კარდენმა, სპეციალურად ამ კარნავალს მიუძღვნა.
- და როგორც ვიცი, ყოველ წელს იმართება. - ფიფო ცდილობდა, ცოდნაში არ ჩამორჩენილიყო.
- კი, ყოველ წელს არის და მთელი თორმეტი დღე გრძელდება.
- უი, ამდენი ხანი? - გაიკვირვა ფიფომ. - მეგონა მხოლოდ ერთი დღე, ჩამოივლიდნენ და მორჩა! - გაეცინა ფიფოს.
- თან, თარიღიც ცვალებადია, რადგან დღესასწაული, ზუსტად დიდმარხვის დაწყებამდე იმართება და ლამის ორი კვირა, სულ გნიასი და მხიარულებაა.
- მართლა? მარხვასთან თუ იყო კავშირში, ვერც კი წარმომედგინა.
- ჰო, ასეა! კარნავალის დაწყების დროც ცვალებადია, ისევე როგორც აღდგომის თარიღი.
- ჰმ, ისე სულ მაინტერესებდა, რატომ არის აღდგომა, სულ სხვადასხვა დროს.
- საერთოდ აღდგომა, აღინიშნება არა ზუსტი თარიღით, არამედ ბუნების ზუსტი დროით. გაზაფხულის ბუნიაობითა და მთვარის ფაზის მიხედვით, ამიტომაც აღდგომის თარიღი ცვალებადია, მაგრამ არც წინ უნდა უსწრებდეს და არც უნდა ემთხვეოდეს, ებრაელთა პასექს.
- და კათოლიკური აღდგომა, ხომ უფრო სხვა დროს არის?
- ხანდახან, ემთხვევა ხოლმე. ისე კი, ყოველი მეხუთე კათოლიკური აღდგომა, ხუთი კვირით, მაინც უსწრებს მართლმადიდებლურს.
- მდაა, და რა საინტერესოა. - წარბები აზიდა ფიფომ. - მე დიდი განსწავლული არ ვარ მაგ საქმეში, საკმაოდ შორსაც ვარ, მაგრამ მაინც რატომ უნდა იყოს ასე? დღესასწაული ხომ მაინც ერთია და ასე სხვადასხვა თარიღით?
- მართლმადიდებლური კალენდარი, ძველი სტილის მიხედვით თვლის დროს. - მიუგო პიპამ. - რომაულ-კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესია კი, პასექის თარიღს, ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ითვლის.
- აჰა! ახლა გასაგებია. - ფიფომ ისევ დაისხა. - აი პროფესორის ახსნილი, მაინც სულ სხვაა რააა.
პიპას გაეცინა და არაფერი უთხრა.
- და მაინც, ვინ მოიგონა რა ეს ყველაფერი? უჰ, რა საჭირო იყო ამდენი თავსატეხი?
- ახლა მსოფლიო კრებებზე, ნუ მომაყოლებ. - გაეღიმა პიპას. - თორემ, მოგიწევს დილამდე ჩემი მოსმენა.
- ჰო, ისედაც დიდ ხანს შემოვრჩი. - ჩაეღიმა ფიფოს. - სულ აი ამ ბრენდის ბრალია რაა. მართლაც საუცხოოა და სულ მე გამოგიცალე. - ფიფომ ჭიქა ხელში შეათამაშა.
- ბარი სავსეა. მიირთვი რამდენიც გენებოს. მთავარია, ხორცმა და გონებამ აიტანოს.
- ხორცის არ ვიცი და გონება მშვენივრად იტანს. - გაიკრიჭა ფიფო. - მდაა, ესე იგი, მსოფლიო კრებაო, არა? მაინც ვერ გამიგია, რატომ შემოიღეს ეს ცალ-ცალკე აღდგომა?
ფიფო არ ეშვებოდა. აშკარად ჩანდა, სასმელი კარგად მოეკიდა, თუმცა ჯერ კიდევ, აზროვნების უნარი შერჩენოდა.
- თუ ასე გაინტერესებს, შემიძლია გავაგრძელო, ლექციების ჩატარებას მაინც მიჩვეული ვარ. - ჩაეღიმა პიპას.
- სიამოვნებით მოგისმენ. - ფიფო სავარძელში გადაწვა და მოსასმენად მოემზადა. თუმცა, რაში სჭირდებოდა ყოველივე ამის გაგება, თავადაც არ იცოდა.
- როგორც უკვე გითხარი, მართლმადიდებლური ეკლესია, ძველი კალენდრით ანგარიშობს... - მშვიდი ხმით დაიწყო პიპამ, მაგრამ ფიფომ გააწყვეტინა:
- ეს კათოლიკური პასკა, ვიღამ მოიგონა? ეს ხომ აღარ გამოდის, უხსოვარი დროიდან?
ფიფო არ აცლიდა, თუმცა პიპას ნერვიც არ აშლია, ჩვეული სიმშვიდით უსმენდა და დინჯად პასუხობდა მის ნებისმიერ, თუნდაც, განმეორებით შეკითხვას.
- ახალი პასქალია შეადგინა ნეაპოლელემა ასტრონომმა, ალიოზი ლილიმ და გერმანელმა იეზუიტმა ბერმა, ქრისტეფორე კლავიამ და 1583 წლიდან, უკვე ძალაშიც შევიდა. ოცდახუთი მარტი რომში, გაზაფხულის ბუნიაობის დღედ ითვლება. აღმოსავლეთში კი, ოცდაერთ მარტს ასახელებენ და ამიტომაც ისინი, არ ეთანხმებიან რომაულ ეკლესიას, რადგან ზოგჯერ დასავლელთა აღდგომა, წინაც კი უსწრებს ებრაელთა პასექს.
- ჰმ, უყურე შენ. ნეტა ერთი რა მნიშვნელობა აქვს? სულ ერთი არ არის?
- ასე სულ ერთი, მაინც არ არის. ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს, შენ კი გაქვს არჩევანის უფლება, არავინ გაიძულებს მხარი დაუჭირო ან ერთს, ან მეორეს.
- და არც არავის!
- და არც არავის! - დაეთანხმა პიპა.
- მოკლედ, მთელი რიგი ამბები ყოფილა და მე კი კარნავალი, მარტო დროს ტარება მეგონა და თურმე, რამხელა დატვირთვა ჰქონია. - გაიკვირვა ფიფომ.
- დიახ! საკმაოდ სერიოზული დატვირთვა აქვს! - თავი დაუქნია პიპამ. - რადგან, ამ დღესასწაულის სახელწოდებაც, პირდაპირ კავშირშია მარხვასთან. თვითონ სიტყვა კარნავალი, ლათინურიდან მოდის. ლათინურად, carnem levare ჰქვია, რაც ხორცის ამოღებას ნიშნავს, ანუ უხორცო მენიუ. ჩვენებურად, დიდმარხვას წინ ყველიერი, რომ უსწრებს სწორედ, ის პერიოდია.
- მდააა. ვერც კი წარმომედგინა. - თავი გააქნია ფიფომ. - მეგონა, თეატრალური სანახაობა იყო, კონცერტები, ნიღბები და რამე.
- მასეა მერე! სან მარკოს მოედნიდან იწყება, დიდ ნაკადად მოედინება და მთელ ქალაქს მოიცავს! თითქმის, ყველა მოედანზე, ქუჩაზე, წყალზე, ხიდზე საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლებია. ასევე იმართება გამოფენები, ვერნისაჟები, ათასნაირი პერფომანსი, თეატრალიზებული და მუსიკალური წარმოდგენები. ქალაქი საოცრად ლამაზად არის გაფორმებული სხვადასხვა დეკორაციებით. დილიდან, რომ იწყება გვიან საღამომდე გრძელდება და ბოლოს, გონდოლების „მდუმარე რეგატით“ სრულდება და კარნავალის საუკეთესო, გამარჯვებული ნიღაბიც გამოვლინდება! ულამაზესი სანახაობაა!
- ვააა, რა საინტერესო ყოფილა! - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ფიფო. - მეგონა, საბჭოთა პარადივით ჩაივლიდნენ და მორჩა!
პიპას გაეცინა.
- ხელს რომ დაუქნევდნენ, პოლიტ.ბიუროს წევრებს და ყველგან მარტო ერთი ფერის დროშა, რომ ფრიალებდა! ჰა, ჰა! - ეცინებოდა ფიფოს.
- ისე, რომ იცოდე, თვითონ ეს კარნავალიც, უძველესი დღესასწაულია. - განაგრძო პიპამ. - სატურნის პატივსაცემად იმართებოდა ძველ რომში და სადღაც, ასე მეათე საუკუნიდან კი, უკვე ტრადიციად იქცა. ამიტომაც კოსტიუმების ტიპიც და რა თქმა უნდა, ნიღბებიც, სულ ძველებურ სტილშია. თუმცა, ნიღბები მოგვიანებით დაემატა. სადღაც, მეთოთხმეტე საუკუნეში. რენესანსის დროს კი ნიღბები, ისე შემოვიდა მოდაში, რომ საკმაოდ სერიოზული დატვირთვაც მიიღო. ზოგი ალბათ, ოჯახის წევრებისგან იძვრენდა თავს, განსაკუთრებით დიდებულები, სამორინესა თუ გასართობ სახლებში, სულ ნიღბებით დაძვრებოდნენ და ზოგიც, მევალეებს ემალებოდა!
- ჰა, ჰა! - გაეცინა ფიფოს. - მერე, მერე?
- მერე. - ფიფოს ასეთ დაინტერესებაზე ჩაეღიმა პიპას. - კარნავალის დროს კი, უფრო მეტად ინიღბებოდნენ და უფრო მეტად თავისუფლად ეხვევოდნენ რომანტიულ ინტრიგებში. ათასგვარ ოინებს ხლართავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ადვილადაც არ დაისჯებოდნენ.
- მართლა? - გაიკვირვა ფიფომ.
„აი, თურმე, რაში ყოფილა კიდევ საქმე.“
- მერე, მერე? - ვერ ითმენდა ფიფო.
- მერე ცდილობდნენ, ისე გამოწყობილიყვნენ, რომ დედოფლის ყურადღებაც მიეპყროთ და ჯილდოც მოეპოვებინათ.
- ესე იგი, წეღან რომ აღნიშნე, ნიღბის ის მეორე მხარეც!
- დიახ! იმ ნიღბით კი არ იმალებოდნენ, პირიქით, უფრო მეტად ჩანდნენ, მხოლოდ ნუ, სულ სხვა სახით და კარნავალის მთავარი მიზანი იყო, ანონიმურობის შენარჩუნება, ამიტომ არა მხოლოდ სახე იფარებოდა, სქესიც კი თავისუფლად ინიღბებოდა.
- ჰმ, წარმომიდგენია, რას არ იკადრებდნენ მაგ დროს. - აღნიშნა ფიფომ. - ისე დანაშაულის ჩადენას, ყოველთვის დრო და მომენტი სჭირდება. - ფრთხილად შეაპარა ფიფომ.
პიპამ არაფერი უპასუხა და თვალიც არ დაუხამხამებია, ისე ჩააშტერდა მოსაუბრეს.
ფიფო კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სასურველ მიზანს, თუმცა გაგრძელებას, მაინც პირი არ უჩანდა, ამიტომ ისევ და ისევ, ნიღბების თემა ააგორა.
- ესე იგი, carnem levare - არა? სწორად ვთქვი? - დამარცვლა ფიფომ.
- აჰა! დიახ მასეა! - თავი დაუქნია პიპამ. - ნუ მოგვიანებით, სიტყვამ ცოტა სხვა სახე იცვალა და კარნევალეს სახელით დამკვიდრდა. ისევე, როგორც სიტყვა, „მაფია“.
- ვაახ, შენ მაფიოზების ისტორიაც იცი? - გაეცინა ფიფოს.
- ბევრი არაფერი. - ჩაეღიმა პიპას. - მხოლოდ ის ვიცი, რომ თავიდან უფრო ეროვნული დატვირთვა ჰქონდა. უფრო პარტიზანული.
- ჰო! ალბათ, მაქედან დაიწყო, ჯერ ოჯახის პრობლემების მოგვარებები და მერე უკვე გაერთიანებული ოჯახებისაც.
- დიახ, სწორედაც რომ მასეა!
- ჰაჰ! კოზა ნოსტრა!
- სანამ კოზა ნოსტრამდე მივიდოდნენ და საერთოდ, კრიმინალურ დაჯგუფებამდე მივიდოდა საქმე, მანამდე ცოტა უფრო, სხვა ისტორიაც ჰქონდა.
- საინტერესოა. მიდი, მიდი აბა, გისმენ. - ფიფომ ისევ დაისხა. - მართალია, ძალიან დაგღალე, მაგრამ ვეღარ გშორდები. ისე, საკმაოდ საინტერესოდ საუბრობ. ალბათ, სტუდენტებისგან მოსვენება არ გაქვს.
- აი, მაგისთვის კი, თადარიგი მაქვს დაჭერილი. - ღიმილით მიუგო პიპამ.
„რა თქმა უნდა, შენ ხომ ყველაფერზე გაქვს თადარიგი დაჭერილი.“
გაიფიქრა ფიფომ.
- ვცდილობ, ზედმეტად არ შევიჩვიო თითოეული სტუდენტი. - განაგრძო პიპამ. - და უფრო ჯგუფურად მქონდეს ურთიერთობა, ვიდრე სათითაოდ ჩავუძმაკაცდე. სახლშიც ბევრჯერ მომადგნენ და ოჯახის წევრებიც გაფრთხილებულნი მყავს, ზღურბლზეც კი არ უშვებენ. გინდაც, სახლში ვიყო, მათთვის მაინც, არასდროს არ ვარ!
- ჰო! მართალი ხარ, თორემ მერე მაგათ ვეღარ მოიშორებ! განსაკუთრებით კი, გოგონებს. მერე ზოგმა, როგორი ატორღიალება იცის, ეშმაკს შეაცდენს.
- მასეა, მასე. - ჩაეღიმა პიპას.
- ესე იგი, მაფიაო არა? და რას გვეტყვის, ბატონი პროფესორი, მაფიაზე?
- ბევრს ვერაფერს! - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ვიცი ის, რაც ყველამ იცის. თუმცა, შემიძლია მის წარმომავლობაზე ვისაუბრო, კონკრეტულად საიდან წამოვიდა და მერე უკვე, რა გზით განვითარდა.
- სიამოვნებით მოგისმენ! - ფიფომ ისევ შეივსო ჭიქა.
- დაახლოებით, სადღაც ასე, რვაასი წლის წინ, როდესაც სიცილია, ფრანგების მიერ იყო ოკუპირებული, ერთმა ფრანგმა ჯარისკაცმა იქაურ ახალგაზრდა გოგონაზე, პირდაპირ ტაძარში, საკურთხევლის წინ იძალადა. გოგონას დედა ქუჩაში გიჟივით გამოვარდა და ყვირილი მორთო: - „Ma fia! Ma fia!“
- მაფიას უხმობდა?
- არა! ეს სიტყვა, თანამედროვე იტალიურის „Mia figlia“-ს - „მია ფილია“ - ჩემი შვილი (გოგო) - მისი სიცილიური დიალექტია. ამ ძალადობის ფაქტს, რელიგიის შეურაცხყოფაც ახლდა თან, ამიტომაც იყო ასეთი შემზარავი. პირველად, გოგონას საქმრომ იძია შური და გული გაუპო მოძალადეს, ლამის შუაზე გაჩეხა. ამის შემდეგ, შეიკრიბა ოჯახობა, გაერთიანდნენ გვარები და თანდათან, ოკუპანტების განდევნაც მოახერხეს. დროთა განმავლობაში კი ჩამოყალიბდა გვარებისა და ოჯახების გაერთიანებული ჯგუფები და ნებისმიერი შეურაცხყოფისათვის, შურს იძიებდნენ. ტრადიციად ქცეულმა სისხლის აღებამ კი უკვე მეცხრამეტე საუკუნეში, უფრო სხვა სახეც მიიღო. არა მარტო დამცველი, ახლა თავად გახდა თავდამსხმელი და ერთ დროს, შურისმაძიებელთა დაჯგუფება, მოგვიანებით, ტრადიციულ ბოროტმოქმედ ოჯახებად იქცა!
- მოკლედ, ყველაფერში ჩახედული ხარ? არის ისეთი რამ, რაც არ იცი? - ჩაეღიმა ფიფოს.
- კი, არის!
- ჰოო?
- ჰო! არ ვიცი, ჩემთან მაინც რისთვის მოხვედი. ოჯახში სტუმრობას არ ვგულისხმობ, აქ მე თვითონ დაგპატიჟე. - პიპას ზედმეტად სერიოზული და ცოტა მკაცრი ხმაც ჰქონდა.
ფიფო წამით ცოტა დაიბნა კიდეც, მაგრამ მალევე მოვიდა გონს.
- მე მხოლოდ, ჩემი მოვალეობა შევასრულე. - მერე მიმოიხედა. თითქოს, რაღაცას ეძებდა. - შენ არ ეწევი, არა?
პიპამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, წამოდგა და აივნის კარი გამოაღო.
- აუ, აივანზე მიშვებ? - ზანტად გაიზმუვლა ფიფომ.
- მხოლოდ კარი გამოვაღე. შეგიძლია მოწიო. - პიპამ საფერფლის მაგივრად, ლამბაქი დაუდგა. ამით თითქოს, ერთხელ კიდევ მიანიშნა, რომ არათუ ვეწევი, არამედ სახლში საფერფლეც კი არ მაქვსო.
ფიფომ ხარბად მოქაჩა.
- უჰ, ძლივს არ ამოვისუნთქეეე. - და საკუთარ ნათქვამზე, თავად გაეცინა. - ესე იგი მა-ფია არა? ჰმ, საინტერესოა ისე, ადამიანი, რატომ ხდება ბოროტმოქმედი? რა ამოძრავებს? რატომ არ უნდა, რომ სხვას მისცეს სიხარულის უფლება და თავადაც იხაროს?
- ნებისმიერი ქმედება, რაც არ უნდა წამბაძველი იყოს, მაინც ინდივიდუალურია! - მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმით მიუგო პიპამ.
ფიფო თავის ქნევით დაეთანხმა და მერე, ისევ აქაქანდა, ისევ დანაშაულებების ირგვლივ საუბრობდა.
პიპა მდუმარედ უსმენდა. ამჯერად, არ შეაწყვეტინა. ფიფო კი განაგრძობდა:
- რა შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს? ნუთუ, რა უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ ზურგი შეაქციო სიკეთეს და ბოროტებად იქცე? - ფიფო უცებ გაჩუმდა, თითქოს სათქმელი გამოელია.
მდუმარებამ, ცოტა არ იყოს, დიდ ხანს გასტანა.
პიპა ფიფოსკენ გადმოიწია და თვალებში ჩახედა.
- ადამიანი, შვილის გულისთვის, ყველაფერს იკადრებს! - მერე უფრო დინჯი ხმით დასძინა. - და ასევე, შვილის გულისთვის, ბევრ რამეზეც იტყვის უარს!
ფიფო გაშრა. ვეღარაფერი უპასუხა. მეორე კონიაკის ბოთლიც, სულ ბოლომდე ჰქონდა უკვე გამოცლილი.
გვიანი ღამე იყო.
ფიფომ როგორც იქნა, იკადრა წამოდგომა.
- რაღაც, საუცხოო ტოლმა იყო. - აღნიშნა გამომშვიდობებისას.
- ცოტას ტარხუნას ურევს ხოლმე, ფარშში და ალბათ, მაგიტომაც ჰქონდა ასეთი უჩვეულო გემო. - გაეცინა პიპას.
***
- ტოლმა ტარხუნიიით!!! ტოლმა ტარხუნიიით!!! ფეტუჩინიიი!!! ფეტუჩინიიი... ფეტუჩინიიი!!!
ფიფოს ფიქრები ერთმანეთში ერეოდა, ტრიალებდა, ავეჯი, სახლი, ჭერი, იატაკი.
არც კი ახსოვდა, სახლამდე როგორ მოვიდა, ან ვინ მოიყვანა.
ოთახი ტრიალებდა, ეღიმებოდა, თავისთავზე ეღიმებოდა, მერე უცებ, ტრიალი შეწყდა და ყველაფერი, თავის ადგილას დადგა.
- ფეტუჩინი! - წამოიძახა ფიფომ.
სწორედ ეს სიტყვა უთხრა შვილმა, პიპას. ფიფოს მაშინვე ეცნო, მაგრამ ვერც ის გაიხსენა საიდან, ან საერთოდ, რას ნიშნავდა.
მოგვიანებით, აივანზე გამოსულს გაახსენდა, მიმისთან როგორ მიირთვა, ვიღაც მისთვის უცნობი მიმის მეგობრის მომზადებული, სწორედ ის კერძი, რომლის მომზადებაც, შვილმა სთხოვა პიპას.
- რა იდიოტი ვარ, ღმერთოოო!!! ჰა! ჰა! ჰა!
ფიფოს გიჟურმა სიცილმა, ღამის წყვდიადი დაარღვია.
LEX. 2018 წლის 5 მაისი, შაბათი.
No comments:
Post a Comment