159.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2288928381349446
- მგონი, უკვე რა ხანია, თქვენობით, აღარ ვსაუბრობთ. - შენიშნა ფიფომ და ისევ დაისხა.
- სამსახურს, ვგულისხმობ. - პიპას ფარული ღიმილი აუთამაშდა.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - უამრავი შეკითხვა შეიძლება დაიბადოს. თუნდაც! - წამით შეყოვნდა. - აი თუნდაც, სად იყავი პარასკევს, ღამით? - ღიმილით, მაგრამ გამომცდელი სახით ჩააშტერდა თვალებში.
- პარასკევს?.. ღამით? ამ პარასკევს? - პიპა ჩაფიქრდა.
- დიახ! ამ პარასკევს ღამით! არა, ისე თუ ვერ იხსენებ, არ არის პრობლემა.
- როგორ ვერ ვიხსენებ! მშვენივრადაც ვიცი, სადაც ვიყავი.
„შენს გვერდით ოთახში მეძინა.“
გაუელვა პიპას და სახეზე ღიმილიც აუთამაშდა.
- საიდუმლოა? - ფიფომ თვალები მოწკურა.
- ეს მარტო მე არ მეხება, ამიტომაც დუმილის კანონს ვირჩევ. - პიპას ხმაში ირონია გაისმა.
- და დავუშვათ, დაკითხვაზე ხარ და ამ პასუხით წყდება შენი ბედი, მაშინ? - ჩაეძია ფიფო.
- მაინც, არ ვიტყვი! - კატეგორიული ხმით უპასუხა პიპამ.
„ჰო, არ იტყვი, აბა რააა. დიაბეტიანი კაცი, მოსაკლავად გაიმეტე და რატომღაც, რომ აღიარო!“
გაიფიქრა ფიფომ, თუმცა პიპას მხიარული და ირონიული გრიმასა, მკვლელის გამომეტყველებას, სულაც არ ჰგავდა.
- რომც ჩამომახრჩონ, მაინც არ ვიტყვი! - გაჯიუტდა პიპა.
- ვაახ, ახლა მართლაც დავინტერესდი. - არ ეშვებოდა ფიფო. - ასეთ ადგილას, სად უნდა ყოფილიყავი, რომ მზად ხარ, სიცოცხლეც კი დასთმო! თუმცა, მეც კინაღამ, მაგ ალიბის უქონლობას შევეწირე.
- ოოო, აი მაგაშია სწორედაც, რომ საქმე! ისეთ ადამიანს ვსტუმრობდი იმ ღამით, რომ პირველ რიგში, მის პიროვნებას, მის რეპუტაციას, მის მეგობრობას ვცემ პატივს! ამიტომაც, ვერ დავასახელებ! და შენ თვითონ, სად იყავი? - ირონიულად ჩაეკითხა პიპა.
- მეე? - გაიკვირვა ფიფომ.
- ჰო, შენ! მართლა დაკითხვაზე ხომ არ ვართ? ხომ შემიძლია, მეც დაგისვა კითხვა?
- არა, რა დაკითხვაზე. ეს ისე, უბრალოდ... - ენის ბორძიკით მიუგო ფიფომ.
- ჰოდა, მეც ხომ შემიძლია გკითხო, სად იყავი იმ ღამით? - ძლივს იკავებდა ღიმილს პიპა.
- მეგობართან ვიყავი.
- აი ხედავ, შენც! და რა თქმა უნდა, ვერ დამისახელებ.
- ვერა! - ფიფო წამით გაჩუმდა და უცებ წამოიყვირა. - თუმცა, რატომაც არა! მიმისთან ვიყავი! - და ისეთი ნიშნის მოგებით ჩააშტერდა მოსაუბრეს, რომ ისიც კი ვერ გათვალა, მიმისთვის ცოლი უნდა ეწოდებინა და არა მეგობარი გოგო.
„მიმისთან, შენ კი არა, მე ვიყავი!“
გაიფიქრა პიპამ და სიცილი ვერ შეიკავა. ისეთი მხიარული და თანაც, საკმაოდ ბედნიერი სახე ჰქონდა, რომ ფიფო შეცბუნდა. ეგონა, მიმის ხსენებაზე, გამწარდებოდა და იეჭვიანებდა ან რამე მსგავსი რეაქცია მაინც ექნებოდა, მაგრამ შეცდა. პიპა მხიარული სახით შეჰყურებდა სტუმარს.
ფიფო მოიღუშა. ცოტა არ იყოს ეწყინა კიდეც. თუმცა, ზუსტად რა ეწყინა, თვითონაც ვერ ხვდებოდა.
- ესე იგი, მაინც გვიმალავ, თუ სად ბრძანდებოდი პარასკევს, არა? - ისევ ძველ კითხვას დაუბრუნდა ფიფო.
- ნამდვილად არ შემიძლია! თუ გინდა, ჩამომახრჩვე! - თავი გააქნია პიპამ. - სამაგიეროდ, შაბათს შემიძლია გითხრა, სადაც ვიყავი.
- კარგი. იყოს შაბათი! - უკან არ იხევდა ფიფო.
- შაბათს დილიდან, ტაძარში ავედი, აღსარება ჩავაბარე.
- აღსარება? - ეჭვიანად იკითხა ფიფომ.
„ჰო, აბა, ჩადენილ ცოდვას, ხომ მონანიება უნდა.“
გაივლო გულში.
- დიახ, აღსარება აუცილებელია, რადგან კვირას, ზიარებისთვის მოვემზადე. ორშაბათს კი, აი დილიდან, შენ გიყურებ. - ბოლო სიტყვებზე, პიპას ჩაეცინა.
სიცილში ფიფოც აჰყვა.
- აჰა! ესე იგი, შაბათი და კვირა, აღსარებების დღეა, არა? ჰა! ჰა!
„ჰმ, რა კარგია არაა, კაცს მოკლავ და მერე აღსარების ჩასაბარებლად გაიქცევი! ამის მერე, გაზიარებენ კიდევაც, რადგან უკვე მონანიებული და განწმენდილი იქნები ცოდვებისგან და მორჩა! ბედნიერი ხარ! და შენი სინდისიც სუფთაა, მომავალ მკვლელობამდე! ჰა, ჰა!..“
გაიფიქრა ფიფომ.
- დიახ. მასეა! შაბათი, კვირა უფალს უნდა დავუთმოთ.
- არა, მე მაინც, პარასკევი მაინტერესებს. - უკან არ იხევდა ფიფო.
- და რა ხდებოდა ასეთი, ამ პარასკევს? - სიცილს ძლივს იკავებდა პიპა.
- რა ხდებოდა? ჰმ. - ფიფომ ისევ დაისხა. - ის რაც, ყოველი თვის ბოლო შაბათს ხდება!
- აბა, პარასკევსო?
ფიფო, მოსაუბრეს თვალებში ჩააშტერდა. სპეციალურად უხსენა, ყოველი თვის ბოლო. იქნებ პიპას, ახლა მაინც რამე წამოსცდენოდა, მაგრამ მასპინძელი, საკმაოდ მხიარული სახით შეჰყურებდა, ამ ძალათ შემოჭრილ სტუმარს და წარბსაც არ ირხევდა.
ფიფომ კონიაკი მოსვა და ძალიან დაბალი ხმით უთხრა:
- პარასკევისა და შაბათის გასაყარზე, ადამიანი მოკლეს.
- ჰოო?
- დიახ!
- და ასე, ყოველი თვის ბოლო შაბათსაც ადამიანებს კლავენ? - პიპას ხმაში, ირონია იგრძნობოდა.
„მგონი, წამოეგო.“
გაიფიქრა ფიფომ და მაშინვე მიახალა:
- არა! ყოველი თვის ბოლოს, არა!
- აბა?
- მხოლოდ მარხვის დღეები რჩება ხელუხლებელი. - კიდევ ერთხელ მიანიშნა ფიფომ, ესეც ხომ ვიციო.
პიპამ გაკვირვებული სახით აზიდა წარბები და მეტი სხვა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა.
ფიფომ ისევ დაისხა კონიაკი და ისე მოსვა, რომ პიპასთვის, თვალი არ მოუცილებია.
- ასეა, ეს! ადამიანი მოკლეს და შენ კი, ალიბსაც ვერ იყენებ. - კვლავ ეშმაკურად ჩააწვეთა ფიფომ.
- დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ არავინ მომიკლავს! - მტკიცე ხმით მიუგო პიპამ.
გულში კი გაიფიქრა.
„თუ იმ კაცზე ამბობს, ნამდვილად ცოცხალი დავტოვე! ყურიც კი მივუგდე მის სუნთქვას. თავისუფლად შეეძლო, პოლიციაც გამოეძახებინა! თუმცა, ისე ვიყავი შენიღბული, მაინც ვერ ამომიცნობდა.
არა, არა! ეს ახლა, რაღაცას ურევს. ვიცი, რაც ამოძრავებს, მაგრამ იმ კაცის მკვლელობას, სულ ტყუილად მტენის!“
ფიფომ ისევ დაისხა, თან თვალს არ აშორებდა მასპინძელს.
„თუ უდანაშაულოა, მაშინ ხომ უნდა ეკითხა, ვინ კაცი იყოო? რატომ მოკლეს? როგორ მოკლეს?“
- და როგორ მოკლეს? ვინ იყო? - პიპამ ისე მიახალა, რომ გაფიქრება ძლივს მოასწრო ფიფომ.
- როგორ და... დიაბეტი ჰქონდა. ინსულინი ვერ გაიკეთა, მშიერიც იყო.
- ჰაჰ! მერე ეგ არის, მკვლელობა? - ვერ დაფარა ემოცია პიპამ.
- იქნებ, მკვლელმა წამალი დაუმალა? ჭამაც არ დაანება?
- იქნებ, წამალი დაავიწყდა? ან საჭმელიც არ ჰქონდა? - შეუბრუნა კითხვა პიპამ.
- არააა! წამალი კი არა, საკუთარი სახელიც, რომ დაგავიწყდეს, კუჭი ისეთი ოხერიაააა! - ფიფომ დიდი ყლუპით მოსვა.
კარი გაიღო, დიასახლისმა მოიბოდიშა და ახლა მეორე თავი კერძი და დესერტიც შემოამატა სუფრას.
- ჩვენს სტუმარს, თუ სურვილი აქვს, ცხელ-ცხელ ტოლმას შემოვამატებ ისევ. ეს უკვე რა ხანია, გაყინულა.
- არა. არა! ნუ წუხდებით! - გაიკრიჭა ფიფო. - ხაჭაპურიც უგემრიელესი გაქვთ, გადმოცემით ვიცი. - მერე პიპას გამომცდელ თვალებს წააწყდა და მაშინვე მიახალა. - მიმისგან! მიმისგან ვიცი, რომ ძალიან გემრიელი ხელი გაქვთ! - და თითქოს, ამოისუნთქა კიდეც.
- ხაჭაპურს მერე, გრილი ქათმის სალათი მიაყოლეთ! - ქალმა თეფშები შეუცვალა.
- კარებში ვეღარ გავეტევი და მერე მოგიწევთ ჩემი აივნიდან ჩაშვება. - იხუმრა ფიფომ.
პიპას გულიანად გაეცინა და ხაჭაპურის დიდი ნაჭერი, ჯერ ფიფოს გადაუღო და მერე თავისთვის დაიდო, მაგრამ არ მიკარებია.
თითქოს, პირი ჰქონდა ამოკერილი. ძალიან ცოტას ჭამდა. ალბათ, უფრო სტუმრის ხათრით წაციცქნა.
სამაგიეროდ, ფიფო ვეღარ ჩერდებოდა. მადიანადაც ილუკმებოდა და ბლომადაც სვამდა.
- კი, მაგრამ მკვლელობაო და. - შეახსენა დაწყებული საუბარი პიპამ, როცა ქალი გავიდა. - დაბმული იყო?
- არა.
- აბა?
- დილით, შვილმა მიაკითხა. ძირს დაგდებული, მკვდარი დახვდა. ჩანდა, სკამზე იჯდა მაგიდასთან. მაგიდა დიდი იყო, მსხვერპლი კი, გამხდარი დასუსტებული, მაგიდას მარტო, ნამდვილად ვერ დასძრავდა.
- მერე რა? იქნებ, მეზობელი დაეხმარა ან თუნდაც, ეზოს ბავშვებს დაუძახა. აბა, სად არის მანდ, მკვლელობა?
- იქვე ძირს, დანაც ეგდო.
- დაჭრეს?
- არა! საერთოდ არ იყო გამოყენებული და მხოლოდ მსხვერპლის ანაბეჭდები იყო. - ფიფომ კიდევ დაისხა.
„ჰო, აბა მე ხელთათმანები მეცვა, ბოლოს თვითონ სტაცა დანას ხელი. ისე გავაგდებინე, რომ ხელის ხლებაც არ დამჭირდა.“
გაიფიქრა პიპამ.
- მერე? - ვეღარ ითმენდა პიპა. - კიდევ, რა დაასკვენით?
- ძალიან გაინტერესებს? - ჩააშტერდა ფიფო.
- თუ გინდა, ნუ მეტყვი? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - მაგას თუ მკვლელობას ეძახით, რა ვიცი, თქვენი საქმეა.
- ხელიც ჰქონდა ნაღრძობი, მაჯასთან შესიება და სილურჯის კვალი იყო. შესაძლებელია, ვიღაც სწვდა ხელში დანა დააგდებინა, ან თვითონ ჩამოარტყა მაგიდას. - საკუთარი ვერსიები, თავადვე წამოაყრანტალა ფიფომ და მაშინვე გაჩუმდა.
- და მაინც, სად ხედავ მანდ მკვლელობას? თუ დანაც გააგდებინა ვიღაცამ, ესე იგი, გადაურჩენია. ან იქნებ, ბევრად ადრე იჩხუბა? თუნდაც, მეზობელთან? იქნებ, თავის მოკვლა უნდოდა, მერე ვიღაცამ შეუშალა ხელი, მაგრამ ბოლოს, როგორღაც მაინც მოახერხა. რა ვიცი.
- ესე იგი, ვიღაც მაინც იყო მასთან?
- ასე ჩანს, მაგრამ მაინც არ არის ეს, მკვლელობა!
- ან იქნებ, შიშითაც მოკვდა?
- შეაშინეს? და ეს არის, მკვლელობა? ჰმ. ასე თუ იძიებთ საქმეს... - ცალყბად ჩაეღიმა პიპას.
ფიფო განრისხდა. თვალები აენთო. სახეზე წამოჭარხლდა კიდეც. უნდოდა კონიაკი დაესხა, მაგრამ ცარიელი ბოთლი მოხვდა ხელში.
პიპამ სწრაფადვე შეაგება ახალი. ფიფომ ახალი ბოთლიდან დაისხა. დიდი ყლუპით მოსვა და ცოტა თითქოს, დამშვიდდა.
- თუ სიკვდილის პირას მიიყვანეს, მაინც მკვლელობაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - შეიძლება, ძველი ანგარიშები გაუსწორეს. - ფიფომ ისევ კონიაკი მოსვა. - ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ყოველთვის წარსულში უნდა ეძებო. ასეა ეს!
- მერე? ჯერ ის წარსული უნდა იპოვოთ.
- ყველა გზა, ერთი და იმავე ადგილიდან და ერთი და იმავე მხარეს მიდის. - ფიფომ თვალებში ჩახედა. - მაგრამ...
- რა, მაგრამ? - თვალი გაუსწორა პიპამ.
- დარწმუნებული ვარ! ქვეცნობიერადაც, ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, მაგრამ ზოგჯერ, სწორედ ეს ცნობიერება მაბნევს და სხვა, მცდარი გზისკენ მიბიძგებს! მერე ვფიქრობ, რომ იმავე ცნობიერებამ შემაცდინა, რადგან ჯერ კიდევ, ჩემი ინტუიციიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერ ამომიქაჩია ის ჭეშმარიტება, ის სიმართლე, რასაც სულის სიღრმეში ვგრძნობ და როცა ამას ვხვდები, გონება მებინდება, აზრები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მერე უკვე ვეღარაფერს... - ფიფო გაჩუმდა. მიხვდა, ძალიან აურია. თავიდან ვითომ, კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს, აზრები ვეღარ დაალაგა. აშკარად, სასმელი მოეკიდა და ცალკე მასპინძლის შეუპოვარი გამოხედვაც ურევდა გონებას.
- კარი ქვეცნობიერებისა, ხშირად ღიაა. მაშინაც კი, როცა დახშული გგონია. - დაბალი ხმით უთხრა პიპამ.
- არაფერიც არ მგონია! და არც დახშული მაქვს! ზუსტად ვიცი! - მოიკრიბა გონება ფიფომ. - მაგრამ მიზეზი, დღემდე ვერ დამიდგენია! ფაქტებსა და პიროვნებას შორის, სრულ შეუსაბამობას ვხედავ! არადა, ყველა გზა, მაინც მისკენ მიდის!
პიპას წარბიც არ შერხევია, ისევ ისე მშვიდად უყურებდა და მოთმინებით უსმენდა, სტუმრის ცოტა არ იყოს, არეულ-დარეულ საუბარს.
ფიფოს ჩაეცინა:
- ისეთი გამოხედვა გაქვს, რომ ასე მგონია, მაჰიპნოზებ.
- ჰიპნოზი არ არსებობს!
- ჰოო?
- ნუ ისე არა, როგორც გგონია.
- მე არაფერიც არ მგონია! უბრალოდ...
- ნუ, შენ თუ არა, ძალიან ბევრსაც ჰგონიათ და სჯერათ, რადგან თვითონ ჰიპნოზიორს სურს, რომ ასე ეგონოთ, დაიჯერონ და ნამდვილად ირწმუნონ.
- ჰმ, მართლა? - გაიკვირვა ფიფომ.
- დიახ! - მიუგო პიპამ. - ჰიპნოზი, სწორედ მაშინ გატყვევებს, როცა შენ ეს, თავადაც გინდა.
- ეგ როგორ? „მინდა“? ან რას ჰქვია, მინდა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ჰიპნოზის ქვეშ მყოფმა, შეიძლება რა არ გაიხსენოს! ან თუნდაც, სხვისი კარნახით, დანაშაულიც კი ჩაიდინოს!
- მაინც, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. - პიპამ ოდნავ მოწრუპა, აქამდე ხელუხლებელი ჭიქა.
ფიფოს გაეცინა:
- პირს ისველებ, რაა.
პიპამ ცალყბად გაუღიმა და განაგრძო:
- ვერც ჰიპნოზით და ვერც ისე, ადვილი არ არის აიძულო ადამიანს იმის გაკეთება, რაც მას მართლაც გულით არ სურს! რადგან ხშირად, ჰიპნოზის ქვეშ, მის მიერ ჩადენილი ქმედება, მისივე სურვილიც იყო, რომელსაც გულის სიღრმეში, ასე გულმოდგინედ ნიღბავდა, მალავდა და ახშობდა!
- ჰაჰ! ესე იგი, ეჭვმიტანილმა რომ სთქვას, დანაშაული ჰიპნოზის ქვეშ ჩავიდინეო, ის ისეთივე დამნაშავე გამოდის, როგორიც ფხიზლად მოაზროვნე-მოქმედი, არა?
- სადღაც, რაღაც მომენტში კი! მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ სურვილი ერთია და შესრულება კი, მეორე. - პიპა წამით შეყოვნდა. - ნუთუ, არასდროს არ გაგჩენია სურვილი, რომ ვიღაც...
- რომ ვიღაც მომეკლა? - ცინიკურად ჩაეცინა ფიფოს.
- მხოლოდ გაფიქრებაზე ვამბობ და არა... დავიჯერო, მართლა არა? - ღიმილითვე ჩაეკითხა პიპა.
- ტყუილი იქნება, რომ გითხრა, არაო!
- ჰო! მეც მხოლოდ ფიქრებს ვგულისხმობ და არა ჩანაფიქრის ასრულებას.
- კი მესმის, მივხვდი და ჰიპნოზით შესაძლებელია, რომ მე, ვინმემ, მკვლელობა მაიძულოს? - ჩაეცინა ფიფოს.
- ვერაფერს გეტყვი. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - გააჩნია ჰიპნოზის ზემოქმედებისა და ადამიანის ფსიქიკის სისუსტესა თუ სიძლიერეს. ან იმ მომენტში, ან საერთოდ.
- ესე იგი, ჰიპნოზს მაინც გააჩნია უნარი, რომ მკვლელობა ჩაგადენინოს?
- დიახ! იმას გააკეთებ და შეასრულებ, რისკენაც ჰიპნოზიორი გიბიძგებს, მაგრამ ეს მაინც არ ხარ შენ, რადგან ეს ქმედება, მაინც სხვისი ზემოქმედების ქვეშ მოხდა.
- ესე იგი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ეჭვმიტანილი შეურაცხადი იყო!
- დიახ! თუმცა, ეს ჩადენილი ქმედება, შენივე გულის სიღრმეში ჩაბუდებული, მაინც შენი სურვილიდან იყო გამომდინარე.
- ესე იგი, მაინც დამნაშავეა? - ჩაეკითხა ფიფო.
- ნუ, ნაწილობრივ კი, მაგრამ მაინც არა, რადგან გულში, თუ რამე სიავეს ფიქრობდა ადამიანი, მაგის გულისთვის, ხომ ვერ დაიჭერ?
- ჰმ, ყველა რაღაცას მალავს... ყველა ნიღაბ აფარებული დადის, გულში კი, სულ სხვა რამ უდევს. - ფიფომ ისევ მოსვა. - და შენ რას მეტყოდი, ნიღბებზე?
ფიფო სახეში ჩააშტერდა. შეკითხვა რამდენადაც მოულოდნელი იყო, იმდენად ცოტა უადგილოც ჩანდა.
პიპა წამით შეყოვნდა და მერე გაკვირვებული ხმით გასცა პასუხი:
- ნიღბებზე?
- ჰო, ნიღბებზე!
- ნამდვილ ნიღბებზე?
- ჰო! თუნდაც, ნამდვილ ნიღბებზე? ადამიანის მიერ მორგებულ, ნამდვილ ნიღბებზე, რას გვეტყოდა, ბატონი პროფესორი?
პიპას ჩაეღიმა და მშვიდი ხმით დაიწყო:
- თავიდან შეიძლება იფიქრო, ნიღაბს იმიტომ იკეთებენ, სახე რომ დაფარონ, არა?
- თავისთავად! ნიღაბს ამოფარებული, მალავს თავის ნამდვილ სახეს!
- ისე ნიღაბსაც, ორი მხარე აქვს.
- ორი?
- ჰო, ორი! დაახლოებით, როგორც მედალს.
- და მეორე მხრიდანაც იკეთებენ ნიღაბს? - ჩაეცინა ფიფოს.
- აი, წეღან შენ თვითონ სთქვი, რომ ნიღაბს იმიტომ იკეთებენო, რომ სახე დამალონო?
- ჰო!
- ზოგჯერ იმიტომ კი არ იკეთებენ, რომ დაიმალონ, პირიქით, დამახასიათებელი ნიღბით უფრო, მეტად შემჩნეულნი უნდათ, რომ გახდნენ!
- ესეც მედლის მეორე მხარეეც... - ფიფომ ისევ გადაჰკრა. - ალბათ, ის ნიღაბიც გარკვეული შინაარსის მატარებელიცაა, რადგან დამალვის მაგივრად პირიქით, უნდა რომ გამოჩნდეს.
- რა თქმა უნდა! ერთია, რომ იმალები და სადღაც სულ ერთიც არის, თუ როგორი ნიღაბი გექნება.
- რადგან მთავარია, რომ დაიმალო! - არ აცალა ფიფომ.
- ჰო, და მეორეა ის, როცა ზუსტად და კონკრეტულად გსურს, რაღაც გადმოსცე! ასე რომ, ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და მით უმეტეს, დამახასიათებელ დამატებით აქსესუარს!
- ვააა! შენ მართლა, როგორ პროფესორივით საუბრობ. - ირონიულად ჩაეცინა ფიფოს, რასაც პიპას გულიანი სიცილი მოჰყვა.
- ასეთი სამუშაო მაქვს, შენი არ იყოს! - პიპა ღიმილს ვერ იკავებდა.
- ჰოოო. - ჩაფიქრდა ფიფო და თან ცხელი ტოლმისა და ცხელი ხაჭაპურის მერე, ახლა გემრიელად მიირთმევდა ქათმის გრილ სალათს.
- იცი, ჩემს მეგობრებს, ნიღბების თეატრი აქვთ! - მოულოდნელად წამოიძახა ფიფომ. - შემიძლია, დაგპატიჟო. - გაუღიმა და თან, თვალს არ აშორებდა. - წარმოდგენა, ყოველი თვის ბოლო შაბათს იმართება. - ფიფო ისევ თვალს არ აცილებდა. - ახლობლებისთვის, დასწრება უფასოა.
პიპას ცალყბად გაეღიმა. თანხმობის ნიშნადაც დაუქნია თავი, თუმცა მისი ღიმილი, ახლა უფრო სევდიანი ჩანდა, ვიდრე ხალისიანი და სხვა მეტი არანაირი რეაქცია.
LEX. 2018 წლის 2 მაისი, ოთხშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/2288928381349446
No comments:
Post a Comment