Sunday, January 28, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 82)

82.
- ყოველთვის, როცა ადამიანი, თავის ცხოვრებაში, რაღაც ცუდს ახდენს, იმდენჯერ ის თავის სულის ნაწილს კარგავს და მერე, მისი სიცოცხლე, თანდათანობით „უსულობაში“ გადადის და ცხოვრობს ასე, სულის გარეშე.
- უსულოდ, როგორ ცხოვრობს? - ჩუმად იკითხა ბიჭმა და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
მამაოს ჩაეღიმა:
- უსულოდ, ანუ სულიერების გარეშე აგრძელებს სიცოცხლეს! მხოლოდ, ხორცსა და სამშვინველთან ერთად უსულოდ ცხოვრობს.
კარგი ბიჭი იყო პიპა. ჭკვიანი, წესიერი, ზრდილობიანი, სწავლას მოწყურებული. მთელი სამონასტრო, თუ საერო ბიბლიოთეკა სულ გადაკითხული ჰქონდა. სკოლაც წარჩინებით დაამთავრა, სწავლის გაგრძელებაში მოძღვარმა ძმამ შეუწყო ხელი. ქალაქში, ახლობელთან მოუძებნა ბინა. ერთ დიდ, ხუთ შვილიან ოჯახში, ერთი ოთახი დაუთმეს.
მაგრამ წესრიგისა და სისუფთავის მოყვარულ პიპას, ძალიან გაუჭირდა იმ ოჯახთან შეგუება. ბავშვები, ძალიან ცელქები და უწესოდ აღზრდილები იყვნენ. მშობლები, მთელი დღე სამუშაოზე წასულები, სახლში გვიან ბრუნდებოდნენ. პატარების აღზრდაზე არავინ ზრუნავდა. სახლი სულ მიულაგებელი იყო. გაურეცხავი, ჭერამდე ასული ჭურჭელი კი, პიპას ისეთ ზიზღს გვრიდა, რომ სულაც აღარ უნდოდა შინ დაბრუნება. თანდათან ეს ანტისანიტარია, იმდენად აუტანელი გახდა, რომ ხშირად პიპას თავად უწევდა სახლის დასუფთავებაც და ჭურჭლის რეცხვაც. მოგვიანებით, ბავშვებიც დაიხმარა, დაასაქმა და ახლა უკვე გვიან მოსულ მშობლებს, ბინა სულ წესრიგში ხვდებოდათ.
ისედაც ვიწროდ მცხოვრებ, ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომაც აიყვანეს მდგმური და ერთი ოთახი დაუთმეს. ქირას მამაო, პიპას უჩუმრად უხდიდა. მას კი ეგონა, რომ ნათესავებთან იყო შეხიზნული.
მოძღვარი ფიქრობდა, ოჯახურ გარემოში, ბიჭი თავს უკეთ იგრძნობსო და ამიტომაც უქირავა ასეთი ბინა. სინამდვილეში კი პიპას, მარტოობა ერჩია, მაგრამ ხათრს ვეღარ უტეხდა უფროს ძმას. აბა როგორ უნდა ეთხოვა, ეს არ მომწონსო და ცალკე ბინა მიქირავეო, ისედაც ამდენი სიკეთე გაუკეთა, გვერდში ამოუდგა ვიღაც უცხო, ობოლ ბიჭს. საკუთარი გვარიც კი შესთავაზა, რაზეც პიპა სიხარულით დათანხმდა, ისედაც დიდი ხანია ამაზე ოცნებობდა და როგორღაც დიდი რიდითა და მოწიწებით თავადვე აგრძნობინა. ახლა ერთ გვარს ატარებდნენ და უკვე ნამდვილი ძმები იყვნენ.
- შენ ბევრად უკეთესი გვარი გაქვს. - ეღიმებოდა მამაოს. - მაგრამ, რადგან მართლა ძმები გინდა ვიყოთ, იყოს მასე! მაგრამ იცოდე, შენი ნამდვილი გვარი, არასდროს დაივიწყო!
- რაში მჭირდება? - დაიჯღანა პიპა. - შეიძლება, სულაც არ არის ნამდვილი? და ისედაც არც არაფერში მჭირდება!
- შესაძლებელია, მართლაც არ იყოს შენი ნამდვილი გვარი. - კვერი დაუკრა მამაომ. - თუმცა, სრულიად დასაშვებია, რომ რაღაც მაინც გაკავშირებდეს მაგ გვართან, ამიტომ არ უნდა დაივიწყო. იქნებ, მერე ოდესმე შეხვდე შენს ვინმე ნათესავებს და...
- და რომელ ნათესავებს?! - განრისხებული ხმით მიუგო პიპამ. - იმათ, ვინც ასე ადვილად მომისროლეს?!
- მასეც ნუ იტყვი! - მიუგო მამაომ. - შენ, არც კი იცი ზუსტად, რატომ და რისთვის იზრდებოდი სხვაგან. შეხვედრით კი შეიძლება მათ შთამომავლებს შეხვდე! იმათ შვილებს, თუ არ მოგინდება გამოცნაურება, ესე შენი ნებაა და სამაგიეროდ, სისხლის აღრევას მაინც მოერიდები!
პიპამ არაფერი უპასუხა. ძმა მართალი იყო. გადაწყვიტა, არსად არასდროს ეხსენებინა თავისი ძველი გვარი, მაგრამ არც დაევიწყებინა. უბრალოდ, თავისთვის ეცოდინებოდა და მორჩა.
ბევრს შრომობდა პიპა, თავდაუზოგავად სწავლობდა. უნდოდა, დროზე ადრე დაემთავრებინა, რომ წესიერი სამუშაო ეშოვნა და მერე ბინასაც მიხედავდა.
მაგრამ უკვე ვეღარ ითმენდა. გაუსაძლისი აღმოჩნდა იმ ოჯახში მისი ყოფა. ცუდად არავინ ექცეოდა, პირიქით მშობლები მადლიერნიც კი იყვნენ, რომ ოჯახში ბავშვების მეთვალყურე ჰყავდათ, რომელმაც შრომაც ასწავლა და წესრიგიც, მაგრამ მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა მისთვის. მარტოობა და სიმშვიდე ყველაფერს ერჩია. სამუშაოს ძებნაში მშენებლობაზე ამოჰყო თავი. დღისით სწავლობდა მერე კი გვიანობამდე მუშაობდა. უქმეებსაც კი შრომაში ატარებდა, ოღონდაც საკმარისი ფული შეეგროვებინა და ცალკე ბინაში გადასულიყო.
ბოლო დროს, მონასტერში ასასვლელადაც ვეღარ იცლიდა. მამაომ რამდენჯერაც ჩააკითხა ქალაქში, იმდენი სახლში არ დაუხვდა. მერე ერთხელაც უნივერსიტეტში მიაკითხა.
- ვიღაც „რიჟა“ წვერცანცარა გკითხულობს! - ცინიკურად მოახსენეს პიპას.
ის კი წამსვე მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. თვალები რისხვით აენთო. მზად იყო, ფანჯრიდან გადაეშვა, ეს უტიფარი ჯგუფელი, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გამოასალმებდა სიცოცხლეს. ძლივს შეიკავა თავი. 
პირველად, სწორედ მაშინ გაუჩნდა, რომ ვინმეს სწვდომოდა ყელში და იქვე მიეხრჩო, თუმცა თავი ხელში აიყვანა და სურვილიც ჩააქრო. ამ თავშეკავებით, კიდევ უფრო მეტი სიძლიერე იგრძნო. მიხვდა, რომ უკვე გაიზარდა და იმდენად დიდი იყო, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი რამეს დაუშავებდა, ყველას ადვილად გაუმკლავდებოდა და უპრობლემოდ გაუსწორდებოდა. უკვე აღარ იყო ის პატარა ბიჭი, რომელსაც ასე ძლიერ ურტყამდა ცხოვრების სიმწარე კეფაში.
რადგან პიპას მარტო ცხოვრება ყველაფერს ერჩია, მამაომ მეორე დღესვე უქირავა ახალი ბინა, მხოლოდ ისევ ისე, უჩუმრად. ქირაზე სიტყვაც არ დასცდენია. პიპამ ასე იცოდა, რომ მონასტრის შემწეობით ბინა დროებით დაუთმეს. მძიმე სამუშაოს თავი დაანება, სწავლას უფრო მეტი დრო დაუთმო, მაგრამ უსაქმოდ გაჩერება მაინც ვერ შესძლო და ახლა პიანინოს აწყობით ჰქონდა პატარა, მაგრამ საკუთარი შემოსავალი. გული სწყდებოდა მუსიკას, რომ არ გაჰყვა. თუმცა, ამ საქმით ყოველთვის ჰქონდა მისთვის სანუკვარ ინსტრუმენტთან მიალერსების საშულება. არც თუ ისე დიდი ანაზღაურება იყო და არც თუ იმდენად ბევრი ხალხი იკლავდა თავს პიანინოს ასაწყობად, პიპა კი ყოველთვის მზად იყო, უარს არასდროს ამბობდა და ამიტომ ხან ვის ოჯახში ეძახდნენ და ხან ვის.
ბიჭი ბედნიერი იყო. სწავლამ თავისი ნაყოფი გამოიღო. რასაც სხვები წლებს ანდომებდნენ, მან ბევრად სწრაფად მიაღწია, და უკვე სადოქტოროზეც მუშაობდა. ბერები მონასტრის ბიჭს ეძახდნენ და ძმასთან ერთად შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.
ჯერ კვირაში ორჯერ უწევდა ლექციების ჩატარება, მალე კი კათედრაც ჩაიბარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერმა დოცენტმა.
მიუხედავად ამისა, პიანინოების აწყობას მაინც ვერ ელეოდა. სიამოვნებით მიუჯდებოდა ხოლმე ინსტრუმენტს და მწყობრში მოჰყავდა. იმის გარდა, რომ ეს საქმიანობა სიამოვნებას გვრიდა, თან შესაფერის ინსტრუმენტსაც ეძებდა. არ უნდოდა ახალი და გაპრიალებული შეეძინა, უფრო ძველ პიანინოს ეძებდა, იქნებ ვინმეს გაეყიდა ოჯახიდან. ბევრი შესთავაზეს, უამრავი რამ აჩვენეს, მაგრამ ვერაფერი შეარჩია. ეძებდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა ზუსტად როგორი უნდოდა.
ოჯახებში სტუმრობისას, თავს უბრალო ადამიანად ასაღებდა. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ მათ წინ, უბრალო პიანინოს ამწყობი ბიჭი კი არა, უკვე საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა, ნიჭიერი პროფესორი იდგა.
სახლიც უბრალო შეიძინა, მოკრძალებულად ცხოვრობდა. მანქანის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა. ფეხით სიარული, უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა და თუ დასჭირდებოდა, ტაქსის ფულიც უკვე ყოველთვის ჰქონდა.
ერთხელაც, სახლისკენ მიმავალს ერთ-ერთი ეზოდან პიანინოს ხმა შემოესმა. საშინლად იმოქმედა, ინსტრუმენტს ალბათ ათი ხელი თუ უკრავდა, უკრავდა კი არა თითქოს ჩაქუჩით აჭედებდნენ კლავიშებს. გული შეეკუმშა. მთელი ეზოს ბავშვები ზედ იყვნენ შემომსხდარნი და გამეტებით უბარტყუნებდნენ საბრალო კლავიშებს.
ეს ის იყო! სწორედ ის იყო, რომელსაც ეძებდა, მაგრამ საშინელი გაუბედურებული, 
ლაქი სულ გადასვლოდა და საღებავის კვალიც წესიერად აღარც ეტყობოდა.
- სად ხართ ამდენი ხანი? სამი დღეა მალოდინებ! ძლივს გამოვათრიეთ გარეთ! ასეთი ზარმაცი მუშები, ჯერ არ შემხვედრია! ფული ხომ კარგად გინდათ, არა?!
პიპა გაოგნებული იდგა. ვერ მიმხვდარიყო რას და რატომ საყვედურობდნენ.
კაცი მაინც აგრძელებდა ჯაჯღანს:
- რას დაყუდებულხარ?! სად არიან შენი ბიჭები?! მიდი დაუძახე და მომაშორეთ ეს ჯართი აქედან!
პიპა გამოერკვა. მიხვდა ინსტრუმენტი გადასაგდებად გამოუგდიათ გარეთ. მუშებიც კი დაუბარებიათ და როგორც ჩანდა, არც აპირებდნენ მოსვლას.
შესანიშნავი იყო. სულ უფასოდ სწორედ ისეთი რამ ჩაუვარდა ხელში რასაც უკვე რა ხანია ეძებდა, მაგრამ როგორ მიეტანა სახლამდე, როცა პატრონი უკვე მოთმინებიდან გამოდიოდა.
მალევე მოიფიქრა, სანამ მანქანას იშოვნიდა, ეზოს ბავშვებს დახმარების სანაცვლოდ, ნაყინებს შეჰპირდა. ინსტრუმენტს მის მოსვლამდე, არავინ აღარ უნდა მიჰკარებოდა.
პიპა აღფრთოვანებული იყო. სანუკვარი ნივთი უკვე მის სახლში იდგა. სწორედ ისეთი, როგორსაც ნატრულობდა. სადღაც, იმ სანუკვარ პერიოდსაც აგონებდა, როდესაც პირველად ნახა მსგავსი ინსტრუმენტი. 
პატარა, მომცრო ძველი როიალი. მართალია რესტავრირებას, არც თუ ისე ცოტა დრო და სახსრები დასჭირდებოდა, მაგრამ რას დაეძებდა. მთავარი იყო, კიდევ ერთი ნატვრა აისრულა და თანაც, ასე მარტივად და უბრალოდ.
ის რაც ბავშვობაში იწვნია, შიმშილი, სიცივე, მიტოვება, უიმედობა, ყველაფერი ახლა სასიკეთოდ შემოუბრუნდა და ყველა ნატვრა ერთმანეთის ზედმიწევნით უსრულდებოდა.
ღამეები არ ეძინა. თავის ერთადერთ სანუკვარ განძს თავს დასტრიალებდა. მტვრითა და ნესტის სუნით გაჟღენთილ ინსტრუმენტს ჯერ კარგი გაწმენდა და გამოშრობა სჭირდებოდა. პიპამ ფრთხილად ხსნიდა ნაწილებს, ისე რომ არაფერი დაეზიანებინა. სათუთად და ალერსით ასუფთავებდა და უკანვე ამაგრებდა.
ერთხელაც უკანა ფეხის კუთხეში შეჩურთული, ტყავში გამოკრული პატარა გრაგნილი შენიშნა, რომელიც ხელით დაწერილი ძველი ნოტების რვეული აღმოჩნდა.
საინტერესო იქნებოდა რა ნაწარმოები იყო ჩაწერილი, მაგრამ პიპას ყურადღება სამალავის უკან ამოჩორკნილმა წარწერამ უფრო მიიპყრო.
„როცა ცოცხლად შეგჭამენ და შენგან აღარაფერი დარჩება, ხვდები რომ იქ შენი ადგილი აღარაა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამას გვიან ხვდები,
ძალიან გვიან,
მაშინ როცა უკვე აღარ ხარ!“
LEX. 2017 წლის 11 ივნისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1920466264862328

No comments:

Post a Comment