Sunday, January 28, 2018

მებაღე (ნაწილი 35)

35.
უგოს პატრონის სახლი შორიდან დაანახეს და ამ სახლის ქალბატონის ხელყოფა შეუკვეთეს. ჯერ ქალბატონის და მერე კი ბატონისაც, მხოლოდ აუცილებლად, პირველად ქალბატონი უნდა ყოფილიყო მოკლული.  თანხა საკმარისზე ბევრად მეტი იყო და საქმის შესრულებაც არც ზედმეტად საჩქარო. მთავარი იყო მკვლელობის გეგმა კარგად და ჭკვიანურად უნდა ყოფილიყო შემუშავებული და ნამდვილ დამკვეთზე ეჭვიც არავის არასდროს არ უნდა აეღო.
უგო უყოყმანოდ დათანხმდა. მისი საქმიანობაც, ხომ სწორედ ეს იყო. თავად ადგენდა გეგმასაც და თავადვე მიჰყავდა საქმე ბოლომდე.
ჩვეულებრივ დაკვეთილ საქმეს დიდ დროს არ ანდომებდა. არც მსხვერპლთან იჭერდა ახლო კონტაქტს, მხოლოდ შორიდან მონიშნავდა და ეს საკმარისი იყო, რომ შემდგომ ხელსაყრელი მომენტში შეკვეთა პირნათლად შეესრულებინა.
პირველ რიგში ქალბატონის მოშორება იყო აუცილებელი და სასწრაფო, დანარჩენი კი როგორც გამოვიდოდა ისე, სულ ერთი იყო, მთავარია ქალბატონი არ გადარჩენილიყო ცოცხალი.
ქალაქში და შედარებით ხალხმრავალ ადგილას უფრო მარტივი იყო, მსხვერპლის მონიშვნა, შემდეგ კი საგულდაგულო ადგილას ჩასაფრება და საქმის სისრულეში მოყვანა.
პატრონთან კი ასე არ გამოვიდოდა. ვერც მამულის ახლოს ასე ადვილად ვერ იწრიალებდა. პატრონს იქაურობის დიდი ნაწილი ეკავა. უცხო კაცი ადვილად შეიმჩნეოდა. ისევ როგორმე სახლში უნდა შეეღწია, რომელიც დადას წყალობით პირველივე ცდაზევე სულ ადვილად გამოუვიდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა.
რაც შეეხება პატრონს, იგი ადრეც ჰყავდა ქალაქში შეთვალიერებული. ხოლო ქალბატონიო, რომ უხსენეს იფიქრა თუ პატრონის მეუღლე უნდა ყოფილიყო და ასაკითაც შესაფერისი, გარეგნულადაც ქალბატონის მსგავსი უნდა ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც დადა იყო. ამის მიზეზი ისიც, იყო, რომ საშიშ თვალება კაცი თავად არ გასაუბრებია, მხოლოდ შორიდან დაუკრეს ერთმანეთს თავი. მასთან კი ბოშები მიაგზავნა, მათაც გადასცეს დანაბარები. 
საშიშთვალება კაცმა ხელკავი გამოსდო პატრონს და საუბარი გააგრძელა. უგოს არ ესმოდა თუ რაზე საუბრობდნენ, სამაგიეროდ ეს ხელკავი მინიშნება იყო, მის ერთ-ერთ მსხვერპლზე, დანარჩენი კი ყველაფერი გასაგები უნდა ყოფილიყო. 
ამიტომაც უგოს, დადას პირველივე დანახვაზე სულაც არ უფიქრია, რომ სწორედ ეს ის ქალბატონი იყო, ვისი სიცოცხლის ხელსაყოფადაც მოადგა მათ ეზოს.
თავიდანვე მოიხიბლა მისით. თუმცა პატარა გოგოდ ჩათვალა და წესიერად არც კი შეუხედავს, მისივე წყალობით ,,თანამდებობაც“ ჩაიბარა, და ღამის გასათევიც ადვილად იშოვა.
დადა სულ ეზოში ფუსფუსებდა. თავიდან ეგონა თუ მსახურის შვილი იყო, არც იმაზე მიუქცევია ყურადღება, რომ გოგონას ლაპარაკი არ შეეძლო და არც აქცევდა საერთოდ ყურადღებას. პატრონი უკვე დიდი ხანია მონიშნული ჰყავდა, მაგრამ ქალბატონს ვერსად მოჰკრა თვალი.
თანდათან მოსამსახურე ქალებსაც უჩუმრად დაუმეგობრდა. მათგან შეიტყო, რომ პატრონს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონას მშობიარობას გადაჰყოლია 
და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქალბატონი ვისი გულისთვისაც აქ იყო შემოპარული ის გოგონა ყოფილა რომელმაც...
უგო საგონებელში იყო ჩავარდნილი. ვერაფრით ვერ წარმოედგინა თუ დადა ვინმესთვის ასეთ საშიშროებას წარმოადგენდა. იქნებ რაიმე მეშლებაო, იქნებ სწორად ვერ გავიგეო, სულ ამას ფიქრობდა. თან ცდილობდა დადას ახლოს შეუმჩნევლად ეფუსფუსა, რომ უფრო კარგად დაჰკვირვებოდა.
დრო გადიოდა. უგოს სულ უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი, რომ დამკვეთს რაღაც აერია. ყველაფრის თავიდან გადამოწმება საჭირო გახდა. ერთი ორჯერ ღამით შეუმჩნევლად გაიპარა ქალაქში, მაგრამ პასუხი იგივე მიიღო. დამკვეთს ჯიუტად მხოლოდ დადა სული სურდა. ეს იყო მთავარი დავალება.
ამან ძლიერ დააღონა, რაც უფრო აკვირდებოდა გოგოს, მით უფრო ეწურებოდა გული. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო. რაღაც სერიოზული რამ მოიმიზეზა და შეკვეთის შესრულებაზე საშიშ კაცს უარი შეუთვალა. 
მშვენივრად გრძნობდა და დარწმუნებულიც იყო, რომ ეს ამბავი ასე ადვილად არ დასრულდებოდა. იცოდა, დადას მოსაკლავად მის მაგივრად ვინმე სხვას გამოუშვებდნენ და ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა მისი დაცვა. 
უგოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ მოახერხებდა ამას, მაგრამ რაც არ უნდა დაჯდომოდა დადას დაცვა მაინც უნდა ეცადა. 
მართალია დამკვეთს უარი შეუთვალა, მაგრამ ამით მებაღეობა არ შეუწყვეტია, პირიქით, უფრო მეტი გულმოდგინეობით განაგრძო ბაღში მუშაობა და ახლა უკვე დადას დასაცავად ისევ იმ უბადრუკ მებაღედ დარჩა და არც კი იცოდა როდემდე გაგრძელდებოდა ასე. 
და სწორედ ამის გამო იყო, რომ ლამის კინაღამ თავად გამოასალმეს სიცოცხლეს.
პატრონს, რომ შემთხვევით არ ენახა იმ დილით, ალბათ ცოცხალი ვერც გადარჩებოდა.
არც პატრონი აღმოჩნდა ურიგო კაცი. ისიც დადასავით თბილად ექცეოდა და ყველა თავზე ევლებოდა. პატრონი მიუხვდა უგო რა კაციც უნდა ყოფილიყო და იმასაც მიუხვდა, რისთვისაც დაისაჯა უგო. სხვა მის ადგილას ალბათ ცოცხალსაც არ დატოვებდა, ამან კი პირიქით მომაკვდავი შეიფარა და ფეხზე დააყენა.
პატრონს ავაზაკობისა არაფერი ეტყობოდა და თუ ადრე იყო საშიში დამნაშავე ახლა უკვე, რასაც უგო აკვირდებოდა, სულ სხვანაირ ადამიანად ქცეულიყო და წარსული ცხოვრების აღარაფერი ეცხო.
თუ ადამიანს გულით უნდა, რომ შეიცვალოს, ცხოვრება ამის შანსს ყოველთვის აძლევს.
უგოს თვალთახედვით, დადა და მისი პატრონი კი არა, თვითონ ის საშიშთვალება იყო მოსაკლავი. თუ პატრონთან რაიმე, თუნდაც ძველი პირადი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი, მაშინ ეს გოგონა რა შუაში იყო? თავისი გასაჭირიც ეყოფოდა.
,,საწყალი გოგო. 
ასე, როგორ უნდა დავიცვა?“ 
დაჭრილი უგო, ბედნიერი თვალებით მომღიმარ გოგონას შეჰყურებდა და გული უღონდებოდა, ასე უმოქმედოდ, რომ იყო გაშოტილი საწოლზე და წამოდგომის თავიც არ ჰქონდა.
დრო კი გადიოდა. არავინ ჩანდა. დადას მოსაკლავად და უგოს შემცვლელად არავინ მოევლინა.
ამან უფრო დააფიქრა უგო და უფრო მეტად დაარწმუნა, ახალი გეგმა მზადდებოდა. ის საშიშთვალება კაცი ისე არ გაჩერდებოდა. ამ ყველაფერს კი მაშინ გაიგებდა თუ პატრონის სახლიდან გააღწევდა და სანამ გვიან არ იყო დროულად უნდა გასცლოდა აქაურობას.
აქაც დადა დაეხმარა. მისი მფარველი ანგელოზი, რომელიც თავად იყო დასაცავი და გასაფრთხილებელი.
LEX. 2016 წლის 23 მარტი, ოთხშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1721670738075216/?type=3&theater

No comments:

Post a Comment