Sunday, January 28, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 81)

81.
მიმის ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ბევრი ფიქრის დრო, აღარ იყო. ბიჭები პირდაპირ სახლში მიადგნენ.
- დილა უთენია დაურეკეს და ისე გავარდა, ყავის დალევაც ვერ მოასწრო! - მოახსენა მიმის დედამ, სტუმრებს.
- და, ვინ დაურეკა?
დედამ მხატვარი კარგად აათვალიერა და მერე უპასუხა:
- არ ვიცი, შვილო. ალბათ, თუ სამსახურიდან...
- და ვერ დავრეკავთ იქ? - ახლა ფიფომ იკითხა.
- კი, როგორ არა. - დედამ ცოტა არ იყოს, შეშფოთებული გადახედა ბიჭებს და პატარა მრგვალი მაგიდის უჯრიდან, ბლოკნოტი ამოიღო. - ისე, ხომ მშვიდობაა, ბიჭებო?
- მშვიდობაა! რა თქმა უნდა! უბრალოდ, ძალიან სასწრაფოდ და თანაც, ძალიან კარგი და საინტერესო სიურპრიზი გვაქვს მიმისთვის და გვინდა, პირველებმა ჩვენ ვახაროთ! - დაასწრო ფიფოს მხატვარმა და რაც შეიძლებოდა, მხიარული სახე მიიღო.
დედამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით გადახედა სტუმრებს.
- ბიჭებო, ყავას მოგართმევთ.
- ცივი წყალი, თუ შეიძლება. - ყურებამდე უღიმოდა მხატვარი,  შეფიქრიანებულ მეგობრის დედას.
- დღეს სამსახურში საერთოდ არ გამოჩენილაო. - ჩუმად გადაულაპარაკა ფიფომ მხატვარს და ტელეფონი გათიშა.
იქ გაჩერებას, რაღა აზრი ჰქონდა? ისევ სახელოსნოში მიბრუნება ამჯობინეს.
- ისე, ყველაფერი ამ უბნიდან დაიწყო. - მხატვარი გაჩუმდა.
ცხადია, არ ეთმობოდა მიმის საიდუმლო, მაგრამ ფიფომ როგორღაც მაინც დაარწმუნა:
- ახლა საიდუმლოების შენახვის დრო არ არის! და შენ, როგორც მიმის მეგობარს, ეს კარგად უნდა გესმოდეს!
მხატვარი ერთხანს დუმდა, მაგრამ მერე იმ დღიდან დაწყებული, საიდანაც ფიფო პირველად მიმის შეხვდა, ყველაფერი დეტალებში უამბო.
ფიფო დაღონებული ისმენდა. ყველაფერი მისი ბრალი იყო. თავიდანვე, მიმის ნდობა, ისე უნდა მოეპოვებინა, რომ პირველად მისთვის უნდა გაენდო იმ იდუმალი შეხვედრის ამბავი და არა მხატვრისთვის. მერე კი, თავად მიატოვა და მერე, გვიანიც კი აღმოჩნდა.
მიმის ტელეფონი კვლავ დუმდა. ფიფო ერთ ხანს, ჩაფიქრებული იჯდა. მერე კვლავ ტელეფონს დასწვდა. ამჯერად უპასუხეს. 
მხატვარს თვალები აენთო. ეგონა, თუ მიმიმ გააგონა, მაგრამ ფიფო სხვას ურეკავდა. 
ფიფომ ვიღაცას,  მიმის ნომერი უკარნახა და დიდი თხოვნითა და მოწიწებით და თანაც, ზედმეტი ხმაურის გარეშე და პატარა სიცრუის გარევით, „საცოლის“ ადგილ-სამყოფლის გაგება სთხოვა. მერე კი დააყოლა, რომ ეს სიურპრიზი იყო და არავისთან არ უნდა წამოსცდენოდა.
დიდ ხანს ლოდინი არც დასჭირვებია, მალევე მოახსენეს, რომ მიმის ტელეფონი ბოლოს მისივე სახლიდან, დილის შვიდი საათის მერე, აღარსად დაფიქსირებულაო.
- რა ვქნა? ძებნა გამოვაცხადო? - ფიფო ადგილს ვერ პოულობდა. - და მერე იქნებ, არც არაფერია საგანგაშო? 
- და საშინელი ბრიყვის როლში აღმოჩნდები! - ნავთი დაასხა ფიფოს ცეცხლს მხატვარმა.
- და შენც კაი ბრიყვი აღმოჩნდები ჩემთან ერთად. - ალმაცერად გახედა ფიფომ. - თანაც ჩამშვები! ანდა, რა დროს ეგ არის?! ვინც გინდა, ის ვიყო, ოღონდაც...
მხატვარმა ვერაფერს უპასუხა, ან რა უნდა ეთქვა?
ბიჭებმა, ისევ მოცდა ამჯობინეს და თან, მონაცვლეობით უშვებდნენ მიმისთან ზარებს.
გადაწყვეტილი იყო, გათენებამდე, თუ ვერაფერს შეიტყობდნენ, ფიფო უკვე ოფიციალურად, ძებნის გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად გაუმართლა და გამთენიისას მიმის ტელეფონი, როგორც იქნა, ჩაირთო.
ფიფომ ძლივს შეიკავა აღელვება. ხმა უკანკალებდა, მაგრამ თავი მოთოკა და შეეცადა რაც შეიძლებოდა, თბილი და მშვიდი ხმით მოეკითხა.
მიმიმ დაღლილი, ნამძინარევი ხმით უპასუხა, ქალაქგარეთ ვიყავი გასული და ამ დღეებში, აუცილებლად გამოვალ და გნახავთ ორივესო.
- ესე იგი, სიმშვიდეა. - ამოისუნთქა მხატვარმა.
- კი, სიმშვიდეა. ჯერ სიმშვიდეა... ერთი შეხედვით, სიმშვიდეა...
- შენსკენ რა ხდება? ახალი არის რამე?
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი. ჩაფიქრებული, ერთ წერტილს ჩაშტერებოდა და თითქოს, თვალის მოწყვეტა არ უნდოდაო, ისე გაშეშებული უყურებდა სახელოსნოს ძველ, ფერგადასულ იატაკზე შემხმარ საღებავს.
ფიფომ ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა. მაგრამ მიმის შესაძლო საფრთხის ამბავმა, მისი ახალი აღმოჩენები, დროებით გვერდით მისწია. 
რადგან მიმი, სახლში ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა, ფიფო ცოტათი მაინც დამშვიდდა. თუმცა, ახლა უფრო მეტი სიფხიზლე იქნებოდა საჭირო.
მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა ჩაფიქრებულ მეგობარს და დიდი მოთმინებით ელოდა, ბოლოს და ბოლოს, როდისღა ამოიღებდა ხმას.
თავიდან ფიფომ, ბავშვთა სახლების გადაქექვისას, იმ ბავშვის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ რადგან, მიმალული და უკანონოდ გაშვილებული ბავშვების საქმის, ახლებურად წარმოება უკვე ფიფოს ოფიციალურად დაავალეს, უფრო მეტი წვდომა და მეტი საშუალება გაუჩნდა, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, ყოველი კანონდარღვევის გარეშე გამოეთხოვა.
უამრავი რამ გაიშიფრა და ბევრი სხვა კვანძის გახსნასაც დაედო საფუძველი. უკვე მთელი სამმართველო, უკანონოდ გაშვილებული ბავშვების ირგვლივ საუბრობდა. საქმეში ბევრი სხვა თანამშრომელიც ჩაერთო და ფიფოსაც ასე აწყობდა. თავად ხელმძღვანელობდა და უჩუმრად, მხოლოდ მისთვის საინტერესო ფაქტებსაც ეძებდა, დანარჩენს კი სხვებს უტოვებდა გამოსაძიებლად და ამას ისე ბუნებრივად აკეთებდა, რომ ეჭვიც არავის შეჰპარვია.
და ამ ძიებასა და ძველი არქივების ძებნაში, რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც წააწყდა.
- უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ამ სერიულ მკვლელობებს, სწორედ იმ წარსულში აქვს სათავე! - უყვებოდა ფიფო მხატვარს. - და რასაც ახლა ვქექავ...
- მაგრამ მაინც რატომ ასე გვიან? ამდენი წელი რატომ გახდა საჭირო სამაგიეროს გადასახდელად? - ჩაეკითხა მხატვარი.
- ჰმ. შენ წარმოიდგინე და სწორედაც რომ მაგის გარკვევა მოჰფენს ნათელს, ძალიან ბევრ რამეს. - ჩაეღიმა ფიფოს.
- კი, მაგრამ იქნებ მკვლელს, შურის საძიებლად სულაც არ უცდია ამდენი წელი? მერე რა, რომ ბავშვებით ვაჭრობის ამბები, დიდი ხნის წინათ იყო დაწყებული?
ფიფოს ეშმაკურად ჩაეღიმა და არაფერი უთხრა.
- მთავარი მაინც კი კონკრეტული მიზეზისა და მოტივის გარკვევაა, რომელიც ასევე კონკრეტულ პიროვნებას ეხება! - დაასრულა მხატვარმა და ფიფოს გამომცდელად შეხედა.
- ჰო, სწორედ ამაშია საქმე! - თავი დაუქნია ფიფომ. - ეგ უნდა გავარკვიო! ზუსტი კონკრეტული მოტივი არ მაქვს და ეგ მიშლის ხელს. თუმცა, უკვე კარგად დავიძარი.
- ესე იგი, უკვე მალე დაამთავრებ, არა?
- არა, ჯერ რა დროს დამთავრებაა! ახლა დავიწყე ყველაფერი თავიდან და იმ ძირიდან! სწორედ, იმ ფესვებს მივადექი, მერე რა რომ არც მოტივი მაქვს და ამ ეტაპზე, ვერც პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორ გზაზე ვდგავარ!
ფიფო აღფრთოვანებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გადაღლილი და გათანგული იყო, თავს მაინც მშვენივრად გრძნობდა.
თავიდან, ბავშვთა სახლის არქივებში, საერთოდ ვერაფერს მიაგნო, რადგან ყველგან, სწორედ იმ წლებში დაბადებულ ჩვილ ბავშვს ეძებდა და ვერც ვერაფერი ნახა. ლამის ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ მერე თავის და უნებურად, შედარებით სხვა წლებსაც გადაავლო თვალი. აი იქ კი აღმოჩნდა, რომ სწორედ ის ბავშვი, ვისაც ასე გამალებით ეძებდა, მხოლოდ ოთხი წლის ასაკიდან იყო ბავშვთა სახლში დაფიქსირებული. 
ფიფომ ყველა და ყველაფერი ფეხზე დააყენა. საქმეში უამრავი ხალხი ჩარია. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ჯერ სულ სხვა გვარით მიიყვანეს და იმავე დღესვე, ესე იგი, მიყვანისთანავე გვარი შეუცვალეს და სწორედ იმ გვარზე დააბრუნეს, რომლითაც ფიფო ეძებდა.
- ანუ, რომელი გვარითაც დაიბადა, ოთხი წლის ასაკში ისევ დაუბრუნეს და სწორედ ეს იყო აღნიშნული იმ საბუთებში! - უყვებოდა ფიფო. - ბავშვს დაუბრუნდა ისევ ის ძველი გვარი, რომელიც თავის დროზე, გაშვილებამდე ჰქონდა, მაგრამ გაშვილების ცალკეული საბუთი კი საერთოდ არ არსებობს და რატომღაც არც მშვილებელის გვარია მითითებული.
- ჰო, მაგრამ როცა მიიყვანეს, იმ მომენტში რა გვარი იყო? ეს არ ეწერა? 
- წესით უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბუთში მხოლოდ ის იყო, აღნიშნული, რომ გვარის დაბრუნების საფუძველზე, გაიცა ახალი დაბადების მოწმობა და უწინდელი გვარი, საერთოდ ნახსენებიც კი არ არის!
- მდაა.
- ჰმ, ძალიან საოცარ საბუთებს წავაწყდი! - ფიფომ სიგარეტი ღრმად მოქაჩა. - როგორც უნდოდათ და რა სიტყვების ჩაწერაც მოუნდათ, სწორედ ისე ადგენდნენ დოკუმენტებს!
მხატვარი გაოგნებული უსმენდა, ფიფო კი განაგრძობდა:
- მოკლედ, ბავშვი იშვილეს, რა თქმა უნდა უკანონოდ, ან სულაც იყიდეს! გვარიც შეუცვალეს და ოთხი წლის მერე, უკანვე ჩააბარეს და ის პირვანდელი გვარიც დაუბრუნეს! 
- ჰმ, უკანვე ჩააბარეს, როგორც ძველი, მობეზრებული ნივთი! რა უბედურებაა, რა საზიზღრობაა!
- სამწუხარო ფაქტია. საშინელი ამაზრზენი!
- მერე?
- მერე რამდენიმე ბავშვთა სახლი გამოუცვლია, მიზეზი არსად წერია. უბრალოდ, საცოდავს ხან სად გადააგდებდნენ და ხან სად. ამასობაში, სკოლაც დაამთავრა და ამით, იქ მისი ყველა კვალი წყდება!
- მდაა. და იმ გვარით, უფროსი ასაკის ვერავინ ნახე?
- არაფერია! არანაირი ჩანაწერი. არც არსად! დაამთავრა სკოლა და მორჩა! და შენ წარმოიდგინე იმ ბავშვთა სახლმაც, სადაც ბოლოს, ყველაზე მეტ ხანს ცხოვრობდა უკვე წლებია, რაც საერთოდ შეწყვიტა ფუნქციონირება.
- ჰმ, საინტერესოა! - თავი გააქნია მხატვარმა.
- და უფრო საინტერესოს ახლა გეტყვი! - ფიფომ ჭიქა გამოცალა და ახლიდან დაისხა. - როგორც აღმოჩნდა და როგორც ძაან დიდი წვალებით მომიხდა, იმის გარკვევა, რომ დაბადებისთანავე, რა თქმა, უნდა ყველა კანონის გვერდის ავლით, ბავშვი აიყვანა მარტოხელა ექთანმა, რომელიც სწორედ იქ მუშაობდა. იმ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ ტერიტორიაზე და ირიცხებააა, როგორც ერთ-ერთი მსხვერპლიიი! - ფიფომ კმაყოფილი სახით გადახედა მხატვარს.
- ნუ გამაგიჟეეეე!!!!
- აბააა! და ჯერ სად ხარ? დამაცადე, მოგიყვე ბოლომდე.
- მიდი, მიდი! - მხატვარმა ბოლო წვეთი ჭიქაში ჩაისხა. ცარიელი ბოთლი ძირს ჩადგა და ახალ ბოთლს მოხსნა თავი. - მიდი, აბა გისმენ!
- მოკლედ, ამ ბავშვს აყვანისთანავე, რა თქმა უნდა, გვარი შეუცვალა, იშვილა და დაახლოებით ორი თუ სამი წლის მერე, ეს ქალი თხოვდება. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეეძინება გოგონა! და არ ვიცი ზუსტად, კონკრეტულად რის საფუძველზე, ამ აყვანილ ბავშვს, ეს ქალი, უკანვე აბრუნებს და იმ ძველ გვარსაც რა თქმა უნდა, უკანვე უბრუნებს.
- ფუ! მძორი, კახპა! - წამოიძახა მხატვარმა და სახეზე საშინელი ზიზღი გამოესახა.
- ჰოოო დააა, ჩემი მეორე მსხვერპლიც ამ ქალის ქმარუკააა!
- ჰმ, ასიანი ის „როჟააა“! ის ბავშვია, მკვლელი! და მაგრამ მაინც, რატომ ამდენი წელი?!
- ეგ ჯერ არ ვიცი, რატომ ამდენი დრო. - ამოიხვნეშა ფიფომ. - მაგრამ რისთვის აკეთებდა, ეს უკვე ფაქტია! თუმცა, სერიული მკვლელობისთვის, უფრო ძლიერი მოტივიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
- მერე? არის კიდევ რამე საინტერესო?
- როგორ არ არის! - ჩაეღიმა ფიფოს. - არ მისმენ ბოლომდე და არც მაცლი! ემოციებში ხარ!
- ემოციებში ვიქნები აბა რა?! ასეთ მარაზმს, რომ მოისმენ, კიდევ კარგ ჭკუაზე დადგები. 
- და შენ მოისმინე და ახლა, შენ წარმოიდგინე იმის ჭკუა, ვისაც ეს თავს გადახდა! მაგრამ ეს ამდენი წელი, ისე მაფიქრებს, რომ...
- მიდი მერე, გააგრძელე! აღარ შეგიშლი ხელს.
- მოკლედ, იმ ექთნის ქმარი, მუშაობდა დარაჯად იმავე ბავშვთა საავადმყოფოში. ალბათ, იქ გაიცნეს ერთმანეთი. და ეს იყო, იმ დღენაკლულ ბავშვთა განყოფილება, სადაც რატომღაც, ეს დროულად დაბადებულად ბიჭი იყო შეჩურთული, ცხადია იქ მალავდნენ და არა მარტო მაგას.
- მოიცა, ეს ის დარაჯი, ხომ არ არის, თავიდან თვითმკვლელობა, რომ გეგონა და მერე...
- ჰოოო, სწორედ ეგაა! - კვერი დაუკრა ფიფომ. - დიახაც ეგ! მოკლულთა რიგს თუ გადავხედავთ, პირველი მსხვერპლიც ეგაა! იმ რიგს, რაც ვიცი, თორემ იქნებ, ბავშვობიდანაც კლავდა ხალხს?! 
- ჰმ! - თავი გააქნია მხატვარმა. - და მერე ეგ მარტოხელა კაცი იყო, მგონი ხომ? და აბა ცოლ-შვილი?
- დიახ! მაგრამ გვაცალეთ, პატივცემულო მხატვარო, მოყოლა! - გაეცინა ფიფოს. - მოკლედ, ამ ცოლ-ქმარს, საერთო შვილი, როგორც კი შეეძინათ, ეს აყვანილი ბიჭუნა, მაშინვე უკან დააბრუნეს და ამის მერე, გადის დაახლოებით სამი-ოთხი წელი და ეს მათი პატარა გოგონა იღუპება...
- ჰმ, სწორედ იმ ასაკში, რა ასაკშიც იყო ის ბიჭი უკან რომ დააბრუნეს.
- ოოჰოოო! მაგაზე არც კი მიმიქცევია ყურადღება. ჰმ, მაგარი მყავხარ! ეგეც საინტერესო ფაქტია. - ჩაფიქრდა ფიფო.
- აბა რა ეგონა მაგათ? ასე ადვილად შერჩებოდათ?! ქუჩიდან აყვანილ მაწანწალა ძაღლსაც კი თან ყვებიან და ეს ადამიანი იყო, პატარა ბავშვი იყო, ტო!!! უსუსური! ტფუ!!! ღორებიი!!! საქონლებიი!!! - ემოციებს ვერ ფარავდა მხატვარი.
ბიჭები ერთხანს დუმდნენ.
მერე ისევ მხატვარმა ამოიღო ხმა:
- მეცოდება მკვლელი. არა, არ იფიქრო, ვამართლებდე! დანაშაული - დანაშაულია! ბოროტმოქმედია და მკვლელია, მაგრამ მაინც მეცოდება. მისი ყოფაა საცოდავი. თავად მსხვერპლია. აი სწორედაც, რომ იმ განუკითხაობის მსხვერპლია, იმ სისტემის მსხვერპლია, რასაც დღეს თავადვე ებრძვის.
LEX. 2017 წლის 10 ივნისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1919956614913293

No comments:

Post a Comment