Sunday, January 28, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 80)

80.
- საშინელი რამაა ვნება. ამას ვერსად წაუხვალ. ისე შემოგეპარება და თავადვე გაგახვევს მის მორევში, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე აღმოჩნდება ვნების ტალღებში ჩათრეული! - მხატვარს, საკმაოდ ნაღვლიანი ტონი ჰქონდა.
ძლიერ დააღონა მიმის მონათხრობმა და იმის მაგივრად, რომ მეგობრის სიხარული გაეზიარებინა, მხატვარი პირიქით, საკმაოდ უსიცოცხლოდ შეხვდა ამ ამბავს.
თავიდან ჯერ თითქოს ეწყინა, არ ესიამოვნა. მერე კი აშკარად გული ჩასწყდა და იმდენად დანაღვლიანებული სახე ჰქონდა, რომ ვეღარც ფარავდა.
„და რატომ უნდა სწყენოდა? ჰმ, რა სამწუხაროა, მე სულ სხვა რამეს ველოდი და ეს, კი?
ნამდვილად, არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს მიმართ რამე გრძნობა ჰქონდა და ახლა ვითომ, გული სწყდება, რომ ვერ?..
არა! არა! დაუჯერებელია!
იქნებ, სულ სხვა რამ აწუხებს?
თავისი პირადი პრობლემა აქვს და მე კი?“
ფიქრობდა მიმი და გაოცებული შეჰყურებდა, მეგობრის ასეთ უჩვეულო რეაქციას.
მხატვარს, მიმის გაშეშებული მზერა არ გამოჰპარვია და ყოველგვარი ზედმეტი ცერემონიის გარეშე, უცებ მიახალა:
- თავი თუ დაიცავი?
- რაა?! - მიმიმ ახლა უფრო მეტად გაოგნებული სახე მიიღო. ყველანაირ შეკითხვას მოელოდა მისგან, მაგრამ ასეთს?
- რა იყო? ჰო. რა გითხარი ასეთი? თავი თუ დაიცავი, მეთქი?
- არა, არაფერი. ისეთი კითხვაა, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ...
- რა, მაგრამ? არ უნდა მეკითხა მეგობრისთვის?
- კი, მაგრამ ეს რომ ჩემს რომელიმე მეგობარ გოგოს ეკითხა, ასე არ გამიკვირდებოდა.
- ჩვენ დაქალებიც ვართ და ძმაკაცებიც აბა რა! - სიცილში გაუტარა მხატვარმა.
თუმცა სიცილიც არ იყო გულიანი. რაღაც სულ სხვა სუსხი დაჰკრავდა.
მიმის არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც შეეცადა მეგობრულად აჰყოლოდა.
- კი, ვიცი ჩემზე გული, რომ შეგტკივა, მაგრამ მაინც გოგოსავით მკითხე.
- ბოდიში, თუ ჩავერიე შენს პირადულ ინციდენტში.
- საწყენად სულაც არ მითქვამს! - მიმი წამით გაჩუმდა და უცებ წამოენთო. - რა ინციდენტში? განა რამე ცუდი შემემთხვა?
მხატვარი ხმას არ იღებდა მიმი კი განაგრძობდა:
- მეგონა, გაგიხარდებოდა მეგობრის ბედნიერება.
- ვაა, დაქორწინდით უკვე კიდევაც?
მხატვრის ასეთი გამკილავი სიტყვები, საშინლად მწარედ მოხვდა გულზე მიმის.
არა, არა! ამას არ მოელოდა. ნამდვილად არ ელოდა ასეთ უცნაურ რეაქციას. აღარ იცოდა, კიდევ რა ეთქვა, ან მეტი როგორ უნდა აეხსნა მეგობრისთვის, თუ რა ცოტა რამაა ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო და თან ვისთვის?
ხელოვანი ადამიანისთვის, აქეთ როგორ უნდა აეხსნა?
აბა რის მხატვარი და ხელოვნების მოღვაწეა, თუ ეს ელემენტარული არ ესმის?
მიმი გალურსული იჯდა, ხმას აღარ იღებდა.
მხატვარიც დუმდა. გრძნობდა, როგორ ძალიან ცუდად გამოუვიდა. აბა, როგორ უნდა აეხსნა მეგობრისთვის, რომ მისი ბედნიერება კი არ ეწყინა, არამედ ვისთან იყო ეს ბედნიერება და რა ზიანს მოუტანდა მომავალში, ასეთ ჯერ კიდევ გამოუცნობ ადამიანთან ურთიერთობა. ხომ შეიძლებოდა, სწორედ ის ყოფილიყო მკვლელი?
თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ დროულად ვერ გააფრთხილა და ასე იდუმალ, თვითონ მიმისთვისაც გაურკვეველ პიროვნებას მიუგდო ხახაში ეს გოგო.
„ჰო, მივუგდე! ჩემი ბრალია. როგორმე უნდა გამეფრთხილებინა. აშკარაა მიმი ყურებამდეა შეყვარებული, თავგზა აქვს აბნეული, მაგრამ ვისთან? ვიღაც გარეწართან?!
მკვლელთან ურთიერთობა განამტკიცა და მე ხელი ვერ შევუშალე!
არც შევუშალე. რას ველოდებოდი ამდენი ხანი?
ისე იქნებ, სულაც არ არის მკვლელი?
მაგრამ რომ იყოს?
ფიფო გაგიჟდება, მაგრამ ჩემი დანაშაული ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მისი. ფიფოს, რომ დაეწყო ხელის შეშლა სხვანაირად გამოუვიდოდა, მე კი თავისუფლად შემეძლო ხმა ამომეღო. თან ფიფოზე ბევრად მეტი რამ ვიცოდი ყოველთვის.
ისე, არც ახლაა გვიან. დროა უკვე მკვლელს კლანჭებიდან გამოვტაცო, ჩემი უსუსური, დაუცველი, გულუბრყვილო მეგობარი.“
- მოდი რა, თითო ჭიქა ჩავარტყათ! - მოულოდნელად შესთავაზა მხატვარმა. 
მშვენიერი იდეა იყო, თანაც მხატვრისგან სულაც არ იყო გასაკვირი. ამით კი, თემაც შეიცვლებოდა და ის ზედმეტი დაძაბულობაც, გაქრებოდა.
- რომელი მსმელი მე მნახე, რა? - ღიმილით მიუგო მიმიმ.
- მაგიტომაც, თითო ჭიქა შემოგთავაზე და არა ყანწი! - გაიკრიჭა მასპინძელი. - მოდი, მოდი! მოგიხდება! ნუ იპრანჭები. თანაც ხომ იცი, მარტო დალევა არ მიყვარს. გამიწიე კომპანიონობა, როგორც ძველმა ძმამ და მეგობარმა! - თვალი ჩაუკრა მხატვარმა და მეგობრის თანხმობას აღარც დაელოდა, ისე გამოაძვრინა მიმალული ბოთლი.
- კარგი დავლიოთ, ჯანდაბას თუ დავთვრები, ტაქსით წავალ სახლში.
- აი, ნახე რა მაქვს?! დარწმუნებული ვარ, ასეთი არც გაგისინჯავს!
- უჰ, სხვები ხომ ყველა უკლებლივ დაგემოვნებული მაქვს! - გაეცინა მიმის.
- კომშის არაყია. სუპერ, უმაგრესი!
- კომშის?
- ჰო, რა იყო? შენ კომშის მარტო მურაბა იცი? ჰაჰ! აბა, ახლა ესეც გამისინჯე!
- ვაიმე, დღეს ხელცარიელი მოვედი, ვერაფერი მოგიტანე, თან აქვე ვიყავი და...
- ჰო, ვიცი, მესმის რა დროს მისაყოლებელი იყო, როცა უბანში მიწისძვრა იყო.
- რაა? როდის? - გაოცდა მიმი. - აქ სადმე თუ ახლოს იყო მიწისძვრა, მაშინ მეც ხომ უნდა გამეგო?
- რა ვიცი? -  მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ეპიცენტრი შენს იდუმალი მეგობრის სახლში იყო და...
მიმი წამით დაიბნა, მერე კი მიხვდა მხატვარი კვლავ მწარედ ეხუმრებოდა, მაგრამ ამჯერად არ გაბრაზდა და პირიქით, სიცილით დატუქსა:
- ოოო, კარგი რააა, რა მაიმუნი ხარ, რააა!
მხატვარმა ჭიქები შეავსო. მერე მიმის მიმართა:
- გინდა ხინკალი შევუკვეთო? ჰა? რას იტყვი? უცებ, ოც წუთში მოვა. ჰაა?
- ხინკალი? კარგი იყოს ხინკალიც!
მიმი უკვე გაბადრული სახით მიესვენა სავარძელში. თავს ისევ ისე ბედნიერად გრძნობდა. ცოტა მხატვრის არეულმა რეაქციებმა კი დაურღვია ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ მალევე გამოსწორდა და ყველაფერი ჩვეულ მეგობრულ რიტმს დაუბრუნდა.
მხატვარი ცდილობდა, რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია გაეგო მიმის იდუმალ მეგობარზე, მაგრამ იმაზე მეტი მაინც ვერაფერი შეიტყო, რაც ადრე უკვე ისედაც იცოდა.

***
- იქნებ, სულაც არ არის მკვლელი? -  ჩაფიქრებული ხმით ჩაილაპარაკა მხატვარმა. - მაგრამ ეს ქუდების ამბავი, რაღაც არ მომწონს.
მიმის მონაყოლი, ფიფოს მოსვლისთანავე აუწყა, თუმცა ინტიმური დეტალები გამოტოვა. მხოლოდ ის უთხრა, რომ მიმი, თავის იდუმალ მეგობარს ეწვია სახლში და კარადაში, მხოლოდ ერთი პერანგი და ნაქსოვი ქუდები აღმოაჩინაო.
- მეც არ მომწონს ეგ! - თავი გააქნია ფიფომ. - სწორედაც რომ რაღაც უბრალო ნაქსოვი ქუდით არის შემჩნეული ეჭვმიტანილი. ამას კი კარადაში აქვს მიმალული და თან, რამდენიმე ცალი! - ფიფომ ამოხვნეშა და მთელი ბოღმა ამოაყოლა. - ჰმ, დაიხურავს თავზე და დანაშაულის მერე კი, სადღაც სულ სხვა უბანში  ისვრის ნაგავში და შარსაც ვერ მოსდებ!
- მარტო მაგ ქუდების გამო, ხომ ვერ დაიჭერ?
- არა, რანაირად აბა? ამ ეტაპზე ეგ სამხილიც კი არ არის! თანა, თუ უხმარი ქუდებია, მაგით რას დავამტკიცებ? პირიქით, უფრო მეტად დავაფრთხობ!
- აბა რა უნდა ქნა? რას აპირებ? მერე მიმი?
- როგორმე სასწრაფოდ, მიმი უნდა მოვაშორო მაგ კაცს. სანამ გვიან არ არის! - ფიფო სავარძელში შესწორდა. - თუ მართლა დამნაშავე არ არის და მიმის მართლა შეუყვარდება, გვერდში დავუდგები და შევარიგებ, მაგრამ თუ კრიმინალია? და თანაც ამ ეტაპზე რომ ვერაფერს ვამტკიცებ!
- ისე მიმისთვის, რომ უნდოდეს რამის დაშავება, აქამდე ხომ...
- არა, მასეც ნუ იფიქრებ! - გააწყვეტინა ფიფომ. - არასდროს გაივლო მასეთი აზრი! სანამ საფრთხე არ ემუქრება მიმისგან, მანამდე არაფერს დაუშავებს, მაგრამ მაინც რა გარანტია მაქვს?
- და აბა რა ვქნათ? ველოდოთ როდის დადგება მიმი საფრთხის წინაშე?
ფიფომ ბოღმისგან ტუჩი მოიკვნიტა.
- ისევ შენ, ფიფო! შენ უნდა იმარჯვო! თავიდან უნდა დაიწყო მიმის გულის მოგება, მით უმეტეს, რომ ეს ისედაც გინდა!
- მართლა მინდა და ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ახლა ეს საქმე ხელს მიშლის. არ მინდა მიმიმ ცუდად იფიქროს. უფრო მეტი დრო მჭირდება, რომელიც საერთოდ არ მაქვს!
- დრო, მართლაც არ გვაქვს. თან მიმის უნდა ვუშველოთ და თან მკვლელიც უნდა დავიჭიროთ!
- კაი ერთი, მართლა? - ფიფოს სიმწრის სიცილს აჰყვა.
მხატვართან ახალი ამბების მოსაყოლად იჩქაროდა, მან კი აქეთ დაახვედრა ცხელ-ცხელი ამბავი და მერე, როგორი ამბავი?
რა თქმა უნდა, მიმის თავს მოხვეული საფრთხე, ბევრად უფრო საჩქარო მოსაგვარებელი იყო, ვიდრე ძველი ამოქექილი ამბების მოყოლა.
არა, მიმის უნდა მიადგეს. ფიქრის დრო აღარ არის. დაადგება პირდაპირ სახლში. ყველანაირად იაქტიურებს, იბრძოლებს, იეჭვიანებს კიდევაც. ოღონდაც, როგორმე დაიცვას და იმ ვიღაცას ჩამოაშოროს.
- პირველ რიგში, იმ ტიპის როგორმე ჩამოშორებაა საჭირო და თანაც, ჩამოშორების პროცესში, პარალელურად უნდა გადავამოწმო და თუ მართლა ის არის, ვისაც მე ვეძებ, აი მერეეე... - ფიფო სიგარეტს დასწვდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლს გააყოლა თვალი.
მხატვარი მდუმარებით ელოდა, როდისღა გააგრძელებდა ფიფო საუბარს. ის კი, თითქოს სიგარეტის მოწევით ტკბებოდა.
მერე? მიმის ჩამოაშორე ის ტიპი და მერე? - ვეღარ მოითმინა მხატვარმა.
- თუ დამნაშავე არ აღმოჩნდება, მაშინ მიმიმ თვითონ გადაწყვიტოს, ვისთან ურჩევნია. მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავიბრუნო!
- თუ მართლა გიყვარს, უნდა იბრძოლო მის დასაბრუნებლად!
- თუ მიმის აღარ ვუყვარვარ? - ფიფომ ამოიხვნეშა. - იმ მკვლელს მაინც მოვაშორებ და საფრთხეს ავაცილებ. მერე კი, ჩემი გზით წავალ.
- აღარ არის უკვე ამის დრო! - გიჟივით წამოხტა მხატვარი. - რა დროს ოცნებებია და გეგმების დასახვაა! იღუპება ადამიანი და ჩვენ ორი ამხელა მუტრუკი, შორიდან ვადგენთ გეგმას და რეალურად, არაფერს ვაკეთებთ მის საშველად!
- აქედანვე ვაპირებ მიმისთან სტუმრობას. არც მიფიქრია დროის გაწელვა.
- მიმისთან სტუმრობის დროც აღარ არის! ახლავე, აქ უნდა მოვიდეს და ყველაფერი გავარკვიოთ! იცოდე, მერე გვიან იქნება! - მხატვარი გაჩუმდა.
ფიფო გაკვირვებული შეჰყურებდა, როგორ გადი-გამოდიოდა ოთახში მხატვარი. მის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ მხატვარმა, ბევრად მეტი რამ იცოდა, ვიდრე ამბობდა.
- შენ ის იცი, რაზეც მე წარმოდგენაც კი არ მაქვს? და სავარაუდოდ, სადღაც მეც მეხება, არა? - ჩაეკითხა ფიფო.
- შენ არ გეხება, მაგრამ ნაწილობრივ, მაინც გეხება! სადღაც კი, მაინც გეხება.
- ჰოდა, გისმენ! მომიყევი. რაღას უცდი? - ფიფო მოსასმენად მოემზადა. - წუხელ მიმი აქ, რომ იყო ალბათ, რამე საიდუმლო გაგანდო. შენ კი, როგორც ერთგული მეგობარი ინახავ, მაგრამ, თუ ამას რამე ზიანის მოტანა შეუძლია, აი მაშინ, ვალდებულიც კი ხარ მეგობრის დასაცავად, ეს საიდუმლო გასცე! ჰე, მიდი აბა გისმენ!
- მე კი არა, მიმიმ თავად უნდა მოგიყვეს და დღესვე! ამ საღამოსვე უნდა მორჩეს ეს გაურკვევლობა! მერე კი თავისუფლად შეგიძლია გადაამოწმო ის ტიპი. იქნებ, მართლაც არაფერ შუაშია?!
- კარგი, დავურეკოთ მიმის! - ფიფო ტელეფონს დასწვდა, მაგრამ მერე შეჩერდა.
- რა იყო? - მხატვარმა გაკვირვებული სახით შეხედა.
- მიმიმ, რომ მკითხოს, ეს ჩემი ახალი ნომერი, საიდან გაქვსო?
- ეე!! რაღა დროს ეგ არის?! მოვიდეს და გაიგებს!
ფიფომ მიმის ნომერი აკრიფა.
ბინდდებოდა, არც იმდენად გვიანი იყო.
მიმის ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
LEX. 2017 წლის 8 ივნისი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1918996265009328

No comments:

Post a Comment