Sunday, January 28, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 79)

79.
საოცარი იყო.
ერთადერთი პერანგი კარადაში.
მართალია, პიპა დიდად ჩაცმულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პერანგებს მაინც იცვლიდა. უბრალოდ, მაგრამ ყოველთვის სუფთად ეცვა.
მიმიმ კარადა კარგად გადაჩხრიკა. უჯრებშიც არაფერი იყო, მხოლოდ კარადის ერთ კუთხეში, ძირს მიმალულ ფუთაში, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ნაქსოვი ქუდი, და ხელთათმანები აღმოაჩინა. თუმცა, უკვე სულაც აღარ იყო ამის სეზონი.
პირადი ნივთებიდანაც, მხოლოდ ჰიგიენის საშუალებები თუ იყო, რომელსაც ემატებოდა, ერთი დიდი პირსახოცი, უბრალო ქუდები და ხელთათმანები და ის ერთადერთი პერანგი. აი, სულ ეს აღმოჩნდა პიპას ავლა-დიდება. სხვა დანარჩენი ალბათ, სახლის პატრონს თუ ეკუთვნოდა.
მაცივარიც გამორთული და ცარიელი იყო, თითქოს საერთოდაც არ ჩაურთავსო. სამზარეულოში ნივთები კი ისე იყო დაწყობილი, რომ ჩანდა, არც არავინ იყენებდა. ან ვის უნდა გამოეყენებინა, პიპას მეტს ის კი, თითქოს არც ცხოვრობდა აქ.
„იქნებ, მხოლოდ მარტო ღამის გასათევად მოდის აქ და ძირითადად კი, სოფელშია, ან სამსახურში.
ალბათ, ასე ხშირად რომ ჩადის სოფელში, მაგიტომაც მეც ხშირად ვერ მნახულობს. სარეცხი მანქანაც არ დგას აქ და ალბათ, სოფელში არეცხინებს დედას?
აჰა! ამიტომაც კარადაც ცარიელია, რადგან წუხელ არც მოსულა, ესე იგი, არც არის ქალაში და გასარეცხი ტანსაცმელიც იქ წაიღო.“
დაასკვნა მიმიმ და ცოტა თითქოს გულზეც მოეშვა და კვლავ სახლის თვალიერებასა და თავისებური დასკვნების გამოტანას მიჰყო ხელი.
მიმიმ, ვერც იმ სუნამოს კვალს მიაგნო, ხანდახან პიპას, ასე მძაფრად რომ ასდიოდა მისი სურნელი და მიმის სიამოვნებისგან ხვევდა თავბრუს.
„ალბათ, მართლაც ვინმე ახლობლის არის, იქ რომ მიდის სტუმრად, მაშინ ისხამს.“
თავიდან მიმი, გაოგნებული იყო, მერე კი საკუთარი თავის დამშვიდებას შეეცადა. 
ყველაფერს მოუძებნა ახსნა-განმარტება და როგორ იქნა, საბოლოოდ შვებითაც ამოისუნთქა.
წვიმისგან დასველებულსა და გაყინულს ცხელი შხაპი ისე ესიამოვნა, რომ დადებით ემოციებზეც გადაერთო. ახლა უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი, პიპას დახმარებოდა. მხოლოდ ეს, ისე უჩუმრად გაეკეთებინა, რომ მიმი საერთოდ არ გამოჩენილიყო.
მშვენიერი იდეა იყო. მიმის ქონების პატრონს, ეს არ გაუჭირდებოდა. მთავარია, ზუსტი გზა მოეძებნა და იმ გზით დახმარებოდა.
ახლა პირველ რიგში, კარგი სამსახურის შეთავაზება იქნებოდა საჭირო და რა თქმა უნდა, ისევ მიმის გამოჩენის გარეშე.
მიმი კმაყოფილებისგან ცმუკავდა. თუმცა, ზუსტად არც კი იცოდა პიპა რა პროფესიის იყო, ან საერთოდ რა სახის სამუშაოს შესრულება შეეძლო. წესიერად მაინც ვერ ათქმევინა, თუ სად მუშაობდა. მისი პასუხები, ყოველთვის მოკლე და გაურკვეველი იყო.
ხან სად და ხან სადო, გააჩნია ანაზღაურებასო და მერე, როგორც ყოველთვის, თემას ისე ოსტატურად ცვლიდა, რომ მიმის, მთელ ყურადღებას, სულ სხვა მხარეს გადაატანინებდა.
მიმი ყველაფერს ატყობდა, მაგრამ სულაც არ სწყინდა. ხვდებოდა, რომ პიპას ეუხერხულებოდა თავისი უბრალო და ალბათ, საკამოდ უინტერესო სამუშაოები და ზედმეტად აღარც ეკითხებოდა.
„ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს მივხედავ, აბა რისთვის ვართ მეგობრები?“
თავი დაიმშვიდა მიმიმ და მეგობრის ერთადერთი პირსახოცი სველ ტანზე შემოიკრა.
პიპას საწოლი ხელუხლებელი ჩანდა. უკვე აღარც ეს გაკვირვებია.
„ალბათ, სუფთა გადააკრა და გასარეცხები სოფელში წაიღო. კი! ნამდვილად ასეა. გამოცვალა და არც გაუთევია ღამე.“
მიმი საწოლში შეწვა. განვლილი დაბადების დღის ემოციებმა, მერე პიპაზე გაბუტული ღამის თენებამ და მერე დილით წვიმაში მოყოლამ, მეგობრის უცნაურმა საცხოვრებელმა და ბოლოს ცხელმა შხაპმა მიმი ძილისკენ წაიყვანა.
არასდროს უყვარდა სხვასთან სტუმრად დარჩენა. ხშირად თავს არიდებდა. რაც არ უნდა გვიანი ღამე ყოფილიყო, მაინც სახლში დაბრუნება ერჩია. მაგრამ ახლა სულ სხვა შეგრძნება დაეუფლა, საყვარელი ადამიანის ფარულ სამყაროში დაუკითხავად შეჭრამ იმდენად გააბრუა, რომ სინდისის ქენჯნასაც კი არ გრძნობდა. პირიქით, თავს ბედნიერად თვლიდა, რომ ასე გაუმართლა. დარწმუნებული იყო, ყველაფერი ბედისწერის ბრალია და ბედის ფორტუნაც მისკენ გულით იყო შემობრუნებული.
ჩაძინებულ მიმის, სიხარული და ბედნიერება სიზმარშიც კი შეჰყვა.
ძალიან ლამაზი, მწვანე ხასხასა ზურმუხტებით გაწყობილი, გრძელი მეწამული ფერის კაბა ეცვა. უსასრულოდ ადიოდა ხალიჩებით მოფენილ, თითქოს მეფური სასახლის კიბეზე. კაბის კალთა კიბის ბოლომდე იწელებოდა. რაც უფრო ზემოთ ადიოდა, კაბაც თითქოს უფრო და უფრო გრძელდებოდა და კიბის ბოლოს არც სცდებოდა. ცოტა ხანში, მიმის უგრძესმა კაბამ თანდათან ფერი იცვალა. ჯერ ცოტა ნარინჯისფერში გადავიდა, მერე მუქი ჟოლოსფერი მიიღო, თანდათან ღია ვარდის ფერი ერეოდა, ბოლოს სითეთრეშიც გადავიდა. თითქოს უფრო მეტად და მეტად უფერული ხდებოდა, ზურმუხტებსაც დაკარგვოდა ფერი და ახლა ისე აღარ ბრწყინავდა, უბრალო ქვებს უფრო ჰგავდა. მიმი კი მიიწევდა ზევით და ზევით და თან, ისევ ის, უკვე კარგად ნაცნობი პიანინოს ხმაც მას მისდევდა. რაც უფრო უახლოვდებოდა იმ მელოდიას, მით უფრო მეტად უფერული ხდებოდა დაუსრულებლად გრძელი კაბა.
მოულოდნელად, კაბა თითქოს, აღარც იყო, რაღაც გამჭვირვალე მასას დაემსგავსა. მიმიმ კაბის კალთის მიზიდვა სცადა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო, მერე მთელი ძალა მოიკრიბა, კიდევ უფრო მაგრად მოქაჩა. რაღაც ეღობებოდა, ვიღაც თითქოს მის კაბაზე იდგა და მიმის მეტი ძალა არ შესწევდა, რომ კიდევ უფრო ძლიერად მოექაჩა. საშინლად გატანჯულმა, თმებზე ხელის ნაზად შეხებაც იგრძნო, რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა, ნაცნობი სურნელი, ძილ-ბურანში ნაცნობი სახის ნაკვთებიც გაარჩია.
კაბის კალთა კი არა და, საბანზე პიპა იჯდა, იმ საბანზე, რომელსაც მიმი ასე გამალებით ცდილობდა გამოქაჩვას.
პიპა უღიმოდა. სახეზე არც გაკვირვება ჰქონდა, არც წყენა და არც ისეთი ცივი თვალებით შეჰყურებდა, როგორც ადრე იცოდა ხოლმე. ახლა მის წინ სულ სხვა პიპა იყო. თბილი ალერსიანი, მოსიყვარულე. პირველად ხედავდა ასეთს. ბოლო დროს, მართალია ბევრად შეიცვალა, უფრო შედარებით დამყოლი და ყურადღებიანი გახდა, მაგრამ სიცივე, თითქოს ბოლომდე არ ეთმობოდაო. ახლა კი პირიქით, ზედმეტ სითბოსა და ვნებას აფრქვევდა.
პიპამ მიმის სახე ხელებში მოიქცია და თავისკენ მიიზიდა. მიმი ნეტარებით გაიტრუნა. პიპამ სახე, სახეზე მიადო. ალმური ასდიოდა მის სახეს. საშინლად ცხელი იყო, ისეთ ცხელი თითქოს მაღალი სიცხე აქვსო.
მიმი უბედნიერეს ქალად თვლიდა თავს. უდიდეს გრძნობას ჰყავდა შეპყრობილი. მისთვის ყველაზე სასურველი მამაკაცი ჰყავდა დაუფლებული.
ბინდდებოდა.
მიმი კვლავ პიპასთან ერთად საწოლში ნებივრობდა.
ბედნიერი იყო.
აბა რას იფიქრებდა, თუ ოდესმე მკვლელთან საწოლში, ასეთ უბედნიერეს წუთებს გაატარებდა.
პიპას არაფერი უთქვამს, შეკითხვაც კი არ დაუსვამს, მხოლოდ უღიმოდა და მიმის ხმის ამოღებისთანავე, კოცნით უხშობდა ზედმეტ კითხვებს.
მიმის უკვირდა კიდევ, მაგრამ ვერც ვერაფერი ჰკითხა, ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, რატომ არ გაუკვირდა პიპას, მიმის ასეთი საქციელი.
საქმე იმაში იყო, რომ სახლში დაბრუნებულ პიპას, ეზოში შემოსვლისთანავე, მოხუცი სახლის პატრონი გადაეყარა და დანახვისთანავე აუწყა, ლამაზი სტუმრის ვიზიტი.
პიპა დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩნია.
„ვინ უნდა იყოს ნეტავ?
იქნებ, საფრთხეა და არც ღირს სახლში შესვლა?“
პიპამ ფეხი ითრია. უნდოდა, სადმე შორიახლო ჩასაფრებოდა და ისე გაეგო, თუ ვინ სტუმარი ეწვია, მაგრამ მოხუცი სახლის პატრონი, თითქოს მის ჯიბრზე, სახლში შესვლას არც აპირებდა და ჯიუტად ელოდა, როდისღა შეაღებდა პიპა, თავისი სახლის კარს.
პიპას კი, სხვა გზა აღარ ჰქონდა, სახლში უნდა შესულიყო.
თავიდან, საშინლად გააბრაზა მძინარე მიმის დანახვამ.
„რა უნდა? რას დამდევს?
იქნებ, სულაც ფიფომ შემომიგზავნა?
კარგად გადამიჩხრიკა საცხოვრებელი და მერე, რა იპოვნა? ან რა უნდა ეპოვნა?
ჰაჰ, არც იმდენად ბრიყვი ვარ ფიფო, როგორიც შენ გგონივარ!“
პიპამ ყველაფერი გულდასმით შეათვალიერა. არაფერი იყო საეჭვო. ბუნებრივია, გოგონა ისე დასველდა, რომ ლამის გაცივდა, ტანსაცმლის გაშრობა და ცხელი შხაპი აუცილებელიც კი იყო. სახლის პატრონმაც ასე მოახსენა, შემეცოდა სულ თავიდან ფეხებამდე გალუმპული გოგოო.
„ჰმ, ყოჩაღ ფიფოს! ზედმეტად ბუნებრივადაც კი გამოუვიდა!
ნუთუ, მიმიზე ამდენად არ შესტკივა გული, რომ ასე საჯიჯგნად მომიგდო?“
პიპა საგონებელში იყო ჩავარდნილი. მიმის კი, ისე ეძინა, რომ თავისუფლად შეეძლო უკანვე შეუმჩნევლად გაბრუნებულიყო, მაგრამ რა გარანტია ჰქონდა, რომ წასვლისას, მიმი ისევ იმ მოხუც სახლის პატრონს არ გადაეყრებოდა და მაშინ ხომ გაიგებდა, რომ პიპა სახლში დაბრუნდა, დახედა და ისე წავიდა, რომ არც...
არა, არა! ასეც არ შეიძლებოდა!
მაგრამ არც ის შეიძლებოდა, რომ პიპას, ალერსის გარეშე გაეშვა მიმი.
ეს უკვე, მართლაც რაღაც ეჭვს გამოიწვევდა, რომელი სულელი იტყოდა საწოლში დახვედრილ, ასეთ ლამაზ გოგოზე უარს?
და თუ კი მართლა ფიფოს მოგზავნილი იყო, მით უმეტეს, პიპას უნდა შეეცადა, უფრო მეტად ალერსიანი ყოფილიყო და თუ მიმი, უარზე დადგებოდა, აღარც დააძალებდა.
მიმის კი, ისე მშვიდად და ტკბილად ეძინა, რომ შემოგზავნილის არც არაფერი ეტყობოდა სახეზე.
პიპამ თვალი ვეღარ მოსწყვიტა. მართლაც საოცრად ლამაზი იყო ეს გოგო.
ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლთან, თმებზე თითები შეახო. თავად არ იცოდა რა უნდოდა, რას ელოდა მისგან, მაგრამ მაინც უნდა ეცადა, თუნდაც ეჭვების გასაფანტად უნდა ეცადა.
მხოლოდ ერთი კი დანამდვილებით იცოდა, რომ სინამდვილეში მიმი, ნამდვილად ფიფოს მოგზავნილი იყო, თუ არ იყო, მასთან მჭიდრო ურთიერთობა, მაინც საფრთხეს უქმნიდა პიპას.
ამიტომაც, სანამ მიმი ხმას ამოიღებდა, ჯერ ალერსით გააბრუა. არც აცლიდა სიტყვის თქმას. მიმი კი, მთელს დედამიწის ზურგზე, უბედნიერესი ადამიანი, მკვლელთან საწოლში ნებივრობდა და არაფერი იცოდა მის შესახებ.
უკვე ბინდდებოდა.
მიმის ტანსაცმელი რა ხანია გამშრალიყო და ახლა ყავის სურვილი გასჩენოდა, მაგრამ „ძლიერ შეწუხებულმა“ პიპამ, „დანანებით“ მოუბოდიშა, არაფერი მაქვს, თორემ მართლა საწოლშივე მოგართმევდიო.
„რა საყვარელია.“
ღიმილით გაივლო მიმიმ გულში და ჩაცმას შეუდგა. როგორც ჩანდა, პიპა წამოდგომასაც არც აპირებდა, უფრო ძილისკენ იყო მიმართული.
„ალბათ, ძალიან დაღლილი მოვიდა, მოვიდა კი არა, სოფლიდან ჩამოვიდოდა, ნამგზავრი და გადაქანცული და სიურპრიზად კი, მე დავხვდი, გამოძინებული და დასვენებული.“
პიპას აშკარად ეძინებოდა. მიმი კი, ისე იყო აჟიტირებული, რომ ახლა, ლამის მთელ ქალაქს შემოირბენდა ფეხით. ერთი სული ჰქონდა, სანამ ყავას მოსვამდა და ვინმეს მაინც გაანდობდა თავისი ბედნიერების ამბავს, მაგრამ აბა ვისთვის უნდა ეთქვა?
რა თქმა, უნდა მხატვარს! მხოლოდ მას ეტყოდა. ყველაზე მეტად ის გაუგებდა. ის რაც, სხვებისთვის მოუწვდომელი და შეუვალი იქნებოდა მხატვრისთვის, ძალიან მარტივი და უბრალოდ მისაღები იყო.
პიპა თვლემდა. მიმის ხელის შეშლა აღარ უნდოდა, ისე ფეხაკრეფით გამოიპარა. რომ მოხუცი სახლის პატრონისთვის გასაღების დაბრუნებაც სულ გადაავიწყდა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა მხატვართან სავარძელში მოკალათებულმა ყავით ჩაიგემრიელა პირი და ამბის მოსაყოლად მოემზადა.
LEX. 2017 წლის 4 ივნისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1910087879233500

No comments:

Post a Comment