Saturday, January 27, 2018

მებაღე (ნაწილი 34)




34.
საშიშ თვალება კაცს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და კარგად დაგეგმილი ჰქონდა. პატრონის ზოგიერთი მსახურიც კი უკვე რა ხანია მოსყიდული ჰყავდა. თავდაპირველად ძაღლების მოშორება იყო საჭირო. მერე  ვითომდა უბრალო ხანძრიდან დაიწყებოდა ყველაფერი. ჯერ მამულის ეზოს და მის გაყოლებაზე უზარმაზარ ხეხილის ბაღს გადაწვავდნენ.
მერე ვენახს, თავლას   
და მერე...
უგო უხმოდ ყველაფერზე თავს უქნევდა, თან სხვადასხვა მხრიდან ეზოში შესაძრომებსაც კი ასწავლიდა, მაგრამ როცა გაიგო, თავდასხმისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო და ამაღამვე უნდა ყოფილიყო, გული შეუღონდა. 
რამდენი არ ეცადა, რა არგუმენტი არ მოიშველია, რომ როგორმე თავდასხმის დრო ცოტათი მაინც  გადაეწია, თუნდაც ერთი დღე მაინც ჰქონოდა მარაგში, მაგრამ საშიშ თვალება ჯიუტად იდგა უარზე. მშვენივრად ხვდებოდა, უგო ამ ერთი დღითაც ისარგებლებდა და ისევ ჩაუშლიდა შურისძიების გეგმას. ამიტომ, როგორც კი გაიგო, რომ უგოს ისევ უნდოდა მონაწილეობის მიღება სასწრაფოდ იმავე საღამოსვე მოითხოვა პატრონზე თავდასხმა.
თავიდან კი იდგა უარზე, ვითომ არც უნდოდა უგოს ზედმეტად შეწუხება. ისიც კი შეაპარა, შენ სხვა საქმისთვის უფრო მჭირდებიო. მაგრამ უგო მაინც ჯიუტად მოითხოვდა. უფლება მომეცი გამოვისყიდო უწინდელი დანაშაულიო. 
მაშინ საშიშთვალებამ უგოს განახევრებული გასამრჯელო შესთავაზა.
უგო მაინც დათანახმდა.
კაცი ამით უფრო დარწმუნდა, რომ უგო ფულისთვის სულაც არ აკეთებდა ამას და სულ სხვა გეგმა ჰქონდა.
„ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული ამ ძაღლიშვილს?“
გაივლო გულში.  
„ერთხელ ნაღალატარი კიდევ ბევრჯერ ჩაიდენს ღალატს.“ 
ფიქრობდა საშიშთვალება და მართალიც იყო.
უგო ნამდვილად არ იყო სანდო კაცი. სანდო კი არა პირიქით, ახლა უფრო საშიშადაც მოეჩვენა, ამიტომაც დათქმული დრო არ გადათქვა, რომ გასაქანი არ მიეცა მისთვის. ორი ბოშაც მიუჩინა, კატეგორიულად დაავალა გვერდიდან არ მოშორდეთო და საქმის დასრულებისთანავე, უგოც იქვე ჩააძაღლეთო.
გეგმის მიხედვით უგო სახლს არ უნდა გაჰკარებოდა, მხოლოდ ეზოსა და კარმიდამოს მიხედავდა, სახლში კი სხვები შევიდოდნენ. კაცმა ესეც კარგად გათვალა, მშვენივრად ხვდებოდა, რომ უგოს ნდობა არანაირად არ შეიძლებოდა.
უგოს სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი, დადას სახლში საიდუმლო შესასვლელის ამბავი უნდა გაემხილა. ამით ცოტა უფრო მეტ ნდობასაც მოიპოვებდა და სახლთან მიახლოვებასაც ადვილად შესძლებდა. 
საშიშ თვალება კაცი სიხარულისგან ხელებს იფშვნეტდა, კარი პირდაპირ დადას ოთახში შედიოდა. ამაზე უკეთეს რას ინატრებდა, ხოლო როცა სამალავი კარის ადგილ-სამყოფელის დაზუსტება მოითხოვა, უგო უარზე დადგა. ადგილს მხოლოდ იმ პირობით დაასახელებდა, თუ თავად მიიღებდა მონაწილეობას ოჯახის წევრების დარბევაზე და პირველი წაუძღვებოდა წინ.
- მე ჩემი ანგარიშები მაქვს, ცალკე პატრონთან და ცალკე მის ნაშიერებთან! - გამოუცახადა უგომ. ნაშიერებში კი ზეკს და დადას გულისხმობდა. - ამიტომაც ამდენი ხანი ვწელავდი დროს. ჩემთვის სასურველ ინფორმაციას ვიკვლევდი! 
საშიშ თვალება კაცი ჩაფიქრდა. უგოს ნაამბობი სიმართლეს კი წააგავდა, მაგრამ რამდენად იყო უკვე ეს კაცი სანდო?
- ღირს კი შენი კვლავ ნდობა? - თვალებმოწკურული ჩააშტერდა თვალებში.
- ხომ გითხარი! მე ჩემი ინტერესები მაქვს, ამიტომაც მცირედ გასამრჯელოზეც კი თანახმა ვარ!
- რა ვიცი... რა ვიცი... - ეჭვიანად გააქნია თავი საშიშთვალებამ.
- ხომ ხედავ, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მივხედოთ ერთად ამ საქმეს და მერე შენ შენი გზით და მე ჩემი გზით წავალ!
საშიშთვალება ცოტას კიდევ უკან იხევდა, მერე ბოშებს გახედა. 
ბოშები უსიტყვოდ დაეთანხმნენ, თავად ბევრნი იყვნენ უგო ერთი, დადას მორევას კი რაღა უნდოდა? ადვილი საქმე იყო. 
გარკვეული ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა საშიშთვალებაც დათანხმდა, თუმცა მაინც გული ეთანაღრებოდა.
გვიან ღამით ბოშები ნელ-ნელა შეესივნენ პატრონის მამულს. ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, უგოს ორი კაცი გვერდიდან არ შორდებოდა, ზედმეტადაც კი მიეტმასნენ. საშიშთვალებამ იმ ორ ბოშას გასამრჯელოც კი გაუორმაგა და ნადავლის ყველაზე დიდი წილიც შესთავაზა. 
უგო ისედაც ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ვითომ არც აქცევდა ყურადღებას. საკმაოდ გამოცდილ კაცს აბა რას გამოაპარებდნენ. თავიდანვეც კარგად იცოდა, რომ საშიშთვალება უკვე აღარ ენდობოდა და არც დაინდობდა. ღალატს ასე ადვილად აბა ვინ პატიობდა?
ცხადი იყო მისი მოკვლაც ჰქონდათ განზრახული, მხოლოდ ჯერ საქმის შესასრულებლად გამოიყენებდნენ.
უგოს კი მხოლოდ დადას გადარჩენის სურვილი ჰკლავდა, მაგრამ როგორ და რანაირად მოახერხებდა ამის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ უკან არაფერზე დაიხევდა, ოღონდ როგორმე დადასთვის აეცილებინა ხიფათი და თუ საჭირო გახდებოდა თავსაც შეაკლავდა.
საიდუმლო შესასვლელი არ უსწავლებია, თუმცა საუბარში ბევრჯერ ჩამოუგდეს სიტყვა, ვითომდა შემთხვევით, ხან იქიდან მოუარეს და ხან აქედან. უგო კი მაინც ჯიუტად არ ამხელდა. იქ რომ მივალთ უკან მომყევით და მაშინ გაიგებთო.
საშიშთვალებას სიბრაზისაგან თვალები უწვრილდებოდა და სახეც უჭარხლდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. გულში ფიქრობდა აი სულ რამდენიმე საათიც და თავისუფლად შევძლებ ვისუნთქოო. ამჯერად ბევრად უფრო მეტად იყო გამწარებული, უფრო მეტი სიშმაგით უნდოდა პატრონის განადგურება. არავის დატოვებდა ცოცხალს. დადას თვალწინ ღორივითი დაუკლავდა და მერე გამწარებულ პატრონსაც ზედ დააკლავდა. ასეთი იყო მისი გეგმა, პირველი დადა უნდა მომკვდარიყო და აუცილებლად პატრონის თვალწინ. აი, მთავარი ეს იყო მისთვის. 
საშიშ თვალება სიხარულისგან ცმუკავდა. ბედნიერი წუთების მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა.
ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ვიმსახურებ მშვიდად ვიცხოვროო.
LEX. 2016 წლის 22 მარტი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1720963644812592/?type=3&theater

No comments:

Post a Comment