Monday, January 29, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 83)

83.
„ყველას აქვს თავისი წარსული, მაგრამ იმას არ უნდა ჩაეჭიდო, რაც უკვე მოხდა. ან უნდა აჯობო შენს წარსულს და გაიმარჯვო! ან უნდა შეეგუო, რომ არაფერი აღარ შეიცვლება და წინ ვერ წახვალ. შეგუება კი, ერთ ადგილას გაყინვაა და ეს უკვე, დამარცხებაა!“
ისევ ბაბუს სიტყვები...
ნიავივით წამოუბერავდა სულში და დაწყობილ აზრებს სულ აუშრიალებდა.
„ეჰ, ბრძენი კაცი იყო, ცხონებული. 
და მაინც, სად ისწავლა ეს სიბრძნე? ნუთუ, ციხემ შეიძლება ამდენი განათლება მოგცეს? ჰმ.“
თავისივე ფიქრებზე პიპას ეღიმებოდა, და გული სევდანარევი სითბოთი ევსებოდა.
ახალგაზრდა პროფესორი, ლექციებზე არც თუ ისე ძვირფასად, მაგრამ კოხტად და სუფთად ჩაცმული დადიოდა. პატარა ოთხკუთხა ლინზებიან, მოოქროვილ, წვრილ ჩარჩოიან სათვალეს ატარებდა. ერთ დროს, თვალის ექიმმა დაუნიშნა, ბევრი კითხვისას თვალები ზედმეტად, რომ არ გადაექანცა. თუმცა, უკვე არც იმდენად სჭირდებოდა, მაგრამ ლექციის დროს მაინც ატარებდა. ხოლო როცა ინსტრუმენტის ასაწყობად იწვევდნენ ან მონასტერში ძმებთან ადიოდა, მაშინ ძალიან უბრალოდ იცვამდა და სათვალესაც, სახლში ტოვებდა და ამაში, არც არაფერი იყო განსაკუთრებული. სადაც საჭირო იყო, იქ უნდა წესიერად ჩაეცვა კიდეც და სადაც არა, ზედმეტი გადაპრანჭვა, რა საჭირო იყო?
ასე მიაჩნდა, ასე სწამდა და დარწმუნებულიც კი იყო ამაში.
„რაც არ უნდა მაღალ საფეხურზე ახვიდე, ზედმეტად არ უნდა გაიბღინძო, შენი ადამიანობა არ უნდა დაკარგო. ადამიანობა კი, სისადავეშია, ხოლო სისადავე კი, უბრალოებაში.“
და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მძაფრად იბეჭდავდა გულში ბაბუს დარიგებებს და უხაროდა, მისი დამსახურება იყო ასე, რომ გაუმართლა და ასე წარმატებულად დადგა ფეხზე.
- ხვალ რომ დასვენებაა? გამოცდა მაინც გვექნება?
ლექციაზე, ფიქრებში შორს წასული პიპა, წამიერად შეყოვნდა, მაგრამ მალევე უპასუხა:
- თუ დასვენებაა, მაშინ დაისვენეთ! და კიდევ ერთი დღეც გექნებათ, რომ კარგად მოემზადოთ! - ღიმილნარევი, გაყინული ხმით გამოუცხადა სტუდენტებს და აუდიტორია დატოვა.
სახლში მიიჩქაროდა. იქ, სადაც მისი სანატრელი, სანუკვარი ნივთი ელოდა.
„ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ის სიტყვები? ან ვის ეკუთვნის?“
სულ ეს ფიქრები უტრიალებდა თავში და დროსა და ენერგიას არ ზოგავდა, ისე ცდილობდა თითქმის დაშლილი, ლამის გამოუსადეგარი ინსტრუმენტი მწყობრში მოეყვანა. სურვილი ჰქონდა. პირველად ის ნაწარმოები დაეკრა, რაც მიმალულ ნოტების რვეულში აღმოაჩინა. ამიტომ გულდასმით ინახავდა და ერთი სული ჰქონდა, ეს ნატვრაც დროულად აესრულებინა.
მოძველებულ ტყავის შემოსაკრავში გამოკრული ნოტების რვეულს, ფურცლები სულ გაყვითლებოდა, ძლივს იკითხებოდა. ცარიელ ადგილებში ყვავილები და გულები იყო ჩახატული. 
პიპა მოუთმენლად ელოდა, რას ეტყოდა მისი უფროსი მეგობარი და კოლეგა, მოხუცი პროფესორი. ის კი, სათვალესთან ერთად, დიდი გამადიდებელი ლუპით ჩაჰკირკიტებდა ძველ ნაშრომს და თითქოს, თავის აწევას აღარც აპირებდა.
- გოგონას რვეულს უფრო უნდა ჰგავდეს. - როგორც იქნა ამოღერღა, ჩუმი ჩიფჩიფა ხმით.
- მეც მასე ვიფიქრე. ყვავილები, ჩიტები, გულები! - რვეულში უფრო გოგონას უნდა ჩაეხატა.
- ჰო. დიდი ხნის ნაშრომია. თანაც, ასეთი რვეულის გადასაკრავი კაი ხანია აღარ გამოდის. ალბათ, ოცდაათი წლის წინანდელი მაინც უნდა იყოს, შეიძლება მეტისაც.
- მართლა? ჰმ, რა საოცარია?!
- ალბათ, მისი დაწერილია და გადამალა, რომ არავის ენახა, მერე ალბათ, გადაავიწყდა კიდეც. უთუოდ, შეყვარებული გოგონას რვეულია, იმდენი გულები ხატია. მაგიტომაც მიმალა ასე. მოგვიანებით, ალბათ სულ სხვა შეიყვარა და აღარც გახსენებია. - ვერსიები მოაყარა მოხუცმა.
პიპას კი ეღიმებოდა.
„რა საოცარი რამ აღმოვაჩინე. ნეტა, ვინ არის ის გოგონა? 
გოგონა კი არა და ალბათ, ახლა დიდი ქალი იქნება. საინტერესოა, რა სახეს მიიღებს, თავისივე მიმალულ ბავშვურ ამბებს, რომ გავახსენებ, მაგრამ მანამდე, ჯერ ხომ უნდა გავიგო ვინ იყო და სად ცხოვრობდა? ან ახლა სად არის?“
ცხადია, ძებნა იმ ეზოდან უნდა დაეწყო, სადაც ეს ინსტრუმენტი ჩაუვარდა ხელში.
ეზოში შესვლისთანავე, ისევ იმ ბუზღუნა კაცს გადაეყარა და კიდევ ერთი საყვედური მიიღო მისგან.
- სად დაიკარგე? მთელი დღე გელოდე! წასასვლელი ვიყავი და შენი გულისთვის, დავრჩი! - მყისვე მიახალა და სახლისკენ წავიდა.
პიპა ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მაინც უკან მიჰყვა. რადგან, ინსტრუმენტის ყოფილი პატრონი იყო, შესაძლოა, რვეულის ავტორის ვინაობაც სცოდნოდა. პიპა სასტუმრო ოთახში გაჩერდა და მის თვალიერებას მოჰყვა. ავეჯი ჩვეულებრივი, ცოტა მოძველებული, ნივთებიც ასევე, არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული.
„ნეტავ სად იდგა? რომელ კუთხეში?“
პიპა ინსტრუმენტის ძველ ადგილ-სამყოფელს ეძებდა, მაგრამ თითქოს ჩანდა, რომ იქ არაფერი იყო შეცვლილი. ალბათ, სხვა ოთახში თუ იდგაო გაიფიქრა, თუ არა, სახლის პატრონიც ისევ ჯაჯღანით შემოვიდა და ისევ უსაყვედურა პიპას, თუმცა ამჯერად ცოტა მორიდებითა და დარცხვენით უთხრა:
- ახლა, ამ წუთას, ამის მეტი არ მაქვს, თუ არ გეჩქარება, ხვალ გამოიარე! - ცოტა არ იყოს, უხერხულად აიწურა კაცი. - ისე, თუ ძალიან გჭირდება დამელოდე, მეზობელს ვთხოვ, იქნებ მასესხოს! ვინ იცის მართლა, როგორ გჭირდება!
- არა! ფულისთვის არ მოვსულვარ! - გაეცინა პიპას. - უბრალოდ, შეკითხვა მაქვს. ფული მართლა არ მინდა!
- აბა რა გინდა? - ეჭვის თვალით ამოხედა კაცმა. - ის დანჭყრეული პიანინო, შენ არ გადააგდე? სამი დღე მალოდინე და მერე უცებ ისე წახვედი, რომ ფულის მოცემაც ვეღარ მოვასწარი.
- კი, მე წავიღე, მაგრამ ფული არ მინდა! მართლა, არ მინდა. უბრალოდ, რაღაც მინდა გკითხოთ.
- რადგან ფული არ გინდა. - კაცმა გაკვირვებით აიჩეჩა მხრები და სკამისკენ მიანიშნა.
პიპა შეეცადა აეხსნა, რომ არავითარი გასამრჯელო არ სჭირდებოდა, მხოლოდ ამ როიალის ყოფილ პატრონ ქალს ეძებდა. 
კაცი ახლა უფრო მეტად გაოცებული დარჩა. თუმცა, ბევრიც არაფერი იცოდა. ეს ბინა, თავის ავეჯიანად, წლების წინ შეუძენია. ის პიანინო კი, მაშინაც ასე მოუვლელი და გავერანებული ყოფილა. ზედა მეზობლისგან წყალი ჩამოსულა და მთელი ნაგავიც თურმე ზედ ეყარა. გასაყიდადაც არც გამოდგებოდა. არც არავინ წაიღო, არავის უნდოდა გაფუჭებული ინსტრუმენტი. მოგვიანებით, გადასაგდებად გარეთ გამოაგდო. ძლივს გაიხსენა ყოფილი სახლის პატრონის გვარიც. მეზობელიც დაიხმარა, მისივე ნათესავი ყოფილა.
პიპა კვალს მიჰყვა. მიაგნო კიდევაც ყოფილ პატრონს. შუახნის ქალი, გაკვირვებით შეხვდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ამ ქალის ყოფილა ის როიალი, მასაც ასევე ავეჯიანად შეუძენია, მხოლოდ იმ კაცისგან განსხვავებით მალევე გაუყიდია და მიზეზი, სწორედ ის ძველი პატარა როიალი ყოფილა.
- თქვენ უკრავდით? - მოურიდებლად ჰკითხა პიპამ.
- მეე? არა! რას ამბობთ! დაკვრაც წესიერად არ ვიცი, მაგრამ მაგას რა მიმაკარებდა!
ქალი ყოყმანობდა. არ იცოდა, მოეყოლა თუ არა, ვიღაც უცხო კაცისთვის, ის რაც იცოდა და რამაც ასე სასწრაფოდ დაათმობინა ახალ ნაყიდი, შედარებით იაფად ხელში ჩაგდებული ბინა.
პიპა მიხვდა, ქალის უნდობლობას და რაც შეიძლება დამაჯერებლად დაუწყო დამშვიდება:
- ჟურნალისტი ვარ! მინდა, პატარა ნოველა დავწერო, ძველი ქალაქის, ძველ ინსტრუმენტებზე და მათ ისტორიებზე. ამიტომ, სადაც კი რამეს წავაწყდი... ხომ გესმით? სახლი, ავეჯი, კედლებიც კი უამრავ ოჯახის საიდუმლოს ინახავს! - გაუღიმა სტუმარმა და თბილი, ალერსიანი თვალები შეანათა.
ქალი დამშვიდდა. ადვილად დაიჯერა, პიპას ეს მცირე ტყუილი. მარტოხელა ქალს, ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური და სასიამოვნო მოსაუბრე კაცი გამოუჩნდა. თანაც წიგნსაც წერს, მის მონათხრობსაც შეიტანს თავის წიგნში და მის გვარსაც მიუწერს. შესანიშნავი იყო.
ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ისე მხატვრულად აღწერა, რომ მართლაც წიგნის დასაწერად მშვენივრადაც გამოდგებოდა, მაგრამ აბა, ვინ წერდა წიგნს?
- თავიდანვე, გულმა რაღაც რეჩხი მიყო, როგორც კი იმ ოთახში შევედი. - უყვებოდა ქალი. - თითქოს, განცალკევებული საცხოვრებელი ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე დიდი, ნათელი და მზიანი. თუმცა, რატომღაც მხოლოდ მარტო მაგ ოთახს ჰქონდა დარაბები აჭედილი. ალბათ დიდი ხნით დაკეტილი რომ იყო უფრო მაგიტომ. თითქოს, ცალკე ბინასავით იყო ყველაფრით მოწყობილი, მარტო იმ ერთი ოთახისთვის. საპირფარეშოც იქვე იყო, იმავე ოთახიდან შეიძლებოდა შესვლა, ხოლო მეორე საერთო იყო ყველასთვის, ნუ მთლიანი ბინისთვის. ვფიქრობ, თავის დროზე იმ ოთახს აქირავებდნენ ალბათ, როგორც ცალკე, იზოლირებულ ბინას. თუმცა, შესასვლელი საერთო დერეფნიდან ჰქონდა. ავეჯიდან არაფერი იყო წაღებული, ყველაფერი ადგილზე იდგა. საწოლი, სკამები, სასადილო და საწერი მაგიდაც კი და ეს თქვენთვის საინტერესო ინსტრუმენტიც შუა ოთახიდან მოშორებით, ოთახის კუთხისკენ იდგა.
პიპა სულგანაბული უსმენდა. ქალი კი ენას არ აჩერებდა და ცდილობდა, არაფერი გამორჩენოდა.
- როგორც კი შევხედე ჭერზე, პიანინოს თავზე კაუჭს, მაშინვე გულში ცუდად გამკრა და მართალიც აღმოვჩნდი! - განაგრძობდა ქალი. - თურმე თავის დროზე, ოთახების რეკონსტრუქცია როცა შეუცვლიათ, ის ჭაღის დასაკიდი კაუჭი, ოთახის კიდისკენ აღმოჩნდა. სულ უნდოდათ მისი მოშორება და ვერა და ვერ მოაბეს თავი. როიალზე სკამები შეუდგამს და სწორედ იმ კაუჭზე, უპოვნიათ ჩამოკიდებული ის საცოდავი ბავშვი.
LEX. 2017 წლის 14 ივნისი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1921448568097431

No comments:

Post a Comment