Monday, January 29, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 84)

84.
- არა, რაა!! აშკარად, პირადი შურისძიებაა! - ფიფომ თავი გააქნია. - თავიდანვეც, ასე გვეგონა, ხომ გახსოვს?
- რა? აბა გამახსენე. - ჩაეკითხა მხატვარი.
- მკვლელის პორტრეტს, რომ ვქმნიდით! - მიუგო ფიფომ. - მაშინ ხომ ჩამოვაყალიბეთ, რომ რადგან, სიკეთისა და ბოროტების გრძნობა, ბევრად უფრო ძლიერად აქვს გამძაფრებული...
- მერე? - ვეღარ ითმენდა მხატვარი.
- თუ დამაცდი, გეტყვი! - ჩაეღიმა ფიფოს. - თავად ახდენს სამართალს! თავად გამოაქვს განაჩენი და სასჯელიც, თავადვე მოჰყავს სისრულეში! და ამით მას ჰგონია, რომ ეხმარება საზოგადოებას! გარეწრებისგან წმენდს ქვეყანას და ეს „კეთილშობილი“ და „ხალხზე მზრუნველი“ გარეწარი კი, სინამდვილეში სერიულ მკვლელად იქცა!
- ეეე, ეგ ხომ უკვე, მილიონჯერ განვიხილეთ და დავადგინეთ! – უკმაყოფილოდ მოიღუშა მხატვარი. - რა გჭირს, ფიფო? რა ძველი ფირივით ჩაიხვიე?! 
- ხომ გითხარი, თუ მათქმევინებ ბოლომდე სათქმელს, გაიგებ რის თქმაც მინდა!
- კაი, ხო თქვი.
- ეს პირადი შურისძიებაა! არავითარი საზოგადოებაზე ზრუნვა და დახმარება! მხოლოდ საკუთარი გულისტკივილი! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - და რომ იცოდე, ფსიქოპათია, ხუთი წლიდან იწყება, თურმე. თუმცა, შეიძლება ინდივიდუალურიც იყოს! ან იქნებ, მასეც არის და ვინ როდის გამოამჟღავნებს ამ ჩაბუდებულ გრძნობას საქმეში, კერძოდ კი,  დანაშაულში... - ფიფო გაჩუმდა.
შუა საუბარში უცაბედად, მხატვრის უკმაყოფილო სახეს, რომ წააწყდა, დადუმება ამჯობინა. მიხვდა, ეს ისედაც ბევრჯერ ნათქვამი, გააზრებული, გადაღეჭილი და მართლაც, რომ ძველებური პატეფონის ერთი და იმავე სტროფის ნამღერი უფრო იყო, ვიდრე რამე ახლის აღმოჩენა.
მოღუშული, სისულელეების ჩამდენი პატარა ბავშვივით იჯდა ფიფო სავარძელში და თითქოს ელოდა, როდის დატუქსავდნენ. შესაბრალისი სანახავი იყო.
- შენ მართლა გადაგიყოლებს ეს საქმე. - მშვიდი ხმით უთხრა მხატვარმა.
ფიფო კვლავ დუმდა.
თენდებოდა.
თვის ბოლო შაბათი თენდებოდა და ამან უფრო დააფრთხო ბიჭები, საშინლად ინერვიულეს მიმის გაუჩინარებაზე. კიდევ კარგი, ბოლოს როგორც იქნა, გამოჩნდა. ეს ერთი სადარდებელი მაინც მოაკლდათ და ახლა ისევ საქმის განხილვას დაუბრუნდნენ, თუმცა რა განხილვას? სულ ერთი და იმავეს უკვე მერამდენეჯერ? ბოლო არ უჩანდა.
მხატვარი წამოდგა, გაიზმორა. ფანჯარას გახედა. მერე ფიფოს შეხედა:
- რაღაც უნდა გითხრა.
- რა? - უხასიათოდ ჰკითხა ფიფომ.
- აუ ძაან მაგარი დილაა, წამო რა გავიდეთ სადმე.
ფიფომ ხელი ჩაიქნია, სულაც არ იყო სეირნობის ხასიათზე.
- წამო რა, ის სადარბაზო დავლაშქროთ! ჰა? - არ მოეშვა მხატვარი.
ყოველთვის ზანტი მხატვარი, რომელსაც სახელოსნოდან ასე ადვილად ვერ გაატევდი, ახლა გამთენიისას, აქტიურად მოითხოვდა სეირნობას და არ ეშვებოდა მეგობარს.
- ეჰ, კაი რაა!! რამდენჯერ გადავჩხრიკეთ! თანაც, ამ დილა უთენია. - აწუწუნდა ფიფო.
- შენ, სხვანაირად გადაჩხრიკე! - თითქოს, ნიშნის მოგებით მიახალა მხატვარმა.
- აუჰ! სხვანაირად როგორ, ვითომ?
- შენ რომ იცოდე, მაგ სახლს რამდენი გასაძრომ-გამოსაძრომი აქვს?!
- და შენ რა იცი? ყოფილხარ?
- ადე, ადე, წამო და მოგიყვები გზაში.
ფიფო ზლაზვნით წამოდგა. არსად უაზროდ ბოდიალის თავი არ ჰქონდა, მაგრამ სახელოსნოშიც ერთი და იმავეს ტკეპნაც, უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა.
- იცი, კიდევ რა ვიფიქრე?
- აბა? ისევ შენ, თორემ მე უკვე გამისკდა თავი. - ჩაეღიმა ფიფოს.
- რა და, ეს მკვლელი, ხომ გაიზარდა ბავშვთა სახლში, მთელი ცხოვრება, სკოლაც იქ დაამთავრა.
- ჰო, მერე?
- ისე, არც ერთი მსხვერპლი არ ჩანს იქაური თანამშრომელი. იქაც ხომ არ იყო დალხენილი? საკმაოდ ცუდ პირობებში იზრდებოდა, რადგან ომის პერიოდი იყო, ქვეყანას უჭირდა, სიცივე, შიმშილი, არც გაზი, არც შუქი და კიდევ სადღაც თავშესაფრის პირობები.
- მაგაზეც ადრეც ვილაპარაკეთ. ვინც იქამდე მიიყვანა, რომ იქ ეცხოვრა, მხოლოდ იმ ხალხს უხდის სამაგიეროს. თავიდან ვიფიქრე, რომ ბავშვზე ძალადობის შედეგი იყო ეს მკვლელობები, მაგრამ დრო მაინც მაფიქრებს, ყველა ვარიანტში მაფიქრებს!
- იქნებ, ციხეში იჯდა? გამოვიდა მერე და შეუბერა!
- მეც ვიფიქრე, ვეძებე კიდევაც, მაგრამ არც იმ გოგონას გვარით და არც იმ გოგონას დედის გვარით, რომლითაც ეს ბავშვი დაბადებიდან დააფიქსირეს, არც მერე, როდესაც იშვილეს - არც იმ ქალის გვარით და არც იმ ქალის ქმრის გვარით, მსგავსი არავინ არსად არ არის შემჩნეულიც კი!
- მდაა.
- და არც გვარის გამოცვლის ჩანაწერები არსებობს. სამოქალაქო ომის შედეგად ისე დაიწვა და განადგურდა. შეიძლება, თავადაც მოახერხა განადგურება, დროც შესაფერისი იყო.
- ჰმ! ნეტა მაინც რომელ გვარს აირჩევდა?
- აუჰ, ეგ რა კარგი რამ სთქვი. რა უნდა მაგის გამოცნობას, რომელ გვარს აირჩევდა სერიული მკვლელი! - ფიფომ სიცილი დააყარა.
მხატვარს მისკენ არც გაუხედავს ისე მიმართა:
- მე, ღობეგლეჯიაშვილს ავირჩევდი! ვერავინ მოვიდოდა აზრზე ასე მოვეძებნე!
მხატვარს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ფიფო სიცილისგან ჩაბჟირდა.
ის იყო გასვლა დააპირეს, რომ ფიფოს დაურეკეს.
მორიგი მკვლელობა იყო.
თვის ბოლო შაბათი თენდებოდა.

***
მთელი ცხოვრება წარმატებისკენ მიისწრაფვოდა და ძალიან გვიან მიხვდა, რომ წარმატება, ყველაფერი არ არის ცხოვრებაში. მთავარია ბედი! ის დამპალი იღბალი, რომელიც შენს აწყობილ ცხოვრებას, ან დაალაგებს, ან ისე ამოაყირავებს და გაანადგურებს, რომ მისი გაფანტული ნანგრევების კვალსაც, ვეღარსად მიაგნებ.
თავის განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა პიპა და ახალ ნაწვიმარ ტრასაზე, მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მიმის მანქანას.
პარასკევი დილა იყო, შაბათისთვის უკვე ყველაფერი კარგად გააზრებული, დაგეგმილი და მომზადებული ჰქონდა. ახლა მთავარი იყო, კარგ ალიბზეც ეზრუნა. ყველაზე ხელსაყრელი კი, ისევ მიმისთან შეხვედრა იქნებოდა და არც შემცდარა. 
მიმი დაუფიქრებლად დათანხმდა შეხვედრაზე, წესიერად არც უკითხავს და ვერც პასუხი მიიღო, თუ სად მიდიოდნენ. არც ზედმეტადაც აღარ ჩაეკითხა, როცა პიპამ გამთენიისას დაურეკა და ახალი დღის დადგომა ახარა.
მიმი ბედნიერი იყო.
მართალია ტელეფონის ზარმა, დილის ძილი დაუფრთხო, უთენია გააღვიძა, მაგრამ მთავარი ის იყო, თუ ვინ გიფრთხობდა ამ ძილს!
- გილოცავ! - მიმის ხმის გაგონებისთანავე მიახალა პიპამ და არც აცალა კითხვის დასმა, თუ რას ულოცავდა, თავადვე გასცა პასუხიც და კითხვაც იქეთ დაუსვა. - ახალი დღის დადგომას გილოცავ! კიდევ ერთი დილა გვაჩუქა უფალმა და რამდენი წუთი იქნება საჭირო, რომ გამოეწყო და ქვემოთ ჩამოხვიდე? 
და სანამ მიმი, გონებაში გადათვლიდა, რამდენი დრო დასჭირდებოდა მის მორთვა-მოკაზმვას, იმის და მიხედვით, თუ სად მიდიოდა, თუმცა არც ეგ არ იცოდა, ისევ პიპამ დაასწრო:
- კედები ჩაიცვი!
მიმი წამით შეცბუნდა.
„ჰმ, კედები? ჰოოო. უკვე გასაგებია, როგორი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა, მაგრამ რომელი ერთი?“
მიმის წესიერად თვალიც არ ჰქონდა გახელილი და ისე დაბნეული ათვალიერებდა ტანსაცმელს.
„მაგას ჰგონია, რადგან კედების ჩაცმა მთხოვა, ერთი წყვილი მაქვს მარტო? ან რომელი ერთი სამოსი უნდა შევუფერო? 
ჰმ! ვითომ, საქმე გამიადვილა.
მაინც, რა საყვარელიაააა!!!
არა, მე კი არ გამიადვილა, არამედ თავისი საქმეც მოიწყო, რომ დიდხანს არ ვალოდინო და არ ვაყურყუტო! ჰაჰა!
მაინც რა საყვარლად გამოუვიდა!
როგორ უცებ იცის ხოლმე, ყველაფრის გათვლა და მოგვარება!“
პიპამ კიდევ ერთხელ დაურეკა. სანამ მიმი ხმას ამოიღებდა, უკვე მოვდივარო, ისევ პიპამ დაასწრო:
- მობილური, შეგიძლია გამორთო და სახლშიც დატოვო! არ დაგჭირდება! გელოდები! - პიპას ხმა ძალიან თბილი, ცოტაც მბრძანებლური და მტკიცე იყო.
მიმის ზედმეტი შეკითხვა აღარ დაუსვამს, ტელეფონი გამორთო და შეეცადა, რაც შეიძლება დროულად მოკაზმულიყო, მაგრამ სახლიდან გამოსატევად მთელი საათი მაინც დასჭირდა.
პიპას არ სწყენია, არც უსაყვედურია, ამიტომაც გათვალა ასე დრო და უთენია დაადგა თავზე.
- სად მივდივართ? - მიმი ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
პიპამ მხოლოდ გაუღიმა და მძღოლის გვერდით მიანიშნა ადგილზე. მიმიმ უხმოდ გადასცა მანქანის გასაღები.
- ჯერ ბენზინი მოვიმარაგოთ ხომ? - ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა პიპამ. ამით მიანიშნა, შორი გზა გვაქვსო.
მიმი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს.
მანქანა შეუჩერებლივ მიჰქროდა. რა ხანია, უკან მოიტოვეს ქალაქიც და მისი შემოგარენიც, მთავარი ტრასიდან უკვე სულ სხვა გზაზე გადაუხვიეს, სოფლებსაც გასცდნენ, გზას ბოლო არ უჩანდა. პიპა კარგი მძღოლი აღმოჩნდა, მიმის მანქანაც საკმაოდ კარგად გამართული ჰქონდა. მგზავრობა რთული არ იყო, მაგრამ ბოლოს ცოტა არ იყოს, მოსაწყენიც გახდა.
უკვე კარგა ხანია, სოფლებიც ჩამოიტოვეს, სადღაც გზაზე მიჰქროდნენ და თითქოს ბოლო არ უჩანდა. მერე ერთ დიდ ნასოფლარსაც გასცდნენ, რომლის განაპირა ბორცვზე, საკმაოდ მოძველებული სასაფლაო იყო შეფენილი. მახლობლად, პატარა საყდარიც იყო, უფრო მოშორებით კი სათბურები და რაღაც მეურნეობა შენიშნა მიმიმ.
პიპამ სვლა შეანელა და პირდაპირ იმ სათბურებს მიადგა.
- მოვედით! როგორც იქნა! - გაუღიმა პიპამ ნირწამხდარ გოგოს.
მიმის არაფერი უთქვამს, ჩუმად გადმოვიდა მანქანიდან. იქაურობას თვალი მოავლო. სუფთა ჰაერმა და ბუნების სილამაზემ, ცოტა შვება მოჰგვარა. პიპაზე უკვე იმდენად აღარ ბრაზობდა. თუმცა, არც არაფერი გამოუხატავს, მაგრამ ვერც ფარავდა.
რამდენიმე წუთში კი უკვე მიმი, ჩრდილში გაფენილ ჰამაკზე ნებივრობდა და ნეტარი ღიმილით ადევნებდა თვალს, ეზოში მოფუსფუსე ხალხს. კერძებისა და ახლად გამომცხვარი პურის მადისაღმძვრელი სურნელი, ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა.
მიხვდა, პიპამ სადღაც თავისიანებთან მიიყვანა, მაგრამ დედასთან, თუ მამასთან, ვერაფერი გაარკვია, თუმცა არც უკითხავს.
ეს ერთადერთი ოჯახიღა იყო მარტო აქ შემორჩენილი. შორიახლო, სულ დაცლილი სოფლებით იყო სავსე. საყდრიდან მოშორებით, ზემოთ, მაღლა ხეობაში მონასტერი იყო ჩაფლული.
პიპამ მიმის მოუბოდიშა, დღეს ძალიან მჭირდებოდა მეგობრის თანადგომა და მხოლოდ შენ შეგარჩიეო.
- მხოლოდ ის შევარჩიე, ვინც... - პიპა გაჩუმდა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
ამან მიმი უფრო გაახალისა. ძლიერ გაუხარდა, იმის გაგება, რომ პიპასთვის, თურმე ნამდვილად არ იყო სულ ერთი, თუ ვისთან ერთად ამოვიდოდა აქ. ამ წმინდა ადგილას, სადაც მისი ბაბუა და უფროსი ძმა იყო დასაფლავებული.
სტუმრებმა კარგად მოილხინეს. მიმის შინაურული ღვინო, დააგემოვნებინეს. ამაზეც პიპამ იზრუნა, თავად არ სვამდა, მიმი კი, მშვენივრად შეათრო.
უკან გზაზეც პიპა მართავდა მანქანას.
ისტორია განმეორდა. მიმის ისევ მანქანაში ეძინა, მაგრამ ამჯერად კარგად შეზარხოშებულს, პიპა კი მორიგი მკვლელობის ჩასადენად ემზადებოდა.
შაბათი დილა თენდებოდა.
LEX. 2017 წლის 25 ივნისი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1927168224192132

No comments:

Post a Comment