5.
ეზოს სიღრმეში სახლის პირველ სართულზე მხატვარს, ერთი დიდი ოთახი ეჭირა.
მიმი ინტერესით ათვალიერებდა ნახატებით მოჭედილ კედლებს.
- ჩემმა ჩაცმულობა მიგახვედრათ, თუ რომელიმე გამოფენიდან მიცნობთ? - ღიმილით მიუთითა მასპინძელმა სავარძელზე და დიდი მწვანე, მუცელგაბერილი ფინჯანი მიაწოდა.
საკუთარ თავზე არანაკლებ გაოგნებულმა გოგომ მხრები გაოცებით აიჩეჩა, - არაფერი მსმენია თქვენზეო.
- მმმ... სასიამოვნო სურნელი აქვს. – მიმიმ ყავის სურნელი ხარბად ჩაისუნთქა და მერე გემრიელადაც მოსვა.
- ასეთ ყავას აქ ვერ ნახავთ, სპეციალურად კოლუმბიიდან მიგზავნიან.
- ჰოო?
ოთახში სასიამოვნოდ გრილოდა. მიმი რბილ სავარძელში ჩაეფლო და თვალი იქვე აყუდებულ ვიოლინოზე გაუშეშდა. მხატვარმა დაასწრო:
- არა, მე არ ვუკრავ, ნატურმორტისთვის მჭირდებოდა, თანაც ისეა მოძველებული, ალბათ აღარც დაუკრავს.
მიმი ფიქრებში წავიდა.
„ძველი ვიოლინო... ძველი პიანინო...“
პიანინოს გახსენებამ, იმ ძველ სადარბაზოში დააბრუნა და რაღაც არასასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა ტანში. ახლაღა მოაგონდა მანქანაში მიგდებული ტელეფონი. წამოდგა თუ არა, მაშინვე თვალთ დაუბნელდა, მუხლებში სისუსტე იგრძნო. თავი რომ შეემაგრებინა პირველივე რასაც წაეტანა, პატარა მაგიდიდან ჩამოშვებული გრძელი ტილო იყო, რამაც ყველაფერი, რაც იმ მაგიდაზე, ტილოს ზემოდან იყო მოქცეული, ძირს გადმოაპირქვავა, ქვემოთ მოიყოლა ახალ დასხმულ საღებავებით სავსე პალიტრა და ყველაფერ ამას, ბოლოს მოლბერტიც ზედ დაეცა.
მიმი საშინლად შეწუხდა.
- ისევ და ისევ! მხოლოდ ქალს თუ შეუძლია გაგანადგუროს და ერთ წამში, თავზე დაგამხოს ყველაფერი!
მასპინძელს თავიდან ცოტა უკმაყოფილოდ, შემდეგ კი ხმაში ირონიაც შეეპარა და ბოლოს, კი სიცილი აუტყდა.
მიმიც ვითომ აჰყვა, მაგრამ ძალდატანებითი სიცილი უფრო გამოუვიდა. ძლიერ იყო შეწუხებული და საშინელ უხერხულობას გრძნობდა, დახმარებაც კი შესთავაზა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო:
- შენ კიდევ რაიმე არ ამიფეთქო. სჯობს სავარძელს დაუბრუნდე! მე თვითონ მივხედავ!
მხატვარი ალაგებას შეუდგა, მერე საყინულედან გამოღებული შოკოლადი მიაწოდა სტუმარს:
- სპეციალურად ვყინავ, მერე გემრიელად კნატუნობს. ცოტა ფერზეც მოგიყვანს.
მიმი უხერხულად შეიშმუშნა:
- არ ვიცი ასეთი რა მეცა, ასე არასდროს...
- ემოციების ბრალია. ხდება ხოლმე. - ღიმილით გააწყვეტინა მხატვარმა.
„ყველაფერი უცნაური მე, როგორ უნდა დამემართოს?“
ბრაზობდა მიმი საკუთარ თავზე და გემრიელად აკნატუნებდა გაყინულ შოკოლადს. ცხვირში კი, სამზარეულოდან გამოსული შემწვარი კარტოფილის სუნი სასიამოვნოდ უღიტინებდა.
დილით ყოველთვის უსაუზმოდ მიდიოდა სამსახურში და იქ ლანჩის დროს ახერხებდა ესადილა. დღეს კი ესეც არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, საინტერესო ადამიანი გაიცნო.
„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო და აი კინაღამ ვემსხვერპლე კიდევაც.“
გაივლო მიმიმ გულში.
„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო და აი კინაღამ ვემსხვერპლე კიდევაც.“
გაივლო მიმიმ გულში.
- სამწუხაროდ, დღეს სადილზე მისაყოლებელი სასმელი, მხოლოდ ატმის კომპოტი იქნება. - ღიმილით მოუბოდიშა მხატვარმა. - სამაგიეროდ საკმაოდ ცივია და ცხელი ზაფხულისთვის, სასიამოვნო სასმელია.
- მშვენიერია! მეც სიამოვნებით მივირთმევ.
მიმიმ იმდენად შინაურულად იგრძნო თავი, რომ თითქოს, დიდი ხნის მეგობართან ყოფილიყო სტუმრად და ახლა უფრო გულდასმით შეუდგა სახელოსნოს დათვალიერებას.
კედლის ერთ კუთხეში სხვადასხვა ზომის პატარა ნიღბები იყო გაკრული.
- ესეც თქვენი ნამუშევრებია?
- არა, ეს ვენეციური ნიღბებია. ვენეციიდან არის ჩამოტანილი. ჩემი პატარა კოლექციის ნაწილია.
მხატვარმა ერთი ცოტა დიდი ზომის ნიღაბი ჩამოიღო და სახეზე მოირგო.
ნიღბიანმა სახემ და მისგან მომზირალმა თვალებმა, ის ნაპრალიდან მომზირალი თვალები გაახსენა და უნებურად უკან გახტა.
მხატვარი ხვდებოდა რაღაცაში იყო საქმე. მის უცნაურ სტუმარს, რაღაც სერიოზულად აწუხებდა.
- ალბათ, სრულ ჭკუაზე არ გგონივარ ხომ? - გაბზარული ხმით წაიჩურჩულა მიმიმ.
მხატვარს გაეღიმა:
- მომიყევი. თუ მენდობი.
მიმიმ ამოიხვნეშა. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ისიც კი უთხრა, თუ როგორ დაუმალა ფიფოს ეს ამბავი და თანაც, სინდისის ქენჯნასაც რომ არ გრძნობდა.
მხატვარი ერთხანს ჩაფიქრდა და მერე უცებ უთხრა:
- გინდა ერთად გავარკვიოთ ვინ არის?
მიმიმ სიხარულით დაუქნია თავი და შვებით ამოისუნთქა. ის რაც, ამდენ ხანს გულზე ლოდივით აწვა და აქამდე ვერავის გაუმხილა, ახლა სრულიად უცხო ადამიანთან ამოხეთქა და გულზეც მოეშვა.
სახლში გვიან დაბრუნებულს, დედის საყვედურებისათვის ყურადღებაც არც მიუქცევია, ისე შეიკეტა თავის ოთახში და ფიფოს ზარებითა და მესიჯებით გაჭედილი ტელეფონიც იქვე მიაგდო.
„ხვალ დავურეკავ.“
გაიფიქრა და დღის განცდილი ემოციებისგან დაღლილს, საყვარელ ბალიშზე ტკბილად ჩაეძინა.
LEX·2016 წლის 23 აპრილი, შაბათი.
No comments:
Post a Comment