Saturday, January 13, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 6)

6. 
ფიფო ცოფებს ყრიდა. სამსახურშიც უამრავი პრობლემა დაუგროვდა. რამდენიმე გაუხსნელი საქმე კისერზე აწვა. ცალკე, უფროსობა აჩქარებდა და მოსვენებას არ აძლევდა და ცალკე კი, მიმის უპასუხისმგებლობაზე ეშლებოდა ნერვები. მიუხედავად დატვირთული მუშაობისა, მაინც მოახერხა და ოთხჯერ მიაკითხა სახლში. სამსახურშიც გაუარა, რადგან მიმის მობილური, რატომღაც სულ გამორთული ჰქონდა. სახლის ტელეფონზეც ბევრჯერ ურეკა და სულ მიმის დედასთან უხდებოდა საუბარი, რომელმაც არც კი იცოდა, მიმი როდის ბრუნდებოდა სახლში.
„ამხელა გოგო სახლიდან გადის და ერთს არ დაიბარებს სად მიდის? ვისთან მიდის, ან როდის დაბრუნდება? ტელეფონის აღებასაც კი არ კადრულობს, თუმცა ხშირად გამორთული რატომღა აქვს? 
იქნებ, მხოლოდ ჩემი ნომერი დაბლოკა? 
კი მაგრამ რატომ? რა დავუშავე?“ 
ფიქრი, შემოსულმა თანამშრომელმა გააწყვეტინა. ახალი მკვლელობის ამბავი ისეთი მხიარული სახით აუწყა, რომ ფიფომ ისიც კი გაიფიქრა, ნეტა რა უხარია ამ უბედურსო. 
და მოულოდნელად, დანაშულის ადგილზე მისულს მიმიმ დაურეკა, ერთად ვისადილოთო. 
ფიფო სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას. 
- მეგობართან ვიყავი. მეგონა, ტელეფონი დავკარგე და თურმე, მანქანაში სკამის ქვეშ ჩავარდნილა. - უმნიშვნელო, პატარა ტყუილით მოახერხა მიმიმ თავის დაძვრენა.
ფიფო ცოტას უბღვერდა, მაგრამ თვალები მაინც ბედნიერებისგან უბრწყინავდა. მიმის ეს არ გამოჰპარვია და თავისთვის ეშმაკურად ეღიმებოდა. 
- შენ არასდროს არ მკითხულობ. არც კი მირეკავ. სულ მე ვაქტიურობ. დღეს კი რაღაც მოხდა ხომ? როგორც იქნა, გაბედე და მომიკითხე. – ბურდღუნებდა ფიფო და თან გული, სიხარულით ევსებოდა.
- რა ვიცი. სულ შენ მასწრებ ხოლმე დარეკვას. ისედაც ვიცი როგორი სამუშაო გაქვს, ზედმეტად არც გაწუხებ. - თავის გამართლებას ცდილობდა მიმი. 
- ალბათ ძაან მიგაჩვიე ჩემს განუწყვეტელ ზარებს. იქნებ, თავიც შეგაწყინე? 
- არა, რას ამბობ! მეც სულ გადარბენაზე ვარ. აი დღეს თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მინდოდა შენთან, სამსახურში გამომევლო, მაგრამ მერე თავი შევიკავე. რატომღაც ვიფიქრე, რომ... 
- მერე მოსულიყავი! - ფიფო სიხარულისგან აწრიალდა. - ჩემს თანამშრომლებს გაგაცნობდი.
მიმის გაეღიმა: 
- ახლაც ალბათ საინტერესო საქმეს მოგწყვიტე?
ფიფომ თავი გადასწია უკან და დაღლილი ხმით წარმოთქვა: 
- საკმაოდ რთული და კი საინტერესოც არის, რა თქმა უნდა...
საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. უფროსობა იბარებდა. სასწრაფოდ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. 
ფიფო მოიღუშა. არ უნდოდა წასვლა. მიმი არ ეთმობოდა, თანაც ძლივს მიმის თავისუფალი დღე გამოუჩნდა და თან, თავად შესთავაზა შეხვედრა. 
„წავა ახლა დაქალებში ჩაჯდება და ტელეფონსაც არ აიღებს. მე კი ნერვები უნდა ვიშალო.“
- შეიძლება მეც წამოვიდე? თუ რა თქმა უნდა, ხელს არ შეგიშლი?
ფიფო ძალიან გაახარა იმან, რომ მიმიმ, საკუთარი ინიციატივით შესთავაზა, სამსახურში წაყვანა. სიამაყით ჩაატარა დერეფანში და თავის კაბინეტში შეუძღვა. გრძნობდა მიმის შემხედვარე, რამდენს დაუდგებოდა თვალი. 
მიმი ფიფოს მაგიდასთან მოკალათდა: 
- ესე იგი, აქედან იძლევით ბრძანებებს, ბატონო ფიფია?! 
კარგა ხანია უკვე ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ მიმის არასდროს გამოუჩენია ინიციატივა, რომ ფიფოს საქმიანობაზე, უფრო მეტი რამ გაეგო. იცოდა, ვინც იყო და სადაც მუშაობდა და მეტად აღარც დაინტერესებულა.
იყო რაღაც ზღვარი მათ შორის, უხილავი და შეუცნობელი. თითქოს, ერთად იყვნენ და მაინც იყო რაღაც ისეთი სიშორე, რომელიც ახლოს მისვლის უფლებას უნებურად უზღუდავდა. როცა ამ დროს, სულ რამდენიმე წუთის გაცნობილ მხატვართან, ბევრად უფრო მეტი სიახლოვე და თავისუფლება იგრძნო, ვიდრე ფიფოსთან გრძნობდა, თუნდაც ახლა. 
არა, ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. რაღაც უნდა შეეცვალა. რა ფასი ჰქონდა ასეთ მეგობრობას, როცა რაღაც დაფარული იქნებოდა მათ შორის. იქნებ მართლაც, მის მიერ აღმოჩენილი სადარბაზოს უჩინარი ბინადარი, საშიში ბოროტმოქმედია? თანაც მიმის უკვე, სახეზეც კარგად იცნობს.
ხომ შეიძლება რომ ერთ დღესაც, თავს დაესხას და... 
არა, არა! უნდა მოუყვეს! აუცილებლად უნდა უთხრას. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ყველაფერი დაწვრილებით უნდა მოუყვეს და თან, როგორმე ისე უნდა შეაპაროს, რომ მეგობარს გული არ ეტკინოს მის უნდობლობაზე და არაფერი ეწყინოს. 
- შეიძლება გკითხო? - მშვიდი ხმით დაიწყო მიმიმ. - იმ დღეს, როდესაც პირველად გნახე... 
- სადარბაზოში რომ თავს დაგესხით, ის ამბავი გაინტერესებს? – სიცილით უპასუხა ფიფომ. 
მიმის ოდნავ გაეღიმა. 
ფიფომ კი ისევ სიცილითვე განაგრძო: 
- არა მაინც როგორ არ შეგეშინდა? მარტოს იქ რა გინდოდა?  
- და ხომ მოგიყევი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი. 
- ჰოდა, ახლა შენი ჯერია! - განაგრძო მიმიმ. - შენ მომიყევი, რა ხდებოდა და ვის მისდევდით ასე გაშმაგებულნი? 
ფიფომ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ ისევ ტელეფონის ზარი. 
დამნაშავე ბავშვივით წარბშეკრული უსმენდა უფროსობის საყვედურს, მერე კი შეწუხებული სახით მიმის მიუბრუნდა: 
- მოდი რაა, ჯერ ამ ახალ საქმეს მივხედავ და იმას მერე, აუცილებლად მოგიყვები, კარგი? 
- გინდა, მეც დაგეხმარები? - მხიარულად აწრიპინდა მიმი.
- რა თქმა უნდა! აბა უშენოდ, არაფერი გამომივა! 
მიმის გულიანად გაეცინა. 
LEX·2016 წლის 23 აპრილი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1735930159982607/?type=3&theater

No comments:

Post a Comment