Saturday, January 13, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 7)

7.
რთული წელიწადი დაუდგა ფიფოს. ჯერ ერთი საქმე არ ჰქონდა მოთავებული, რომ კიდევ სხვა, ახალი ემატებოდა და ამ მატებაში გაუხსნელი, ძველი საქმეების გროვას ბოლო არ უჩანდა. ვერაფერს თავი ვერ მოაბა. ყოველი ახალი საქმე, ახლებურად და წინანდელზე უფრო მეტად იყო ჩახლართული. 
კიდევ კარგი, მის ცხოვრებაში მიმი მაინც გამოჩნდა, ერთადერთი ნათელი სხივი, მთელი წლის მანძილზე. 
სიყვარულით შეჰყურებდა მიმის პროფილს, თუ როგორი დიდი ინტერესით ათვალიერებდა დანაშაულის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს. 
„ვითომ რამე გაეგება, ისეთი გულისყურით უყურებს, არაფერი გამომეპაროსო.“ 
ეღიმებოდა გულში ბიჭს.
ფოტოზე გამოსახული მსხვერპლი, შუახნის ღიპიანი მამაკაცი იყო. ცალი ფეხსაცმელი დაკარგვოდა, მტვრიანი პერანგი ეცვა და მუხლებთან შემოგლეჯილი შავი დასვრილი შარვალი. სახეზე შემხმარი ტალახი ნიღაბივით ეკეთა.
მიმიმ გაკვირვებულმა იკითხა:
- ტალახი რატომღა წაუსვეს? ეს რამეს ხომ არ ნიშნავს? 
- ხედავ? ფოტოს კუთხეში, სულ პატარა გუბურაა ნახევრად ამომშრალი. - ფიფო ახსნას შეეცადა. - აი, სწორედ მანდ ჩაახრჩეს და მერე მკვლელმა ამოაბრუნა, ამიტომაც ტალახი ასე შეახმა სახეზე. 
- მე კი მეგონა, რომ სპეციალურად ესვა ასე ტალახი. 
- კლოუნი კი არ იყო, გრიმი რომ წაესვათ! - გულიანად გაეცინა ფიფოს.
- რა შუაშია კლოუნი? - იწყინა მიმიმ. - ხომ შეიძლება, რომ სპეციალურად წაუსვან, რომ ვითომ... ვითომ, როგორც მკვლელის ხელწერა!
- კარგი რა მიმი, რაა!.. - აბურდღუნდა ფიფო. - ახლა შენი ვერსიებიღა მაკლია. უჰ! ძაან ვარ გადაღლილი, ისედაც არეული მაქვს ტვინი! 
ფიფი წუწუნს მოჰყვა თუ არა, უმალ მიხვდა, მიმი რომ გაანაწყენა და რაც შეიძლებოდა, თბილი ხმით მიმართა:
- გინდა რამე გემრიელი ამოვატანინო?
მიმიმ მხრები აიჩეჩა და ისევ მონიტორს მიაჩერდა.
- თუ გინდა სხვა ფოტოებიც დაათვალიერო, აი ამ საქაღალდეში ნახე. - თითით მიანიშნა ფიფომ და კაბინეტიდან გავიდა.
საქაღალდეში კიდევ რამდენიმე ასეთივე, სხვადასხვა დროს დათარიღებული ფაილები, სავსე იყო დანაშაულის ადგილიდან გადაღებული ფოტოებით. მიმის ძალიან უნდოდა ფიფოს საქმეებში თავი გამოეჩინა და რაც შეიძლებოდა, უფრო მეტად აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს. იქნებ, რამე ისეთი აღმოეჩინა, რაც ფიფოს და მის თანამშრომლებს, შემთხვევით გაეპარათ და უნებურად, არც კი მიაქციეს ყურადღება. მშვენივრად იცოდა, რომ ეს მისი მხრიდან ქალური ამპარტავნობის წარმოჩენა უფრო იყო, ვიდრე მეგობრის დახმარება.
ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული ქალი, ასაკით დაახლოებით ისეთივე ექნებოდა, როგორც წინა ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს. წინანდელთან განსხვავებით, ამჯერად ქალი თავის სახლის სამზარეულოში იყო მოკლული. ძირს ეყარა ტაფები და ქვაბები, ქალი ისე იწვა გვერდულად, თითქოს წამოწოლილიაო. მაგიდიდან ჩამოყრილი ფქვილი ნახევარ სახეს, უფრო სწორად, სახის ზედა ნაწილს უფარავდა.
მომდევნო ფაილში, შედარებით ახალგაზრდა კაცი, კიბესთან პირქვე ეგდო. თავი გატეხილი ჰქონდა მთელი სახე საკუთარ სისხლში ჰქონდა ჩაფლული.
„ჰმ, რა საინტერესოა. ნებით თუ უნებლიეთ, ლამის ყველას სახე აქვს რაღაცით დაფარული.“
ფიქრობდა მიმი და გულში უხაროდა, რაღაცას მაინც ხომ მიაგნო, თუმცა შესაძლო იყო, რომ ეს სულაც არაფერს ნიშნავდა. ერთი სული ჰქონდა, სანამ ფიფო შემოვიდოდა და ახალ აღმოჩენას ახარებდა, მაგრამ შეცდა. მისდა სამწუხაროდ, ფიფომ ყურადღებაც კი არ მიაქცია და ირონიული ღიმილითაც კი დაასაჩუქრა.
თუმცა, ფიფოსთან ერთად შემოსულმა თანამშრომელმა, მაინც აუბა მხარი განაწყენებულ გოგოს. იქნებ მართლაც, მაგაშია საქმეო, მაგრამ ფიფომ გააჩერა: 
- ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ყველა ეს ხალხი, მოკლულია! ძილში კი არ გაპარულან და თავისთავად, ასეც იქნებოდა! მკვლელთან შერკინებისას, ხან რით შეიძლება დაისვარო და ხან, რით! ბრძოლის დროს ისვრები იმით, რა გარემოებაშიც გიწევს ჭიდილი! ამას რად უნდა, ბევრი ჩაკირკიტება? იქ სადაც ტალახი იყო, კაცის სახე ლაფში ამოისვარა, ხოლო სამზარეულოში მოკლული ქალი თავისთავად, ფქვილით უფრო იქნებოდა მოსვრილი, აბა ტალახს ხომ არ ამოუტანდნენ იქ?!
ამაზე მიმი, კიდევ უფრო მოიღუშა. თითქოს უკვე ფიფოს ჯიბრზეც, თავისი ვერსიების დამტკიცება სურდა და ახლა, სხვა ფაილებს დაუწყო თვალიერება და სადაც მსგავსს სიტუაციას წააწყდა, ის ფოტოები ცალკე შეკრიბა. საოცარი იყო, რადგან მართლაც მიმის შერჩეულ ყოველ მსხვერპლს, სახის ნაწილი, ან მთლიანი სახე, რაღაცით ჰქონდა დასვრილი და დაფარული, რამაც ფიფოს თანამშრომელი, ცოტა არ იყოს, ჩააფიქრა. თუმცა ფიფო, კვლავ ჯიუტად უარზე იდგა. - ეგ ბევრს არაფერს ნიშნავსო და უკვე მიმიზეც ბრაზობდა, მაგრამ უფრო მეტად კი, საკუთარ თავზე მოსდიოდა გული, რა ჯანდაბად ჩავახედე საქმეებშიო და ყველანაირად ცდილობდა, თემა შეეცვალა, რომ მიმის ეს აღმოჩენა, როგორმე უგულებელყო.
თანამშრომელი მიუხვდა ფიფოს სიჯიუტის მიზეზს და მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი:
- კარგი ბიჭო! რა მოგივიდა? ნუ გადარიე ეს გოგო! ისე ტყუილად მაინც დაუქნიე თავი! 
თანამშრომლის ამ სიტყვებს ფიფოს ხმამაღალი სიცილი და მიმის კიდევ უფრო მეტად გაბღუზვა მოჰყვა. განაწყენებულმა, სამსახურის ვითომ და გადავიწყებული საქმე მოიმიზეზა და კაბინეტიდან გასვლისას მაინც ნიშნის მოგებით მიახალა:
- სხვათა შორის, ყველა ის მკვლელობა, რომელიც მე გადავარჩიე, თვის ბოლო შაბათს არის ჩადენილი!ფიფომ და მისმა თანამშრომელმა ერთმანეთს გადახედეს. 
მიმი მართალი აღმოჩნდა. ფიფო არც ამ თარიღების მსგავსებას დაჰკვირვებია ადრე. 
საშინლად დაიბოღმა. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს, სხვა თანამშრომელიც შეესწრო და ეს უფრო აწუხებდა ფიფოს, რა ამოვა ახლა ამათი ყბიდანო. 
მართლაც, სულ მოკლე ხანში, ლამის მთელი განყოფილება, ფიფოს კაბინეტში იყო შეკრებილი და ახალ ვერსიებს ამუშავებდნენ.
ადრე თუ ყველა ამ დანაშაულს, არაფერი ჰქონდა საერთო, ახლა მიმის წყალობით, რაღაც ხელმოსაჭიდი მაინც გაუჩნდათ.
მართალია, ფიფო ამის გამო, საკმაოდ დაბოღმილი იყო, მაგრამ გულში მაინც უხაროდა, რომ ეს ახალი აღმოჩენები, მაინც თავისი მხრიდან მოდიოდა.
მიმი კი ამ დროს, საშინლად გაბრაზებული მიაქროლებდა მანქანას. ეგონა, ფიფო აღფრთოვანდებოდა, გაუხარდებოდა, მან კი წესიერად არც გამოაცილა.
„ეგდოს ახლა დილამდე კაბინეტში, თავის გვამებთან ერთად და ქექოს ახალი ვარიანტები!“ 
ასე გაგულისებულმა, უეცრად გზიდან გადაუხვია, მანქანა მთელი სისწრაფით მოაბრუნა და სახლისკენ მიმავალმა, სულ სხვა მხარეს იცვალა გეზი. 
LEX·2016 წლის 27 აპრილი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1737011766541113

No comments:

Post a Comment